მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მითები პარიზის წარმოშობის შესახებ

პარიზელები უმადურნი არიან. მათი ქუჩების დამამშვენებელ ლურჯი მინანქრის 5 400 ნიშანს შორის, რიგორის (Rigord) სახელი არც ერთს არ აწერია. არა და, XII-ე საუკუნის ბოლოს, «Gestae Philippi Augusti»-ს დამწერმა სენ-დენის მონასტრის ამ ბერმა, ავტორმა ნაშრომისა, რომელმაც როგორც ჰიუგო კაპეტის VI მემკვიდრის მეფობის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ჰყვება, პარიზს დიდი პატივი მიაგო იმით, რომ ისაუბრა ტროელთა მიერ პარიზის დაარსების შესახებ, როგორც ეს უკვე გააკეთეს გრეგუარ დე ტურმა (Gregoire de Tours) VI-ე საუკუნეში და ემონ დე ფლერიმ (Aimon de Fleury) XI-ე საუკუნეში.

კი მაგრამ მაინცდამაინც რას გვეუბნება სენ დენის ბერი? იმას, რომ ძვ.წ. 895 წელს, ჰერცოგ იბორის (Ybor) ხელმძღვანელობით, 23 000-მა ტროელმა დუნაის სანაპიროზე აგებული ქალაქი სიკამბრია (Sycambria ) დატოვა; რომ ჯარმა გერმანია გაიარა და დამკვიდრდა ლუტეციაში (უძველეს პარიზში), სადაც იბორმა და მისმა მეომრებმა, ან მეფე პრიამის ვაჟის და მშვენიერი ელენეს მაცდუნებელი პარისის, ან ბერძნული სიტყვა «პარისიას» (გამბედაობა) გახსენებით, ა. წ. 376 წელს პარიზელების სახელი მიიღეს; ე. ი. ლუტეციის დაარსებიდან 1270 წლის შემდეგ, აგრძელებს რიგორი, ვინმე მარკომირის სარდლობით, გალიაში შევიდნენ და ლუტეციაში დამკვიდრდნენ სხვა, ამასობაში ფრანკ მეომრებად გადაქცეული ტროელები. მასპინძლებს არ უნანიათ. მარკომირმა, ისევ რიგორის თანახმად, მათ ომის და ქალაქების გამაგრების ხელოვნება ასწავლა და მთელი თავისი ავტორიტეტი გამოიყენა, რათა ფრანკების პირველი მეფე, მისი შვილი ფარამონი (Pharamond) გამხდარიყო. ფარამონმა სახელი შეუცვალა ქალაქს (სიტყვა ლუტეცია მომდინარეობდა ლათინური სიტყვიდან «ლუტუმ», რაც ტალახს ნიშნავს და ქალაქს სიბინძურის გამო დაერქვა). ლუტეციას ამიერიდან პარიზი (სიტყვიდან «პარეს», «თანასწორები») ეწოდა, რათა ორი მოსახლეობის კავშირი აღენიშნა.


ფოტოზე: იოან ჰაინრიჰ ფუსლი, აფროდიტეს პარიზი მენელაოსთან დუელისთვის მიჰყავს, აკვარელი მუყაოზე, 21,8 × 17,8, ქალაქის გალერია, ოკლანდი/გერმანია

გამჭრიახი არაისტორიკოსიც კი მიხვდება, რომ მცირე აზიიდან გაძევებეული ტროელების მიერ ლუტეციის დაარსების ამბავი, სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, მაგრამ ეს მითი გაიმეორეს და შეავსეს ფილიპ ავგუსტეს კაპელანმა, გიომ ლე ბრეტონმა და გიომ დე ნანჟიმ მათ «საფრანგეთის მეფეების შემოკლებულ ქრონიკაში». არ უნდა დაგვავიწყდეს არც ჟან სან-ვიქტორი, რომელიც თავის «Memoriale historiarum»-ში, ლუტეციის შექმნას ძვ. წ. 830 წლით (895-ის მაგივრად) ათარიღებს.

