არჩილ
ჯორჯაძეს პირველად შევხვდი პეტერბურგში სტუდენტობის დროს 1893-94
წლებში. მის სიმპატიურს სახეს, გონივრულს თვალებს და ნაზს გამომეტყველებას
ძალაუნებურად მიაქცევდით ყურადღებას. ჩემზე ერთი წლით ადრე იყო
ჩასული, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - იურიდიულზე.
ცალკე ჯგუფი ჰქონდათ არჩილს, ლუარსაბ ანდრონიკაშვილს და ორიოდე
ქართველ სტუდენტს კიდევ. მათ შემდეგ მიემატა ზურაბ ავალიშვილი.
ჟურნალ «სევერნიე ზაპისკის» ფაქტიურ რედაქტორ ვოლინსკისთან იყვნენ
დაახლოებულნი და მისი ხელმძღვანელობით ეცნობოდნენ ფილოსოფიურ
და რელიგიურ საკითხებს. დანარჩენ სტუდენტებს კი უფრო ქართული
ცხოვრება, ქართული მწერლობა და ისტორია გვაინტერესებდა და ამ
ნიადაგზე ერთნაირი გათიშვაც კი იყო ჩვენს და მათ შორის. ჩვენ
პოლიტიკა გვიტაცებდა, იმათ კი აპოლიტიკობა ემჩნეოდათ, თუმცა
არჩილთან კერძოდ შეკამათება არასოდეს არ გვქონია, მაშინაც ისეთი
ჯენტლმენი იყო, როგორსაც შემდეგ ყველანი ვიცნობდით, მის გულს
არ ეუცხოვებოდა ჩვენი ზრახვა და მისწრაფება. მახსოვს ერთი კრება
ქართველ სტუდენტთა სათვისტომოსი. პოლიტიკური დამნაშავე კურსისტი
ვეტროვის ქალი ისე გაამწარეს მთავრობის აგენტებმა პეტრე-პავლეს
ციხეში, რომ ნავთი გადაისხა ტანზე და თავი დაიწვა. ამან ისე
ააშფოთა სტუდენტობა, რომ გადაწყვიტეს ყაზანის ტაძრის მოედანზე
დიდი დემონსტრაციის გამართვა. წინა დღით შევიკრიბენით ქართველები,
ვბჭობდით, მივიღოთ მონაწილეობა თუ არა-თქო, კრებას თავმჯდომარეობდა
არჩილი და მოგვიწოდებდა, არ გამოვთიშულიყავით და ჩვენი ხმა შეგვეერთებინა
სტუდენტობის საერთო ხმისთვის. დიდი უმეტესობა წინააღმდეგი იყო,
ქართველობა ცოტა ვართ, ჩვენ ისედაც ბევრი საკუთარი საქმე გვაქვს
და დინჯად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძალ-ღონეს გავუფრთხილდეთო. ამისდაგვარი
განაჩენი გამოვიტანეთ. მაგრამ მეორე დღეს, წინააღმდეგ ამ დადგენილებისა,
ყველანი ყაზანის მოედანზე გავედით და მხურვალე მონაწილეობა მივიღეთ
დემონსტრაციაში, რომელიც მეტად გრანდიოზული გამოვიდა და ხანგრძლივი
სიჩუმის შემდეგ პირველი გამოღვიძება იყო რევოლუციური სულისკვეთებისა.
აქვე იყო, რასაკვირველია, არჩილიც. მის მომხიბლავ სახეს კიდევ
უფრო ალამაზებდა ღრმა სიამოვნება. უხაროდა არა ის, რომ მისმა
აზრმა გაიმარჯვა, არა, სიხარულს განიცდიდა იმით, რომ კეთილშობილურმა
ახალგაზრდულმა გრძნობამ დასძლია მშრალი განყენებული მსჯელობა
და ქართველები მხარში ამოვუდექით სხვებს.
ამ დემონსტრაციამ მთელი პოლიცია ფეხზე დააყენა.
დიდი მითქმა-მოთქმა შეიქნა, ხოლო მთავრობა მოერიდა გამწვავებას
და მარტო სამ-სამი დღით დაგვატუსაღეს დემონასტრაციის მონაწილენი.
