მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
1991-1992 წლების პუტჩის პირველი მსხვერპლნი


ფოტოზე:
წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრი გია ტეტელაშვილი ( - 1991)

1991 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს რუსთაველის გამზირის მხრიდან თავს დაესხა შეიარაღებული ოპოზიცია, რომლის წევრებმაც უზენაესი საბჭოს წინ მდგარი 4 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვიამფრქვევით მძიმედ დაჭრეს. დაჭრილთაგან ერთი, გია ტეტელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.


პუტჩისტების პირველი მსხვერპლი
__________________________________



ნუგზარ შანავა

სამხედრო პირი, ოფიცერი, სამაჩაბლოში ოსი სეპარატისტების 30-ზე მეტ ტყვიას გადარჩენილი ნუგზარ შანავა, 1991 წლის დეკემბერში, ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შეტევის დაწყებამდე, შავნაბადაზე დაბანაკებულ თავდაცვის განდგომილ მინისტრ თენგიზ კიტოვანთან და ეროვნული გვარდიის იმ ნაწილთან, რომელიც კონსტიტუციურ ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა, გია ესებუასთან (პუტჩისტების მიერ უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1991 წლის 23 დეკემბერს მოკლული) ერთად მოსალაპარაკებლად მივიდა. შესასვლელში იარაღი მიწაზე დადო და ხელები ასწია ნიშნად იმისა, რომ ქართველს ტყვიას არ ესროდა და დალაპარაკება ითხოვა. სწორედ ამ დროს, განდგომილთა მხრიდან ტყვია გავარდა და ნუგზარ შანავას, კაცს, რომელსაც თანამოძმეთა სისხლის დაღვრა არ სურდა, სიცოცხლე მოუსწრაფა.

პუტჩისტების მეორე მსხვერპლი
__________________________________



ფოტოზე: წმინდა ილია მართალის საზოგადოების გამგეობის წევრი არჩილ რამიშვილი (1946-1991)

1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ატაში დაფუძნდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი (მოდერნიზებული სსრ კავშირი), აზერბაიჯანის, სასომხეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდავეთის, უკრაინის რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ეროვნულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს და ალმა-ატის შეხვედრაზე მხოლოდ დამკვირვებლი წარგზავნეს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა.
ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართველმა პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს; უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეთაგან დაჭრეს რამდენიმე. არჩილ რამიშვილმა ერთ-ერთი დაჭრილის დახმარება და მთავრობის სახლში შეყვანა სცადა. სწორედ ამ დროს, უზენაესი საბჭოს სვეტებთან პუტჩისტებმა ის მოკლეს.

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების პირველი მსხვერპლი

__________________________________


ფოტოზე: წმინდა ილია მართალის საზოგადოების წევრი ციცინო ქევხიშვილი (1946-1991)

1991 წლის 22 დეკემბერს დილით, პუტჩისტების მიერ უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული.

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების მეორე მსხვერპლი

__________________________________


ფოტოზე: დისიდენტი, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, წმინდა ილია მართალის საზოგადოების გაგრის ფილიალის თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქართველთა ქომაგად წოდებული არკადი მარკოზია (1930-1991)

1991 წლის 22 დეკემბერს დილით, მაშინ, როცა ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შეტევა დაიწყო, იგი თავისუფლების მოედნის მხარეს მდგარმა პუტჩისტთა პიკეტმა მანქანაში, რომელიც მას როგორც დეპუტატს ემსახურებოდა, გამიზნულად ჩაცხრილა. არკადი მარკოზია უზენაესი საბჭოს შენობაში უნდა შესულიყო.

1991 წლის 22 დეკემბრის დილას პუტჩისტების მესამე მსხვერპლი


საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი!

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."