მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

შალვა ამირეჯიბის, ზურაბ ავალიშვილის, ნოე ჟორდანიას მ ო ს ა ხ ს ე ნ ე ბ ლ ა დ

ჰომეროსის პოემათა მიხედვით: სული გვამის სიკვდილის შემდეგ მიდის ქვესკნელში, სადაც არის უკუნეთი და წყვდიადი. ეს ღამის მხარე სხვადასხვანაირად ჰქონდათ წარმოდგენილი. ჰომეროსის ხანაში რწამდათ აგრეთვე, რომ სული საფლავში მყოფ თავისი გვამის გარშემო დაფარფატებსო. ანტიკურნი სურათნი სწორედ ამ რწმენას გვიჩვენებენ.

იონური სკოლა

ბერძნული ფილოსოფია, რომლის დასაწყისი მცირე აზიის ნაპირებიდან მოდის და რომლის პირველი მიმდინარეობა ფისის = ბუნების საკითხებთანაა დაკავშირებული, ეს იონელთა სკოლა ადამიანის სულს არ ეძებდა. მისთვის მთავარი იყო მთელი არსების, მთელი ყოფნის, ყოვლადი მსოფლიოს წარმოშობისა, შესაქმისა და შექმნის ამბავი. იგი ეძებდა იმ ძალას, რომელმაც ყველაფერი დაბადა, მას სიცოცხლის შეძლება მისცა, რაც ყველაფერში მოქმედებს და ვითარდება. აი ეს ერთი, რომელიც იქმნა, მოქმედებს, სუფევს და ყველაფერს განაგებს და ყველაფერში არის, ეს არის ერთი ცოცხალი, რომელიც ქვეყნიერებას ჰქმნის და აცოცხლებს. ეს ერთია სიცოცხლის ძალა – ფსიქე = სული. იონური ფილოსოფიური სკოლისათვის ეს არ არის მსოფლიო სული, რომლისაგან ვით ერთი სულისაგან ცალკეული ადამიანის სული გამოდის. ეს სული არის ერთი ძალა, რომელიც ყოველგან, მსოფლიო ყველა მოვლენაში სიცოცხლეს იწვევს და თვითონ სიცოცხლე არის.

თალესი მილეთელი, გადმოცემის თანახმად, პირველია, ვინც ადამიანის სულს უკვდავი უწოდა. და ეს უკვდავება გადაბმულია თვით ბუნების სულიერ ძალთა უკვდავებასთან.

ანაქსიმანდერის აზრით, ადამიანის სული ვით ცალკეული, სიკვდილის შემდეგ პირველად ნივთს უბრუნდება.

ანაქსიმენესი, ვით თალესი, სულს უკვდავს უწოდებს; სული არსებითად მსგავსია ღმრთეებისა, მარად მოძრავ, თავის შინაგან წარმომშობ პირველად ელემენტ ჰაერისა.

ჰერაკლეიტოს ეფესელისათვის პსიხე არის ცეცხლი, ერთი ნაწილი ყოვლადისა, რომელიც თვით არის ცეცხლით აღსავსე. სიკვდილი და სიცოცხლე ერთია – სიკვდილი არის მაშინ, როცა გვამში სული აღარ არის; გვამი რჩება, სული მიდის და გადადის მეორე ელემენტში; იგი იყო ცეცხლი, იქნება წყალი, შემდეგ – მიწა და სხვა.

ელევსის მისტერიაში, რომელიც მართლმორწმუნეს სააქაო კეთილდღეობასა და საიქიო უკვდავ სიცოცხლეს ჰპირდებოდა, სული წარმოდგენილი ჰქონდათ ვით ფსიქე, რომელიც ტანთან დაშორების შემდეგ, ჩადიოდა მიწის ქვეშ ღმერთთან “კორე”, რომელიც ქვესკნელის მეუფე იყო.

პროფ. ზჲიბეკის თქმით, ელევსისის საიდუმლო წესებს საფუძვლად ედო ის შეხედულება, რომ საიქიოში სანატრელი ბედნიერების მიღწევა გაპირობებულია და
დამოკიდებულია არა ამ-ქვეყანაზე კეთილი ცხოვრებით, არამედ სწორედ ამ რელიგიურ წესში = კულტში აღსრულებული განსაზღვრული მოქმედებებით, რადგან ეს წესი საიქიოში მყოფ ღმერთებთან არის გადაკავშირებულიო.

დიონისიოსის მისტერიაში – ფრიგია-თრაქიაში წარმოშობილი და საბერძნეთში გავრცელებული საიდუმლო მოძღვრება და თაყვანების წესი, რომელიც დიონისიოსის კულტის სახით იმ ჟამად კულტურულ მხარეებს მოედო – აღიარებული იყო სულის უკვდავება; სულის უკვდავების რწმენა შეჰქმნა სწორედ ამ აღმოსავლურმა მისტერიამ. დიონისიოს თვით იყო პატრონი სულთა და ქვესკნელთა ღმერთი. გარდაცვალებულთა სულნი ჩადიოდნენ ამ ქვესკნელში, სადაც ისინი ნეტარ ცხოვრებას ეწეოდნენ.

ორფეოსის მისტერიის თანახმად, სულნი გარდაცვალებულთა დაფრინავენ ჰაერში, საპყრობილე გვამისაგან განთავისუფლებულნი; მაგრამ ისინი იძულებულნი არიან გადავიდენ ახლად შობილ ბავშვებში და ისევ ჩაიკეტონ გვამში ადამიანის სიკვდილამდე. სულის ჩასახლების ეს განმეორება ხდება, სანამ სული მიწიურ საპატიმროს თავს არ დააღწევს… ორფეოსის და მისი ბახოსური კურთხევის წყალობით. ამისათვის საჭიროა ორფეოსული ცხოვრება, რომელსაც ადამიანი ასკეტოსობამდე, ცხოვრებისაგან განდგომილებამდე მიჰყავს.

