მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
...ის, რაც დაშინებას მოაქვს, შესაძლებელია მხოლოდ შიშის ხანგრძლივობის პერიოდში შენარჩუნდეს. ცხადია, ერთხელ მოცემულის უკან წაღება შესაძლებელი აღარ არის.არა, ეს ასე არ არის. 1857 წლის სამხედროთა აჯანყების შემდეგ (იგულისხმება 1857-1859 წწ. «ინდოეთის ეროვნული აჯანყება», იგივე «სიპაის აჯანყება» ბრიტანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელიც ინგლისის მმართველობამ სისხლში ჩაახშო.,მთარგმნელი), ინდოეთის მმართველობის რესტრუქტურიზება მოხდა, ამგვარად მივედით 1857 წლის პროკლამაციამდე. ამ პროკლამაციის მიზანი მშვიდობის შენარჩუნება იყო. როცა უკვე მშვიდობამ დაისადგურა და მოსახლეობა მის ფაქტორს ნელ-ნელა შეეჩვია, მან თავისი ისტორიული ეფექტი დაკარგა. თუ მე დასჯის შიშით მოპარვას შევწყვიტავ, ისევ იგივეს დავიწყებ, როგორც კი ის შიში გაივლის, რომელის გამოც მოპარვა შევწყვიტე. დროთა განმავლობაში ის ნეიტრალდება. ეს უნივერსალური გამოცდილებაა. ჩვენ ძირითადად იქიდან გამოვდივართ, რომ ადამიანებისათვის კონკრეტული ქმედების იძულება შეგვიძლია, ამიტომ ძალადობას ვიყენებთ.

ფოტოზე: ინდოეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მაჰათმა განდი (1869-1948)
ნუთუ არ უნდა აღიაროთ, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით? როგორც იცით, თქვენს ქვეყანაში, ინგლისელებმა ყველაფერი უხეში ძალის გამოყენებით მიიღეს. თქვენი მტკიცებულება, რომ ის, რაც მათ ამგვარად მიიღეს, გამოუსადეგარია, ჩემს არგუმენტზე გავლენას ვერ იქონიებს. მათ ეს უსარგებლო ვითარება სურდათ და მიიღეს კიდეც. ვთვლი, რომ მათი სურვილი ასრულდა. მაშ რას წყვეტს ის, რომელი საშუალება გამოიყენეს? რატომ არ შეგვიძლია კეთილ მიზანს ძალადობის გამოყენების გზით მივაღწიოთ? განა კი უნდა დავფიქრდე საშუალებებზე, როცა სახლში მყოფ ქურდთან მაქვს საქმე? ჩემი უპირველესი მოვალეობა მისი სახლიდან განდევნაა. თქვენ თავად აღიარებთ, რომ ის, რაც ინგლისელებისგან მივიღეთ, არაფერია. ჩვენ ასევე არაფერს მივიღებთ ჩვენს დანარჩენ უთვალავ წერილობით თხოვნაზეც. ღვთის გულისათვის, მაშ რატომ არ ძალგვიძს სასტიკი ძალადობის გამოყენება? ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ ის შევინარჩუნოთ, რაც დაშინებით მივიღეთ და ძალადობით ვიცავთ მას, სადამდეც ამას საჭიროება მოითხოვს. იმედია, თქვენ შეცდომად არ ჩათვლით, თუ ჩვენ მცირე იძულების გამოყენებით ბავშვს ცეცხლში ფეხის ჩადგმისგან დავიცავთ. სულერთია რა საშუალებით, ჩვენ ჩვენს მიზანს უნდა მივაღწიოთ.

თქვენი არგუმენტი სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება. მან შეცდომაში ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა. ადრე, არგუმენტაციას მეც ანალოგიურად ვაკეთებდი. მაგრამ სწორი რა არის, ჩემი გამოცდილებიდან ახლა უკეთესად ვიცი და შევეცდები, თქვენც ამ სწორ გზაზე დაგაყენოთ.

