მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვიქტორ ნოზაძე: ქრისტიანულნი მოძღვრებანი სულის შესახებ

სული – წმიდა წერილთა მიხედვით

საიქიო ცხოვრებასთან დაკავშირებით, სამი დებულება გვაქვს, რომელიც რელიგიებმა გამოიმუშავა: 1. სულის უკვდავება და გაერთიანება ღმერთთან, 2. ცხონება = ცხოვრება სულის გადასახლებისა და ჩასახლების გზით = ტრანსმიგრაციო და 3. მკვდრეთით აღდგომა.

გვამის სიკვდილის შემდეგ მკვდრეთით აღდგომის რწმენა – როგორც ამბობს ადდისონ – სპარსული რელიგიიდან, ზარათუშტრას მოძღვრებიდან მოდის. ირანულ საღმრთო წერილში – ავესტა – რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის წინ მეშვიდე-მეექვსე საუკუნეს მიეწერება, და მისი შემდგომი ხანის მწერლობაშიც, მკვდრეთით აღდგომის რწმენას ატარებს. ამ რწმენის მიხედვით, გამოჩნდება ერთი მხსნელი, მაცხოვარი, “საოშიანტ”, რომელიც მკვდრებს გააცოცხლებს. ეს რწმენა სპარსეთიდან გადავიდა და გავრცელდა ებრაელთა შორის, რომელთა მაცხოვარს “მესსია” ეწოდება. ამის გამო ლაპარაკია ისრაელთა საღმრთო წიგნებში, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე ორ უკანასკნელ საუკუნეში დაიწერა. (ისაია, დანიელი (165 წელს), ენოხი (170 წ.), 12 პატრიარქოსის ანდერძი (106 –106 წ.), მეორე ეზრა (81-86 წ.), და სხვანი).

ეს შეხედულება მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქრისტიანობამაც შეითვისა და მისი მთავარი საძირკველი გახდა, რომელზედაც ეკლესია აეგო. თვით ქრისტე არის მაცხოვარი, მხსნელი, მკვდრეთით აღმადგენელი (ლუკა 14,14; მათე 22, 22-33; პეტრე; საქმენი, თავი 10; პავლე: პირველი ეპისტოლე კორინთელთადმი, ეპისტოლე ფილიპინელთა მიმართ და სხვა). თვით ქრისტიანულ მრწამსში, რომლის არსებითი შინაარსი უკვე მეორე საუკუნის მეორე ნახევარში გამომუშავდა, ანუ მოციქულთა მრწამსში ლაპარაკია ხორცით აღდგენაზე: “კარნის რესურეკციო”, და დიდი საეკლესიო მამები, ყველანი ერთხმად მკვდრეთით აღდგენას აღიარებენ. გარკვეულად და მტკიცედ ხორციელად აღდგომის შესახები რწმენა მოცემულია მრწამსში, რომელიც დღეს სავალდებულოა ქრისტიანობის ყველა განშტოებაში, მრავალი განხრის მიუხედავად – მოველი აღდგომასა რწმენით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესა, ამინ.

ეს რწმენა მეორედ მოსვლისა და აღდგომისა სავსებით შეითვისა წინასწარმეტყველმა მაჰმადმა და იგი ისლამის ერთ მთავარ რწმენად გარდაიქცა. მკვდრეთით აღდგომის რწმენა ისლამის საღმრთო წერილის – ყურანი – საძირკველია.

ამგვარად: მსოფლიოს სამი მსოფლიო რელიგია – იუდაობა, ქრისტიანობა და მაჰმადიანობა – სულის საიქიოსა და აღდგომას აღიარებს.

მაგრამ აქ იჭრება მეორე საკითხი: სანამ ეს მეორედ მოსვლა მოხდებოდეს და მკვდარნი აღსდგებოდენ, – სად მიდის მიცვალებულის სული? ადამიანის სულს მაშინათვე სამსჯავრო და გასამართლება მოელის თუ არა?

