მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მერაბ კოსტავას მიერ მიტინგზე წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა

1989 წლის 11 ოქტომბერს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ, მორიგი ანტისაოკუპაციო აქცია მოაწყო მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეებს უარი ეთქვათ სსრკ-ს საოკუპაციო ჯარში სამსახურზე. აღნიშნული აქცია დაიწყო თბილისში, კინოს სახლის წინ გამართულ მიტინგზე და გაგრძელდა სპორტის სასახლესთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზებით, წვევამდელთათვის, რომელნიც საოკუპაციო ჯარში სამსახურს ბოიკოტს უცხადებდნენ, კარვები გაიშალა და მჯდომარე აქცია მოეწყო; საბჭოთა ჯარში სამსახურზე ბოიკოტის მხარდასაჭერად, აქციის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საორგანიზაციო კომიტეტი თავს უყრიდა და ნათელს ჰფენდა საბჭოთა ჯარში მომსახურე საქართველოს მოქალაქეთა უფლებების რღვევის ფაქტებს. აღნიშნულმა საპროტესტო აქციამ, საქართველოს მოსახლეობის სრული მობილიზება შესძლო და დასახულ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მცირე დროში მიაღწია – წვევამდელებმა საოკუპაციო ჯარში სამსახურს სრული ბოიკოტი გამოუცხადეს.

კინოს სახლის წინ გამართულ მიტინგზე, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ, სულეთში გადასახლებამდე 2 დღით ადრე (იგი 1989 წლის 13 ოქტომბერს ბორითთან საბჭოთა უშიშროების მიერ მოწყობილ ავტო-ავარიაში ადგილზე დაიღუპა), შეკრებილ საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა. გთავაზობთ ამ მიმართვის სტენოგრაფიულ ჩანაწერს, რომელიც საინფორმაციო სააგენტო «მაცნეს» აუდიო-არქივმა შემოგვინახა.


მამულიშვილნო! ძმანო და დანო!

რუსეთის იმპერიის ისტორიაში დამთავრდა შემოკრებისა და ინტეგრაციის დრო. რუსეთის იმპერიას ყავლი გასდის! ახლა იწყება რუსეთის დეზინტეგრაციის და დაშლის ჟამი. ასეთი იყო ნებისმიერი იმპერიის ისტორია; ჯერ შემოკრება ამ ერის, იმპერიის განმახორციელებელი ერის გარშემო, ინტეგრეცია, გაფართოება, გაბერვა და შემდეგ დაშლა ცალკეულ სახელმწიფოებად. ასე დაიშალა, მეგობრებო, მაკედონელის იმპერია, ესპანეთის, ფილიპე II-ის იმპერია. იგივე მოელის რუსეთის იმპერიასაც.


ფოტოზე: ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა (1939-1989)
ძმანო და დანო!

იმპერია მოითხოვს გარკვეულ დაკვირვებას. რუსეთის ფედერაციის მთავრობა, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ხვდება, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოს, სისხლით შექმნილი, სხვადასხვა ერის ძვლებზე აშენებული და ასე გაბერილი სახელმწიფოს არსებობა, მისი მართვა, მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მთლიანობის შენარჩუნება შეუძლებელია და იგი დაიშლება. საქართველო ბუნებით უპირისპირდება რუსეთის იმპერიას და მის ვერაგულ ბუნებას. ეს პირდაპირი დაპირისპირებაა, მეგობრებო! მიუხედავად იმგვარი საშიში გეოგრაფიული ადგილისა, როგორიც საქართველოს არგუნა განგებამ, საქართველოს აქვს სურვილი იმპერიას ჩაასოს ისარი გულში. ასე, რომ დღევანდელი აქციის მიზანი, სწორედ, ისრის გაყრის ტოლფასია.საქართველო ღირსია, რომ ჰყავდეს ეროვნული არმია!

ძმანო და დანო!

ჩვენი ახალგაზრდები აპირებენ საპროტესტო აქციის ჩატარებას, რათა არ წავიდნენ დამპყრობლის არმიაში. მოგახსენებთ, რომ ნატოს კავშირი შემდგარია დემოკრატიული პრინციპებით, რადგან იგი შედგება ეროვნული არმიების კავშირისაგან. საბჭოეთში კი თავიდანვე ეცადნენ ზემოთნათქვამი პრინციპის მოშლას. ქართველი ერის ნებაა უარის თქმა დამპყრობლის არმიაში სამსახურზე.

ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."