მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მაჰათმა განდი
ინდოეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869 წლის 2 ოქტომბერს ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ პორბანდარში დაიბადა. მისი მამა კარამჩანდი და პაპა უტამჩანდი ამ ქალაქის გამგებლები იყვნენ. ოჯახი ეკუთვნოდა ვაჭრების ბანია-კასტას, რომელიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური უმაღლესი წრის შემადგენელი მესამე კასტა გახლდათ. განდებმა ვაჭრობას თავი რამდენიმე თაობის წინ დაანებეს; ჯერ კიდევ მოჰანდას დიდი პაპა, პოლიტიკურ საკითხებსა და გამგებლობაში თავადის მრჩეველად მუშაობდა.

განდები ვიშნუისტები (ინდუიზმის უფრო მონოთეისტური ფორმა) იყვნენ. მათ სახლში თავს იყრიდნენ ინდუიზმის სხვა მიმართულებების წარმომადგენლებიც, ასევე მაჰმადიანები, სპარსელები და ჯაინიზმის მიმდევრები. ეს უკანასკნელი, ძვ. წ. VI საუკუნეში ინდოეთში წარმოქმნილი რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალადობის გარეშე ქმედებას (აჰიმსას) ქადაგებს, გუჯარათში საკმაოდ გავრცელებული იყო. მისმა პრინციპებმა და საკუთარი ოჯახის რელიგიური შემწყნარებლობამ, ასევე ღრმადმორწმუნე დედამ დიდი გავლენა იქონიეს მოჰანდას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.

სკოლის დამთავრების შემდეგ, განდიმ ლონდონში უმაღლესში ჩაბარება განიზრახა. ამას დედა შეეწინააღმდეგა, რადგან ინდუსებისთვის დიდი ოკეანის (შავი წყლის) გადაკვეთა, ცოდვად ითვლება. თანაც დედა შიშობდა, რომ ვაჟიშვილი ინგლისში ამორალურ დასავლურ ცხოვრებას მიჰყოფდა ხელს. განდი დედის სურვილს დაჰყვა, ინდოეთში დარჩა და ბრავნაგარის «სამალდას კოლეჯში» ერთი სასწავლო წელი უნაყოფოდ გაატარა. მამის სურვილით ის ადვოკატი უნდა გამოსულიყო, თუმცა თავად მოჰანდასი უპირატესობას მედიცინის სწავლას ანიჭებდა (ბანიას კასტა ხორცის დანაწევრებას კრძალავდა, ამიტომ ამ კასტის წევრთათვის ექიმად მუშაობა რელიგიური მოსაზრებებით იკრძალებოდა). ერთი წლის შემდეგ, განდი დედას დაჰპირდა, რომ ინგლისში ყოფნისას ინდუიზმის პრინციპების მიმდევარი დარჩებოდა და დასავლურ ცდუნებებს არ აჰყვებოდა. რადგან მანამდე ბანიას კასტის არცერთი წარმომადგენელი საზღვარგარეთ არ იყო ნამყოფი, კასტამ 1888 წლის აგვისტოში მოჰანდას სურვილის განსახილველად საბჭო მოიწვია. მოწვეულთ განდის მიერ დადებული პირობის გათვალისწინების გარეშე, საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, განდის კასტიდან გარიყვის ვერდიქტი გამოუტანა. მოჰანდამ გადაწყვეტილება არ შეიცვალა, რის გამოც ის ამ დროიდან კასტიდან გაირიყა.

ფოტოზე: ინდოეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მაჰათმა განდი (1869-1948)
1888 წლის ოქტომბრის ბოლოდან განდი უკვე ინგლისშია. მან საბუთები Inner Temple-ს იურიდიულ უნივერსიტეტში შეიტანა. ცოტა მოგვიანებით, იქაური ვეგეტარიული საზოგადოების წევრიც გახდა, პარალელურად დაინტერესდა რელიგიური ლიტერატურით. შეისწავლა ძველი აღთქმა და ბჰაგავად გიტა (ღმერთის ნამღერი), რომელიც მშობლიურ გუჯარათის ენაზე გადათარგმნა და კომენტარები დაურთო, რომელნიც ღარიბთ მიუძღვნა; იგი ასევე დაინტერესდა ბუდათი და მუჰამედით, განსაკუთრებით მოიხიბლა მოსეს სინაის მთაზე ქადაგებით. იგი ამბობდა: - «მე ვეტყვი ჰინდუთ, რომ მათი ცხოვრება სრულყოფილი არ არის, თუ ისინი იესოს სწავლებას მოწიწებით არ შეისწავლიან». თუმცა ინდუიზმის სწავლებით აღზრდილს არ მიაჩნდა, რომ «ქრისტე ერთად-ერთი განსხეულებული ღმერთის ძეა და მხოლოდ ის იქნება უკვდავი, ვისაც მისი სწამს». ის თვლიდა, რომ «თუ ღმერთს ძეთა ყოლა შეუძლია, მაშინ ყველანი მისი ძენი ვართ და თუ ქრისტე ღმერთის სწორია ან თავად ღმერთია, მაშინ ჩვენ ყველა ღმერთის სწორნი ვართ და შეგვიძლია ღმერთი გავხდეთ». მისი აზრით, ჭეშმარიტი რწმენა, განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ინგლისში განდი პრესის თავისუფლებამ და დავის კულტურამ მოხიბლა. იგი ასევე დაინტერესდა სოციალიზმით, ანარქიზმით, ათეიზმითა და პაციფიზმით. დადიოდა ცეკვის და ფრანგულის გაკვეთილებზე, სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას, ცდილობდა ინგლისური მოდის მორგებას. მისმა მეუღლემ - კასტურბამ ინგლისელი ქალბატონების დარად წერა-კითხვა ისწავლა და ბავშვების ევროპულად აღზრდა განიზრახა. 1889 წელს მოჰანდასი საფრანგეთში გაემგზავრა, რათა პარიზში «მსოფლიო გამოფენა» და «ეიფელის კოშკი» ენახა. 1890 წელს მან წარმატებით ჩააბარა ბარისტერის (მაღალი რანგის ადვოკატი ინგლისში) დამამათავრებელი გამოცდები და დაშვებულ იქნა ინგლისურ უმაღლეს სასამართლოებში ყველგან, სადაც კი ინგლისური სამართალი მოქმედებდა. ივნისის დასაწყისში, სამშობლოში დაბრუნდა და 1891-1893 წლებში ბომბეიში ადვოკატად მუშაობდა, თუმცა ინდოეთის სამართალწარმოებაში გამოუცდელობის გამო, წარმატებას ვერ მიაღწია და თავისი გასამრჯელოთი მისი სწავლის გამო ვალში ჩავარდნილი ოჯახის დახმარება ვერ შესძლო. იგი მშობლიურ რაჯკოტში დაბრუნდა.