როდესაც ადამიანი მოკვდება, მის უკვდავ სულს ჰადესში (ქვესკნელში) მიაცილებს ჰერმესოს, გზის მაჩვენებელი. იქ სულს სამსჯავრო მოელის; ცოდვილი სული იგზავნება დასასჯელად და განსაწმედელად უღრმეს “ტარტაროს”-ში; არა-ორფეოსული სული იფლება ტალახში და იქ რჩება; ხოლო კეთილმორწმუნეთა სული ნეტარებს ქვესკნელის სამეფოში, ახერონის ველზე, სადაც ღმერთები ცხოვრობენ. მაგრამ აქ სული სამუდამოდ არა რჩება, არამედ ამ წყვდიადის სამეფოდან ნათელის მხარეს უბრუნდება. სინათლეზე გამოსული სული ისევ ადამიანის გვამში გადადის და იწყება სამარადისო სიცოცხლე-სიკვდილის დაუსრულებელი წრე.

პითაგორასის მოძღვრება

სული ანუ ადამიანის ორეული არის უკვდავი არსება, რომელიც ოდესღაც ღმერთისაგან არის ზეგარდმოსული და ადამიანის გვამში დამწყვდეული. სიკვდილით განთავისუფლებული სული ჰადეს-ში მიდის, საიდანაც იგი, მცირე ხანის შემდეგ, ისევ სინათლეს ანუ ამ ქვეყანას უბრუნდება. აქ იგი, უხილავი, დაფრიალებს ცოცხალთა გარშემო. მზის ცახეში, ბრეში ანუ მზის შუქთა მტვერში იმყოფებიან ჰადესიდან მოსული სულები და მზის შუქის ცახცახი, მოძრაობა სწორედ ამ სულებზე მიგვითითებს. ჰადესიდან დაბრუნებულმა სულებმა უნდა მოიპოვონ ახლად დაბადებული ბავშვი და ჩასახლდენ ახალ ტანში. ამგვარად, დაუსრულებელი და მარადული არის სული, სიკვდილ-სიცოცხლის გამოსახულება.

დემოკრიტესისათვის, ვინაიდან მისი თვალსაზრისით, ყოველივე ატომებისაგან შესდგება, სულიც აგრეთვე ატომური შემადგენლობისაა. სული არის ის, რაც თავისი შინაგანი არსებით უმოძრაოს მოძრაობას ანიჭებს. ცოცხალ არსებაში ატომები მუდმივად ახლდებიან ჰაერის ატომებისაგან სუნთქვის მეოხებით და როდესაც ეს სუნთქვა სწყდება, არსება კვდება, ატომი – სული მსოფლიოს ატომურ ნივთიერებაში განიბნევა.

სოფოკლესის ტრაღედიებში გატარებული აზრის მიხედვით, მკვდარნი ქვესკნელში იმყოფებიან და აჩრდილთა ცხოვრებას ეწევიან.

პინდარის შეხედულებით, სული გვამისაგან დაშორების შემდეგ ქვესკნელს მიდის და აქ რჩება მხოლოდ სახელი და დიდება მისი.

გმირთა სულნი. ჰეროს, ანუ გმირი (ჰეროი), რომელიც ძველ ბერძენთა წარმოდგენით ნახევრად ღმერთი მაინც იყო, სიკვდილის შემდეგ მთელი თავისი გვამით და სულით
ცხოვრობს ქვესკნელში, ან მეორე შეხედულებით, სადღაც ხმელეთზე, თუ კუნძულზე. ზოგი ჰეროსი ღმერთებს მიჰყავთ და აჰყავთ ცის მზვინვარე ეთერში, ვარსკვლავთა
ზეყანაში, სადაც თვით ღმერთები იმყოფებიან. ამ შეხედულებას – ამბობს ე. როჰდე – რომელიც გვიანი წარმოშობისაა, თავის ფესვებში აქვს რელიგიური გუმანი და
ფილოსოფიური ჭვრეტა, განსაკუთრებით სტოელთა ფილოსოფიის გავლენით, რომელთა სწავლის თანახმად ადამიანის სულის ცოცხალი ფშვინვა, ანუ სუნთქვა ზეცისაკენ მიისწრაფვისო.

სოკრატესი სულის საკითხს განსაკუთრებით არ შეხებია. სიკვდილის შემდეგ სული მიდის სულთა სამეფოში, რომელიც აჩრდილთა ქვესკნელშია; ან სიკვდილით ადამიანი ჰკარგავს სრულიად თავის შეგრძნობას და იმყოფება უსიზმარო ძილშიო. მისი აზრით, ორივე ეს მოვლენა შესაძლებელია – ვინ უნდა იცოდეს ეს, რაც არავინ იცის?!

პლატონის სწავლა

პლატონის სწავლა – ამბობს ე. როჰდე – პიროვნული სულის მარადისობის შესახებ ძნელი შესათვისებელია თვით პლატონის საკუთარ სპეკულაციასთან იდეათა შესახებ, მაგრამ მან ეს ორი სწავლა ერთმანეთს მჭიდროდ გადააკავშირაო. და მისივე განმარტებით: ადამიანის უმაღლესი ძალა, სული მისი სულისა ამ ქვეყანაზე არ არის, – ეს ქვეყანა ცვალებადია. სული არის წმიდა არსება, სპირიტუსული არსება; ნივთიერი და ცვალებადი მასში არაფერია; იგი უნივთო და უხილავია; იგი არ არის იდეა, მაგრამ ამ მარად იდეასთან ყველაზე უფრო ახლო სდგას და მისი მსგავსია. მაგრამ იგი, ეს სული ამ ქვეყნიურთანაც არის დაკავშირებული; იგი მოდის იმ ზეყანიდან, ზესკნელიდან, იდეათა სასუფეველიდან; იგი იდეის მსგავსად, მსოფლიოს ზოგადი სულის მსგავსად, რომლის ნათესავი იგი არის, თავიდანვე უქმნელია; იგი უფროსია, უწინარესი, ვიდრე გვამი, რომელსაც იგი უნდა დაუკავშირდეს, რათა მას სიცოცხლე მიანიჭოს; იგი არის ყველა მოძრაობის წყარო, თავიდანვე თვით-მოძრავი, აძლევს იგი მოძრაობას, ძალას გვამს, რომელიც მისი საშუალებით სულდგმულდება. სულის გარეშე ამ ქვეყანაზე არავითარი მოძრაობა და, მაშასადამე, არავითარი სიცოცხლე არ იქნებოდა. მაგრამ ეს სული გვამშია მომწყვდეული, ვით უცხო არსება. სულს თვითონ არა სჭირდება გვამი და მისგან არ არის დამოკიდებული; სული თვითმყოფია; იგი არასოდეს გვამში არ ითქვიფება; მაგრამ გვამი მასზე გავლენას ახდენს; ამიტომ სული შეიძლება გვამისაგან გაისვაროს, სნეულებისაგან შეირყვნას; სნეულება, სიგიჟე და სხვა რამ გვამისაგან, ხორცისაგან გამოდის და ვინაიდან სული უცვლელი არაა ვითარცა იდეა, რომლის მხოლოდ მსგავსი არის იგი, და არა თანაბარი, არა თანასწორი, ამიტომ შესაძლებელია სულის დამახინჯება; სულის შინაგანში იჭრება გვამის, ხორცის ბოროტი გავლენა. სული თვით უკვდავი და არა-ნივთიერი სპირიტუსული არსება, გვამურის ხორცულის მსგავსებას ღებულობს, მასთან არსებობით. ამიტომაც სულის წმიდად ყოფნა, ხორცის ბოროტებისაგან მისი გამიჯვნა, ხორცის შერყვნისაგან აცილება – აი, რა მოეთხოვება სულს…

