მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მამოძრავებელი ძალა - სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება

საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მძლავრი და წევრმრავალი პოლიტიკური გაერთიანება - სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართალის საზოგადოება შეიქმნა 1988 წლის ცნობილი ნოემბრის შიმშილობის აქციის (თბილისი, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) დღეებში მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ინიციატივით. ამ პერიოდიდან წმინდა ილია მართალის საზოდაგოებასთან ალიანსში გახლდათ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. საზოგადოებას მართავდა გამგეობა, რომელშიც თავდაპირველად შედიოდა შემდეგი 9 წევრი: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ვაჟა ადამია, ჯემალ გოლეთიანი, თედო პაატაშვილი, გურამ გოგბაიძე, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიიდან ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და თეიმურაზ სუმბათაშვილი.

წმინდა ილია მართალის საზოგადოებას საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რაიონში გააჩნდა წევრმრავალი მძლავრი ფილიალი.
საზოგადოების თბილისის ფილიალი ფუნქციათა მიხედვით დაყოფილი იყო ათეულებად, თითოეული ათეული აერთიანებდა დაახლოებით 10-20 წევრს და ჰყავდა ზემდგომი- ათეულის მეთაური, რომელიც ათეულში გაწეული სამუშაოსათვის პირდაპირ ანგარიშვალდებული იყო საზოგადოების გამგეობის წინაშე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში მოქმედებდა 14-ე ე. წ. მხატვრების ათეული (ათეულის მეთაური ზურაბ გაბლიშვილი), რომელიც ძირითადად მუშაობდა საქართველოს ისტორიული სიმბოლიკის აღდგენაზე, რომელსაც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მიერ მოწყობილი მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს ფართო მასებს აცნობდა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრთა უმთავრესი ფუნქცია ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენისათვის აქტიური ბრძოლის გარდა, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა ელემენტალური კონსტიტუციური და ეროვნული უფლებების დაცვა იყო, ამისათვის საზოგადოებაში შექმნილი გახლდათ შესაბამისი კომისიები, რომლებიც საზოგადოებაში შემოსულ განცხადებებს განიხილავდნენ და მათში აღნუსხული დარღვევების აღკვეთისათვის ზრუნავდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ილია მართალის საზოგადოება თანაბრად და განურჩევლად იცავდა ქვეყნის ყველა ეროვნების მოქალაქის უფლებებსა და ინტერესებს, როგორც საქართველოს, ისე შეძლებისდაგვარად მთლიანად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საზოგადოების საქმიანობას მხარს აქტიურად უჭერდნენ და უჭერენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელნი.

წმინდა ილია მართალის საზოგადოება ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიასთან ერთად, ყოველ ოთხშაბათს, მერაბ კოსტავას ეზოში მართავდა ხალხმრავალ კრებებს, ე.წ. ოთხშაბათობებს, წელიწადში ერთხელ კი საზოგადოების ყრილობას და კონფერენციას, რომელთაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ფილიალების წარმომადგენელნი ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა ღია კენჭირსყრის წესით.

მერაბ კოსტავას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, საზოგადოების ყრილობამ, 1989 წლის ნოემბერში, თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის პოსტის შემოღებას და გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია.


ფოტოზე: წმინდა ილია მართალის საზოგადოების მოწმობა
საზოგადოებას აქვს ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ქაღალდი, საზოგადოების წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე დროშა და სამკერდე ნიშანი (ავტორი ხატია ღუდუშაური). კომუნისტური წყობის პერიოდში, საზოგადოება ბეჭდავდა ყოველთვიურ ჟურნალს „საქართველო“.

საზოგადოების დროშა: მეწამულ ფონზე ჰორიზონტალური თეთრისა და ვერტიკალური შავი ზოლების კვეთაში გამოსახული თეთრი გიორგი. დროშის ორიგინალი, მერაბ კოსტავას დაკრძალვის შემდეგ დაცულია თბილისში, მის სახლ-მუზეუმში.