ზარათუშტრას რელიგიაში მთავარი მოსამართლე არის მითრა, სრაოშა და რაშნუ. სასამართლოს განაჩენით: კეთილი სული მიდის ზეცად, ხოლო ბოროტი – ქვესკნელს. კეთილს ეკუთვნის სამოთხე ცაში; ბოროტს – ჯოჯოხეთი ქვესკნელში, სადაც ეს სულნი მეორედ მოსვლამდე, მკვდრეთით აღდგომამდე დარჩებიან იუდაიზმში ეს შეხედულება გარკვევით არ იყო გამოთქმული, რადგან იქ მთავარი იყო მესსიის მოსვლა და მკვდრეთით აღდგომა, რომლის შემდეგ მართალნი სამარადისო სამოთხეში იქნებიან, ხოლო ბოროტნი კი სამუდამოდ გეენაში (მარად ცეცხლში ) ჩაცვივდებიან.

ქრისტიანული რელიგიის მიხედვით: მეორედ მოსვლისას თვით ქრისტე გაასამართლებს მკვდრეთით აღმდგართ; ხოლო ისლამში, თვით ღმერთი ალლაჰ არის მსაჯული. მაგრამ ვინაიდან ეს მეორედ მოსვლა როდის იქნება, არავინ იცის, ამიტომ წარმოსდგება საკითხი, რომელიც ზარათუშტრას რელიგიამ უკვე გადასწყვიტა. ადამიანის სიკვდილისათანავე, ქრისტიანული თვალსაზრისით, თვითეული სული გასამართლებული იქმნება დაუყონებლივ: კეთილი სული მიდის სამოთხეში, ბოროტი კი – ჯოჯოხეთს ესტუმრება. ასეთი შეხედულება არის ისლამშიც. ამგვარად: ქრისტიანობა და ისლამი ორ გასამართლებას აღიარებს: დაუყონებლივ ადამიანის სიკვდილის შემდეგ, და მერმე: აღდგომის შემდეგ. ეს რწმენა დღემდე უცვლელია ორივე რელიგიაში.

ქრისტიანული შეხედულებით, სული არის პნევმა, ან პსიხე, რომელიც ადამიანის მიცვალების შემდეგ ცოცხლობს. ახალი აღთქმის იდეა სულის შესახებ წარმოადგენს კაცობრივი ბუნების ერთიანობასა და მთლიანობას, მისი მატერიული და არა-მატერიული ელემენტებით. ეს შეხედულება – რობინსონის თქმით – შემდეგში გადამუშავდა ბერძნული ფილოსოფიის ზეგავლენით და შუა საუკუნეთა მწერლობის მოძღვრებათა მიხედვითო.

ქრისტიანული წარმოდგენა სიკვდილის შემდეგ საიქიო ცხოვრების შესახებ დამყარებულია უფრო ებრაულ რწმენაზე აღდგომის შესახებ, ვიდრე ბერძნულ რწმენაზე სულის უკვდავების შესახებ. სული და ხორცი წარმოშობილია ღმერთის მიერ; სიკვდილით კვდება მხოლოდ გვამი, ხორცი; სული კი სიცოცხლეს განაგრძობს; ნამდვილი სიცოცხლე არის ღმერთთან, ქრისტესთან ყოფნა.

სიკვდილი, საღმრთო წერილის თანახმად, არის სულის გამოსვლა საპყრობილედან (ფსალმუნი 101,8), სულის განთავისუფლება ხორცთაგან (ფილიპ. 1,23), განსვლა (ლუკა 9,31 პეტრე 1,15; ებრაელთადმი 13,17, ან გადასვლა (2 ტიმოთ. 4,6), გადასახლება ხელთ უქმნელ ცხოვრებაში (2 კორინთ. 5,1), ოღონდ სული შეინარჩუნებს თავის ბუნებრივ თვისებებს, ვინაიდან გვამში, რომელშიც სული ცხოვრობს, შეიძლება მოკლულ იქმნას, ან მოკვდეს, ხოლო სული კი – არა (მათე 10,28). და ღმერთი არის ღმერთი ცხოველთა, ცოცხალთა (მათე 22,32); თვით ქრისტემ თავის იგავში ლაზარესა და მდიდარის შესახებ, სული დასახა არა მარტო ვითარცა ცოცხალი, არამედ იმავე ძალითა და ბუნებით, როგორიც მას სიცოცხლეში ჰქონდა, თავისი სიკეთითა და სიბოროტით (ლუკა 16, 22-31); მოციქული იოანე თავის აპოკალიპსისში (გამოცხადებაში) ხედავს, რომ მართალნი ღმერთის შურის გებას მოითხოვენ (6,9-10). სული გვამის სიკვდილის შემდეგ თავის შეგნებასა და ცნობას ინარჩუნებს (ფილიპელთა (1,23), მხოლოდ ამიტომ არის სულის პირადი არსებობა საიქიოში. ამიტომ არის, რომ სულს მოეთხოვება პასუხი მიწაზე ყოფნის დროს თავის გვამთან ერთად ჩადენილ კეთილ და ბოროტ მოქმედებათა შესახებ. კეთილის მომქმედ სულს საიქიოში მოელის ნეტარი ცხოვრება, ხოლო ბოროტ სულთ კი – ტანჯვა-წამება.