სწორედ ეს შეხედულება არის გატარებული ავთანდილის ანდერძში, როდესაც იგი ხორცისა და სულის ურთიერთობას ეხება –
ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა” (789).

ამით ნათქვამია: სიცრუე, ორპირობა და სხვა ასეთი ავნებს ჯერ თვითონ ხორცს და შემდეგ კი სულსაც ავნებსო: და ამგვარად, სული ხორცისაგან შეირყვნებაო. ავთანდილის ეს განმარტება სავსებით ეთანხმება ცნობილი გერმანელი მეცნიერის, ერვინ როჰდეს შეხედულებას, როდესაც იგი პლატონის სწავლას სულის შესახებ განმარტავს.

გვამის სიკვდილის შემდეგ – პლატონის სწავლით – სული გადადის უგვამო არსებათა სასუფეველში, სადაც იგი მიწიერი ცხოვრების ნაკლთაგან მონანიებით უნდა განიწმიდოს. შემდეგ სული მიწიერ ცხოვრებას ისევ უბრუნდება, სადაც იგი თავის შესაფერ გვამში დგება. ამგვარად, სული მთელ რიგ სხვა და სხვა სიცოცხლეს განიცდის, გადადის პირუტყვიდან მეტყველამდე. სულის საკუთარ დამსახურებაზე, მის ბრძოლაზე გვამის სურვილთა, ვნებათა წინააღმდეგ, დამოკიდებულია მისი უკეთეს სახეში შესვლა. სულს აქვს ერთი მიზანი – მან თავი უნდა დაიხსნას უწმინდური გვამისაგან, და როდესაც სული ამას მიაღწევს, მაშინ იქმნება იგი თავისუფალი და აღარ იქნება იძულებული, რომელიმე გვამს დაუბრუნდეს, და იგი უკვე საბოლოოდ მიაღწევს წყნარი ყოფნის სასუფეველს… იდეათა სამყოფს, სადაც მხოლოდ წმიდა სული დაბინავდება და იქ არის ღმრთეებრი სამეუფო. კეთილობა, სახიერება ვითარცა უზენაესი იდეა, ვით უუმაღლესი წინარი ხატი და მაგალითი, უკანასკნელი მიზანი, რომლისაკენაც ყველა ყოფნა, ყოველი არსება და ქმნილება მიისწრაფვის, ამავე დროს მეტი ვიდრე ყველა იდეა, პირველი ნიადაგი და სრულადი ყოფნის მიღწევა, სიკეთისა და უუმაღლესი მეცნიერების შეგნებით, შედის შინაგან ერთობაში ღმერთთან, რომლის ახლო ნათესავი თვით არის; უკვდავი და მარადული სული ვით ასეთი, არის ღმრთეებრი; სული თვით არის ღმრთეებრი – ღმრთულია მასში გონება, რომელიც მარადულ ყოფნას უმეშვეოდ აზრით გებულობს. არ ყოფილიყო თვალი მზიური, მას არ შეეძლო არასოდეს მზე ეხილა!არ ყოფილიყო სპირიტუს = სული სიკეთის, უმაღლესი იდეის არსებითი ნათესავი და ახლობელი, არასოდეს არ შეეძლო მას სიკეთე, შვენიერება, ყოველი სრულადი და უკვდავი გაეგო! სულს აქვს უნარი მარადისობისა გაიგოს, შეიგნოს და ამ უნარშია უცილო საბუთი, რათა თვითონ იყოს მარადი. ერთი მიზანია სულისათვის დასახული, რომელიც ყოველ გვარ გრძნობადის გარეშე ძევს, სივრცისა და დროთა სრბოლის გარეშეა, უწარსულო და უმყობადო, – ეს არის საუკუნო, ანუ მარადი აწმყო. თვითეულ სულს შეუძლია თავი დაიხსნას დროისა და სივრცისაგან; შეუძლია მას მარადისობაში გადასვლა; იქ იგი ცოცხლობს დაუსრულებელ დროში და ყველა დროის გარეშე. ამგვარად, პიროვნული სული, სული პიროვნებისა არის უკვდავი.

ეს არის პლატონის სწავლა პიროვნული უკვდავების შესახებ, რომელმაც შემდგომ განვითარებაზე დღემდე, წარუშლელი კვალი დაამჩნია – ამბობს პროფ. კ. გრონაუ. პროფ. ერვინ როჰდე – პსიხე. წიგნი 2.

