მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
დასავლეთის აღმოსავლურ ფესვებზე: ევროპა და ტროა

ილიონი (ტროა) დაეცა და ტროელების ერთ-ერთი მეფე ენეოსი მხლებლებთან ერთად ბერძნების მიერ აოხრებული ტროადან გაიქცა. ახალი სამშობლოს ძიებაში დიდხანს დახეტიალებდა. ბოლოს და ბოლოს მივიდა ლაციუმში, სადაც ტურნი დაამარცხა და დაქორწინდა მზეთუნახავ ლავინიაზე, რის შემდეგაც სამუდამოდ იქ დამკვიდრდა.

საუკუნეების შემდეგ, რომაელებმა ენეოსი თავის სახელოვან წინაპრად აღიარეს. შემდეგ ფრანკებმაც თქვეს, რომ ისინი ტროელების შთამომავლები არიან, იგივე განაცხადეს ბრიტებმა და ნორმანებმაც.

ერთი სიტყვით, მთელი ევროპული არისტოკრატია შუა საუკუნეების მანძილზე ამბობდა, რომ ევროპელები წარმოშობით ტროელები არიან. ისინი თავის ტროულ ანუ აღმოსავლურ წარმოშობაზე საუბრობენ როგორც მატიანეებში, ისე მეფეთა ბრძანებებში. ტროელთა ყველაზე სახელგანთქმული შთამომავლები ალბათ ფრანკები და ბრიტები არიან. ფრანკები, თავის წინაპრად ტროელთა ნაწილის ბელადს, ლეგენდარულ მეფე ფრანკს თვლიდნენ, ბრიტები კი, ენეოსის შთამომავალ ბრუტუსს. შუა საუკუნეების ავტორების თანახმად, ბრუტუსი მხლებლებთან ერთად კუნძულ ალბიონზე ჩავიდა, იქ დამკვიდრდა და ახალ მიწას თავისი სახელი მისცა, რითიც ბრიტანელთა გმირი-ეპონიმი გახდა.


ფოტოზე: ენეოსს თავისი მამა ანქიზი ბერძნების მიერ აოხრებული ტროადან გაჰყავს

ფოტოზე: ენეოსის შთამომავალი ბრუტუსი ბრიტანეთში ჩადის, წიგნის ილუსტრაცია, 1505 წ.
თუმცა, ტროელების უპირველეს შთამომავლებად თავს რომაელები თვლიან. ეს მითი პირველ საუკუნეში უდიდეს პოპულარობას იხვეჭს. ქალაქი რომის წინაპრად მიჩნეული ქალაქი ალბა-ლონგა, გადმოცემით ენეოსის შვილმა - ასვანიუსმა დააარსა. მისი მეორე სახელი იული გახლდათ. სწორედ ეს იული ითვლებოდა იულიუსთა სახელოვანი საგვარეულოს წინაპრად.

მეფე დაგობერი (VII-VIII სს.) ფრანკებზე ამბობს, რომ ისინი არიან ex noblissimo troianorum sanguine nati. «ფრანკთა ისტორიის წიგნის, «Liber historiae Francorum»-ის ანონიმი ავტორი წერს, რომ ტროელები, რომის იმპერატორ ვალენტინიანეს ბარბაროს ალანთა ტომის დამარცხებაში დაეხმარენ. იმპერატორმა, გამორჩეული მეომრული თვისებების გამო, ტროელებს ფრანკები ანუ «ველურები» უწოდა.

ბრიტების ტროელთაგან წარმოშობაზე ლაპარაკობენ ნენიუსი, ბრიტების ისტორია და გალფრიდ მომმუტელი, მერლინის ცხოვრება...

სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ე. ს. რეშეტნიკოვა

«შუა საუკუნეების რომანის ერთი სიმბოლური ასპექტის შესახებ», 2010, დისერტაციის ფრაგმენტი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."