რომ არსებობს კერძო განაჩენი მეორედ მოსვლამდე, ამას ამტკიცებენ წმიდა წერილზე დაყრდნობით: სიკვდილისათანავე სულს ელის ღმრთეებრი სასამართლო, ხოლო იესო ქრისტე თავის იგავში ამბობს – ლაზარეს ტანჯული სული მაშინათვე აიყვანეს და გადაიყვანეს წიაღსა შინა აბრაამისასა, სადაც მას დახვდა ნეტარება და ლხინი, ხოლო არა-მართალი მდიდარის სული ჩავარდა ჯოჯოხეთს. ამგვარად, თვითეულ სულს მოელის დაუყონებლივი სასამართლო. ამისი დასაბუთება მრავალია წმიდა წერილში. ეს არის წინასწარი სამართალის განსჯა, ეგრეთ წოდებული კერძო სამსჯავრო. მაგრამ სად მიდის ეს სული?

* * *
ძველი აღთქმის მიხედვით: სულის სადგურად წარმოედგინათ ქვესკნელი, ანუ ვით ნათქვამია: (27,35; იობი 14,10-12) სული ჩადის ქვესკნელს, გარნა აქ არის განსხვავება მართალთა და ბოროტ სულთა სამყოფელის შორის (ფსალ. 48,15; 18,20; იგავნი 11,18; ეკკლესიასტე 8,12 და სხვა); ესაიას შეხედულებით, მართალთა სულნი მშვიდობაში არიან (57,1; 2,21; 66,24); იეზეკიელის წარმოდგენით, სულნი მიდიან ქვესკნელში, სადაც მართალთა სულნი ამაღლებულ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ბოროტთა კი – ჩავარდნილ ადგილებში, უფსკრულში (32,18-23) და სხვა.

იესო ქრისტეს ქადაგებით – მართალთა სულნი სამოთხეში იქნებიან, ჩემთან იქნებიანო (იოანე 14,2-3; 17,24; ლუკა 23,43); ამის ძალით მოციქულნი ამტკიცებენ: მართალთა სულნი იცხოვრებენ საიქიოში განსაკუთრებულ სანეტარო ადგილზე, განსაკუთრებულ ნეტარებაში, რაც არისო მამაღმერთთან და ძეღმერთთან ერთად ყოფნა (2 კორინთ.; 5,1; 5,7-8; ფილიპ. 1,23; ებრაელ. 12,22-24); ისინი სდგანან ღმრთეებრ საყდართან, ქრისტესთან (აპოკ. 6,9; 7,9; 4,4); ახალი აღთქმის მიხედვით, ეს არის პირველი სასამართლო, ხოლო მეორე გასამართლება, განკითხვა მოხდება, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა განსჯად კაცობრიობისა,– მაშინ მართალნი დაიმკვიდრებენ საუკუნო ცხონებას = სიცოცხლეს, ხოლო ბოროტნი – ჩავარდებიან საუკუნო ცეცხლში…


ფოტოზე: ანდრეი რუბლიოვი, ჯოჯოხეთში ჩთასვლა, 1408-1410

ფოტოზე: აღდგომა, სლავური ხატი

სულის შესახები შეხედულება წმიდა მამათა შორის

წმიდა მამებს ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეში ასევე რწამდათ, როგორც აქ წინა თავში გაგაცანით. მხოლოდ ფილოსოფოს და თეოლოგოს ორიგენესის (185 – 254) შემდეგ იწყება ახალი შეხედულება – სულნი საიქიოს მიდიან ან ცაში, ან ჯოჯოხეთში. (უეჭველია, ამ შეხედულების გამომუშავებაში ერთი მხრით ასტროლოგია და მეორე მხრით პლატონიზმის გავლენა იყო).

