1990
წლის 14 ნოემბერი: საქართველოს უზენაესი
საბჭოს თავმჯდომარის - ზვიად გამსახურდიას გამოსვლა |
1990
წლის 14 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი
მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელზედაც ახლადარჩეულმა
დეპუტატებმა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის საარჩევნო ბლოკ «მრგვალი
მაგიდა – თავისუფალი საქართველოს» სპიკერი, ზვიად გამსახურდია
აირჩიეს. ქვემოთ გთავაზობთ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვას, რომლითაც
მან აღნიშნული სესიის მონაწილეებს მიმართა.
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის
ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა
მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები. ამ არჩევნებში
ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი
გადასცა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს –
გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ – თავისუფალმა
საქართველომ! გილოცავთ ამ გამარჯვებას, მეგობრებო!
ქართველმა ერმა გამოამჟღავნა
უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული და მოქალაქეობრივი
შეგნება, ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის!
ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა მივაგოთ ყველა ქართველს, საქართველოს
ერთგულ ყველა მოქალქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საარჩევნო
ბრძოლაში, იღვაწეს და გაისარჯნენ ეროვნული ძალების გამარჯვებისათვის,
რამეთუ ეს გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაა, თავისუფლებისა
და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა
აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი
და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა
და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით
აღდგინება!
ღრმად მწამს მეგობრებო, რომ ის
ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი არჩევნები,
შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას!
უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო,
რომ ეს გამარჯვება არ არის ერთი და ორი წლის მუშაობისა და ბრძოლის
შედეგი. ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც
აწარმოებდა ჩვენი მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან.
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ,
რომ ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია მონობას და სახელმწიფოებრიობის
დაკარგვას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციისა
და ანექსიის შემდგომ, მსოფლიოში უმკაცრესი სისხლიანი დიქტატურის
პირობებშიც კი, გრძელდებოდა ქართველი ერის ბრძოლა დაკარგული
სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის და დღევანდელი გამარჯვება
მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
სამარადისო დიდება მათ სახელს!
|
ფოტოზე: საქართველოს
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ზვიად გამსახურდიას გამოსვლა
|
საქართველოს
დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის
შესაბამისად დღევანდელი სესია ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ
ძირითად საკითხებზე: პირველი და უმთავრესი, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ,
ეს არის კონსტიტუციური რეფორმის საკითხი გარდამავალ პერიოდში,
გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონის შექმნა არსებულ
კონსტიტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის საფუძველზე. დეკლარაცია
თავად გარდამავალი პერიოდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ;
როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში
ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკური რეფორმა გარდამავალ
პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის საფუძვლის
ჩაყრა, ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკური დიქტატისაგან მისი განთავისუფლება,
ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, მიწის კანონი, პროვატიზაცია
და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები, მუნიციპალური
არჩევნები, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციისა და მართლწესრიგის
განმტკიცების ღონისძიებანი, კულტურისა და განათლების სისტემის
რეორგანიზაცია.
ძვირფასო მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ოპოზიცია, მიუხედავად არჩევნებში
გამარჯვებისა, ჯერჯერობით არ აცხადებს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც განპირობებულია საქართველოში
და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური რეალიებით. ჩვენ არ გვსურს,
რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მარტოდენ ქაღალდზე დარჩეს,
ჩვენ გვსურს რეალური დამოუკიდებლობა, რასად სჭირდება საფუძვლიანი
შემზადება იურიდიულ-სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური
თვალსაზრისით.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
მთავრობას, მიუხედავად საქართველოს ანექსიისა 1921 წელს, კაპიტულაციაზე
ხელი არ მოუწერია, და ამის გამო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო
და მისი კონსტიტუცია იურიდიული თვალსაზრისით დღესაც განაგრძობს
არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციის მოქმედება
დროებით შეჩერდა ანექსიის შედეგად. საქართველოს ტერიტორია იურიდიულად
კვლავ ერთიანია და განუყოფელი, მასზე არ მოქმედებს არც ერთი
უცხო სახელმწიფოს კონსტიტუცია. მათ შორის არც სსრკ კონსტიტუციები
1936 და 1978 წლისა. მართალია, საბჭოთა იმპერიამ საქართველოს
ძალადობით თავს მოახვია თავისი კონსტიტუცია, მაგრამ, ჩვენი თვალსაზრისით,
მისი მოქმედება დღემდე მხოლოდ ფაქტობრივი იყო და არა იურიდიული.
დღეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მასობრივი საპროტესტო
აქციების შედეგად, საქართველოში არასაბჭოური შედეგად მის ამ
ფაქტობრივ მოქმედებასაც თანდათანობით ეცლება საფუძველი. ამის
პირველი დამადასტურებელი საბუთი ის გახლავთ, რომ საქართველოში
პირველად მთელი საბჭოური პერიოდის მანძილზე არჩევნები გაიმართა
საბჭოური კონსტიტუციით რეგლამენტაციის გარეშე, ხოლო პარტიები
რეგისტრაციაში გაატარეს არა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა,
არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც პარიტეტული
პრინციპით იყო დაკომპლექტებული, თანაც ეს რეგისტრაციაც არ ყოფილა
რეგლამენტირებული არსებული კონსტიტუციით. ეს უდიდესი მიღწევაა
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა, მეგობრებო. მთელი მსოფლიო
დღეს განცვიფრებულია ამ მიღწევით!
ამჯერად ჩვენს წინაშე დგას ორი არჩევანი. დამოუკიდებელი საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების მიერ შედგენილი კონსტიტუციის
აღდგენა და მისი მოქმედების განახლება ვერ გამოიღებს სასურველ
ნაყოფს, ვინაიდან გაძნელდება მისი მისადაგება თანამედროვე პოლიტიკური
ვითარებისადმი. გარდა ამისა, იგი არ შეიცას იმპერიული კონსტიტუციისაგან
დამცავ იურიდიულ მექანიზმს, როგორიც აქვს დღესდღეობით არსებულ
კონსტიტუციას მისი 77-ე მუხლის სახით.
ამიტომ, ჩვენი აზრით, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი
კანონი უნდა დაფუძნდეს ისევ არსებულ კონსტიტუციაზე, მასში ფუნდამენტური
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით, რათა არ შეიქმნას
საკონსტიტუციო ვაკუუმი ახალი ეროვნული კონსტიტუციის შექმნამდე,
რომელიც საფუძვლად დაედება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს.
ამავე მიზეზით არის განპირობებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკისათვის სახელის შეცვლა, რაც პოლიტიკურ სტრუქტურათა
რეალური ცვლილების ანარეკლია; ასევე ეროვნული დროშისა და ჰიმნის
აღდგენა. შექმნილი რეალური პოლიტიკური ვითარების ასახვისათვის
ძველ კონსტიტუციას უნდა შევუცვალოთ პრეამბულა, ყველგან უნდა
ამოვიღოთ სიტყვები «საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა», «კომუნისტური
მშენებლობა», «კომუნისტური აღზრდა» და სხვა. უნდა შევიმუშავოთ
ახლებური ფორმულირებანი 68-ე, 77-ე, 180-ე, 188-ე, მუხლებისა,
კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16,
მე-20, 23-ე, 30-ე, 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8, 34-ე,
38-ე და 74-ე მუხლებისა - მხოლოდ მეორე ნაწილები; უნდა შეიცვალოს
58-ე მუხლის ფორმულირება.
რაც შეეხება საბჭოურ კონსტიტუციას. გარდამავალ პერიოდში მოხდება
მისი სრული უვნებელყოფა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი მოქმედების
ფაქტობრივი შეჩერება. რის საფუძველსაც გვაძლევს საქართველოს
კონსტიტუციაში არსებული 77-ე მუხლი. ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების
დროისათვის მოხდება საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედების სრული იურიდიული
შეჩერება და საქართველოში ახალი ეროვნული კონსტიტუციის ამოქმედება,
რომელიც შემუშავებულ იქნება გარდამავალ პერიოდში და რომელიც
შეამზადებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის
სამართლებრივ მექანიზმს.
ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსი გრძელდება.
ოღონდ ამჟამად იწყება მისი ახალი ეტაპი, მას შემდეგ, რაც ჩვენი
მოძრაობის ავანგარდი – მრგვალი მაგიდა ქართველმა ერმა, საქართველოს
მოსახლეობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ აირჩია უზენაეს საკანონმდებლო
ხელისუფლებაში. თვით მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების
ჩატარება ანექსიის პირობებში ეროვნული და სამოქალქო დაუმორჩილებლობის
უდიდესი აქტია, რამეთუ დღემდე არჩევნები ჩვენს სინამდვილეში
იმართებოდა მხოლოდ ცენტრისაგან თავს მოხვეული ფსევდოსაარჩევნო
სისტემითა და დიქტატით. ჩვენმა მოძრაობამ მიაღწია ახალი, ჭეშმარიტად
მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, რომელიც იქნება არა მხოლოდ
უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისა, არამედ
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი
და ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი
სამართლებრივი ინსტიტუტი.
