გამქრალი
ცივილიზაციები: ეტრუსკთა ჰედონიზმი |
ანატოლიიდან და აღმოსავლეთიდან მოსული ეტრუსკები,
ტოსკანაში - ჩრდილოეთ იტალიაში დამკვიდრდნენ. რკინის ხანიდან,
ძვ. წ. მე-11 საუკუნიდან, რომის რესპუბლიკის მიერ მათ საბოლოო
ასიმილაციამდე, 90 წ. ეტრუსკები ეტრურიაზე - იტალიის დასავლეთ
სანაპიროზე ბატონობდნენ. ბერძნები მათ ტირენიელებს უწოდებდნენ,
ეს სახელი ეწოდა ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილსაც. ეტრუსკების ისტორია,
ჩვენთვის ცნობილია ბერძნული და რომაული ნაწერებიდან, ასევე ეტრუსკთა
მდიდრულად შემკული ყოველდღიური ცხოვრების საგნებიდან თუ რელიგიური
სცენებით მოხატული და მდიდრული ინვენტარის შემცველი აკლდამების
წყალობით. ძალიან განვითარებულ ეტრუსკებს დამწერლობა ჰქონდათ,
მათ იცოდნენ მათემატიკა, გააჩნდათ თავისი, არაინდოევროპული ენა.
ეტრუსკული საზოგადოების ორგანიზაციამ, რომაელებზე დიდი გავლენა
მოახდინა. რომაულ ღვთაებათა პანთეონის საწყისი, ეტრუსკული რელიგიაა
და არა ბერძნული.
ფუფუნება და მოლხენა
ეტრურია შედგებოდა 12 ქალაქი-სახელმწიფოსგან (ლუკუმონიისგან),
ყოველი მათგანის სათავეში მეფე-ლუკუმონი იდგა. ეტრუსკული ქალაქები
ერთმანეთთან პოლიტიკურად არანაირად არ ყოფილან დაკავშირებულნი,
მათ მხოლოდ რელიგია აერთიანებდა. გადაწყვეტილებათა მიღების წინ,
მონარქები, წინასწარმეტყველებს და ქურუმებს მიმართავდნენ. სწორედ
ეს ინდივიდუალიზმი და დაქუცმაცებულობა იყო პოლიტიკურად კარგად
ორგანიზებული რომის პირისპირ მდგარი დიდი ეტრუსკული ცივილიზაციის
გაქრობის მიზეზი.
ეტრუსკულ ქალაქ-სახელმწიფოებში თანაარსებობდნენ ბატონთა, მონათა
და გლეხთა კლასები. მონებისა და გლეხების ცხოვრებაზე ცოტა რამაა
ცნობილი, მაგრამ ბატონთა ოლიგარქიული კლასის ცხოვრებას კარგად
ვიცნობთ განსაკუთრებით ნეკროპოლებში აღმოჩენილი ფრესკებისა და
ობიექტების, ასევე მათ თანამედროვე ბერძენ ისტორიკოსთა ტექსტების
წყალობით.
ცნობილია მაგალითად ჭამა-სმის და ძვირფასი ჭურჭლის მოყვარული
ეტრუსკების ნადიმების ბრწყინვალება. ეტრუსკები ასევე კარგი მევენახეები
და მეღვინეები იყვნენ, მათ ღვინოს, მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი
მიირთმევდა. ფიქრობენ, რომ სწორედ ეტრუსკებმა ასწავლეს ფრანგთა
წინაპარ გალებს, რა არის ღვინო . (სამწუხაროდ აქ არაფერია
ნათქვამი იმაზე, რომ ეტრუსკებმა ქალაქი რომი დააარსეს, რომ რომის
პირველი მეფეები ეტრუსკები იყვნენ, რომ ისინი ევროპის პირველი
მეტალურგებიც გახლდნენ და მათ მიერ ნაპოვნი ლითონის შლაკს, პირველ
მსოფლიო ომის დროს მუსოლინიც იყენებდა, როდესაც ტყვიებისთვის
საჭირო ლითონი შემოაკლდა. ასევე არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ
ეტრუსკები არაჩვეულებრივი ოქრომჭედლებიც იყვნენ და მათ ევროპის
პირველი ეკონომიკური სასწაული მოახდინეს. მთარგმნელი). |
ფოტოზე: მხიარული ეტრუსკები,
ეტრუსკული კედლის მხატვრობა, ტომბა დეი ლეოპარდი, დაახლ. ძვ.
წ. 475 წ., ტარქვინია/იტალია
|
ანტიკურ ხანაში იშვიათი მოვლენა
ეტრუსკულ საზოგადოებაში, ქალი მამაკაცივით პატივცემული და თავისუფალი
იყო. ის შვილებს თავის სახელს აძლევდა, ყველა საქმიანობაში მონაწილეობდა
- ესწრებოდა ნადიმებს, სპორტულ სანახაობებს თუ თეატრალურ წარმოდგენებს.
რომაელებმა, ეტრუსკთა სოციალური ცხოვრების ბრწყინვალებიდან ბევრი
რამ გადაიღეს, მაგრამ მათ ქალს სრულუფლებიანი ინდივიდის სტატუსი
არ შეუნარჩუნეს. რომში, ეტრუსკ ქალს, როგორც კახპას ისე უყურებდნენ.
ეტრუსკების კონკურენტი და მტერი ბერძნების ისტორიკოსებიც, ეტრუსკებს
ავხორც და აღვირახსნილ ხალხად აღწერდნენ, რაც ძველი ინფორმაციული
ომის ეპიზოდი გახლდათ. სინამდვილეში, ეტრუსკებს ცხოვრების ძალიან
თავისუფალი წესი ჰქონდათ, რასაც ეტრუსკთა ლხინის ამსახველი მრავალი
ფრესკა მოწმობს.