წმიდა კიპრიანე ასწავლიდა: სული ზეცად მიდისო ღმერთთან. ჩვენი სამშობლო – ამბობდა იგი – არის სამოთხე; პატრიარკოსები გახდნენ უკვე ჩვენი მშობლები; მაშ რატომ არ ვიჩქარით ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და მივესალმოთ ჩვენ მამებს? და სხვა. დიონისიოს ალექსანდრიელიც იგივე აზრისაა: მართალთა სულნი იმყოფებიან ცაში.

ამგვარად, ქრისტიანობაში მკვიდრდება ის შეხედულება, რომ მართალთა სულნი ადიან ცად, ციურ სამოთხეში, ან ღმერთთან, ქრისტესთან.

შემდეგი ხანის წმიდა მამანი და მოქადაგენი უკვე მტკიცედ ამ შეხედულების ნიადაგზე სდგანან და მას ფილოსოფიური მიდგომით ადასტურებენ, ნეოპლატონიზმზე დაყრდნობით.

მაკარიოსის აზრით: მართალთა სულნი შეჰყავთ ანგელოზებს თავის ნათელ ცხოვრებაში და მიჰყავთ ისინი ღმერთთანო.

ეფრემ სირინი ამბობს: სააქაოს დამტოვებელნი მართალთა სულნი მოთავსდებიან ლხინის, შვების სამკვიდრებელში, სადაც არ არის ტირილი, არაა მწუხარება-ოხვრა, არამედ მხოლოდ მხიარულება, ლხინი, თუმცა თვითეული მათგანი თავისი ზომის მიხედვით ნათლდებიან ერთი გონებრივი მზით (ღმერთით!) და თავისი ღირსების ხარისხით შვებასა და ლხინს მოიპოვებენ, ხოლო ცოდვილთ მიათრევენ ბოროტნი ანგელოზნი ტანჯვა-წამების სამყოფელშიო.

ათანასე დიდი ფიქრობს აგრეთვე: მართალთა სულნი დამსახურებულ სიხარულს განიცდიან, ხოლო ბოროტნი მწუხარებასო. ბასილი დიდის რწმენით: მართალთა სულნი იმყოფებიან ნათელ – მხიარულ მდგომარეობაში, ხოლო ბოროტთა – უკუნეთში. ამავე რწმენას გამოსთქვამდნენ გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი, ეპიფანე, თეოდორიტე, ილარიოს, ამბროსიოს და სხვანი.

საიქიო საცხოვრებელ ადგილს სხვა და სხვა სახელი ეწოდებოდა – ილარიოსისათვის მართალთა სულთა ადგილი იყო წიაღი აბრაამისა – ასევე ეძახის მას გრიგოლ ნისელი, ხოლო ამ სამყოფელს შემდეგმა მამებმა უწოდეს: სამოთხე, ედემი: ათანასე დიდი, კირილე იერუსალიმელი, აუგუსტინუს; ხოლო ეფრემ სირინი, ბასილ დიდი, გრიგ. ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ეპიფანე, ჰიერონიმუს, ამბროსიუს და იოანე დამასკელი მას პირდაპირ “ცას” უწოდებენ.

დიდად მნიშვნელოვანია ამ მხრივ ეფრემ სირინის აზრი, დამყარებული ნეოპლატონურ შეხედულებაზე. იგი ამბობს – წმიდათა სულნი გადასახლდებიან თავის სამშობლოში – ციური იერუსალიმი – სადაც მათ სიხარულით შეეგებებიან უწინ იქ მისულნი სულნი ჩვენთა მამა და ძმათა; ამას გარდა ისინი ახლო ურთიერთობას დაამყარებენ თვით ანგელოზებთან და რაც უფრო მნიშვნელოვანია და უუმაღლესი ყოველისა, მათ მიენიჭებათ საშუალება უმზირონ თვით გონებრივ მზესაც (ღმერთს), რომელი მიუღწეველ ნათელს აფრქვევს და რომელსაც განიცდიან სამოთხურნი შვებანი და სტკბებიან დაუშრეტელი ღმრთეებრი წყალობით… თვითეული მათგანი თავისი ზომისამებრ ნათლდება ერთი გონებრივი მზით (ღმერთით)…

