მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გიორგი ფედოტოვი: იმპერიათა ბედი
გიორგი პეტრეს-ძე ფედოტოვი (1886-1951) გახლდათ რუსი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, კულტურის ისტორიკოსი, კულტურის ღვთისმეტყველების დამფუძნებელი. დაიბადა სარატოვში/რუსეთის იმპერია. სწავლობდა ჯერ ვორონეჟის გიმნაზიაში, 1904 წლიდან კი პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში მუშაობისთვის1905 წლიდან გასახლებულ იქნა გერმანიაში. 1907-1908 წლებში სწავლობდა იენის უნივერსიტეტში, შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა მედიევისტიკას. კიდევ ერთი გასახლების შემდეგ ფედოტოვმა საკანდიდატო გამოცდები ჩააბარა როგაში და პეტერბურგის უნივერსიტეტის შუა საუკენეების კათედრაზე კერძო დოცენტის კარიერა დაიწყო. პარალელურად მუშაობდა საჯარო ბიბლიოთეკის ხელოვნების განყოფილებაში. პეტერბურგში გახდა რელიგიურ-ფილოსოფიური წრის «Воскресение»-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1918 წელს იბეჭდებოდა ვოსკრესენცების ჟურნალ «Свободные голоса»-ში. 1922 წელს მუშაობდა სარატოვის შუა საუკუნეების კათედრაზე. 1925 წლიდან იგი ემიგრანტია ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთში, ბოლოს კი ამერიკაში, სადაც ის გარდაიცვალა.

"ერთ-ერთი ორიდან: ან ჩვენ ვრჩებით გარეგნულად დამაჯერებელ "მეცნიერულ" თვალსაზრისზე და მაშინ მივდივართ პესიმისტურ დასკვნამდე, რომ დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი, კულტურა და თავისუფლება იმდენად უმნიშვნელო რაღაცეებია, რომ მათზე ლაპარაკი არც კი ღირს და სტიქიათა შემთხვევითი თამაშიდან სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელო ნაწილაკზე გაჩენილი ეს უმნიშვნელო რაღაცეები კოსმიურ ღამეში უნდა გაქრნენ. ან ჩვენ უნდა გადავაბრუნოთ შეფასებათა მასშტაბები და ამოვიდეთ არა რაოდენობიდან, არამედ ხარისხიდან. მაშინ ადამიანი, მისი სული და მისი კულტურა სამყაროს მიზნად და გვირგვინად იქცევა. ყველა ურიცხვი გალაქტიკა მხოლოდ ამ სასწაულის მოსახდენად და სამყაროზე ბატონობის დანიშნულების მქონე თავისუფალი და გონიერი ხორციელი არსების შესაქმნელად არსებობს.

გადაუწყვეტელი რჩება... მცირე სიდიდეების მნიშვნელობის გამოცანა. რატომ ხვდება ღირებულებით დიდი მატერიალურ მცირეში? საინტერესო პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ის შეიძლება განზე დავტოვოთ.

თავისუფლება იზიარებს მსოფლიოში ყველაფერი მაღალის და ღირებულის ბედს. პატარა, პოლიტიკურად დაქუცმაცებულმა საბერძნეთმა, მსოფლიოს მისცა მეცნიერება, აზრის და მხატვრული აღქმის ფორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ასობით, მილიონობით ადამიანის მსოფლმხედველობას. სულ პაწაწინა იუდეამ, მსოფლიოს მისცა უდიდესი ან ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, ორიც კი, რომელთაც ადამიანები ყველა კონტინენტზე აღიარებენ. პატარა კუნძულმა ლა მანშის იქით, შეიმუშავა პოლიტიკური დაწესებულებათა სისტემა, რომელიც არაა ქრისტიანობასა თუ მეცნიერებასავით უნივერსალური, მაგრამ რომელიც ამის მიუხედავად, მსოფლიოს სამ ნაწილში ბატონობს და ახლა გამარჯვებით ებრძვის თავის მოსისხლე მტრებს".


ამონარიდი წერილიდან "თავისუფლების გაჩენა"

ფოტოზე: გიორგი პეტრეს-ძე ფედოტოვი (1886-1951)
იმპერიათა ბედი

თანამედროვე სახელმწიფო - ერი არის მტრული ძალების - რომანტიზიმისა და საფრანგეთის რევოლუციის გადაჯვარედინების შედეგი. რევოლუციური საფრანგეთის სკოლა გაიარეს მის მიერ დამონებულმა ევროპელმა ხალხებმა. მათი კულტურული, ყოფითი, რელიგიური ნაციონალიზმი პოლიტიკურ ნაციონალიზმად გადაიქცა. ზოგისთვის (გერმანელებისთვის, იტალიელებისთვის), ეს იყო სვლა ერთიანობისკენ, სხვებისთვის – გამოყოფისკენ, დამპყრობელი ერებისგან განთავისუფლებისაკენ. ბედნიერმა გერმანელებმა და იტალიელებმა უკვე მე-19 საუკუნეში შექმნეს თავისი მტკიცე ეროვნული სახელმწიფოები. ბალკანეთის უფრო სუსტმა ხალხებმაც კი ისარგებლეს თურქეთის სისუსტით და ძლიერი რუსეთის მხარდაჭერით.

მაგრამ ევროპის ნაციონალიზაციის პროცესის დამთავრებამდე, ან უფრო ზუსტად მისი შესაძლო აპოგეის მიღწევამდე, ახალი იმპერიალიზმის ხანა დაიწყო. საუკუნოვანი ძილისგან გამოიღვიძეს ინგლისის და ჰოლანდიის ძველმა კოლონიურმა იმპერიებმა. გვიან მოსული ხალხები - საფრანგეთი, ბელგია, იტალია, გერმანია ზღვის გაღმა საჩქაროდ აგებენ თავის ახალ იმპერიებს. გერმანიისთვის უკვე აღარ დარჩა საკმარისად რენტაბელური ადგილი აფრიკისა და აზიის მზის ქვეშ და ამიტომ მან თავისი ექსპანსიის მთავარი ღერძი მახლობელი აღმოსავლეთისკენ მიმართა.
აქ გერმანიამ შეაღწია ინგლისის და რუსეთის ძალების იმპერიალისტურ ზონაში, რაც იყო პირველი დიდი ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ ომში უკვე ჩაერთვნენ არა ევროპელი ხალხები თუ ერები, არამედ იმპერიები, რომელთა თავებიც ურჩხულთა თავების მსგავსად ჯერ ისევ ეტეოდნენ ევროპაში, თუმცა სხეულები თითქმის მთელ დედამიწას ფარავდნენ.