არისტოტელესის სწავლა

სული არის უნივთო და უგვამო; იგი არის საძირკველი გვამის სიცოცხლისა. თვით უძრავი, იგი ამოძრავებს ბუნების ორგანიზმს, რომელშიც იგი იმყოფება; სული იძლევა სიცოცხლის საშუალებას და გვამისაგან მისი ცალკე ყოფნა ძნელი წარმოსადგენია, ვით ხილვისა თვალისაგან ცალკე არსებობა. კვდება თუ არა ცოცხალი არსება, მაშინ სული თავისად მარტოდ აღარ არის. მაგრამ ადამიანის სულში სიცოცხლის ძალთა გარდა კიდევ არის ცოცხალი სპირიტუსის არსება, ზებუნერივი რიგისა და წარმოშობისა, – იგი არის სული = სპირიტუსი, ის რაც ჩვენში აზროვნებს და ფიქრობს. ეს მოაზროვნე სპირიტუსი = სული ხორცთან და მის სიკვდილთან დაკავშირებული არ არის და იგი არც მასთან ერთად არის წარმოშობილი; უქმნელი იყო იგი ყოველთვის; გარედან მოდის იგი ადამიანში ამ ადამიანის შექმნის დროს; იგი იმყოფება ადამიანში, შეურევნელი ხორცთან და მის ძალებთან, ხორცთა გავლენის გარეშე, ესე იგი: ჩაკეტილია იგი თავის თავში დამოუკიდებელი არსებობით, თუმცა მის ერთ ნაწილს “სული” ეწოდება. იგი ახლოსაა ღმერთთან და არის იგი ღმრთეებრი ადამიანში და მოქმედება მისიც არის ღმრთეებრი მოქმედება. ღმერთი, წმიდა არსება, აუცილებელი, უზენაესი, მარადული ნამდვილვეობა, არის თვითმყოფადი = აბსოლუტური, მუდამ ნამდვილი აზროვნებითი მოქმედება. ასე ამ გვარად: სპირიტუს = სული სავსებით აზროვნებაშია, არის მოქმედი. გვამთან და მის სულთან შეერთებაში ცოცხლობს ეს მოაზროვნე გონება, ვითარცა ორივეზე მფლობელი, მაგრამ არა როგორც განსახიერება თითო ამ ცალკეული ცოცხალი არსებისა. სპირიტუს = სული ეწოდება მას, რაც არის ცალკე ადამიანში და უმისოდ არ იქნებოდა ადამიანი, ხოლო როცა ადამიანი კვდება, მაშინ ეს მოაზროვნე სული არა კვდება; იგი თავის ცალკე არსებობას ისევ მოიპოვებს. ვით ყოველი უქმნელი, იგი გარდაუვალია; ვით დიდი მსოფლიო სული = სპირიტუს = დუხ, ღმრთეება, იგი მასთან არის გვერდით, მისგან არა-გამომდინარე, არც მასში შემდინარე, რჩება იგი თავის თავად პიროვნული სპირიტუს ადამიანისა მარადულ სიცოცხლეში; იგი გადადის მხოლოდ საუკუნეთში და ადამიანს არ შეუძლია იმისი წარმოდგენა, თუ როგორია ამ სპირიტუსის ცალკე სიცოცხლე. ანუ როგორც ამბობს მოორ –მარისტოტელესს სრულებით არ აინტერესებს საკითხი ადამიანის, ანუ პიროვნული სულის შესახებ სიკვდილის შემდეგ. პირადი უკვდავება მის მოძღვრებაში არ არის. რაციონალური (გონებრივი) სული არის მხოლოდ უკვდავი და არა, პირადული, ინდივიდუალური.


ფოტოზე: ვარსკვლავებით (ადამიანთა სულებით) მოჭედილი ცა

სხვა ელლინური აზრი სულზე

სტოელთა სწავლა

სტოიციზმის შეხედულებით, ადამიანი არის მიკროკოსმოს (პაწია მსოფლიო,) რომელიც თავის თავში მიკროკოსმოსს (ყოვლად მსოფლიოს, უნივერსუმს) გამოსახავს. მსოფლიოს აძლევს სიცოცხლეს ღმრთეებრი ცეცხლი, რომელსაც უზენაესი გონება განაგებს. ის მიმართავს მოვლენებს და ყოვლადობის არსებობას ხელმძღვანელობს. კოსმოსური, ანუ დიდი მსოფლიური სიცოცხლე წარმოდგენილია ვითარცა ერთი და იგივე წრისაგან შედგენილი, რომელიც ზუსტი რიგით მეორდება. ოთხი ელემენტი სიცოცხლისა დროდან დრომდე შთაინთქმება უწმიდეს თავის რიცხვში, რომელიც არის გონივრული ცეცხლი და საერთო ხანძარის შემდეგ, ისევ გამოიყოფა. ადამიანის გვამი ცოცხლობს და აზროვნებს, ვინაიდან მას ენიჭება ამ ცეცხლური დასაწყისის ნაწილაკები, რომელიც ყველაფერშია. როგორც ეს ცეცხლი მსოფლიოს ყველა საზღვარს აღწევს, ისე ადამიანის სულს უკავია მთელი მისი გვამი, რომელში იგი სდგას.

ზენონისა და მის მოწაფეთათვის ადამიანის სული არის ნაწილაკი ღმრთეებრი ცეცხლისა, რომელიც ამ თავის მხრით არის შემოქმედი ძალა და მსოფლიოს გონება. ადამიანის გონება ვითარცა ამ მსოფლიოს გონების ნაწილაკი, არის ცეცხლადი გამოვლინება. ვარსკვლავნი ხომ უბრწყინვალესნი გამოვლინებანი არიან ამ მსოფლიური ცეცხლისა! ამიტომ ადამიანის სული, გვამის სიკვდილის შემდეგ, მსოფლიური ცეცხლის განმასახიერებელ ცის სხეულთ უბრუნდება.

დიდი ასტრონომოსი ჰიპპარხოს ამტკიცებდა, სული ვარსკვლავებს უბრუნდება, რადგან იგი ციური ცეცხლის ნაწილაკი არისო.