ცენტრის ყოველგვარ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ჩარევას
ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩვენ ვუპასუხებთ ეროვნული და
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მძლავრი აქტებით, რათა მეტროპოლიამ
ვეღარ შესძლოს თავისი დიქტატის განხორციელება. ასე იქნება მთელი
გარდამავალი პერიოდის მანძილზე. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ საერთაშორისო
სამართალს და მასზე დავაფუძნებთ ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობას.
მართალია, დღეს ჩვენ უკვე ხელისუფლების სათავეში ვართ, მაგრამ
ცენტრისადმი მაინც ოპოზიციად ვრჩებით.
ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება,
თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ
ქვეყანად, ხოლო ჩვენი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ,
რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ
ახსოვს კოლონიური სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს
თავისუფალი, მრავალპარტიული, არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც
კოლონიად დარჩენილიყოს. კოლონიურ თვითმმართველობას ყოველთვის
მეტროპოლია ნიშნავს, მას ხალხი არ ირჩევს. საქართველოში ეროვნული
ხელისუფლების არჩევამ ზღვარი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს.
საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა
ჯერჯერობით. ეროვნული ხელისუფლება კი ამის გამო ავირჩიეთ, რომ
ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგეს
დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. სხვა საკითხია საქართველოს
ცნობა ოკუპირებულ ქვეყნად, საბჭოთა ჯარისთვის უცხო ქვეყნის არმიის
სტატუსის მიცემა და საერთაშორისო სამართლის დონეზე საქართველოდან
საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხის დაყენება, რისთვისაც
აუცილებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ცენტრთან და დასავლეთის
ქვეყნებთან. ამრიგად, ჩვენის თვალსაზრისით, საქართველო ანექსირებული
ქვეყანაა, რომელშიც დაიწყო ანექსიის შედეგებილ ლიკვიდაციისა
და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი, პირველი
ნაბიჯი კი ამ გზაზე ცენტრის მიერ დანიშნული რეჟიმის შეცვლაა
ახალი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით. ამასთან, ჩვენ კიდევ
ერთხელ ნათლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ახალი სამოკავშირეო
ხელშეკრულების მიმართ, რომლის წინააღმდეგიც ვართ იმ გასაგები
მიზეხის გამო, რომ გარდამავალი პერიოდის საქართველო ჯერჯერობით
არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და საერთაშორისო
სამართლის სუბიექტი.
საქართველოს ახლად არჩეული მრავალპარტიული პარლამენტის განსხვავება
საბჭოურ პერიოდში ცენტრიდან დანიშნული ე.წ. უზენაესი საბჭოსგან
იქნება ის, რომ ახალი პარლამენტი იქნება მუდმივმოქმედი, თავისი
მუდმივი კომისიებით. იგი მხოლოდ ნომინალურად როდი იარსებებს,
მას გადასაწყვეტი აქვს ურთულესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემები, რის შედეგადაც გამოირიცხა დეპუტატობის შეთავსება
სხვადასხვა თანამდებობებთან, რაც ნიშნავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების რეალურ გამიჯვნას.
საპარლამენტო კომისიების ძირითადი მიზანი იქნება საკანონმდებლო
საფუძვლების შემზადება გარდამავალი პერიოდის რეფორმებისათვის.
როგორც ჩვენს პროგრამებშია აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის
პოლიტიკური რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება ბიუროკრატიული
აპარატის, არსებული საბჭოთა იმპერიული სტრუქტურების დემონტაჟი
და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური,
ე.წ. ნომენკლატურული სისტემის გაუქმება და არჩევითობის პრინციპის
დამკვიდრება აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითს სტრუქტურებშიც,
საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების
ყველა დარგში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება
მუნიციპალური არჩევნები ადგილობრივ საბჭოებში, რაც აგრეთვე დემოკრატიული
პრინციპებით უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ადგილობრივი
ხელისუფლების ორგანოები თავად იქნებიან მოსახლეობის სამოქალაქო,
პოლიტიკური და სოციალური უფლებების დამცველნი.
რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით ადამიანის უფლებათა დაცვისათვის, სამართლებრივი
სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, ჩვენი სახელმწიფო წყობილება
უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ
ნორმებს, გაეროს ადამინის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას,
ჰელსინკისა და ვენის საერთაშორისო შეთანხმებებს, რათა ქმედითი
ღონისძიებანი განხორციელდეს მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების
დასამკვიდრებლად. ვინც არ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში
განსაკუთრებით უხეშად ირღვეოდა მკვიდრი, ქართული მოსახლეობის
უფლებები, ილახებოდა მისი ინტერესები, ქართველთა დისკრიმინაციამ,
ჩაგვრამ და შევიწროვებამ კულმინაციას მიაღწია განსაკუთრებით
ისეთ რეგიონებში, სადაც კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა დაამყარა
არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატიები. ქართული ენის სისტემატიურმა
დევნამ და კანონგარეშე გამოცხადებამ თვით საქართველოს დედაქალაქის
თბილისის დაწესებულებათა უმრავლესობაში მუშაობის აუტანელი პირობები
შეუქმნა ქართულ კადრებს, ხოლო რუსული ენის გაბატონება და ფაქტობრივ
სახელმწიფო ენად მისი გადაქცევა იწვევდა და ახლაც იწვევს ნაწილობრივ
ქართველთა დისკრიმინაციას, არაქართველთა პრივილეგირებას, რუსული
ენის ცოდნის დონის მიხედვით კადრების შერჩევას და განაწილებას,
რაც უხეშად არღვევს თვით არსებულ კონსტიტუციას. საბჭოთა პერიოდში
საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნებათა შერწყმისა და
დიფუზიის თავისებურ ლაბორატორიად, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი:
ქართველი ერის სრული ასიმილაცია, მეზობელი ერების ხელოვნურად
დაჩქარებული დემოგრაფიული ექსპანსიის გზით. ამ მიზნით ხდებოდა
აგრეთვე ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაზე თვალის დახუჭვა და
რამდენადმე მისი სტიმულირებაც, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში
საქართველოს მთელ რიგ რაიონებში არაქართველი მოსახლეობის ხელში
აღმოჩნდა ათასობით ჰექტარი საუკეთესო სავარგულები, ხოლო ქართულ
ოჯახებს, ჩვეულებრივ, გაყოფაზეც კი უარს ეუბნებოდნენ და ეუბნებიან
ალაგ-ალაგ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. რამდენადაც გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესდება, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებანი
ერთა შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ემყარება, ქართველი
ერის ამგვარი შევიწროვება და დისკრიმინაცია საკუთარ მიწა-წყალზე
და უცხო ერების პრივილეგირება უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის
ყველა აღიარებული ნორმის დარღვევად და საერთაშორისო დანაშაულად.
ამის გამი საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა
დაისახოს საქართველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების
დაკანონება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის რეალური
და არა მოჩვენებითი განხორციელება, ქართულ ენაზე უნდა გადავიდეს
საქმის წარმოება ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში, ხოლო ის
საწარმოები, რომლებიც ვერ ეგუებიან ქართულ ენას თავიანთი ე.წ.
