მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
იაკობ გოგებაშვილი: შოთა რუსთაველი და სხვა მგოსნები თამარის დროისა

საქართველოს ისტორიას ყველაზე მომეტებულად ამშვენებენ სამნი უმაღლესნი და უდიდებულესნი გვამნი. პირველი გვამი არის წმინდა ნინო, დამრგველი ქრისტიანობისა და განმანათლებელი ქართველებისა სახარების სწავლით, მეორე ბრწყინვალე თამარ მეფე, ძველი საქართველოს აღმყვანელი უმაღლეს ხარისხამდე, და მესამე შოთა რუსთაველი, წარმომადგენელი და გამომხატველი ქართველთა ერის გონების ძალისა, შემოქმედებისა, გენიოსობისა.

რუსთაველის სახელოვანს თხზულებას «ვეფხისტყაოსანს» შეუდარებელი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენს ლიტერატურაში. თუმცა მას შემდეგ ჩვენამდე რვაას წელიწადზე მეტმა განვლო და თუმცა მრავალმა მაღალ-ნიჭიერმა მწერალმა გაამდიდრა მას უკან ჩვენი ლიტერატურა თვისი ნაწარმოებით, მაგრამ მისი პოემა მაინც დღემდე შეადგენს უძვირფასესსა და უკეთესს საუნჯეს ქართველის გონებისა და გულისათვის. ამგვარი დაუმჭკნარი მნიშვნელობა ყოველთვის ყოფილა მხოლოდ გენიოსის ხვედრი და რუსთაველიც ყველასაგან აღიარებულია გენიოსად.

დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობები არ მოიპოვება შოთაზე. «ქართლის ცხოვრება», ფრიად მდიდარი ცნობებით თამარზე და იმის დროზე, კენტი სიტყვითაც არ იხსენიებს რუსთაველსა... მხოლოდ ზეპირსიტყვაობით ვიცით მასზე ზოგიერთი რამ, რომელიც აქ მოგვყავს.


ფოტოზე: შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში
XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით

ფოტოზე: იაკობ გოგებაშვილი (1840-1912)
ჩვენს სასიქადულო პოეტს სახელად რქმევია საალერსო სახელი «შოთა». როგორც ახლა, ისე უწინდელ დროში ქართველებს ძლიერ უყვარდათ საყმაწვილო სახელების ხმარება დიდების შესახებ. როგორც ახლა, ისე უწინ სამოც-ოთხმოცი წლის მოხუცებულებს ეძახდნენ: კოტე, სანდრო, ვანო, ილიკო და სხვანი. აი, ამ ჩვეულების წყალობით რუსთაველს შერჩენია ბავშვობის სახელი «შოთა». რა გვარისა იყო შოთა, ამაზე არავითარი ცნობა არ გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი მესხეთში და აქედან წარმომდგარა სახელი «რუსთაველი». უწინდელ დროში და ახლაც ქართველებს ჰქონდათ ჩვეულებად განთქმულის კაცების გვარის მაგივრად ეხმარათ იმათი დაბადების ადგილის სახელი. შოთას შესახებაც სოფლის სახელი უხმარიათ გვარის ნაცვლად და ამიტომ უკანასკნელი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობის დროსვე დაჰხოცვია და დარჩენილა ობლად. მზრუნველად აღმოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად მიუცია ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში. უნდა იცოდეთ, რომ უწინდელს დროში ბევრს ეკლესიებთან იყო გამართული სკოლები, სადაც მაშინდელი მხნე მღვდლები ასწავლიდნენ წერა-კითხვასა და საღმრთო წერილს. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ მახლობელ ტბეთის მონასტრის სკოლაში. მაშინდელ დროში ყოველ მონასტერში არსებობდა სკოლა, რომელშიაც დაახლოებით იმდენს ასწავლიდნენ, რამდენიც ეხლა დადებულია სასულიერო სასწავლებლებში. ტბეთის სკოლა რომ გაუთავებია რუსთაველს, ბიძას წაუყვანია კახეთში და მიუცია გრემის სასწავლებელში, რომლის კურსი უდრიდა თურმე მეტ-ნაკლებობით ეხლანდელს სასულიერო სემინარიის კურსს. აქ შოთას სწავლაში გაუტარებია ხუთი წელიწადი და შემდეგ იგი ბიძას გადაუყვანია იქვე, კახეთში, იყალთოს სასწავლებელში, რომელიც დააარსა დავით აღმაშენებლის დროს არსენ-ეპისკოპოსმა იყალთოელმა და რომელიც მაშინ იყო უმაღლესი სასწავლებელი მთელი საქართველოსათვის. აქ რომ სწავლა დაუმთავრებია, შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც მაშინდელს დროში პირველი ქვეყანა იყო სწავლა-განათლებით და სადაც მიდიოდა ნასწავლი ახალგაზრდობა ყველა ქვეყნიდან უმაღლესი სწავლისა და მეცნიერების შეძენისათვის.

