მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რიჰარდ დავიდ პრეჰტი: მორალი აბედნიერებს!

ბავშვებს დაწყებით კლასებშივე უნდა ვასწავლიდეთ კითხვების დასმას მათთვის მოსაწონი საქციელის შესახებ, აცხადებს გერმანიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ფილოსოფოსი დავიდ პრეჰტი. მისი ახალი ნაშრომი ეთიკაზე, არაეგოისტად ყოფნის ხელოვნება, ერთმანეთთან ასაუბრებს ფილოსოფიას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და ეთოლოგიას.

ბიბლიოფილებისთვის და არა მარტო მათთვის:
გერმანულად, და არა მარტო გერმანულად გამოვიდა გერმანიაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ფილოსოფოსის რიჰარდ დავიდ პრეჰტის წიგნი "ეგოისტად არყოფნის ხელოვნება, პასუხისმგებელი ეთიკისათვის" (Richard David Precht: Die Kunst, kein Egoist zu sein).


© რაიმონდ შპეკინგის ფოტო /CC-BY-SA-3.0 (via Wikimedia Commons):
გერმანელი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი რიჰარდ დავიდ პრეჰტი (* 1964)

მე განმარისხა ფინანსურმა კრიზისმა. ის ახსნეს იმით, რომ ბანკირებს ძალაუფლება სწყურიათ. არადა, საქმე მათ სიხარბეში არაა. თუ კი თქვენ მორალური ადამიანი ხართ და საინვესტიციო ბანკს ხელმძღვანელობთ, ვალდებული ხართ გააკეთოთ იგივე, რასაც გააკეთებდა სრულებით ამორალური ადამიანი. და თუ კი ამ ამორალური საქმის გაკეთება არ გსურთ, თქვენ შემცვლელს სასწრაფოდ იპოვნიან.

არა, ეს კრიზისი ჩვენი საზოგადოებების საერთო ორიენტაციის კრიზისი არის. თუ კი ხელისუფლება მთლიანი შინაგანი პროდუქტის ზრდაზე იქნება ჩაციებული, ფულის მოსაგებად მაშინ ბანკირებიც ყველაფერს გააკეთებენ. ეს ფინანსური კრიზისი არის ღირებულებათა კრიზისი, რომელიც გვაიძულებს გადავსინჯოთ ჩვენი შეხედულება ადამიანზე, და საერთოდ ერთად ცხოვრებაზე, თანაარსებობაზე და ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობის შეფასების კრიტერიუმებზე.

ჩვენს ტვინს სიამოვნებს როდესაც სიკეთეს ვჩადივართ. საჩუქრის მიცემა, საჩუქრის მიღებაზე უფრო სასიამოვნოა. ასე მაგალითად, 1960-ანი წლების დასასრულიდან გერმანელთა ბედნიერების მაჩვენებელი აღარ გაზრდილა, მაშინ, როდესაც საშუალო გერმანელის ყიდვის უნარი ორჯერ და მეტად გაიზარდა. ეს პრობლემა, დასავლეთის სახელმწიფოთა მეთაურთაგან მხოლოდ ნიკოლა სარკოზიმ გაიაზრა, რომელმაც 2008 წელს ნობელის პრემიის ორ ლაურეატს - ჟოზეფ სტიგლიცს და ამარტია სენს გამოკვლევა დაუკვეთა. მათმა კვლევამ, ისინი იმაში დაარწმუნა, რომ კეთილდღეობა უფრო მორალურ ღირებულებებზე და აღზრდაზეა დამოკიდებული, ვიდრე ნაწარმის ჯამზე. 1980-1990-ან წლებში ბიოლოგები და ფსიქოლოგები აცხადებდნენ, რომ ადამიანი არის ეგოისტური ინსტინქტებით ამოძრავებული ცხოველი. ბოლო კვლევები ამტკიცებენ, რომ ადამიანი ბუნებით უფრო ალტრუისტია. ადამიანის ბუნებრივ სიკეთეზე ეს დებატი, ძალიან ძველია.

დღევანდელი ფსიქოლოგები არ ამბობენ, რომ ადამიანი კარგია და კეთილი. ისინი ამბობენ, რომ ადამიანი არის თანამშრომლობისთვის მზა სოციალური ცხოველი და არა მარტოსული განდეგილი, და ამიტომ მას მორალურად ქცევის უნარი ბუნებით აქვს.

ჩვენ ასე ხშირად ცუდად იმიტომ ვიქცევით, რომ ჩვენს ქცევაზე გარემო მოქმედებს. არსებობს მორალური კონფორმიზმი. სქემატურად შეიძლება ვთქვათ, რომ მგლებს შორის მგლები ვხდებით და კრავებს შორის - კრავები. თუ კი სხვები ცუდად იქცევიან, ცუდად მოქცევას ჩვენც კანონიერად ვთვლით. ადამიანს სჭირდება პატივისცემა და აღიარება. ბანკირებში აღმერთებენ გაიძვერებს, თაღლითებს. ექთნებში პატივს მიაგებენ სხვა თვისებებს!

