მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მატერიალისტური სამყაროს შუაგულში მატერიალიზმთან მებრძოლი ვიქტორ ჰიუგო

"მატერია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სული", "მე არ ვუყურებ აქაურობას, მე ვუყურებ უხილავ სამყაროს". პოლიტიკური მებრძოლი, გაჭირვებულთა დამცველი, სიკვდილით დასჯის მტერი, რესპუბლიკელი აქტივისტი, მისი თანამედროვე ვანდალებისაგან საფრანგეთის ისტორიული მემკვიდრეობის მგზნებარე დამცველი ვიქტორ ჰიუგო, ყველაფერთან ერთად, მიზნად მატერიალიზმით, სიძულვილით, ანგარებიანი ინტერესებით მიძინებული დიდი ფრანგი ერის გაღვიძებას ისახავდა, ის მატერიალიზმს მთელი ძალ-ღონით ებრძოდა...

კაცობრიობის გმირული სვლა თავისუფლებისაკენ

მთელი კულტურული მსოფლიო პატივს მიაგებს საერთაშორისო სახელის მქონე მწერალს, პოეტს, დრამატურგს, პამფლეტისტს, მხატვარს და ასევე პოლიტიკურ მებრძოლს, გაჭირვებულთა დამცველს, სიკვდილით  დასჯის მტერს, რესპუბლიკისა და საეროობის აქტივისტ ვიქტორ ჰიუგოს, რომელიც ამავე დროს, ეზოტერიზმის მიმდევარი და მისი თანამედროვე ეზოტერიკოსების მცველი გახლდათ. ის ენდობოდა ეზოტერულ ჯგუფებს და არა მისი ხანის დეტერმინისტებს, პოზიტივისტებსა და მეცნიერებს.

ჰიუგოს ძიების გულშია ცენტრისა და ღვთაებრივის ძიება.
მისი მეტაფიზიკური გრძნობები მას ყველა ეკლესიას აშორებდნენ. იგი ღრმად მორწმუნე გახლდათ, თუმცა არსებული ეკლესიებისაგან შორს იდგა. ჰიუგოს არჩევანი, მის წინააღმდეგ ერთდროულად ამხედრებდა ეკლესიასაც და მატერიალისტებსაც. მას "ვატიკანის ელდას" (effroi du Vatican) უწოდებდნენ.

ჰიუგოს ლექსები თავისთავად ლამაზია და უფრო მეტიც, ისინი ნათელი, ზუსტი კონცეფციებით, წესრიგითა და წყობით ნამდვილ ფილოსოფიურ დოქტრინას ქმნიან. მიუხედავად გიგანტური ნაკლისა, ჰიუგო უზარმაზარი პოეტია, რომელმაც თავისებურად განაგრძო საყოველთაო, უნივერსალური გენიოსების - ჰომეროსის, დანტეს, შექსპირის, გოეთეს საქმე. მისი სული ღრმადაა გამსჭვალული წმინდას, საკრალურის გრძნობით, რაც მის შემოქმედებაში მოსჩქეფს. ჰიუგო ქადაგებს ცნობიერების სუვერენობას, სულის უკვდავებას, პერსონალური ღმერთის, მორალური გრძნობისა და ინდივიდუალურ და კოლექტიურ ხვედრთა გარანტი ღმერთის არსებობას.

ფილოსოფოსი რენუვიეს და ლიტერატურის პროფესორის - სორას აზრით, ჰიუგო "XIX საუკუნის საფრანგეთში, გზადაკარგული თავდაპირველი, საწყისი ინდოეთის გენიის უცნაური აღორძინება" არის. "მე არ შევყურებ აქაურობას, მე უხილავ სამყაროს ვუყურებ." (შინაგანი ხმები, "Les voix inérieures").

ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედების ცენტრალური თემა რეინკარნაციის დოქტრინაა. ის არის პოეტის ნამდვილი სულიერი ანდერძი "ჭვრეტების" ("Contemplations") ფინალურ ბირთვში სახელწოდებით - "აი რას ამბობს ჩრდილის პირი" ("Ce que dit la bouche d'Ombre"). ვიქტორ ჰიუგოს აზრით, მისი ნაწარმოები "ჭვრეტები" მისი "პირამიდა" გახლდათ. მან ეს "პირამიდა" ააგო, რათა კაცობრიობას კოლექტიურ არაცნობიერში დამარხული სულიერი მეხსიერების ამოღებაში, დაბრუნებაში დახმარებოდა.

მას სურდა მატერიალიზმით, სიძულვილით, ანგარებიანი ინტერესებით, ომებით მიძინებული დიდი ფრანგი ერი გაეღვიძებინა. ჰიუგო მთელი ძალ-ღონით ებრძოდა მატერიალიზმს. მას მატერიალიზმის ტყვეობაში მოხვედრილ საუკუნეში, საფრანგეთისთვის სულიერი განახლების შთაბერვა და XIX-ე საუკუნის საფრანგეთის რელიგიური და ფილოსოფიური აზრის გარდაქმნა სურდა. მისი სურვილი საფრანგეთის გენიის სამსახურში ჩადგომა და საფრანგეთის ხალხური ძალების გაძღოლა იყო. ჰიუგომ სამართლისათვის, სიმართლისთვის და ჭეშმარიტებისათვის ყველა მებრძოლთა მიერ ნატარები წმინდა ჩირაღდანი აიტაცა. იგი ეკუთვნის კაცობრიობის მსვლელობის გამნათებელი და წინამძღოლი ძმობის პანთეონს, ის ეროვნული გმირი გახლავთ. რეინკარნაციის იდეა არის დოქტრინა, რომლის თანახმადაც, სულს ზედიზედ მრავალი სხეულის გაცოცხლება შეუძლია.

"სიკვდილის შემდეგ ჩვენ სამოსს ვიცვლით", ამბობს ჰიუგო. 

ჰიუგო წარმოადგენს რეინკარნაციას როგორც იდეას, რომლის თანახმადაც, სულს ზედიზედ მრავალი სხეულის გაცოცხლება შეუძლია. ყოველ ცოცხალს აქვს სული, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ხორცს ისევ შეისხამს. სიბერეში შესული ჰიუგო აცხადებდა: "თქვენ ამბობთ, რომ სული მხოლოდ ხორციელი ძალების გამოხატულება არის: მაშ, ჩემი სული მაშინ უფრო რატომ ასხივებს, როდესაც ჩემი ხორციელი ძალები მალე მიმატოვებენ?.. ოჰ! მე კარგად ვიცი, რომ მე არ ვბერდები და რომ პირიქით, ვიზრდები, და სწორედ ამაში ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას. სულის არსებობის რა დამადასტურებელი საბუთია! ჩემი სხეული უძლურდება, ჩემი აზრი უფრო ძლიერდება; სიბერე ვერ მალავს გაფურჩქვნას. ვგრძნობ, რომ მივდივარ ახალი გარიჟრაჟისკენ... ჩემი ხორცი მიდის, ჩემი სული იზრდება, ძლიერდება".

ფოტოზე: ანდრე ჟილ (1840-1885), ვიქტორ ჰიუგო-მოგვი, კარიკატურა, ზეთი ტილოზე, 54 x 37, ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმი, პარიზი

ჰიუგოს მსოფლმხედველობა - "ყველაფერი სულია"

ბატონი სორას (Saurat) თანახმად, ჰიუგო ერთი პირველყოფილი ვინმე არის. ჰიუგოს აზრით, ყველაფერი სულიერია - კლდეები, მცენარეები, ვარსკვლავები, ხეები ცოცხალი და მრავალი სულით დასახლებული არსებები არიან. წინაპართა სულებმა შეიძლება იცხოვრონ ხის ნაჭრებში, ქვებში და ქვის ნამსხვრევებში. როგორც ჩვენ ამას ზოგ ანიმისტ ტომში, მაგალითად ავსტრალიელებში ვხედავთ, რომლებსაც წინაპრების სულები ხის ნაჭრებით გადააქვთ. ჰიუგო ძალიან ამაყობდა თავისი ორიგინალობით და აცხადებდა: "ამ საუკუნეში პირველმა ვილაპარაკე არა მარტო ცხოველთა, არამედ საგანთა სულზეც".

