მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მაჰათმა განდი: პასიური წინააღმდეგობა
სულის ძალა თუ სიმართლის ძალაუფლება? არსებობს კი ისტორიული მტკიცებულება, თქვენს მიერ (ახლა) ჩამოყალიბებული გზის წარმატებისა? ჩემთვის არც ერთი მაგალითი არაა ცნობილი იმისა, რომ რომელიმე ერი სულის ძალით განვითარებულიყოს. კვლავაც მწამს, რომ ბოროტმოქმედნი ძალადობას თავს არ დაანებებენ, თუ მათ ფიზიკური დასჯის საფრთხე არ დაემუქრებათ.

ერთხელ, პოეტმა თულსიდემ თქვა, რომ თანაგრძნობა და სიყვარული რელიგიის ფესვებია, ისევე, როგორც ეგოიზმი სხეულისა. ამიტომ, სანამ ცოცხლები ვართ, თანაგრძნობა არ უნდა უკუვაგდოთ. მგონია, რომ ეს წინადადება მეცნიერულ ჭეშმარიტებას შეიცავს. ამ წინადადების ისე მწამს, როგორც მწამს, რომ ორჯერ ორი ოთხია. სიყვარულის ძალა ტოლფასია სულის ან სიმართლის ძალისა. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ მას გავლენა აქვს ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც გადავდგამთ. ამ ძალის გარეშე, სამყარო გაქრებოდა. თქვენ კი ისტორიულ მტკიცებულებს მთხოვთ. საჭიროა იმის ცოდნა, რას წარმოადგენს ისტორია საერთოდ. გუჯარათის ენაზე (ინდოარიაული შტო ინდოგერმანული ენების ინდოირანული ქვეჯგუფისა; ინდოეთის გუჯარათის შტატის მოსახლეობის, ასევე მაჰათმა განდის დედა-ენა. მთარგმნელი), «ისტორია» ნიშნავს - «ეს ასე მოხდა». თუ ეს ისტორიის მნიშვნელობაა, მაშინ საკმარისი მტკიცებულება შემიძლია წარმოვადგინო. თუ ისტორია მეფეთა და იმპერატორთა ქმედებას და გავლენას ნიშნავს, მაშინ სულის ან პასიური წინააღმდეგობის არსებობის მტკიცებულებანი არ არსებობს. კალის მაღაროში ვერცხლის მადანს ვერ იპოვნით. როგორც ჩვენ გვასწავლეს, ისტორია ომების დოკუმენტია ამქვეყნად. ინგლისში გამოთქმაა, რომელიც ამბობს, რომ ერი ისტორიის გარეშე, ე. ი. ომების გარეშე, ბედნიერი ერია. როგორ მეფობდნენ მეფენი, როგორ ხდებოდნენ მტრები და ერთმანეთს როგორ ხოცავდნენ, ყველა ეს ამბები, ისტორიაში ზუსტადაა შეტანილი. ეს რომ ყველაფერი იყოს, რაც საერთოდ ამქვეყნად აქამდე მომხდარია, სამყარო დიდი ხნის წინ დაასრულებდა არსებობას. სამყაროს ისტორია ომებით რომ დაწყებულიყო, დღემდე არც ერთი ადამიანი ცოცხალი აღარ იქნებოდა. ომმა მიწისპირიდან მთელი ხალხები გააქრო, როგორც ავსტრალიელი აბორიგენები, რომლებიც მცირე გამონაკლისის გარდა, დამპყრობლებმა ამოწყვიტეს. სამწუხაროდ უნდა დავასკვნათ, რომ ადგილობრივებმა, თავის დასაცავად სულის ძალა არ გამოიყენეს. დიდი შორსმხედველობის უნარი არაა საჭირო იმის დასასკვნელად, რომ ავსტრალიელებს თავისი მსხვერპლის ბედი ელით. ვინც მახვილს ჰკიდებს ხელს, მახვილითვე განადგურდება. როგორც ერთი ინდური ანდაზა ამბობს, პროფესიით მეზღვაურები, სამარეს წყალში პოულობენ.

ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ამდენი მილიონი ადამიანი ცოცხლობს, იარაღის ძალას კი არ უნდა მიეწეროს, არამედ სიმართლისა და სიყვარულის ძალას. მიუხედავად ამდენი ომებისა, ეს სიყვარულის ძალის ყველაზე დიდი და უდავო დასტური არის.

ყოველდღიურ ყოფაში, ამ ძალის მოქმედებაზე მრავალი ათასი ადამიანია დამოკიდებული. მილიონობით ოჯახის ყოველღიურ პატარა დაპირისპირებასა და დავას, ეს ძალა აქრობს. ასობით ერი მშვიდობიანად ცხოვრობს. ისტორიას ამ ფაქტის ყურად ღება არ სურს. ისტორია სინამდვილეში არის სიყვარულის და სულის ძალის თანაბარი მოქმედების მრავალგვარი წყვეტის საბუთი. ორი ძმა კამათობს. ერთი მათგანი ნანობს და მეორეში სიყვარულს აღვიძებს. ასე იწყებს ორივე ისევ მშვიდობიანად ცხოვრებას. არც ერთი ადამიანი მათი სამეზობლოდან ამით არ ინტერესდება. მაგრამ თუ ეს ორი ძმა ადვოკატების ან სხვა შუამავლების ჩარევით იარაღს მოჰკიდებს ხელს ან სასამართლოს მიმართავს, რაც სასტიკი ძალადობის განვრცობის მხოლოდ სხვა ფორმას წარმოადგენს, ამის შესახებ დიდი სტატიები დაიწერება, დავა მეზობლების ყოველდღიური საუბრის თემა იქნება, და ალბათ ისინი რაღაცა სახით ისტორიაში შევლენ. რაც ოჯახის და საზოგადოებისათვის მართლად ითვლება, იგივეა მართალი ერებისათვისაც. არ არსებობს მიზეზი იმის რწმენისა, რომ ოჯახებისთვის სხვა კანონები უნდა არსებობდეს და ერებისათვის სხვა, რადგან ისტორია საგანთა ნორმალური წესრიგის წყვეტის დოკუმენტური ჩანაწერია. რადგან სულის ძალა ბუნებრივია, ისტორიაში ის ადგილს ვერ პოულობს.

ფოტოზე: 1930 წლის მარტი-აპრილი, «მარილის მარში» იგივე «მარილის სატიაგრაჰა», მაჰათმა განდის მიერ განხორციელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია, რომელმაც ინდოეთში ინგლისელთა მარილის მონოპოლია დაამსხვრია და ინდოეთის დამპყრობელთაგან სრულ განთავისუფლებას დაუდო სათავე.

თქვენი განცხადების შემდეგ, მგონი ნათელია, რომ მაგალითად პასიური წინააღმდეგობა ისტორიაში არ არსებობს. ამიტომ პასიური წინააღმდეგობის მთლიანობაში გაგებაა საჭირო. გთხოვოთ, ამაში დამეხმაროთ.


პასიური წინააღმდეგობა, ესაა პირადი ტანჯვის გზით უფლებების მოპოვების მეთოდი. ის იარაღის ძალით წინააღმდეგობის გაწევის საპირისპიროა. თუ ჩემი სინდისის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთებაზე ვამბობ უარს, სულის ძალას ვიყენებ. თუ მაგალითად მთავრობამ კანონი მიიღო, რომელიც მეხება, მაგრამ მე ამ კანონის წინააღმდეგი ვარ, შემიძლია მთავრობა ძალადობით ვაიძულო, რომ კანონი შეცვალოს. ამისათვის ფიზიკური ძალადობა უნდა გამოვიყენო. მაგრამ თუ კანონს არ ვემორჩილები და მისი დარღვევისათვის სასჯელს სიხარულით ვიღებ, სულის ძალას ვიყენებ. ეს თავგანწირვას მოითხოვს.