საკავშირო დაქვემდებარების გამო, უნდა გამოეყონ ამგვარ დაქვემდებარებას
ან სრულად შეწყვიტონ არსებობა. ქართული მოსახლეობის უფლებრივი
გარანტიების დაკანონების პარალელურად უნდა დაჩქარდეს საქართველოს
მოქალაქის სტატუსის შემოღება, აგრეთვე კანონის შემუშავება, რომელიც
ზღვარს დაუდებს უკონტროლო იმიგრაციას და უცხო ერთა დემოგრაფიულ
ექსპანსიას საქართველოში. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უგულებელვყოფთ
ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, რომელნიც კანონიერად მკვიდრობენ
ჩვენს მიწა-წყალზე და ხელს უწყობენ ქართველი ერის ბრძოლას თავისუფლებისა
და დამოუკიდებლობისათვის. ამასთან დაკავშირებით განზრახული გვაქვს,
საქართველოში შევინარჩუნოთ ეროვნულ უმცირესობათა არსებული ავტონომიები,
ცხადია, უფრო მყარ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველზე, ქართული
მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, ხოლო
აჭარის ავტონომიის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი მომავალი წარმატებები პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანწილად
დამოკიდებულია ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე,
რომლებსაც მიზნად ვისახავთ. ამისათვის კი აუცილებელია ვიცნობდეთ
რეალურ სურათს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარებისას,
რომელიც ცხადყოფს, რომ ქვეყანა აშკარა ეკონომიკური კრიზისის
პირას დგას. ცენტრალური დაგეგმარებითი ეკონომიკა სულ უფრო და
უფრო ამჟღავნებს, რომ საქართველოს საარსებო ეკონომიკური ინტერესების
განხორციელების უნარი არ შესწევს. წლების განმავლობაში თავს
იჩენდა დეფიციტი პირველადი მოხმარების საქონლისა, სურსათ-სანოვაგისა,
საწვავისა. ეს ყოველივე ცხადი ხდება უწინარეს ყოვლისა ციფრობრივ
მონაცემებზე დაკვირვებით. მაგალითისათვის, სტატისტიკური მონაცემებით,
საქონლის მარაგმა რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციების საცალო
ქსელში 1990 წლის 1 ოქტომბრისათვის შეადგინა 1426 მილიონი მანეთი,
ნაცვლად შარშანდელ ამავე პერიოდის 1478 მილიონი მანეთისა, ანუ
შემცირდა 3,6 პროცენტით, რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საცალო
ქსელში 500 მილიონი მანეთი საქონლის მარაგი იყო, ნაცვლად 1989
წლის 1 ოქტომბრის 533 მილიონი მანეთისა, ამ პერიოდისთვის რესპუბლიკაში
გვქონდა 84 დღის საქონლლის მარაგი, ანუ შარშანდელ შესაბამის
პერიოდთან შედარებით 16 დღის მარაგით ნაკლები. ვაჭრობის სამინისტროს
საცალო ქსელში 56 დღის მარაგი იყო, ანუ 14 დღის მარაგით ნაკლები.
მეცხოველეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების მარაგმა საბითუმო
ვაჭრობასა და მრეწველობაში აშკარად იკლო, მაგალითისათვის, თუ
1989 წელს კარაქის მარაგი შეადგენდა 8,9 ტონას, წელს ეს მარაგი
შემცირდა 3,6 ტონამდე, შესაბამისად კვერცხის მარაგი შემცირდა
48,7 მილიონი ცალიდან 26,3 მილიონ ცალამდე, შაქარი – 15,7 ათასი
ტონიდან – 14 ათას ტონამდე და ასე შემდეგ.
მაგალითისათვის, აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოების მიერ
კვების ძირითადი პროდუქტების წარმოება 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში
ხასიათდება შემდეგი მონაცემებით: ხორცის წარმოება წინა წელთან
შედარებით შემცირდა 19 ათასი ტონით, ძეხვეულისა – 7 ათასი ტონით,
კარაქისა – 320 ათასი ტონით, ყველისა – 5 ათასი ტონით, იგივე
ხდება ყველა სხვა პროდუქტის წარმოების სფეროში. ამასთან მიმდინარე
წლის 1 ნოემბრისათვის მრეწველობაში და საბითუმო ვაჭრობაში თამბაქოს
მარაგი 75,6 % - ით ანუ 2,6 მილიონი მანეთით შემცირდა, ასეთივე
სურათია მსუბუქი მრეწველობის საქონლის მიწოდების სფეროში, სახელმწიფო
და კოოპერაციული ვაჭრობის ფონდში. საკოლმეურნეო ბაზრებზე თბილისში,
ქათაისში, ბათუმში, სოხუმში გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საერთო
მოცულობა შემცირდა 9,2 % - ით, ხოლო ფასები გაიზარდა 25,6 %
- ით საშუალოდ. მოსახლებამ საკოლმეურნეო ბაზარზე დახარჯა 69
მილიონი მანეთით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-ოქტომბერში,
იმავე პროდუქციის შეძენაზე. გეგემები ჩავარდნილია სახალხო მოხმარების
საქონლის წარმოების ყველა სფეროში, სამრეწველო საწარმოები ვერ
ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჩამორჩენილია
ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭო, კულტურის სამინისტრო,
ყოფილი საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრო, კავშირგაბმულობის
სამინისტრო, პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭო,
ახალგაზრდული საერთაშორისო ტურიზმის ბიურო, ჯანმრთელობის სამინისტრო,
საწარმოო გაერთიანება «საქავტომოტოსერვისი», ცეკავშირი, სპორტსაზოგადოება
«დინამოს» რესპუბლიკური საბჭო.