ამ პერიოდში განდიმ თავის კასტასთან შერიგება სცადა, ისევ წევრად დაბრუნება სცადა. «შავი წყლის» გადალახვისგან რომ განწმენდილიყო, მდინარე გოდავარის ნაპირებში მოილოცა და კასტას მოთხოვნილი გამოსასყიდი გადაუხადა. ამ მონანიებამ, მას რეაბილიტაცია მხოლოდ ნაწილობრივად გაუკეთა, ბევრი, მათ შორის მეუღლის ნათესავებიც, მის ამ მცდელობას მიუღებლად მიიჩნევდნენ.

1893 წელს, ოჯახმა განდი პრეტორიაში (სამხრეთ აფრიკის დედაქალაქი) ოჯახის მეგობართან გაგზავნა, რომლისთვისაც მას იურიდიული დახმარება უნდა გაეწია. მოჰანდასმა სასამართლო პროცესი მუქკანიანი კლიენტის სასარგებლოდ მოიგო, რის გამოც სამხრეთ აფრიკაში მოვაჭრე ინდოელთაგან აღიარება მოიპოვა. თეთრკანიანთაგან არაერთი დამცირება, მან, როგორც მუქკანიანმა, სწორედ აფრიკაში მოგზაურობისას იწვნია. განდიმ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოქალაქე ოფიციალურად თანასწორუფლებიანი გახლდათ და წარმოშობის მიხედვით ზედა ფენას მიეკუთვნებოდა, კანის ფერის გამო, თეთრკანიანთათვის მაინც მეორე კლასის ადამიანად რჩებოდა.

დამცირების შემთხვევების გამო გამწარებამ, მას პიროვნული სიმორცხვე გადაალახვინა და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მან აფრიკაში მცხოვრები ინდური უმცირესობის (დაახლოვებით 60 000 ადამიანი) უფლებების დაცვა დაიწყო. პრეტორიაში ერთი კვირის ჩასულიც არ იყო, რომ იქ მცხოვრებ ინდოელთა კრება მოიწვია და დამსწრეთ ინდური ინტერესების წარმომადგენლობის დაფუძნება შესთავაზა, რაც 1894 აგვისტოში ქალაქ ნატალში დაარსა კიდეც, გახლდათ მისი გენერალური მდივანი. სწორედ «ნატალის ინდოელთა კონგრესის» (Natal Indian Congress) რეგულარულ შეკრებებს შეჰქონდა წვლილი სხვადასხვა კასტის თუ რელიგიის წარმომადგენელებთან ინდოელთა ურთიერთობების გაუჯობესებაში. მასთან ერთად გააპროტესტა განდიმ იმავე წელს დამამცირებელი კანონები, მათ შორის ინგლისის მთავრობის მიერ ინდოელთათვის ხმის უფლების ჩამორთმევისა.

იგი გახლდათ პირველი ინდოელი ადვოკატი, რომელიც 1894 წლის 3 სექტემბერს ნატალის უმაღლესმა სასამართლომ ადვოკატად დაუშვა. განდი ვაჭრებთან ერთად აფრიკელთა მიერ 5 წლით დაქირავებული ინდოელი მუშების ე. წ. კულების ინტერესებსაც იცავდა. მუშათა შორის, ის სულ ურო და უფრო დიდი პოპულარობით და პატივისცემით სარგებლობდა.

1896 წელს, მეუღლისა და 2 შვილის აფრიკაში წასაყვანად, განდი 6 თვით ინდოეთში დაბრუნდა. სამშობლოში ყოფნის პერიოდში მან ორი სტატია დაწერა, რომლებშიც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ინდოელების მძიმე ყოფა აღწერა. ეს წერილები, ე. წ. «მწვანე პამფლეტები» ბევრმა ადგილობრივმა გაზეთმა დაბეჭდა. როდესაც ის უკან დაბრუნდა, გემზე, რომლითაც ოჯახთან ერთად იმგზავრა, დურბანში ბომბეიში გაჩენილი შავი ჭირის გამო კარანტინი გამოაცხადეს და მგზავრებს გემბანის დატოვება აუკრძალეს. 23 დღის შემდეგ, როდესაც გემის დატოვება შესაძლებელი გახდა, გემბანიდან ჩამოსული განდი დაახლოვებით 5 000-მა მისი სტატიებით აღშფოთებულმა თეთრკანიანმა სასტიკად სცემა. პოლიციამ ნაცემი განდი მეგობრის სახლში დაცვით მიიყვანა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღშფოთებული ბრბო განმეორებით შეიკრიბა. სიტუაციის დაწყნარების მიზნით, განდიმ მომხდარის გამო სასამართლოში ჩივილზე უარი თქვა.