"ყველაფერი შენს მსგავსად მოსთქვამს, ოხრავს ან გალობს, შენს მსგავსად ლაპარაკობს: ქარები, ტალღა, ცეცხლი, ხეები, ვარდები, კლდეები, ყველაფერი ეს ცოცხლობს! ყველაფერი ეს სულებითაა სავსე!"

ჭვრეტები (Contemplations)

ვიქტორ ჰიუგოს აზრით, წარმოსახვა ამჟღავნებს და რეალობას ხილულს ხდის. პოეტისათვის, ხატები სამკაულები არაა, ისინი საგანთა არსის გამოხატულებებია. "ჭვრეტების" ერთი ლექსი - "დაბრუნებული" ("Revenant"), "დაკარგული" ფრანგულ ფოლკლორში კარგადაა ცნობილი. ამ ამაღელვებელ ლექსში, ვიქტორ ჰიუგო, დედისა და მისი ბავშვის ბედნიერებას, შვილისდამკარგავი ამ დედის იმედგადაწურულობას და ისევ ხორცშესხმული, აღმდგარი ბავშვის დაბრუნების სასწაულს აღწერს:"ო ტკბილო სასწაულო, ო დაბრუნებულო ბედნიერების დედავ!
მას ესმის კარგად ნაცნობი ხმა,
ახალშობილი ლაპარაკობს ჩრდილში მის
მკლავებს შორის, და ხმადაბლა ჩურჩულებს: ეს მე ვარ. არ თქვა ეს."

Ariège-ში დღესაც იმეორებენ ხალხურ გამონათქვამს: "დაკარგული ბავშვი, ერთი წლის შემდეგ დაბრუნებული ბავშვი."

ვიქტორ ჰიუგო საფრანგეთის ბუნებრივი ფოლკლორის მემკვიდრეა. მის შემოქმედებაში ქრისტიანობის წინა ხანის ძველი იდეები - თავდაპირველი მაგიის რწმენა იჩენს თავს. მან ვანდეელი დედის და ლორენელი მამის მეშვეობით, წინაპართა ცოდნა ნამდვილად მემკვიდრეობით მიიღო. რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებაში, თავი იჩინა გაცოცხლებულმა კელტურმა და გერმანულმა მოტივებმა. და განა შესანიშნავი არაა, რომ ლორენულ დიალექტზე სახელი - ვიქტორ ჰიუგო "სუნთქვას" ნიშნავს?

ვიქტორ ჰიუგო, დიდი ხნის მანძილზე ერთ ებრაელ კაბალისტთან მეგობრობდა, რომელმაც მას კაბალა ასწავლა. ამ დოქტრინამაც დიდად შთააგონა ჰიუგო.

ადამიანი არის სული: ისაა ღვთაებრივი ნაპერწკალის მატარებელი

ვიქტორ ჰიუგოს აზრით, ადამიანი არაა მხოლოდ ღმერთის ჩრდილი. ის თავის სისხლში ღმერთის უსასრულო ძალის ნაწილს ატარებს. ეს არაა მხოლოდ სინათლე.
აანთეთ მილიონობით სინათლე, მერე რა? ისინი მხოლოდ ნაწილები არიან, ერთადერთია სინათლის სუნთქვები. სული, ღმერთის ეს ნაპერწკალი იქ ბრუნდება, საიდანაც გამოვიდა. იგი წერს: "ადამიანი ღმერთთან ცეცხლის თოკითაა დაკავშირებული, რომელსაც ჩვენ სულს ვუწოდებთ და რომელიც დიდი ცენტრალური სინათლიდან ჩამოვარდნილი ნაპერწკალი არის. ის სხვა ნაპერწკალთა და სხვა შუამავალთა ჯაჭვს უჭირავს".