მძიმე მდგომარეობაა საბინაო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის
სფეროში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო
სახსრებით საექსპლოატაციოდ ჩაბარებული საცხოვრებელი სახლების
საერთო ფართობი შემცირდა 166 ათასი კვადრატული მეტრით, ანუ 33,4
% - ით. წლის გეგმა ამ მაჩვენებლის მიხედვით შესრულდა მხოლოდ
31,4 % - ით. ასეთივე მდგომარეობაა სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების,
საავადმყოფოების, ამბულატორების, პოლიკლინიკების, პროფტექნიკური
სასწავლებლების მშენებლობის სფეროშიც.
გრძელდება საფინანსო კრიზისი. სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური
რესურსების მობილიზაციის დავალებების შესრულება კვლავ გაძნელებულია,
ძირითადად საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგებიდან (შემოსავლებიდან)
ბიუჯეტში გადასახდელების დავალებათა ქრონიკული შეუსრულებლობის
გამო. ამ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს
მოგებიდან გადასახდელების სახით დააკლდა 41,4 მილიონი მანეთი,
ანუ 7,7%. მოგების საგეგმო დავალების შესრულებას თავი ვერ გაართვა
300-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერი
ზარალით დაამთავრა 57-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, გრძელდება
ჩამორჩენა სამშენებლო კომპლექსის საქმიანობაში, საფრთხის წინაშეა
საწარმოო სიმძლავრეებისა და მშენებლობის ობიექტების ამოქმედების
წლიური პროგრამების რეალიზაცია, საერთო-რესპუბლიკურ მაჩვენებელზე
დაბალი შესრულება აქვს «საქნავთობს» (64,4 %), «საქაგრომშენს»
(77,1 %) და სხვა გაერთიანებებს. ამასთან ჩვენ დიდ დახმარებას
ვუწევთ სხვა რესპუბლიკებს, მაშინ როდესაც შინ თავად გვაქვს უკიდურესად
მძიმე მდგომარეობა.
დღევანდელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა შესასწავლია მრავალი
თვალსაზრისით. დღესდღეობით საექსპორტო მოწოდებას აწარმოებს საკავშირო,
საკავშირო-რესპუბლიკური და რესპუბლიკური დაქვემდებარების 66
საწარმო და ორგანიზაცია, მათ მიერ საექსპორტოდ განაწილებულია
140,7 მილიონი მანეთის პროდუქცია. საჭიროა კონტროლი, რათა ამგვარი
წარმოების საქმიანობა ყოველთვის შეესაბამებოდეს ეროვნული ეკონომიკის
ინტერესებს, რათა არ დაზარალდეს ჩვენი საერთო-ეკონომიკური სტრატეგია.
განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი სტრატეგიული ნედლეულისა
და პროდუქციის ექსპორტს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე თანდათანობით
გადასვლის პერიოდში. ჩვენი ეკონომიკის ზემოთხსენებული სავალალო
სურათი, ცხადია უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია სოციალისტური
ეკონომიკური სისტემის არაეფექტიანობით, ცენტრალური დაგეგმვის
პრინციპი ძირითადი შემფერხებელი ფაქტორია ასეთ ვითარებაში, ამასთან
იგი ხელს უწყობს საქართველოს კოლონიურ ძარცვას, ჩვენი ეკონომიკის
დაქვემდებარებას ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკური სისტემის
დიქტატისადმი. მნიშვნელოვანი დესტრუქციული ფაქტორია აგრეთვე
კორუფცია, უკონტროლობა, სპეკულაცია, უყაირათობა, რაც გამოწვეულია
ხელისუფლების სტრუქტურების მოშლით და უპასუხისმგებლობით.
ჩვენი თვალსაზრისით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არსებობს
მხოლოდ ერთი გამოსავალი: ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მეთოდებზე
და ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული სოციალისტური ეკონომიკური
სისტემის დემონტაჟი და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობით
გადასვლა. ჩვენს პროგრამებში აღნიშნულია, რომ საბაზრო ეკონომიკის
ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს მიწოდებისა და მოთხოვნილების
საბაზრო ძალების რეგულირებაში. პრაქტიკული გადაწყვეტილებების
მიღებისას კი მთავრობის მხრივ ჩარევა-რეგულირება ძირეულად განსხვავდება
სოციალისტური სისტემის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური რეგულირებისაგან,
აქ კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევა ან მისი რეგულაცია ძირითადად
მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის ხდება. წარმოების საშუალებათა
კერძო საკუთრება, კერძო ფინანსური ბაზრები, თავისუფალი შრომის
ბაზარი საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია. მას შემდეგ,
რაც ეს ელემენტები ამოქმედდა, ხალხი თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების
მეშვეობით გადაწყვეტს, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო
ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან,
რესურსებს უნდა ანაწილებდნენ საბაზრო ძალები და არა ბიუროკრატია,
სახელმწიფოს კონტროლი კი ამ განაწილებისადმი, ისევე როგორც ფასების
კონტროლი, არ უნდა ემყარებოდეს ადმინისტრირების დრომოჭმულ მეთოდს.