პოსეიდონიოს სირიელი, თავის მასწავლებელის პანაეტიოსის წინააღმდეგ ამტკიცებდა, სული შესდგება ორი ელემენტისაგან – ბუნება (ნატურა) და თვით სული. სიკვდილის შემდეგ ისინი ერთმანეთს შორდებიან და თვით სული გვამთან ერთად კვდებაო. პოსეიდონის ასტრონომიას ასწავლიდა და მისი სწავლა პტოლემეიოსის ასტრონომიას საფუძველად დაედო; მისთვის არსებობს შვიდი მნათობის ცა და ეს შვიდი წრე შემორტყმულია უძრავ ვარსკვლავთა სფეროთი. იქ არის მსოფლიოს საზღვარი; იმას იქით მხოლოდ სიცალიერეა, ან ეთერი. მთელი ეს მსოფლიო ცოცხლობს იმ სულით, რომელიც ჩვენც გვაცოცხლებს. სული, გვამის სიკვდილის შემდეგ მას შორდება სპირიტუსად გარდაიქცევა; ცოდვილი სული მძიმეა და იგი მძიმე ჰაერს ვერ განშორდება; იგი ჰაერში რჩება, სანამ ახალ გვამში ჩადგებოდეს. წმიდა სული ჰაერს იოლად გადალახავს და ეთერს აღწევს, რომელიც მთვარეს აკრავს. რჩეულ არსებათა სულს, ბრძენთა სულს შეუძლია უმაღლეს სფეროებამდე ავიდეს. მსოფლიოს მმართველი გონება (“ეგემონიკონ”) – ღმერთი უძრავ ვარსკვლავთა ცაში ბინადრობს და იგი შეიცავს და განაგებს, ხელმძღვანელობს დანარჩენ სფეროებს; იქ, იმ უმაღლეს სფეროში ნეტართა სულები თავს იყრიანო.

ამ ასტრალურმა (ვარსკვლავურმა) მისტიციზმმა – ამბობს ერ. როჰდე – სტოელთა მოძღვრების შემდგომ განვითარებაზე ფრიადი გავლენა მოახდინაო.

აპამეას, სენეკას, ვარროს, ვირგილიუსის, მანილიუსის, ციცერონის სწავლანი და სხვათა შეხედულებანიც პოსეიდონიოსის სწავლას ემყარებიან – ადამიანთა სულნი, რომელნი უკვდავებას იმსახურებენ, ვარსკვლავთა სასუფეველში ადიანო, – ასეთი იყო მათი რწმენა, რასაც საფუძველი ასტროლოგიურ თეოლოგიაში აქვს.

სულის უკვდავების უარმყოფელნი. არ უნდა ვიფიქროთ, თითქო ყველა ფილოსოფოსი სულის უკვდავებას აღიარებდა…

კარნეადეს, არისტოქსენოს, დიკაერხიოს, თეოფრასტოს, სტრატონ ლამპსაკურელი, დემოკრიტეის, ეპიკურეიოს, ლუკრეციუს, კაესარ = ცეზარი, მისი მკვლელი კასსიუს, პანატეიოს, მარკუს აურელიუს, ლუკიან სამოსატელი და სხვანი და სხვანი სულის საიქიო ცხოვრებას უარსა ჰყოფდნენ; კალიმახოს საიქიოს დასცინოდა, ხოლო კატულუსს ამბობს: მზე აღმოჰხდება და დაჰხდება ისევ და ისევ, მაგრამ ჩვენი მოკლე სიცოცხლე ჩაჰქრება და უნდა დავიძინოთ მარადული ღამისათვისო!

ეპიკურეიზმმა ამ მხრით განსაკუთრებული გავლენა იქონია. მთელი ამ მიმართულების დედააზრი იყო – ჩვენ ვართ მოკვდავი; ჩვენ არა ვართ უკვდავი! მე არ ვიყავი, მე ვარ, მე არ ვიქნები… და აქედან დასკვნა – მიბე ლული ვენი = მოდი, ჭამე, სვი, ითამაშე! ამისი გამოძახილი კორინთელთადმი ეპისტოლეშიც არის – ვჰსჭამოთ და ვჰსვათ, რამეთუ ხვალე მოჰვკვდებით! (1 კორინთელთა 15,32.)

პლუტარხოს ხერონელის რწმენით, სული მიდის ცისაკენ; იგი გადავა ციურ მდინარე სტიქსზე და მთვარეს მიაღწევს. აქ მთვარეზე რჩებიან ის სულნი, რომელნი არც კარგნი არიან და არც ცუდნი; აქ ხდება მეორე სიკვდილი; და ისე როგორც სული ხორცთ დაშორდა, აქ გონება დაშორდება სულს, მიატოვებს მას, ადის მთვარეზე და თვითონ ამაღლდება ციურ სფეროებში (ჰადეს = ჯოჯოხეთი ასეთ რწმენაში არ არსებობს).

ნეოპითაგორასიანთა სწავლა

პითაგორასის მიმდევართა ფილოსოფიური სკოლა, რომელიც მეოთხე საუკუნეში ქრისტეს წინ მოისპო, თავის სიცოცხლეს განაგრძობდა, როგორც რელიგიური სხვა და სხვა დაჯგუფება, რომელთაგან შემდეგ პითაგორასის ახალი ფილოსოფიური სკოლა წარმოიშვა – ნეოპითაგორაიზმი. ამ სკოლის სწავლით, სული განიყოფება სამ გვარად, რომელთაგან მხოლოდ პირველია უკვდავი. ცისა და ხმელეთის შორის არსებული სივრცე სავსეა უხილავი სულებით, რომელთა გამოყენება მარჩიელობის, მკითხაობის საშუალებით შეიძლება. მსოფლიო არის ცოცხალი გონივრული არსება, რომლის მაცოცხლებელი საწყისი, სათავე არის ცეცხლი, სითბო. სიცხის ცენტრი კი არიან მზე და ვარსკვლავნი, რომელნიც ღმრთეებრნი არიან. უცოდველი, ან განწმედილი სული მთვარეზე მიდის საცხოვრებელად. ხოლო იმ საკითხზე, თუ სად არისო ნეტართა კუნძული, უპასუხებდნენ – სულთა ნეტართა კუნძული მთვარეზე და მზეზე არისო. პითაგორასიანთა სწავლით, მზე თავმჯდომარეობს სულთა დაბადების დროს; სული მზისაა, მზისაგან მოდის იგი გვამში და დგება იქ; მისი წყალობით ვითარდება სული, მაშინ როცა გვამი მთვარის გავლენით იზრდება. შუქთა მფენი მზე თავის ცეცხლებრ ნაპერწკალთ მარად ქვემოდ აგზავნის და მათი საშუალებით გვამთ ასულდგმულებს. და როდესაც გვამი მოკვდება, გვამის შემადგენელნი ნაწილნი დაიშლებიან; როდესაც სული გვამს დატოვებს, იგი თავის თავს უბრუნდება, განთავისუფლდება, ანუ მიდის მზეზე, თავის ღმრთეებრ სახლში. როგორც მზე მიიზიდავს და უკუაგდებს ვარსკვლავთ მარად და მარად, ასევე მარად მზე აგზავნის სულთ დედამიწაზე გვამებში ჩასადგომად. ამგვარად ხდება სულის ჩასახლება და ასახლება უკანვე მზეზე, სულის მუდმივი მოძრაობა და სვლა მზისა და მიწის შორისო.