ფოტოზე: ვიქტორ ჰიუგო, ტალღა, ბლოკნოტების ჩანახატებიდან, გრავიურა, 1882 წ.

ფოტოზე: ვიქტორ ჰიუგო, ქალაქი ტამბლდაუნის ხიდით, 1847 წ.

"მატერია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ სული."

"პრომეთეს სურდა ამ ღამიდან გასვლა, საიდუმლოს ნაპირზე ადამიანის განათლება, შრომა, სწავლება, ცივილიზება და დედამიწის გადაქცევა ცოცხალ და ბრწყინვალე სფეროდ; ველური კლდიდან და სქელი ჯაგნარიდან წესრიგისა და მშვიდობის მიღება, უღრანი ტყის გაწმენდა და ხვედრის მიერ გაჩენილებისათვის ცხოვრების საშუალების მიცემა. მას უნდოდა მიწის განწმენდა, კურთხევა, თვალების ახელვა, ადამიანს რომ ფეხი ცათა მასშტაბით დაედგა... პრომეთეს სურდა მხოხავი მატლის ფრთოსან სულად გადაქცევა, ხესა და ქალაქს შორის ოქროს ჯაჭვის დაჭიმვა, ბინძური სიძულვილის სამუდამოდ ტარტარში ჩაკეტვა, საშინელი ბოროტების ეკლიან ქაოსზე დაბმა და ადამიანების გულში ტაძრის დაფუძნება, რათა ის გონებამ ააგოს და განასრულოს. ღმერთებმა პრომეთე დასაჯეს. ის დაეცა მარტო, დამარცხებული, მას სისხლი დაედინა. პრომეთე მხოლოდ ზღვის ქალწულებმა დაიტირეს; მე მიჯაჭვულის სისხლი შევსვი.

პრომეთეს გაკეთებული გაკეთდა; ცეცხლი ატაცებულია; ის სადღაც ამ მიწაზეა; ადამიანს მისი პოვნა და გაძლიერება ძალუძს; ასევე სიცოცხლე, არსებობა, თუ კი ეს უნდა! თუ კი მან ფიქრი, ასვლა, თხრა, დაჭერა, მოხვევა იცის, თუ კი ის წმინდა ალის ჩაქრობას არასოდეს დაუშვებს, თუ კი ადამიანი გაიხსენებს, რომ მას, მასზე უფრო დიდი რამის მასში ანთება ძალუძს, რომ მან უნდა იბრძოლოს, რომ გარიჟრაჟი ხსნაა, და რომ ცეცხლის ფლობა იმედის ფლობაა..."ადამიანი არის ტაძრის, წმინდა ცეცხლის მატარებელი. ვიქტორ ჰიუგო "ჭვრეტებში" აგრძელებს ხილვას ადამიანური არსებობისა, რომელიც ინტიმური, რეალური და დროის მიღმა მყოფი რეალობის თვალსაზრისით ილუზიაა. ის გრძნობს, რომ ადამიანის თავგადასავალი ჩვენებაა მხოლოდ.
მისთვის ჭეშმარიტი ცენტრია და მთავარი. იგი საკუთარ თავს ეუბნება:"ჭეშმარიტი, ცენტრია. დანარჩენი მოჩვენებაა ან ხმაური". ის გრძნობს, რომ მასში ადამიანზე მეტი იბადება; ის ძილშიც შუქს გრძნობს, შუქს საკუთარ არსებაში, მზეთა ინფილტრაციას.