ომამდე მიიყვანეს როგორც ეროვნულმა, ისე იმპერიალისტურმა კონფლიქტებმა. ძველი გაგებით ნაციონალისტური იყო საფრანგეთის და გერმანიის ბრძოლა ელზას-ლოთრინგიისთვის, გერმანელების და სლავების ბრძოლა დუნაიზე და ავსტრია-უნგრეთის მონარქიის გარეთ. იმპერიალისტურმა ექსპანსიამ წააჩხუბა გერმანია ინგლისთან და რუსეთთან.

მეორე ომი შეიძლება გავიგოთ როგორც პირველის მეორე აქტი. აფეთქების ძირითადი ძალა გახლდათ დამარცხების შედეგად გაღიზიანებული გერმანიის ეროვნული გრძნობა. ევროპის ყველაზე დინამიური ერის - გერმანიის ცნობიერებაში, ეროვნული მოტივები უკვე დიდი ხნის წინ გადაეხლართა იმპერიალისტურ მოტივებს. განთავისუფლებისკენ მისი სწრაფვა, ძალაუფლებისკენ მისწრაფებად იქცა. ჰიტლერმა, ჯერ ევროპაში და ბოლოს მთელ მსოფლიოში, ფაქტიურად უსაზღვრო ბატონობის პროგრამა წამოაყენა. მან თავისი პროგრამის ორი ნაწილი საოცრად იოლად განახორციელა. ნაპოლეონის შემდეგ, ერთიან წესრიგს ევროპა პირველად დაემორჩილა. ჰიტლერი და გერმანია ზომის გრძნობის დაკარგვამ (ისევე როგორც ნაპოლეონის შემთხვევაში) და დაპყრობის მეთოდების ასურულმა ბარბაროსობამ დაღუპა.

ჰიტლერს ხალხებისთვის მოჰქონდა არა სამართალზე და წესრიგზე დაფუძნებული მშვიდობა, რომლის მიღებაც დამარცხებულებს თუნდაც გაჭირვებით შეეძლოთ, არამედ დამცირება, დამონება, ბევრისთვის ფიზიკური მოსპობა. რის შედეგადაც გერმანიის წინააღმდეგ ეროვნულმა გრძნობებმა და ვნებებმა იფეთქეს და ეს აფეთქება წესრიგის და ერთიანობის მოთხოვნილებაზე უფრო ძლიერი გახლდათ. ინგლისი და რუსეთი თავისი არსებობისთვის იბრძოდნენ. ამ ორი "რაუნდის" შედეგად, ძველი ევროპა, საერთაშორისო ურთიერთობათა ჩამოყალიბებული სისტემით, მარადისობაში გადავიდა. დაიღუპა ან იღუპება ყველა მისი იმპერია რუსეთის გარდა, რომელთა წონასწორობაზეც მსოფლიო იდგა.

ევროპის ნანგრევებს თავზე ჯერ-ჯერობით ორი გიგანტი, ორი გამარჯვებული ადგას, რომლებიც მსოფლიო ომმა არნახულ სიმაღლეზე აიტაცა. ყველასთვის ცხადია, თუ რა არამდგრადია წონასწორობა. ორი იმპერია ერთმანეთს ებრძვის დიპლომატიის, ეკონომიკის, პროპაგანდის მეთოდებით. სხვათა დროშებით ინიღბება უშუალო სამხედრო შეჯახებები. ახლა საბჭოთა კავშირი ომობს საბერძნეთში და ჩინეთში, ისევე როგორც უფრო ადრე ომობდა ირანში და მისთვის დათმობილ, მაგრამ დასაპყრობ აღმოსავლეთ ევროპაში. საბჭოთა კავშირისთვის ომი ისევ გრძელდება. მშვიდობა მიღწეული არაა და სამშვიდობო შეთანხმება არც უნდა დაიდოს.

სტალინი აშკარად გამოდის როგორც ჰიტლერის მემკვიდრე არა მხოლოდ გერმანიის ფაქტიური ბატონობის სფეროში. ის ჰიტლერის მემკვიდრეა მისწრაფებათა, პრეტენზიების სფეროშიც. რუსეთის მმართველი ფენა დაპყრობისა და რევოლუციის მეშვეობით მსოფლიოზე გასაბატონებლად იბრძვის. ამერიკა მსოფლიო ბატონობაზე არ ოცნებობს. ის უფრო თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს, თუმცა მიხვდა, რომ მსოფლიო განმარტოებულთა უსაფრთხოებისთვის მეტისმეტად დავიწროვდა. მან გადალახა თავისი თანდაყოლილი იზოლაცია და მსოფლიო ქაოსის მოწესრიგებას შეუდგა ჯერ-ჯერობით დოლარით და პურით, რაც მისი ყველგანმყოფი მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევების და ზარბაზნების ადეკვატური არაა. მაგრამ ამერიკის სამხედრო პოტენციალი უზარმაზარია და სამხედრო შეჯახების შემთხვევაში, მისი გამარჯვება გარდაუვალია, ყოველ შემთხვევაში შეიარაღების და ძალების დღევანდელი შეფარდების პირობებში. მისი უბედურება ისაა, რომ მას მშვიდობის ვითარებაში თავისი სამხედრო პოტენციალის რეალიზაცია არ შეუძლია. ამას უმთავრესად ხელს უშლის მისი პოლიტიკური აზროვნების "ვიქტორიანული" ჩამორჩენილობა.

იოლადაა წარმოსადგენი თუ როგორი იქნება მსოფლიო რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში - კომუნისტური სისტემის გავრცელება მთელ დედამიწაზე, ზედა ფენების და კულტურის ყველა მატარებლის, თავისუფლებაზე უარის არმთქმელთა მოსპობა, მასობრივი სასაკლაოები პირველ წლებში, კატორღული ბანაკები მთელი თაობისთვის, ყველა პროფესიის იძულებითი ჩაყენება მსოფლიო სახელმწიფოს სამსახურში, მსოფლიო სახელმწიფოს ცენტრალიზებული მართვა მოსკოვიდან ფედერატიული ერების ფიქტიურ დამოუკიდებლობასთან ერთად, ცოდნის ყველა უმაღლესი ფორმის თანდათანობითი ან სწრაფი მოშთობა ტექნიკური ცოდნით.