ყველას მოუწევს იმის აღიარება, რომ თავგანწირვა, სხვა ადამიანებთან მიმართებაში შეწირვას უსასრულოდ აღემატება. მისით მხოლოდ ის ადამიანი დაიტანჯება, რომელიც ამ ძალას გამოიყენებს. ის სხვა ადამიანებს საკუთარი შეცდომებისათვის ტანჯვას არ აიძულებს. ადრეულ დროში, ადამიანებმა ბევრი ისეთი რამ ჩაიდინეს, რაც შემდეგში მცდარი და არასწორი გამოდგა.

არც ერთ ადამიანს არ ძალუძს იმის დაჩემება, რომ ის აბსოლუტური უფლების მფლობელია ან გარკვეული გარემოება იმიტომაა მცდარი, რადგან მას ეს ასე მიაჩნია. სინამდვილეში ის იქამდეა მცდარი, სადამდეც ეს მის შეხედულებას შეესაბამება. ადამიანმა არაფერი არ უნდა ჩაიდინოს, რაც მცდარად მიაჩნია; იგი მიზანმიმართული უნდა იყოს და უნდა ეწამოს იმისათვის, რაც მას სწორად მიაჩნია. ეს სულის ძალის, სულის ძალაუფლების გამოყენების გასაღებია.

მაშინ თქვენ კანონებს უკუაგდებთ! ეს პირველი რანგის შეუმწყნარებლობაა! ჩვენ, როგორც კანონის ერთგულ ერს, ყოველთვის პატივს გვცემდნენ. თქვენ კი, როგორც ჩანს, ექსტრემისტთა საზღვრებსაც კი სცდებით. ერთის მხრივ ამბობთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს მიერ გამოცემულ კანონებს უნდა დავემორჩილოთ, მეორეს მხრივ კი აცხადებთ - თუ კანონები ხალხისთვის უვარგისია, კანონმდებელნი ძალადობის გამოყენებით უნდა გავყაროთ.

ვარ თუ არა ექსტრემისტებზე უკიდურესი, ჩვენი მსჯელობისთვის გადაწყვეტი არაა. ჩვენ გვსურს დავადგინოთ, სამართლიანი რა არის და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. საკუთრივ მნიშვნელობა გამოთქმისა, რომ ჩვენ კანონის ერთგული ერი ვართ, არის ის, რომ ჩვენ პასიურ წინააღმდეგობას ვიყებენთ. თუ ჩვენ გარკვეული კანონები არ მოგვწონს, მართალია ამის გამო კანონმდებელს არ გავანადგურებთ, მაგრამ ვეწამებით და მის კანონებს არ დავემორჩილებით. ეს მხოლოდ ახალმოდური შეხედულებაა, რომ კანონს უნდა დაემორჩილო, სულერთია კარგია ის თუ ცუდი. ადრე ეს ასე არ იყო. წინათ, ადამიანები იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ვარგისად არ მიიჩნევდნენ, უკუაგდებდნენ და კანონის დარღვევისათვის ისჯებოდნენ. ეს ჩვენი მამაცი ბუნების საწინააღმდეგოა, როდესაც კანონებს, რომლების ჩვენი სინდისისთვის მიუღებელია, ვემორჩილებით. მსგავსი სწავლება რელიგიის საწინააღმდეგოდაცაა მიმართული და მონობას ნიშნავს. ჩვენმა მთავრობამ ქუჩაში სამოსის გარეშე გამოსვლა რომ მოგვთხოვოს, ჩავიდენთ ამას? თუ მე პასიურ წინააღმდეგობას მივმართავ, სახელმწიფოს ვეტყვი, რომ ამ კანონთან არაფერი მესაქმება. მაგრამ დაგვავიწყდა, რანი ვიყავით ოდესღაც; ჩვენ ისეთი მორჩილნი გავხდით, რომ ყოველ ამგვარ დამამცირებელ კანონს, უბრალოდ ვიღებთ. ადამიანი, რომელიც თავის მამაც ბუნებას აცნობიერებს, ღვთისმოშიშია და არავისი არ ეშინია. კანონები, რომლებიც ადამიანთა მიერაა შექმნილი, მისთვის აუცილებლად სავალდებულო არაა. თავად მთავრობა არ ელოდება ჩვენგან, რომ აუცილებლად მათით ვიხელმძღვანელებთ. ის არ გვეუბნება, რომ ჩვენ ესა თუ ის უნდა გავაკეთოთ. თუმცა გვეუბნება, რომ თუ ჩვენ ამას ან იმას ჩავიდენთ, დავისჯებით. ჩვენ უკვე იმდენად დავეცით, რომ ვიგონებთ, რომ ჩვენი მოვალეობაა ან რელიგია გვასწავლის, რომ რასაც კანონი გვიბრძანებს ყველაფერი უნდა შევასრულოთ. თუ ადამიანი იმ რწმენამდე მივა, რომ უსამართლო კანონების მორჩილება სიმხდალეა, მას ადამიანური ტირანია ვერ დაიმონებს. ეს თვითფლობის გასაღებია.