ამასთან, არსებობს დიდი საფრთხე ე.წ. «საბაზრო სოციალიზმისა»,
საბაზრო ეკონომიკა უშუალოდ უნდა დაეყრდნოს კერძო სექტორს და
ღია საერთაშორისო ვაჭრობას. ამავე დროს აუცილებელია პრივატიზაციის
პროცესის დაჩქარება, განსაკუთრებით სოფლად, საჭიროა შემოღება
მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის
სტატუსის შემოღებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს
უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობელობაში გასხვისების უფლების
გარეშე, რაც უთუოდ შეუწყობს ხელს მოსახლების სოფლად დამკვიდრებას
და გლეხური მეურნეობის განვითარებისას საქართველოში. აუცილებელია
აგრეთვე აღდგეს ტრადიციული ფორმები სოფლის მეურნეობისა, ძირითადი
აქცენტი უნდა გაკეთდეს მევენახეობაზე, მეცხოველეობისა და მარცვლეული
კულტურების განვითარებაზე. საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან
გამომდინარე, პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების
მწვავე დეფიციტის გამო, გადაუდებელ ღონისძიებებად ჩავთალეთ სავაჭრო
ქსელში ნორმირების დაწესება და პასპორტების წარდგენით ვაჭრობა,
რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლით, დავაწესეთ
აგრეთვე საქართველოდან ღვინის, ხილისა და სხვადასხვა პროდუქტების
უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გაზიდვის აკრძალვა. უკანასკნელ
ხანებში გაძლიერდა საბოტაჟის ფაქტებიც, კოლმეურნეობები და საბჭოთა
მეურნეობები დიდი რაოდენობით აბარებენ პირუტყვს სასაკლაოებს
და ხორცკომბინეტებს, ყიდიან მანქანებსა და სხვა ტექნიკას, რასაც
შეგნებული საბოტაჟის ელფერი დაჰკრავს.
ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: მართალია ჩვენ გამოვაცხადეთ ეროვნული
შერიგება და შემწყნარებლობა, გამოვაცხადეთ, რომ არავის განვიკითხავთ
წარსული ცოდვებისათვის, მაგრამ ვინც ამიერიდან დაუპირისპირდება
დღევანდელი განახლების პროცესს, ისევ კორუფციით, სპეკულაციითა
და საბოტაჟით გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ვითარებას, პასუხს
აგებს ერისა და კანონის წინაშე.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო აგრეთვე, რომ
საზოგადოებრიობის უდიდეს შეშფოთებას იწვევს დამნაშავეობის კატასტროფული
ზრდა ჩვენს ქვეყანაში, რაზეც მეტყველებენ საგანგაშო სტატისტიკური
მონაცემები. მაგალითად 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში
რეგისტრირებულია 15 839 დანაშაული, ანუ გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 12,5 %-ით მეტი, 15 % გაიზარდა მძიმე დანაშაულობათა
რაოდენობა, აქედან ჩადენილია 209 მკვლელობა, ანუ 21 %-ით მეტი,
ძარცვებისა და ყაჩაღობის რიცხვიც შესაბამისად გაიზარდა 1,9-ჯერ
და 2-ჯერ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ
პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს ის მახინჯი სოციალ-პოლიტიკური
წყობილება, რომელშიც ვცხოვრობთ წლების მანძილზე. რელიგიის განადგურება,
ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუარესება
– აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის,
სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი გზა იცის კაცობრიობამ:
ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი
იდეალების დამკვიდრება საზოგადოებაში. მაგრამ ამავე დროს იძულებულნი
ვართ ვებრძოლოთ დანაშაულის კონკრეტულ გამოვლინებებს, განსაკუთრებით
ისეთი დანაშაულისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას. ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების დიდ
საზოგადოებრივ საფრთხეს, გადავწყვიტეთ გამოვცეთ მართლწესრიგის
დაცვისა და განმტკიცების კანონი და დადგენილება ეროვნული შინაგანი
ჯარის შექმნის შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა
ქვეყნის შიგნით გარდამავალ პერიოდში. ამასთან, აუცილებელია სამართალდამცველი
ორგანოების სრული დეპარტიზაცია, რაც უკვე დაიწყო საქართველოს
რესპუბლიკის პროკურატურამ, და ეს ფრიად მისასალმებელია. ჩვენ
მივესალმებით სრულიდ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია
II-ეს საგანგებო ბრძანებას, რომელიც გმობს კაცისკვლას, როგორც
უმძიმეს დანაშაულს ერის წინაშე, და ვთვლით, რომ ანათემისა და
ერისაგან მოკვეთის ღირსია ყველა ის ქართველი, რომელიც თავის
მოძმეს გაიმეტებს.
