მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: ცენზურა და პრესა

მე რომ მწერლობა დავიწყე, ქართული ენის ცენზორად იყო გ. ჟურული, ის კარგა ხანია ცენზორობდა. მის წინ რაფ. ერისთავი იყო ცენზორად და კიდევ ადრე ისარლიშვილი, რომელიც ძლიერ სასტიკი იყოო. გ. ჟურულიც ავიწროებდა ქართულ გამოცემებს.

თვითმპყრობელობის დროს წიგნების და გაზეთების ცენზურას განაგებდა ეგრეთწოდებული საცენზურო კომიტეტი, რომლის ნების დაურთველად ერთი სტრიქონი ვერ დაიბეჭდებოდა. ამ კომიტეტს თბილისში შეადგენდნენ თავმჯდომარე, ორი უფროსი ცენზორი: ერთი ევროპული ენებისა, მეორე - რუსულისა, ორი უმცროსი ცენზორი - ქართულისა და სომხურის, სტამბების და წიგნის მაღაზიების მეთვალყურე ინსპექტორი და მდივანი, სულ შვიდი კაცი.

ქართული ენის ცენზორი ქართველი იყო. ამ თანამდებობაზე, რასაკვირველია, სანდო პირს ნიშნავდნენ, რომელსაც ზევიდან დირექტივები ეძლეოდა და იმყოფებოდა კომიტეტის უშუალო კონტროლის ქვეშ. ცენზორს დავალებული ჰქონდა სასტიკად ედევნებინა თვალყური განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობისათვის. რომელიმე უბრალო მოვლენა პატარა ერის ცხოვრებაში მთელ ალიაქოთს იწვევდა. თვით არსებობა არარუსი ერებისა უკანონობად და დანაშაულად იყო მიჩნეული. «ინოროდცებს» ითმენდნენ მხოლოდ, ითმენდნენ იმის მოლოდინში, რომ ყველანი ისინი მალე გარუსდებოდნენ.

ასეთი მტრული განწყობილების პირობებში ქართული პრესა (ისე როგორც სხვა ბევრი) დიდ შევიწროებას განიცდიდა ცენზურისაგან. საქართველოში ცენზურა უფრო მძაფრი იყო, ვიდრე შიდა რუსეთში. ხშირად ხდებოდა, რომ ქართულ გაზეთს უკრძალავდნენ ამოეღო ცნობები რუსულ გაზეთებიდან და გადმოეთარგმნა რუსულ ლიბერალურ გამოცემების თუნდაც მეტად ფრთხილი და ზომიერი წერილები.

ცენზურას (ან უკეთ მის პატრონს, თვითმპყრობელობას და იმპერიალიზმს) ორი რამ აფრთხობდა: რევოლუციური მოძრაობა ეკონომიურ-სოციალური ხასიათისა მუშებსა და გლეხებში და არარუსი ხალხების ეროვნული გამოღვიძება. ცენზურა არ უშვებს ცნობებს გაფიცვების შესახებ რუსეთში თუ უცხოეთში. არ შეიძლება დაიბეჭდოს ამბავი გლეხების შეტაკებისა მემამულეებთან. ცენზორი წითელი მელნით გადახაზავს, როგორც მავნებელს, ასეთ უბრალო ცნობას: თბილისის ცხენის რკინიგზაზე მომუშავეებს ხელფასი დაუკლეს, ისინი გაიფიცნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ გაუძლეს გაჭირვებას და დამორჩილდნენ პატრონებს. სერბიაში მუშებმა სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსეს და ამის გამო მანიფესტაცია გამართეს. ამის გამოქვეყნება უკანონობად მიიჩნია ცენზურამ. ასევე შეუძლებლად დაინახა გამჟღავნება იმის, რომ ქუჩაში მთვრალი ჟანდარმი ნახეს, რომ ამა და ამ საპატიმროში დიდი უსუფთაობა აღმოაჩინა პროკურორმა, რომ ციხიდან ტუსაღი გაიქცა, რომ ოდესაში სექტანტებმა ითხოვეს ნებართვა სალოცავად შეკრებისა და სხვ. აკრძალულია დაბეჭდვა ისეთი სურათებისა, რომლებიც გამოხატავენ იმპერატორის ჯარის დამარცხებას რუსეთ-იაპონიის ომში.