მეორე სამოქალაქო ომის ((იგივე სამხრეთ-აფრიკული ომის) 1899-1902 წწ.) დროს, ომში ინგლისელთა მხარდასაჭერად, განდიმ 1 100 ინდოელის მობილიზაცია გააკეთა. ამით მას ინგლისელთათვის ლოიალობის დამტკიცება და მათ თვალში ინდოელთა მოვალეობის ერთგულ მოქალაქეებად წარმოჩენა სურდა. რადგან ინდუსებს ადამიანთა მოკვლას რწმენა უკრძალავს, ისინი ამ ომში სანიტრების მოვალეობას ასრულებდნენ.

1902 წელს განდი ერთი წლით ისევ ინდოეთში დაბრუნდა, ბომბეიში ადვოკატურა გახსნა და კოლონიალისტთაგან ინდოელთა უფლებების დაცვას შეუდგა. ამ პერიოდში, ის «ინდოეთის ეროვნული კონგრესის» სხდომებს დაესწრო და ბევრი მნიშვნელოვანი ინდოელი პოლიტიკოსი გაიცნო. იგი გულგატეხილი იყო «ინდოეთის ეროვნული კონგრესის» მუშაობით, რომელიც მისი აზრით, არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ინდოელთათვის ყოველდღიური ყოფა ძირეულად შეემსუბუქებინა. თანამებრძოლთა თხოვნით, კოლონიის მინისტრ ჯოსეფ ჩემბელინთან ინდოელთა უფლებებზე მოსალაპარაკებლად, განდი 1902 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში დაბრუნდა. ჩემბერლინთან მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, პრეტორიაში მინისტრთან მეორე შეხვედრაზე მას უარი ეთქვა.

1903 წელს განდიმ იოჰანესბურში ადვოკატურა გახსნა და ინდოელ ხალხში პოპულარობის წყალობით, სულ მალე მრავალი კლიენტი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ის გასამრჯელოს მხოლოდ იმ კლიენტებს ახდევინებდა, ვისაც გადახდა შეეძლო, მისი შემოსავალი საკმაოდ მაღალი გახლდათ, ამის გამო მან თანხის დაზოგვა შესძლო. ამ პერიოდში აფრიკაში ფილტვის ჭირის ეპიდემია გავრცელდა; ამ სენით ძირითადად მეშახტეები იტანჯებოდნენ, რადგან მათ განსაკუთრებით მძიმე საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები ჰქონდათ. განდი დაავადებულებს პირადად უვლიდა და მათ განკურნებას საკუთარი დანაზოგით აფინანსებდა.

1904 წელს მან დაარსა და ასევე საკუთარი სახსრებით დააფინანსა გაზეთი «ინდიან ოფინიონ»-ი, რომელიც მისი რედაქტორობით ინგლისურ და რამდენიმე ინდურ ენაზე გამოდიოდა. ინგლისელი მწერლის - ჯონ რესკინის ნაწარმოების «Unto this last»-ის გავლენის ქვეშ მყოფმა, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით, იმავე წელს ე.წ. «ფენიქსის-ფერმა» დაარსა, რომელშიც ის და მისი თანამზრახველები ასკეტურად ცხოვრობდნენ. ყველაფერს, რაც მათ ცხოვრებისთვის ესაჭიროებოდათ, თავად ამზადებდნენ. «ფენიქსის-ფერმა»-ის დატოვება განდის მალევე მოუხდა, რადგან იურიდიული სამსახურის გასაწევად, მას იოჰანესბურგში დაბრუნება მოუწია.

ფოტოზე: ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი, ინდოეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი 6 წლის ინდირა განდი (1917-1984) მოშიმშილე მაჰათმა განდის სასთუმალთან, 1924 წ.

ფოტოზე: განდის ერთ-ერთი ბოლო ფოტო - განდი მისთვის ჩვეულ გარემოცვაში, 1948 წლის 29 იანვარი
1906 წელს, განდიმ უმანკოების აღთქმა დადო (ეს ფაქტი მეუღლეს შეატყობინა ისე რომ, მისთვის გაყრა არ შეუთავაზებია) და პოლიტიკურ საქმეებში აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, დაიწყო «ბრაჰმაჩარიას» («ჭეშმარიტებისაკენ სვლა» დაკავშირებული სექსუალურ თავშეკავებულობასთან იოგას სწავლებაში) პრაქტიკა, ასევე საკვებით ექსპერიმენტი, რომელსაც ნედლს და შეუზავებელს იღებდა. ამას ყველაფერს ერთად, ის «სვარაჯ»-ს უწოდებდა, რაც თვითდისციპლინასა და თვითკონტროლს ნიშნავს და საკუთარ თავზე არა მარტო ინდივიდუალურ, არამედ პოლიტიკურ ბატონობასაც გულისხმობს. 1906 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც ახალი ბეგარის კანონი გამოვიდა, ზულუს ტომის წევრებმა 2 პოლიციელი მოკლეს. ინციდენტი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა და 1 500 შუბით შეიარაღებული მკვიდრი მოსახლე ინგლისური ჯარისა და პოლიციის წინააღმდეგ აღმოჩნდა. ინგლისელებმა აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, გადარჩენილები და ზულუს ტომის მომხრენი დააპატიმრეს ან გადაასახლეს. როგორც ბურების ომის დროს, განდიმ სანიტრების ჯგუფის შესაქმნელად თანამემამულეებს ახლაც მოუწოდა. 24 კაცის თანადგომით, ის ორივე მხარის დაჭრილებს ეხმარებოდა.

ინგლისელთა მმართველობამ, 1907 წელს, პროვინცია ტრანსვაალში მხოლოდ ინდოელთათვის აღრიცხვის კანონი შემოიღო; ინდოელებს ამოსაცნობად ხელის ანაბეჭდებს უღებდნენ და აღრიცხვის ფურცლებს ურიგებდნენ, მათი ტარება ინდოელთათვის სავალდებულო იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, განდიმ თანამემამულეთა კრება მოიწვია, რომელზედაც დაახლოვებით 3 000 ინდოელმა ზემოთხსენებული კანონის უგულვებელყოფის აღთქმა დადო. იმისათვის, რომ ხსენებული კანონის შეჩერებისათვის მიეღწია, განდი ინგლისელ პოლიტიკოსებთან საუბრების საწარმოებლად ლონდონში გაემგზავრა. საერთო მცდელობით აღრიცხვის კანონი შეჩერებულ იქნა.