ნუმენიოსი ამტკიცებდა, სული მოდის უმაღლესი ციდან, გაივლის იგი მნათობთა სფეროებს და მათგან მათ თვისებებს ღებულობს და მერმე დგება ბავშვის ტანშიო. მისი სიკვდილის შემდეგ სული ისევ უმაღლესი ცისაკენ მიეშურება, გაივლის მნათობებს, დასტოვებს იქ მათგან მიღებულ თვისებებს და განწმედილი, უმაღლეს ცას მიაღწევსო.

* * *

ამ კნინი მიმოხილვიდან სრულიად ცხადია, თუ ძველ ბერძნებს = ელლინებს სულზე როგორი წარმოდგენა ჰქონდათ. სული არის ადამიანის ორეული, მისი სიცოცხლის ძალა, ფსიქე, სპირიტუსი, პნევმა, რაც ადამიანთან დაშორების მერმე ჰადესში, ელისეს ველზე, ნეტართა კუნძულზე, მსოფლიო სულთან, ღმერთებთან, ცაში მზვინვარე ეთერში, ვარსკვლავთა მხარეში მიდის. სულის გამგზავრება, ცებზე ასვლა, ვარსკვლავებზე დასახლება, მზეზე და მთვარეზე ცხოვრება და ყველაფერი ასეთი უკვე ელლინურ მსოფლმხედველობას კერძოდ არ ეკუთვნის და იგი მოდის ვით გავლენა ახლო აღმოსავლეთიდან, სადაც ცას და არა ქვესკნელს პირველი ადგილი უჭირავს. ეს გავლენა არის წმიდა ასტროლოგიური, ბერძნული ფილოსოფიისაგან შეთვისებული და შემდეგში გაღრმავებული.

ფილო ჰებრაეიოს ალექსანდრიელის სწავლა

ფილო ებრაელი სხვა და სხვა შეხედულებას ეკამათება და ამბობს – გვამთა დატოვების შემდეგ სულნი მიდიან ცაში და იქ ისინი უერთდებიან იმ სულთ, რომელნიც არასოდეს სხეულში არ ჩამდგარან, უერთდებიან უგვამო სულთ, ანუ ანგელოზებსო. ფილოს რწმენით არის სამი ადგილი, სადაც უკვდავი სული მიდის: 1. ანგელოზთა სადგური, 2. გონიერი ზესკნელი, რათა სული იქ იდეათა შორის იმყოფებოდეს და სადაც ისააკი და ენოხი არიან და 3. ღმერთის წინაშე, გონიერ ზესკნელზე ზემოდ, ანუ იქ, სადაც მოსე წინასწარმეტყველი იმყოფებაო.

ისრაელთა “თალმუდ”-ში (“სწავლა”, შჯული) და “მიდრაშ”-ში (რაბინთა, ოსტატთა განმარტებანი ძველი აღთქმისა) უკვდავნი სულნი მიდიან მეშვიდე ცაში და იქ სუფევენ ანგელოზებთან ერთად, ან ანგელოზთა დასნი მიეგებებიან მათ, ან უერთდებიან ანგელოზთ, რომელნიც ღმერთის წინაშე იმყოფებიანო…

ნეოპლატონიზმის სწავლანი

ანტიკის უკანასკნელ ხანაში ძველი საბერძნეთის აზროვნება გაიტაცა აღმოსავლეთიდან შემოსულმა სხვა და სხვა მოძღვრებამ, რომელიც სულს საიქიო ცხოვრებას აღუთქვამდა და მორწმუნეთ ამისათვის ამზადებდა. ამ ნიადაგზე წარმოიშვა მისტიციზმი და ამავე ნიადაგზე შესდგა ნეოპლატონიზმიც.

ნეოპლატონიზმიც – ამბობს “პსიხე”-ს დიდი მკვლევარი, გერმანელი მეცნიერი ერვინ როჰდე – თავისი დამახასიათებელი მხარით, ქადაგებდა: კაცმა ზურგი უნდა უჩვენოს იმას, რაც არის მისი ბუნებრივი სიცოცხლე = ცხოვრება და აღფრთოვანდეს წმიდა ზესიერი, წმიდა სპირიტუსული მსოფლიოსაკენ, პირველისაკენ, ერთისაკენ, –დაუბრუნდეს და ეზიაროს მას; კაცი უნდა ცდილობდეს მიაღწიოს უუშორეულეს ღმრთეებრივს, რათა იქ ერთს და პირველს მისი სული შეუერთდესო. ეს არის შეერთება-ზიარება, მიღწევა კაცებრივი წმიდა სულისა ფიქრში და ამას გარდა პიროვნების იდუმალი, მისტერიული შერწყმით, ჰარმონიით პირველთან, აღგზნებით-აღტაცებით, ექსტასისით, რაც გონების მიღმა არის.

გაქცევა ამა სოფლიდან – ამბობს ერ. როჰდე – და არა ქმედობა ამ სოფლის გაუმჯობესებისათვის, აი დებულება, რომელიც წარმოადგინა ნეოპლატონურმა ფილოსოფიამ საბერძნეთის, ბიზანტიის უკანასკნელ ხანაშიო.

და როცა ელლინური ფილოსოფია ქრისტიანობას დაეჯახა, იგი დაეცა ამ ბრძოლაში, მაგრამ ჰელლინიზმი ამით არ მომკვდარა, – დღესაც ცოცხალნი არიან მისნი დიდნი აზრნი და არიან დამკვიდრებულნი კაცობრიობის აზროვნებაში – დესინუნტ ისტ, ნონ პერეუნტ – შემწყდარ არიან, არა მკვდარ არიან.