ცრურწმენა და უღმერთობაა ფიქრი იმისა, რომ უმრავლესობის ქმედება უმცირესობისათვის სავალდებულოა. ისტორიაში საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს, რომ უმრავლესობა სცდებოდა და უმცირესობა კი მართალი იყო. ყველა რეფორმა თავისი წარმოშობის ინიციირებას უმცირესობას უმადლის, რომელიც ოპოზიციაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ. სანამ ცრურწმენა არსებობს, რომ ადამიანები უსამართლო კანონებს უნდა დაემორჩილონ, იქამდე იარსებებს მონობა. მხოლოდ პასიურ წინააღმდეგობას ძალუძს ეს ცრურწმენა მოსპოს.

სასტიკი ძალადობისა და დენთის გამოყენება პასიური წინააღმდეგობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს ძალადობით ის უნდა ვაიძულოთ, რისთვისაც იგი მზად არ არის. მაგრამ თუ ამ ძალადობის გამართლება შესაძლებელია, მას უთუოდ აქვს იგივე უფლება, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენოს. მშვიდობიან შეთანხმებას ამგვარად ვერასოდეს მივაღწევთ. ეს მარტივი გზა იქნებოდა, გზა იმ ბრმა ცხენისა, რომელმაც წყლის წისქვილში გამუდმებით წრეზე უნდა იაროს. მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებსაც სწამთ, რომ უსამართლო კანონების მორჩილებაზე დამოკიდებულნი არ ვართ, რომლებიც საკუთრი სინდისის კარნახით მოქმედებენ, მხოლოდ ამ ადამიანების ძალუძთ პასიური წინააღმდეგობის, როგორც საშუალების გამოყენება. ყველა სხვა საშუალება კატასტროფამდე მიგვიყვანს.

თქვენ ეთანხმებით იმ აზრს, რომ პასიური წინააღმდეგობა სუსტთა საშუალებაა, ხოლო თუ ისინი გაძლიერდებიან, იარაღს აიღებენ ხელში?