აქამდე აღწერილი აღებულია განცდილისგან რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის მიერ. უფრო შორს წასვლისას, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მშვიდობის და ტექნიკური ცივილიზაციის პირობებში, დაპყრობილი ხალხების მატერიალური მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, რაც საბჭოთა კავშირში ვერ იქნა მიღწეული. აზიის პარიები და აფრიკის ზანგები ბრინჯით პირველად დანაყრდებიან.

მაგრამ თავისუფლების მოგუდვა მოგუდავს როგორც სულიერ კულტურას, ისე თვით ტექნიკურ ცოდნას. ბოლო მოეღება "პროგრესს".

ნაკლებად გარკვეულია, მაგრამ უფრო ნათელია Pax Atlantica, ან უკეთესი, Pax Americana. ამერიკის, ინგლისის და მათი მოკავშირეების გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს ერთიანობა უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილი და არა ყალბი ფედერაციის სახით. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანული Commonwealth-ის სტრუქტურა. დღეს, ანგლოსაქსებს თვითმმართველობის გარეშე ორგანიზებული ხელისუფლება ვერ წარმოუდგენიათ. სტრატეგიულ ბაზებს დახარბებული ახალგაზრდა ამერიკული იმპერიალიზმიც კი თავისი ძველი კოლონიების განთავისუფლებით იწყებს.

იმპერიის ატლანტური ვარიანტი საშიშია არა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, არამედ ხელისუფლების უმოქმედობით. თავისუფალ ხალხებს არ უნდათ ძალადობა და ეს მშვენიერია. მაგრამ მათ ახლა არც ხელისუფლება უნდათ, და ეს საშიშია.

Ceterum censeo: არ უნდა დაგვავიწყდეს მესამე შესაძლებლობაც - თუ კი ძალთა და იარაღის დაახლოებითი ტოლობის პირობებში შეჯახება მოხდება, მას საყოველთაო ნგრევა და დაღუპვა შეიძლება მოჰყვეს.

...რა ხვდება წილად რუსეთს დამარცხების შემთხვევაში? რუსეთი რომ იყოს თანამედროვე საფრანგეთის ან გერმანიის მსგავსი ეროვნული სახელმწიფო, პასუხი შედარებით იოლი იქნებოდა და მისთვის არც იმდენად ტრაგიკული. კი, ის იქნებოდა აოხრებული, დამცირებული, დამშეული ისევე, როგორც დღესაა გერმანია, მაგრამ გერმანიისგან განსხვავებით, ის შიმშილს და მონობას მიჩვეულია. რუსეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის, თუნდაც დროებითი უცხოური ოკუპაციის ფასად საძულველი ხელისუფლების დამხობა, განთავისუფლება იქნება. ამერიკელები არ აპირებენ რუსეთის კოლონიზაციას, ან მისი "უმდაბლესი" რასების ჰიტლერის მსგავსად მოსპობას. მაგრამ საქმეს ართულებს ის, რომ რუსეთი არის არა ეროვნული სახელმწიფო, არამედ ყველა იმპერიის ლიკვიდაციის შემდეგ გადარჩენილი ერთადერთი მრავალეროვანი იმპერია. სასწაული იქნებოდა მისი გადარჩენა იმ გეოგრაფიულ საზღვრებში, რომლებიც მას რევოლუციის დროს ჰქონდა.

რუსეთი არის თავისებური იმპერია. თავისი ეროვნული და გეოგრაფიული სტრუქტურით მას დიდ ბრიტანეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის შუა ადგილი უკავია. მისი არარუსული სამფლობელოები, მისგან ზღვებით არაა გამოყოფილი, ისინი მის მატერიკულ სხეულს უშუალოდ აგრძელებენ. რუსული მოსახლეობა კი, არარუსული განაპირა მხარეებისგან გამოყოფილი არაა. მაგრამ თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობით, შორეული აღმოსავლეთი და თურქესტანი სავსებით შეესაბამებიან დასავლურ სახელმწიფოთა კოლონიებს. ტიპოლოგიური, ე. ი. ხარისხობრივი მსგავსება ავსტრია-უნგრეთთან, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა რომანოვთა იმპერიაში გაბატონებული ველიკორუსული მოსახლეობის პროცენტი ბევად უფრო მეტი იყო, ვიდრე გერმანულისა ჰაბსბურგთა იმპერიაში. ეს რუსეთს შეუდარებლად მეტ სიმდგრადეს ანიჭებდა.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვინდოდა რუსეთის რთული მრავალეროვნულობის დანახვა. უმრავლეს ჩვენთაგანისთვის, რუსეთის საბჭოთა კავშირად გადაკეთება წარმოდგებოდა საშიშ მასკარადად, რომლის უკანაც იმალებოდა იგივე რუსული რუსეთი, ან მეტიც, წმინდა რუსეთი.

რითი უნდა აიხსნას ეს ილუზია? რატომ დაივიწყა მე-19 საუკუნის რუსულმა ინტელიგენციამ ის, რომ ის ცხოვრობს არა რუსეთში, არამედ იმპერიაში?

თავისი ექსპანსიის და დიდების ზენიტში, ეკატერინეს "არწივთა" საუკუნეში, რუსეთი აცნობიერებდა, რომ ის მრავალეროვნული სახელმწიფო იყო და ამაყობდა ამით. დერჟავინი უგალობდა "ყირგიზ-ყაისაკური ურდოს მეფის ასულს" და იმპერიის უკანასკნელი მგალობელი პუშკინი წინასწარმეტყველებდა, რომ მის სახელს ახსენებენ "ახლა ველური ტუნგუზი და ტრამალთა მეგობარი ყალმუხი". პუშკინის შემდეგ რომელ პოეტს გაახსენდებოდა ტუნგუზების და ყალმუხების ხსენება? დერჟავინის პირფერობა კი გაუგებარი, ხელოვნური და ყალბი ჩანდა.

იმპერიის მშენებლებს და პოეტებს, ახსოვდათ თავისი მისია - იმპერიის ყველა ხალხის განათლება დასავლეთიდან, მაგრამ რუსული სიტყვის სხივებში მოსული განათლება.

