მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე 1902 წ. მაისში, წერა-კითხვის საზოგადოების საერთო კრებაზე, რომელსაც ის თავმჯდომარეობდა. კრებამ დაამთავრა ყველა საკითხი და ერთი კვირის შემდეგ მოხდა მისი გაგრძელება ილიასავე თავმჯდომარეობით. ამ მეორე კრებაზე მე ამირჩიეს საზოგადოების გამგეობის წევრად. ივნისში გამგეობამ მდივნობა მომანდო და მალე საქმისმწარმოებლის მოვალეობაც დამაკისრა, ნაცვლად პ. მირიანაშვილისა, რომელიც გ. ცხვედაძემ გადაიყვანა ქართული გიმნაზიის დიდი შენობის (ახლანდელ უნივერსიტეტის) სააღმშენებლო კანცელარიის გამგედ.

ეს ის დრო იყო, როცა ახალთაობა მიაწყდა წერა-კითხვის საზოგადოებას და მოინდომა მისი საქმეების მართვაში მონაწილეობის მიღება. იგი კარგად ხედავდა, თუ რა დიდი კულტურული და ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა ამ დაწესებულებას და განიზრახა მისი მოღვაწეობის გაცხოველება. მრავალი ახალი წევრი ჩაეწერა საზოგადოებაში. დიდძალი ხალხი მოდიოდა საერთო კრებებზე და ცხარე კამათი იმართებოდა ძველსა და ახალ მოღვაწეებს შორის. 1901 წ. შემოდგომაზე გამგეობის არჩევნები რომ მოხდა, რამდენიმე ახალგაზრდა გავიდა გამგეობის წევრად და ილია ჭავჭავაძის კვლავ თავმჯდომარედ არჩევას მთელმა კრებამ არ მისცა ხმა: ორმა მესამედმა თეთრი მისცა და ერთმა შავი.

ილია ჭავჭავაძე წ. კ. საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო, მე მდივანი და საქმისმწარმოებელი და, ცხადია, ხშირი შეხვედრა და ახლო დამოკიდებულება უნდა მქონოდა მასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტიურად ილია საზოგადოების საქმეებში უკვე მონაწილეობას არ იღებდა. წინა წლებში ხანდახან კიდევ ესწრებოდა გამგეობის სხდომებს, ხოლო 1902 წ. მეორე ნახევრიდან ერთხელაც არ მოსულა გამგეობის სხდომაზე. რამე მძიმე საკითხზე თუ რჩევას ვთხოვდით, ან დიდი საჭიროების ქაღალდზე ხელს თუ მოვაწერინებდით. გამგეობის ნამდვილი თავმჯდომარე იყო ნ. ცხვედაძე.

საზოგადო კრებებს კი ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ესწრებოდა და თავმჯდომარეობდა. ამ თავმჯდომარეობაში ჩანდა მთელი მისი ბუნება. მტკიცე ხასიათის იყო, დისციპლინის და წესის მოყვარე, თავის უფლების სასტიკი დამცველი. კომპრომისი არ იცოდა. მაგრად იჯდა და ადგილიდან ადვილად დაძვრას ნურავინ იფიქრებდა. რკინა იყო, ფოლადი, ძნელად მოსაღუნი. დინჯი, იოლად არ აპილპილდებოდა. მოუფიქრებელს არაფერს იტყოდა. მის ნათქვამს წონა ჰქონდა, მძიმე იყო. დატვირთული. თავის ძალას გრძნობდა, მოპირდაპირეს ყურადღებით უსმენდა. იცოდა მახვილი რეპლიკები. ერთხელ ვიღაცამ უსაყვედურა: სიტყვას ბანზე ნუ აგდებთო. ილიამ მოუჭრა: თუ ვერ მიწვდებით, კიბე მოიშველიეთო!

ერთხანს საზოგადო კრებებზე ბევრი ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ საზოგადოების სკოლების სარევიზიოდ სპეციალურად მომზადებული პედაგოგი უნდა იგზავნებოდეს, რომ კარგად შეაფასოს სკოლის ვითარებაო. ერთმა მასწავლებელმა გაცხარებით წამოიძახა: არაპედაგოგის შესვლა სკოლაში სკოლის შეურაცხყოფა არისო. ილიამ უთხრა: ამის თქმა შეუძლებელია. მასწავლებელმა იწყინა: აბა, ჰკითხეთ კრებასო, ამაზე ილიამ წყნარად მიუგო: ასეთი საკითხები კენჭის ყრით არ გადაიჭრებაო.

საერთოდ, ილიას რომ უყურებდით, გრძნობდით, რომ «ოთარაანთ ქვრივში» ილიამ თავისი ზნე და ხასიათი, თავისი რწმენა და მორალი გადაიტანა.


ფოტოზე: ილიას თანამეცხედრე ოლღა გურამიშვილი

ფოტოზე: წმინდა ილია მართალი

უკანასკნელად საზოგადოების საერთო კრებას დაესწრო 1906 წ. დეკემბერში. მან მწუხარედ გახსნა კრება და დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ შიო ჩიტაძის (კაზაკებმა გაუგმირეს გული 4 ივლისს) და ნიკო ხიზანიშვილის (ვიღაცამ მოკლა პირადი ინტერესით რამდენიმე დღის წინ) ხსოვნისათვის. ილიას რაღაც საქმე ჰქონდა თუ შეუძლოდ იყო და ამის შემდეგ კრება დასტოვა, რომელიც გაგრძელდა ნ. ცხვედაძის თავმჯდომარეობით.

სამგლოვიარო ამბის გახსენებით გამოეთხოვა ილია ჭავჭავაძე წერა-კითხვის საზოგადოებას და ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ წიწამურის ტრაგედია დატრიალდებოდა და მთელ საქართველოს საგლოვი გაუხდებოდა თვითონ მისი საშინელი დაღუპვა.

ვინ მოკლა ილია? ვინ იყო ამის ჩამგონებელი და ვინ ფიზიკური ამსრულებელი?

მე ამაზე არ მინდა ვილაპარაკო. გავიხსენებ მხოლოდ იმ უკმაყოფილების ატმოსფეროს, რომელიც არსებობდა იმ დროს ახალ თაობაში ილიას პიროვნების გარშემო.

ილიას წინააღმდეგ საყვედურები და სამდურავები სხვადასხვა მხრიდან გაისმოდა. მე არაფერს ვამბობ მაჩაბლისტებზე, მათ შემოტევებზე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმეების გამო. ეს უკვე დასრულებული ამბავი იყო, მხოლოდ მისი ანარეკლი ხანდახან გამოჩნდებოდა აქა-იქ.

ფართო და მოურიდებელი პოლემიკა დაუწყეს ილიას «მესამედასელებმა» ამ საუკუნის დასაწყისში, უწუნებდნენ დემოკრატიზმს, საზოგადო საქმეების სიყვარულს; მისი ეკონომიური და სოციალური შეხედულებანი რეაქციონურია, იგი ბანკირია, ბანკის ინტერესების დასაცავად პუბლიცისტობს, თავისუფლებას და სამართლიანობას უმღერდა ვითომც, მაგრამ ამის ლექსები გამოაქვეყნა არა მაშინ, როცა საჭირო იყო, არამედ დაგვიანებით, მის დახატულ ხალხის გმირებს აკლიათ გულითადობა და სხვა.