ეს აზრი თქვენს უხეშ უცოდინრობას ამჟღავნებს. პასიური წინააღმდეგობა სულის ძალაა, შედეგით შეუდარებელი და ხანგრძლივობით უმაგალითო. ის იარაღის ძალას აღემატება. როგორ შეიძლება მისი სუსტთა იარაღად მიჩნევა? გაბედულება, რაც პასიური წინააღმდეგობის აუცილებელი წინაპირობაა, იმათთვის სავსებით უცხო უნდა იყოს, ვინც ფიზიკურ ძალადობას იყენებს. გწამთ, რომ მხდალს, მის წინაღმდეგ მიმართული კანონის დარღვევა შეუძლია? ექსტრემისტები იმით არიან ცნობილნი, რომ ისინი ძალადობას ემხრობიან. მაშ რატომ ამტკიცებენ, რომ კანონებს უნდა დავემორჩილოთ? ამისთვის მათ არ განვსჯი, რადგან სხვა რამის თქმა არ ძალუძთ. თუ ისინი ინგლისელების განდევნას მოახერხებენ, მთავრობაში მოვლენ და ამ ქვეყნის გუბერნატორნი გახდებიან, მაშინ ისინიც მოითხოვენ, რომ ყველა, ასევე თქვენც და მეც, მათ კანონებს უნდა დავემორჩილოთ. ეს მათ ბუნებას სავსებით შეესაბამება. მაგრამ პასიურად მოწინააღმდეგე კი იტყვის, რომ ის იმ კანონს, რომელიც მისი სინდისის წინააღმდეგაა მიმართული, არ დაემორჩილება, არც მაშინ, თუ მას ზარბაზნით ნაფლეთებად აქცევენ.

ვინ არის თქვენი რწმენით ჭეშმარიტად მამაცი? ის, ვინც სხვათ ზარბაზანს ამოფარებული ნაფლეთებად აქცევს თუ ის, ვინც პირზე ღიმილით ზარბაზნისაკენ მიემართება და თავს ნაფლეთებად აქცევინებს? ვინაა აქ ნამდვილი მებრძოლი, ჭეშმარიტი მეომარი? ის, ვინც სიკვდილს, როგორც ახლო მეგობარს ყოველთვის თან დაატარებს, თუ ის, ვისაც ხელთ სხვათა სიკვდილი უპყრია? მერწმუნეთ, გაბედულებისა და სიმამაცის გარეშე ადამიანი პასიური მოწინააღმდეგე ვერასოდეს იქნება.

ამიტომ სუსტი სხეულის მფლობელსაც ძალუძს პასიური წინააღმდეგობის გაწევა. ყველა ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. მამაკაცებსა და ქალებს, ყველას შეუძლიათ პასიური წინააღმდეგობის გაწევა. ამისათვის სამხედრო განათლება და ჯიუ-ჯიცუ არაა საჭირო. მხოლოდ გონების ფლობაა აუცილებელი. როცა ეს მიღწეული იქნება, ადამიანი მეფესავით თავისუფალი იქნება და მისი მზერა მტერს წაახდენს.

პასიური წინააღმდეგობა ყოველმხრივი მახვილია. მისი გამოყენება ყოველგვარადაა შესაძლებელი. ის ლოცავს იმას, ვინც მას იყენებს და იმასაც, ვის წინააღმდეგაც ის აღიმართება. წვეთი სისხლის დაუღვრელად, ხანგრძლივ შედეგებს წარმოშობს. ის არ შეიძლება დაჟანგდეს ან ვინმემ მოიპაროს. პასიურ მოწინააღმდეგეთა შორის კონკურენცია არ არსებობს. პასიური წინააღმდეგობის მახვილს ქარქაში არ სჭირდება. უცნაურად ჟღერს, როცა ამტკიცებთ, რომ ის სუსტთა იარაღია.

თქვენ ბრძანეთ, რომ პასიური წინააღმდეგობა ინდოეთის თავისებურებაა. განა ინდოეთში ზარბაზნები არასოდეს არ ჰქონიათ?

თქვენ ინდოეთს ზოგიერთ პრინცთან აიგივებთ. ჩემთვის ინდოეთი მილიონობით მომუშავე ადამიანს ნიშნავს, რომლებზედაც ამ პრინცების არსებობა და ასევე ჩვენი არსებობაა დამოკიდებული.