ამის შემდეგ არჩილი მალე წავიდა უცხოეთში. იყო ინგლისში და საფრანგეთში.
უფრო გაიტაცა ზნეობრივმა საკითხებმა, გაეცნო ტოლსტოის მოძღვრებას
და შეიქნა მისი მიმდევარი. დაწვრილებით არაფერი ვიცოდი დიდხანს,
კანტიკუნტად თუ მოგვდიოდა ცნობები. გვეგონა, რომ იგი სამუდამოდ
მოწყდა ჩვენს ცხოვრებას და დაიკარგა სამშობლო ქვეყნისათვის.
|
მაგრამ
თურმე შორს, უცხოეთში გარდახვეწილ არჩილის სულში დიდი პროცესი
ხდებოდა. შორიდან იგი უფრო დაუახლოვდა მშობელ მიწა-წყალს, უფრო
მწვავედ იგრძნო თავის ერის განცდანი, უფრო ჩაწვდა მის უბადრუკს
ცხოვრებას. ღრმა სულიერის ტანჯვით და დაკვირვებით ეძიებდა გზას
ქართველი ერის განვითარებისთვის და ჰპოვა კიდეც: ეს იყო გზა
განვითარებისა საკუთარ ნიადაგზე, საკუთარის კულტურის და შემომქედების
განცხოველება.
1901 წელს ქუთაისში ვიყავი. იმჟამად «ცნობის
ფურცელი» გადავიდა ახალგაზრდათა ერთი მცირე ჯგუფის ხელში გ.
ლასხიშვილის ხელმძღვანელობით. აქ დაიწყო პირველად წერა სამშობლოში
დაბრუნებულმა არჩილმა. ეხებოდა ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო
საკითხებს, ხელი შეახო ჩვენი არსებობის მთავარ ძარღვებს და ისეთის
დარბაისლურის, დინჯის, დაკვირვებულის ენით წერდა, რომ ერთბაშად
დააინტერესა მკითხველი საზოგადოება. ყველა დიდი ხალისით კითხულობდა
მის წერილებს, რომლებიც აუცილებლად იწვევდნენ, აზრთა გამოცვლა-გაცვლას
და კამათს. წერდა, რაც ყველას აწუხებდა, რის გარშემო ტრიალებდა
ყველას ფიქრი და გონება.
პირველად რომ წავიკითხე არჩილის წერილები,
გამიკვირდა, არ მოველოდი ასეთ შეთვისებას სამშობლო ქვეყნის ინტერესებისას,
ასეთ ძლიერ სიყვარულს ერისა. სულ სხვანაირი ზნეობრივ-რელიგიური
საკითხებით გატაცებული არჩილი დღეს თავისი ერის თავისუფლების
მებაირაღედ გამოდიოდა.
1901 წ. შემოდგომაზე ტფილისში გადმოვსახლდი.
გაზ. «ივერიის» კორექტორი ვიყავი და დროგამოშვებით წერილებსაც
ვათავსებდი ამ გაზეთში. არჩილს და მის თანამოკალმეებს იშვიათად
ვხვდებოდი, რადგან «ივერიასა» და «ცნობის ფურცელს» შორის პოლემიკა
იყო, თუმცა პირადად ჩემი წერილები «ცნობის ფურცლისას» უფრო ენათესავებოდა.
რამდენიმე თვის შემდეგ მე «ცნობის ფურცლის» რედაქციაში გადავედი
და შევიქენი მისი ახლობელი, მუდმივი თანამშრომელი. იქ მაშინ
მუშაობდნენ გ. ლასხიშვილი, ა. ჯორჯაძე, ვლ. ლორთქიფანიძე. ამ
დღიდან იწყება ჩემი დაახლოება არჩილთან და სხვა ამხანაგებთან.