ახალთაობის მეორე ჯგუფიც «ცნობის ფურცლიდან» მომდურავი იყო: უწუნებდნენ ილიას და საზოგადოდ ძველს მოღვაწეებს, რომ მარტო პოლიტიკურს, ეროვნულ საკითხებს აქცევდნენ ყურადღებას და ავიწყდებოდათ, რომ ხალხის კეთილდღეობისათვის აუცილებელია როგორც ეროვნული განთავისუფლება, ისე სოციალური სამართლიანობის დამყარება ეროვნულად განთავისუფლებულ ერში.

ორივე ახალგაზრდობას არ მოსწონდა ძველი მოღვაწეების ფრთხილი, გაუბედავი ბრძოლის მეთოდი. ახალთაობის მთავარი იარაღი იყო რევოლუციური მოქმედება, ხალხური, მასიური გამოსვლები, მეტი აქტივობა.

მთელი რუსეთი, მთელი საქართველო ამოძრავებული იყო, ყოველმხრით ისმოდა პროტესტი ძველი რეჟიმის წინააღმდეგ და ახალი ცხოვრების მოთხოვნა. ქალაქი და სოფელი ამბოხებამ გაიტაცა, და ამ დროს ილია და თითქმის ყველა მისი დროინდელი მოღვაწე, გარდა მცირე გამონაკლისისა, თითქოს დამბლადაცემულნი იყვნენ, უძრავნი, უმოქმედონი. ყველას გულს უკლავდა ის გარემოება, რომ ილიას საყვირის ხმა, რომელიც ისე მძლავრად გაისმოდა 60-70-იან წლებში, სრულებით მიწყდა დღეს.

1904 წ. გაზეთმა «ცნობის ფურცელმა» ქართველ მწერლებს და მოღვაწეებს საახალწლო მილოცვებად უძღვნა ციტატები შექსპირის ნაწერებიდან და ილიას შემდეგი სიტყვებით მიმართავდა «მეფე ლირიდან»: «შეგრჩა სული კიდევ თუ არა? ერთი ხმა გამე, კარგო კაცო!»

იმ დროს, ამ საუკუნის პირველ ათეულ წლებში, ახლად გამოსული მწერლები და მოღვაწეები პოლიტიკურად გატაცებულნი ვიყავით რევოლუციური იდეებით, დღეს თუ ხვალ მოველოდით ცხოვრების სრულს გადატრიალებას და ძლიერ გვაკვირვებდა ჩვენი მამების საქციელი, რომ გვერდში არ გვიდგნენ.

ამაზე ვწერდი ერთს ჩემს ფელეტონში და საყვედურით მივმართავდი მამებს: ასეთ ისტორიულ დროში ხმას არ იღებენ, გულზე ხელდაკრებილნი სხედან ჩვენი ძველი მოღვაწეები. სად არის მათი გაბედულობა, თავგანწირულობა, ქვეყნის სიყვარული? ახლაც ამაყობენ თავისი მამულიშვილობით, ახალგაზრდებს ერის მტრებად გვთვლიან. მერე თვითონ რას აკეთებენ, რატომ არ ისმის მათი ერთი ხმა მაინც? ჩემი წერილი თავდებოდა მწარე შეკითხვით: «მამებო, მოკვდით?»

ეს ჩემი მიმართვა თურმე ძალიან საწყენად დაურჩა ნიკო ნიკოლაძეს და ამის შემდეგ მას პიდაპირ არ შემოუხედნია ჩემთვის, თუმცა წინათ ყოველთვის ხალისით შემხვდებოდა ხოლმე. მაგრამ ეს ჩემი განცდა თითქმის საყოველთაო იყო მაშინდელ ახალგაზრდებში. ყველას გვაწუხებდა მამების უმოძრაობა იმ დროს, როცა ირგვლივ გაცხარებული ბრძოლები იწყებოდა და საქართველოს ბედის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

როგორც უკვე მოვიხსენიე ზევით, ყველაზე მეტს ილიასაგან მოვითხოვდით, იმ ილიასაგან, რომელმაც აკაკისთან ერთად აღგვზარდა ქართველ მამულიშვილებად, თავისუფლებისა და საზოგადოებრივი სიმართლის მოტრფიალედ. ჩვენს ყურს მუდამ ესმოდა მისი ჰიმნები თავისუფლების და შრომის სუფევის, მისმა მოხევემ მოგვცა ეროვნული დროშა, რომ ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვეკუთვნოდეთ, მან გვამცნო ჩვენი ვინაობა და შეგვაყვარა ქართველი ხალხი ცოცხლად დახატული ტიპებით.

სად არის დღეს ეს ილია? - ვეკითხებოდით ერთმანეთს. აღარ იყო ეს ილია და უკმაყოფილებამ დაიბუდა იმათ გულში, რომელთაც ის ყოველთვის უყვარდათ, ღრმად პატივს სცემდნენ.

1905 წელს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია კრებებს მართავდა იმ დროის საჭირბოროტო საქმეებზე. თავადაზნაურობაც აწყობდა თავის კრებებს. მახსოვს, ერთი მემამულეთა და გლეხთა გამწვავებულს ურთიერთობას ეხებოდა და მეორე საქართველოს ტერიტორიალურ-პოლიტიკურ ავტონომიას. ორსავე კრებაზე გამოვიდა ილია, მაგრამ მისი სიტყვები ყველაზე მკრთალი იყო.

ჩვენს წრეში ასეთი ხმებიც იყო გავრცელებული: როცა სოციალ-ფედერალისტებმა თავის პროგრამაში საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა შეიტანეს, ილიამ რომ ეს გაიგო, არ მოეწონა, ასე თქვაო: ავტონომია გულში უნდა გვქონოდა და მისი საქვეყნოდ გამოცხადება ზიანს მოგვიტანს, მტრებს მოგვიმატებსო. რამდენად მართალი იყო ეს, ამის შემმოწმებელი არავინ მინახავს, მაგრამ მაინც საგულისხმოა ასეთი ხმების არსებობა.

არჩილ ჯორჯაძეს და მის ამხანაგებს პრესაში პირადად ილიას წინააღმდეგ არ გაულაშქრიათ, «ივერიას» ებრძოდნენ, მაგრამ ეს გაზეთი ამ დროს სხვებზე იყო გადაცემული.

ილია რომ «მესამედასელებს» ეკამათებოდა, ხანდახან სოციალ-ფედერალისტებსაც გადაკრავდა და არჩილ ჯორჯაძეს არ წყალობდა. უცხოეთში დავაარსეთ ქართული ჟურნალი «საქართველო», რომელიც ფარულად შემოდიოდა ჩვენში, და ფრანგული «La Géorgie» უცხოთა შორის ქართული საკითხის პროპაგანდისათვის. სამი კაცი გაიგზავნა ამ საქმისთვის პარიზში: არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და ასოთამწყობი მ. კიკნაძე. ყველაფერს ამას დიდი ხარჯი სჭირდებოდა და ილიას მივმართეთ, დაგვხმარებოდა ქველმოქმედ მდიდარ დავით სარაჯიშვილთან შემწეობის გამოსათხოვრად. ილიამ უარი გვითხრა, რომ გაიგო, არჩილ ჯორჯაძეა ჟურნალის ხელმძღვანელიო.

პირადად ილიასთან მე არასოდეს მქონია საუბარი და არც ის ვიცი, თუ რა აზრის იყო ჩემი ნაწერების შესახებ. ერთხელ გადმომცეს მხოლოდ, რომ ილიას მოსწონებოდა ის ჩემი წერილი, სადაც ლაპარაკი მქონდა «სამშობლოსთანა» პიესების წარმოდგენის მნიშვნელობაზე ჩვენი ხალხის ეროვნულ გამოფხიზლებისა და აღზრდისათვის.