მეფეთ ყოველთვის მეფური იარაღის გამოყენება სურთ. ძალის გამოყენება მათი თანდაყოლილი თვისებაა. მათ ბრძანების გაცემა უნდათ. თუმცა იმათ, ვინც ამ ბრძანებებს იღებს, არანაირი იარაღი არ სურთ. ისინი მთელს მსოფლიოში უმეტესობას წარმოადგენენ. მათ ან ფიზიკური ძალადობის ან სულის ძალის ფლობა უნდა ისწავლონ. თუ ისინი ფიზიკურ ძალას ამოირჩევენ, ბატონნიცა და ქვეშევრდომნიც შეშლილნი იქნებიან. თუ უპირატესობას სულის ძალას მიანიჭებენ, მაშინ მმართველთა ბრძანებები მათი მახვილის წვეტს არ გასცდება და ჭეშმარიტი ადამიანები უსამართლო ბრძანებებს უგულვებელყოფენ. გლეხები მახვილით არასოდეს არ ყოფილან დაძლეულნი, ისინი მორჩილნი არასდროს არ გახდებიან. მართალია მათ მახვილის გამოყენება არ იციან, მაგრამ იმათი შიში, ვისაც ის ხელთ უპყრია, არ გააჩნიათ. ის ერი არის დიდი და განსაკუთრებული, რომელიც სიკვდილს იმ ერთგულ მეგობარად იღებს, რომელთან ერთადაც ამქვეყნადაა მოვლენილი. სიკვდილის (ბრძოლაში,მთარგმნელი) გამომწვევნი, ყოველგვარი შიშისგან თავისუფალნი არიან. იმათთვის, ვინც სასტიკი ძალადობის შეცდომაში შემყვანი ხიბლით ქმედებენ, ეს სურათი დამაჯერებელი არა შეიძლება იყოს. ფაქტიურად ინდოეთში და ინდოელ ერში, ყოველ ცხოვრებისეულ ვითარებაში ზოგადად ყოველთვის პასიური წინააღმდეგობას იყენებდნენ. ჩვენ უარს ვაცხადებთ ჩვენს მმართველებთან თანამშრომლობაზე, როცა ისინი ჩვენს ყოფით ინტერესებს ზიანს აყენებენ. ეს პასიური წინააღმდეგობაა.

ერთ პატარა სამთავროში მომხდარი მახსენდება. იქ მთავარმა კანონი გამოსცა, რომელმაც სოფლის მცხოვრებნი გააბრაზა. მათ სოფლების დატოვება იწყეს. თავადი იმდენად დაიბნა, რომ ქვეშევრდომებთან მივიდა, ბოდიში მოუხადა და კანონი გააუქმა. ამგვარ მაგალითს ინდოეთში მრავლად იპოვნით. ჭეშმარიტი თვითმართველობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ პასიური წინააღმდეგობა ხალხის მამოძრავებელი ძალა იქნება. ყველა სხვა მმართველობის სისტემა, უცხოთა ბატონობაა.

ამით იმის თქმა გსურთ, რომ სხეულის წრთვნა საერთოდ არ გვესაჭიროება?

ამას არასოდეს დავამტკიცებ. სხეულის წვრთნის გარეშე, პასიურ მოწინააღმდეგედ გახდომა ძალზედ ძნელი იქნებოდა. წესად შემდეგს გთავაზობთ: გონება, რომელიც განებივრებისაგან დასუსტებულ სხეულში ცხოვრობს, ასევე სუსტი უნდა იყოს, და სადაც გონების ძალა არაა, იქ სულის ძალის პოვნაც არ არის შესაძლებელი. მწამს, რომ ჩვენ, ჩვენი ფიზიკური პირობები, ბავშვთა ქორწინებისა და განცხრომით ცხოვრების აკრძალვით უნდა გავიუმჯობესოთ. შელახული სხეულის მქონეს რომ ვთხოვო, ზარბაზნის ლულას წინ დაუდგეს, თავს სასაცილოდ გავიხდი.