პუშკინის შემდეგ, მეფეებთან წაჩხუბებულმა რუსულმა ინტელიგენციამ, იმპერიის და საერთოდ ეროვნული და საერთაშორისო პრობლემების მიმართ ინტერესი დაკარგა. რუსული ინტელიგენცია გაგიჟებამდე შეიპყრო პოლიტიკური განთავისუფლების და სოციალური სამართლიანობის თემებმა. ჰუმანიტარული და ლიბერალური პოზიციებიდან გამომდინარე, გმობდნენ იმპერიას, ყველა იმპერიებს როგორც ძალადობას ხალხების წინააღმდეგ. მაგრამ იმპერიათა მგმობელები უსიტყვოდ და უპირობოდ იღებდნენ ამ ძალადობის შედეგებს. მეტიც, რუსული ინტელიგენციისთვის მე-19 საუკუნე ნიშნავდა ეროვნული ცნობიერების ველიკოროსიის საზღვრებამდე დავიწროებას. რუსეთი მეტისმეტად დიდი გახლდათ და ის მთლიანად ცოტა ვინმეს თუ უნახავს.

დასავლეთის ზღაპარი მოუსვენერებს ხიბლავდა. მაგრამ რუსეთში მოგზაურობის დროსაც კი, რუსი მისთვის ჩვეულ პირობებში რჩებოდა. ის ყველგან ლაპარაკობდა რუსულად, ყველგან ხედავდა ერთსა და იმავე რუსულ ადმინისტრაციას და ტუზემცებს, რომელთაგანაც უფრო მდიდრები და უფრო წარჩინებულები, დამპყრობელთა ყოფას, ენას და კულტურას უკვე ითვისებენ.

რუსი ინტელიგენციის აღშფოთებას იწვევდა არარუსთა ნაძალადევი რუსიფიკაცია თუ მონათვლა, მაგრამ მას აღაშფოთებდა რუსიფიკაციის მეთოდები, და არა მიზნები.

არსებობს რუსული მედასავლეთეობის კიდევ ერთი მოულოდნელი მხარე. მედასავლეთეებს რუსეთი დიდად არ აინტერესებდათ, კიდევ უფრო ნაკლებად მისი იმპერიული ისტორია. ისე მოხდა, რომ ეროვნული და იმპერიული პრობლემების შესწავლა, ნაციონალისტური მიმართულების ისტორიკოსებმა დაიწყეს. მათ რა თქმა უნდა ააგეს რუსული ისტორიის ტენდენციური სქემა, რომელიც არბილებდა ისტორიული სახელმწიფოებრიობის ბნელ მხარეებს. ეს სქემა შევიდა ოფიციალურ სახელმძღვანელოებში, რომლებსაც ზიზღით უყურებდნენ, მაგრამ არ ასწორებდნენ. კლიუჩევსკის კურსში შეუძლებელი იყო იმპერიის შექმნისა და ზრდის ისტორიის ნახვა. არა მარტო ლიბერალური, არამედ ნაწილობრივ რევოლუციური ინტელიგენციის ცნობიერებაში ასე დამკვიდრდა გულუბრყვილო წარმოდგენა, რომლის თანახმადაც დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით რუსული სახელმწიფო მოეწყო არა ძალადობით, არამედ მშვიდობიანი ექსპანსიით, არა დაპყრობით, არამედ კოლონიზაციით. ეს კი სიმართლის მხოლოდ ნახევარია. უცხოელებისთვის თვალშისაცემი სიმართლის მეორე ნახევარი ნაციონალისტებისთვის უხილავი რჩებოდა.

უეჭველია, რომ გერმანულის პარალელურმა რუსულმა Drang nach Osten-მა, ისტორიის ფურცლებზე ნაკლებად სისხლიანი კვალი დატოვა. ეს განაპირობა უფრო იშვიათმა მოსახლეობამ და დასავლეთის სლავებთან შედარებით აღმოსავლეთ ფინელთა და ციმბირელთა უფრო დაბალმა კულტურულმა დონემ. მაგრამ რა ჯიუტად და სასტიკად ებრძოდნენ თუნდაც ვოგულები მე-15 საუკუნეში და მათ შემდეგ ყაზანელები და ბაშკირები (ბუნდოვან დროში, პეტრეს, პუგაჩოვის დროს) რუს "კოლონიზატორებს". თუმცა ისტორიული დავა მათთან დამთავრებულია. აღმოსავლურ ფინელი ხალხების ხელოვნური აღორძინების მიუხედავად, არც მარის და არც მორდვას რესპუბლიკები რუსეთის მთლიანობას არ ემუქრებიან. თათრებთან საქმე უკვე უფრო რთულადაა.

რაღა უნდა ითქვას იმპერიის უკანასკნელ, უეჭველად დიდი სისხლის ფასად ნაყიდ დაპყრობებზე: კავკასიაზე, თურქესტანზე?

ჩვენ გვიყვარს კავკასია, მაგრამ მის დაპყრობას პუშკინის და ლერმონტოვის რომანტიული პოემებით ვუყურებთ. თუმცა პუშკინსაც კი დასცდა მკაცრი სიტყვა ციციანოვზე, რომელიც "ჩეხავდა, ღუპავდა ტომებს" (который «губил, ничтожил племена»). ჩვენ ბავშვობიდან ვისწავლეთ საქართველოს მშვიდობიანი შემოერთების შესახებ, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, თუ როგორ უმუხთლა მასთან ნებაყოფლობით შეერთებულ საქართველოს რუსეთმა, როგორ დაამცირა ის. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ შამილის დანებების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე ჩერქეზი თურქეთში წავიდა. ეს არაა დიდი ხნის ამბავი. კავკასია საბოლოოდ დამშვიდებული არ ყოფილა.

იგივე უნდა გვახსოვდეს არაჩვეულებრივი სისასტიკით დაპყრობილ თურქესტანზე, რომელიც არაერთხელ აჯანყებულა პირველი ომის და ბოლშევიკების დროსაც. რუსული კულტურული გავლენა შუა აზიაში რევოლუციამდე საერთოდ სუსტი იყო. რევოლუციის შემდეგ კი, ის ისეთი იყო, რომ შეეძლო რუსის სახელი სულ შეეძულებინა...