თავდაპირველად ის არგუმენტი განვიხილოთ, რომ ჩვენ იმ საშუალებების არჩევანში, რომლითაც მიზნის მიღწევა გვსურს, თავისუფალნი ვართ, ვინაიდან ინგლისელებიც იგივე საშუალებებს იყენებენ. ის, რომ ინგლისელებმა სასტიკი ძალადობა გამოიყენეს და იგივე საშუალებით მიზნის მიღწევა ჩვენთვისაცაა შესაძლებელი, მართალია. თუმცა უნდა დავფიქრდეთ, რომ მაშინ ჩვენ იგივე მიზნებს მივაღწევთ, რასაც ინგლისელებმა მიაღწიეს, რადგან ის საშუალებები გამოვიყენეთ, რაც მათ გამოიყენეს. ეს კი ძალადობაზე დაფუძნებული სახელწიფო ინსტიტუციის მშენებლობას ნიშნავს. აღიარეთ, რომ ეს ჩვენი მიზანი არ შეიძლება იყოს. თქვენი შეხედულება, რომ საშუალებებსა და მიზანს შორის ურთიერთობა არ არსებობს, დიდი შეცდომაა. რელიგიის სახელით ბევრმა ადამიანმა ჩაიდინა უპატიებელი დანაშაული, რადგან საშუალებებსა და მიზანს შორის ეს კავშირი არ გაითვალისწინა. თქვენი არგუმენტი ისე ჟღერს, თითქოს სარეველას თესლზე ვარდის გაზრდა იყოს შესაძლებელი. თუ ოკეანის გადაკვეთა მსურს, გემი უნდა გამოვიყენო. თუ საამისოდ ურიკას ან ეტლს გამოვიყენებ, ზღვის ფსკერი შთანმთქავს. «როგორიც ღმერთია, ისეთია მისი მიმდევარი» - ეს პრინციპი ყურადღებას იმსახურებს. მაგრამ მისი მნიშვნელობა დამახინჯებულია, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, რის გამოც ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილნი. საშუალება, შეგვიძლია თესლს შევადაროთ, შედეგი კი, ხეა. როგორც საშუალებასა და მიზანს შორის არსებობს ურღვევი კავშირი, ასეთივე კავშირი არსებობს თესლსა და ხეს შორის. არ მჯერა, რომ რაიმეს მივაღწევ ერთდროულად ღმერთის წინაშე ლოცვით და იმავდროულად სატანის თაყვანისცემით. თუ ვინმე იტყვის, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ თაყვანს სატანას ვცემ, მთავარია, რომ მხოლოდ ღმერთს ვადიდებ, – ეს უხეში შეცდომა იქნება. ჩვენ ზუსტად იმას ვიმკით, რასაც ვთესავთ. 1833 წელს, ინგლისელებმა, ძალადობის გამოყენებით, ხმის მიცემის ფართო უფლებას მიაღწიეს. რადგან მათ ძალადობა გამოიყენეს, გჯერათ, რომ ახლა საკუთარ მოვალეობები უკეთესად ესმით? მათ ხმის მიცემის უფლება სურდათ, სასტიკი ძალადობის გამოყენებით მიიღეს კიდეც. მაგრამ ნამდვილი უფლებები ხომ მხოლოდ მოვალეობის შესრულებით მიიღება. ეს უფლებები მათ ვერ მიიღეს. დღეს, ინგლისში ყველა თავის უფლებებს ითხოვს, ყველას სურს სასტიკი ძალადობის გამოყენებით თავისი უფლებებისათვის იბრძოლოს, მაგრამ საკუთარ მოვალეობებზე არავინ ფიქრობს. თუ ყველა თავისი უფლებებისათვის იბრძვის, მაშინ ვინ არის ის, ვინც ამ უფლებებს უზრუნველყოფს? ამით იმის თქმა მსურს, რომ მოვალეობის შესრულება არავითარ შემთხვევაში იმავე თანაფარდობაში არ დგას იმ უფლებებთან, რომლისთვისაც ბრძოლა წარმოებს. ეს ნიშნავს, რომ უფლებების მიღწევა, ძალადობის შედეგია. ამგვარად შეესაბამება თქვენი დასახელებული შედეგი ზუსტად იმ საშუალებას, რომელსაც გამოიყენეთ. თუ მე თქვენი საათის მოპარვა მსურს, ამისათვის უნდა ვიბრძოლო. თუ მე თქვენი საათის ყიდვა მინდა, ამისთვის საფასური უნდა გადავიხადო. თუ თქვენი საათი საჩუქრად მსურს, ის უნდა გთხოვოთ. იმის მიხედვით, რომელი საშუალება გამოვიყენე, საათი ან მოპარულია, ან ჩემი ნაყიდია და ან საჩუქრად მიღებული საკუთრებაა. აქ ჩვენ გამოყენებული საშუალების სამ ვარიანტს ვხედავთ. კიდევ იტყვით, რომ საშუალება როლს არ თამაშობს?