თქვენი აღწერილის მიხედვით, პასიურ მოწინააღმდეგედ გახდომა პატარა საქმე არაა. ამიხსენით, პასიურ მოწინააღმდეგედ გახდომა როგორ შეიძლება.

პასიური წინააღმდეგობის გამოყენება, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, პასიური წინააღმდეგობის ცხოვრების მიზნად ქცევა, ერთის მხრივ ძნელი არაა, მაგრამ მეორეს მხრივ არც იოლია. მე თოთხმეტი წლის ბიჭს ვიცნობდი, რომელიც პასიურ წინააღმდეგობას იყენებდა. ავადმყოფ ადამიანებსაც ვიცნობდი, რომლებიც იგივეს აკეთებდნენ. მეორეს მხრივ, ბევრ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც ფიზიკურად ძალზედ ძლიერნი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბედნიერნი იყვნენ, მაგრამ პასიური წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნდათ. ჩემი მრავალმხრივი გამოცდილების თანახმად, ჩანს, რომ სამშობლოს სამსახურში პასიური წინააღმდეგობის გაწევის უნარის შესაძენად 4 ძირითადი წინაპირობა უნდა შესრულდეს: პირველი - სრული უმანკოება, მეორე - სიღარიბე ცხოვრების წესად, მესამე - სიმართლის დაცვა და მეოთხე – უშიშრობა.

ფიზიკური დათმენის გარეშე, გონება საჭირო სიმტკიცეს ვერ შეიძენს. კაცი, რომელიც მუდამ ფიზიკურ მოთხოვნილებებს ემორჩილება, თავის სიმტკიცეს კარგავს, აზიზდება და მშიშარა ხდება. ვისი გონებაც ცხოველურ ვნებებს ვერ სწყდება, იმას დიდ დაძაბულობათა გამკლავება არ ძალუძს. ეს უთვალავი მაგალითებით შეიძლება დადასტურდეს. ბუნებრივია, თავს იჩენს კითხვა, მაშ დაქორწინებულებმა რა უნდა ქნან. ამ კითხვას წარმოშობის უფლება აქვს, მაგრამ აუცილებელი არაა ამოტივტივდეს. თუ ქალი და კაცი ვნებას ჰყვებიან, ცხოველური ინსტინქტის დონეზე იმყოფებიან. ბუნებრივია ეს დასაშვები უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ რასის გასამრავლებლად. სხვაგვარად მკაცრად უნდა იყოს აკრძალული. პასიური მოწინააღმდეგესათვის ჩნდება კითხვა – შეუძლია კი მას თავს ფიზიკური ვნებებით ასე შეზღუდულად გატაცების უფლება მისცეს, თუ მას შთამომავლობის ყოლის სურვილი არა აქვს. ამიტომ სრული დათმენით ცხოვრება დაქორწინებულ კაცსაც შეუძლია. საკითხავი არაა, რამდენ ხანს შეიძლება გაძლება ან როგორ შეიძლება ხანგრძლივი დათმენის უნარის განვითარება. აქ უამრავი სხვა კითხვა ჩნდება. როგორ შეიძლება წინააღმდეგობის მოძრაობაში ქალის ჩართვა, რა არის მისი უფლებები და სხვა. რა თქმა უნდა ასეთი კითხვები თავს იჩენს. მაგრამ ყველა კითხვა, ყველა თავსატეხი შეიძლება გადაწყდეს, თუ მავანი დიდ საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობას გააცნობიერებს.

ისევე როგორც დათმენაა საჭირო, ასევე გარდაუვალი აუცილებელობაა სიღარიბის სიცოცხლის წესად მიღება. ფულადი ინტერესები და პასიური წინააღმდეგობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ფულის მფლობელთ, მისი გადაყრა არ სჭირდებათ, ამას მათგან არავინ ელოდება. მაგრამ იმას კი მოველით, რომ მათ ფულის მიმართ გარკვეული შესამჩნევი გულგრილობა გამოიჩინონ. ისინი მზად უნდა იყვნენ, უმალ ყველაფრი დაკარგონ, ვიდრე პასიური წინააღმდეგობა დათმონ.