ამგვარი ურთიერთობისა და სულიერი განწყობილების ნაყოფი იყო ის სამწუხარო შემთხვევა, რომლის გახსენება ყოველთვის მწვავე ტკივილებს მაგრძნობინებს ხოლმე.

1901 წ. სპარსეთიდან ჩამოვიდა ორი ფერეიდნელი ქართველი - ონიკაშვილი და ხუციშვილი. ბაქოში მოსულიყვნენ გემით, ქართველები მოენახათ და იმათ თბილისში წერა-კითხვის საზოგადოებაში გამოეგზავნათ. მე კანცელარიაში ვიჯექი. კანცელარიის წინ წიგნის მაღაზია იყო. ვხედავ, მაღაზიაში შემოდის ორი სპარსულად გამოწყობილი კაცი და მოსამსახურეთ ქართულად მიესალმნენ. გულმა მაშინვე მითხრა, რომ ესენი სპარსეთში მცოვრებ ქართველთაგანები იყვნენ. სიხარულით მივეგებე. დასხდნენ. გამოვკითხე მოგზაურობის ამბავი. მიამბეს მოკლედ ფერეიდანის ქართველების ცხოვრების შესახებ. მერე წავიყვანე და დავაბინავე სასტუმროში, მუხრან-ბაგრატიონის სახლში (ახლა კავშირგაბმულობის სახლი რომ არის). იქ ცხოვრობდა პედაგოგი და ჟურნალისტი ლ. ბოცვაძე. იმ დღეს ერთად ვისადილეთ. საღამოს მათი ამბავი ვუამბე საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგს და შევთანხმდით, რომ წერა-კითხვის საზოგადოება იკისრებდა ამ სპარსელ ქართველების ზრუნვა-პატრონობას. ეს ონიკაშვილი და ხუციშვილი იმ ზაფხულს საქართველოში დამყავდა, ვმართავდი საღამოებს, რომელზედაც მოკლე ლექციის შემდეგ, შაჰ-აბაზის შემოსევების და ქართველების სპარსეთში გადასახლების შესახებ, ონიკაშვილი და ხუციშვილი უბრალოდ უამბობდნენ საზოგადოებას ფერეიდანის ქართველების ამბებს. ყველგან დიდძალი ხალხი გვესწრებოდა, ყველანი სიყვარულით ეგებებოდნენ დაკარგული ძმების წარმომადგენლებს და უხვი ქართული სუფრითაც გვიმასპინძლდებოდნენ.

ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას. ის ალბათ საგურამოდან თბილისში მოდიოდა. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ, შევატყვე, უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემი თანამგზავრებით.

მალე ვიგრძენი ჩემი შეცდომა და საყვედური ვუთხარი ჩემს თავს. რატომ ვიყავი ასე ტლანქი, ვერ გამოვიჩინე უბრალო ზრდილობა და თავაზიანობა და არ მივეცი საშუალება მოხუცს, დამსახურებულს მოღვაწეს, დიდს პოეტსა და მამულიშვილს დამტკბარიყო ცოტა ხანს მაინც საქართველოს მოწყვეტილ ქართველებთან შეხვედრით და საუბრით? რატომ? იმიტომ, რომ ილია ვითომც «მემარჯვენე» იყო და მე ჩემი თავი «მემარცხენედ» მიმაჩნდა?

მე მინდა ფაქტების და ამბების ფსიქოლოგიური ახსნა. იმ წლებში, ვიმეორებ, ყოველდღე ვლამობდი სამოთხის კარის გაღებას, დაავადმყოფებული ვიყავით «მემარცხენეობით», ვფიქრობდით, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას დავეუფლეთ და მტრად მიგვაჩნდა ყველა, ვინც რაიმე წუნს სდებდა ჩვენს სიტყვას და საქმეს. რასაკვირველია, დღეს სულ სხვანაირად მეჩვენება მაშინდელი ამბები. ცხადია, ჩვენს მამებს არ დაუმსახურებიათ შეუწყნარებლობა და ჩვენს შორის არსებული უთანხმოების გამო მტრული განწყობილება არ უნდა გვქონოდა მათთან. უნდა გამოგვეჩინა ტოლერობა. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას ილია ჭავჭავაძის შესახებ.

სამწუხაროდ, მოხდა სულ წინააღმდეგი.

ზოგიერთების გალაშქრებამ ილიას წინააღმდეგ ყოველივე საზღვარი გადალახა და მისი პიროვნება დახატეს, როგორც ყველაზე უბოროტესი, საშინლად მავნებელი, მისი სიძულვილი არ დაივიწყეს მისი ტრაღიკული დაღუპვის შემდეგაც და ამის კვალი დიდი ხანი არაა, რაც წაიშალა და გაქრა.

მართალია, მკითხველი საზოგადოება მიჩვეული იყო ილიას მკაცრს გაკრიტიკებას, საყვედურებს და სამდურავებს, მის ავად მოხსენიებას, მაგრამ 1905 წ. «მოგზაურის» მე-13 ნომერში დაბეჭდილი ვ. ნ.-ის კორესპონდენცია («საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება») ყუმბარასავით გასკდა. კორესპონდენტი იტყობინებოდა, რომ ილია ჭავჭავაძე მეტად ბოროტად და უსამართლოდ ეპყრობა გლეხებს, რომელთაც ამის გამო ბოიკოტი გამოუცხადესო. მოტანილი იყო რამდენიმე გლეხის განცხადება. ერთი ახალსოფლელი გლეხი ჩიოდა: ილიას კუთვნილი ძნები იმ საღამოს ვერ ჩავიტანე, როგორც მოურავმა დამავალა, მეორე დღეს წავიღე, მაგრამ ილიამ არ მიიღო, უკან გამაბრუნაო. მეორე საგურამოელი გლეხი ამბობდა: დიდი ყინვების გამო სოფელს სასმელი წყალი გაგვეყინა, ილია ჭავჭავაძემ თავის წყაროს ბაჟი დაადვა, ამ ნიადაგზე მისმა მოურავმა ერთ ღატაკ გლეხს წყლიანი კოკები გადაამტვრია თავზე, ამ სურათს ილია თავის ბალკონიდან უცქერდა და იცინოდა; ის საცოდავი გლეხი მაშინ გაცივდა და მალე გარდაიცვალაო. ილიას აბრალებდნენ კიდევ იმას, რომ ჯარი გამოითხოვა გლეხების ასაწიოკებლადო.

ასეთი იყო მთავარი დაბრალება. კორესპონდენცია გამოქვეყნდა 10 აპრილს და მის შინაარსს განსაკუთრებით ყურადღება მიექცა, როცა ფ. გოგიჩაიშვილის «ივერიამ» 15 აპრილს კორესპონდენციის ზოგიერთი ადგილი ამოიღო თავის პრესაში და ასეთი სარედაქციო შენიშვნა დაურთო: «ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის» ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა ეს დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თვით თავადი ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებს».

ილია მაშინვე გამოეხმაურა ამას და «ივერიას» მისწერა: ვრცელი დასაბუთებული წერილის დასამზადებლად დრო დამჭირდება, ახლა კი მოკლედ ვაცხადებ, რომ იგი ამბები თავიდან ბოლომდე მტკნარი ტყუილია.

სამი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა ილიას ვრცელი პასუხი, სახელად «ნუთუ?». იგი არ დაბეჭდილა თვითონ «ივერიაში», არამედ გამოვიდა გაზეთის 68-ე ნომრის ცალკე დამატებად. ეს კურიოზული მოვლენა იყო, ხოლო მეტად დამახასიათებელი იმდროინდელი სულიერი განწყობილების.