ახლა იმ ქურდის მაგალითი ავიღოთ, რომელიც სახლიდანაა გასაძევებელი. მე არ გეთანხმებით, რომ ქურდი ნებისმიერი საშუალებით უნდა იქნას გაძევებული. თუ ეს ქურდი მამაჩემი იქნება, სხვა საშუალებას ამოვირჩევ, ვიდრე იმ ქურდთან მიმართებაში, რომელიც ჩემი ნაცნობი აღმოჩნდება; თუ ჩემს სახლში მყოფი ქურდი ჩემთვის სრულებით უცხო პიროვნება იქნება, კიდევ სხვა საშუალებას გამოვიყენებ. თუ ქურდი ფიზიკურად სუსტია, მის წინააღმდეგ სხვა საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული, ვიდრე ძლიერი კაცის წინააღმდეგ. თუ ქურდი კბილებამდე შეიარაღებულია, პირველ რიგში სიმშვიდეს შევინარჩუნებ. ამდენად ჩვენ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობების ფართო სპექტრი გვაქვს - მამაჩემის წინააღმდეგ მიმართული საშუალებიდან შეიარაღებული მძარცველის წინააღმდეგ გამოყენებულ საშუალებამდე. მამაჩემის ძლიერება ტირილამდე მიმიყვანდა და ის ძალზედ შემებრალებოდა. შეიარაღებული კაცის ძლიერება გამამწარებდა და ჩვენ მტრები გავხდებოდით. ამგვარად იქმნება განსხვავებული სიტუაციები. ვიცი, რომ საშუალებების ამორჩევაში ჩვენ ერთი აზრისანი არასდროს ვიქნებით. თავად მე კარგად ვუწყი, რომელ გარკვეულ სიტუაციაში რომელ საშუალებას გამოვიყენებდი. რომ დაგისახელოთ, შეიძლება შეშინდეთ, ამიტომ მოცდას ვამჯობინებ. როგორი რეაქცია მექნებოდა, თავად გამოიცანით. თქვენ დაინახეთ, რომ ქურდის გასაძევებლად ნებისმიერი საშუალება გამოსადეგი არ არის. მაშასადამე ისეთი საშუალება უნდა გამოიყენოთ, რომელიც კონკრეტული სიტუაციის პირობებს შეესაბამება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თქვენი მოვალეობა არ შეიძლება ქურდის ნებისმიერი საშუალებით გაძევება იყოს.

მოდით ჩვენი არგუმენტი განვავრცოთ. ერთმა შეიარაღებულმა კაცმა ქონება მოგპარათ. ამან ტკივილი მოგაყენათ და ძალზედ განგარისხათ. ამ ბოროტმოქმედის დასჯა გსურთ. ამბობთ, რომ ეს არა თქვენს, არამედ თქვენი მეზობლების ინტერესებში შედის. ყაჩაღის სახლზე თავდასასხმელად, თავი ბევრ შეიარაღებულ პირს მოუყარეთ. ამის შესახებ მან იცის. ის გაიქცევა და თავის მეგობრებსა და სხვა ყაჩაღებს მობილიზებას გაუკეთებს და უსირცხვილოდ გატყობინებთ, რომ დღისით-მზისით თავს დაგესხმებათ და გაგძარცვავთ. თქვენ ძლიერი ხართ, არ გეშინიათ და მის დასახვედრად კარგად ხართ მომზადებული. ამასობაში ის თქვენს მეზობლებს აწუხებს, რომლებიც თქვენთან მასზე ჩივიან. თქვენ მეზობლების დამშვიდებას ცდილობთ და უხსნით, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ რაც მათ ინტერესებში შედის, მზადაც კი ხართ, რომ თქვენი ქონება მათ გადაულოცოთ. მეზობლები გპასუხობენ, რომ ისინი ყაჩაღს მანამდე არასოდეს აუწიოკებია, და რომ მან დაყაჩაღება მხოლოდ მას შემდეგ გაიწყო, რაც თქვენ მის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყეთ. თქვენ სცილასა და ქარიბდას შორის ხართ. ყაჩაღები საბოლოოდ მთელ შემოგარენს გაანადგურებენ. თქვენი მხრივ, მეზობლები გებრალებათ და ამბობთ, რომ ყველაფერი მართალი და სწორია, რასაც ჩივიან. რა უნდა ქნათ? შერცხვებით, თუ ყაჩაღებს ბრძოლის ველს დაუთმოთ. ამ საწყალ ადამიანებს ეტყვით, რომ საკუთარ ქონებას გადაულოცავთ, თუ ისინი გვერდში დაგიდგებიან. თქვენ მათ იარაღს მისცემთ და ავაზაკთა დასამარცხებლად მის გამოყენებასაც ასწავლით. ასე გამძაფრდება ბრძოლა. ყაჩაღთა რიცხვი იზრდება და მეზობლები რეგულარულად ხდებიან თავდასხმებისა და განადგურების მსხვერპლი. შედეგი ის იქნება, რომ თქვენთვის მშვიდობა აღარ იარსებებს, ის შურისძიებამ განდევნა. ადამიანები გამუდმებული შიშის ქვეშ ცხოვრობენ და შიშობენ, რომ თავს დაესხმიან და გაძარცვავენ. თქვენი საწყისი სიმამაცე სიმხდალედ გადაიქცა. თუ თქვენ ჩემს მიერ განსჯილს მოთმინებით გაანალიზებთ, დაასკვნით, რომ სურათის აღწერაში არ ვაჭარბებ.