ძვირფასო მეგობრებო!
ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის
პირობებში საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მარტო სოციალურ-პოლიტიკურ
და ეკონომიკურ ყოფას, არამედ უწინარეს ყოვლისა, სულიერ და კულტურულ
ღირებულებებს. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული კულტურის
უნიკალური ძეგლები: ალავერდი, მრავალძალი, ალვანის ცხრაკარა,
ნიკორწმინდა, ზარზმა და მრავალი სხვანი, რომელთა უპატრონოდ მიტოვებას
შთამომავლობა არ გვაპატიებს; მიშვებულია სამუზეუმო საქმე, მეურვეობა
სჭირდება ხელოვნების დარგებს, დღესდღეობით აუცილებელია, კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა,
გასარკვევია კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სამმართველოს,
ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მფლობელ ცალკეულ პიროვნებათა და
უწყებათა კომპეტენციის, სტატუსისა და მატერიალური ბაზის საკითხები.
ამასთან, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დამოუკიდებელი
სახელმწიფო ინსპექციის შექმნა. წამყვანი კულტურული სახელმწიფო
დაწესებულებების სტატუსის დადგენა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესება,
რაც განსაკუთრებით შეეხება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს,
ხელოვნების მუზეუმებს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. აუცილებელია
განვიხილოთ აგრეთვე რაიონული თეატრების, მხარეთმცოდნეობისა და
მემორიალური მუზეუმების დოტაციის საკითხები, სამხატვრო აკადემიის,
კონსერვატორიის, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების
გადახედვა-დახვეწა და მატერიალური ბაზის მოგვარება, მეცნიერებათა
აკადემიის სტატუსის საკითხის განხილვა, მეცნიერების მართვის
ცენტრალიზებულ-ბიუროკრატიული სისტემის რადიკალური რეფორმა. უცხოეთთან
კულტურული კონტაქტები ახლებურად უნდა გავახორციელოთ, აუცილებელია
საქართველოს წევრობა-მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში:
ძეგლთა დაცვის ხაზით იკომოსში, სამუზეუმო საქმის ხაზით – იკომში
და ა.შ., რათა ჩვენი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა
უკეთ გაიცნოს უცხოეთის საზოგადოებრიობამ, რაც აგრეთვე უზრუნველყოფს
მისი დაცვის გაუჯობესებას.
გადაუდებელია განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა. სასწრაფოდ
უნდა გადაისინჯოს სასწავლო პროგრამები, უნდა გავაუქმოთ ყოვლად
უსარგებლო და ზედმეტი დისციპლინები: ე.წ. სსრ კავშირის ისტორია,
მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური პოლიტეკონომია, ე.წ. საზოგადოებათმცოდნეობა,
დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი და სხვანი, უნდა აღვადგინოთ
საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება,
უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო
სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში,
უნდა გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლება, საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ქართული სკოლის პრიორიტეტი,
რუსული სკოლები უნდა შემცირდეს მხოლოდ რუსული მოსახლეობის მოთხოვნათა
შესაბამისად, ქართველი ბავშვები აღარ უნდა იზრდებოდნენ რუსულ
სკოლებში.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა
და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე,
იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების
რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს
დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით
ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის
ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების
მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის
იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმათთაგან. მაგრამ მან გამოიარა
ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა,
მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა
ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს
ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად
მსოფლიო ხალხთათვის.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური
მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული
აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია.
ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს
მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი.
ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის,
ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის
გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე.
კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!
|
|
|
|