მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
სამსონ ფირცხალავა: სალიტერატურო მუშაობა თბილისში

პეტერბურგიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე თვე სოფელში გავატარე. ახლა ჩემი უმთავრესი სადარდელი და საზრუნავი იყო სამხედრო ბეგრის მოხდა. ბევრი ვიწრიალე და ვიფიქრე თავის დასაღწევად, მაგრამ აბა რას გამოვძებნიდი. 1900 წ. დამლევს გამოვცხადდი სამხედრო სამმართველოში, შემამოწმეს და ვარგისად მიცნეს. დეკემბრის ბოლო რიცხვებში მივედი 79-ე კურინის პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა მაშინ, და ჩამრიცხეს უბრალო ჯარისკაცად. ჩემი დიდი თმა რომ მოვიკრიჭე და ჩავიცვი ფორმის ტანისამოსი, რომელიც უხეშად მადგა ტანზე, სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავი შემზარდა. აუტანელი იყო წამდაუწუმ უფროსების წინ გამოჭიმვა და სალმის მიცემა, დადგენილი მანერით სიარული, თავის დაჭერა, ლაპარაკი. შემზარავი იყო მთელი რეჟიმი ყაზარმისა, რომელიც ადამიანში უარყოფს ყოველ ადამიანობას. საშობაოდ სამი დღით გაგვათავისუფლეს და მე ერთ ამხანაგთან წავედი. სამი დღე კარში არ გამოვსულვარ. ყაზარმაში რომ დავბრუნდი, ძალით თავი გავიციე, ავად გავხდი, ჰოსპიტალში გამგზავნეს, ოფიცერთა განყოფილებაში მომათავსეს. იქ რამდენიმე თვე დავრჩი. მერე გამსინჯეს და დროებით შვებულება მომცეს. ხოლო კვლავ რომ გამოვცხადდი, ზოგიერთების დახმარებით 1901 წ. შემოდგომაზე სრულიად განმათავისუფლეს სამხედრო სამსახურისაგან. ამ განთავისუფლებამ აუწერელი სიხარული გამოიწვია ჩემში, რომ იტყვიან, სული მოვითქვი, ხელმეორედ დავიბადე. ჩემი თავი კვლავ ადამიანად ვიგრძენი.

მეორე ჩემი საზრუნავი სწავლის დამთავრების შემდეგ იყო სამსახურის მოძებნა. ვექილობა არ მინდოდა. საზოგადოებრივ დაწესებულებაში ვერსად მოვეწყვე და ბოლოს იძულებული გავხდი, სახაზინო პალატაში შევსულიყავი უბრალო მოხელედ, იმ იმედით, რომ შემდეგ გადასახადების ინსპექტორის ადგილი მოეცათ, ეგებ. იქ დიდხანს არ დავრჩენილვარ. სახაზინო პალატის უფროსი დიდი შოვინისტი იყო. ქართველების მოძულე და მეც ალმაცერად მიყურებდა. სამსახურიდან რომ გავედი, გულახდილად მითხრა: კარგი ქენით, რომ მიდიხართ, ჩვენ არ გამოგვადგებითო.
სკოლის ამხანაგების დახმარებით მოვეწყვე ჭიათურაში, ქართველი მწარმოებლების კანტორაში. ჭიათურის მრეწველობამ და იქაურმა ცხოვრებამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ამის შესახებ წერილები მოვათავსე «კვალში» (1900 წ. №№29-31). წინა წელს ერთი ჩემი წერილი დაიბეჭდა «ივერიაში» «შ-შონ»-ის ფსევდონიმით, სახელად «წერილი გიმნაზიებში ახლად სწავლა-დამთავრებულების მიმართ», რომელშიაც ვურჩევდი ახალგაზრდებს, შესულიყვნენ სპეციალურ-ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებლებში, ამით უფრო გამოადგებოდნენ მშობელ ქვეყანას და ეს განამტკიცებდა მათ ხასიათსა და ნებისყოფას.

ჭიათურაში ვერ დავრჩი დიდხანს. მე ვიყავი ერთი ხელმძღვანელთაგანი შავი ქვის წვრილ-მწარმოებელთა ოპოზიციისა და ამ ნიადაგზე უსიამოვნება მომიხდა ჩემს «პატრონებთან» და ჭიათურა დავტოვე. დავრჩი ისევ უადგილოდ. დავიწყე გახედვა თბილისისაკენ, ეგებ იქით უკეთ მოეწყოს ჩემი ბედი-თქვა.

ამ წლებში, ქუთაისში ყოფნის დროს, მე დავუახლოვდი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, გავეცანი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალ-ეკონომიურ საკითხებს. მაშინ ჩვენში ფეხს იმაგრებდა მუშათა და გლეხთა რევოლუციური მოძრაობა და ახალი თაობის მოღვაწეები ირაზმებოდნენ პარტიულად. მე მეტწილად მიხდებოდა ყოფნა «მესამედასელ» ახალგაზრდებს შორის, რადგან ბევრი ჩემი სკოლის ამხანაგი ამ ახალ დაჯგუფებას ემხრობოდა. მე ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი «მესამედასელებს», მაგრამ მომწონდა მათი მებრძოლი ხასიათი.

ახალგაზრდებს ხშირად და ცხარე კამათი გვქონდა სხვადასხვა საზოგადო საქმეებზე. დიდ ყურადღებას ვაქცევდით ილია ჭავჭავაძის (ახალ მოსულის) და ნოე ჟორდანიას პოლემიკას. გიორგი წერეთელი რომ გარდაიცვალა, ქუთაისის ახალგაზრდობამ მე გამაგზავნა თავის დელეგატად და დამავალა სიტყვის წარმოთქმა მისი სახელით.

ქუთაისში გაიხსნა საკვირაო სკოლა მოზრდილებისთვის. მონაწილეობას ვიღებდი ამის მოწყობაში და ვაძლევდი ქართული ენის გაკვეთილებს.

დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ქუთაისის თეატრის მუშაობას ლ. მესხიშვილის ხელმძღვანელობით, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ქუთაისის თეატრი ძლიერ მიყვარდა გიმნაზიელობის დროს და ჩემს გონებრივ-მორალურ განვითარებაზე მას, უეჭველია, დიდი გავლენა ჰქონდა. ახლაც ლ. მესხიშვილის და ნ. ჩხეიძის მხატვრულ თამაშს და მათ განსახიერებულ გმირებს არაერთგზის გამოუწვევია ჩემში ღრმა გამაკეთილშობილებელი განცდები. თეატრი გასართობი ადგილი არაა. როგორც ძველ ელინებს ესმოდათ, თეატრი უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ზნეობრივ ამაღლებას, უნდა განწმინდოს იგი და წარმართოს სიკეთისათვის, იდეალურ, გმირულ ცხოვრებისათვის. ლ. მესხიშვილი ცდილობდა, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა მაშინდელი მდგომარეობა, ასეთი თეატრის მსგავსება შეექმნა ქუთაისში და ეს მისი უდიდესი დამსახურებაა. მე რამდენიმე წერილიც ვუძღვენი ქუთაისის თეატრის წარმოდგენებს ჟურნ. «კვალში».

ამ თეატრთან დაახლოებამ და მისმა სიყვარულმა გამაბედვინა, ალბათ, რომ სასცენოდ გავაკეთე ილია ჭავჭავაძის «ოთარაანთ ქვრივი». ჩემი თითქმის არაფერი შემიტანია შიგ, მხოლოდ დიალოგების სახე მივეცი ქვრივისა და მისი შვილის ტრაგიკულ ამბავს. ჩემი «ოთარაანთ ქვრივი» წარმოადგინეს 1907 წელს თბილისში ილიას დაბადების წლისთავის აღსანიშნავად. ქვრივის როლს თამაშობდა ელ. ჩერქეზიშვილი, რაც არ იყო მისი შესაფერისი. პიესა ვერ იყო კარგად დადგმული. ეს იყო მიზეზი თუ ნაწარმოების სისუსტე, წარმოდგენამ ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, საზოგადოება ვერ დააინტერესა.

ქუთაისში ყოფნის დროს გაიზარდა ჩემი თვითცნობიერება და განმტკიცდა ჩემი ეროვნული მისწრაფებანი, რომელმაც სრული და გარკვეული სახე მიიღო თბილისში. მეძნელებოდა ბავშვობიდან შეჩვეული და შეყვარებული ქუთაისის დატოვება, კარგა ხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე აუცილებლად თბილისში გადმოსახლება.

თბილისში ჩამოვედი 1901 წ. სექტემბერში, საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლისთავის საიუბილეო დღესასწაული ახლად დამთავრებული იყო და საზეიმო კამარები ყველგან ჯერ კიდევ არ აეღოთ. თბილისი წინათაც მქონდა ნანახი ერთი ორი დღით ჩამოსვლის დროს. არც წინანდელი და არც ახლანდელი პირველი შთაბეჭდილება არ იყო მაინცდამაინც მომხიბლავი. ქუთაისის გარეგნულობა და მდებარეობა უფრო მომწონდა. თბილისში ორიოდე კაცი მყავდა ნაცნობი და მათი დახმარებით მალე ვიშოვნე კორექტორის ადგილი გაზეთ «ივერიის» რედაქციაში, 40 მან. ჯამაგირი თვეში. მაშინ «ივერია» ალექსანდრე სარაჯიშვილის ხელში იყო, რომელიც ძველი მწიგნობარი იყო. ილია ჭავჭავაძე კარგა ხანია ჩამოშორდა გაზეთს და მას სხვები უძღვებოდნენ. ახლაც ალექსანდრე სარაჯიშვილს ჰქონდა გადაცემული, რომელიც მალე გაზეთის სრული პატრონი გახდა. ჯერ მარტო საკუთარი საშუალებით უძღვებოდა გაზეთს, მერე ამხანაგობა შეადგინა, რომელშიაც შედიოდნენ: მ. მაჩაბელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ივ. ჯაბადარი, ძველი ნაროდნიკი, ექიმი გ. გაბაშვილი და სხვ.

რედაქციაში გაზეთზე უშუალოდ მუშაობდნენ გრ. ყიფშიძე, ილ. აგლაძე და სხვ. გრ. ყიფშიძე ძველადაც, ილიას დროს მუშაობდა «ივერიაში», კარგ სტილისტად ითვლებოდა და მის გაუსწორებლად და გაუსინჯავად არც ერთი სტრიქონი არ დაიბეჭდებოდა გაზეთში. ენის სიწმინდეს ახლაც დიდ ყურადღებას აქცევდა რედაქცია და ცდილობდა მტკიცედ დაეცვა ილიას ტრადიციები.

რედაქციის ბინა მოთავსებული იყო ყოფილ ავჭალის ქუჩაზე, ვორონცოვის (დღეს მარქსის) ხიდის მახლობლად, საგინაშვილის (ილიას დის) სახლში. ილიაც აქ ცხოვრობდა წინათ, მაგრამ ახლა სხვაგან ჰქონდა ბინა.

გაზეთი იბეჭდებოდა ექ. ხელაძის სტამბაში, რომელიც იყო ქვაშვეთის გვერდით, ყოფილ ლორის-მელიქოვის ქუჩაზე (ახლა ბაღის ნაწილია ეს ადგილი). აქ უნდა მოვსულიყავი სამ საათზე და კორექტურაზე ვმუშაობდი 8-9 საათამდის. გაფაციცებით და მოუთმენლად მოველოდით მე და მესტამბე მოსამსახურის დაბრუნებას ცენზორისაგან, რომელსაც ეგზავნებოდა მთელი აწყობილი საგაზეთო მასალა, და რომლის ხელმოუწერლად მესტამბე არაფერს გაუშვებდა, რადგან პასუხისგებაში მისცემდნენ. იშვიათად დაბრუნდებოდა გაგზავნილი ამონაბეჭდი გაუსწორებლად და წაუშლელად. თუ ბევრი იყო ამოღებული, ეს საქმეს აგვიანებდა. შევეცდებოდით რამე ძველი აწყობილი მასალის გამოყენებას ან განცხადებებით შევავსებდით ცარიელ ადგილს და ასე გამოვუშვებდით გაზეთის მორიგ ნომერს.

გარდა კორექტორობისა, მე თანამშრომლობაც დავიწყე ცოტ-ცოტათი გაზეთში. თითო დაბეჭდილ სტრიქონში ორ კაპიკს მაძლევდნენ და, რადგან რედაქცია ქონებრივად ხელმოკლედ იყო, ნებადართული მქონდა იმდენი დამეწერა, რომ თვიური ჰონორარი 20 მანეთს არ გადასცილებოდა. პირველი ჩემი ორიგინალური წერილები, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია, იყო პატარა ფელეტონის სახის წერილები. ამას მერე მოჰყვა პუბლიცისტური თუ კრიტიკული წერილები პრინციპიალური თუ სადღეისო შინაარსის. წერილებს ხელს ვაწერდი ფსევდონიმებს: «სიტყვას» ან «კალამს», ამ სახელებს პირველად განურჩევლად ვხმარობდი, მაგრამ შემდეგ «სიტყვას» ვაწერდი ფელეტონებს და «კალამს» სხვა წერილებს. მკითხველი საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით და ინტერესით ეპყრობოდა ჩემს ფელეტონურ წერილებს (დღიური, დაუმთავრებელი ამბები, ფიქრები... მხოლოდ ფიქრები, პატარა ამბები, დღევანდელი ამბები), რომლებიც საქართველოს იმდროინდელ მწვავე, მეტად მტკივნეულ საკითხებს ეხებოდნენ ჩვენს ეროვნულს უუფლებობას და დამცირებას, უცხოთა ტლანქ ძალადობას, ჩვენს შეუგნებლობას და უმოქმედობას. მძიმე საცენზურო პირობების გამო მეტად ძნელი იყო ასეთ საგნებზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვახერხებდი ალეგორიული სახეებით, ქარაგმებით, სიტყვების დაპირისპირებით, იგავებით, ანდაზებით, ძველისძველი მაგალითებით გადამეცა მკითხველისათვის ჩემი გულის ნაღველი, რომ მის გულს ჩემს გულთან ერთად დაეწყო ძგერა. ცენზორებად ქართველები იყვნენ, მაგრამ უცხო უფროსები მათ ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და ძნელი იყო რისიმე გაპარება. თუ ეს მოხდებოდა მაინც, ქართველ საზოგადოებაში მაშინვე შეიქმნებოდა მითქმა-მოთქმა: «დახეთ, დახეთ, რა მაგარი წერილია, ცენზურას როგორ გამოეპარაო!» ასეთი ლაპარაკი ცენზორის ყურამდე აღწევდა და იგი უფრო მკაცრი ხდებოდა.