ფ. გოგიჩაიშვილი განათლებული კაცი იყო, პატიოსანი ჟურნალისტი, ილიას ნიჭის და მოღვაწეობის დიდი პატივისმცემელი, მაგრამ მოერიდა, ვერ გაბედა წერილის პირდაპირ გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნება; ცალკე დასტამბა და შემდეგი შენიშვნაც გაუკეთა: «ვბეჭდავთ თავ. ილია ჭავჭავაძის წერილს, რომელშიაც ავტორი არჩევს მის შესახებ «მოგზაურში» დაბეჭდილ კორესპონდენციას. მკითხველი, რომელიც იცნობს ჩვენი გაზეთის მიმართულებას, თავისთავად მიხვდება და ჩვენი მხრით თქმაც მეტია, რომ ზოგიერთ საზოგადო მოსაზრებაში პატივცემულ ავტორს ვერ დავეთანხმებით».

წარმოვიდგინოთ კიდევ მაშინდელი მდგომარეობა. რევოლუციის ცეცხლი მოედო ქალაქსა და სოფელს. გლეხობა ხშირად მეტს გაქანებას და შეუპოვრობას იჩენს, ვიდრე მუშები. რევოლუცია უნდა გაძლიერდეს, მის ზრდასა და გამარჯვებაზეა დამოკიდებული როგორც პოლიტიკური-ნაციონალური, ისე სოციალური იმედები. რევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუშა და გლეხია, ახალთაობა მათ ემყარება. ილია მემამულეთა ბანაკში არისო, შეიქნა კოლიზია, ილიას გამოქომაგება სამძიმო გახდა.

თვითონ ილიამ თავის პასუხში წამოყენებული ბრალდებანი გააბათილა. პასუხს ავნო იმან, რომ შიგ ჩართული იყო მსჯელობა სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე, რამაც მიჩრდილა წერილის პირდაპირი დანიშნულება. პასუხში განსაკუთრებით ნათელი იყო კოკების გლეხის თავზე გადამტვრევის და ჯარის გამოთხოვნის ამბების უსაფუძვლობა.

გლეხები ებრძოდნენ ილიას - მემამულეს. ილია მესაკუთრე იყო და თავის საკუთრებაზე უარი არ უთქვამს, როგორც სხვასაც არავის უთქვამს იმ დროს. იცავდა ამ საკუთრებას, მაგრამ ამისათვის რაიმე განსაკუთრებული ზომებისათვის არ მიუმართავს. ამას ხომ დღეს ცხადყოფს მოურავებთან გაგზავნილი წერილები.

მესაკუთრე და მემამულე იყო, დიდი მემამულე გრაფი ლ. ტოლსტოი და გაცილებით უფრო მდიდარი, ვიდრე ი. ჭავჭავაძე, მაგრამ ამის გამო ის მიწასთან არავის გაუსწორებია. დიდად აფასებდა მას ლენინი და ერთი საუბრის დროს გორკის უთხრა: «Изумительно! До этого графа подлинного мужика в русской литературе не было».

სულ სხვა ბედი ხვდა ჩვენს ილიას. იშვიათად თუ ვისმე დაუხატავს ისეთი საყვარელი ტიპები ქართველი გლეხებისა, როგორიც არიან ოთარაანთ ქვრივი, მისი შვილი გიორგი, გაბრიელი, კაკო. მაგრამ ზოგიერთებმა ეს ყალბად მიიჩნიეს და ხალხის სიძულვილი და მტრობა დასწამეს.

ილიას პასუხმა «ნუთუმ» არამც თუ შეანელა ვ. ნ.-ის და «მოგზაურის» რედაქციის გული, არამედ მეტის გამწარებით შემოუტიეს. კორესპონდენტმა გასცა პასუხი, ახალი ბრალდებანიც წამოაყენა და რედაქციამ ორი ნომრის მეთაური უძღვნა. მეთაური ასე იწყებოდა: ბევრი სისაძაგლე გვინახავს და ბევრიც გაგვიგონია, მაგრამ ამისთანა არასოდეს გვსმენიაო და მერე განაგრძობდა: «ამიერიდან ქართველ მკითხველს საქმე ექნება ქართველ მემამულესთან (ლაპარაკია ილიაზე. ს. ფ.), რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე იმისთვის მოუნდომებია, რომ გლეხები ეყვლიფა და ეტყავებია. ჩვენ არ გვგონია, საქართველოს მიწაზე მოიპოვებოდეს მეორე ისეთი სასტიკი მემამულე, რომელსაც ასე ულმობლად მიყავდეს ცხოვრებაში გლეხების გაყვლეფის სისტემა».

არც კორესპონდენტმა ვ. ნ.-მ დააკლო ილიას მწარე სიტყვები: ოინბაზობა, ფაქტების დამახინჯება, მოპირდაპირის ლანძღვა-გინება - ეს ჩვეულებრივი თვისებაა ი. ჭავჭავაძისო.

ილიას და მოპირდაპირეების პოლემიკამ უსიამოვნო ატმოსფერო ვერ გაფანტა. ილია მეორედ არ გამოეხმაურა მოწინააღმდეგეებს. მისი «ნუთუ»-ც ჭაპანწყვეტით დაიბეჭდა და ვინ უწყის, რა მოელოდა მის ახალ პასუხს. ის მთლად კმაყოფილი არც იმის იყო, რომ «ივერიამ» ადგილები ამოწერა ვ. ნ-ის კორესპონდენციიდან და მით ხელი შეუწყო მის გავრცელებას.

ზოგს მკითხველს სრულიად სჯეროდა «მოგზაურის» ბრალდებანი, ზოგს მიაჩნდა ცილისაწამებად, ხოლო უმრავლესობა, რომელსაც არ უყვარს საქმეში ღრმად ჩახედვა, ასე ფიქრობდა: რაღაც მაინც უნდა იყოსო. და ეს «რაღაც» ერთისთვის მცირე იყო, მეორისთვის დიდი.

გარეშეთაგანმა არავინ მოინდომა სიმართლის გამოძიება, ფაქტების პირადად შემოწმება. ილიას არავინ გამოექომაგა, ხმა არ შეაწია, ნუგეში არ უთხრა. ილია მარტო დარჩა, ეს დიდი კაცი, და ვინ იცის, რა სულიერი მღელვარება განიცადა, როგორ დაიტანჯა! ის ხომ ფიზიკურად დაავადებული იყო ბოლო დროს, გული და ფილტვები დაზიანებული ჰქონდა და ახლანდელი მორალური დამცირება უეჭველად ფრიად დამამძიმებელი იქნებოდა. იგი უმადურობას ხედავდა გარშემო, მეგობრებში, ნაცნობებში და ამის გრძნობა ძნელი ასატანი იყო...

წიწამურის ტრაგედიამდე ილიას გულში უკვე დატრიალდა სულიერი ტრაგედია. ეს არავინ დაინახა. არც ვის აღმოაჩნდა წინდახედულობა, სიფრთხილე, და დაჭიმული მდგომარეობა და ილიას გარშემო შექმნილი განწყობილება ქვეყნის მტრებმა გამოიყენეს. მაშინდელ არეულ-დარეულობის დროს ეს ძნელი არ იყო.

1907 წ. 30 აგვისტოს წიწამურში მომხდარი ამბავი მარტო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ამბავი არაა, იგი მჭიდროდაა გადასკვნილი ჩვენი საზოგადოებრიობის ისტორიის ბევრ საკითხთან.