და ბოლოს, პოლონეთი, რუსეთის სხეულზე ეს დღემდე შეუხორცებელი ჭრილობა. ბოლოს და ბოლოს, მთელი რუსეთის ინტელიგენცია, მათ შორის ნაციონალისტურიც, პოლონეთის გამოყოფას შეურიგდა, მაგრამ მას პოლონელი ხალხის სულის წინააღმდეგ მთელი საუკუნის მანძილზე ჩადენილი ცოდვის სიღრმე არასოდეს განუცდია, მას არასოდეს განუცდია ბუნებრიობა დასავლეთის აღშფოთებისა, რომლითაც დასავლეთი რუსეთის პოლონეთში ბატონობას უყურებდა. სწორედ პოლონეთის გამო გაითქვა სახელი რუსეთის იმპერიამ როგორც "ხალხთა ციხემ".
იმსახურებდა თუ არა რუსეთის იმპერია ამ რეპუტაციას? იმდენადვე, რამდენადაც სხვა ევროპული იმპერიები. ველურ თუ ბარბაროსულ სამყაროში, უმაღლესი კულტურა მათ ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ფასად მიჰქონდათ.

რუსეთისთვის პრობლემა რთულდება მისი დასავლეთი და აღმოსავლეთი განაპირა მხარეების კულტურული განსხვავებით. დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, რუსულ ადმინისტრაციას საქმე ჰქონდა გაბატონებულ ერზე უფრო ცივილიზებულ ხალხებთან. ამიტომ ფინეთში და ბალტიისპირეთში რბილი რუსული რეჟიმიც კი როგორც ჩაგვრა ისე განიცდებოდა. რუს კულტურტრეგერებს იქ საქმე არ ჰქონიათ. პოლონეთისთვის რუსეთი ნამდვილად ციხე და ებრაელებისთვის-გეტო იყო. ამ ორ ხალხს იმპერია მთელი თავისი სიმძიმით დააწვა.

მაგრამ რუსული მმართველობის მთელი სიუხეშის მიუხედავად, აღმოსავლეთით რუსეთის კულტურული მისია უეჭველია. ჩაგრული და გაძარცული ციმბირელი არარუსები რუსდებოდნენ და ნაწილობრივ რუსი ინტელიგენტები ხდებოდნენ. ადგილობრივი ამირების და ხანების დესპოტიზმს მიჩვეულ მაჰმადიანურ ქვეყნებში, რუსი სამოდურები და მექრთამეები საშიშები არ იყვნენ.

რუსებს უმაღლესი რასის ქედმაღლური შეგნება, რაც ინდოეთში განათლებული და ჰუმანური ინგლისური ადმინისტრაციის ნაყოფს ღუპავდა, არ ჰქონიათ. რუსები თავის ქვეშევრდომებთან არა მხოლოდ იოლად ურთიერთობდნენ, არამედ სისხლითაც ერწყმოდნენ მათ და მათ არისტოკრატიას გზას უხსნიდნენ სამხედრო და ადმინისტრატიული კარიერისკენ. ეროვნულ-რომანტიულმა მოძრაობამ რუსეთამდე მიაღწია მოგვიანებით, მაგრამ მან მაშინვე მიიღო პოლიტიკური ხასიათიც. შეიძლება ეს შეესაბამებოდა თვითონ ველიკოროსიის რომანტიული ნაციონალიზმის (სლავიანოფილობის) სისუსტეს.

უმცირესობათა ინტელიგენციებში რუსეთის მეშვეობით დასავლური კულტურისკენ სწრაფვა დიდხანს სჯობნიდა ამ ინტელიგენციათა ეთნოგრაფიულ კავშირს თავის ხალხებთან.
მაგრამ გარდაუვალი მოხდა. ერთ-ერთმა პირველმა, კალევალას შემქმნელმა რუნებერგმა, სათავე დაუდო ფინურ ლიტერატურას და შექმნა ერი იმისგან, რაც მხოლოდ ეთნოგრაფიული ხალხი გახლდათ. საუკუნის მეორე ნახევარში აღორძინდა ან უბრალოდ შეიქმნა ესტონური და ლატვიური ლიტერატურა. პოეტები მომავალ ერებს ქმნიდნენ.
მაშინვე ხდება კავკასიის ძველი ლიტერატურის, ქართულ და სომხურ ლიტერატურათა ახალი აყვავება. მე-19 საუკუნის დასაწყისში, რომანტიულმა მოძრაობამ უკრაინული ლიტერატურა გააცოცხლა. უკვე საუკუნის შუა ხანებში, კირილე-მეთოდეს ძმობაში, უკრაინული მოძრაობა პოლიტიკურ ხასიათს იძენს.

რუსი ინტელიგენცია გააოცა უკრაინის გაღვიძებამ, უკრაინოფილობის სეპარატისტულმა ხასიათმა. ეს რუსი ინტელიგენციისთვის გაუგებარი დარჩა პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარდა უკრაინა, მისი მიწა, მისი ხალხი, მისი სიმღერები. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენად, მშობლიურად მიგვაჩნდა. მაგრამ აგრეთვე იმიტომაც, რომ ჩვენ დანაშაულებრივად ცუდად ვიყავით დაინტერესებულნი უკრაინის წარსულით იმ 3-4 საუკუნის მანძილზე, რომელმაც შექმნა ველიკოროსი ხალხისგან და მისი კულტურისგან განსხვავებული უკრაინელი ხალხი და კულტურა.