გარდა საგაზეთო მუშაობისა, ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო გეგმის
შემუშავება პრაქტიკულ მოღვაწეობისათვის და მოწყობა არალეგალური
გაზეთის გამოცემისა უცხოეთში. ვიკრიბებოდით თხუთმეტიოდე კაცი,
ვკამათობდით, ვარკვევდით დედა მუხლებს ახალი პარტიის პროგრამისთვის,
ვაგროვებდით ფულს. ჩვენთან მაშინ იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც
ჩვენი მუშაობის მხოლოდ ერთი მხარე აინტერესებდათ, სახელდობრ,
ეროვნული, და მერე ჩამოგვშორდნენ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა
ჩვენი მიმართულება - ეროვნული, მაგრამ იმავე დროს წმინდა სოციალისტური.
რამდენიმე კრებაზე ცხარე კამათი გვქონდა უკანასკნელი საკითხის
შესახებ. ზოგიერთები მოითხოვდნენ, რომ ახალი პარტიის გეგმაში
არ ყოფილიყო სოციალიზმის ხსენება, მაგრამ ამას წინ აღუდგა დიდი
უმეტესობა და მათ შორის არჩილიც. იგი მედგრად იცავდა იმ დებულებას,
რომელიც ასე ახასიათებს მთელს მის მოძღვრებას: მისთვის განუყოფელი
იყო ქართველი ერის და მშრომელი ხალხის ინტერესები. რამდენსამე
თვეში საკმაო ფული შევაგროვეთ, მასალებიც დავამზადეთ და არჩილი
და მასთან გიორგი დეკანოზიშვილი, რომელმაც დაუფასებელი ამაგი
დასდო ჩვენს მიმართულებას თავის საორგანიზაციო ნიჭითა და პრაქტიკულის
მუშაობით, გავამგზავრეთ პარიზში, სადაც მალე გამოვიდა პირველი
ნომრები ჩვენი არალეგალური გაზეთის «საქართველოსი». გაზეთის
გარდა გამოდიოდა ცალკე წიგნაკები და ფურცლები.
რამდენს სიხარულს იწვევდა იქიდან მიღებული
გაზეთი და ფურცლები! როგორ ვტაცებდით ერთმანეთს ხელში! რა აღფრთოვანებით
შევყურებდით მომავალს!
არჩილი ფიზიკურად სუსტი იყო. ბევრი უსიამოვნება
და მწუხარება ჰქონდა გამოვლილი ოჯახში თუ პირად ცხოვრებაში.
ყოველი აზრი და შეხედულება დიდის განცდით და ღრმა სულიერი პროცესით
ჰქონდა მოპოვებული. მისთვის არ კმაროდა გაგონება და წაკითხვა,
ყველაფერი უნდა შეესისხლხორცებინა, განეცადა მთელის არსებით,
ყველაფერს უნდა ჩასწვდომოდა სიღრმემდის. ასეთი ადამიანი ყოველთვის
სანთელივით იწვის, მეტად ნერვიულმა და ცხოველმა მუშაობამ დააუძლურა
არჩილი და ამხანაგები იძულებულნი იყვნენ სამშობლოში გამოეგზავნათ
იგი 1905 წელს. უკურნებელის სენით დაავადმყოფებულს შევხვდი ბათომში.
მისმა ძალზე გამხდარმა, ჩალურჯებულმა სახემ საშინელი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე. შევშინდი და არ მეგონა, თუ რამდენიმე დღეს მაინც
გაძლებდა.