მაგრამ სასიცოცხლოდ ადამიანთა უმეტესობას იმის დაჯერება სჭირდებათ, რომ კარგები არიან. თუ კი ყურადღებას მივაქცევთ, მივეალერსებით ამ საჭიროებას, შეიძლება რაღაც მივიღოთ. იმას, რომ ჩვენ სიკეთის კეთება შეგვიძლია, გვასწავლის აღზრდა და იმიტაცია. და პირიქით, ცუდ სწავლა-განათლებას ჩვენი კეთილგანწყობის მოშთობა შეუძლია.

ასე მაგალითად, სამაგიერო, დაჯილდოება, ბავშვებს აფუჭებს, რყვნის. მათ სიკეთის კეთებას რაღაცის სანაცვლოდ აჩვევენ და მათ მერე სიკეთის უანგაროდ კეთება ძალიან გაუჭირდებათ. ოცი თვის ბავშვთა სამ ჯგუფზე ასეთი ექსპერიმენტები ჩაატარეს.

პირველი ჯგუფის ბავშვს, თუ კი ის სამსახურს გასწევდა, ასაჩუქრებდნენ. მეორე ჯგუფში სამსახურის გამწევ ბავშვს ქათინაურებს ეუბნებოდნენ, აქებდნენ. მესამე ჯგუფში არაფერს არ აძლევდნენ. მეორე და მესამე ჯგუფის ბავშვებმა განაგრძეს სამსახურის გაწევა, სიკეთის კეთება, მაშინ, როდესაც სამაგიეროს, ჯილდოს მიმღები ბავშვები ჩერდებოდნენ თუ კი მათ სათამაშოს აღარ აძლევდნენ. ისინი ეგოისტები გახადეს, მაშინ, როდესაც მათ ალტრუიზმის უნარი ჰქონდათ.

მეორე მაგალითი: თქვენ თქვენი ორი წლის ბავშვს შოკოლადს აძლევთ. ის კმაყოფილია, კიდევ აძლევთ. ის ისევ კმაყოფილია. მაგრამ თუ კი აღარ მისცემთ, ის იქნება უფრო უბედური იმაზე, ეს შოკოლადი სულ რომ არ მიგეცათ.

ფული არ აბედნიერებს, ის ხელს უწყობს ბედნიერებას როდესაც ელემენტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილებაზეა საუბარი.
ჩვენი მდიდარი საზოგადოებები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ მეტ მატერიალურ ქონებას მეტი ბედნიერება მოაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ საკუთარ ქონებას სხვათა ქონებას ადარებენ და ეს კმაყოფილების განცდას ქმნის. მაგრამ ადამიანები უფრო ბედნიერები არიან იქ, სადაც სიმდიდრე უფრო სამართლიანად ნაწილდება და არა უფრო მდიდარ საზოგადოებებში.

ყველა შემთხვევაში, გერმანიაშიც და საფრანგეთშიც სიმდიდრე ძალიან დაიკლებს. ჩვენი სოციალური სისტემის დასაფინანსებლად, ჩვენ ჩვენი მთლიანი შინაგანი პროდუქტის ორი პროცენტით ზრდა გვჭირდება. თუ კი ათი წლის მანძილზე ჩვენი შინაგანი მთლიანი პროდუქტი შემცირდება, ჩვენი სისტემა დაემხობა. ამ დამხობის კომპენსაციისთვის საჭიროა მოხალისეთა, უანგარო პასუხისმგებლობის წახალისება.

კიოლნში საინტერესო ამბავი მოხდა. ფეხზემკიდიაობამ და კომუნის ფულის ნაკლებობამ მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. 1980-ან წლებში, პარკი უწესრიგო ტერიტორია იყო. მცხოვრებლებმა ქალაქს პარკის მოვლა სთხოვეს. ქალაქმა ყური მოიყრუა და მაშინ მოქალაქეებმა პარკის აღდგენას და მოვლას თავად მოჰკიდეს ხელი. ამან ქალაქში არაჩვეულებრივი განწყობა, ატმოსფერო შექმნა.

მეტისმეტი ცენტრალიზმი ალტრუიზმს ჰკლავს. კომუნის მასშტაბით მოქალაქეებს მეტი მოქმედების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენი სკოლები მოძველებულია. პრობლემაა მასწავლებელთა შერჩევა და აღზრდა. მასწავლებელთა საუბარი სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს.

მე ასევე ვფიქრობ, რომ მორალის ერთგვარი კურსის შესწავლის დროს, ბავშვებს გადაწყვეტილებათა მიღება უნდა ვასწავლოთ. კითხვის დასმა იმაზე, თუ როგორი ქცევა მოსწონთ და რატომ.

მმართველებმაც და მოქალაქეებმაც ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციონ მოხმარებას და მეტი - მორალს. პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ არანაირი ფანტაზია, მაგრამ ისინი ანგარიშს უწევენ გამოკითხვებს. ამით ხალხი, როგორც არასდროს, ძლიერია.

მოქალაქეთა ზეწოლას ნეგატიურად ან პოზიტიურად ყველაფრის აფეთქება შეუძლია. ეს იქნება ან მემარჯვენე ექსტრემისტთა აღმავლობა, ან რაღაც სხვა.

დიალოგი ასტრიდ დე ლარმინასთან, ფრანგული გაზეთი «ლე ფიგარო», 25.01.2012
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."