დიონისე არეოპაგელის თქმით, მღვდელი მიმართავს ღმერთს და სთხოვს მას აპატივოს მკვდარს ყოველნი ცოდვანი, რომელთათვის ადამიანურნი სისუსტენი პასუხისმგებელ არიან და მოათავსოს იგი ნათელში და სამყოფელსა ცოცხალთა, წიაღსა აბრაამისასა, ისააკისა და იაკობისა, ის, სად არღა იყოს მერმე არცა ტკივილი, არცა გლოვა, არცა კბილთა ღრჭენანიო... იცხოვრებს იგი ღმერთში დიდად განათლებული ცხოვრებით.

მეთერთმეტე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფოსი ბასილი გარდაცვალებულ დიდ მოღვაწე ეფთვიმე მთაწმიდელს ასე უგალობს –

სრბაჲ შენი აღასრულე მიუდრეკელად გზასა ღმრთისასა მცნებათასა და მყუდროდ ნავთსადგურად მიიწიე და აწ შეერთებულ ხარ შენ კრებულსა თანა წმიდათასა, ცხოვრებასა უცვალებელსა, ნათელსა მას დაუღამებელსა და სუფევასა დაუსრულებელსა-ო.

სიწმიდით აღასრულე ცხოვრებაჲ შენი ქვეყანასა ზედა… და ძლევა შემოსილი ნათელსა ღმრთეებისასა დაემკვიდრე…

ქრისტიანულნი განხრანი

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც თეოლოგიურ აზროვნებათა და მოძღვრებათა დიდი შეხლა-შემოხლა იყო და თვით ქრისტიანობა ამ დავაში იბადებოდა, ძველ ბერძნულსა და იმდროინდელ ფილოსოფიას, ვით მაგალითად: ნეოპლატონიზმს, დიდი გავლენა ჰქონდა; გავლენიანი იყო პირველად ყოვლისა ის პაგანური = წარმართული რელიგიებიც, მათ შორის მაგალითად: მითრაიზმი, რომელთაც ქრისტიანობამ ომი გამოუცხადა და რომელთაგან არა ერთი და ორი წესი თვითონ შეითვისა. თვით ქრისტიანთა შორის ყველაზე უფრო სადავო იყო ღმერთის არსების, სამების, სული წმიდის, ქრისტეს საკითხი და აი, ამ ნიადაგზე მრავალი განხრა და სხვა და სხვა სექტა წარმოიშვა, ნაირი სხიზმოსი დაიბადა. ჩვენ აქ ძალიან მოკლედ აღვნიშნავთ მხოლოდ იმ სექტებს, რომელნი სულის საკითხში გაბატონებული ქრისტიანობისაგან განსხვავდებოდნენ.

თეოლოგიური დავა გამწვავდა მეორე საუკუნედან განსაკუთრებით; ეს სექტანტური ბრძოლა (ხშირად სისხლიანი) ყოველთვის არსებობდა და დღესაც გრძელდება იგი; თუმცა მას ხალხისათვის დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს და იგი მასში, როგორც უწინ, პირდაპირ აღარაა ჩარეული.

აპელიანნი (აპელლეს მიმდევარნი), მეორე საუკუნეში, ამტკიცებდნენ: სული არ არის სავსებით გვამური არსი; სული გაერთიანებულია პაწაწინა ნაზ გვამთან, რომელსაც ცად ამაღლება შეუძლია. და სული, წმიდა გონება ცაში უზენაეს არსებას იხილავს და იქ სამუდამოდ ნეტარებაში იქნებაო.

არაბული სექტა (მესამე საუკუნეში), აღიარებდა: სული იბადება და კვდება გვამთან ერთადო.

აპოხარიტესიანნი (მესამე საუკ.) კაცის სულს განიხილავდნენ, ვითარცა ღმრთეებრ ნაწილაკს.

ჰიპნოპსიხიანნი (მესამე საუკუნეში) ამტკიცებდნენ: სული გვამის სიკვდილის შემდეგ ჰქრება, ხორცთა მკვდრეთით აღდგომამდეო.