როგორც ზევით ვთქვი, თბილისი პირველად არ მომეწონა, მალე ვერ შევეგუე. გული სულ ქუთაისისაკენ მიიწევდა, იქაურ ცხოვრებას ვიგონებდი, ქუთაისელ ნაცნობ-მეგობრებს ჩემს მოწყენილობას და უკმაყოფილებას ვწერდი, და ვაპირებდი კიდეც უკან გაბრუნებას.

მაგრამ ნელ-ნელა ჩემი გუნება შეიცვალა. აქეთ მოვიხედე, იქით მივიხედე, ახალი ნაცნობები გავიჩინე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩავერიე და ხშირად დავფიქრდებოდი: თბილისი ხომ მთელი საქართველოა, აქ სცემს ჩვენი ერის გული, აქ გამოიჭედა დიდებული საქართველო, ეს იყო მუდამ ქართული შემოქმედების კერა. ვნახე ისტორიული ადგილები, ძველი ნაშთები, ძეგლები და ჩემ წინ წარმოდგნენ წარსულის სურათები. ბევრჯერ ვიდექი მთაწმინდაზე და ჩაფიქრებული დავცქეროდი დედაქალაქს, შორსაც გავიყურებოდი... და ვეტყოდი ჩემს თავს: სუსტია და დაცემული დღეს საქართველო, მკრთალია მისი საზოგადოებრიობა, მაგრამ რაც არის და როგორიც არის, ის აქ თბილისშია უპირველესად!

შევეთვისე თბილისს, იმანაც შემითვისა, შემიყვარდა და უკვე ვეღარაფერი მომწყვეტდა ჩემს დედაქალაქს... ასე წარმოიდგინეთ: ქუთაისი ხომ გემოს ქალაქია და იქაური სმა-ჭამა, სუფრა საუცხოოა, მაგრამ მე მაინც მეტი გემო თბილისის სუფრას ვუნახე, განსაკუთრებით აქაურ პურს, ესოდენ ნოყიერს, მსუქანს, ზეთიანს.

ჩემი ახალი ნაცნობები თბილისში იყვნენ უპირველესად ქართულ სალიტერატურო და სათეატრო წრეებიდან, აგრეთვე პედაგოგები და წ. კ. საზოგადოებაში მომუშავენი. განსაკუთრებით დაახლოება მოხდა ჩემს და გაზეთ «ცნობის ფურცლის» თანამშრომლებს შორის, რომელსაც დიდი პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. გავიცანი არ. ჯორჯაძე, რომელსაც წინათაც ვხედავდი პეტერბურგში, გ. ლასხიშვილი, ვლ. ლორთქიფანიძე, ნ. დეკანოზიშვილი, ავქ. ცაგარელი, განდეგილი და სხვები, რომელთაგან ზოგი გაზეთში არ მუშაობდა, მაგრამ იკრიბებოდა «ცნობის ფურცლის» გარშემო, როგორც დამხმარე და პროპაგანდისტი გაზეთში ჩასახულ მიმართულებისა. ერთხელ არ. ჯორჯაძემ მითხრა: შენ ჩვენი ხარ, ჩვენთან უნდა იმუშაოო. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი და 1902 წლის აპრილის დამდეგს მე გადავედი «ცნობის ფურცლის» რედაქციაში თანამშრომლად და იქ დაიბეჭდა ჩემი პირველი წერილი 14 აპრილს.

ამ გაზეთის მუდმივი თანამშრომლები მაშინ იყვნენ: გ. ლასხიშვილი, ფაქტიური რედაქტორი, წერდა მეთაურებს და სხვა წერილებს, არ. ჯორჯაძე წერილებს სახლში წერდა და ისე მოჰქონდა, ვლ. ლორთქიფანიძე, ზაქ. ბილანიშვილი. აქვ. ცაგარელი თარგმნიდა დეპეშებს. მერმე გაზეთის ახლობელი თანამშრომელი გახდა ი. აგლაძე, რომელიც ჩემს შემდეგ გადმოვიდა «ივერიიდან». კორექტურას აკეთებდა პოეტი-ქალი განდეგილი. ოფიციალური რედაქტორი ალ. ჯაბადარი რედაქციის მუშაობაში არ ერეოდა, ხოლო ისე თვალყურს ადევნებდა, რომ არ დაბეჭდილიყო რაიმე სახიფათო ცენზურის თვალში და გაზეთი არ დაეხურათ.

«ცნობის ფურცელი» პირველად ვალერიან გუნიამ დააარსა და იყო პატარა საინფორმაციო, ახალი ამბების გაზეთი. მერე იგი შეიძინა ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ, რომლის გამგე ალექსანდრე ჯაბადარი იყო. მან გააფართოვა გაზეთის პროგრამა და მოიწვია ახალი ძალები. გაზეთმა მეტად ცოცხალი სახე მიიღო. დიდი ყურადღება მიექცა ცნობების მიწოდებას მკითხველებისათვის, როგორც საშინაო ისე საგარეო ცხოვრებიდან, შემოიღო ტექნიკური გაუმჯობესება, ბეჭდავდა ღამის დეპეშებს, რაც წესად არ ჰქონდა წინათ ქართულ გაზეთებს. გაზეთი გამოდიოდა ორშაბათობითაც, თუმცა ნახევარი ფორმატით. გაზეთს დაუმატა ყოველკვირეული სურათებიანი დამატება, რომელიც პირდაპირ სენსაციური ამბავი იყო იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისათვის. გაზეთმა გარდა «რუსეთის სააგენტოს» დეპეშებისა, გამოიწერა ახლად დაარსებული «პეტერბურგის სააგენტოს» დეპეშებიც. ეს უკანასკნელი უფრო ადრე და უფრო ცოცხალ ამბებს იძლეოდა, ვიდრე პირველი სააგენტო, და მაგალითად, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, «ცნობის ფურცლის» მკითხველმა უფრო ადრე იცოდა ბრძოლის ამბები, ვიდრე კავკასიის უმაღლესმა მმართველობამ.

ყველაფერმა ამან და გაბედულმა ეროვნულმა მიმართულებამ, არჩილ ჯორჯაძის წერილებმა, რომელთაც დიდი ინტერესით კითხულობდნენ ყველანი, სახელი გაუკეთეს «ცნობის ფურცელს» და მისი ტირაჟი გაიზარდა და დაჩრდილა «ივერია». იმ დროს სხვა ქართული გაზეთი არ არსებობდა. «მესამედასელების» «კვალი» გამოდიოდა კვირაში ერთხელ.

მე გარედან მომუშავე წევრი ვიყავი რედაქციისა, სახლში ვწერდი წერილებს და მიმქონდა დასაბეჭდად. გადაათვალიერებდა გიორგი ლასხიშვილი, იშვიათად ალექსანდრე ჯაბადარი და არ მახსოვს შემთხვევა, რომ რამე გაესწორებინოთ, ან ამოეღოთ. ჩემი ნაწერი იმავე ხასიათისა იყო, როგორც «ივერია»-ში ფელეტონები («ფიქრები... მხოლოდ ფიქრები», «პატარა ამბები») და კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, რეცენზიები. როგორც უკვე მოვიხსენიე, საზოგადოებაში უმთავრეს ინტერესს იწვევდა ჩემი ფელეტონები. ხშირად მომდიოდა მადლობისა და წამახალისებელი ბარათები. მაწოდებდნენ ცნობებს, მასალას. მკითხველები ხედავდნენ ჩვენს ნაწერებში დატყვევებული სულის შფოთვას, ერის სიყვარულს, ქვეყნის დაცემის და უძლურების სიძულვილს, შიშსაც ხანდახან; უფრო კი რწმენას, მომავლის იმედს და ბრძოლის მოწოდებას, ბრძოლის აღდგენისათვის, მიუხედავად წინ აღმართული დაბრკოლებებისა. ჩემი სიტყვები არ იყო მარტო ჩემი პირადი განცდების გამომხატველი, იქ ისმოდა მთელი თაობის, მთელი იმ დროის ძახილი ქართველი ხალხის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური აღდგენის და გამართვისათვის...

ქართული საზოგადოებრიობა მაშინ თავმოყრილი იყო სამი პერიოდული გამოცემის გარშემო. «ივერიაში» შემოკრებილნი იყვნენ უმთავრესად ძველი მოღვაწეები, ლიბერალები, ზომიერი ნაციონალური მიმართულების, არსებულ სოციალ-ეკონომიური წყობილების დამცველნი. «კვალი» ეკუთვნოდა «მესამედასელებს», რომელთაც უკვე თითქმის ათი წლის ისტორია ჰქონდათ. ხოლო «ცნობის ფურცელი» გამოხატავდა იმ ახალგაზრდობის მისწრაფებას, რომელიც არც «ივერიას» ეთანხმებოდა და არც «კვალს», და ბრძოლა ჰქონდა ორ ფრონტზე. იყო ამ სამ გამოცემაში მუდმივი პოლემიკა და ერთმანეთის წინააღმდეგ გალაშქრება, ხშირად მეტად გამწვავებული.

«ცნობის ფურცლის» რედაქციის წევრებს თბილი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. გ. ლასხიშვილი ყოველთვის და ყველაფერში ნამდვილი ამხანაგი იყო, არ. ჯორჯაძე მუდამ თავაზიანი და ჯენტლმენი, ვლ. ლორთქიფანიძე გულითადი და ერთგული, ი. აგლაძე პასუხისმგებლობის შემგნებელი და თავაუღებელი მუშაკი, ზ. ბილანიშვილი უბრალო ადამიანი, მოკეთე და თანამგრძნობი, რედაქციის ახლო მეგობარი გ. დეკანოზიშვილი იშვიათი პატრიოტი, რომელიც ყველაფერს გაიმეტებდა თავისი ქვეყნისათვის. ჩვენ გვაერთებდა არა მარტო საგაზეთო მუშაობა «ცნობის ფურცლის» რედაქციაში, გვქონდა სხვა საქმეც ახალი პარტიის (სოციალისტ-ფედერალისტების) დაარსება, პროგრამის შედგენა, თანამგრძნობთა მოპოვება, შეკრება თანხისა არალეგალურ გამოცემისათვის უცხოეთში; ამ მუშაობას ვეწეოდით არა მარტო რედაქციის წევრები, არამედ ამისათვის შემდგარი იყო ფართო წრე, გარეშე პირების მონაწილეობით.

შევეცდები დაგიხატოთ, თუნდაც მოკლედ და მკრთალად, იმ დროის (1902-06 წლების) ქართული საზოგადოებრივი ვითარება თბილისში, გადმოგცემთ ჩემს შთაბეჭდილებებს, შეხვედრებს, დაკვირვებებს, ნახულს და გაგონილს, რომ წარმოდგენა [გქონდეთ] იმდროიდელ მდგომარეობისა. ეს მდგომარეობა თბილისში ფრიად დამაღონებელი და არასანუგეშო იყო. ქართველობა ისე გრძნობდა თავს, თითქოს უცხოეთში იყო და არა თავის ქვეყნის გულში. გაძარცული, უფლებააყრილი, დაბეჩავებული, დევნილი, საკუთარ ბაზას ეკონომიურ, სამრეწველო დაწესებულებათ მოკლებული, აბუჩად აგდებული მთავრობისაგან და მეზობლებისაგან ქართველობა მეორე და მესამე რიგში იყო ჩაყენებული. ჩვენი მაღალი წოდების ისეთს ყმობისა და მორჩილების დემონსტრაციას, როგორიც იყო საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის დღესასწაული, იმპერატორის მთავრობამ დამამცირებელი და დამცინავი ჟესტით უპასუხა ოც-ოცი ათასი მან, სტიპენდიები დაუნიშნა თბილისისა და ქუთაისის თავად-აზნაურთა შვილების რუსეთის კადეტთა კორპუსებში გადასაგვარებლად. ღონიერი ვაჭარ-მრეწველთა კლასი ჩვენ არ მოგვეპოვებოდა. ძველი ინტელიგენცია, დასუსტებული და მოდუნებული, ერთგვარი პასივობით შეჰყურებდა ჟამთა მსვლელობას. თავისუფალი, თვითმყოფი საქართველო მეტად ბუნდოვან და მკრთალ ფერებში წარმოსდგებოდა მის წინ. ვინც იყო, ან სახელმწიფო სამსახურში იყო დაბორკილი, ან ორიოდე ქართული ბანკის ოპერაციებში ჩაბმული, თავისუფალ პროფესიაში განათლებულ ქართველს ორ-სამს თუ ეკავა თვალსაჩინო ადგილი, საქალაქო დაწესებულებებში ქართველს სანთლით თუ მოძებნიდით. ქართული ლაპარაკი იშვიათად გაისმოდა ქუჩებში, დაწესებულებებში უცხო ენა ბატონობდა, უცხო ენაზე უნდა მიგემართათ კერძო სავაჭროებშიც. საქართველო გაძევებული იყო თბილისიდამ და ყოველგვარი ზომა იყო მიღებული, რომ თბილისს დაჰკარგოდა სრულიად ქართული იერი. ქართველს ანგარიშს არ უწევდნენ, თუ რამე ოფიციალური გამოსვლა ხდებოდა, ქართველთა წარმომადგენლებს უკან აყენებდნენ. ასეთი მოპყრობა ფსიქიურად მოქმედებდა ქართველებზე, ისინი თავისთავად გაუბედავნი გახდნენ, თავის გამოჩენას ერიდებოდნენ. ქართველის მაჯისცემას თუ იგრძნობდით, ქართველი ქართველად თუ გამოჩნდებოდა, ქართულ ხმას თუ გაიგონებდით ეს ორიოდე ქართულ კულტურულ დაწესებულების კრებებზე და კიდევ ერთ შემთხვევაში ვინმე ქართველი მოღვაწის დასაფლავების დროს.

