მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
საუბარი ჰანს ბელთინგთან

დიდმა გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა და ანტროპოლგმა - ჰაიდელბერგის, ჰარვარდის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორმა ჰანს ბელთინგმა, 2010 წელს მეტად საინტერესო წიგნი - "სამყაროს სარკე, ფერწერული ტილოს გამოგონება ნიდერლანდებში"(გერმანულად - Hans Belting, "Spiegel der Welt, Die Erfindung des Gemäldes in den Niederlanden", ფრანგულად - "Miroir du monde, L'invention du tableau aux Pays-Bas") გამოსცა. გთავაზობთ საუბარს ამ საინტერესო ავტორთან.

- თქვენს წიგნში უცნაურ დებულებას გამოთქვამთ: მხატვრობა მე-15 საუკუნეში ფლანდრიაში უნდა გამოეგონათ. განა ის უფრო ადრე არ არსებობდა?
- სინამდვილეში მე ვლაპარაკობ არა მხატვრობის, არამედ ფერწერული ტილოს გამოგონებაზე, რაც სულ სხვა რამეა. ცხადია რომ მხატვრობა ხატების, ფრესკების და მინიატურის ფორმით ადრეც არსებობდა. ამ დროს გაჩნდა ფერწერული ტილო, ესე იგი დამოუკიდებელი, გადასატანი, ჩარჩოში ჩასმული ობიექტი, რომელიც შეიძლებოდა კედელზეც ჩამოეკიდათ. თითქოს არაფერია, მაგრამ ესაა იმ ეპოქის ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი სიახლე. სურათი მანამდე არც ერთ სხვა ცივილიზაციაში არ არსებობს, მას შემდეგ, დასავლური მხატვრობა სურათის გარეშე წარმოუდგენელია.

- განა იტალიელებმა ფლანდრიელებზე უფრო ადრე არ გამოიგონეს ფერწერული ტილო?

- ფერწერული ტილო იტალიასა და ფლანდრიაში დაახლოებით ერთდროულად ჩნდება. თუმცა განსხვავებები დიდია. ალბერტი, ფერწერის შესახებ დაწერილ თავის სახელგანთქმულ ნაშრომში, ფერწერას იმ თვალსაზრისით განიხილავს, რომ მასში ხელოსნური აღარაფერია. ის პირველ რიგში მეცნიერია. ალბერტის ბუნება და მისი წარმოდგენა აინტერესებს უფრო კონცეპტუალურად, ვიდრე ემპირიულად. იგი ხატს ანუ მხატვრულ სახეს, ცენტრალური პერსპექტივის წესებით მართულ მათემატიკურ კონსტრუქციად წარმოიდგენს.

ხატისა და საზოგადოდ სამყაროს ასეთი გეომეტრიზაცია, სრულებით უცხოა უფრო ინტუიტიური ფლანდრიული მხატვრობისთვის. განსხვავებულია შინაარსიც. ალბერტისთვის მშვენიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მსგავსება. სურათი პირველ რიგში რაღაც ისტორიას მოგვითხრობს, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთში, სურათის ფუნქცია რეალური სამყაროს აღწერაა. ამ გაგებით, სურათი თანამედროვე მნიშვნელობით, სწორედ ფლანდრიელებმა გამოიგონეს.

ფოტოზე: პროფესორი ჰანს ბელთინგი (*1935)
- მაგრამ ფლანდრიული მხატვრობის საწყისი თითქოს რთული იყო...
- მართლაც, მე-15 საუკუნის დასაწყისში, ფერწერა ხელოვნებათა იერარქიის უმდაბლეს საფეხურზე გახლავთ, სურათი, ოქრომჭედლობის ნაწარმოებზე და წიგნზეც კი ბევრად უფრო იაფია. ამის მიზეზი სრულიად პროზაულია: ხელოვნების ნაწარმოების ფასი და ღირებულება, მისი შემადგენელი მასალების ფასითა და ღირებულებით იზომება. არადა, სურათი ძვირფასი ქვებისგან და პერგამენტისგან არ იქმნება. მაშ, ის უფრო იაფია, ვიდრე წიგნი თუ სამკაული...