შოთა მისულა ქალაქ ათინაში, სადაც შეუსწავლია: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. როცა შოთას დაუმთავრებია უმაღლესი სწავლა, იგი ჩამჯდარა გემში და შავი ზღვით მოსულა თავის ქვეყანაში ჩინებულად მომზადებული ქვეყნის სამსახურისათვის.

რუსთაველის სამშობლოში დაბრუნება მომხდარა თამარის შუა მეფობაში. ამ დროს თამარისა და საქართველოს ძლიერება და ბედნიერება უმაღლეს ხარისხამდე იყო ასული. თავის სახელოვანს დედოფალს მთელი ერი აღმერთებდა, აღტაცებით აქებდნენ და ადიდებდნენ მაშინდელი მგოსნები და მწერლები. ამგვარსავე აღტაცებაში მოიყვანა შოთას ყმაწვილური გული და გონება თამარის სულისა და სხეულის სიმშვენიერემა და ბრძნულმა მეფობამ. მან უძღვნა დედოფალს რამდენიმე ლექსი, რომელშიაც გამოიჩინა დიდი ხელოვნება და ამითი მიიქცია ყურადღება თამარისა, რომელიც ნიჭს დიდად აფასებდა და ფართო გზას უხსნიდა. თამარმა ჩააბარა შოთას ერთი უმთავრესი თანამდებობა, სახელდობრ, მოლარეთუხუცესობა, რომელიც სრულიად არ შეურყევდა პოეტს მყუდრო ცხოვრებასა და მწერლობაში ხელს არ შეუშლიდა.

მალე შეუდგა შოთა პოემის წერას. მან მოიწადინა გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებით და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ღირსებანი და თვისებანი ქართველთა ერისა. რადგანაც თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, ამიტომ პოემას მისცა არაკის ფორმა, მოქმედება გადაიტანა არაბეთში და სხვა უცხო ქვეყნებში და მოქმედნი პირნი არაბების სახელებით გამოიყვანა. თავის ქმნილებას დაარქვა «ვეფხისტყაოსანი», რადგანაც უმთავრეს პირს პოემისას ტარიელს ვეფხის ტყავი აცვია. როცა თავისი თხზულება დაამთავრა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა გამართა ნადიმი, მოიწვია განთქმულნი და წარჩინებულნი პირნი და იმათ წინაშე ავტორს წააკითხა იმისი თხზულება. პოემა ყველამ ფრიად საუცხოვო ნაწარმოებად ჩასთვალა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, ფრიად ხელოვნური გამოხატულება, მშვენიერი ლექსთწყობილება და სამაგალითო ენა; აგრეთვე ძლიერ მოსწონდათ მიმართულება პოემისა. რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ძვირად დაფასება ნიჭისა, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, ძლიერება სულისა, უშიშრობა ხიფათის წინაშე და სხვანი. ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ამისთანა მაღალი ღირსებით სავსე თხზულება ჯერ ქართულ ენას არ უნახავსო, და აღიარეს რუსთაველი პირველ პოეტად. თამარმა წაიძრო ხელიდან ძვირფასი ბეჭედი და უბოძა ავტორს ნიშნად მადლობისა და წყალობისა; მისმა მეუღლემ დავითმა მოიხსნა ხმალი და თავის ხელით შემოარტყა. დამსწრე საზოგადოებამ საჩუქრად მიართვა ძვირფას ქვებში ჩასმული კალამი.

მალე მოიფინა ქება რუსთაველისა და იმისი «ვეფხისტყაოსნისა». საუბრისა და ბაასის დროს, დასამტკიცებლად თავისის აზრისა, ქართველებმა იწყეს მოყვანა «ვეფხისტყაოსნის» სიტყვებისა სწორედ ისე, როგორც საღმრთო აზრების შესამოწმებლად დაბადებიდან მოჰყავდათ ტექსტები. ამის გამო ბევრი ნათქვამი რუსთაველისა მშვენიერ ანდაზად გადაიქცა.

პოემის განთქმულობას ძლიერ შველოდა თვითონ ავტორის იშვიათი პიროვანი ღირსებანი. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, ფრიად ზრდილი, დარბაისელი, სავსე ჭკუითა და მიმტაცებლობით, და ამასთან ისეთი სწავლული, რომ ტოლი არა ჰყავდა მთელს სამეფოში.