დედაქალაქი პარიზისათვის დიდი წარმომავლობის და ამდენად დიდი პრესტიჟის მინიჭების ეს ჯიუტი სურვილი, როგორც წესი, პოლიტიკურ პროგრამასავით ჟღერს. «ანტიკური ხანის მითოლოგიურ ტრადიციასთან პარიზის წარმოშობის დაკავშირება, დღეს ჩვენში ღიმილს იწვევს, მაგრამ შუა საუკუნეების დიდი მემატიანეები, პროპაგანდას მიმართავენ და მთელ იდეოლოგიას ქმნიან. ისინი პარიზს სახელოვან წარსულს უქმნიან და ამით ამკვიდრებენ მისი, როგორც სამეფოს დედაქალაქის ლეგიტიმურობას იმ დროს, როდესაც ის, რაც ეროვნულ ტერიტორიად გადაიქცევა, სულაც არაა გაერთიანებული და გაკონტროლებული» - ხსნის პარიზის კარნავალეს მუზეუმის მემკვიდრეობის მცველი სილვი რობა (lusée Carnavalet, Sylvie Robin). პარიზისთვის ესოდენ დიდებული საწყისის მინიჭება, მას სახელოვანი წარმოშობის რომთან (რომიც ხომ ლეგენდის თანახმად ტროელი ენეოსის მიერ იყო დაარსებული, მთარგმნელი) გაჯიბრების საშუალებას აძლევს, განადიდებს პარიზის სტატუსს და ის დიდი ქალაქების რანგში აჰყავს.

XIV-ე საუკუნე ნაკლებად გამომგონებელია. კარლოს მეხუთის მრჩეველი რაულ დე პრესლი, ანტიკური წყაროების კომპილაციას წერს, საუბრობს პარიზის რომაულ წარმომავლობაზე. მიუხედავად ამისა, XV-ე საუკუნეში ვრცელდება მრავალი ანონიმური ტექსტი და ჩნდება მრავალი ანონიმი ავტორი, რომლებიც განადიდებენ და ხოტბას ასხამენ პარიზის არა რომაულ, არამედ ტროულ წარსულს.

პარიზელთა სახელოვან წინაპრებს XVI-ე საუკუნეც პოულობს. ლუი XII-ის მეფობისას, პოეტი ჟან ლემერ დე ბელჟი (Jean Lemaire de Belges ) წერს თხზულებას - «გალიის სურათები და ტროას თავისებურებები» («Illustrations de Gaule et singularités de Troye », 1512—1513), რაც რომში სწრაფად გადაიქცა ბესტსელერად. XV-ე საუკუნის ბოლოს, ლემერმა იპოვნა იტალიელი დომინიკანელი ანნიუს ვიტერბეს ტექსტები. ვიტერბეს თქმით, მას პთოლემეების დროს ეგვიპტის ისტორიის დამწერი ეგვიპტელი ქურუმი მანეთონის ტექსტები და ამასთან ერთად ძვ. წ. III-ე საუკუნეში ბაბილონში მცხოვრები ბაალის ქურუმი ბეროზის ნაწერები ჰქონდა, რომელთა შორისაც ასტრონომიის და ასტროლოგიის ტრაქტატები იყო. 1497 წლიდან გამოქვეყნებულ ალბათ თვითონ ანნიუსის მიერ დაწერილი ტექსტების თქმით, ევროპელ ხალხთა უმეტესობა, ნოეს შვილის - იაფეტის შთამომავალი არის. ამ ნაწერებზე დაყრდნობით, ლემერი ამტკიცებს, რომ პარიზი დაარსდა და აიგო ტროას დაფუძნების შემდეგ, 70 წელს და მიწიდან უნდა ამოზრდილიყო წარღვნამდე 900 წლით ადრე, ე. ი. რომზე ბევრად უფრო ადრე. რონსარი (Ronsard) მის «ფრანსიადაში» («Franciade »), რომის მამა ენეოსის კომპანიონ ფრანკუსში თუ ფრანკიონში (Francus, Francion) პარიზის დამფუძნებელს ხედავს.

«მეცნიერებისა და სიცოცხლის რვეულები»-ს სპეციალური ნომერი «პარიზი ყვება ლუტეციას», 2009 წლი ივნის-ივლისი, ნომერი 111

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."