სურათის ტრიუმფი სრულ გადატრიალებას წარმოადგენს: უფრო გამოგონება დაფასდა, ვიდრე მასალა, მატერიალური ფასი. და ეს იმდენად, რომ ზოგი დიდოსტატის, მაგალითად ჰანს მემლინგის მიერ დახატული ოქრო, ნამდვილ ოქროზე უფრო ძვირი გახდა! ის, რომ შემოქმედების და ფანტაზიის ღირებულება და ფასი, შეიძლება უაღრესად დიდი და გამოყენებული მასალის, ნედლეულის ღირებულებაზე ბევრად მეტი იყოს, დღეს თავისთავად ცხადი ჩანს. არადა, ეს რწმენა სწორედ ამ დროს გაჩნდა, სურათის გაჩენასთან ერთად და მისი წყალობით.

- ამ მხატვრულ ევოლუციას როგორ ხსნით?
- ის, თან ახლავს და გამოხატავს ბურჟუაზიის გაჩენას დიდ ფლანდრიულ მეტროპოლიებში, მაგალითად ბრიუსელში, განდში თუ ბრიუგეში (ისინი მაშინ ბურგუნდიის ძლიერ საჰერცოგოს ეკუთვნოდნენ). სწორედ იქ გაჩნდა პირველი სურათები.

უნდა ვიცოდეთ, რომ მე-15 საუკუნის დასაწყისში, ყველას არ ჰქონდა უფლება დახატული ყოფილიყო. საუკუნეების მანძილზე, მხატვრები თითქმის მხოლოდ რელიგიურ სიუჟეტებს ხატავდნენ. პორტრეტი იშვიათობას წარმოადგენდა, ხატავდნენ არა როგორც კერძო პირებს, არამედ როგორც სახელმწიფო, საჯარო ფუნქციის განსახიერებას. თავისთავად, ადამიანის როგორც ასეთის გამოსახვა, იურისტების და თეოლოგების წინააღმდეგობას აწყდებოდა. ის, რომ სხეული მოკვდავია, მათი აზრით, საკმარისი მიზეზი არ იყო ფერწერით მისი უკვდავყოფისთვის. ბურჟუაზიამ მისი მხატვრული გამოსახვის უფლება მიითვისა და ამით განაცხადა, როგორც თავისი არსებობა, ისე თავისი ძლიერება ბურგუნდიის კარის პირისპირ, ამ კართან შეჯიბრში,.. ასევე თავისი უფლება მემკვიდრეობაზე, შთამომავლობაზე.

ფოტოზე: იან ვან ეიკი, მარგარეტე ვან ეიკი, მშვენიერ ხელოვნებათა სახელმწიფო მუზეუმი, ბრუგე/ბელგია

-განსხვავდება თუ არა ბურჟუათა პორტრეტები ძველი პორტრეტებისგან?
-დიახ, ახალი რეალიზმი გაჩნდა. არისტოკრატთა პორტრეტები იდეალიზებული გახლდათ. მეფის თუ მთავრის იდეალური ხატი უფრო ნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რეალური სახე. ბურჟუაზიამ ამაზე უარი თქვა. პიროვნება ფოტოგრაფიული სიზუსტითაა გამოსახული. ამიტომაა, რომ სურათის დასრულების თარიღი და გამოსახული პიროვნების ასაკი, ხშირად ჩარჩოზეა დაწერილი. გამოსახული პიროვნების რეალობის, მისი არსებობის დადასტურება, ამ ახალი რეალიზმის დანიშნულებაა. ესაა ბურჟუაზიის მოთხოვნების მხატვრული გამოხატულება. ის ამბობს, რომ ბურჟუა, კარისკაცის გვერდით ახალი სინამდვილეა და სიკვდილის შემდეგ ისიც უნდა გაიხსენონ.

ამ და მრავალი სხვა თვალსაზრისით, ჯენტის კათედრალში დაცულ, იან ვან ეიკის სურათს - "მისტიკური კრავი",
უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მასზე ვხედავთ, რომ ბურჟუა დონატორებმა მიითვისეს უფლება, რომელიც მანამდე მხოლოდ ბურგუნდიის ჰერცოგებს ჰქონდათ: ისინი წმინდანთა ქანდაკებების წინაშე დაჩოქილნი არიან ზუსტად ისე, როგორც ბურგუნდიის ჰერცოგი და მისი მეუღლე შამპმოლში.