მაგრამ სულ სხვა იყო მისი ძლიერი სული, რომელიც
დაავადებულს სხეულს ულმობლად, გულგაუტეხელად ებრძოდა, არ ემორჩილებოდა,
თითქოს უარყოფდა მის არსებობასაც და თუმცა მეტ წილად ლოგინზე
იყო მიჯაჭვული, თუმცა ექიმები დღედღეზე მოელოდნენ მის გარდაცვალებას
და გაოცებულნიც იყვნენ, რომ ის ცოცხალი იყო, მაგრამ მაღალის,
აღფრთოვანებულის სულისა და რწმენის მეოხებით შვიდი წელიწადი
იცოცხლა კიდევ და ეს დრო იყო საუკეთესო და უნაყოფიერესთაგანი
მთელს მის ცხოვრებაში. მისმა მომწიფებულმა ნიჭმა გამოიჩინა დიდი
ანალიტიური და სინთეტიური ძალა ჩვენი საზოგადოების შესწავლაში
და ღრმა რწმენა იმ სოციალურ-პოლიტიკური იდეალისა, რომელსაც თავიდან
ემსახურებოდა. მისი გული იმედისა და სიმხნის კალო იყო და ყოველი
განსაცდელის, ყოველი სერიოზული მოვლენის დროს მისკენ იყო მიქცეული
ამხანაგების თვალები. თუ რომელიმე ჩვენთაგანი ჩამორჩებოდა მუშაობაში,
არ იჩენდა საკმაო ენერგიას და მუყაითობას, არჩილი მაშინვე მოაგონებდა
მოვალეობას და წაახალისებდა სამუშაოდ. მისი სიტყვა ყველასათვის
კანონი იყო. ერთგული ამხანაგიც იყო, მასწავლებელი, მოსამართლე,
მსაჯულიც, თუ ტფილისში არ იმყოფებოდა, საგანგებოდ მივდიოდით
რომელიმე, სადაც იყო, და იქ ვეკითხებოდით რჩევა და დარიგებას.
1910 წელს რომ დაგვატუსაღეს ამხანაგები, ყველას
მეტად გვაწუხებდა, ვაითუ არჩილიც დაატუსაღონ და მოუსწრაფონ სიკვდილი-თქო,
მაგრამ რაღაც სასწაულით ხელი არ ახლეს სამარის კარზე მდგომს
და თავისუფლად დასტოვეს.
ციხიდან რომ გამოგვიშვეს, მეორე დღესვე ვნახეთ
არჩილი. გადაგვკოცნა, გაგვამხნევა, ჩვენზე უფრო ახარებდა ჩვენი
განთავისუფლება. გულს გვიკეთებდა, მართალია, გადაგასახლეს, მაგრამ
აქ დარჩენილები გავაათკეცებთ მუშაობას და საქმეს ერთს წუთსაც
არ შევაფერხებთო. იმ დროს სამშობლოსათვის მსხვერპლად შეწირულის,
უდროოდ დაკარგულის გიორგი დეკანოზიშვილის გვამი ახლად ჩამოსვენებული
იყო თბილისში. არჩილი და რამდენიმე ამხანაგი ერთად წავედით მისი
საფლავის სანახავად. ვინახულეთ ერთგული მეგობრების შ. ჩიტაძისა
და ვლ. ლორთქიფანიძის საფლავები. თაყვანი ვეცით, მოვიგონეთ გარდასული
დღენი და იმედით შევხედეთ მომავალს. ციხეში ყოფნის შემდეგ მეტის
სიცხოვლით ვგრძნობდით თავისუფლების სიმშვენიერეს, ადამიანის
უფლების აღდგენის ღირსებას.
ვიდრე სამშობლოდან გაძევებული გავემგზავრებოდი
რუსეთისაკენ, ხშირად შევდიოდი არჩილთან სასაუბროდ. უკანასკნელად
რომ ვნახე და მეგობრული საუბრის შემდეგ რომ გამოვეთხოვე, არჩილმა
მითხრა: განა ვნახავთ კიდევ ერთმანეთსო? მე მაშინვე გულწრფელად
ღიმილით მოვუჭერი სიტყვა: აბა რას ამბობ? არათუ ვნახავთ, ვნახავთ
გაცილებით უკეთეს პირობებში-მეთქი.
აღარ გამართლდა ჩემი იმედი, სამწუხაროდ. მე
იგი ვეღარ ვნახე ცოცხალი, მაშინდელი ამბორი იყო უკანასკნელი
და სამშობლოში დაბრუნებულმა მის ახლად დასაფლავებულს გვამსღა
მოვუსწარი.
მაგრამ არა! ჩემი იმედი არ გაცრუებულა. არჩილი
მხოლოდ გარდაიცვალა, იცვალა სახე, რომელიც მარადია, უკვდავია,
რომელიც ეხლა უფრო ბრწყინვალეა. ამ სახეს უნაზესი სიყვარულით
შესცქერის ერის მოწინავე ნაწილი. ეს სახე სიმბოლოა ჩვენის აღდგენისა
და განახლების.
|