ილიას მოკვლის ცნობა თბილისში იმავ საღამოს მოვიდა. გაიგო ეს გაზეთმა «ისარმა» («ცნობის ფურცლის» მაგიერი გაზეთი), რომლის თანამშრომელი მე ვიყავი. იმ საღამოს რედაქციაში არ შემივლია და მხოლოდ მეორე დღეს დილით გაზეთში მოთავსებულ მოკლე ცნობიდან გავიგე თავზარდამცემი ამბავი. რედაქციაში გავიქეცი იმის გასაგებად, თუ კიდევ რამე ახალი იცოდნენ. რედაქციიდან წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგთან ნიკო ცხვედაძესთან წავედი. იმ დღესვე შედგა გამგეობის სხდომა. გადაწყდა ფართო მონაწილეობა განსვენებულის დასაფლავების მოწყობაში. რასაკვირველია, მისი მთავარი ჭირისუფალი წ. კ. საზოგადოება იყო, აგრეთვე მემკვიდრეც მისი კულტურულ ნამოღვაწრისა, მაგრამ ილიას მოღვაწეობა და სახელი ისე დიდი იყო, რომ ერთი დაწესებულება ვერ იკისრებდა მისი დაკრძალვის გაძღოლას. არჩეულ იქნა საგანგებო კომისია სხვადასხვა ორგანიზაციების და პრესის წარმომადგენლებისაგან. კომისიის სხდომებს მრავალი გარეშე საზოგადოება ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა მსჯელობაში. როცა ლაპარაკი იყო, თუ სად დავასაფლავოთ მიცვალებულიო, სხვადასხვა ადგილი იყო დასახელებული, ხოლო საბოლოოდ არჩეულ იქნა მთაწმინდა. ვფიქრობდით, რომ დასაფლავება მომხდარიყო 6 სექტემბერს, მაგრამ პროვინციებიდან შემოგვითვალეს, ბევრნი ვემზადებით ჩამოსასვლელად და ცოტა შეაგვიანეთო. მაგონდება ერთი პატარა ინციდენტი კომისიის სხდომაზე. ირკვეოდა რიგი პირთა და დაწესებულებათა სამგლოვიარო პროცესიაში. ერთმა თავადაზნაურთა წინამძღოლმა მოითხოვა, კუბოსთან პირველად უნდა იყვნენ თავადაზნაურობის წარმომადგენელნიო. ამაზე მას უპასუხეს: ილია ჭავჭავაძე საყვარელია და ძვირფასი ქართველი ერისათვის არა იმიტომ, რომ ის თავადი იყო, არამედ იმიტომ, რომ დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, პატრიოტი იყო და პირველი ადგილი ახლობელ ჭირისუფლების შემდეგ უნდა მიეცეს ქართული მწერლობის და კულტურის წარმომადგენლებს.

თავისთავად ცხადია, ყველას მეტისმეტად აინტერესებდა გაგება, თუ ვინ მოკლა ილია და რა მოსაზრებით. სხვადასხვა ხმები იყო, გარკვეული არაფერი არსებობდა. გაზეთებიც შეეკამათნენ ერთმანეთს. ერთნი ამბობდნენ რომელსამე პარტიას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ პარტიაში არიან ნაძირალა-ტერორისტები, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ დისციპლინას. მეორენი სწერდნენ: შეიძლება ილია პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა... შეიძლება მკვლელობა მოხდა იმ გამწვავებულ ბრძოლის ნიადაგზე, რომელიც დღეს მთელ რუსეთშია მესაკუთრეთა და უმწეოდ დარჩენილთა შორისო.

ილია ჭავჭავაძე რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო, მადლიერი სამშობლო ცხარე ცრემლებით დაიტირებდა მაინც და დიდის პატივით დაასაფლავებდა, ხალხი აფასებდა მის ნიჭს და მოღვაწეობას. მაგრამ სულ სხვა იყო ახლა: ილია მოკლეს ავაზაკურად, ერმა ვერ მოუარა მას, ვერ დაიცვა, რატომ? მარტო ხომ მტრები არ ეხვიენ ილიას გარშემო? სად იყვნენ მეგობრები, მოკეთენი, რატომ არ მიაშველეს თავიანთი ფარი?

საშინელმა ამბავმა მთელი საქართველო შეანძრია და გამწარებული «ვაი» ამოსკდა გულიდან. ყველანი ერთიმეორეს და თავის თავს ეკითხებოდნენ, რამე ბრალი ხომ არა გვაქვს იმაში, რაც მოხდაო?

ყველამ საგურამოს და თბილისს მიაშურა. არ დარჩენილა არც ერთი კუთხე საქართველოსი, თუნდაც სულ მიყრუებული, რომ წარმომადგენელი არ გამოეგზავნოს. ყოველი სოფელი, დაბა, ქალაქი, ყოველი დაწესებულება, ორგანიზაცია, ჯგუფი, ცალკე პიროვნება მოისწრაფოდა ილიას დასატირებლად. ბევრი დაწესებულების გამგეთა მთელი შემადგენლობა იყო ჩამოსული. სკოლებიდან არათუ მასწავლებლები, მოწაფენიც კი ჩამოვიდნენ. თბილისს არასოდეს უნახავს ამდენი ხალხი, თბილისში არასოდეს მოუყრია თავი ამდენ ქართველობას.

დიდძალი საზოგადოება გაემგზავრა საგურამოში და იქიდან კუბოს გამოყვა, რომელიც გამოასვენეს დილით ადრე 7 სექტემბერს. გზაში ხალხი სულ ემატებოდა პროცესიას და თბილისს რომ მოადგნენ ვერაზე, რამდენიმე ათი ათასი სული იქნებოდა, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ზღვა ხალხი მიეგება აქ პროცესიას. სამ საათზე შავებში გამოწყობილი ცხენოსნები რომ გამოჩნდნენ, მათ შემდეგ ილიას ცხედარი, გლეხებით გარშემორტყმული, იშვიათი იყო ქართველი, რომ თვალიდან ცრემლი არ გადმოვარდნოდა.

პანაშვიდის და სიტყვების პროცესია ნელა სიონისკენ გაემართა. გზაზე მაღაზიები დაკეტილია, დაწესებულებებში მუშაობა შეჩერებულია, ტროტუარები, ბალკონები და ფანჯრები ადამიანებს ვერ იტევს. ბევრი სახურავებზე ასულა. სახლები შავებითაა შემოსილი. გალობს რამდენიმე გუნდი, ხალხის სახე მწუხარებას და გლოვას გამოხატავს. ხანდახან ქვითინიც გაისმის. გასაოცარი წესიერებაა. ეს ცრემლი, ეს გლოვა გულიდან ამოხეთქილი, თავისუფალი გრძნობაა. ვისაც არ უნახავს ილია ჭავჭავაძის დასაფლავება, ნუ იტყვის, ხალხის გლოვა მინახავსო. უფრო გრანდიოზული იყო 9 სექტემბერი, ილიას დაკრძალვის დღე. პროცესიის მონაწილე მეტი იყო, ასი ათასს გადააჭარბებდა ალბათ. დაახლოებით შუადღეზე გამოვასვენეთ მიცვალებული სიონიდან. კუბოსთან დადგნენ ახლო ნათესავები, ყოფილი თანამშრომლები, მწერლები. სიონში პანაშვიდს იმპერატორის მოადგილე ვორონცოვ-დაშკოვიც დაესწრო და როცა კუბო ეკლესიიდან გამოიტანეს, ვორონცოვს უნდოდა კუბოსთან ახლო მდგარიყო, მაგრამ ქართველმა ლიტერატორებმა წრე შეკრეს და იგი კუბოს დააშორეს, წრის გარეთ მოაქციეს.