ქართული კულტურული დაწესებულება, რომელიც ამა თუ იმ სახით ეროვნულ საქმეს ემსახურებოდა, ძალიან ცოტა იყო: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დრამატული საზოგადოება, თბილისის თავად-აზნაურ მოწაფეთა დამხმარე კომიტეტი, ქართველთა გამომცემელი ამხანაგობა, სახალხო საკითხავთა და წარმოდგენათა ქართული სექცია, საქველმოქმედო საზოგადოება, მერმე დაარსდა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ფილარმონიული და სამეურნეო საზოგადოებანი. კულტურულ დაწესებულებად უნდა მივიჩნიოთ ნაწილობრივ თბილისის სათავადაზნაურო ბანკი, რამდენადაც მისი მოგების ნაწილი ხმარდებოდა ჩვენს კულტურულ საქმეებს, აგრეთვე თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულო, რამდენადაც ის ხანდახან ხმას ამოიღებდა საერთო ეროვნულ საკითხებზე. თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებები ერთ დროს დიდს ინტერესს იწვევდნენ, დებატები ბანკის საკითხებს სცილდებოდნენ. მაგრამ ეს ჩემსობას უკვე აღარ იყო.

სახალხო საკითხავთა სექციის მოქმედება ვიწროდ შემოიფარგლებოდა. მის მოღვაწეობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, სხვათა შორის, გიორგი ლასხიშვილი, რამდენჯერმე მსახიობადაც გამოსულა წარმოდგენებში. ზუბალაშვილის სახლი (ახლა მარჯანიშვილის თეატრი) რომ აშენდა, სექცია იქ მართავდა დროგამოშვებით ქართულ წარმოდგენებს.

ქართველთა გამომცემელი ამხანაგობა დააარსეს ქართველმა ინტელიგენტებმა ქართული წიგნების გამოსაცემად და გასავრცელებლად. წიგნის გამოცემის საქმე ძალიან ცუდად იყო დაყენებული, გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა, წელიწადში სამი-ოთხი ხეირიანი წიგნი თუ გამოვიდოდა მცირე ტირაჟით და ისიც 10-15 წელიწადს არ საღდებოდა. ქართველთა გამომცემელმა ამხანაგობამ გამოსცა ილიას, აკაკის, ყაზბეგის თხზულებათა კრებულები. ამას დიდი სიხარულით შეხვდა საზოგადოება. ამხანაგობა იყო გამომცემელი ყოველთვიური ჟურნალის «მოამბის» და შემდეგ მანვე შეიძინა, როგორც უკვე ითქვა, «ცნობის ფურცელი». ამხანაგობამ მოახერხა ამიერკავკასიის რკინიგზების დასაბეჭდ სამუშაოების მიღება და ამან საშუალება მისცა, საუცხოოდ გამართული სტამბა მოეწყო. ბოლო წლებში ამხანაგობის საქმეებს მთლად დაეპატრონა გამგე ალ. ჯაბადარი.

თბილისის გუბერნიის მოსწავლეთა დამხმარე კომიტეტი განაგებდა თბილისის სათავადაზნაურო (ქართულ) გიმნაზიას და სახსრებს სათავადაზნაურო ბანკისაგან იღებდა. მისი საზოგადო კრებები დიდ საზოგადოებას იზიდავდა, რადგან ისმებოდა კითხვები არა მარტო ამ სასწავლებლის, არამედ საერთოდ ქართული განათლებისა და კულტურის.

ქართულმა თეატრმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ეროვნული გათვითცნობიერებისათვის. სამწუხაროდ, ჩემსობას თბილისში ქართული თეატრი ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა უკვე ნახევარი საუკუნის ისტორია ჰქონდა. ამის მიზეზი არ იყო არტისტული ძალების სისუსტე, პირიქით, პირველხარისხოვანი მსახიობები გვყავდა. პიესებიც იყო და იწერებოდა ახლებიც. უბედურება იყო უსახსრობა, საზოგადოების გულგრილობა, უცხო წარმოდგენების კონკურენცია, რომლებიც უკეთეს პირობებში იყვნენ. ქართულ წარმოდგენებს უძღვებოდა უშუალოდ დრამატული საზოგადოების გამგეობა ან თვითონ არტისტების ამხანაგობა, უკანასკნელ შემთხვევაში დრამატული საზოგადოება გარედან უწყობდა ხელს თეატრს. დრამატულ საზოგადოებას მცირე დახმარებას აძლევდა სათავადაზნაურო ბანკი, იმართებოდა ყოველ წელს ბალი მის სასარგებლოდ, საწევრო გადასახადი კი მეტად ცოტა შემოდიოდა. საზოგადოების კრებებზე ბევრი ლაპარაკი იყო ხოლმე სახსრების მოსაპოვებლად, არა ერთი და ორი გეგმა ყოფილა წარმოდგენილი, მაგრამ საქმეს არა შველებია რა, წარმოდგენები იმართებოდა კვირაში ერთხელ ან ორჯერ და დარბაზი ხშირად სანახევროდ ცალიერი იყო. იშვიათად თუ რომელიმე პიესა ორჯერ ან სამჯერ დაიდგმებოდა სეზონში. ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა ისტორიულ პიესებს. სეზონი გრძელდებოდა 6-7 თვეს და მერმე მსახიობები მშივრები რჩებოდნენ და მხოლოდ საქმის სიყვარული აძლევდა მათ სიმხნევეს და გამძლეობას.

ქართულ კულტურულ დაწესებულებებში, უეჭველია, პირველი ადგილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. მე თავიდანვე დავუახლოვდი მის მუშაობას. 1902 წ. გაზაფხულიდან 1910 წლის შუამდე ვიყავი მისი გამგეობის წევრი-მდივანი და საქმისმწარმოებელი, წ. კ. საზოგადოება დააარსეს ქართველმა მოღვაწეებმა 1879 წელს და მისი პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი. საზოგადოების სკოლებში პირველ-დაწყებითი სწავლება სწარმოებდა ქართულად, წინააღმდეგ სახელმწიფო სკოლებისა, სადაც სწავლება პირველი წლის მეორე ნახევრიდან რუსულად ხდებოდა. საზოგადოება ცდილობდა ერთგვარი წინააღმდეგობა გაეწია ბიუროკრატიის გადამგვარებელი პოლიტიკისათვის. მის დაარსებას ქართველობა მხურვალედ შეხვდა, ბევრი ჩაეწერა წევრად და წესიერად იხდიდნენ გადასახადს, ისე შემოწირულობაც ეგზავნებოდა საზოგადოებას. მერმე და მერმე შემოსავალი შენელდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ არც ერთს ჩვენს საზოგადოებრივ დაწესებულებას ბოლომდე არ შერჩენია იმდენი ყურადღება, რამდენიც წ. კ. საზოგადოებას ჰქონდა. მის სასარგებლოდ გამართულ საღამოებს და სეირნობებს ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართველი წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მუშები, საერთოდ მდაბიო ხალხი დიდი თანაგრძნობით ეგებებოდა საზოგადოების მიმართვას და ხალისით აწოდებდა თავის წვლილს. საზოგადოებას ეხმარებოდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკი, ძმები ზუბალაშვილები საკმაოდ მოზრდილ თანხას აძლევდნენ სტიპენდიებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში. მაგრამ ყველა ეს საშუალება სამყოფი არ იყო, რომ საზოგადოებას ფართოდ ეწარმოებინა თავისი მუშაობა. საზოგადოებას სულ 8-9 სკოლა ჰქონდა მოწყობილი. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმ ადგილს, სადაც ქართველობა გარშემორტყმული იყო უცხო ელემენტებით და გადაგვარება ემუქრებოდა. ამ მიზნით გახსნა ქართული სკოლები კავკავში, ახალციხეში, ბორჩალოში. საზოგადოებას ეკუთვნოდა 12-მდე სამკითხველო, მეტად ღარიბი. მკითხველებს იზიდავდა უმთავრესად ქართული ჟურნალ-გაზეთების კითხვა. წიგნი ცოტა იყო საზოგადოების სამკითხველოებში, მაგრამ ბიბლიოთეკების ინსპექტორს ესეც შეშურდა და მოგვთხოვა, თქვენს ბიბლიოთეკებში მხოლოდ ისეთი წიგნები უნდა იყოს, რომლებიც ნებადართულია რუსეთის სახალხო ბიბლიოთეკებისთვისო. ამ ნებადართულ კატალოგში არც ერთი ქართული წიგნი არ იყო შეტანილი და გამოდიოდა, რომ ჩვენი სამკითხველოები სრულიად უნდა დაგვეკეტა. ამის გამო მე წერილი მოვათავსე რუსულ გაზეთში. სხვა ნაბიჯებიც გადავდგით და ინსპექტორს უკან წავაღებინეთ მისი მოთხოვნა.

წ. კ. საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევდა წიგნების გამოცემას, პირველ რიგში, სახელმძღვანელოების, რაიც შემოსავლის წყაროც იყო. საზოგადო ხასიათის სულ ცოტა იბეჭდებოდა, რამდენიმე წიგნი. საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა იაკობ გოგებაშვილისაგან «დედა ენა», «ბუნების კარი», იღებდა ამაში განსაზღვრულ ჰონორარს და მერე რაც შემოდიოდა, საზოგადოების სასარგებლოდ რჩებოდა. ამის რაოდენობა მცირე არ იყო, რადგან იმ დროს ყველაზე უფრო გავრცელებული იაკობ. გოგებაშვილის სახელმძღვანელოები იყო.

ასე ემსახურებოდა საზოგადოება სკოლებით, სამკითხველოებით და წიგნების გამოცემით ქართულ განათლებას და ეროვნულ აღორძინებას, ხოლო ის სხვა დიდ საქმესაც აკეთებდა. მისი წესდების ერთი მთავარი მუხლთაგანი იყო ძველი ქართული ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური ნაშთების შეგროვება. ამ მხრივ საზოგადოებამ უდიდესი სამსახური გაუწია ჩვენს ქვეყანას, მისი შეძენილი და თავმოყრილი ხელნაწერების და ძველი წიგნების რიცხვი რამდენიმე ათასია. მრავლად შეიკრიბა ძველი ნივთები სამკაული, ჭურჭელი, იარაღი და სხვ. უპირველესი ღვაწლი ამ საქმეში ექვთიმე თაყაიშვილს ეკუთვნის. მას არ დაუტოვებია საქართველოს არც ერთი კუთხე მოუვლელი და გამოუკვლეველი, არ დარჩენია გაუსინჯავი და აუწერელი არც ერთი ეკლესია, ციხე, ნანგრევი, ნასახლკარი. ყველგან პოულობდა რასმე ძვირფასს ხელნაწერს, მხატვრულ ნივთს, ნახატს, მოქარგულ ქვას, სამკაულს, ავეჯს და სხვ. ყველაფერს აგროვებდა და უნახავდა ქართველ ერს. როგორც კი გაიგებდა, ამა და ამ კაცს რამე ხელნაწერი ან ისტორიული ნივთი აქვსო, მაშინვე მიეჭრებოდა, მოსვენებას არ აძლევდა და ძალით ან ნებით, უფასოდ თუ ფულის გადახდით უთუოდ ჩამოართმევდა. ბევრი წიგნი და ნივთი შეგროვდა ამნაირად და კიდევ უფრო მეტი შეგროვდებოდა, რომ მაშინდელ ქართველ საზოგადოებას მეტი ეროვნული შეგნება ჰქონოდა და მეტი გაგება ისტორიული ძეგლების ღირებულებისა. ექვთიმე თაყაიშვილს და მისთანებს ბევრნი დასცინოდნენ კიდეც მოცლილი ხალხია, ძველ ნანგრევებს და ხელნაწერებს ჩხრეკავენო! თვითონ ექვთიმე თაყაიშვილს უთქვამს ჩემთვის: «დიდი ნაწილი ქართული ხელნაწერებისა ჩვენს დროში დაიღუპა და დაიკარგა! პატრონები უდიერად და უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ძეგლებს და ჩვენ, ვინც ვცდილობდით მათ შეძენას და შენახვას, არავინ გვეხმარებოდა, საღსარი არ გვქონდა, თავადაზნაურობის საკრებულოც არაფერს იმეტებდა ხელნაწერების შესაძენად და დასაცავადო».

აკად. ექვთიმე თაყაიშვილი წ. კ. საზოგადოებაში მოღვაწეობდა, შემდეგ უმთავრესად მუშაობდა თავის დაარსებულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. ამ ორი საზოგადოების შეკრებილი და დაღუპვას გადარჩენილი ხელნაწერები, წიგნები და ნივთები დღეს თავმოყრილია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და წარმოადგენს მის უძვირფასეს საგანძურს.

