მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვიქტორ ნოზაძე: ქრისტიანულნი მოძღვრებანი სულის შესახებ

1. მანდეიზმის რწმენა

მანდეიზმის რელიგია, რომელიც დუალიზმზე (კეთილი – ბოროტი) არის დამყარებული, გნოსტიკოსურია. მორწმუნეს მიზანია სიკვდილის შემდეგ ნათელის სასუფეველში შევიდეს. ყველა კეთილის ცხოვრება იქ არის. არსებობა, ცხოვრება აქ, არის ტანჯვა-წამება და ცოდვა კაცისათვის; სული შექმნილია სინათლის და ღმრთეებრ პრინციპისაგან. გვამი შექმნილია წყვდიადისაგან და მას დატუსაღებული ჰყავს “მანა”, დიდი, ძლიერი სიცოცხლე, ანუ კიდევ: “უთრა” ზეციური. ამიტომ ცხონება არის სულისა და ხორცის განშორება, სულის დაბრუნება სიცოცხლისა და დიდიების სასუფეველში, საიდანაც იგი ჩამოვიდა. ამიტომ მანდეიზმის რელიგიაში ტირილი აკრძალულია. გვამის ტყვეობიდან თავდაღწეული სული, განძარცვული ხორცისა და სისხლისაგან, პირდაპირ კი არ მიდის სიცოცხლის ციურ სასახლეში; მან უნდა გაიაროს საგუშაგონი, რომელნიც სააქაოსა და საიქიოს შორის არის შექმნილი. თითოულ ამ საგუშაგოსთან სდგანან ქვესკნელის არსებანი და საკუთრივ, მნათობნი. იქ, თითოულ იმ დიდ საგუშაგო-სატუსაღოში, მართალნი სულთ დაჰკითხავენ და
ასამართლებენ; სულნი ამნაირად აივლიან ყველა მნათობს და მიაღწევენ მერვე და უკანასკნელ საგუშაგოს, სადაც მისი სიკეთე და ცოდვა სასწორზე აიწონება; ცოდვილი სული იქ ბორკილებით დაიჭედება და დროთა დასასრულს მოუცდის, როდესაც იგი განთავისუფლდება. მართალის სული გადაივლის ციურ მდინარეს და დარჩება ბრწყინვალე, ჩაცმული დიდებული სამოსელით, შემკული გამარჯვების გვირგვინით, სინათლის სარქველით და სხვა, და სამარადისო ნათელის სასუფეველში განისვენებს.


2. ნოსაირთა რწმენა

ნოსაირთა (ნუსაირთა) მრწამსით: მართლმორწმუნის სული ვარსკვლავად გარდაიქცევა. თუ ნოსაირი ცოდვილი იყო, მისი სული გადადის ებრაელ, სუნიტ, ქრისტიან ადამიანში და

ეს გრძელდება მანამ, სანამ იგი არ განიწმინდება და უკვე გასუფთავებული, ვარსკვლავად არ გარდაიქცევა. არა-ნოსაირის, ანუ ურწმუნოს სული შედის აქლემ, ვირ, ძაღლ, ცხვარსა

და სხვა ხვასტაგში, რაც დასაკლავი
არისო. ერთ ნოსაურ ლოცვაში ნათქვამია – გვიხსენ ჩვენ კაცური სახისაგან დაშეგვმოსე ნათელი სამოსელით, ცის ვარსკვლავთა შორის…


ფოტოზე: ლიტერატორი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ჟურნალისტი, პარიზში ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის - ,,კავკასიონის“ გამომცემელი, ემიგრაციაში არაერთი მამულიშვილური საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, პოლიტიკური მოღვაწე, მიხეილ წერეთელის მიერ ,,პატრიარქად“ და ,,თანამედროვე საქართველოს გიორგი მთაწმინდელად“ წოდებული ვიქტორ ნოზაძე (1893-1975)

ავტორი რუსთველოლოგიური ნაშრომებისა: "ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება", "ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება", "ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება", "ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება", "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება", "ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება"