- თუმცა ისინი შამპმოლში ქანდაკების წინაშე არიან დაჩოქილი და არა სურათის წინაშე!
- როგორც უკვე გითხარით, მე-15 საუკუნის დასაწყისში, არისტოკრატია ფერწერას დიდად არ აფასებს. მას წიგნების შეგროვება ურჩევნია. თუმცა ამ წიგნებს მაიმცდამაინც არ კითხულობს, მაგრამ ისინი მდიდრულადაა დასურათებული. არისტოკრატიას ოქრომჭედლობაც ურჩევნია და როდესაც საქმე საკუთარი თავის უკვდავყოფაზე მიდგება, ამის გაკეთება ქვაში ურჩევნია. მას ქანდაკება ურჩევნია.

ბურჟუაზიამ, საკუთარი თავის უკვდავყოფა ფერწერით გადაწყვიტა და ამით მან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც შემდეგ არისტოკრატიამაც აიტაცა...
ფოტოზე: იან ვან ეიკი და ჰუბერტ ვან ეიკი (?), მისტიკური კრავი, 1432-1435, ჯენტის საკურთხეველი, სადღესასწაულო მხარე, წმინდა ბავოს კათედრალი, ჯენტი/ბელგია
-თქვენს წიგნში ამბობთ, რომ ჯენტის კარედი აღორძინების ხანის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, კი მაგრამ რატომ?
- აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. ესაა სასწაული. ყველაფერი ახალი იყო! შიშველი სხეულები, დაჩოქილი ბურჟუები, ბუნების ერთგული გამოსახვა. ასეთი რამ ჯერ არასდროს უნახავთ. არასოდეს დაუხატავთ შიშველი სხეული ისე, როგორც ადამი და ევა არიან დახატულები. ისინი გამოსახულები არიან ისე, როგორც ღმერთს ისინი უნდა ენახა მას შემდეგ, რაც ადამმა აკრძალული ხილი შეჭამა. ადამი და ევა თავის სიშიშვლეს აცნობიერებენ. ესაა რეალური ზომის, ესე იგი გიგანტური მასშტაბის ფოტოგრაფიული რეალიზმი, იმხანად გაუგონარი რამ. ესაა ფერწერის პირველი გადასვლა დიდ ფორმატზე.

შესანიშნავი პარადოქსი, ლაპარაკია იოანეს აპოკალიფსში აღწერილი წარმოსახვითი პეიზაჟის გადმოტანაზე. ესაა ნაწერთან შეჯიბრის ფორმა. ზოგადად კი, ეს კარედი ფერწერის რეპერტუარს ერთბაშად აფართოებს. დიდხანს უგულვებელყოფილი ფერწერა, უეცრად მოიცავს და აჭარბებს ყველა ხელოვნებას - ქანდაკებას, ოქრომჭედლობას, პოეზიასაც კი.
კარედზე, ქანდაკებებს და ცენტრალური პანოს პერსონაჟებზე, სრულყოფილად განმეორებულ სამკაულებს ვხედავთ. ფერწერა, ერთნაირი დიდოსტატობით გადმოსცემს უსულო ქვას, ოქროს და ცოცხალ სხეულს. ის წარმოდგება როგორც ხელოვნების მედიის ძველი დარგების, ქანდაკებისა და ოქრომჭედლობის დამამარცხებელი ახალი დარგი.