წერა-კითხვის საზოგადოება მოთავსებული იყო თავადაზნაურობის ქარვასლაში, დღევანდელი ცეკავშირის პირდაპირ. მისი კანცელარია ნამდვილი კლუბი იყო, კულტურული და რამოდენიმედ პოლიტიკურიც, ვინ არ შემოდიოდა აქ, ვისაც კი რაიმე დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ საქმესთან, ვისაც აინტერესებდა საქართველოს ბედი და მომავალი. მოდიოდნენ ქართული წიგნის საყიდლად, წიგნებისა და ჟურნალების წასაკითხავად, ძველი ხელნაწერების გასასინჯავად, ახალი ამბების გასაგებად, ერთმანეთთან შესახვედრად.

შემოდიოდნენ მასწავლებლები, მწერლები, არტისტები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ეპისკოპოსები, მღვდლები, თბილისის მცხოვრებნი თუ პროვინციიდან ჩამოსულები.

ხანდახან გაიმართებოდა საერთო საუბარი, კამათი, იყო მოგონება გარდასულის, გამოცნობა მომავლის. პროვინციიდან თუ ვინმე ჩამოვიდოდა, მშობელი ქვეყნის გულშემატკივარი, თავის წმინდა მოვალეობად მიაჩნდა წ. კ. საზოგადოებაში შემოვლა. თვალწინ იშლება მთელი გალერეა ქართველ მამულიშვილთა სახეებისა.

ი, იაკობ გოგებაშვილი ადრე მოგვინახულებდა თავის მაგარის ჯოხით, დინჯად მოაბიჯებს და თან ჯოხს ქვის იატაკზე ღონივრად დაარტყამს და ამით შორიდან გვატყობინებს თავის მოსვლას. თუ კანცელარიის რომელიმე სარკმელი ღიაა, ორპირი ქარის ეშინია და გარედან დაგვიძახებს: გეთაყვა, სარკმელი მიხურეთო. დაჯდებოდა, უყვარდა ჩემთან საუბარი. ქართული ენა, წიგნი, განათლება, მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკა, ბრძოლა ქართულის მდევნელების წინააღმდეგ, ქართველების წარმატება აი, საგანი მისი ბაასისა. რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი, ვაკვირდებოდი მის მოქმედებას, სიტყვას. ის იყო განსახიერება სამშობლოს წმინდა სიყვარულისა, მამულიშვილის მთლიანი ტიპი. მან არ იცოდა ყოყმანი და ორჭოფობა მშობელი ქვეყნის ინტერესების საკითხში. ჩვენმა პარტიამ რომ მიწის კერძო საკუთრების მოსპობის და სოციალიზაციის პროპაგანდა დაიწყო, ასე მითხრა: ეს ძალიან კარგია, ამით ქართველ გლეხს მიწა შეუნარჩუნდება, თორემ დღეს ჩვენს მიწა-წყალს უცხოელები ეპატრონებიანო. როგორც კრუხი თავის წიწილებს, ისე დასტრიალებდა თავს «დედა ენას» და სხვა თავის გამოცემებს, იმიტომ, რომ ფანატიკური რწმენა ჰქონდა, რომ მის წიგნებს შეჰქონდა ხალხში საღი ეროვნული შეგნება, ქვეყნის მტრად მიაჩნდა, ვინც ამაში ოდნავ შეეკამათებოდა. ვერ ითმენდა რუსული ენის სწავლებას ე.წ. მუნჯური მეთოდით, რადგან ეს ასუსტებს ქართულის ვარჯიშობასო. ასევე შეურიგებელი მტერი იყო იმ პოლიტიკანების, რომელთაც ქართულის გამოძევება უნდოდათ სამეგრელოს სკოლებიდან და მის მაგიერ მეგრულის შემოღება. არ გამოეპარებოდა, თუ სადმე რაიმე გაკეთდებოდა ან ითქმებოდა ქართველების საზიანო, და ამაზე პასუხი უნდა მიეცა ან მას ან ვისმე. იგი აღმზრდელი იყო ჩვენი არა მარტო წიგნებით და საგაზეთო წერილებით, არამედ თავის მაღალზნეობრივი პიროვნებით და მეც მასთან ყოფნით და საუბრით მემატებოდა სამშობლოს სიყვარული და სიმხნევე, რწმენა და იმედი.

აი, პეტრე უმიკაშვილი, ძველი მწიგნობარი, კეთილი გულის, მოსიყვარულე. აი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ესეც ქართული წიგნის მოტრფიალე. აი, ვახტანგ თულაშვილი წ. კ. საზოგადოების ერთი დამაარსებელთაგანი, უყვარს ქართული გაზეთების თავიდან ბოლომდის წაკითხვა. აი, მოსე ჯანაშვილი, რომელიც მხოლოდ საქართველოს წარსულში იცქირება, აი, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც შემოივლის ხელნაწერების ამოსარჩევად, რომელთაც სახლში წაიღებს, რომ შეისწავლოს და აწეროს. იმის შეხვედრა ბევრს აინტერესებს, უნდათ რამე ისტორიულ-არქეოლოგიური საკითხის გარკვევა, ეკითხებიან, ინიშნავენ რვეულში. აი, მოგვინახულებს თავმჯდომარის ამხანაგი ნიკო ცხვედაძე, წ. კ
. საზოგადოების თვალსაჩინო პიროვნება, ენერგიული საზოგადო მოღვაწე. აი, არტისტები: ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, კოტე მესხი, ვალერიან გუნია, კოტე ყიფიანი (გვაწვდის ცნობებს მამის შესახებ). აი, მსახიობი ქალები ნატო გაბუნია-ცაგარლისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომელთაც ყოველთვის მხიარულება შემოაქვთ დარბაზში. აი, მღვდლები ძმები პოლიევქტ და ვასილ კარბელაშვილები, რომელთაც უყვართ ძველი ნაწერების ჩხრეკა. აი, კალისტრატე ცინცაძე, დღევანდელი კათალიკოზი, ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი, მთავრობისაგან დევნილი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია. აი, პროფესორები ალექსანდრე ცაგარელი და ალექსანდრე ხახანაშვილი, რომლებიც გვინახულებდნენ ზაფხულში რუსეთიდან ჩამოსვლის დროს. შემოივლიდა პროფ. ნიკო მარიც, უმეტესად რამე ქართული გამოცემის შესაძენად. აი, კიდევ მწერლები შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი), დუტუ მეგრელი და მისი მეუღლე ანასტასია ერისთავ-ხოშტარია. აი, ძმები - ვაჟა-ფშაველა, თედო რაზიკაშვილი და ბაჩანა. აი, სოფრომ მგალობლიშვილი, ნიკო ლომოური, დავით კლდიაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ნიკო ურბნელი, გრიგოლ და ალექსანდრე ყიფშიძეები. აი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, მარიამ დემურია და სხვები და სხვები. აი, თვით აკაკი წერეთელი, რომლის დანახვაზე ყველას სახე გაუბრწყინდებოდა, რადგან უყვარდათ მისი ტკბილი საუბარი და საოხუნჯო ამბების მოყოლა. როგორც კი დაჯდებოდა აკაკი, ყველანი მის გარშემო შემოიკრიბებოდნენ. ვახტანგ თულაშვილიც თავს გაანებებდა გაზეთს და აკაკის შეაცქერდებოდა...

მართალია, ჩვენი ეროვნულ-საზოგადოებრივი მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, მაგრამ ჩანდა ისიც, რომ ეს მდგომარეობა არ იყო გაყინული, სტაბილური ხდებოდა შიგნით, განსაკუთრებით ფართო მასებში, დუღილი, დარაზმვა, მომზადება, იწყებოდა თბილისში და სხვაგან გაფიცვები, დემონსტრაციები (ერთხელ მეც მომხვდა ყაზახების მწარე მათრახი). ამოძრავდნენ გლეხებიც და ეს იყო ნიშნები ჩვენი ერის ცხოველმყოფელობის, იმის, რომ საქართველოს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა. საზოგადო მოღვაწეობის სარბიელზე გამოვიდნენ ახალი ძალები, უფრო დაბალი ხალხის წრეებიდან, ახალი რევოლუციონური მეთოდით. ეს ახალი გზაა, მაგრამ ძველიც, ვინაითგან საქართველოს ისტორიას ყოველთვის ახასიათებდა ბრძოლა თავის ღირსებისა და უფლებისათვის.

ამ საუკუნის დასაწყისიდანვე დაეტყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო რეჟიმს რღვევა. რეაქცია ძლიერია, მაგრამ თავის თავის რწმენა მას არ მოეპოვება; გონებადაკარგული, აქეთ-იქით ეხეთქება. მის მკაცრ ზომებს ნაყოფი არ მოაქვს. პირიქით, მთელ სახელმწიფოში იზრდება უკმაყოფილება და მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობა. გაფიცვები, დემონსტრაციები, ტერორები ერთმანეთს მოსდევენ.

ამ ბრძოლის სულიერ განწყობილების დროს დაიდგა მოსკოვში ალექსანდრე სუმბათაშვილის «ღალატი», პიესა გმირული ბრძოლისა განთავისუფლებისათვის. დიდხანს არ გაუვლია და თბილისის რუსულმა დასმაც დადგა იგი. კარგად იყო შესრულებული საერთოდ და ზეინაბის როლს შატელენის ქალი საუცხოოდ თამაშობდა. კარგა ხანს კვირაში რამდენჯერმე იდგმებოდა. თბილისის საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით ხვდებოდა «ღალატის» წარმოდგენებს. ყოველი მოქმედება, ყოველი თვალსაჩინო სცენა ოვაციას და მანიფესტაციას იწვევდა. მეხუთე მოქმედების შემდეგ კი ხალხის მღელვარებას და ენთუზიაზმს დასასრული არ ჰქონდა. მაყურებელნი დიდხანს არ გამოდიოდნენ დარბაზიდამ და ძალით, ელექტრონის ჩაქრობით აიძულებდნენ. გამოსული საზოგადოება გარეთ დიდხანს რჩებოდა, ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, კამათობდნენ. იმ დროს ჰაერში რევოლუციის სული ტრიალებდა და სცენაზე წარმოებული ბრძოლა ჩვენს გონებას გარეთ, ქუჩაში, გამოჰქონდა და მეტეხის აფეთქება «ღალატში» თვითმპყრობელობის აფეთქებად გვესახებოდა.

ცოტა შეგვიანებით ქართულმა თეატრმაც დადგა «ღალატი». დიდი მონდომებით ემზადებოდნენ მსახიობები ამ წარმოდგენისათვის. საზოგადოებაც მოუთმენლად მოელოდა საქართველოს ისტორიის ტრაგედიის განსახიერებას ქართველი მსახიობების მიერ. ყველა ფიქრობდა, რომ «ღალატი» ქართულად უკეთესი გამოვიდოდა, ვიდრე რუსულად იყო. წარმოდგენის დღეს ნერვიული მდგომარეობა იყო შექმნილი სცენაზე და საზოგადოებაშიც. ასეთ პირობებში აიხადა ფარდა და სოლეიმანმა რომ წარმოთქვა პირველი სიტყვები: «დიდ არს ალაჰ!» ყველამ იგრძნო, რომ წარმოდგენას კარგი არ მოელოდა, მაინც იმედით და რწმენით შევყურებდით გაგრძელებას და წამდაუწუმ მოველოდით, რომ თანდათან იქნებოდა აღებული ის გმირული ტონი, რომლითაც გამსჭვალულია სუმბათაშვილის ნაწარმოები. საუკეთესო ძალები იყვნენ თითქოს შემსრულებელნი, მაგრამ რატომღაც შეშინებულებივით ლაპარაკობდნენ, თვითონ არ სწამდათ თავისი სიტყვა და მოქმედება. აქტიორები ვერ შევიდნენ როლებში და სოლეიმანი, ზეინაბი, ოთარი, ანანია, დათო, ერეკლე, რუქაია სულ უცხო პიროვნებანი იყვნენ მოთამაშეებისათვის. სამწუხაროდ, ტექნიკურმა მხარემაც ხელი შეუწყო კატასტროფას: პირველ მოქმედებაში ფარდა უდროოდ დაეშვა და მეხუთე მოქმედებაში მეტეხი აფეთქდა ნაადრევად.

ამ წარმოდგენის გამო მე პამფლეტი-ფელეტონი დავწერე, სახელად «მოღალატენი», სადაც სასტიკად დავგმე არტისტები. ახლა გადავიკითხე ეს და ვფიქრობ, რომ გადამეტებული სიმკაცრე გამოვიჩინე მაშინ. ქართველ მსახიობებს ისეთი დიდი დამსახურება აქვთ, იმდენი სიყვარული ჰქონდათ ქართული ხელოვნების და კულტურის, იმდენი გაჭირვება აუტანიათ და იმდენი თავდადებულობა გამოუჩენიათ, რომ ამა თუ იმ შეცდომისთვის სასჯელი არ ეკუთვნით. მერე ჩვენმა თეატრმა გამოასწორა თავისი მარცხი და «ღალატის» წარმოდგენები გააუკეთესა...

ვუბრუნდები რუსეთის საერთო პოლიტიკურ ამბებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებრიობაში მომხდარ ცვლილებებს. იაპონიის ომში დამარცხებამ ერთიან შეარყია იმპერია, რეაქციის სულისჩამდგმელის პლევეს მოკვლამ (1904 წ. 15 ივლისი) თავზარი დასცა მმართველ წრეებს. იწყებენ დათმობებს. მანიფესტი მანიფესტს ცვლის, მეტისა და მეტის თავისუფლების დაპირებით. ეს არავის აკმაყოფილებს და მდგომარეობა გამწვავდება 1905 წელს. აჯანყებები ხდება სხვადასხვა ადგილებში, ყველგან ცეცხლი და სისხლისღვრა ვრცელდება.

