საქართველოს
რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ეროვნული გვარდიის ნაწილს,
რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებასს |
ქართველებო!
ეს საუკუნე მეორედ გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას მოვიპოვოთ
ის, რისთვისაც მუდამ იბრძოდნენ და იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები
– ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
პირველი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან არ აღმოგვაჩნდა საკმარისი
ძალა და ერთობა იმპერიის შემოტევის წინაშე - მტრის ურდოებს საქართველოში
ისევ მოღალატე ქართველები შემოუძღვნენ.
დღეს ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი ისტორიის, წინაპრების და მომავლის
წინაშე. ამიტომ, არა გვაქვს უფლება გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა.
არა გვაქვს უფლება ხელი შევუწყოთ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ
განხეთქილება ერში, შეაფერხონ ჩვენი მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ. |
ფოტოზე: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
(1939-1993) |
გვარდიელებო!
ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება სიამაყისა და კმაყოფილების
ის გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისას
განიცადა. ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც თქვენ ერთგულება შეჰფიცეთ
საქართველოს, მის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას. ყველანი
დარწმუნებული ვიყავით, რომ თქვენ არც ნიჭს, არც ვაჟკაცობას და,
თუ საჭირო გახდებოდა, არც სიცოცხლეს არ დაზოგავდით იმ ზნეობრივი
მიზნის მისაღწევად, რომელსაც ერთობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა
ჰქვია.
დღეს მე მოგმართავთ ისე, როგორც მოგმართავდით ადრე – მაშინ,
როდესაც ეროვნული გვარდია ყალიბდებოდა; მაშინ, როდესაც თქვენ
დებდით ფიცს, რომ ერთგული იქნებოდით საქართველოსი და მისი კონსტიტუციისა;
ისე, როგორც მოგმართავდით ვიდრე არ გადაუდექით თქვენს მიერვე
არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას, რადგან მწამს, რომ ქართველი კაცი
ყოველთვის წინ დააყენებს საქართველოს სიყვარულს.
ქართველო გვარდიელებო!
ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია
და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. დღეს
საქართველო დგას დამოუკიდებლობის მიჯნაზე და ეს არის ჩვენი გადარჩენის
ერთადერთი გზა – დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა
და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. დღეს უჭირს საქართველოს,
თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, ზიანის მეტს
არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ თქვენი
დისლოცირების ადგილებს, კვლავ დაექვემდებაროთ საქართველოს კანონიერ
ხელისუფლებას და აკეთოთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს
– მამულის ინტერესების დაცვა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 22 ნოემბერი |
|
|
|