პროცესია ვიწრო ქუჩებს გაჭირვებით რომ გასცილდა, მერე დიდად გაიშალა. ისე გრძელი იყო, რომ თუ თავი ოპერის თეატრთან იყო, ბოლო ჯერ კიდევ ერევნის მოედანზე იდგა.

ყოფილ სასახლის ქუჩაზე, წ. კ. საზოგადოების სადგომის წინ ცხედარს მოეგება აკაკი წერეთელი. მან წერილი დაწერა ილიას გარდაცვალების გამო და ლექსიც უძღვნა. ახლა ავადმყოფი იყო, მხრებში მეგობრები უდგნენ და მილეული ხმით მიმართა თანატოლს და თანამებრძოლს: «ნახევარ საუკუნის განმავლობაში ერთ უღელს ვეწეოდით და ერთი გზით დავდიოდით და ახლა დაობლებული დავრჩი... როგორც სიცოცხლე შენი, ისე სიკვდილი გახდა ხალხის ამოძრავების მიზეზი და აჰა, საქართველოს ყოველ მხრიდან თავმოყრილნი გეხვევიან გარს. მშვიდობით, ძმაო». აკაკიმ ცრემლიანი თვალები გააყოლა ილიას კუბოს.

ბევრი დაწერილა, უფრო თქმულა იმის შესახებ, რომ ვითომც ილიას და აკაკის ერთმანეთი არ უყვარდათ, ერთიმეორეს პატივს არა სცემდნენ. ეს ყოველს საფუძველს მოკლებული ცილისწამება და ჭორია. როგორ პატივს სცემდა ილია აკაკის და აფასებდა მის ნიჭს, ამის დასამტკიცებლად საკმარისია ილიას წერილი აკაკისთან მიწერილი 1886 წ., რომელიც გამსჭვალულია იშვიათის გულითადობით.

აკაკის ილიასთან პოლემიკა ჰქონდა «ვეფხისტყაოსნის» გარშემო და თავის «კრებულში» საყვედურებიც დაუწერა ილიას, «ივერიაში» სულ ჩემს წინააღმდეგ ილაშქრებენ (თვითონ ილია უშუალოდ არ უძღვებოდა მაშინ გაზეთს), მაშინ როდესაც მეც მომდის წერილები შენს წინააღმდეგ, მაგრამ არც ერთს არ ვბეჭდავო. აკაკის ბუნება იყო იუმორი... ილიასაც გაკრავდა ხანდახან. გამიგონია: ილიას მოკვლა რომ გაიგო, ძლიერ შეწუხდა და მერე თქვა: სიკვდილშიც კი ბედი ჰქონიაო. აკაკი ძალიან კეთილი ადამიანი იყო და მისი ოხუნჯობა და მწარე სიტყვა სრულებით არ შეეფერებოდა მისი გულის წადილს. აკაკი ილიას დიდ პატივს სცემდა. ეს ცხადყო 9 სექტემბერს წარმოთქმულმა სიტყვამაც.

ეგებ ვინმემ იფიქროს, რომ ორი დიდი ქართველი პოეტი, ორი დიდი პატრიოტი ერთიმეორეს ექიშპებოდნენო. შეიძლება, მაგრამ ეს ხომ კეთილშობილი გაჯიბრებაა. ილიასაც და აკაკისაც მეტი სარგებლობის მოტანა უნდოდათ სამშობლოსთვის, ერთსაც და მეორესაც უნდოდა, რომ ის ყოფილიყო უფრო საყვარელი სამშობლოსთვის...

სხვა სიტყვებში ყურადღება მიიქცია Baton-ის (მიხეილ წერეთლის) სიტყვამ, რომელიც დიდის გრძნობით იყო წარმოთქმული. ხშირად იმეორებდნენ შემდეგ საუბრის დროს სიტყვის პირველ ფრაზას: «ვინა სთქვა საქართველოზე რა დიდი ლომი კვდებაო».

ყველას უხერხულად ეჩვენა კ. ჩხეიძის სიტყვაში გახსენება ძველი გალაშქრებისა ილიას წინააღმდეგ და პოლემიკისა მისი მოკვლის გამო. არასასიამოვნოდ მოესმა ყურს მისი ნათქვამი: შენ დაგტირიან თავადაზნაურები, როგორც შეგნებულს მესაკუთრეს, მთავრობის წარმომადგენელნი, როგორც ახლანდელი სახელმწიფოებრივი წყობილების მომხრეს, შოვინისტები, როგორც მამულიშვილს. ჩვენ ამათთან არა ვართ, ჩვენ ვაფასებთ შენში იმას, რომ შენს ნაწერებში ბატონყმობას ებრძოდიო.

საზოგადოებას მოეწონა ვლასა მგელაძის სიტყვა, რომელმაც ყურადღება მიაქცია ბრძოლის გამწვავებას პარტიათა შორის: არ არის ერთმანეთის პატივისცემა, ადამიანობა, თუ არ მოგწონს ესა თუ ის აზრი, ესა თუ ის პიროვნება, გაწამებენ, ჩამოგახრჩობენო.

მეტად ააღელვა დამსწრენი ქუთაისელი მოწაფის ჟორჟოლიანის სიტყვამ. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო მღირსებოდა ჩვენი დედაქალაქის და ქართველი ერის სიამაყის - ილიას ნახვა. ვეღირსე ორივეს ნახვას, მაგრამ ვაიმე: სანატრელი ილია კუბოში ასვენია შუბლგატეხილი და თბილისი მგლოვიარე, ცხარე ცრემლებით დასტირის მას!..

პროცესია მთაწმინდას უახლოვდება. ნაბიჯი შევანელეთ. გვინდა დღე გაგრძელდეს და გვიან მივიდეთ გათხრილ სამარესთან. ჩვენი მწუხარება მატულობს. დღეს ცხედარს ვხედავთ მაინც, ხვალ ესეც არ იქნება და ილია მხოლოდ ჩვენს ხსოვნასა და მოგონებაში დარჩება. ეკლესიიდან გლოვის ზარები მოგვესმა. გეგონებათ, ეს ხმაა საიქიოდან: სასიქადულო ილიას ეგებებიან წინაპრები - მამულიშვილები, სამშობლო საქართველოს თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის შეწირულები. ეკლესიის ეზო პატარაა, სად დაიტევს მოზღვავებულს ხალხს. მხოლოდ ზოგიერთებს ეძლევათ საშუალება ავიდნენ მოედანზე, რომელიც ერთიანად გაიჭედა. დანარჩენი ხალხი ქვევით დგას გზაზე და გაფენილია მთის კალთაზე.

წარმოითქვა უკანასკნელი სიტყვები. ღამდება. ბინდი მოაწვა მთას. წასვლას არავინ ფიქრობს. ბევრს აქვს კიდევ სათქმელი სიტყვა ან შესატირებელი ლექსი. მაინც უნდა დავასრულოთ, მუხლებს მოვიდრეკთ ყველანი და მდუმარე მწუხარებით გამოვეთხოვებით მიცვალებულს. ნელ-ნელა, მძიმედ დავეშვებით ძირს. მალ-მალ მივიხედავთ უკან, თვალს გადავავლებთ ვარდებითა და ყვავილებით დაფარულს საფლავს...

«ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ!» რა ლამაზი ხარ, რა საყვარელი! შენი სახე - ეს ხომ ნამდვილი საქართველოა! რამდენი ჭექა-ქუხილი გინახავს, ქარიშხალი, ნიაღვარი! წარღვნის წვიმებს ერთიან ჩამოურეცხავს შენი კალთები, მაგრამ შენ ისევ ამწვანებულხარ, აყვავებულხარ, მოკაზმულხარ მნახველის გასახარებლად!