3. მუსლიმანური განხრანი

სულის ჩასახლების თუ გადასახლების რწმენა ისლამურ სექტათა შორისაც იყო გავრცელებული. შაჰრასტანი ასახელებს მეტემპსიხოსის ოთხ ხარისხს. სულის გადასახლება ადამიანიდან ხვასტაგში, გარკვეული არაა, მაგრამ უმაღლესი გადასახლებაა სულის ჩადგომა ანგელოზში, ან წინასწარმეტყველში, ხოლო უმდარესი – დემონში ან გველში. ისმაელიტები უარსა ჰყოფდნენ სულის ჩასახლებას ხვასტაგში; მათი აზრით: სული გადადის სხვა ადამიანში, სანამ იგი იმამს არ აღიარებს, რის შემდეგაც სული ნათელის ზესკნელში ადის.

4. ქარრანული შეხედულება

საბაელნი, ანუ საბაეალნი, ანუ შებაელნი არიან მცხოვრებნი ქარრანთა მხარისა სამხრეთ არაბეთში.

ეს ხალხი ცნობილი იყო ვით ვარსკვლავთა თაყვანისმცემელი, რომელი რწმენა მან მაჰმადიანობის ხანაშიც შეინარჩუნა, გარეგნულად მაჰმადიანობის მიღებით. საბაელთა შეხედულებით: თუ ვის რა კანის, თმის, თვალის ფერი აქვს, მიცვალების შემდეგ, მისი სული ამ ფერის შესაფერ ვარსკვლავზე გაემგზავრება.

5. მატერიალისტური და პანთეისტური

მატერიალისტური მსოფლმხედველობის მიხედვით: სული არის მხოლოდ გვამის დანიშნულება, მისი ჰარმონია, მისი წესიერი მმართველი; ამიტომ გვამთან ერთად სულიც კვდება, – უფრო სწორად: ვინაიდან გვამი თავის შემადგენელ ნაწილებად, კავშირებად იშლება, ეს ნაწილი და მათ შორის სულიც კი არ ისპობა. არამედ შედის ბუნებაში და გადადის სიცოცხლის ახალ სახეში; ამგვარად, მხოლოდ ბუნება არის უკვდავი და არა ადამიანი და სული.

პანთეიზმის მიხედვით: ვინაიდან სული არის სრულყოფილი არსის (“აბსოლუტური სუბსტანციის”) გამოცხადება, ანუ გამოვლინება, ამიტომ სიკვდილის შემდეგ, იგი იმავე არსს უბრუნდება და იქ იკარგება, ინთქმება, და ამნაირად, სული თავის სახეს და პიროვნობას ჰკარგავს.

* * *
მთელი ეს მიმოხილვა იმ საკითხისა გამო, თუ სული, გვამის სიკვდილის შემდეგ, სად მიდის, მნიშვნელოვანი იყო იმ მხრით, რათა გაგვეგო, ვეფხისტყაოსანში არა ერთხელ დასახელებული სული სად მიდის და აქ აღნუსხულ შეხედულებათა მიხედვით ეს საკითხი გაგვესინჯა.

ძველი აღმოსავლური-ორიენტული და ელლინურ-ბერძნული შეხედულება, რომელს აქ მოკლედ გავეცანით, საკმაო არ არის იმის გამოსარკვევად, თუ ვეფხისტყაოსანის სული სად, როგორ და ვისთან მიდის. ამის გამოსარკვევად და ნათელ საყოფელად საჭირო არის სხვანაირი მიდგომა და ამ საკითხისადმი სხვა კუთხიდან განხილვა. – ეს არის ფილოსოფიური და რელიგიური თვალსაზრისი, რომელს თუმცა თავისი საწყისი ძალიან შორეულ წარსულში აქვს, მაგრამ ქრისტიანულ ფილოსოფიაში განვითარებული და დამტკიცებული არის. მე მომიხდა ამ სულის საკითხის გასარჩევად სწორედ ამ მხრივაც გასინჯვა და განხილვა; ამიტომ ვითხოვ აღიჭურვოთ მოთმინებით ამ მეტად რთული და ღრმა ამოცანის ამოსახსნელად.

ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, ამონარიდი

პარიზი, 1962 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."