საქართველო ჩაბმულია რევოლუციაში, მას პირველ ადგილთაგანი უკავია, მისი პოტენციალური ძალა ფართოდ იშლება. ჩვენში ორნაირი ბრძოლაა: საერთო პოლიტიკური და ეკონომიურ-სოციალური, ერთი მხრით, და ადგილობრივი, ქართული ეროვნული, მეორე მხრით.

მე არ ვილაპარაკებ საზოგადოდ ამ ბრძოლაზე, ხოლო გავიხსენებ ზოგიერთ ეპიზოდს, რამდენადაც ეს დაკავშირებულია ჩემს სალიტერატურო მუშაობასთან.

პრესის პირობები შედარებით გაუმჯობესდა. ცოტა თავისუფლად დავიწყეთ წერა, მთავრობის მხილება, ჩვენი მოთხოვნილებების წამოყენება. «ცნობის ფურცელს» ახალი თანამშრომლები შეეძინა გრიგოლ რცხილაძე, ვასო აბაშიძე, შიო ჩიტაძე. სამაგიეროდ გამოაკლდა არჩილ ჯორჯაძე, რომელიც პარიზში წავიდა, გიორგი დეკანოზიშვილთან ერთად, ჟურნალ «საქართველოს» გასაძღოლად. ამ არალეგალური ორგანოს პირველი ნომერი გამოვიდა 1903 წლის მაისში. აქვე უნდა მოვიხსენიო, რომ არჩილ ჯორჯაძე ავად გახდა და მის მაგივრად დროებით გიორგი ლასხიშვილი წავიდა. მერე მე უნდა გადავსახლებულიყავი უცხოეთში «საქართველოს» გასაძღოლად, მაგრამ რაკი რუსეთში რევოლუცია დაიწყო, ცოტა თავისუფლება დამყარდა და მეტსაც მოველოდით ახლო მომავალში, ამიტომ პარიზში ჟურნალის გამოცემა შეჩერებული იქნა.

სხვა ცვლილებებიც მოხდა ქართულ პრესაში. «ივერია» გადავიდა ფილიპე გოგიჩაიშვილის ხელში, რომელმაც გააფართოვა და გააუმჯობესა იგი. სოც.-დემოკრატებმა დააარსეს ყოველდღიური გაზეთი «სხივი». გაჩნდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა, ჯერ კვირეული «ნობათი» და მერმე ყოველდღიური «მუშა».

მე ფელეტონებში აშკარად და მოურიდებლად დავიწყე ჩემი პოლიტიკური, ეროვნული და სოციალური აზრების გამოთქმა. სხვათა შორის, 1905 წ. დავწერე სასცენო სახით ფელეტონი «ჯოჯოხეთში», სადაც გამომყავდა ტარტაროზი (რუსეთის მეფე), რომელიც ხედავს თავის საბრძანებლის დანგრევას და განსაკუთრებით უფრთხის სიტყვის თავისუფლებას. ეს ფელეტონი შემთხვევით დაიბეჭდა 9 იანვარს გაპონის პეტერბურგში გამოსვლის დღეს. ალექსანდრე ჯაბადარმა მითხრა მეორე დღეს: სტამბაში გადაცემამდე გადავათვალიერე შენი ფელეტონი, შემეშინდა, მის გამო გაზეთი არ დაგვიხურონ და მინდოდა ზოგი ადგილის ამოღება, მაგრამ დამენანა და ვთქვი: რაც იქნება, იქნება-თქო. ფელეტონი ძალიან პოპულარული გახდა და თელავში სცენაზეც კი დადგეს. ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოსკოვში რუსულად გადათარგმნა და გაზ. «
Русские ведомости »-ის მიუტანა. გაზეთმა ვერ დაბეჭდა, გამოცემას დაგვიხურავენო.

საქართველოში რევოლუციურ გამოსვლებში პირველი ადგილი ეკავა გურიას. გურული გლეხების მოძრაობამ მთელი რუსეთი აალაპარაკა. მათ წინააღმდეგ მიღებული რეპრესიები მთელ ქართველობას აღელვებდა. ლიბერალურმა სიომ რომ დაჰბერა და კავკასიაში მეფის მოადგილედ ვარანცოვ-დაშკოვი დაინიშნა, ვითომ მშოდობიანობის დასამყარებლად რეფორმების წყალობით, ზოგიერთები მოელოდნენ, რომ რეპრესიები შენელდებოდა. ცრუ იმედი იყო და ეს მალეც დამტკიცდა. 1905 წ. თებერვლის დამლევს გურიაში გაიგზავნა მეფის მოადგილის თანაშემწე კრიმ-გირეი, ლიბერალური მიმართულების და პატიოსანი კაციო, ამბობდნენ მაშინ. მას უნდა გამოერკვია გურიის ამბები და მოესმინა გლეხთა მოთხოვნილებანი.

ქართულ გაზეთებს ნება დართეს კორესპონდენტები გაეყოლებინათ და ყველაფერი დაწვრილებით აეწერათ. «ცნობის ფურცლის» რედაქციამ მე მომანდო ეს საქმე. ერთი კვირა დავრჩი გურიაში, რამდენიმე სოფელი მოვიარე კრიმ-გირეისთან ერთად და გაზეთის მკითხველებს გავაცანი გლეხთა მოთხოვნილებანი, მე რომ წამოვედი, ჩემს მაგივრობას ეწეოდა ილია ნაკაშიძე. ჩვენმა წერილებმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

ძლიერი იყო მასიური მოძრაობა გორის მაზრაში და აგრეთვე ქიზიყში. საერთოდ მთელი საქართველო ამოძრავდა. სული უკმაყოფილებისა, პროტესტისა, წინააღმდეგობისა და ბრძოლის შეიჭრა ყოველ წრეში და ეს გამოიხატებოდა ან უშუალო აქტივობით ან მოთხოვნათა წარდგენით. კერძოდ, თბილისში გაფიცვა, დემონსტრაცია, მიტინგი, მოკვლა მთავრობის აგენტებისა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა.

31 მაისს ქართველ სამღვდელოებას სემინარიის შენობაში კრება ჰქონდა. შეუცვივდნენ ყაზახები, ძალით გარეკეს კრება, სცემეს მღვდლებს და ბევრი დაასისხლიანეს. ამ ამბავმა მთელი ქართველობა ააღელვა. საღამოს მღვდლები შეიკრიბნენ და, სხვათა შორის, მეც მიმიწვიეს. მე სიტყვით მივმართე და ვურჩიე მხნედ ყოფილიყვნენ და ბრძოლა გაეგრძელებინათ.

აგვისტოს 29-ს ქალაქის თვითმმართველობის დარბაზში კრება იყო. შევარდნენ ყაზახები, დაუშინეს შეკრებილთ თოფები და 40-მდე მოკლეს და ბევრი კიდევ დაჭრეს... ასე გრძელდებოდა 17 ოქტომბრამდის, როდესაც გამოვიდა იმპერატორის ახალი მანიფესტი, თითქოს საკონსტიტუციო წყობილება მყარდებოდა და ამას უნდა მოჰყოლოდა ერთგვარი დამშვიდება. მანიფესტის გამო თბილისში მანიფესტაციები გაიმართა. 22 ოქტომბერს რუსმა შავრაზმელებმა კონტრმანიფესტაცია მოაწყვეს ჯარის მონაწილეობით, დაერივნენ ქუჩაში მშვიდობიან ხალხს და ბევრი დახოცეს და დაჭრეს.

მე პირადად ამ დროს თბილისში არ ვიყავი. პეტერბურგში მოწვეული იყო მთელი რუსეთის ჟურნალისტების კრება. ამ კრებაზე დასასწრებლად გაგზავნილი ვიყავით მე და პეტრე სურგულაძე. ვორონეჟს რომ მივუახლოვდით, დაიწყო რკინიგზის გაფიცვები და შეწყდა ყოველი მიმოსვლა. რამდენიმე დღე ერთ სადგურში ვიდექით. ვცხოვრობდით ვაგონებში, საზრდო გვეძლეოდა რკინიგზის სამმართველოსაგან. ირგვლივ რა ხდებოდა, არ ვიცოდით. ხანდახან სადგურის უფროსი რაიმე ცნობას მოგვაწოდებდა. 17 ოქტომბერს რაღაც ხმები გავრცელდა, დიდი ამბები მოხდაო. საღამოს ჩვენი მატარებელი დაიძრა და მეორე დღეს მოსკოვში ვიყავით. ვეცით გაზეთებს, გავიგეთ მანიფესტის გამოცხადება. იგი არავის აკმაყოფილებდა, ყოველმხრით გაისმოდა მუქარა იმპერატორისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. შევიარეთ უნივერსიტეტში, ყველა აუდიტორიაში მიტინგები იყო და გაცხარებული რევოლუციური სიტყვები გაისმოდა. გაზეთები, ფურცლები, კარიკატურები მოურიდებლად დასცინოდნენ რეჟიმს. იმ საღამოსვე პეტერბურგისაკენ გავწიეთ. იქაც იგივე ამბები დაგვხვდა - მღელვარება, არეულობა. მუშების დიდი დემონსტრაცია უნდა მომხდარიყო, მაგრამ უკანასკნელ ჟამს მეთაურებმა გაიგეს გრადონაჩალნიკის პროვოკაციული განზრახვები და თავი შეიკავეს, მოერიდნენ სისხლისღვრას.

ჟურნალისტების კრება აღარ შედგა და რამდენიმე დღის შემდეგ უკან გამოვბრუნდით. თბილისში დაგვხვდა ზემოთ დასახელებული ამბავი, რომელსაც შემდეგ უარესები მოჰყვა. ცხადი იყო, თუ მთავრობა ერთ ნაბიჯს გადადგამდა, ორით უკან იხევდა. კონსტიტუცია გამოაცხადეს, ამავე დროს სამხედრო წესები შემოიღეს და რეპრესიები გააძლიერეს.

მთავრობამ ასეთ ზომასაც მიმართა: ხელი შეუწყო, ან უკეთ, თვითონ მოაწყო სომეხ-თათართა შეტაკება, რომელიც აზერბაიჯანში და სომხეთში დაიწყო და ნოემბერში თბილისშიც გადმოვიდა. ქართველები ენერგიულად ჩაერივნენ და ჩვენში ეს სისხლისღვრა ვერ გაიშალა და მალე ჩაქრა. მახსოვს, დიდი მიტინგი გაიმართა ვანქის ეზოში მებრძოლთა მოსარიგებლად და მეც მომიხდა სიტყვის თქმა. ამის შემდეგ ჩამოვიარეთ სომხის და თათრის უბნები, მოვუწოდებდით შერიგებისა და მშვიდობისათვის.

22 დეკემბერს რედაქციაში ვიყავით თანამშრომლები. სომხის სემინარიის ყოფილი შენობიდან ვიღაცამ ყუმბარა ესროლა ყაზახებს. ამის გამო გამოიწვიეს ჯარი, შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ბევრი ადამიანიც მოკლეს. ჯარისკაცთა თარეშმა კინაღამ ჩვენს რედაქციამდე მოაღწია. არ გასულა ამის შემდეგ ერთი კვირა, რომ ბინაზე (ჭავჭავაძის და გრიბოედოვის კუთხეში) ოფიცერი მეწვია ჯარისკაცებით. გამჩხრიკეს და დამატუსაღეს. წამიყვანეს საკომენდანტოში. იქ ბევრი სხვა დამხვდა დატუსაღებული და მერეც მოიყვანეს. ახლობელ ნაცნობებში იყვნენ ვლ. ლორთქიფანიძე და ფ. გოგიჩაიშვილი. წაგვიყვანეს მეტეხში. ციხის უფროსმა არ მიგვიღო, ადგილი არა მაქვსო. დაგვაბრუნეს უკან. გაიმართა ტელეფონით მოლაპარაკება. გაგვგზავნეს მეორედ და როგორც იყო, მიგვიღეს. ციხეში დავრჩი თვენახევარი, ვლ. ლორთქიფანიძესთან ერთ საკანში. ციხის რეჟიმი შედარებით მსუბუქი იყო, უკეთესი, ვიდრე 1910 წ., როცა მეორედ მომიხდა იქ ყოფნა. ყველაფერს ვიღებდით გარედან წიგნებს, გაზეთებს, წერილებს, გაზეთშიაც ვთანამშრომლობდით. ჩემი ტუსაღობის დროს ჩემი ფელეტონების ნაცვლად იბეჭდებოდა შ. ჩიტაძის («ყვავის» ფსევდონიმით) «პატარა ამბების მაგიერ». მოგვდიოდა ამბები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმის საშინელი მოქმედებისა იმერეთში, განსაკუთრებით გურიაში, და გული ნაღველით გვევსებოდა. წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა ქართლშიც. 1906 წ. 17 იანვარს ყუმბარის ძლიერი ხმა მოგვესმა, გვეგონა სადღაც, სულ მახლობლად. მალე გავიგეთ, რომ არსენა ჯორჯიაშვილმა ჯალათი გენერალი გრიაზნოვი მოკლა («მოაშორა ხალხს მისი ჭირი», როგორც გმირზე გამოთქმული ლექსი ამბობს).

ჩემი დატუსაღების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჩემს ფელეტონებში ხშირად თავს ვესხმოდი შირინკინს, მეფის მოადგილის თანაშემწეს, საპოლიციო ნაწილის უფროსს. თურმე ციმბირში გადასახლებას მიპირებდა, მაგრამ ერთი ჩემი კარგი ნაცნობის საქმეში ჩარევამ გადამარჩინა.