1990 წელს, სამაჩაბლოში, კრემლის მიერ პროვოცირებული ცნობილი ქართულ-ოსური დაპირისპირების დროს, საზოგადოება აქტიურად იცავდა ამ რეგიონის მოსახლეობას. სწორედ აქ გამოეყო საზოგადოებას წევრთა ნაწილი და ვაჟა ადამიას, გურამ ბერუაშვილის, დათო (თორღვა) ბულაშვილის, ზურაბ სიამაშვილის, ჯუმბერ თათულაშვილის ინიციატივით დაფუძნდა მერაბ კოსტავას საზოგადოება.

1990 წელს, ე.წ. ეროვნული კონგრესის დაარსებაში მონაწილეობის მიღების გამო, წმინდა ილია მართალის საზოგადოების ალიანსიდან გავიდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია. მას შემდეგ საქართველოს ჰელსინკის კავშირი-აღორინებაა საზოგადოებასთან ალიანსში.

სხვადასხვა დროს, საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ ან არიან: ეთერ მგალობლიშვილი, ივანე ტურაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, თედო პაატაშვილი, არჩილ რამიშვილი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მერაბ ურიდია, გელა ჩორგოლაშვილი, თამაზ გველესიანი, გია ჩხიკვაძე, ბესარიონ გუგუშვილი, მაუგლი ჩხიკვაძე.

წმინდა ილია მართალის საზოგადოება არის საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის მმართველი ბლოკის -„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი პოლიტიკური გაერთიანება. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშვიდობიანი, მრავალპარტიულიული არჩევნების გზით საქართველოში კომუნისტური ტოტალიტალიზმის დამარცხებაში. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებამდე, იგია ძირითადი ინიციატორი საქართველოში გამართული ყველა მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაციისა, მასიური გაფიცვებისა, ერისთვის სულიერ ღირებულებათა დაბრუნებისა, ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის მოთხოვნისა, რუსეთის ჯარში საქართველოს მოქალაქეთა სამსახურის საწინააღმდეგოდ 1989 წელს გამართული მასიური გაფიცვა-პროტესტისა, ასევე 1991-92 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, სამხედრო საბჭოსა და საქართველოში კრემლის დიქტატურის დამკვიდრების საწინააღმდეგოდ ორგანიზებული ყველა მშვიდობიანი, საპროტესტო მანიფესტაციისა.

წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, პირადი ინიციატივით დღესაც აქტიურად იცავენ საქართველოში პოლიტიკური, უკანონო და მცირეწლოვანი პატიმრების, საერთოდ უფლებებს. მათ 1992 წლიდან არ შეუწყვეტიათ ეროვნული მოძრაობისა და მისი წარმომადგენელი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის გარჯა მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ილია მართალის საზოგადოება, როგორც ერთიანი პოლიტიკური სტრუქტურა, სპეცსამსახურების მცდელობის შედეგად 1992 წლიდან პერმანენტულად იშლება, მისი არაერთი წევრი კი დღემდე იდევნება.

წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრები გახლდნენ მამულიშვილები: დისიდენტები არკადი მარკოზია და ნოდარ იმნაძე, შმაგი სამნიაშვილი, დათო (თორღვა) ბულაშვილი, რეზო ურიდია, არჩილ (აჩიკო) რამიშვილი, ციცინო ქევხიშვილი, აველინა პერტია, გია ტეტელაშვილი, ვალერი ყავლაშვილი, მალხაზ ღვინიაშვილი, რევაზ მიქიაშვილი, ვარაზ ვარაზიშვილი, ვეფხია თუთარაშვილი, შალვა სიხაშვილი, მერაბ მინდიაშვილი, ზვიად ხაბარელი, ნუგზარ კასრაძე, ვახტანგ ებრალიძე, ვაჟა ჭინჭარაული.

ხატია ღუდუშაური

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."