«ვეფხისტყაოსანი» ამტკიცებს, რომ რუსთაველი იყო არა მარტო უნიჭიერესი პოეტი, არამედ ბრძენი, რომელიც აზროვნებით ბევრად წინ უსწრებდა თავის დროსა. მოგვყავს რამდენიმე მაგალითი. მაშინდელს დროში მამაკაცებს დედაკაცები დაბალ არსებად მიაჩნდათ და ორი სქესის თანასწორობა უარყოფილი იყო. რუსთაველი კი თავის პოემაში ქალს ერთ სიმაღლეზე აყენებს ვაჟთან და როსტევან მეფის ასულ თინათინზე ამბობს:
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

არსებობს მოსაზრება, რომ შოთა იყო საქართველოს სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესი, ე. ი. ფინანსთა მინისტრი.
დაბადება ქრისტიანული წიგნის, ბიბლიის, მეორე სახელწოდებაა.

მაშინდელს დროში ძარცვა-გლეჯა, სხვისი ქონების მითვისება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. წინააღმდეგ ამისა შოთა ჰქადაგებდა:
რასაცა გასცემ, შენია, რას არა, დაკარგულია!

ძველი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული იყო მონობაზე, ბატონ-ყმობაზე. «ვეფხისტყაოსანში» კი ვკითხულობთ:
მიეც გლახაკთა საჭურჭლე,ათავისუფლე მონები.

უწინდელს დროში ბევრნი ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი ძაღლი სჯობია მკვდარს ლომსაო, რუსთაველი კი სხვაფრივ სჯიდა:
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ დროს გვარიშვილობას. თანამდებობაში განწესება და საზოგადო პატივი დამყარებული იყო შთამომავლობაზე. შოთა კი თავის ერთს განსაკუთრებულს პატარა ლექსში პიროვან ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და არაფრად აგდებს გვარიშვილობას:
ათასად გვარი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არის, ცუდია გვარიშვილობა.

რამდენიც დრო გადის, იმდენი უფრო ფასი ემატება «ვეფხისტყაოსანს». ახლა იგი გადათარგმნილია ბევრ ევროპიულ ენაზე. ამას წინათ ერთმა განვითარებულმა ნემეცმა წარმოსთქვა აზრი, რომ მეთორმეტე საუკუნეში ევროპას არა ჰქონდა არც ერთი «ვეფხისტყაოსნის» თანასწორი თხზულებაო და მასში გამოთქმულია იმისთანა მაღალი აზრები, რომელიც ღირსი არის მთელს კაცობრიობაში მოიფინოსო. როდესაც ხანი და ჟამი რომელსამე ქმნილებას ფასსა და მნიშვნელობას არ უკარგავს, პირიქით, კიდეც უმატებს, ეს იმისი უტყუარი ნიშანია, რომ ამ ქმნილებას აზის ბეჭედი ნამდვილის გენიოსობისა.

შოთა რუსთაველის გარდა თამარის მეფობის დროს ქართულს ლიტერატურას ამდიდრებდნენ და ამშვენებდნენ სხვა ნიჭიერნი მწერალნიც: მოსე ხონელი, იოანე შავთელი, სარგის თმოგველი და ჩახრუხაძე. მოსე ხონელი დაიბადა ქვემო იმერეთში, დაბა ხონში, იყო ვეზირი, ანუ მინისტრი, თამარისა და დასწერა შესანიშნავი მოთხრობა-რომანი, სახელად «ამირან-დარეჯანიანი». იოანე შავთელი დაიბადა სამცხეში, ანუ ახლანდელს ახალციხის მხარეში, სოფელ შავთას, იყო თამარის მდივანი და დასწერა ლექსად ისტორიული პოემა, რომელიც ეხლა დაკარგულია. ეს პოემა გალექსილი ყოფილა ისე მშვენივრად, რომ ზოგი თურმე შავთელის ლექსს ამჯობინებდა რუსთაველისას. სარგის თმოგველიც სამცხის შვილი იყო, სოფელ თმოგვიდან, სპარსულ ენითგან გადმოთარგმნა ფრიად შესანიშნავი რომანი «ვისრამიანი» და დასწერა მოთხრობა «დილარიანი», რომელიც ეხლა დაკარგულია. ეს დილარიანიც თურმე დაწერილი იყო ჩინებული ქართული ენით, როგორც მოწმობენ მისნი უწინდელი დროის წამკითხველნი. ეს მწერალიც დანიშნულ იქმნა თამარის მიერ ერთ მაღალ ადგილზე, სახელდობრ, მას ჩაბარდა ერისთაობა სამხრეთის ერთი კუთხისა კლარჯეთისა. ჩახრუხაძემ ლექსად შეთხზა ქება თამარისა წინათ უხმარებელი ლექსწყობილებით, რომელსაც დაერქვა ჩახრუხაული და თავისებური სიმშვენიერე აქვს.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."