ციხიდან რომ გამომიშვეს, მეორე თუ მესამე დღეს, 19 თებერვალს, «ცნობის ფურცელში» დაიბეჭდა ჩემი ჩვეულებრივი ფელეტონი, რომელშიაც მკაცრად შევუტიე მთავრობას და შირინკინიც არ დავზოგე. ფელეტონს ასე ვათავებდი: «ქვეყანა მაინც ბრუნავს». მეორე დღეს საღამოს 9-10 ს. ჩემთან მოვიდა ს. მდივანი და მითხრა: შირინკინი გაბრაზებულა შენი წერილის გამო და ხელახლა დაჭერას გიპირებს, ამიტომ ამაღამ სხვაგან უნდა დაიძინო და ხვალ თბილისიდამ წახვიდე. მეორე დღეს საჩქაროდ მოვემზადე და გავწიე პეტერბურგისაკენ, რომელიც იმ დროს უკეთესი თავშესაფარი იყო დევნილებისათვის. თანაც იქ მეგობარი მყავდა.

ნ. მარს უყვარდა ჩემი წერილები და პეტერბურგში ყოფნის დროს ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მის ბინაზე. მასთან საუბარი მეტად საინტერესო იყო. გასაოცარი ერუდიციის და გენიალური ინტუიციის ადამიანი იყო. ერთი საუბრის დროს ვთხოვე დაეწერა საქართველოს მოკლე ისტორია. ეს მალე შეასრულა და გამოიცა ამ სათაურით «История Грузии (культурно-исторический набросок»). გურიის მოძრაობასაც უძღვნა ერთი ბროშურა. ცხარედ ებრძოდა ვოსტორგოვს და სხვებს ქართული კულტურის უარმყოფელთ. მე საქართველოს ავტონომიას ვიცავდი, ის მთელი კავკასიის ერთი ავტონომიის მომხრე იყო, ქართველს ფართო ასპარეზი სჭირია სამოქმედოთო.

პეტერბურგში გავიგე «ცნობის ფურცლის» დახურვა. იგი ქართული პრესის სასახელოდ გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე. ოფიციალური გაზეთის «Кавказ»-ის 18 მარტის ნომერში დაიბეჭდა თბილისის სამხედრო გენერალ-გუბერნატორის ტიმოფეევის მუქარა «ცნობის ფურცლის» მიმართ: ყალბ ცნობებს აქვეყნებენ, ვითომ ჯარი სახლებს წვავდეს, ხოცავდეს ხალხს, აუპატიურებდეს ქალებს და სხვ. გაძლევ ერთი კვირის ვადას, რომ წარმოადგინო «დაურღვეველი საბუთები» შენი ცნობების დასამტკიცებლად.

გაზეთმა ღირსეული პასუხი გასცა ამ მუქარას 24 მარტს. ჯერ ვრცლად და უშიშრად გააკრიტიკა ტიმოფეევის წერილი: ჩვენ შებორკილი ვიყავით და ყველაფერი ვერ ვთქვით, თორემ სინამდვილე უარესია, ვიდრე ჩვენ ვწერდით, საკმარისია, მარტო რკინიგზით გავლა ქართლ-იმერეთზე, რომ დავინახოთ, თუ რა გაუგონარ სატანჯველშია ხალხი, ყველგან ნანგრევები, ცეცხლი, ცრემლი და სისხლიაო. მაგრამ თუ გუბერნატორი ახალ საბუთებს მოითხოვს, აი, «დაურღვეველი საბუთები», და გაზეთმა მთელი ნომერი გაავსო ოფიციალური დოკუმენტებით მთავრობისა და მისი ჯარის საზიზღარი აქტების შესახებ.

ამის შედეგი ის იყო, რომ მთავრობამ მეორე დღეს გაზეთი დახურა. მე რომ თბილისში ჩამოვედი, ამ გაზეთის მაგიერ გამოდიოდა «შრომა». მე დავუბრუნდი ჩემს ხელობას და დავიწყე იქ თანამშრომლობა.

მე, როგორც გამომცემელი და რედაქტორი

წ. კ. საზოგადოების ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი (ბიბლიოთეკა და კანცელარია ერთად იყო), წიგნის მაღაზიის ვაჭრობა და მოქმედება ჩემ თვალწინ ხდებოდა. მწერალთა და მწიგნობართა შორის ვტრიალებდი და კარგად ვხედავდი ქართული წიგნის სიცოტავეს და სიღარიბეს. წელიწადში ორიოდე წიგნი თუ დაიბეჭდებოდა და ისიც წლობით ეწყო თაროებზე ხელუხლებელი. რატომ იყო ეს, რატომ არ იბეჭდებოდა ქართული წიგნი? კეთილი სურვილის და მონდომების უქონლობის გამო ხომ არა? მოდი, ვცდი კარგი წიგნის გამოცემას, ეგებ იპოვნოს მკითხველი, ვიფიქრე. ახალგაზრდა ყოველთვის სავსეა იმედებით.

მწერლობას რომ ხელი მოვკიდე და გაზეთ «დროებას» გავეცანი, ძალიან მიმიზიდა ს. მესხის პიროვნებამ, რომელიც იყო ქართული ჟურნალიზმის მამამთავარი, გულწრფელი დემოკრატი და ამასთან მაღალი ზნეობის ადამიანი. მას და გაზეთ «დროებას» რამდენიმე წერილი ვუძღვენი «ცნობის ფურცელში». ჩემი ინიციატივით 1916 წ. «დროების» 50 წლისთავი აღინიშნა. და, სხვათა შორის, გაზ. «სახალხო ფურცელმა» დაბეჭდა «დროების» პირველი ნომერი სრულიად იმ სახით, როგორც 1866 წელს გამოვიდა და დაურიგა თავის ხელის მომწერლებს.

განვიზრახე, ჩემი პატივისცემა სერგეი მესხის სალიტერატურო მოღვაწეობისა აღმენიშნა მისი რჩეული ნაწერების გამოცემით. ეს უეჭველად საინტერესო წიგნი გამოვიდოდა და მკითხველი მყიდველი ეყოლებოდა. დამეხმარა ძველი მწიგნობარი ი. ჭყონია (ფსევდ. მაგმაძე, მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში, აქვს რამდენიმე წიგნიც გამოცემული). მან გადმომიწერა «დროებიდან» სერგეი მესხის ნაწერები. მე ამოვარჩიე, რაც საუკეთესო და დამახასიათებელი იყო. თხზულებანი ორ ტომად იყო გათვალისწინებული. პირველში მოთავსდა 1860-1878 წწ. ნაწერები და მეორეში იქნებოდა დანარჩენი და აგრეთვე სერგეი მესხის ბარათები და მოგონებანი მის შესახებ. პირველი ტომი გამოვიდა 1903 წ. გაზაფხულზე. სამწუხაროდ, წიგნი მყიდველებს არ დაუტაციათ, იყიდებოდა მძიმედ, ცოტა, როგორც სხვა წიგნი. ამიტომ მეორე ტომის გამოცემა ვეღარ შევძელი. მაგრამ გამომცემლობის ხალისი ამან არ დამიკარგა. წ. კ. საზოგადოების მაღაზიის გამგე იყო შ. ქუჩუკაშვილი (საბავშვო პოეტი შ. მღვიმელი), ბუღალტრად მსახურობდა ვ. ედილაშვილი. ჩვენ სამი შევთანხმდით და შევადგინეთ ამხანაგობა «ტოროლა» (სიტყვიერად, არავითარი ხელშეკრულობა არ დაგვიწერია), რომ დაგვებეჭდა ქართული წიგნები. ფული ჩვენ არ გაგვაჩნდა, მაგრამ იმის იმედი გვქონდა, რომ მესტამბეს და ქაღალდის ვაჭარს კარგად ვიცნობდით და ერთიც და მეორეც კრედიტს გაგვიხსნიდა. ვარჩიეთ, თუ რა გამოგვეცა პირველად და შევჩერდით ია ეკალაძეზე (იაკ. ცინცაძე, იგივე «თომაანთ კობა»). იგი დიდი ღირსების მწერალი არ იყო, მაგრამ მიგვიზიდავდა მისი გმირები, კეთილი სურვილის პირები, მართლის მაძიებელნი. იგი ჩვენთან დაახლოებულიც იყო (შიოს მეგობრობდა), ვთქვით: ახალგაზრდა მწერალია, მივცეთ საშუალება, გზა გაიკაფოს. ანგარიში არ გაგვიმართლდა. ია ეკალაძის ნაწერებმა სრულებით ვერ მიიზიდა მკითხველი საზოგადოება. კრიტიკა ცუდად შეხვდა ავტორი სუსტი ნიჭის პატრონია, მისი აზრები დამაჯერებელი არაა, მისი სამხატვრო ფერები მეტად მკრთალიაო. გამომცემლებმა ძლივ-ძლივობით დავფარეთ ხარჯები და ჩვენი ამხანაგობის კარებიც გამოვკეტეთ.

შემდეგი ჩემი გამოცემული წიგნი იყო «გვირგვინი» სალიტერატურო-სამეცნიერო კრებული. 1911 წ. გარდაიცვალა ჩემი მეგობარი (ალ. მიქელაძე), ნიჭიერი ახალგაზრდა და მისმა პატივისმცემელმა რამდენიმე პირმა შევადგინეთ ეს კრებული და ვუძღვენით მის ხსოვნას. წიგნის ინიციატივა და გამოცემა ჩემი საქმე იყო და ამის განხორციელება შევძელი 1913 წ. გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. კრებულში, სხვათა შორის, დაიბეჭდა ჩემი «გლოვის ზარი».

მაშინ ცენზორად იყო ი. პოლუმორდვინოვი, კაცი თვითონ ლიტერატორი, რომელიც მეტად ლმობიერად ეპყრობოდა დასაბეჭდ მასალას და ჩემთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე ადგილი წაშალა ჩემს ნაწარმოებში, მაგრამ ამასთან გამაფრთხილა, ჩემს ცენზურაში გატარება ვერ იხსნის შენს ნაწარმოებს ადმინისტრაციის თავდასხმისაგან და მე მეშინია, რომ კრებულის კონფისკაცია არ მოახდინონ შენი «გლოვის ზარის» მიზეზითო. მოვითათბირე ამხანაგებთან ამის გამო და მირჩიეს, რომ უთუოდ ამოგვეღო კიდევ ზოგიერთი საშიში ადგილი და წიგნი გადაგვერჩინა დაღუპვას. ერთმა ამხანაგმა თვითონ იკისრა ასეთი ადგილების დანიშვნა. ამ შესწორებით გამოვიდა კრებული და ადმინისტრაციამ ვერაფერი იპოვნა ხელჩასაჭიდებელი. «გვირგვინის» იმ ეგზემპლარებში, რომლებიც წ. კ. საზოგადოების ბიბლიოთეკას გადავეცი, ჩემი საკუთარი ხელით ჩავწერე ამოღებული ადგილები. ასევე შევსებული მქონდა ჩემი ცალიც, რომელიც შემდეგ დამეკარგა, მაგრამ, ალბათ, სადმე არსებობს.

უკანასკნელი ჩემი გამოცემული წიგნია ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა 1922 წლისა. ეს კოლექტიური ნაშრომი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროთა ვითარების წყალობით მარტო მე დამაწვა კისერზე.

პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავებში იყო ერთი ნიკოლოზ რევაზის-ძე ერისთავი, რომელსაც დაახლოებული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ლიტერატურულ წრეებთან. ის იყო პოეტის დის, ეკატერინეს შვილი, იმ ეკატერინესი, რომლის ქორწილს ისე აღტაცებით აგვიწერს ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ბიძა ზაქარია ორბელიანთან მიწერილ ბარათში. ის მეგობრობდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც მის სახლში მიდიოდა კარტის სათამაშოდ ან მას თავის სახლში მოიწვევდა. ხანდახან ერთადაც სადილობდნენ.

ნიკოლოზ ერისთავი ჩვენი რედაქციის («ცნობის ფურცლის» და სხვ.) მეგობარიც იყო, ხშირად გვესტუმრებოდა, უმაღლეს მმართველ წრეების ახალ ამბებსაც და ჭორებს მოგვიტანდა, რადგან აქ ნაცნობობა ჰყავდა. ერთ კვირა დღეს რედაქციაში ვიყავი, ნიკოლოზ ერისთავი გვეწვია. იმ დღეს სომხის სემინარიის ძველი შენობიდან ვიღაცამ კაზაკებს ყუმბარა ესროლა, ამის საპასუხოდ ჯარმა ზარბაზნები დაუშინა ხალხსა და სახლს. ჩვენი რედაქციის ბინა იქვე ახლო იყო (დიდი ვანქის, ახლა პრესის ქ.) და ზარბაზნის ხმა ისე გვესმოდა, რომ თითქოს ჩვენ გვესროდნენ. შესაძლებელი კი იყო, რომ ჩვენსკენაც გამოწეულიყვნენ. ნიკოლოზ ერისთავს სრულებით არ შეშინებია, მხოლოდ სწუხდა იმას, რომ ჩემი შიშით, ჩემი ცოლი გადაირევაო. მე რომ 1905 წ. დამიჭირეს და გადასახლებას მიპირებდნენ, ნიკოლოზ ერისთავი გამომესარჩლა (თავის ნებით) და შირინკინს (საპოლიციო ნაწილის უფროსს მთელ კავკასიაში) უთხრა: ფირცხალავას გადასახლებას ყველა ისე შეხედავს, როგორც თქვენს პირად შურისძიებასო (მე წერილები მქონდა მის წინააღმდეგ), იმჟამად მართლაც მომიხსნეს გადასახლება.