ნეოპლატონიზმის სწავლით, “მსოფლიო სული” ყველა ინდივიდუალურ, პირადულ სულს შეიცავს. პიროვნულნი სულნი არ არიან გამოყოფილნი და განცალკევებულნი ნაწილნი მსოფლიო სულისაგან, არამედ არიან ისინი მისი გამრავლება. როდესაც სული დგება ცალკე პიროვნების გვამში, ეს სული ამ პიროვნების საკუთრებაა, მაგრამ თვითეული სული თავისი გონებრივი, ინტელლექტური ნაწილით არის მსოფლიური, უნივერსალური და ამავე დროს პირადული, ინდივიდური.

პლოტინოსის აზრით, რაოდენობა და სივრცე, რაც ნივთიერების დამახასიათებელია, სულს არ ეხება, რადგან იგი ნივთიერი არ არის. სულში არის ორგვარი ხარისხი – მაშინ როცა იგი გონება არის, იგი განუყოფელია, მაგრამ მისი დაბალი ბუნება შეიძლება განიყოს ისე, რომ მის ნაწილებს ცალკეული არსებობა ექნეთ. პირადულნი სულნი ჩადიან მატერიაში, იკავებენ მას, აძლევენ მას სახეს, ფორმას, და ამგვარად: სიცოცხლეს, გრძნობასა და გონებას ჰქმნიან. მატერიის გამრყვნელი გავლენით მრავალი ადამიანის სული თავის ღმრთეებრივ წარმოშობას ივიწყებს და ცოდვაში ვარდება, რომლისაგან ის უნდა განიწმინდოს, ვინაიდან სულის მიზანი არის ღმერთთან გაერთიანება.

სული არის უკვდავი, გაუხრწნელი, ნამდვილი პრინციპი სიცოცხლისა; მას აქვს ძალა იხილოს მარადულობა და წმიდა ჭეშმარიტება; მას შეუძლია იყოს გარდამავალ, ამ – ქვეყნიურ სადგომში, და ამასთანავე იხილოს თვით ღმერთი. ამიტომ სულის სიკვდილი შეუძლებელია.

სანამ სული ადამიანშია, იგი მრავალ დანიშნულებას ასრულებს, როგორიცაა: გრძნობა, მახსოვრობა, ცნობა, ფიქრი, გონება, რაც ამ გრძნობად ქვეყანაში აუცილებელია; მაგრამ როცა სული გვამისაგან განთავისუფლდება, მისი მოქმედება რჩება მალული, და შემდეგ ზედმეტიც, – ურგები. გასაგები არ არის, პლოტინოსის მიხედვით, გვამისაგან მოშორებული სული თავის პიროვნებას ინახავს თუ არა. მოშორება, განყოფა, პიროვნულობა მისთვის უსრულობა, ნაკლი არის. პლოტინოსი ზოგჯერ ამბობს, სული საიქიოში დაუშლელი და განუყოფელიაო. იგი მაინც აღიარებს მრავლობით არსებას ერთში, ღმერთში და უყურებს სულთ, როგორც ცალკეულთა ერთიანობას. აქ აუცილებლად არ არის წინააღმდეგობა – ამბობს მოორ – რადგან პიროვნებებს შეუძლიათ განისვენონ ერთში და გვამთაგან განთავისუფლებულნი სულნი შეისრუტებიან, შთაინთქმებიან სულშიო.

ასეთი არის პროფ. მოორის განმარტება პლოტინოსის სწავლის გამო, ოღონდ თვით პლოტინოსი მესამე ენნეადას მეოთხე წიგნში შემდეგსაც ამბობს – როგორი მდგომარეობაა იმ სულთა, რომელნიც ზემოდ არიან ასულნი? ჰკითხულობს პლოტინოსი და თვითონვე უპასუხებს – ზოგნი სულნი არიან გრძნობად მხარეში, ცხოვრობენ მზეზე, ან რომელიმე მნათობზე, ან სამყაროზე, იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტნაკლებად განავითარეს მათ თავიანთი გონება. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი სული თვითონ, შეიცავს არა მარტო გონივრულ მხარეს, არამედ კიდევ მიდრეკილებებს მსოფლიო სულის შესაფერისად. ეს უკანასკნელი კი სხვა და სხვა ძალით გავრცელებულია მოძრავ სფეროებში და უძრავ სფეროებში. ჩვენი სული უნდა ფლობდეს იმ ძალებს, რომელნიც ამათ შეეფერებიან და რომელთაგან თვითეული თავის საკუთარ დანიშნულებას ასრულებს. სულნი, რომელნიც ქვემოდან ცად ადიან, იცხოვრებენ იმ ვარსკვლავებზე, რომელნიც არიან ჰარმონიაში მათ (ამ სულთა) ზნესთან, მათ მიერ განვითარებულ ძალასთან, ან მათ “დაემონ”-ებთან. მაშასადამე, ამ სულებს ეყოლებათ იგივე “დაემონი”, რომელიც უმაღლესია ვიდრე ის ძალა, რომელსაც ისინი აღასრულებენ. “დაემონი” აქ არის ღმერთი, ან ღმრთეებრი ბუნებისა.

პროფ. ვაშროს განმარტებით – ერთის განჭვრეტა და მისი ქონება – ეს არის უკანასკნელი ხარისხი, უმაღლესი საზღვარი სულის სიცოცხლისა. ამისი მიღწევა იოლი არაა. პირველად ყოვლისა უნდა გაექცე ხალხს, და არავითარი კავშირი არ უნდა იქონიო არც მის ცხოვრებასთან, არც მის შეხედულებასთან; უნდა გაექცე სურვილებს, რომლებიც ჩვენი სულის ძალებს ანაწილებენ, რომლებიც უწმინდურ სიამოვნებისაკენ მიგვაქანებენ, ხან უგონო მოქმედებას მიგვამთხვევენ, გვაქცევენ ჩვენ სუსტად და ავხორცად; უნდა გაექცე შთაბეჭდილებათ, რომელნი ჩვენ შეუწყვეტელად გვეჩვენებიან და თავისი მრავალ სხვაობით გონებას ატყუებენ; უნდა გაექცე ბევრ-სახიან ოცნებას, რომელიც ჩვენ ერთისაკენ გზას გვიკეტავენ და გრძნობადობისაკენ მიგვაქანებენ. ეს არის გაქცევა სიცოცხლისაგან, უარყოფა სიცოცხლისა ერთ-თან, უზენაესთან შეერთების, შერთვის მიზნით.