ჩვენ რუსი ნაციონალისტების სქემების მიხედვით ვფიქრობდით, რომ პოლონელების მიერ გატანჯული უკრაინელები დღე და ღამე მოსკოვთან შეერთებაზე ფიქრობდნენ. მაგრამ კათოლიკობის უარმყოფელი რუსებიც არ ყოფილან უცხოები პოლონურ-ლიტვურ სახელმწიფოში. მათ პოლონური კულტურის და სახელმწიფოებრიობის ძალიან ბევრი ელემენტი შეითვისეს. რელიგიურმა მოტივებმა კაზაკობა მოსკოვთან უნიისკენ გადახარეს, მაგრამ მოსკოვში მათ მწარე იმედგაცრუებები ელოდათ. მოსკოვის ვერაგობა დღემდე არაა დავიწყებული. ის, რამდენად არ გვესმის უკრაინის წარსული, ჩვენს მიერ მაზეპას შეფასებაში ჩანს. უკრაინელი ერის ჩამოყალიბების ახალი ეტაპი მოდის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარზე. უკრაინული კულტურის უაზრო დევნამ უკრაინული ეროვნული მოძრაობის ცენტრი კიევიდან ლვოვში, გალიციაში გადაიტანა, რომელიც მოსკოვთან თუ პეტერბურგთან არასდროს ყოფილა დაკავშირებული. ამას ორმაგი შედეგები ჰქონდა. პირველ რიგში ლიტერატურული ენა მუშავდებოდა გალიციური და არა პოლტავის თუ კიევის დიალექტების საფუძველზე. გალიციური კი ყველაზე შორს იდგა ველიკორუსული მეტყველებისგან. ახალი, განყენებული და მეცნიერული სიტყვების წყაროდ პოლონური, და არა რუსული ენა იქცა. რუსს არ უჭირდა შევჩენკოს გაგება, მაგრამ გრუშევსკის ენა მისთვის გაუგებარი, მისი აზრით ხელოვნური ენა გახლდათ. გეგონება ლომონოსოვის რუსული ენა, ენიუსის ლათინური თუ სხვა ენები, შექმნისას ხელოვნურები არ იყვნენ! მაგრამ ჩვენ უკრაინული ენა ჯიუტად მიგვაჩნდა რუსული ენის მალოროსიულ კილოდ, თუმცა მთელი მსოფლიოს სლავისტებმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩათვლით, უკრაინული უკვე დიდი ხანია რაც დამოუკიდებელ ენად მიიჩნიეს.

ჩვენს თვალწინ იბადებოდა ახალი ერი, მაგრამ ჩვენ თვალს ვხუჭავდით ამაზე. ჩვენ თითქოს დარწმუნებული ვიყავით, რომ ერები, როგორც ევოლუციამდელი ბუნებისმეტყველების სახეობები, მარადიულები და უცვლელები არიან. ჩვენ ვხედავდით, რომ კიევის ხანის განსაკუთრებულ უკრაინულ ერად გადამქცევი უკრაინული მითები სისულელე იყო, მაგრამ გვავიწყდებოდა, რომ ისტორიული მითოლოგია არსებულ სინამდვილეს მხოლოდ ხსნის.

ერი არ იყო, მაგრამ ის ჩნდებოდა, ჩნდებოდა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ჩვენს დღეებში ჩნდებოდა დაჩქარებული ტემპით. მისი დაბადების ოფიციალური აქტი იყო 1917 წელი. მოძრაობის ცენტრის გალიციაში ყოფნა, ერს პოლიტიკურადაც გამოჰყოფდა რუსეთის ხალხთა საერთო ხვედრისგან, აიოლებდა მის გადასვლას კოსტომაროვის და დრაგომანოვის ფედერატიული იდეოლოგიიდან დამოუკიდებლობის იდეაზე.

რუსეთის ხალხებში ჩვენ სულ ვერ შევამჩნიეთ კიდევ ერთი მოძრაობა, რომლის ცენტრიც აღმოჩნდა რუსეთის გარეთ - ესაა პანთურქისტული მოძრაობა, რომელიც რუსი თათრების ლიტერატურულ და პოლიტიკურ გამოღვიძებას ახალგაზრდა თურქეთის აღორძინებას უკავშირებდა.

იმპერიის წინაშე არსებული საფრთხე, პირველებმა რუსმა ნაციონალისტებმა შეამჩნიეს. რასაც მათ რუსიფიკაციის გაძლიერებით, არარუსთა დევნით, უკრაინელების მასხრად აგდებით და ებრაელთა პოგრომებით უპასუხეს. ისინი ძალიან ცდილობდნენ სეპარატიზმთა გაღვივებას. რეაქციული სლავიანოფილობის მოწაფენი და მსხვერპლნი - რუსეთის ბოლო ორი იმპერატორი, რუსეთის იმპერიულ სტილს უგულვებელყოფდა და მას ფესვთან ჩეხავდა.

უმცირესობათა ეროვნული მოძრაობების შესახვედრად რევოლუციურმა ინტელიგენციამ ნაბიჯი მხოლოდ პირველი რევოლუციის წინ გადადგა. ზოგმა მემარცხენე პარტიამ, არა ბოლშევიკებმა, თავის პროგრამაში რუსეთის რესპუბლიკის ფედერატული წყობა შეიტანა. ასე მოგვისწრო 1917-მა წელმა. ფედერაციის იდეის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვი. ესაა მშვენიერი, გონივრული პროგრამა. ის მცირე ხალხებს ჰპირდება თავისუფლებასაც და დიდ, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ორგანიზმში ცხოვრების უპირატესობებსაც. მაგრამ სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში ახლა, ხალხები ვნებებით და არა გონებით ცხოვრობენ. მათ საკუთარი დროშების ქვეშ სასაკლაო და შიმშილი ურჩევნიათ.

1917 წელს, ნახევარი წლის მანძილზე, რუსეთის მმართველმა დემოკრატიულმა ინტელიგენციამ რუსეთის ზოგ ხალხს ფედერატული თვითმმართველობა მისცა. მაგრამ რუსეთის ნგრევისა და დასუსტების ატმოსფეროში ფედერაცია უკვე დამაკმაყოფილებელი არ გახლდათ და ბოლშევიზმის გამარჯვების შემდეგ, ველიკოროსიაში მას როგორც შავ ჭირს, გაექცნენ. ბოლშევიკებმა იარაღის ძალით ააწყვეს იმპერია და ისინი მის დაშლას უკვე თითქმის 30 წელია ტერორით აჩერებენ.

ბევრს, ბოლშევიკების ბევრ დაუძინებელ მტერსაც ელანდებოდა, რომ საბჭოთა კავშირში ეროვნული პრობლემის გადაჭრა ეკუთვნის მათ უდიდეს მიღწევებს. ის დაიყვანება ორ პრინციპზე: სრული კულტურული ავტონომია და არავითარი პოლიტიკური ავტონომია. პოლიტიკური თავისუფლების არარსებობა ინიღბებოდა ეროვნული ამაოების ფერება-ალერსით. მოსპეს რუსეთის სახელიც კი. საბჭოთა კავშირის 11 რესპუბლიკა ცხოვრობდა "თავისი დროშებით". მეტიც, კონსტიტუციით მათ გამოყოფის უფლებაც ჰქონდათ.