ერთი ამბავი გამიგონია ამ ნიკოლოზ ერისთავზე. მისი ცოლი იყო თამამშევის ქალი, დიდი მზითევის მომტანი. ქალის ზოგიერთ ნათესავებს არ უნდოდათ, რომ ეს ფულიანი ქალი ქართველ თავადს მისთხოვებოდა და ხმა გაავრცელეს: ერისთავი ავადმყოფია, ცოლი არ უნდა შეირთოსო. ეს რომ გრიგოლ ორბელიანმა გაიგო, ძალიან გაჯავრდა, ბარათაანთ და ორბელიანთა მთელი გვარეულობის შეურაცხყოფად მიიღო, ვინ გაბედა ჩემი დის შვილისშვილზე ასეთი ჭორის მოგონებაო. მაშინვე ცნობილ ექიმების კომისია შეადგენინა. გასინჯეს ახალგაზრდა სასიძო და სრულებით ჯანმრთელად იცნეს.

აი ეს გრიგოლ ერისთავი კარგა ხანია ფიქრობდა თავის დიდებული ბიძის თხზულებათა ძვირფასად გამოცემას, რედაქციაშიც გველაპარაკებოდა ამის თაობაზე. მაგრამ დღესხვალეობით დრო გავიდა და ისე გარდაიცვალა უეცრად, რომ თავისი განზრახვა შეუსრულებელი დარჩა. ამ განზრახვის განხორციელება თავს იდვა განსვენებულის მეუღლემ ეკატერინე მიხეილის ასულმა, ფრიად სიმპათიურმა ადამიანმა, რომელსაც დიდად უყვარდა თავისი ქმარი; მოიწვია ქართველი მწერლები: (კ. აბაშიძე, ი. გედევანიშვილი, ი. გრიშაშვილი, ნ. ერისთავი (ბიძაშვილი განსვენებულის), გ. ვეზირიშვილი (დეიდაშვილი), გ. ლასხიშვილი, ი. ჯავახიშვილი, გ. თუმანიშვილი, გ. ჟურული და ს. ფირცხალავა და სთხოვა მათ, მოეწყოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა მდიდრული და სრული გამოცემა. დასახელებული პირებისგან შემდგარ კოლეგიას რამდენიმე სხდომა ჰქონდა და შეიმუშავეს გეგმა.

საუბედუროდ, ომმა და მომყოლმა ამბებმა ნორმალური ცხოვრება არივ-დარიეს, ჩვენი კოლეგიის წევრი ზოგი თბილისიდან წავიდა, ზოგი ისეთ სამუშაოში ჩაება, რომ მოცლა არ ჰქონდა, ზოგი გარდაიცვალა. კოლეგია ფაქტიურად დაიშალა. დავრჩით მე და პატივცემული ეკატერინე, რომელთაც უნდა გვეზრუნა გამოცემისთვის. მე თავი ვერ გავანებე საქმეს, ამის ნებას არ მაძლევდა არც პოეტის პატივისცემა და სიყვარული, არც ნაკისრი მოვალეობის შეგნება.

მოვკიდე ხელი და რამდენიმე წლის განმავლობაში მხნედ ვმუშაობდი, ვცდილობდი ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას, განსაკუთრებით მინდოდა, რომ ზუსტად აღმენიშნა ავტოგრაფების განსხვავებანი, თუნდაც წვრილმანი, იმ მიზნით, რომ თუ ვინიცობაა ზოგი ავტოგრაფი დაიკარგება, ჩვენ ხელთ გვექნება მისი თავისებურება. გამოცემაში პირველად გამოქვეყნდა ზოგიერთი სურათი, დამახასიათებელი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქის, და აგრეთვე მიხეილ თუმანიშვილის დახატული ესკიზი, ვითომც ნიკოლოზ ბარათაშვილის სახისა, აღნიშნული ქვეშ მიწერით НБ დღესაც გარკვეული არაფერი ვიცით ამ საგანზე, ვინაა ეს НБ., მაგრამ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება. დიმიტრი ყიფიანის მეუღლე გადაჭრით ამბობს, რომ პოეტი ძალიან ჰგავდა თავის დას სოფიოს (სუმბათაშვილისას). მართლაც, თუ შევადარებთ НБ.-ის სახეს სოფიო სუმბათაშვილის პორტრეტს, მსგავსებას უეჭველად შევნიშნავთ (იხ. ბარათაშვილი, 1922 წ. გამოცემა, გვ. X). მიხეილ თუმანიშვილი მხატვარი არ იყო, მისი დახატული უბრალო, ზოგადი მოხაზულობაა და ალბათ დაახლოებით წააგავს პოეტის სახეს. მას ესაჭიროება შევსება და შესწორება სხვა ცნობების მიხედვით.

ასე იყო თუ ისე, «ნ. ბარათაშვილი. 1922 წ.», ნიკოლოზ ერისთავის განზრახული და მისი მეუღლის მუყაითობით შესრულებული, თვალსაჩინო მოვლენა იყო ქართული წიგნის ისტორიაში, პირველი აკადემიური ხასიათის გამოცემა ქართულ ენაზე.

* * *

უფრო ფართო და ნაყოფიერი იყო ჩემი სარედაქტორო და საგამომცემლო მუშაობა ყოველკვირეული ჟურნალების «გლეხი» - «მიწის» და «მზე» - «ფასკუნჯის» დაარსებასა და გაძღოლაში.

საქართველოში გლეხთა სარევოლუციო მოძრაობა დაიწყო გურიაში პირველად და იქიდან მთელ საქართველოს მოედო, განსაკუთრებით 1905-1906 წლებში. გლეხების გამოსვლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მრეწველობის სუსტი განვითარების გამო ჩვენს ქალაქებში არ იყო დაგროვილი მრავალრიცხოვანი რაზმები მუშებისა, და ქალაქის ბრძოლას აუცილებლად ესაჭიროებოდა ზურგის გამაგრება სოფლის მხრით. ამ სოფლის ხელმძღვანელობა და მისი ამოძრავების საუკეთესოდ გამოყენება ადვილი საქმე არ იყო. გლეხობა მისი ცხოვრების პირობების მიზეზით დაქსაქსული იყო და ნაკლები ცოდნა და მომზადება ჰქონდა, ვიდრე ფაბრიკა-ქარხნის მუშებს ქალაქებში.

აი ამ საქმეში რომ ცოტა დახმარება გამეწია გლეხებისთვის და მიმეწოდებინა მდაბიურ, ხალხურ ენაზე საჭირო ცნობები, დავაარსე საგლეხო გაზეთი, სახელად «გლეხი» რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1906 წ. 22 ივნისს. რომ დღევანდელმა მკითხველმა წარმოდგენა იქონიოს მაშინდელ სულიერ განწყობილებაზე, ენასა და სტილზე, მოვიტან მეთაურიდან ზოგიერთს ადგილს: «ვინ არის გლეხი? ვის ემსახურება ჩვენი გაზეთი? რა აწერია დროშაზე, რომელიც ხელში ავიღეთ და რომელმაც უნდა გვიწინამძღვროს ცხოვრებაში?.. გლეხი ის ადამიანია, რომელიც დღე და ღამ მუშაობს, სისხლის ოფლს ღვრის, რომელმაც არ იცის არც ძილი, არც მოსვენება, რომლისთვის არ არსებობს არც ზაფხული და არც ზამთარი, რომელიც მუშაობს დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე და ვერასოდეს გაუთავებია მუშაობა... გლეხი ის ადამიანია, ვინც მუდამ მშიერია, შიშველი, წელში მოხრილი, ცხოვრობს პირუტყვებთან ერთად მიწურში ან ნახევრად დანგრეულ ქოხში, ვინც იტანჯება ათასნაირ ავადმყოფობით და შევიწროვებით და ვისაც ამ ტანჯვაში ხდება სული... გლეხის და მისი ძმის, ქალაქის მუშის შექმნილია ქვეყნის მთელი სიმდიდრე და მათ ბედნიერი ცხოვრება ეღირსებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოისპობა მიწის, ქარხანა-ფაბრიკის, რკინიგზების და სხვ. კერძო საკუთრება, აღარ იქნებიან მუქთახორა მემამულეები, მექარხნეები, ვაჭრები და მთელი სიმდიდრე გადავა მუშა ხალხის ხელში. გლეხო, მუშა გლეხო, გაიმართე წელში, ჰკარ ხელი შენს მჩაგვრელებს და მწამებლებს და შესძახე: «კმარა ჩაგვრა და ტანჯვა, მე ადამიანი ვარ და არ მინდა სხვისი ლუკმა ვიყო, სხვას ვემონო... ჩემი მარჯვენის ნაყოფი მე უნდა მეკუთვნოდეს და ვაი იმას, ვინც წინ გადამიდგება და მოინდომებს, კვლავ დამჩაგროს და დამიმონოს! გაუმარჯოს ბრძოლას მიწისა და თავისუფლებისათვის!»

მეთაურს მოსდევდა იროდიონ ევდოშვილის ლექსი «გლეხი». შემდეგ იყო წერილები: «მშრომელო ხალხო, შეერთდით», «ახლოვდება განკითხვის დღე», «სახელმწიფო სათათბირო», «სათათბიროს მშრომელთა ჯგუფის პროგრამა», სარევოლუციო მოძრაობის ამბები საქართველოში, გაზეთებიდან ამოკრეფილი და საკუთარ კორესპონდენტების მოწოდებული, მოძრაობა რუსეთში - გლეხებში, მუშებში და ჯარში. ნომერი თავდებოდა შიო არაგვისპირელის ზღაპრით «...და აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით».

ამ სახის იყო შემდეგი ნომრებიც. «გლეხი» გამოვიდა სულ შვიდი ნომერი. ადმინისტრაციამ დახურა და ათი დღის შემდეგ მე გამოვეცი სამაგიერო ჟურნალი «მიწა», რომლის მეთაური ამ სიტყვებით იწყებოდა: «ვისი გაზეთია მიწა»? გლეხის, მიწისმუშა გლეხის...»

«მიწა» იყო იგივე «გლეხი», იმავე თანამშრომლებით და მიმართულებით. ერთისა და მეორის ხელმძღვანელი და მთავარი შემდგენელი ვიყავი მე. ვწერდი მეთაურებს, სხვა წერილებს, ვთარგმნიდი, ვაგროვებდი ამბებს, ვიყავი ხშირად ექსპედიტორი, ვასრულებდი სხვადასხვა წვრილმან სამუშაოს. მაგრამ მყავდა გარედან მომსვლელი მგობარი თანამშრომლები - გლეხები, მუშები ინტელიგენტები, რომლებიც მაწვდიდნენ სხვადასხვა სახის მასალებს.

გაზეთი აწოდებდა თავის მკითხველებს სარევოლუციო მოძრაობის ამბებს, არკვევდა ეკონომიურს, პოლიტიკურს და სოციალურ საკითხებს, უჩვენებდა, თუ როგორ იბრძოდნენ გლეხები სხვა ქვეყნებში (საფრანგეთში, იტალიაში) განთავისუფლებისათვის; მოუწოდებდა მათ, რომ იმოქმედონ ორგანიზებულად, შეკავშირდნენ, ერთად იყვნენ ქალაქის მუშებთან, მოიპოვონ თავისუფლება და მიწა, თვითონ გაუძღვენ თავის საქმეებს და მოემზადონ სოციალიზმისთვის, რომელიც მიანიჭებს მათ ბედნიერებას.

«გლეხსა» და «მიწაში» ვათავსებდი ლექსებს და ბელეტრისტულ ნაწარმოებებსაც. დავბეჭდე ლექსები იროდიონ ევდოშვილის, ვაჟა-ფშაველას, თედო რაზიკაშვილის, შ.მღვიმელის, ა. შანშიაშვილის, დ. მეგრელის, ვ. რუხაძის, დ. თომაშვილის, შინატეხელის, ახოსპირელის, ზომლეთელის, ველისციხელის და სხვ. და ბელეტრისტული ნაწარმოებები შ. არაგვისპირელის, ნ. ნაკაშიძის, ს. გუნცაძის (ს. მგალობლიშვილის), ვ. მალაქიაშვილის, ია ეკალაძის.

ჩემი საგლეხო გამოცემა ძალიან პოპულარული იყო. პირველ ხანებში მყიდველები ერთმანეთს სტაცებდნენ ხელში «გლეხსა» და «მიწას» და მოუთმენლად ელოდებოდნენ მორიგი ნომრის გამოსვლას. ერთხანს გაზეთი სასპეკულაციო საგანი გახდა. გაზეთს ექვსი კაპიკი ეწერა ფასად, მაგრამ ზოგმა ათ კაპიკად დაიწყო გაყიდვა. ბევრისგან მომდიოდა დიდი კმაყოფილების და მადლობის წერილები. ერთგან წარმოდგენა გაემართათ და მისი შემოსავალი ჩვენს რედაქციას შემოსწირეს. გაზეთის ტირაჟი 4.500-მდე ადიოდა. ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო, რადგან მაშინ ყველაზე უფრო გავრცელებული ყოველდღიური ქართული გაზეთი «ცნობის ფურცელი» 8 ათასამდის გადიოდა მხოლოდ. «მიწამ» გამოსცა «საგლეხო კალენდარი» (უფასოდ დაურიგდა ხელისმომწერლებს), ბროშურა «როგორ უნდა მოეწყოს მიწის საქმე» და სხვ.