მაგრამ ასეთ ამბებს, როგორც საზოგადო მოვლენებს, ცენზურა შედარებით უფრო ლმობიერად უყურებს, მათი ეშინია, ხოლო ფიქრობს, ეს საყოველთაო «ჭირი და უბედურებაა». მას უფრო აშფოთებს არარუს ერების ამოძრავება, საზოგადოდ ეროვნული გრძნობის გამოცხადება. ქართულ გაზეთს არა აქვს ნება დასტამბოს წერილი სილოვან ხუნდაძისა იმის შესახებ, საჭიროა სწავლება დაწყებით სკოლებში დედაენაზე წარმოებდეს. ცენზორისაგან წაშლილია ახალი ამბავი, რომ სვანეთის და სამეგრელოს სკოლებში სწავლება რუსულად იქნება და ქართული სრულიად განდევნილი იქნება, რომ სამეგრელოში რუსულის სწავლება მუნჯურის მეთოდით იქნება, რომ ფინლანდიაში ამიერიდან სახელმწიფო დახმარება არ მიეცემა იმ სკოლის მასწავლებელს, სადაც რუსული ენის სწავლება ცუდადაა დაყენებული და სხვ. არ შეიძლება დაბეჭდვა ისეთი ცნობებისა და წერილებისაც, რომლებიც ეხებიან უცხო ქვეყნების მოძრაობას და ბრძოლას.

საქმეს ოდნავად არ შველოდა ის გარემოება, რომ ქართულ გამოცემას ქართველი ცენზორობდა. პირიქით, ხანდახან ეს მავნებელიც იყო. ქართველმა ცენზორმა საქართველოს ცხოვრების ყოველი ავი და კარგი იცოდა, რა მიდრეკილება, რა აზრები, რა ხმები ტრიალებდა ქართველებში და თუ რომელიმე მოხერხებული მწერალი შეეცდებოდა მიხვეულ-მოხვეული გზით, მიკიბულ-მოკიბული ენით, ქარაგმებით, იგავებით ფარულად თავის ეროვნულ ზრახვების შეპარებას, ქართველი ცენზორი ამას ადვილად მიუხვდებოდა და წითელ მელანს გადაუსვამდა დაწერილს.

ასე იყო, მაგალითად, გ. ჟურულის ცენზორობის დროს, რომლის ხელში მეტად შევიწროებულნი ვიყავით ჟურნალისტები. ჩვენი აზრების გაპარების საშუალებას მოკლებულნი ვიყავით და სულს მოვითქვამდით, როცა ხანდახან გ. ჟურული შვებულებაში წავიდოდა ან ავად გახდებოდა და მის მაგიერ ქართულ გაზეთს ცენზორობას უწევდა ქართულის მცოდნე უფროსი ცენზორი ქიშმიშოვი. გ. ჟურული რომ რასმე აკრძალავდა, მორჩა, გათავდა, არა ეშველებოდა რა, ქიშმიშოვთან კი მოლაპარაკების გამართვა გვშველოდა და ხანდახან დაგვითმობდა და წაშლილის აღდგენის ნებას მოგვცემდა.

მაგონდება ერთი შემთხვევა: შუა ზაფხული იდგა, ძლიერ ცხელოდა. ცენზორმა ქიშმიშოვმა ჩემი ფელეტონი მეტად შელახა. გაზეთის ნომრის გამოსვლა ფერხდებოდა, არაფერი გვქონდა მომარაგებული ცარიელი ადგილის შესავსებად. მირჩიეს, წადი ქიშმიშოვთან, პირადად მოელაპარაკე, ეგებ შეგვიბრალოსო.
მივედი, დავრეკე და კარგა ხანს მომიხდა ცდა. ბოლოს, როგორც იყო, გაიღო კარი. ჩემს წინ ხანში შესული კაცი იდგა, თეთრი საცვლების ამარა. სიმპათიური გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, სიცხე ძლიერ აწუხებდა, წამდაუწუმ ოფლს იწმენდდა. ვინა ხარ, რა გინდაო? მკითხა. მეც ავუხსენი, თუ რისთვის მივედი. ჰო, მე რაც წავშალე თქვენს წერილში, ის უნდა ამოიღოთ, მთავრობის საწინააღმდეგოა. გავმართეთ კამათი. მე ვუმტკიცებდი, თუ არაფერს გვათქმევინებთ, გაზეთის გამოცემას რა აზრი ექნება. ის თავისას ამბობდა. არ მოვეშვი. სიცხე და ოფლი უფრო და უფრო აწუხებდა. შემატყო, რომ არ ვშორდებოდი, ხელი ჩააქნია და მითხრა: კარგი, კარგი, გაუშვით, თავი დამანებეთ. გამომართვა საცენზურო ამონაბეჭდი ფურცელი და წაშლილი ადგილები კვლავ აღადგინა დასაბეჭდად.

გ. ჟურულის შემდეგ პ. გოთუა იყო ცენზორად, რომელიც ფართოდ გვაძლევდა თავისუფლებას. მას მოყვა ან. ღულაძე, ესეც არ გვავიწროვებდა მაინცდამაინც. უკანასკნელი ცენზორი იყო ივ. პოლუმორდვინოვი, რომელიც კანონს ემორჩილებოდა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, რაც შეიძლება, რბილად და ლმობიერად მოგვპყრობოდა და არ დავზიანებულიყავით. გვაფრთხილებდა წინდაწინ, თუ რამ ხიფათი მოგველოდა. მე პირადად, სხვათა შორის, ისიც შემატყობინა, შენს სახელზე ფოსტით მოსულ ბარათებს ჟანდარმერია სინჯავსო.