პსიხოპანნიხია, ანუ მძინარე სულნი. ზოგი საეკლესიო მამა (ნესტორიანნი, სხიზმატურნი სომეხნი = არმენიანნი, სოციანნი, ისლამის ზოგი თეოლოგოსი, ბევრი ახლანდელი პროტესტანტი) ფიქრობს: მიცვალებულთა სულს, როდესაც იგი გვამს მოშორდება, სადღაც სძინავს ხორცთა აღდგომამდეო.

თეოდოტეანნი ფიქრობდნენ: ძე უფალისა, ანგელოზნი, სულნი კაცთა და დემონთა არიან გვამობრივნი; იესო ქრისტეს აქვს ორი სული: ერთი ნივთიერი და მეორე – ღმრთეებრი, რომელიც მას გამოეყოო ჯვარცმის წინ. პრისცილლიანუსიანნი (მეოთხე საუკუნეში): იესოს დაბადებას უარჰყოფდნენ; ეს ქვეყანა უზენაესი უფალისაგან არ არის შექმნილი, არამედ ეშმაკისაგან. კაცის გვამი არის საპყრობილე, რომელშიც ბოროტებამ ციური სული ჩაამწყვდიაო.

ნესტორიანნი. ამ დიდად გავრცელებული სექტის სწავლით: სული გრძნობადობისაგან განთავისუფლებული, მიწიერ სამოთხეს მიდის; უკანასკნელ განსჯის შემდეგ, რჩეულთა სული, რომელიც გვამს მიიღებს, ცად ადის; ხოლო ბოროტთა სული, რომელიც აგრეთვე თავის გვამს მიიღებს, მიწაზე რჩება. რჩეულთა სულის ნეტარება არის ქრისტეს ხილვა და მზერა მისი (და არა თვით ღმერთისა).

პროკრტისტიანნი (მეექვსე საუკ.) ფიქრობდნენ: სული კვდებაო გვამთან ერთად.

პროტოკტისტიანნი (მეექვსე საუკუნეში) ამტკიცებდნენ: სული არსებობსო გვამის შემქმნამდეო.

ათოსიელნი (მეცამეტე საუკუნე) ფიქრობდნენ: სული კვდებაო გვამთან ერთად.


მანიქეანთა სწავლა

მანიქეიზმი დიდად გავრცელებული მოძღვრება იყო და დროთა განმავლობაში თვითონ მას ბევრი განხრა გაუჩნდა. ისტორიკოსები მანიქეურ 70 სექტას სთვლიან. ვინაიდან მართლმადიდებელ ქრისტიანობას მანიქეიზმთან ცხარე და მწარე ბრძოლა ჰქონდა, ხან და ხან სისხლიანიც, და ამ მოძღვრებათა შესახები წიგნები, ან დაკარგული, ან მოსპობილია, ამიტომ მისი მტრები მის დებულებებს ამახინჯებდნენ ხოლმე და ხშირად გაუგებარი და ერთი მეორეს საწინაღმდეგო აზრებია მანიქეიზმის შესახებ დარჩენილი. ჩვენ აქ მოვიტანთ იმ შეხედულებათ, რაც დარჩენილია მანის მოძღვრებიდან სულისა და საიქიოს ცხოვრების შესახებ.

ადამიანთა გასანათლებელად სინათლის ღმერთი გზავნის მოციქულთ (“ბურხან”) ამ სოფლად. უკანასკნელი მათგანი არის მანეს. მისნი მიმდევარნი (“ელეკტი”) = რჩეულნი თავისი ასკეტოსური ცხოვრებით და ფიქრით იმაზე, რომ სულის ნათელნი ელემენტნი ღმრთულნი წარმოშობისა არიან, თავის სიწმიდითა და თავდაჭერილობით ტყვეობისაგან სინათლის განთავისუფლებას ემსახურებიან; წყვდიადის წარმომადგენელნი ხელს უშლიან მათ ეს ამოცანა აღასრულონ, მაგრამ სანამ ეს რჩეულნი არსებობენ, სინათლის განთავისუფლების საქმეც გრძელდება. როცა სინათლე და წყვდიადი ერთმანეთს დაშორდებიან, როგორადაც ეს თავდაპირველად იყო, მაშინ მსოფლიო ცეცხლი მთელ ქვეყნიერებას მოსპობს და დაჭერილნი ნაწილაკნი სინათლისა გამოვლენ და განთავისუფლდებიან. ამქვეყნიური არსება, მაშასადამე, შერეულია წყვდიადისა და სინათლისგან, მატერიისა და ნათელი სულისაგან: ამიტომ სააქაო არსება ცუდია და არც სასურველი; მაგრამ იმედია, ადამიანის სული განიწმიდება და მონანიებით სინათლის სამოთხეს დაუბრუნდება. ასე განმარტავს ო. გ. ვეზენდონკ.