ჩვენი საუბრის მსვლელობის დროს, პასიური წინააღმდეგობას სიმართლის ძალა ვუწოდეთ. სიმართლეს აუცილებლად უნდა მივყვეთ, სულერთია რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ამ მიმართებაში აკადემიური კითხვები ჩნდება, რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ხომ არ ვცრუობთ და სხვა. მაგრამ ეს კითხვები მხოლოდ მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც საკუთარი სიცრუის გამართელბა სურს. ისინი, ვინც ნებისმიერ დროს სიმართლეს ემსახურებიან, დილემის წინაშე არ აღმოჩნდებიან. მაშინაც კი, თუ ეს ასე იქნება, ისინი მცდარი პოზიციისგან დაცულნი იქნებიან.

პასიური წინააღმდეგობისათვის წინ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ არსებობს შეუპოვრობის გარეშე. პასიური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მათ ძალუძთ, ვინც თავისუფალია შიშისგან, ქონებისაგან, პატივისაგან, ნათესავთაგან, მთავრობისაგან, ფიზიკური ჭრილობებისაგან და სიკვდილისაგან. უნდა გააცნობიეროთ, რომ ის დამატებითი ძალისხმევა, რომელიც მახვილით მებრძოლმა უნდა გამოიყენოს, მხოლოდ უშიშრობის უქონლობიდან მოდის. ადამიანი, რომელიც სიძულვილისგან თავისუფალია, მახვილს არ საჭიროებს.

ამ პრინციპთა დაცვა დაუფიქრებლად არ უნდა უკუაგდოთ იმის რწმენით, რომ ისინი ძნელი შესასრულებელია. ბუნებამ ადამიანებს ნებისმიერ სირთულესთან გამკლავების უნარი უბოძა ან გამოწვევების გარეშე ტანჯვისა. ეს თვისებები იმათაც უნდა გაითავისონ, ვისაც მთელი საკუთარი ძალების სამშობლოს სამსახურში ჩაყენება აზრადაც არ აქვთ. მოდით არ შევცდეთ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც იარაღის გამოყენებაში იწვრთნებიან, იგივენაირად არიან ვალდებულნი, მსგავსი თვისებები იქონიონ. ყველა როდი ხდება საკუთარი გადაწყვეტილებით მებრძოლი. მომავალმა მებრძოლმა დათმენაში უნდა ივარჯიშოს და სიღარიბესა და თავმდაბლობაში ცხოვრება უნდა ისწავლოს. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება არსებობდეს მებრძოლი, რომელიც უშიშარი არ არის. შესაძლებელია, რომ ის მაინცდამაინც სიმართლეს არ ემსახურება, მაგრამ უშიშრობა ნასწავლი უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანი სიმართლეს არ ემსახურება, ეს შიშის რომელიღაც სახისაგან ხდება. ზემოთ განხილული 4 ატრიბუტი არავის არ უნდა აშინებდეს. არავითარ შემთხვევაში ქედმაღლობა არ იქნება იმის მტკიცება, რომ ადამიანს, რომელსაც ფიზიკური ძალადობის სწამს, ბევრი გამოუსადეგარი თვისებები აქვს, რომელნიც პასიურ მოწინააღმდეგეს საერთოდ არ სჭირდება.

«ინდოეთის თვითმმართველობა», 1909 წ., ნატალი/სამხრეთ აფრიკა
თარგმანი ხატია ღუდუშაურისა

იხილეთ ასევე:

მაჰათმა განდი: ცივილიზაცია
მაჰათმა განდი: სასტიკი ძალადობა
მაჰათმა განდი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."