1907 წლის 1 იანვარს, ტრანსვაალი პოლიტიკურად დამოუკიდებელი გახდა და კანონთა მიღება ინგლისის მთავრობის მხოლოდ ფორმალური თანხმობით გახდა შესაძლებელი. იმის გამო, რომ ინდოელების უმრავლესობამ, რომელთაც კანონის დარღვევის ფიცი დადო, რეგისტრაციაზე უარი განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალმა იან სმეტმა რეგისტრირების ვადა გააგრძელა და ულტიმატუმის უყურადღებობის შემთხვევაში, ინდოელებს დაპატიმრებებითა და დეპორტაციით დაემუქრა. მუქარის მიუხედავად, 13 000 ინდოელიდან რეგისტრაცია მხოლოდ 511-მა გაიარა. დეკემბრის ბოლოს, გენერალ სმეტის ბრძანებით, განდი და მისი 37 სატიაგჰარი დააპატიმრეს. სასამართლოს შენობის წინ მათ მხადასაჭერად გამართული პროტესტის ფონზე, განდის «ტრანსვაალის აზიელთა რეგისტრაციის კანონი»-ს უგულვებელყოფის მოწოდებისათვის 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში რეგისტრაციის გავლა მიუსაჯეს. იანვრის ბოლომდე, სასამართლოს წინ გამართულ მიტინგებზე სულ 155 ინდოელი დააპატიმრეს. საპყრობილეში განდი ჰენრი ტოროს ცნობილ ესეს («სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის მოვალეობის შესახებ» - The Resistance to Civil Government) გაეცნო და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ბრძოლის მეთოდი, იგივე «სატიაგრაჰა» ჩამოაყალიბა («სატია» ნიშნავს ჭეშმარიტებას, «აგრაჰა» ძალას, ე. ი. ძალა, რომელიც ჭეშმარიტების, სიყვარულის ძიებაში და ძალადობაზე უარის თქმით იბადება). ესაა უსამართლო კანონებისა და მითითებების დარღვევის აქტიური სტრატეგია, რაც საპროტესტო შიმშილობებს, ბოიკოტს, თანამშრომლობაზე უარის თქმის სხვა დანარჩენ ფორმებს, ასევე საკუთარი დაპატიმრების პროვოცირებასაც კი მოიცავს. «სატიაგრაჰა» განდისთვის ძალადობის გამოყებენაზე უარის თქმას ნიშნავდა. იგი ამბობდა: «ჭეშმარიტება ძალის გამოყენებას გამორიცხავს, ვინაიდან ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა არ ძალუძს, ამიტომ არც უფლება აქვს ვინმე დასაჯოს».სატიაგრაჰას პრინციპებს განდი აკავშირებდა რწმენასთან, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს თვითვალდებულებით და თვითფლობით წვლილი სხვათა კეთილდღეობაში შეაქვს, ასე რომ, თითოეულის მორალური განვითარება და აქედან რეზულტირებული ქცევა, ყველას წინსვლას ემსახურება.

ფოტოზე: ძაფის რთვა დამპყრობელთა საწინააღმდეგოდ – თავისუფალი ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ (1889- 1964) და განდი

ფოტოზე: განდი კეთრით სნეულთა ბანაკში
გენერალ სმეტთან შეხვედრის დროს, განდის შეატყობინეს, რომ მიღებული იქნებოდა ნებაყოფლობითი რეგისტრაციის კანონი და ყველა ის, ვინც რეგისტრაციის ბოიკოტისათვის იყო დაპატიმრებული, განთავისუფლდებოდა. 1908 წლის 30 იანვარს, ტრანსვაალის მთავრობის წევრი ინდოელი პოლიტიკოსების მოთხოვნით და დემონსტრანტების ზეწოლის ზრდის წყალობით, განდი თანამებრძოლებთან ერთად ციხიდან გაანთავისუფლეს. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია განდიმ პირველმა გაირა, რის გამოც თანამებრძოლებმა მისგან თავი მოტყუებულად იგრძნეს და ის სცემეს. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ბოლოს, 8 700 ჩაბარებული ჩაწერის განცხადებიდან, ძალის მქონედ მხოლოდ 6 000 სცნეს. გენერალმა სმეტმა, აღთქმული კომპრომისი დაარღვია და ახლადჩასულებს რეგისტრაციის დაძალება დაუპირა. ამის გამო, განდიმ რეგისტრაციაგავლილ ინდოელთ პასპორტების შეკრება მოუწოდა, რათა ყველა ერთად საჯაროდ დაეწვათ. 1908 წლის 16 აგვისტოს, 2 000 რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი ინდოელებმა იოჰანესბურგის «ჰამიდია-მეჩეთის» წინ საჯაროდ დაწვეს. საბუთების შემდეგი საჯაროდ დაწვის აქცია 23 აგვისტოს გაიმართა.

მასიური დაპატიმრებების პროვოცირებისათვის, განდი და მისი მომხრეები ნატალიდან ტრანსვაალის საზღვარზე ჯგუფურად გაემგზავრნენ. ის და მისი 250 თანამოაზრე დააპატიმრეს და 2 თვით იძულებითი სამუშაო (ქუჩების მშენებლობა) მიუსაჯეს. 1908 წლის დეკემბერში განდი კვლავ გაანთავისუფლეს. ამ დროიდან იგი უვლიდა მეუღლეს, რომელიც ამასობაში მძიმედ დაავადებული გახლდათ. განდი ტრანსვაალში მალევე დაბრუნდა, გზაში ისევ დააპატიმრეს, რადგან დაპატიმრება რომ გამოეწვია, საბუთები თან ისევ არ იქონია. ვინაობის დადგენის შემდეგ, ის 1 დღეში გაანთავისუფლეს.