მ. ტ. გუიოს ცნობით: მანიქეანთა სწავლის მიხედვით, იესო ქრისტემ კაცს უჩვენა თავისი ჯვარცმით, აღდგომითა და ამაღლებით, რომ სიკვდილი კაცს არა სპობსო; რომ სიკვდილი განწმედილ სულებს თავისუფლებას აძლევს, რათა ისინი თავიანთ ციურ სამშობლოს დაუბრუნდენ. ვინაიდან შეუძლებელია, ყველა სული სიწმიდით სრული იყოს თავის მიწიერ ცხოვრებაში, ამიტომ მათი განწმედა ხდება ტრანსმიგრაციით – თვითეული სული გვამის სიკვდილის შემდეგ გადადის ახალ გვამში და ამ ახალი გვამიდან შემდეგ კიდევ ახალში, სანამ იგი არ განიწმიდება. ამის შემდეგ მხოლოდ, შეიძლება სულის ცად ასვლა. თუ სული ამ ტრანსმიგრაციის შემდეგ კიდევ არ განიწმიდება, მაშინ იგი რჩება ეშმაკთა ხელში; ეს დემონები ჰაერში არიან და უწმიდურ სულებს აწვალებენ, სტანჯავენ. ხოლო განწმედილი სულები გაივლიან ნივთიერ მხარეს და ადიან მთვარეზე. როდესაც მთვარე ივსება (და ეს ხდება მაშინ, როდესაც იქ სულები ბლომად დაგროვდებიან), სულებით გავსებული მთვარე, მათ მზეზე აგზავნის; მზე კიდევ თავის მხრივ ამ სულებს აგზავნის იმ ადგილას, რომელსაც მენიქეველებმა “დიდების სვეტი” უწოდეს. ვარსკვლავნი არიან ის გემები, რომელთაც ეს სულები აჰყავთ ღმერთამდე, რათა ისინი შთაინთქან მასში. ქრისტეს სული გაერთიანებულია მზესთან და აქედან გამომდინარეობს მზის კულტი და მზესავით მთვარის გაღმერთებაო – ამბობს გუიო. – წმიდა სული, რომელიც ჰაერშია, ამ სულებს მუდმივად დახმარებას უწევს და მათზე თავის ძვირფას გავლენას ახდენს. მზე, რომელიც განწმედილი და წმიდა ცეცხლისაგან შესდგება, ამ სულებს ზეცაში ასვლას უადვილებს. მზე სწმენდს ამ სულებს ნივთიერებისაგან, რაც მათ თან აჰყავთ. როცა ყველა სული და ციური არსის ყველა ნაწილაკი მატერიისაგან გამოეყოფა, მაშინ მოხდება ქვეყნის დასასრული, საუკუნის შთანთქმა – ბოროტი ცეცხლი გამოვარდება გამოქვაბულიდან, სადაც იგი შემოქმედმა დაამწყვდია და ანგელოზი, რომელსაც დედამიწა წონასწორობით უჭირავს, მას ხელს გაუშვებს, და დედამიწა ცეცხლში ჩავარდება; ან ანგელოზი გადაისვრის მას, ამ უსარგებლო სხეულს, მსოფლიოს საზღვარის გარეშე, რომელსაც საღმრთო წერილი გარესკნელ წყვდიადს უწოდებს; ამ დროს მოხდება ყველა დემონის დაპყრობა და იმ სულებს, რომლებიც ამ დროისათვის არ განიწმიდებიან, დაევალებათ დამწყვდეული დემონების დარაჯობა, რათა მათ კვლავ აღარ სცადონ ღმერთის სამეუფოს წინააღმდეგ მოქმედებაო.