რევოლუციის პირველ წლებში, ველიკოსრუსი ხალხის გარდა, ყველა სხვა არა მარტო განთავისუფლებულმა, არამედ სახელმწიფო დახმარების მიმღებმა ხალხმა, ეროვნული ძალების დახმარებით ეროვნულ კულტურათა აყვავება განიცადეს. ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს კულტურული ნაროდნიკობა აკმაყოფილებდა. მთელი ძალაუფლება რა თქმა უნდა ეკუთვნოდა კომუნისტურ პარტიას, ის კი იმართებოდა მოსკოვიდან. მაგრამ ასეთი აყვავება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლშევიზმი პირველ რიგში იდეოლოგიური სისტემა იყო და არა მარტო პოლიტიკური. აუცილებლად იდეალისტური შეფერილობის მიმღები ეროვნული რომანტიზმი ბოლშევიზმს სძულდა; მხოლოდ მარქსის და ლენინის ნაშრომთა სრული კრებულები საბჭოთა კავშირის ათობით ენაზე უნდა ებეჭდათ. ამას დაუმატეს სტალინი. ამისათვის მოახრჩვეს ეროვნული ლიტერატურები (განსაკუთრებით უკრაინული და თურქული) და მოსპეს მათი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეროვნული მოძრაობები იმ დროიდან შერეკეს იატაკქვეშ, და ისევე, როგორც მეფის დროს, ცენტრიდანული ძალები თავს განაპირა მხარეებში იყრიან , რომლებიც ვითომ ფედერატული იმპერიის ასაფეთქებლად მზად არიან.

ბოლშევიკური რეჟიმი ეჯავრება ველიკოროსთა უდიდეს უმეტესობას, თუმცა საერთო სიძულვილი რუსეთის ხალხებს ერთად არ ჰკრავს. უმცირესობათა უმრავლესობისთვის, ბოლშევიზმის სიძულვილს თან მისი მშობელი რუსეთის უარყოფა ახლავს. ველიკორუსს ეს ვერ ესმის, იმიტომ, რომ მისი აზრით, ბოლშევიზმის გამო ჩვენ ყველანი ერთნაირად ვართ პასუხისმგებელნი, საერთო შეცდომების ნაყოფს ჩვენ ყველანი ერთად ვიმკით.

მართალია, რომ ბოლშევიკურმა პარტიამ რუსეთის ყველა ხალხის რევოლუციურ-ყაჩაღური ელემენტები მიიღო, მაგრამ არა ერთნაირად. რუსები უმთავრესად პარტიის იდეოლოგები და შემქმნელები იყვნენ. პეტერბურგში და მოსკოვში ბოლშევიზმი იოლად დამკვიდრდა. ველიკოროსიას სამოქალაქო ომი თითქმის არ განუცდია. მას განაპირა მხარეებმა თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს.

ველიკოროსიის ტრადიციებში ალბათ იყო ისეთი რამ, რაც ბოლშევიზმს მეტად კვებავდა, ვიდრე იმპერიის დანარჩენი ნიადაგი: მძიმე ბატონყმობა, სოფლის თემი, თვითმპყრობელობა. უკრაინელი და რუსი მზად არიან ბოლშევიზმის ეროვნულ-რუსული ნიშნები გააზვიადონ და თავი ყოველგვარი თანამზრახველობისგან გაითეთრონ. ეს ილუზიები ბუნებრივია. ტოტალიტარული ტყუილის რკინის ფარდა ხელს გვიშლის იმის დანახვაში, თუ რა ხდება იქით. მაგრამ არსებობს 3 ფაქტი, რომელიც საბჭოთა კავშირში სეპარატიზმთა გაძლიერებაზე გვაფიქრებინებს.

ლტოლვილთა მოწმობით, საკონცენტრაციო ბანაკების მკვიდრთა შესამჩნევ პროცენტს შეადგენენ "ნაციონალები", რომელთა იქ ყოფნასაც ველიკოროსიის პოლიტიკურ მიმდინარეობათა თუ პარტიათა წარმომადგენლობა არ აწონასწორებს, ვინაიდან ასეთი მიმდინარეობები და პარტიები არ არსებობენ. სისხლის სამართლის დამნაშავეებთან, შერეული, უფორმო ოპოზიციური მასიდან მხოლოდ რუსეთის მცირე ხალხების წარმომადგენლები გამოირჩევიან, რომლებსაც შპიონები დაარქვეს. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, გერმანელებთან თანამშრომლობის გამო მთავრობამ 5 რესპუბლიკა თუ ოლქი მოსპო. რესპუბლიკები პატარებია, მაგრამ სხვებს ხომ ვერ მისწვდა გერმანული ოკუპაცია?

უკრაინას საკავშირო თავსლაფდასხმის გარეშე ვერ მოსპობდნენ, მაგრამ ამას მგონი ისიც იმსახურებდა. ჩვენ ვიცით გერმანელებთან ერთად მებრძოლი უკრაინული ნაწილების შესახებ, უკრაინულ ეკლესიაზე, უკრაინული მთავრობის ემბრიონზე. დამარცხების მომხრეობა - პორაჟენჩესტვო რა თქმა უნდა მოედო რუსეთსაც, მაგრამ უკრაინაში ის უფრო თვალშისაცემი იყო. და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ემიგრაციაში, ჩვენში... არარუსი ემიგრანტები ქმნიან თავის ორგანიზაციებს ისე, რომ რუს თანამებრძოლებთან თუ მათ ბედში მყოფ რუსებთან დაკავშირებას არც კი ცდილობენ. მეტიც, ყველაზე მეტად ვძულვართ უკრაინელებს, რომლებიც შეცდომით სულ ჩვენიანები გვეგონა. რა შორსაა ძველი ემიგრაციის დრომდე, როდესაც რუსეთის ყველა ხალხის ბელადები მომავალი რევოლუციის მოლოდინში ერთიანდებოდნენ ბრძოლაში "ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის"!

ძნელი არაა იმის განჭვრეტა, რომ რუსეთის სამხედრო დამარცხების შემთხვევაში, რეჟიმის დამხობას მისი ხალხების მოსკოვის წინააღმდეგ აჯანყება მოჰყვება. დამარცხების ვითარებაში, ველიკოროსიასთან კავშირის სასარგებლო მოტივები მათ საწინააღმდეგო რამედ გადაიქცევა. რუსეთთან ერთად ყოფნა, მის მძიმე ბედზე მისი პასუხისმგებლობის გაზიარებას ნიშნავს. ბოლშევიზმი მოკვდება ისევე, როგორც მოკვდა ნაციონალ-სოციალიზმი, მაგრამ ვინ იცის, ახალი რუსული ექსპანსიისთვის რუსული ფაშიზმი ან ნაციონალიზმი რა ახალ ფორმებს მიიღებს? ომის და რუსეთის დამარცხების პერსპექტივები შესძრავს არა მარტო ნაციონალისტებს, არამედ ყოველ რუსს, რომელსაც თავის ხალხთან და კულტურასთან კავშირი მთლიანად არ დაუკარგავს.