რამდენი ჭირი და უბედურება გამოუვლია საქართველოს, რამდენ ურდოს გადაუთელავს მისი მთა-ველნი, ცეცხლით გადაუწვავს მისი დაბა-ქალაქები, სისხლით მოურწყავს მისი მიწა, მაგრამ გაძარცული კვლავ აღმდგარა და უნახავს სიხარულის დღეები. მუდამ ცოცხალია!

საყვარელი ხარ, მთაწმინდავ! ამიერიდან კიდევ უფრო შეგვიყვარდები, შენს მკერდზე მივასვენეთ ჩვენი ქვეყნის ერთი საუკეთესო შვილთაგანი. შეიტკბე და დაუყუჩე ჭრილობანი, სხეულისა და სულის. დეე, ნანას ეტყოდნენ მას შენი «ნელად მქროლნი ნიავნი».

ილიას კუბოს შესამკობად 180 გვირგვინი იყო მოტანილი. ორასზე მეტი ლექსი მიეძღვნა დიდს პოეტს (გარდა დაბეჭდილებისა). უთვალავი სამგლოვიარო დეპეშა და წერილი მოვიდა საქართველოს, რუსეთის და უცხოეთის სხვადასხვა ადგილებიდან როგორც ქართველებისაგან, ისე უცხოელებისაგან. ციხეებში გამომწყვდეულმა ტუსაღებმაც, კატორღელებმა, ციმბირში გადაკარგულებმაც მოგვაწოდეს თავისი მწუხარება ილიას დაღუპვის გამო. სამძიმრის დეპეშა დაწერილი იმდენი იყო, რომ მარტო მათ უბრალო ჩამოთვლას 10-12 გვერდი დასჭირდებოდა. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ არ დარჩენილა მცირე კუნჭულიც კი, რომ ღრმა მწუხარებით არ გამოხმაურებოდა საქართველოს საერო გლოვას.

დავასაფლავეთ დიდი ქართველი, ძვირფასი ადამიანი, ღრმად მგლოვიარე გულით. მაგრამ ვერ ვურიგდებოდით იმას, რომ ამით უნდა გათავებულიყო ფიქრი ილიაზე. 9 სექტემბერს საღამოს 8-9 საათზე შეიკრიბნენ დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები წ. კ. გამგეობის წევრებთან ერთად და ითათბირეს, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ილიას ხსოვნა რაიმე საგანგებო დაწესებულებით. კრებამ დაადგინა, რომ უნდა შედგეს ილიას სახელის ნაციონალური ფონდი, რომელიც მოხმარდება ქართული ლიტერატურის და განათლების გავრცელებას. იყო ლაპარაკი ძეგლის დადგმის შესახებაც, ხოლო გადაჭრილი და კონკრეტული არა თქმულა რა. ფონდის შეკრება და ხელმძღვანელობა დაეკისრა წ. კ. საზოგადოებას, რომლის გამგეობამ სათანადო მიმართვები დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს და ორგანიზაციებს. ამავე დროს თვით წ. კ. საზოგადოებაში და მის გარეშეც ქართველობის ფართო წრეებში უფრო და უფრო გახშირდა ლაპარაკი ძეგლის დადგმის შესახებ. საკითხს გარკვეული სახე მისცა და დააჩქარა მისი განხორციელება იაკობ ნიკოლაძის ჩამოსვლამ უცხოეთიდან. იგი ჩამოვიდა 1908 წ. გაზაფხულის თვეში პარიზიდან, სადაც მუშაობდა საფრანგეთის გამოჩენილ სკულპტორ როდენთან. მე და ის კარგი ნაცნობები ვიყავით და შემოიარა ჩემთან წ. კ. საზოგადოებაში. გამიზიარა თავისი განზრახვა, მინდა ხელი მოვკიდო ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთებას, თუ რასაკვირველია, ქართველი საზოგადოება მენდობა და დამაკისრებსო. მე მოვუწონე აზრი და ვუთხარი, წინადადება შემოეტანა საზოგადოების გამგეობაში. გამგეობამ მოსთხოვა მოდელის გაკეთება და დაახლოებითი ხარჯთაღრიცხვის შედგენა. იაკობ ნიკოლაძის გეგმამ გამგეობის წევრებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი გადაეცა გასასინჯად სპეციალისტების, თბილისელ მხატვრების კომისიას, რომელშიაც შედიოდნენ: გ. გაბაშვილი, მ. თოიძე, ო. შმერლინგი, ჰ. ჰრინევსკი და სხვ. კომისიამ სავსებით მოიწონა ძეგლის მთავარი ნაწილი - მგლოვიარე ქართველი ქალი და ილიას სახე, მხოლოდ საჭიროდ დაინახა მცირეოდენი ცვლილებების შეტანა ძეგლის არქიტექტურულ გაფორმებაში. წ. კ. საზოგადოების გამგეობას არ შეეძლო საქმის საბოლოო გადაჭრა. მოიწვია ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლების კრება ორჯერ, ერთი ზაფხულში, მეორე შემოდგომის დამდეგს და გააცნო მას საკითხის მთელი მდგომარეობა. კრებების წევრთათვის უმთავრესად საყურადღებო იყო ორი საგანი: ერთი - სად უნდა დაიდგას საზოგადოდ ილია ჭავჭავაძის ძეგლი, ერევნის მოედანზე, თუ განსვენებულის საფლავზე? მეორე ის, თუ ვის მიენდოს ძეგლის გაკეთება, იაკობ ნიკოლაძეს, თუ კონკურსი გამოცხადდეს და ვინც უკეთეს გეგმას წარმოადგენს, იმას გადაეცეს?

პირველი საკითხის გამო ერთნი ამტკიცებდნენ, რომ საფლავი მოვრთოთ უბრალო რამ ანაგებით, ხოლო კარგი ძეგლი, ღირსი ი. ჭავჭავაძისა, უნდა აღვმართოთ ერევნის მოედანზე. მეორენი კი (ამათში ვიყავი მე) ვამბობდით, რომ დღესდღეობით ქართველი ხალხი ვერ შესძლებს ღირსეული მონუმენტის დადგმას ერევნის მოედანზე, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით 40-50 ათასი მანეთი. ეს საქმე მივანდოთ მომავალს, უკეთეს პირობებს. დღეს კი ილიას საფლავზე ავაგოთ, რამდენადაც შეგვიძლია, კარგი ძეგლი, როგორის სახესაც გვაძლევს ი. ნიკოლაძის გეგმა. დიდის უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა უკანასკნელი აზრი. ამასთანავე ისიც იყო დადგენილი, რომ წ. კ. საზოგადოებამ (და არა თავად-აზნაურობამ, როგორც ზოგი ფიქრობდა) ახლავე თავიდანვე გამოითხოვოს მთავრობისაგან ნებართვა ძეგლის აგებისთვის ერევნის მოედანზე.

უფრო ცხარე დისკუსია გაიმართა იმის გარშემო, თუ ვის მივანდოთ ძეგლის გაკეთება? მე პირადად საზოგადოების გამგეობაში და ფართო წრეებში დაჟინებით ვიცავდი იმ აზრს, რომ უთუოდ ქართველს, ნიკოლაძეს უნდა მივანდოთ ეს საქმე, რადგან ილიას ძეგლი უნდა იყოს არა მარტო ილიას ძეგლი, არამედ ქართველი მხატვრის შემოქმედების გამომჟღავნება. იაკობ ნიკოლაძის ხელოვნებას ქართველობა უკვე იცნობდა რამდენიმე მისი ნაწარმოებით, მას ყურადღება მიაქციეს პარიზშიც, ის ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, იმედის მომცემი და ხელი უნდა შეგვეწყო, გამოეჩინა თავისი შემოქმედება ისეთ პასუხსაგებ საქმეში, როგორიცაა ილიას ძეგლის გაკეთება. ამავე აზრისა იყვნენ ლ. ბოცვაძე და პ. სურგულაძე და უმრავლესობაც დაგვეთანხმა ჩვენ.