ვაჭრობის შეფერხების და რეგისტრაციაზე გამოცხადებული ბოიკოტის გამო, ინგლისელთა მმართველობამ, ინდოელთა უკეთესად გაკონტროლება გადაწყვიტა. ვაჭართა აზრით, განდის მოძრაობა ზედმეტად რადიკალური გახდა. რისი შედეგიც იყო ის, რომ საქმიანმა წრეებმა ამ მოძრაობის აქტიური ფინანსური დახმარება შეწყვიტეს. ამან განდის ფინანსური სირთულეები მოუტანა, ის ხომ ადვოკატად უკვე აღარ მუშაობდა.

რეგისტრაციის კანონის საწინააღმდეგო კამპანიის დროს, განდი სოკრატეს პროცესს გაეცნო და მისი დაცვითი სიტყვა (პლატონის სოკრატეს აპოლოგიიდან)გუჯარათის ენაზე თარგმნა.თარგმანი მოგვიანებით ინდოეთში იკრძალებოდა.

1909 წელს, მაჰათმა ლონდონში ჩავიდა და რადიკალურად განწყობილ ინდოელ რევოლუციონერებს შეხვდა; მათთან საუბრების შემდგომ კი, საკუთარ შეხედულებებს თავიდან გადახედა. თავის წიგნში «ჰინდ სვარაჯ» (ინდური თვითმმართველობა) იგი აკრიტიკებს ინგლისურ საზოგადოებასა და მთავრობას და ასკვნის, რომ ინგლისელთა ბატონობა შეიძლება ქვეშევრდომების მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმით დასრულდეს. ეს წიგნი განდიმ ლევ ტოლსტოის გაუგზავნა, რომლის ნაწერებმაც ახალგაზრდობაში მასზე დიდი გავლენა იქონია. სიკვდილის წინ, ტოლსტოიმ განდის წიგნი წაიკითხა და მას მხარდასაჭერი წერილი გაუგზავნა.

1910 წელს, ებრაული წარმოშობის გერმანელი არქიტექტორმა - ჰერმან კალენბახმა, ტრანსვაალში განდის მიწის ნაკვეთი გადასცა. ამ დროიდან, თანამოაზრეებთან ერთად, «ფენიქსის ფერმის» ცხოვრების წესის გაგრძელება შესაძლებელი გახდა . დასახლებას «ტოლსტოის ფერმა» უწოდეს.

1912 წლიდან განდიმ ყოველგვარი პირადი საკუთრების ფლობაზე უარი განაცხადა.

ფოტოზე: განდის მთელი ავლა-დიდება

ფოტოზე: განდის ხელნაწერი
1913 წელს გამოვიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, კანონიერად მხოლოდ ქრისტიანთა შორის ქორწინება იქნა აღიარებული. ამ უსამართლობის გამო, განდიმ თანამემამულეებს პასიური წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ინდოელი მუშები გაიფიცნენ, ქალებმა პროტესტი გამოხატეს. განდი და მისი მომხრეები მასობრივი დაპატიმრებების გამოსაწვევად ტრანსვაალისკენ ისევ უსაბუთოდ გაეშურნენ. როგორც კი საზღვარს მიაღწიეს, ის და მისი სატიაგრაჰები ჰერმან კალენბახის ჩათვლით, დააპატიმრეს და ბლუმფონტეინის ციხეში ჩაყარეს. გადატვირთული ციხეების გამო, დანარჩენი მისი თანამოაზრენი მაღაროებში გამოამწყვდიეს. მსოფლიო საზოგადოებრიობის ზეწოლის გამო, გენერალი სმეტსი იძულებული გახდა საგამომძიებო კომისია შეექმნა, რომელიც მხოლოდ თეთრკანიანებით დაკომლექტდა. ამის გამო, ამასობაში ციხიდან ახალგანთავისუფლებულმა განდიმ, კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნული აქციის დროს, ის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გაანთავისუფლეს.

ამ პერიოდში რკინიგზის მუშებმა გაფიცვა დაიწყეს. მართალია მათი გაფიცვა ინდოელთა წინააღმდეგობასთან კავშირში არ იყო, მაგრამ მან მთელ რიგ პროცესებში დიდი წვლილი შეიტანა. თუმცა განდის საპროტესტო აქციები დროებით ჰქონდა შეჩერებული, მაგრამ ინგლისელებმა მდგომარეობას თავი მაინც ვეღარ გაართვეს და იძულებულნი გახდნენ 1914 წლის დასაწყისში მიიღოთ კანონი (Indian Relief Act), რომლის თანახმადაც ინდოელი მოსახლეობის მდგომარეობა გადამწყვეტად შეიცვალა - არაქრისტიანული ქორწინებები კანონიერად იქნა აღიარებული, სულზე 3 ფუნტიანი წლიური ბეგარა და რეგისტრაციის ვალდებულება გაუქმდა და დაშვებულ იქნა ინდოელთა აფრიკაში ჩასახლება.

1914 წელს, სატიაგრაჰებმა მიზნებს უმეტესწილად მიაღწიეს; წლის ბოლოს განდი ინდოეთში საბოლოოდ დაბრუნდა და იქ სახლი «ჰარიჯან (იგივე «სატიაგრაჰა») აშრამი» ააშენა, სადაც ის 1918-დან 1930 წლამდე «აჰიმსას» (ძალადობის გარეშე) პრინციპებით ცხოვრობდა.