საერთოდ, მე პირადად ცენზურას ძალიან არ ვუყვარდი. დაეჭვებით და შიშით ხვდებოდა ყოველ ჩემს წერილს, რამე არ იყოს დაფარულიო. პირველ ჩემს ფელეტონურ წერილებს სათაურად დავარქვი «ფიქრები, მხოლოდ ფიქრები». ამით ის მინდოდა მეთქვა, რომ რასაც ვწერ, ეს მხოლოდ ფიქრებია, აზრები და არა რამე საქმე და მოქმედება და მარტო ფიქრი აბა რა საშიშია. ცენზურას ესეთი სათაური არ მოეწონა და კინაღამ წამიშალა.

მერე რეგულარულად საკვირაო ფელეტონების წერა რომ დავიწყე, მათ «პატარა ამბების» სახელი ვუწოდე. პირველ ფელეტონში განვმარტე ასეთი აზრი, რომ დღევანდელი პატარა ამბები ამზადებენ მომავალ დიდს ამბებს, ამ ფელეტონიდან ცენზურამ დიდი ადგილი ამოშალა, სადაც ნათქვამი იყო: ...«პატარა ამბებიც მოსჭამენ თავის დღეს და ჩვენც ვეღირსებით უკეთეს ამბებს. ოქროს დრო ჩვენს უკან კი არაა, არამედ ჩვენს წინაა! დავცინით იმ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ პატარა ამბებს წამოაყენებს წინ, იგი არ არის სანატრელი, და გავიხედოთ წინ, წინ!.. ვერავითარი ძალა ვერ აღმოფხვრის ადამიანის გულიდან სურვილს ადამიანურ ცხოვრებისას» და სხვ.

რევოლუციური მოძრაობა რომ დაიწყო ამ საუკუნის დასაწყისიდან, ცენზურის გარდა, პრესას ახალი ზედამხედველი და ბატონი გაუჩნდა: ადმინისტრაცია, ჟანდარმერია, პოლიცია. გაზეთები ხშირად იკეტებოდა, ეს თითქმის სულ ადმინისტრაციის განკარგულებით, რომელიც უფრო შეუბრალებელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ცენზურა. უბრალო მიზეზი საკმარისი იყო გაზეთის დასახურავად და მისი რედაქტორის დასატუსაღებლად. ჩემი «გლეხი» და «მზე» თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით დაიკეტა, «ცნობის ფურცლის» ჯალათიც გენერალ-გუბერნატორი იყო.

ადმინისტრაცია წიგნებსაც სდევნიდა და არა ერთი და ორი გამოცემის კონფისკაცია მოახდინა. 1906 წ. ბოლო იყო, სტამბიდან ახლად დაბეჭდილი «საგლეხო კალენდარი» მომქონდა, ყოფილ ვორონცოვის ხიდთან პოლიციელმა (მილიციონერმა) გამაჩერა, წიგნები რომ დაინახა, წამიყვანა პოლიციაში, სადაც დიდხანს მაცდევინეს განუკითხავად. ჩემს ბედზე პოლიცმეისტერმა (პოლიციის უფროსმა) შემოიარა და რატომღაც კარგი თვალით შემომხედა. იკითხა, რატომაა დაკავებულიო. უთხრეს: დაბეჭდილი წიგნები მოჰქონდაო. ბოქაულს უბრძანა: გასინჯეთ ახლავე და თუ საამისო არაფერია, გაუშვითო. გასინჯეს და რა ნახეს, კალენდრები იყო. გამათავისუფლეს.

უკვე ვთქვი, რომ ცენზურა მეტად მემტერებოდა. არა მარტო ადგილებს წამიშლიდა და აკრძალავდა, ხანდახან მთლად აკავებდა ფელეტონს და რედაქცია იძულებული იყო, ჩემი ფელეტონის ადგილზე შემდეგ ფართო განცხადება მოეთავსებია: «დღეს «სიტყვას» (ჩემი ფსევდონიმი) «პატარა ამბები» ვერ იბეჭდება».

ასეთი პირობების მიზეზით იყო, რომ 1906 წ. ჩემს ფელეტონებს სხვა სახელი დავარქვი: «დღევანდელი ამბები» და ფსევდონიმიც გამოვიცვალე, «სიტყვის» ნაცვლად «იგივე» მოვაწერე. ვფიქრობდი, ამით ეგებ, დროებით მაინც, სასტიკად არ დამტაკებოდა ცენზურა და პოლიცია ჩემი ძველი «ცოდვების» გახსენების წყალობით.

შეიძლება ეს თავის მოტყუება იყო და მტერმა თავიდანვე კარგად იცოდა, რომ «იგივე» «სიტყვის» განმეორება იყო.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."