ამის შემდეგ რამდენსამე ხანს კიდევ გაგრძელდა საზოგადოების გამგეობის და იაკობ ნიკოლაძის მოლაპარაკება საბოლოო შეთანხმებისათვის და დეკემბერში დადებულ იქნა ხელშეკრულობა.

იაკობ ნიკოლაძემ თავის დროზე შეასრულა დავალება და ჩამოიტანა პარიზში ჩამოსხმული ქანდაკება. საფლავის გვერდზე მთის გამაგრებას, არქიტექტურულ გაფორმებას და სხვადასხვა სამუშაოებს ბევრი დრო დასჭირდა და ძეგლი სრულიად დამთავრდა და მისი გახსნა მოხდა 1913 წ. ამ უკანასკნელ ამბებს მე არ დავსწრებივარ, რადგან 1910 წ. საქართველოდან გადამასახლეს და წ. კ. საზოგადოების საქმეებსაც ჩამოვშორდი.

მოკლედ გავიხსენებ ილიას ქონების ამბავს. ადრევე შედგენილ ანდერძით ილიამ მთელი თავისი უძრავი და მოძრავი ქონება დაუტოვა თავის მეუღლეს ოლღას, რომლის სიკვდილის შემდეგ მამა-პაპეული (ყვარლის მამული) გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ხოლო კეთილშეძენილი ილიასი საგურამოს მამული და სახლი თბილისში ანდრეევის ქუჩაზე გადადიოდა წ. კ. საზოგადოების ხელში.

ილიას მეუღლეს, უკვე ხანში შესულ ადამიანს, რომელიც დაჭრილი იყო წიწამურში და ჯერ მთლად გამოკეთებული არ იყო, არ შეეძლო მამულების მოვლა-პატრონობა, უარი განაცხადა მემკვიდრეობაზედ და წინადადება მისცა წ. კ. საზოგადოებას, რომ იგი ახლავე დაპატრონებოდა ნაანდერძევს. მაგრამ საზოგადოებამ ეს ვერ იკისრა, რადგან ყველა ილიას მამული და სახლი ბანკში იყო დაგირავებული, გარდა ამისა, ილიას კერძო ვალიც საკმაოდ ჰქონდა აღებული და საზოგადოებას შეეშინდა, ვაითუ მამულების ლიკვიდაციამ ვერ
გაისტუმროს ვალები და საკუთარი ფულის წამატება დამჭირდესო და უარი განაცხადა თვითონაც მემკვიდრეობის მიღებაზედ. ხოლო ბანკისაგან იყიდა ნაწილი საგურამოს მამულის და სახლი თბილისში, რომ შეენახა ეს ილიას სახსოვრად და პატივსაცემად.

მეტად ძვირფასი სახალხო საგანძური იყო ილიას ქონება თბილისის სახლში - ავეჯი, მორთულობა, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები. ამას წ. კ. საზოგადოების გამგეობა თავიდანვე დაეუფლა. ილია რომ დავასაფლავეთ, გამგეობამ მე გამგზავნა ამ ქონების ჩასაბარებლად. ჩაბარება უნდა მომხდარიყო სასამართლოს ბოქაულის შემწეობით, რომელსაც ცალ-ცალკე უნდა აეწერა და დაენომრა ყოველი ნივთი.


ფოტოზე: ილიას სამუშაო ოთახი

მეტად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ილიას ბინის ოთახებში შესვლამ. კარები რომ გავაღე და შევდგი ფეხი ილიას კაბინეტში, რომელიც ისე იყო, როგორც დატოვა მისმა პატრონმა 30 აგვისტოს დილას, მე გავშეშდი. აი, მისი მაგიდა, სამელნე, კალამი, საყვარელი წიგნები, სურათები; აი, მისი სავარძელი, დივანი. ჩემმა გონებამ გადაჭრა უკან ორი კვირის მანძილი და ცხადად წარმოვიდგინე ილიას დინჯი მიხვრა-მოხვრა, მიმოხედვა, გასინჯვა, ხომ არა დამავიწყდა რაო. მისი სუნთქვა ჯერ არ გამქრალა ოთახში და მისი თვალების სხივი და მისი ფიქრები აღბეჭდილია კედლებზე, თუმცა მე ამას ვერ ვხედავ.

ერთგულმა მეუღლემ უთხრა თურმე იმ საბედისწერო დღეს ილიას: დღეს ნუ დავბრუნდებით საგურამოშიო. ჰქონდა რაიმე წინასწარი გრძნობა თვითონ ილიას, როდესაც გამოვიდა სახლიდან, სადაც აღარასოდეს დაბრუნებულა?!.

ვიდრე ხელს ვახლებდით რასმე და ნივთების აღწერას შევუდგებოდით, ფოტოგრაფს გადავაღებინე სურათები ილიას კაბინეტისა და ზალის, რომ სახე მაინც დარჩენილიყო ილიას ბინის, თუ ვინიცობაა ვერ მოვახერხებდით მის დაცვას ისე, რგორც მისმა პატრონმა დაგვიტოვა.

ჩემი წინდახედულობა საფუძვლიანი გამოდგა, სამწუხაროდ, წ. კ. საზოგადოება ერთხანს მუზეუმის მოწყობას ფიქრობდა ილიას სახლში, მაგრამ გაათავა იმით, რომ 1910 წ. ზამთარში მთელი მოძრავი ქონება ამ სახლიდან ქართული გიმნაზიის შენობაში გადაიტანა და ილიას კაბინეტი და დარბაზი დარჩა გატიალებული, შიშველი კედლები და ჭერ-იატაკი.

ი. ჭავჭავაძეს რომ ვიგონებ, თვალწინ მიდგას მისი მეუღლე, დარბაისელი ოლღა, სათნო სახით და კეთილშობილი გულით. იგი მეტად სიმპათიური ადამიანი იყო, მოსიყვარულე, თავაზიანი. წ. კ. საზოგადოების სასარგებლოდ რომ ყოველწლიურად კონცერტები და სეირნობა-ბაზრობა იმართებოდა, ამას ქალბატონი ოლღა დიასახლისობდა და უძღვებოდა. მთელი თბილისის ქალებს შემოიკრებდა სამაისო სეირნობის და ლატარიის მოსაწყობად. ყველანი ხალისით ეგებებოდნენ მის მოწვევას, კერავდნენ თუ ქსოვდნენ, აგროვებდნენ ნივთებს, ალაგებდნენ და თვითონ სეირნობის დღეს შუაღამემდის მუშაობდნენ. ყველას ამხნევებდა ოლღას ტკბილი და კეთილი შემოხედვა. უკანასკნელი წლები ოლღამ გაჭირვებაში გაატარა, არც ბანკმა დაუნიშნა პენსია, არც სხვა ვინმე დაეხმარა. ერთ დროს ანდრეევის ქუჩაზე ცხოვრობდა, მერე მთაწმინდაზე, დავითის მოედნის მახლობლად დაბინავდა, მგონი, ვიღაც ნათესავთან. ამბობდა: ილიას საფლავთან ახლოს ვიქნებიო, ეს იყო მისი ერთადერთი ნუგეში.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."