უბრალო, ეთიკურად და რელიგიურად დასაბუთებული და თვითმმართველობის პრინციპზე დაფუძნებული აშრამის პატარა საზოგადოების ცხოვრების მოდელით, განდის თავისუფალი, ინგლისისაგან ეკონომიურად დამოუკიდებელი ინდოეთის წარმოჩინება სურდა. იგი თავად ართავდა ძაფს, ინგლისური ენის გამოყენებაზე თანდათან უარს ამბობდა და მოწაფეებს თავისებურად ზრდიდა. მათ ჯგუფს, ბომბეიში დისლოცირებული ინგლისის აღმოსავლეთ-ინდური ფლოტის მეთაურის ქალიშვილი, განდისგან შემდგომში მირაბეჰ-დ წოდებული მადლენ სლაიდი შეუერთდა, რომელსაც განდისთან მჭიდრო სულიერი მეგობრობა ჰქონდა.

1916 წლიდან სიკვდილამდე მაჰათმას ერთგული მოწაფე, თანამებძოლი და სულიერი მემკვიდრე გახლდათ ვინობა ბჰავე. მეორე, ასევე ძვირფასი მეგობარი და თანამებრძოლი იყო სადარ პატელი. 1917 წლიდან კი განდის მდივანი გახლდათ შემდგომში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ.

1919 წელს მიიღებულ იქნა «ინდოეთის მთავრობის აქტი», რომელიც ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობას პროვინციების მთავრობების ხელისუფლებისაგან ჰყოფდა, ეს კი ორმაგი მმართველობის - «დიარქიის» შემოღებას ნიშნავდა. კანონი მიღებისთანავე ძალაში არ შევიდა, რადგან ინგლისის მთავრობას მოქმედი ე. წ. «როულეთ-კანონების» გამო, რომელიც პრესის ცენზურას, პოლიტიკური ნიშნით პროფილაქტიკურ დაპატიმრებებსა და სასწრაფო გასამართლებას ითვალისწინებდა, ინდოელთა პროტესტის ახალი ტალღის შეეშინდა და ამის გამო საგანგებო მდგომარეობა ძალაში დატოვა.

«როულეთ-კანონებს» განდიმ «სატიაგრაჰა» - მშვიდობიანი აქციები დაუპირისპირა და ამჯერად უკვე ინდოეთის სრული დამოუკიდებლობა მოითხოვა. აპრილის დასაწყისში, «ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა» ინდოელ ხალხს ინგლისის კოლონიალური მმარველობის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა. ინდუსებთან ერთად, პროტესტში მონაწილეობას ინდოეთში მცხოვრები სხვა ხალხებიც იღებდნენ. პირველ დღესვე მოხერხდა ვაჭართა და საქმოსანთა გაფიცვა; პროტესტის მონაწილეებს, განდის მოწოდებისამებრ, გაფიცვის დღეებში უნდა ელოცათ და ემარხათ. ამ დღეს, განდის აკრძალული წიგნები Hind Swaraj და Sarvodaya ისე გაიყიდა, რომ ინგლისელებმა აღკვეთა ვერ მოასწრეს. სატიაგრაჰას მშვიდობიანი პრინციპები შემდგომი აქციების პერიოდში მრავალთა მიერ არ იქნა დაცული. ჩრდილო ინდურ ქალაქ ამრისტარ-ში, სადაც მოძრაობის 2 ლიდერი დააპატიმრეს, პროტესტის მონაწილეებმა ინგლისური დაწესებულებები და კერძო სახლები გადაწვეს. რის გამოც, ფენჯაფის გუბერნატორმა მანიფესტაციები აკრძალა და სროლის ბრძანება გასცა. 1919 წლის 19 აპრილს, ინგლისელმა ჯარისკაცებმა ე. წ. «ამრისტარის სასაკლაო» მოაწყვეს. მშვიდობიან მიტინგზე, რომელიც მაღალი კედელით შემოვლებულ პარკში ტარდებოდა, გენერალმა დაიერმა 100 ინდოელ ჯარისკაცს 2 000 შეკრებილისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანა. 10 წუთის განმავლობაში ჯარისკაცებმა დაახლოვებით 1 650 ტყვია გაისროლეს, ადგილზე მოკლეს 379 კაცი, ქალი და ბავშვი და დაჭრეს 1 200 აქციის მონაწილე. მოწყობილი სასაკლაოს გამო, განდი თავს დამნაშავედ თვლიდა. იგი მიხვდა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება ნაადრევი იყო და თანამემამულეებს მისი დროებითი დამთავრებისკენ მოუწოდა; თავად მარხვას და პროკლამაციებითა და გაზეთებით სატიაგრაჰას ჭეშმარიტი მნიშვნელობის ახსნა-განმარტებას შეუდგა.

1920 წლიდან განდიმ «ინდოეთის ეროვნული კონგრესის» მმართველობა ჩაიბარა. მისი სულიერი ხელმძღვანელობით, ეს ორგანიზაცია, შემდგომში ინდოეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობად ჩამოყალიბდა. იმისათვის, რომ ინგლისულებს ბოლოსდაბოლოს ინდოეთი დაეტოვებინათ, განდიმ 1920 წელს «თანამშრომლობაზე უარის თქმის კამპანია» წამოიწყო. ეს ნიშნავდა, რომ ყველა ინგლისელთა სამსახურში მდგომ ინდოელ მოხელეს, დამპყრობლებთან თანამშრომლობა უნდა შეეწყვიტა, რითაც ინგლისელებს ხელისუფლება ძალადობის გამოყენების გარეშე ავტომატურად ჩამოერთმეოდათ, რადგან შეუძლებელი იყო ინდოეთში მყოფ ასი ათას ინგლისელს მაშინ ინდოეთში მცხოვრები სამასი მილიონი ინდოელი ემართა, თუ კი ისინი თანამშრომლობაზე უარს განაცხადებდნენ.