«გლეხი - მიწა» რევოლუციის წარმოშობილი და სარევოლუციო ორგანო იყო. რეაქცია გაძლიერდა. ამან გამოიწვია საერთო სულიერი დაცემა, მოდუნება, ხალხს დაეკარგა ხალისი მოქმედების, ბრძოლის, ეს დაეტყო ჩვენს საგლეხო გამოცემასაც, იკლო მისმა გასავალმა და გაძნელდა აგენტებისაგან ხვედრი ფულის დროზე მიღება. ამ პირობებში იძულებული ვიყავი შემეჩერებია «მიწა». უკანასკნელი ნომერი გამოვეცი 1907 წლის 26 მაისს და მას ასეთი განცხადება დავურთე: «აგენტურის მოუწყობლობისა გამო «მიწა» დროებით შეჩერებული იქნება. მიღებულია ზომები, რომ გაზეთი მალე განახლდეს».

ეს განახლება არ მოხდა. დავრწმუნდი, რომ საქმეს ვერ უშველიდა აგენტურის მოწესრიგება და შემცირებული ტირაჟითაც იოლად წასვლა. რეაქციამ ძლიერ მოუჭირა ხელი პრესას და პარტიები არალეგალურ გამოცემებს დაუბრუნდნენ, ისევ სარდაფებში ჩაძვრნენ. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ მოითმენდა «მიწას» და მეც თავი გავანებე მისი აღდგენის ცდას.

ასეთი მდგომარეობითა და ვითარებით იყო გამოწვეული ის, რომ მე განვიზრახე წმინდა ლიტერატურული ორგანოს დაარსება. ლიტერატურა ყოველთვის ჩემი საყვარელი საგანი იყო და, ვიფიქრე, შეიძლება აქ უფრო მეტი თავისუფლება გვექნეს და მწერლობა, ხელოვნება ხომ ეროვნული აღორძინების ერთი იარაღთაგანია.

ეს ჩემი სალიტერატურულო ჟურნალი იყო «მზე», რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1908 წ. 6 ოქტომბერს. გარეგნულად კარგს შთაბეჭდილებას ახდენდა, დაბეჭდილი იყო სუფთად და კარგ ქაღალდზე. სათაური მისი («ფასკუნჯისაც» შემდეგ) დახატული იყო იაკობ ნიკოლაძის. სათაურს ქვეშ ეწერა: «კაზმული მწერლობა - მხატვრობა, მუსიკა - თეატრი». ვაცხადებდი, რომ ჟურნალი უპარტიოა, რადგან ხელოვნება ერთნაირად ძვირფასია ყველასათვის.

მეთაურში ვამბობდი, რომ ჩვენი ჟურნალი ახალი მოვლენაა საქართველოში, მაგრამ საგანი, რომელსაც ის ემსახურება, ხელოვნება უძველეს დროიდან მოდის, და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ ხელოვნების სიყვარული განსაკუთრებით საჭიროა დღეს ჩვენთვის, ვინაითგან ის აამაღლებს ჩვენს დაცემულ სულს და მოგვიპოვებს ახალ ძალას რეაქციასთან საბრძოლველად. ხელოვნება თვით თავისუფლებაა და ყოველი მისი ნაწარმოები, თავისუფალი სულის წარმოშობილი, ყოველთვის ებრძვის მონობას და ამსხვრევს მის ბორკილებს.

ნომერში დაბეჭდილი იყო ილია ჭავჭავაძის დაუბეჭდავი მოთხრობა «კაკო» და ლექსი, აკაკი წერეთლის «ჩემი თავგადასავალი» (მეორე ნაწილი), «სამარცხვინო ბოძზე» შიო არაგვისპირელისა, ლექსები ვაჟა-ფშაველასი და ა. შანშიაშვილის, ოსკარ უაილდის ლექსი პროზით, ალექსანდრე სარაჯიშვილის გადმოთარგმნილი, ცხოვრება და ხელოვნება კ. აბაშიძისა და სხვ.
მეორე და მესამე ნომერი ამგვარი შინაარსის გამოვიდა, გარდა ილიას დაუბეჭდავ ლექსის «კაკოს» და აკაკის «ჩემი თავგადასავალისა», დაიბეჭდა ს. მგალობლიშვილის «ორი მეზობლის ისტორია», ზაქარია ფალიაშვილის «ქართული ფილარმონიული საზოგადოება», ივანე გომართელის «ქართული სცენა», კრაკის «საუბარი ხელოვნების შესახებ», კ. მაყაშვილის «სონეტები» და სხვ.

«მზის» არსებობა მესამე ნომრით დასრულდა. ადმინისტრაციამ იგი დახურა და რედ.-გამომცემელი (ფიქტიური) ნ. ასათიანი დროებით დაატუსაღა. რა იყო ამის მიზეზი, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ის იყო მიზეზი, რომ მეთაურში ვამბობდი: ქართული მწერლობა ვერ განვითარდება, რადგან ქართველი ერი არის-თქვა. (სიც). «მზის» დაკეტვას არ შევუჩერებივარ და იმ დღეს, როცა ეს ჟურნალი უნდა გამოსულიყო, გამოვუშვი «ფასკუნჯი», გრიგოლ ტატიშვილის ფიქტიურ რედაქტორ-გამომცემლობით.

ეხლანდელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ იმ დროს განზრახ წარვადგენდით რედაქტორ-გამომცემლად ისეთ პირს, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობას არ იღებდა და არაფერში იყო შენიშნული, რადგან ადმინისტრაცია ასეთ პირებს უფრო ადვილად აძლევდა ჟურნალ-გაზეთის გამოცემის ნებას. ასეთი ნებართვები ყოველი ორგანოს რედაქციას წინასწარ დამზადებული ჰქონდა, რომ თუ ადმინისტრაცია რომელიმე გამოცემას დახურავდა, მეორეს გამოცემას შესდგომოდა დაუყოვნებლივ. «ფასკუნჯის» რედაქტორ-გამომცემლად დასახელებული გრიგოლ ტატიშვილი იყო სურათების და ხატოვანი ასოების ამომჭრელი ხესა და ლითონზე და ქართულ წიგნებში რომ პირველად ნახატები იბეჭდებოდა, სულ მისი ნახელავი იყო.

«ფასკუნჯის» თანამშრომლები, რასაკვირველია, იგივენი იყვნენ, ვინც «მზეში» მუშაობდნენ და ჟურნალის სახეც არ შეცვლილა: «მზე» და «ფასკუნჯის» პირველი ოთხი ნომერი ყოვლდღიურ გაზეთის ფორმატით იყო გამოსული, მერე კი ჟურნალს უფრო ფართო რვეულის სახე მივეცი. მწერლები - ბელეტრისტები, პოეტები, კრიტიკოსები დიდი სიყვარულით და ყურადღებით შეხვდნენ ჩემს დაწყებულ საქმეს, ცდილობდნენ ყოველნაირად ხელის შეწყობას და ხალისით მაწვდიდნენ მასალას, რასაკვირველია, უსასყიდლოდ. «ფასკუნჯი» გამოვიდა 1908 წ. რვა ნომერი და 1909 წელს 17 ნომერი.

ბევრი საყურადღებო ნაწარმოები გამოქვეყნდა ამ მოკლე მანძილზე. გაგრძელდა ილიას დაუბეჭდავი ნაწერების და აკაკის «ჩემი თავგადასავალის» ბეჭდვა. დაისტამბა ლექსები როგორც ძველი პოეტების, ისე ახლებისა: აკაკის, ვაჟა-ფშაველასი, თ. რაზიკაშვილის, ბაჩანასი, განდეგილის, ირ. ევდოშვილის, შ. მღვიმელის, კ. მაყაშვილის, ბ. ახოსპირელის, ა. შანშიაშვილის, დ. მეგრელის. ი. გრიშაშვილის და ი. მჭედლიშვილის დაიბეჭდა თითო-თითო ლექსი. გალაქტიონ ტაბიძემ «ფასკუნჯში» მიიღო პოეტობის კურთხევა. მოსკოვის ქუჩაზე ვიდექი, ერთ საღამოს მეწვია ერთი ახალგაზრდა მოწაფე, პირხმელი, მორიდებული, მორცხვად მითხრა: ლექსი მაქვს დაწერილი და ეგებ «ფასკუნჯში» დამიბეჭდოთო. გამოვართვი, წავიკითხე, და მაშინვე შევატყვე, რომ ჩემს წინ ნამდვილი პოეტური ნიჭის პატრონი იყო. ეს ლექსი ახლობელ ნომერში დაიბეჭდა. ამას მერმე სხვა ლექსები მოჰყვა. ეს მოწაფე გალაქტიონ ტაბიძე იყო.

ბელეტრისტიკიდან «ფასკუნჯში» დაბეჭდილი იყო ნაწარმოებები ს. მგალობლიშვილისა, შ. არაგვისპირელისა, ან. ერისთავი-ხოშტარიასი, ვ. მალაქიაშვილის, დ. ლუკაშვილის, უკანასკნელის მოთხრობა სოფლის ცხოვრებიდან ახლაც საინტერესო წასაკითხი იქნებოდა და სასურველია მისი ცალკე წიგნად გამოცემა. «ფასკუნჯში» დაიბეჭდა ხალხური ლექსებიდან პეტრე მირიანაშვილის დამუშავებული «აბესალომ და ეთერი» პიესის სახით, რომელიც მერე ზაქარია ფალიაშვილის ოპერის ლიბრეტოდ იქნა მიღებული.

ჟურნალის ერთგული თანამშრომელი იყო ალექსანდრე სარაჯიშვილი (წერდა ხანდახან «რიშ-ბაბის» ფსევდონიმით), რომელიც საუცხოოდ თარგმნიდა დასავლეთის და აღმოსავლეთის პოეტურ ნიმუშებს. კრიტიკოსებისაგან შემდეგი პირები იღებდნენ მონაწილეობას: კ. აბაშიძე, ა. ხახანაშვილი, ი. გომართელი, გრ. ყიფშიძე, გ. ჯავახიშვილი, დ. გივიშვილი. არტისტებიდან: კ. ყიფიანი (დაწერა «ჩემი არტისტობის თავგადასავალი»), კ. მესხი, ვალ. შალიკაშვილი. «ფასკუნჯმა» დაბეჭდა ზაქარია ფალიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის წერილები.

ჟურნალი ბოლომდის იძლეოდა ყოველი შეგნებული, ლიტერატურის მოყვარე ადამიანისთვის უეჭველად საყურადღებო, სასურველ მასალას. ვისაც აინტერესებდა მწერლობა, ხელოვნება, თეატრი, ის აუცილებლად წაიკითხავდა «ფასკუნჯს». თქმა არ უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. «ფასკუნჯზე» უკეთესი ორგანოს გამოცემა შეიძლებოდა უკეთესი ადამიანების მიერ, უკეთეს პირობებში. მაგრამ ჩემი «ფასკუნჯი», ყოველ შემთხვევაში, ხელწასაკრავი არ იყო და იმ დროთა ვითარებაში თავის სახით და შინაარსით დამაკმაყოფილებელი იყო.

ერთი გასამართლებელი საბუთი კი ჰქონდა საზოგადოებას: რეაქციამ ლიტერატურის და ხელოვნების ინტერესიც დასცა. ეს არის უბრალო აღნიშვნა ობიექტური სინამდვილისა და არა ჩემი თავმოყვარეობის დაცვა.

1909 წ. აპრილის 26 შემდეგ იძულებული ვიყავი შემეჩერებინა ჟურნალის გამოცემა, რადგან მისი ტირაჟი დაეცა 500-ზე ქვევით და შემოსავალი ვერ ფარავდა აუცილებელ ხარჯს სტამბის, ქაღალდის, და ფოსტისას. უკანასკნელ ნომერში გამოვეთხოვე მკითხველებს, ავუხსენი საქმის ვითარება და ვუთხარი: «ნახვამდის». «ნახვამდის» იმიტომ, რომ მე ვერ ვურიგდებოდი საყვარელი ორგანოს სამუდამოდ დახურვას. დავფაცურდი, აქეთ მივმართე, იქით მივმართე, მოველაპარაკე სტამბას, შევუთანხმდი ლითოგრაფს კ. მესხიშვილს, რომელიც დამპირდა ხელის შეწყობას და გადავწყვიტე «ფასკუნჯის» გაგრძელება თვიური ჟურნალის სახით.

პირველი ნომერი გამოვიდა ხანგრძლივი მზადების შემდეგ მხოლოდ 1910 წ. დამდეგს. გარეგნულად ეს თვიური გამოცემა უკეთესად იყო შესრულებული, ვიდრე კვირეული. იგი დაიბეჭდა ორ ფერად და შემკული იყო კარგი სურათებით. თავში მოთავსებული იყო ფერადი სურათი მე-17 ს. «ვეფხისტყაოსნიდან» (თინათინის მეფედ გამოცხადება), მერე ორი ფოტოტიპური სურათი: მგლოვიარე ქალი ილიას ძეგლის (ი. ნიკოლაძის ქანდაკება) და ეკატერინე გაბაშვილის პორტრეტი. ამას გარდა დაიბეჭდა რამდენიმე ცინკოგრაფიული სურათი. ტექსტი მდიდარი იყო: ლექსები აკაკის, კ. მაყაშვილის, განდეგილის და ა. შანშიაშვილის; პროზა - კურუიანი, ალ. სარაჯიშვილის ნათარგმნი, დრამა ტრ. რამიშვილისა, «ნაწყვეტები» ეკ. გაბაშვილისა; კ. აბაშიძის კრიტიკული წერილი და სხვა.

«ფასკუნჯის» მადლიანმა სახემ მე გამამხნევა და იმედი მომეცა, რომ მოკეთეების დახმარებით შევძლებდი შემდეგი ნომრების გამოცემას. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია, მე ჩემსას ვბჭობდი და ჟანდარმერია კიდევ თავისას განიგულებდა. მე დამატუსაღეს და «ფასკუნჯს» მზრუნველი აღარავინ დაურჩა.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."