მოდით სხვა საშუალებაც განვსაჯოთ. თქვენ შეიარაღებულ ყაჩაღს ისე იბრალებთ, როგორც უცოდინარ ძმას. შესაფერის სიტუაციაში, მასთან გონივრულ საუბარს ცდილობთ. ეუბნებით, რომ ის თანამოძმეა. არ იცით, თქვენი გაქურდვა რამ აიძულა. ამიტომ გადაწვეტილებას იღებთ, გამომწვევ მიზეზს შეებრძოლოთ. ამასობაში, სანამ თქვენ ქურდობის მიზეზებს იკვლევთ, რათა გონივრულ პასუხი მიიღოთ, ყაჩაღი ბრუნდება და ხელახლა გაყაჩაღებთ. ნაცვლად იმისა, რომ აღელვებული და გაბრაზებული დახვდეთ, ცდილობთ თანაგრძნობით შეხვდეთ. თქვენ ის გებრალებათ, მისი ქურდობის თვისებას ავადმყოფობას მიაწერთ. ამ მომენტიდან ფანჯრებს და კარებს გაღებულს ტოვებთ და საძინებელ ადგილს იცვლით. თქვენს სახლში ნივთებს ისე გადააწყობთ, რომ მისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. ქურდი კვლავ მოდის და უკვე პირველი შეხედვით იბნევა, რადგან ყველარფერი მისთვის სავსებით ახალია. ასეთი რამ მას ჯერ არ შემთხვევია. მაგრამ ის თქვენ კვლავ გძარცვავთ, თუმცა მისი სული ამჯერად მშფოთვარე და დაბნეულია. სოფელში გაგიკითხავთ და შეიტყობს, რომ გულუხვი ადამიანი ხართ, რომელსაც ძვირფასი გული აქვს. ის ნანობს, მოდის თქვენთან და პატიებას გთხოვთ, ყველა ნივთს უკან გიბრუნებთ და ქურდობას თავს ანებებს. გიმეგობრდებათ და თქვენ მისთვის კარგი სამუშაო ადგილის ძებნას იწყებთ. ეს ის სხვა მეთოდია.

თქვენ ხედავთ, რომ სხვადასხვა საშუალებამ, სავსებით განსხვავებული შედეგები გამოიწვია. აქედან რასაკვირველია არ უნდა დავასკვნათ, რომ ყველა ქურდი და ყაჩაღი ამგვარად მოიქცევა ან მოცემულ შემთხვევას ყველა ადამიანი სიყვარულითა და სიბრალულით მიუდგება. ამით მსურს გაჩვენოთ, რომ სამართლიან მეთოდებს სამართლიან შედეგამდე მივყავართ. უმეტეს შემთხვევაში, ალბათ არა ყველაში, სიყვარულის ძალა უსაზღვროდ დიდია ვიდრე იარაღისა. სასტიკი ძალადობის გამოყენებაში დიდი ტკივილია დაფარული, თანაგრძნობაში კი არასოდეს .

ახლა წერილობითი თხოვნების საკითხს მივუბრუნდეთ. უდავო ფაქტია, რომ ისინი გარკვეული იძულების არსებობის გარეშე, უსარგებლოა. თუმცა, როგორც გარდაცვლილი მოსამართლე რენადე ამბობდა, წერილობითი თხოვნები სასარგებლო მიზანს ემსახურება, ვინაიდან მათ ხალხის აღზრდაში წვლილი შეაქვთ. ისინი ხალხის მდგომარეობას აღბეჭდავენ და იმავე დროს მმართველთა გაფრთხილებას წარმოადგენენ. ამ ასპექტით, მათი შედგენა მთლად უსარგებლო არაა. ტოლფასის წერილობითი თხოვნა, თავაზიანობის ნიშანია, მონისა კი, მისი მონობის სიმბოლოა. თხოვნა, რომელიც გარკვეული იძულებითაა გამყარებული, ტოლფასის თხოვნაა. თუ იგი თავისი თხოვნის წერილობით ფორმაში გადაცემას შესძლებს, ამით საკუთარ კეთილშობილურ დამოკიდებულებას დაადასტურებს.