იმჟამად, ინგლისელ კოლონიალისტებს ინდოელთათვის ინდოეთის ტერიტორიაზე მარილის წარმოება და გაყიდვა აკრძალული ჰქონდათ, მასზე იმდენად მაღალი ბეგარა ჰქონდათ დაწესებული, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალი, თითქმის ფუფუნებად ითვლებოდა. ათი წლით გვიან, განდიმ ინდოელთ ისევ სამოქალაქო დუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და ინგლისის მიერ მარილის მონოპოლიის ეს კანონიც ე. წ. «მარილის მარშით», იგივე «მარილის-სატიაგრაჰათი» დაარღვია. ამ კანონის დასარღვევად, განდი 79 სატიაგრაჰის თანხლებით, აჰმედაბადიდან დანდისკენ 380 კილომეტრის მანძილზე ფეხით გაემართა. 

ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა: 1930 წლის 6 აპრილს, განდიმ დანდის ნაპირზე ერთი მუჭა მარილი აიღო

ფოტოზე: ინდოელი ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი და კომპოზიტორი რაბინდარათ თაგორი (1861-1961) და განდი
1930 წელს განდიმ მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ე. წ. «მრგვალი მაგიდის კონფერენციებში», რომელნიც ინდოეთის საკითხს განიხილავდნენ. ინგლისის დედაქალაქში იგი ჩარლი ჩაპლინსა და ბერნარდ შოუს შეხვდა.

1932 წელს, ევროპიდან დაბრუნებული განდი, ახალი პროტესტის ტალღის შესაძლო ორგანიზაციის გამო, ინგლისის მმართველობამ ისევ დააპატიმრა. ციხეში მან შეიტყო, რომ ინგლისელებს, იმათთათვის, ვინც კასტების წევრნი არ იყვნენ, ცალკე არჩევნების ჩატარება სურდათ. ამის გამო, 1932 წლის 20 სექტებმბერს მან «სიკვდილამდე მარხვა» გამოაცხადა, რომელიც საერთო არჩევნებზე მიღწეული შეთანხმების შემდგომ, მეექვსე დღეს დაამთავრა.

1933 წელს განდი გაზეთს «ჰარიჯან» (ღვთის შვილები) გამოსცემდა და მასში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის შესახებ სტატიებს აქვეყნებდა. საყურადღებო ფაქტია, რომ განდი არა მხოლოდ სოციალური საკითხების გადასაწყვეტად იბრძოდა, არამედ აქტიურად იღწვოდა ქალისა და მამაკაცის უფლებების გათანასწორებისათვისაც. მას სწამდა, რომ თითოეულმა საკუთარი ცხოვრება იმით უნდა შეცვალოს, რომ ადამიანს ემსახუროს და არა მასზე იმბრძანებლოს. ამ შეხედულებამ, მას ეროვნულ კონგრესში ბევრი მოწინააღმდეგე შესძინა. თუმცა შიმშილობის აქციებმა ჯანმრთელობა გვარიანად შეურყიეს, ის ინდოეთში კასტიდან გარიყულთათვის თანხების შესაგროვებლად მაინც მოგზაურობდა.


1934 წელს განდიმ «ინდოეთის ეროვნული კონგრესი» დატოვა, რადგან თავს პოლიტიკოსად არ თვლიდა და 1936 წლიდან ცენტრალურ ინდოეთის სოფელ სევაგრამშიში აშრამი თავიდან დაარსა.

1939 წელს, ომის დაწყებასთან ერთად, ინდოეთში ინგლისის ვიცე-მეფემ ინდოეთი ომის მწარმოებელ სახელმწიფოდ ისე გამოაცხადა, რომ არც «ეროვნულ კონგრესს» და არც «მაჰმადიანთა ლიგას» წინასწარ არ აცნობა, რის გამოც «ეროვნული კონგრესიდან» დანიშნული მინისტრები გადადგნენ. «მაჰმადიანთა ლიგამ» ინგლისელებთან თანამშრომლობა გააგრძელა და 1940 წელს საკუთარი ისლამური სახელმწიფო – პაკისტანის დაარსება ოფიციალურად მოითხოვა.

1942 წლის 8 აგვისტოდან განდიმ ინდოეთის სასწრაფო დამოუკიდებლობა მოითხოვა. ამის გამო, ერთი დღით გვიან, ის «ეროვნული კონგრესის» სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ პუნაში დააპატიმრეს და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2 წლის შემდეგ გაანთავისუფლეს. ინდოეთში და სამხრეთ აფრიკაში განდი მრავალჯერ გახლდათ დაპატიმრებული; ერთად შეკრებილი, ციხეებში მან 8 წელი გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის 2 სახელწიფოდ გაყოფის საწინააღმდეგოდ განდის ძალისხმევა არ დაუკლია, 1947 წლის 3 ივნისს, ინგლისის მთავრობამ 1858 წლიდან ინგლისის გვირგვინის ქვეშ მყოფი ინგლისური ინდოეთის დამოუკიდებლობა და მისი 2 სახელმწიფოდ – ინდუისტურ ინდოეთად და მაჰმადიანურ პაკისტანად გაყოფა გამოაცხადა. განდიმ ამ დაყოფას «სულიერი ტრაგედია» უწოდა, რადგან მას დაპირისპირებული ინდუსებისა და მაჰმადიანების, რომელთა ერთი მესამედი ისევ ინდოეთის მხარეს ცხოვრობდა, შერიგება სურდა. ინდუსი ნაციონალისტების სურვილის საწინააღმდეგოდ, ის მაჰმადიანებს ინდუსებთან თანასწორ კანონებს შეჰპირდა.