რაც შეეხება მანის სწავლას სულისა და მომავალი ცხოვრების გამო – ამბობს ბევან – ამის მიხედვით მთელი კაცობრიობა განიყოფება სამ ნაწილად: 1. რჩეულნი, 2. მსმენელნი და. 3. ცოდვილნი. რჩეულთა სულნი სიკვდილისთანავე ადიან მთვარეზე და იქედან სამოთხეში; მსმენელებმა უნდა გაიარონ მრავალი პროცესი განწმედისა, სანამ ისინი რჩეულთ შეუერთდებოდენ; მაშინ როცა ცოდვილნი დაწანწალებენ ქვეყანაზე, უსასო სივაგლახის პირობებში, საბოლოო ცეცხლამდე, და შემდეგ ისინი წყვდიადის სამეფოში ჩაცვივდებიანო. (“ფიჰრის”, გვ. 335). ამ წინადადებაში ჩვენ არა გვაქვს – ამბობს ბევენ – არაფერი, რაც გარკვევით გვიდასტურებდეს აუგუსტინუსის თქმას, თითქო სული მსმენელთა მანიქეანთა რწმენით, გადადიოდა მცენარეებში და ცხოველებშიო. ამავე დროს მეტამფსიქოსის იდეა გამორიცხული არ არისო.


ფოტოზე: ჯოტო და მისი სკოლა, წმინდა ფრანსიზის სიკვდილი, სანტა კროჩეს (წმინდა ჯვრის ეკლესია) ბარდი კაპელა, 1315-20, ფლორენცია იტალია

სულის გამოსახულება და ცად ასვლა

როგორი იყო გამოსახულება სულისა, ანუ გამოქანდაკება ბერძნულ ხელოვნებაში? სული წარმოდგენილი იყო ადამიანის შიშველი გვამით. ადამიანის ტანი – ფრთებით (ფრთოსანი ადამიანი) და ფრინველის ფეხებით, საბერძნეთში ითვლებოდა ადამიანური სულის გამოსახულებად და ასეთ ქანდაკებას სასაფლაოზე ხშირად სდგამდნენ ხოლმე. დიდად ცნობილია ამგვარი ქანდაკება, რომელიც ბერლინის მუზეუმშია, ნომერით 1482. 45.

როგორიღა იყო ქრისტიანული გამოსახულება სულისა? ქრისტიანობის პირველ ხანაში სული გამოიხატებოდა იგივე ბერძნული ფსიქე-თი, – ფრთებითა და ცისაკენ აშვერილი ხელებით (რომის ტაძარში: სან-პეტრუს). სულს გამოხატავდნენ აგრეთვე ბატკანის, კრავის, ან ტრედის სახით. და ხომ ვიცით უკვე სული როგორ მოგზაურობს ცად ასვლის დროს…

ჩვეულება იყო სულის გამოქანდაკება, როგორც პატარა გვამისა, უსქესოდ და შიშველად. მაგრამ უმთავრესად მაინც ტრედია სულის გამოსახულება.

იტალიელი დიდი მხატვარი ჯიოტტო (1270 – 1337) ერთ თავის ნახატზე, რომელზეც წარმოდგენილია წმიდა ფრანცისკუს ასიზელის სიკვდილი, (ფრესკო სან გროჩეს ეკლესიაში), ამ წმიდანის სულის ცისაკენ გამგზავრებას ხატავს. წმიდანი განისვენებს სარეცელზე და მას მგლოვიარენი ახვევიან. მხოლოდ ერთი ბერი მისჩერებია განცვიფრებითა და მოწიწებით, აღფრთოვანებითა და აღზნებით, თუ ანგელოზნი როგორ მიაფრენენ ზეცისაკენ წმიდა ფრანცისკუსის გვამს, რომელიც აქ სულის ცად აყვანას წარმოადგენს. სულის ცად აფრენა ხშირად არის მოხსენებული ქართულ სასულიერო მწერლობაში და სულის გაფრენის ამბავს სპარსულ მწერლობაშიც ვხვდებით, მაგალითად – სპარსი ისტორიკოსი, იბნ დაბდ დოლ-კარიმ (მეთვრამეტე საუკ.) შირაზის შაჰის კარიმ ხანის გარდაცვალების (1779 წ.) გამო ამბობს: “და მისი სული, ვითარცა ფრინველი, გაფრინდა უკვდავების ზესკნელისაკენო.

ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, ამონარიდი

პარიზი, 1962 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."