ექსპრესიული ხელოვნება
აყვავებულმა ეტრუსკულმა ცივილიზაციამ, ანტიკური ხანის ერთ-ერთი
ყველაზე შესანიშნავი ხელოვნება შექმნა. აკლდამების და საცხოვრებლების
ფრესკები, ლარნაკების მოხატულობა, ლითონის და თიხის ქანდაკებები,
არაჩვეულებრივი ოქრომჭედლობა, ქარგვა... ეტრუსკთა მხატვრობა
დინამიზმით გამოირჩევა. ისინი ასევე მუსიკას წერდნენ და ასრულებდნენ
მათი თანამედროვე ხალხებისთვის უკვე ცნობილ საკრავებზე: ფლეიტა-სალამურზე,
ქნარზე, კითარაზე. ალბათ ეს მუსიკა ახლდა რელიგიური ცერემონიების
თუ ნადიმის დროს შესრულებულ სიმღერებსა და ცეკვებს თან.
კარგმა მშენებელმა ეტრუსკებმა, მშენებლობის ტექნიკებიც გამოიგონეს,
რომლებიც შემდეგ რომაელებმა გადაიღეს.
|
ფოტოზე: ოქროს საყურე, ეტრუსკული
ოქრომჭედლობა, ძვ. წ. 530-480 წწ., ბრიტანული მუზეუმი, ლონდონი
|
კეთილდღეობის
მეცნიერება
ეტრუსკებს ჰქონდათ დამწერლობა, ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობდნენ.
ეტრუსკულად დაწერილი დოკუმენტი ცოტა შემორჩა... ჰედონისტი ეტრუსკები
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მათ
დამდგარი წყლების და დაჭაობებული ადგილების საშიშროება დაინახეს
და საკუთარი ქალაქების ირგვლივ, დააშრეს ისინი. ეტრუსკები, საუკეთესო
წამლად, სალოცავ მოგზაურობებს და რელიგიურ მსხვერპლს თვლიდნენ,
ამის პარალელურად მათ მედიცინა, სტომატოლოგია, ქირურგია განავითარეს...
რაციონალური და თეურგიული მედიცინის ამ სინთეზში, ღვთაება თინიასადმი
მიმართვა თავსა და ყურს, ხოლო ღვთაება თურმსისადმი კი, ფეხებს
კურნავდა.ამას ეტრუსკთა რაციონალური მედიცინის განვითარებისთვის
ხელი არ შეუშლია. ეტრუსკების სალოცავთა ფრესკებზე, ანატომიურ ტაბულებს
ვხედავთ, რომლებიც გულს, ფილტვებს, ღვიძლს, უტერუსს აჩვენებს,
რაც ამ სფეროში ეტრუსკების ღრმა ცოდნას ავლენს. ეტრუსკთა აკლდამებში
ნაპოვნია ქირურგიული ინსტრუმენტები, რომლებითაც ტრეპანაციასაც
კი აკეთებდნენ. მეტიც, ნაპოვნია ოქროს პროტეზი (!) ეტრუსკებმა
შესანიშნავად იცოდნენ ბოტანიკა და მრავალი დაავადების სამკურნალოდ
მცენარეებს იყენებდნენ. |
ფოტოზე: კოტაბოს მოთამაშე, ეტრუსკული ხელოვნება,
ძვ. წ. 510 წ., ლუვრი, პარიზი |
ეტრუსკები
და თამაშები
ისევე როგორც უფრო ადრე ბერძნებს და შემდეგ რომაელებს, თამაშები
ეტრუსკებსაც უყვარდათ. ისინი წელიწადში ერთხელ იმართებოდა, მაშინ
როდესაც 12 ეტრუსკული ქალაქ-სახელმწიფოთა მეფეები რელიგიური მანიფესტაციებისთვის
და დროსტარებისთვის იკრიბებოდნენ. იყო ცეკვის თეატრალური წარმოდგენები,
პანტომიმა, მუსიკა. ამას გარდა, უფრო სპორტული ხასიათის შეჯიბრებებში,
ერთმანეთს მონები ეჭიდებოდნენ. ბერძნებში ოლიმპიადა იყო ახალგაზრდა
მეომრებისთვის თავის გამოჩენის საშუალება, ეტრუსკები კი, მონების
მუშტიკრივის, ჭიდაობის, ხტომის, სირბილის თუ მათ მიერ ბადროს და
შუბის ტყორცნის ყურებით ერთობოდნენ. ეტრუსკებს სხვა გასართობი
თამაშებიც ჰქონიათ. მაგალითად, ღვინის მიწაზე დაწუწების და დიონისეს
სახელის წარმოთქმის შემდეგ, ღვინით სავსე სასმისის აუზში სროლა*
და საყვარელი არსების სახელის წარმოთქმა. თუ კი ღვინო აუზში მოხვდებოდა,
ეს კარგ ნიშნად ითვლებოდა. თამაშობდნენ კამათლებითაც და ა. შ.
ფრანგული ჟურნალი «მეცნიერებისა და ცოდნის დოსიეები», ტომი 1.2,
გამქრალი ცივილიზაციები, 2011 წლის ოქტომბერი-ნოემბერი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
*ღვინით
სავსე სასმისის აუზში სროლას ეტრუსკები კოტაბოს ეძახდნენ. |
|
|
|