ინდოეთის გაყოფის დღეს, 15 ივნისს, დასავლეთ პაკისტანის (შემდგომი ბანგლადეშის) აღმოსავლეთ ნაწილში საშინელი არეულობა დაიწყო. 12 მილიონი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან აიყარა – მაჰმადიანებმა ინდუსებისგან თავის დასაცავად ინდოეთის დატოვება დაიწყეს, ხოლო ინდუსებმა მაჰმადიანებისგან თავის დასაცავად პაკისტანისა. ამ პროცესს თან ახლდა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა, რამაც ნახევარ წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი გაწყვიტა. «კალკუტის სასაკლაომ» განდი აიძულა იქ ჩასულიყო და 1 სექტემბრიდან იმდენ ხანს ეშიმშილა, სანამ ორივე მხარე გონს არ მოეგებოდა. მისმა შიმშილობამ, დაპირისპირებელ მხარეებზე იმოქმედა, ისინი დაწყნარდნენ, არეულობის თავებმა კი მაჰათმას საწოლთან ფიცი დადეს, რომ აღარასოდეს იქურდებდნენ და მკვლელობაზე ხელს აიღებდნენ. 5 სექტემბერს ინდუსებმა და მაჰმადიანებმა ისევ დაძმობილება იზეიმეს. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, მაჰათმამ შიმშილობის აქცია დაასრულა.

მას შემდეგ, რაც დელიში ახალი არაულობა მოხდა და ინდუსებმა იქ 137 მეჩეთი დაანგრიეს და დააზიანეს, ხოლო რამდენიმე ინდუსურ ტაძრად აქციეს, განდიმ 1948 წლის 12 იანვარს ისევ უვადო შიმშილობა დაიწყო. 5 დღის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ეროვნულ უმცირესობებს მეტი დაცვა აღუთქვა, დელიში «ძმური მეგობრობის და უმცირესობათა დაცვის კომიტეტი» შეიქმნა. ამის გამო განდიმ შიმშილობის აქცია შეწყვიტა.

ფოტოზე: განდი ინდუსთაგან დანგრეული სოფლის მონახულებისას

ფოტოზე: განდი მაჰმადიანთაგან აოხრებულ სოფელში ლოცვისას
3 დღის შემდეგ, დელიში, მწუხრის ლოცვის დროს, მაჰმადიანმა ლტოლვილმა მადან ლალმა, რომელსაც მანამდე თავი მეჩეთისთვის ჰქონდა შეფარებული, იმ სახლის ეზოში, სადაც განდი ლოცულობდა, ბომბი ააფეთქა. აფეთქებამ არავინ დააშავა. ლალს განდის მოკვლა იმიტომ სურდა, რომ განდის ინციატივით, მეჩეთები იქ თავშეფარებულ მაჰმადიანებს უნდა დაეტოვათ, ამით ლალი უსახლ-კაროდ მეორედ რჩებოდა. როცა განდიმ 1948 წლის 25 იანვარს ლოცვის დროს ინდუსებს ჭეშმარიტი ძმობის დასტურად შემდეგ ლოცვაზე თითო მაჰმადიანის მიყვანა მოსთხოვა, მისი მოკვლა ახლა ინდოელ ნაციონალისტთა რადიკალურმა ჯგუფმა «ჰინდუ-მაჰასაბჰა»-მ გადაწყვიტა. 1948 წლის 30 იანვარს, როცა თანმხლებ ქალებზე დაყრდნობილი განდი სალოცავად გაემართა, მას «ჰინდუ-მაჰასაბჰა»-ს გაზეთის გამომცემელი ნატურამ გოდზე მოუახლოვდა და სამი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა. განდის ბოლო სიტყვები: - «He Ram» (ო, ღმერთო) ტუჩებზე შეაცივდა. მისი მკვლელი დააპატიმრეს, მოგვიანებით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. განდის ცხედარი ჯერ განათებულ სამლოცველოს თავზე დაასვენეს, მეორე დღეს 5 საათის განმავლობაში დელიში რამდენიმე მილიონი ადამიანის თვალწინ ჩაატარეს, შემდეგ ინდუსური ჩვეულებისამებრ მდინარე ჯამუნას ნაპირზე დაწვეს და ფერფლი 11 თებერვალს სამლოცველოდან გამოიტანეს და დელის ქუჩებში ისევ პროცესიით ატარეს, ბოლოს კი მდინარეების - ჯამუნასა და განგას შესართავთან ოკეანის დინებას მისცეს. (პატივის მისაგებად, ახალ დელიში მდებარეობს მისი სიმბოლური საფლავი-კენოტაფი.)

ფოტოზე: მაჰათმა
1915 წლის 9 იანვარს ბომბეიში ჩასულ განდის, სახელით «მაჰათმა» – დიდი სული, ინდოელი პოეტი და ფილოსოფოსი რაბინდარათ თაგორი მიესალმა. რადგან განდი პიროვნების კულტის წინააღმდეგი იყო, კარგა ხანს ამ მეტსახელით მისი მოხსენიების წინააღმდეგი გახლდათ. თავის ბიოგრაფიაში – «ისტორია ჭეშმარიტებით ექსპერიმენტებისა» ის წერს, რომ ტიტულ «მაჰათმა»-ს მისთვის არა მარტო მნიშვნელობა არ გააჩნია, არამედ ის მას ხშირად ძალიან არცხვენს კიდეც. ჭეშმარიტად დიდმა სულმა, მოგვიანებით ეს საპატიო წოდება მიიღო. მეორე საპატიო სახელი, რომელსაც ის ყოველთვის სიამოვნებით ატარებდა და რომლითაც მას მისი მეუღლე და შვილებიც მიმართავდნენ, გახლავთ «ბაპუ», რაც გუჯარათის ენაზე მამას ნიშნავს. ამ სახელით, განდი 1944 წელს თავის რადიო-გამოსვლაში მოიხსენია «ინდოეთის ეროვნული კონგრესის» თავმჯდომარემ და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ლიდერმა - სუბჰას ჩანდრა ბოსმა. მადლიერმა ინდოელმა ერმა ეს წოდება შემდგომში «ერის მამად» სრულყო, რაც ინდოეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურადაა აღიარებული.

ხატია ღუდუშაური


იხილეთ ასევე:

მაჰათმა განდი: ცივილიზაცია
მაჰათმა განდი: სასტიკი ძალადობა
მაჰათმა განდი: პასიური წინააღმდეგობა ანდი: პასიური წინააღმდეგობა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."