ვიქტორ ჰიუგოს აზრით, ჩვენი სამყარო, ხილული და უხილავი სამყაროები, მრავალ პლანს, სინამდვილის მრავალ დონეს მოიცავენ. მისი აზრით, სამყარო სხვადასხვა სფეროსაგან, ცნობიერების სხვადასხვა დონისაგან შესდგება. არსებობს სამყაროთა სიმრავლე. ჩვენ საკუთარ მზის სისტემას მრავალსაფეხურიანი ინტენსიური სიცოცხლე ასულიერებს. მაგრამ სხვა პლანეტები და, სიცოხლის სხვა ფორმებიც არსებობენ. არსებობს არსებათა კიბე, იერარქია, ევოლუცია და ციკლები.
ვიქტორ ჰიუგო, არსებათა კიბის არსებობას დიდად უსვამს ხაზს. ჩვენი ღირსებებისა და სულიერი რეგრესის შესაბამისად, არსებათა ამ კიბეზე ავდივართ, ან ვეშვებით. ვიქტორ ჰიუგოს აზრით, ადამიანთა ქვევით, სული აქვთ ცხოველებსაც, მცენარეებსაც და საგნებსაც. ადამიანთა ზევითაც არსებობენ არსებები, რომელთაც ჩვენ ღმერთებს ვუწოდებთ. ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროები დასახლებულია ჩვენთვის უხილავი , მაგრამ ჰიუგოს აზრით რეალური არსებებით. არსებობს აღმავალი და დაღმავალი ევოლუციები. ევოლუციის ერთი ნაკადი მატერიიდან გამერთისაკენ მიემართება. ევროლუციის მეორე, პირველის საწინააღმდეგო ნაკადი, ღმერთიდან მატერიისაკენ მიემართება. სულს, შეცდომები კიბის დაბალ საფეხურებზე უშვებენ, ხდება მისი მდაბალ ფორმებში რეინკარნაცია.

ვიქტორ ჰიუგოს აღაშფოთებს ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის მტკიცების მცდელობები და დარვინისტების მიერ მატერიალიზმის გავრცელება. მისი, ისევე როგორც მრავალი ოკულტისტის აზრით, ცხოველური სერიის ევოლუცია, მხოლოდ სხეულებს ამზადებს. ამ სხეულების მაცოცხლებელი სულები დაცემულნი იყვნენ. ასე რომ, ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის მტკიცება, ტყუილია; ევოლუციის მიერ მომზადებულმა მაიმუნის სხეულმა, უფრო მაღალი არსების დაცემული სული მიიღო. სწორედ მაიმუნია ადამიანის დეგრადაციის ნაყოფი და არა ადამიანი მაიმუნის ევოლუციის შედეგი; მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეული მაიმუნის სხეულისაგან მომდინარეობს, ხსნის დენის სორა (Denis Saurat) "ვიქტორ ჰიუგოს რელიგიაში" ("La religion de Victor Hugo). სორა აზუსტებს, რომ ვიქტორ ჰიუგოსთვის "ადამიანის ევოლუცია მხოლოდ ქვედა სამყაროებით არ იხსნება; ოკულტიზმა ისტორიის წინა ისტორია გამოავლინა, რომელსაც ვიქტორ ჰიუგო კარგად იცნობდა...

თავისი ფილოსოფიური ნააზრევის ცენტრში, ჰიუგოს ღირსების, ძალისხმევის ცნება შეაქვს. სიცოცხლე ბრძოლაა მატერიაში ჩაფლული თავდაპირველი სინათლის მოსაპოვებლად, მის გასანთავისუფლებლად. ყველაფერი არსებულიდან სინათლის მოპოვებაში მდგომარეობს ბრძოლა. ასეთია ვიქტორ ჰიუგოს მიერ აღწერილი გმირული გზა, ცნობიერების გაფართოების და შინაგანი სინათლის დაპყრობის გზა
.

ლუიზეტ ბადიე (Louiset Badie)
კულტურული და სოციალურ-ფილოსოფიური ასოციაცია «ახალი აკროპოლისი» (Nouvelle Acropole), დენის სორას წიგნი «ვიქტორ ჰიუგოს რელიგია» («La religion de Victor Hugo»)

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."