წერილობითი თხოვნა ორი სახის იძულებას შეუძლია გაამყაროს. პირველია: «ჩვენ თქვენ გავნებთ, თუ თქვენ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ» - ეს იარაღის ძალით იძულებაა, რომლის ავი შედეგები უკვე განვიხილეთ. მეორე სახის იძულების ფორმულირება ამგვარად შეიძლება: «თუ თქვენ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, თხოვნით მეტად აღარ მოგმართავთ. შეგიძლიათ ჩვენზე იქამდე იბატონოთ, სადამდეც ჩვენ, როგორც ქვეშევრდომნი ამის ნებას გაძლევთ. თქვენთან მეტი არავითარი ურთიერთობა აღარ გვექნება.» ამ იძულებას შეიძლება სიყვარულის ძალა, სულის ძალა ეწოდოს, ან უფრო პოპულარულად, ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ზუსტად - პასიური წინააღმდეგობა. ეს ძალა ურღვევია. ვინც ამ ძალას იყენებს, თავისი საკუთარი მდგომარეობა სავსებით აქვს აღქმული. იარაღის ძალა სავსებით უძლურია სიყვარულის ძალაუფლების, სულის ძალის წინაშე.

ახლა თქვენი ბოლო მაგალითი განვიხილოთ, იმ ბავშვის სურვილისა, ცეცხლში ფეხის ჩადგმა რომ სურს. რეალურად რას მოიმოქმედებთ ბავშვთან მიმართებაში? დავუშვათ, რომ ბავშვი გაგექცათ და იმდენად სწრაფად მიიწევს ცეცხლისკენ, რომ შეკავება აღარ შეგიძლიათ. ახლა თქვენთვის მხოლოდ ორი საშუალება არსებობს. ან ბავშვს სიცოცხლე თავად უნდა მოუსწრაფოთ, თუ გსურთ, რომ ის ცეცხლის ალში არ დაიწვას, ან თქვენი საკუთარი სიცოცხლე უნდა გასწიროთ, რომ ბავშვის ცეცხლში დაწვის მოწმე არ გახდეთ. რასაკვირველია მას არ მოკლავთ. თუ თქვენი გული სიბრალულით სავსე არაა, შეიძლება ბავშვის ალით სიკვდილისაგან საშველად არაფერიც არ იღონოთ. თქვენ უღონოდ დგახართ იმ დროს, როდესაც ის ცეცხლში იწვის. ამგვარად თქვენ ფიზიკურ იძულებას არ იყენებთ; მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს ფიზიკური იძულებაა, თუ ბავშვს ცეცხლში ჩავარდნისგან ამჯერად ძალადობის გამოყენებით დააბრკოლებთ. ეს იძულება, ეს ძალადობა სავსებით სხვა კატეგორიას განეკუთვნება. მათი სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ სავსებით ბავშვის ინტერესებით მოქმედებთ, როცა მას ცეცხლში ფეხის ჩადგმას უშლით. თქვენ თქვენს ავტორიტეტს მხოლოდ ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ იყენებთ. ეს მაგალითი ინგლისელებზე არ ვრცელდება. თუ თქვენ ინგლისელების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას იყენებთ, ემსახურებით საკუთარ, ე. ი. ეროვნულ ინტერესებს. აქ თანაგრძნობის ან სიყვარულის საკითხი არ ისმება. თუ ფიქრობთ, რომ ინგლისელების ქმედებები, რამდენადაც ავი არ უნდა იყოს ისინი, ჩვენი მაგალითის ცეცხლს წარმოადგენენ და სრული უცოდინრობიდან წარმოიქმნებიან იმ დროს, როცა თქვენ ბავშვის პოზიციას იღებთ, მაშ ბავშვის გადარჩენა როგორღა გსურთ? ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც თქვენ ყველა ბოროტ ქმედებას, სულერთია ვის ჩადენილს, გვერდზე გადადებთ და თავს გასწირავთ. თუ თქვენ ამგვარი განუზომელი თანაგრძნობის უნარი გაგაჩნით, მაშინ თქვენს წვრთნაში ყველაფერს კარგს გისურვებთ.

«ინდოეთის თვითმმართველობა», 1909 წ., ნატალი/სამხრეთ აფრიკა
თარგმანი ხატია ღუდუშაურისა


იხილეთ ასევე:

მაჰათმა განდი: ცივილიზაცია
მაჰათმა განდი: პასიური წინააღმდეგობა
მაჰათმა განდი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."