და სწორედ გასაკვირველია, როდესაც ვეფხისტყაოსანს, სადაც მძაფრი ბრძოლაა სიცოცხლისა და სიყვარულისათვის, ნეოპლატონურ ნაწარმოებად აცხადებს ვინმე და ვინმე…

პროკლოსის სწავლით – გონიერ მსოფლიოსა და გრძნობად მსოფლიოს შორის, გონებასა და ბუნებას შორის არავითარი დამოკიდებულება არ არის. ამიტომ ჩნდება აქ მესამე, რომელიც არც ერთია და არც მეორე და მათ კი ერთმანეთთან აახლოებს. ესაა სული. სული წარმოადგენს პირველად ყოვლისა გონებას, რომლის ძე (ასული ) იგი არის; ოღონდ იგი წარმოადგენს აგრეთვე ყველაფერს, რაც არის გონებაში, სიცოცხლეში, არსებაში და თვით ერთშიც კი. იგი არის ერთება სამეული, სამება, რომელს აქვს თავისი არსი, თავისი სიცოცხლე, თავისი გონება, ანუ უფრო: იგი არის ერთბამად არსი, სიცოცხლე და ცნობა. სული არის 1. არსება უგვამო და განყოფილი გვამისაგან. 2. უკვდავი და უხრწნადი, 3. სიცოცხლე და ყველაფერი რაც არსებობს, 4. მას უკავია შუა ადგილი განუყოფელ არსთა და განყოფილ არსთა, რომელნიც გვამებში არიან, 5. ყოველი სული შემძლეა ეზიაროს საუკუნო, მარად არსს, 6. ყოველი სული ეზიარება არსებებს, რომლებსაც აქვთ თავისი არსი და შობილ ქმნილებათა შორის, 7. ყოველი სული მოდის დაუყონებლივ გონებისაგან, 8. სული მიზიარე იყენებს საუკუნო, მარად გვამს, იგი განაცხოველებს…

სულთა ჰიერარქია, პროკლოსის სწავლის მიხედვით, შემდეგია: – პირველი: პატივისა და ღირსების მიხედვით, არის “უმოზიარო” (“ამეთეკტე”), სადა სული, რომელიც მეუფებს ყველა ცოცხალ რიგზე-სერიაზე; მეორე: სულია მოზიარე (“მეთეკტე”), რომელიც განიყოფება მკაფიოდ სამი რიგით-სერიით: ა. ღმრთულნი სულნი, ბ. არა-ღმრთულნი სულნი, გარნა გონებასთან მონაწილენი, გონების მოზიარენი, გ. სულნი, რომელნიც ორში ერთის ამორჩევით, მიდიან გონებიდან არა-გონებამდე; პირველნი, ღმრთეებრივი ნათელით მოფენილნი, ღმერთთ ემსგავსებიან; მეორე სულნი, გონების თანახმად მოქმედნი, ღმერთებს მიეწერებიან; მესამე სულნი ეზიარებიან გონებას, ხოლო ღმერთებს კი, შემთხვევით. ღმრთეებრ სულთ აქვთ სამი გვარი მოქმედება, მათი სამობრივი ბუნების მიხედვით: ისინი ამოძრავებენ ქმნილებებს, რომლებიც თავისი თავით ვერ მოძრაობენ; ისინი განაცხოველებენ მათ, რომელნიც სიცოცხლეს ღებულობენ; ვითარცა სულნი გონებრივნი, მათ იციან და ყველაფერს აწესრიგებენ; ვითარცა სულნი ღმრთეებრნი, ისინი მოქმედებენ როგორც განგება = პროვიდენცია მსოფლიოში და ავრცელებენ კეთილობის ნიჭთ. ყველა კერძო სულს შეუძლია ჩამოსვლა თაობაში = გენერაციო-ში, დაუსრულებლივ, და ასვლა თაობიდან არსებამდე: ვინაიდან ეს კერძო სული ხან ღმერთებს მიჰყვება, ხან კი ვარდება თაობაში, ადამიანთა მოდგმაში; მას, კერძო სულს არ შეუძლია მუდამ ღმერთებთან დარჩეს; მასვე არ ძალუძს ყოველთვის იყო თაობაში; იგი არის მუდმივ მოძრაობაში: ჩამოდის თაობაში და ადის ღმერთთან განუწყვეტელად.

აქ ჩვენ მოკლედ გავეცანით ნეოპლატონიზმის შეხედულებას სულის საიქიოზე, რადგან ქვემოდ არა ერთ გზის გვექნება მის გამო საუბარი.

გნოსტიკოსურნი შეხედულებანი

გვამის სიკვდილის შემდეგ სული სატუსაღოდან თავისუფლდება და იწყებს აღსვლას ცად, რომლისაკენაც თვითეულმა სულმა გზა კარგად იცის: მთვარის შემდგომ ზემოთისაკენ არის სულთა სასუფეველი. ჰაერი სულთა აღსვლას არ აფერხებს, მაგრამ არის სულის წინაშე სამი მოირაი; პირველი შეიცავს ოთხ “ხორაი”-ს = რიგს, დედამიწის ზემოდ; მეორე – რვა რიგს იმ სიმაღლემდე, სანამ ჰაერი სწვდება თავისი მოძრაობით; მესამე – გავსებულია ნაზი, სუფთა ჰაერით და თავის მხრივ 16 ხორაის შეიცავს; მეოთხეს აქვს 32 ხორაი; უკანასკნელში არის უნაზესი და უცხადესი ჰაერი; ამასთანავე აქ არის საზღვარი ცეცხლადი ცისა. ამ სამოც რიგ = ხორაიში ცხოვრობენ სულნი და თავისი ღირსების მიხედვით აქ ალაგს მოიპოვებენ.

მეორე შეხედულების თანახმად, სულნი ადიან ცად და თვითოულ მნათობზე მისგან მიღებულ თვისებებს სტოვებენ და ამგვარად თავიანთ ცთომათაგან განთავისუფლებულნი და ცოდვათაგან განწმედილნი, უმაღლეს ცას მიაღწევენ.

ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, ამონარიდი

პარიზი, 1962 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."