თეორიულად თითქოს არის ახალი ომის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი - რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დამხობა - რამდენი საშინელებისგან გადაარჩენდა ის მსოფლიოს! ეხლა არ ვილაპარაკებთ იმაზე, შესაძლებელია ეს თუ არა, ჩვენის აზრით, ამის შანსები უმნიშვნელოა. მაგრამ რუსეთის, როგორც განწირული იმპერიისთვის, ეს ვარიანტი არაფერს არ ცვლის. 30 წლის მანძილზე რუსეთის ხალხების თავზე შეკიდული საშინელი სიმძიმის მოშორება, ყველა მიმალული რევოლუციური და ცენტრიდანული ძალის აფეთქებას ნიშნავს.

ვიდრე რუსი ხალხი თავის ჯალათებს ანგარიშს გაუსწორებს, საერთო გარდაუვალ ქაოსში, ისევე როგორც 1917 წელს, ეროვნებათა უმრავლესობა გამოყოფაზე თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელებას მოითხოვს. ალბათ ყოფილი რუსეთის დაახლოებით თანაბარი ნახევრის სამოქალაქო ომი დაიწყება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ველიკოროსია გაიმარჯვებს და იმპერიის ხალხებს თავისთან დააკავებს, მისი ზეიმი მხოლოდ დროებითი იქნება. თანამედროვე მსოფლიოში ავსტრია-უნგრეთების ადგილი არაა. თუ კი ერთიანი ხელისუფლება მსოფლიოს მმართველი იქნება, მას სხვა ხალხების წინააღმდეგ მოძალადე ხალხების გაჩერება დაეკისრება. უკანასკნელი კერძო იმპერიის ლიკვიდაცია, საერთაშორისო სამართალის და სამართლიანობის საქმე გახდება. თვითონ რუსეთისთვის, მისი იმპერიული არსებობის გაგრძელება, მისი საკუთარი თავისუფლების იმედის დაკარგვა იქნებოდა. თავისი ტერიტორიის ნახევარზე ტერორით არსებული სახელმწიფო, მეორე ნახევრის თავისუფლებას ვერ უზრუნველყოფს.

მოსკოვის მეფეების დროს, თვითმპყრობელობა ექსპანსიის ფასი გახლდათ. ასე მხოლოდ ფაშიზმს ძალუძს კატორღული იმპერიის არსებობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი კულტურის შემდგომი გაუარესების ფასად.

* * *

Finis Russiae? რუსეთის დასასრული თუ მისი ისტორიის ახალი ფურცელი? რა თქმა უნდა უკანასკნელი. რუსეთი არ მოკვდება სანამ ცოცხალია რუსი ხალხი, სანამ ის თავის მიწაზე ცხოვრობს, სანამ ის თავის ენაზე ლაპარაკობს. ველიკოროსია ალბათ ბელორუსიასთან და კიდევ დიდხანს ციმბირთან ერთად, ისევ არის უზარმაზარი სხეული უზარმაზარი მოსახლეობით, ყველაზე დიდი ევროპელი ხალხი. რუსეთი დაკარგავს დონეცკის ნახშირს, ბაქოს ნავთობს; მაგრამ საფრანგეთს, გერმანიას და ამდენ ხალხს ნავთობი სულ არ ჰქონია. რუსეთი გაღარიბდება მხოლოდ პოტენციურად, იმიტომ, რომ კომუნისტური სისტემის სიღატაკე წარსულს ჩაბარდება. მისი სამხედრო პოტენციალი შემცირდება, მაგრამ ის აზრს დაჰკარგავს საზოგადო განიარაღებისას. და თუ განიარაღება არ მოხდება, დაიღუპება არა მარტო რუსეთი, არამედ მთელი კულტურული კაცობრიობა. ყოფილი ძლიერების დაკარგვით გამოწვეულ ნაღველსაც შეარბილებს ის, ყოფილ მოწინააღმდეგეთაგან მის ადგილს ვერავინ დაიკავებს. ყველა ძველი იმპერია გაქრება.

ბოლოს და ბოლოს იმპერიულ ცნობიერებას კვებავდა არა სახელმწიფოს ინტერესები და მითუმეტეს არა ხალხის ინტერესები, არამედ ძალაუფლების ჟინი, უთანასწორობის პათოსი, სიხარული სუსტების წინააღმდეგ ძალადობით, მათი დამცირებით.

მე-19 საუკუნის რუსეთისთვის ეს წარმართული კომპლექსი ნიშნავდა აშკარა წინააღმდეგობას სახელმწიფო პოლიტიკასა და მისი სულიერი წინამძღოლების ანდერძს შორის. რუსული ლიტერატურა იყო მსოფლიოს სინდისი, რუსული სახელმწიფო კი იყო ხალხთა თავისუფლების საფრთხობელა. იმპერიის დაკარგვა არის ზნეობრივი განწმენდა, რუსული კულტურის განთავისუფლება მისი სულიერი სახის დამმახინჯებელი საშინელი ტვირთისგან. სამხედრო და პოლიციური საზრუნავისგან თავისუფალი რუსეთი დაუბრუნდება შინაგან პრობლემებს - თავისუფალი სოციალური დემოკრატიის აგებას. მაგრამ 30-წლიანი კომუნიზმის შემდეგ, რუსი ადამიანი გაუხეშდა... ალბათ არაერთი თაობა გახდება საჭირო მისი ხელახალი აღზრდისთვის ანუ რუსული კულტურის და მისი მეშვეობით რუსული ქრისტიანობის მისიკვდილებულ ტრადიციაში დასაბრუნებლად.

რუსული ინტელიგენცია დევნილობაში უკვე ახლა უნდა ემზადებოდეს ამ დიადი ამოცანის შესასრულებლად და არ უნდა მისდევდეს იმპერიის არწივთა ლანდებს.

«ნოვი ჟურნალ», ნიუ იორკი, 1947, №17 
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."