- მართლაც და ფერწერა რითი სჯობნის ხელოვნების სხვა დარგებს?
- ფერწერას სხვა ხელოვნებათა მიბაძვა ძალუძს, რაც სხვა ხელოვნებებს არ შეუძლიათ. შეჯიბრი განსაკუთრებით ფერწერასა და ქანდაკებას შორისაა დაძაბული, ამ ხანის სურათები ამ დაპირისპირებას ასახავენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ქანდაკებათა უმრავლესობა, შეფერილ-შეღებილი იყო, არადა მხატვრები მათ ნაცრისფრად წარმოსახავენ, რა თქმა უნდა იმისათვის, რომ ქანდაკებები ცოცხალი არსებებისგან იოლად გამოირჩეოდეს, თუმცა არა მხოლოდ ამიტომ. სინამდვილეში, ეს ხელოვნებათა შედარების საშუალებას იძლევა და ეს სინამდვილის სიმდიდრის უკეთესად გადმომცემი ფერწერის სასარგებლოდ ხდება. ქანდაკება არის მხოლოდ იმის ნაწილი, რისი გადმოცემაც ფერწერას ძალუძს, ესე იგი ფერწერა უფრო ძლიერია. თანამედროვეებისთვის ეს ძალიან გარკვევით ნათქვამი აზრი გახლდათ.

ფოტოზე: იან ვან ეიკი, არნოლფინების ქორწილი, 1434, ზეთი ხეზე, 81,8 x 59,7, ლონდონის ეროვნული გალერეა
- არა და ფერწერა იმთავითვე ორი განზომილებითაა შეზღუდული...
- ის, ამ ნაკლის დაძლევას, გარკვეული ხერხებით ახერხებს. მაგალითად, სარკე, ფერმწერს პერსონაჟთა როგორც წინიდან, ისე ზურგიდან ჩვენების საშუალებას აძლევს. ვან ეიკის მეუღლე, არნოლფინები, სარკის წყალობით უკნიდანაც ჩანან... რაც გარკვეულად მთელი მოცულობის მოცვის საშუალებას იძლევა, ეს სამგანზომილებიანი ქანდაკების შემთხვევაშია შესაძლებელი... ამ სარკეში ვხედავთ ფერმწერსაც, რომელიც წყვილს ხატავს...

თუმცა სარკე უფრო მეტს წარმოადგენს, ის მხატვრობის ერთ-ერთი დიდი მოტივია. თითქოს სწორედ სარკით უნდა დაწყებულიყო ფერწერის ისტორია. ლეგენდის თანახმად, ის წყალში საკუთარი თავის მჭვრეტელ ნარცისს უნდა გამოეგონა. და ბოლოს, გავიხსენოთ, რომ იმ დროს, სარკე ოპტიკის ტრიუმფად და ფიზიკის კანონების ბრწყინვალე დადასტურებად ითვლებოდა.

ეფემერულ ჩვენებებს შორის ესოდენ იოლად დაბნეული თვალი, აქ სოლიდურ წერტილს ხვდება, რომელიც მას საკუთარი თავის გაცნობიერების საშუალებას აძლევს. სარკე მას არსებობის იმ სინამდვილეს უდასტურებს, რომელსაც ის სუბიექტურად ხედავს.

მაშ, სარკის სურათში ჩართვა, სურათის მიერ წარმოდგენილი რეალობის დადასტურების ახალი საშუალებაა, ამავე დროს, მხატვრისთვის ესაა მისი ხელოვნების ხარისხის, დონის ჩვენების საშუალება -"ხელოვნური ხატი" სარკის მიერ არეკლილ "ბუნებრივ ხატს" შეესაბამება.

ფოტოზე: იან ვან ეიკი, როლინის ღვთისმშობელი ან კანცლერ ნიკოლას როლინის ღვთისმშობელი, 1435, 65 x 62,3, ლუვრი, პარიზი
- თქვენ ამ სურათების რეალიზმს უსვამთ ხაზს, არადა მათზე ხშირად ვხედავთ, რომ თანამედროვე რეალური პერსონაჟები ბიბლიური პერსონაჟების გვერდით დგანან. ეს ძალიან რეალისტური არ უნდა იყოს...
- ვან ეიკების თანამედროვეებისთვის, ეს რეალობა სინამდვილე გახლდათ. ქრისტიანული რწმენა რეალობა იყო, ამდენად ის ფიზიკური რეალობის მსგავსად გამოსახვას იმსახურებდა.
ამ ხანის ფერწერა, გულისხმობს იმას, რასაც მე ორმაგ მზერას ვუწოდებ - გარეშე და შინაგან ხედვას. გარეშე ხედვა შეესაბამება იმას, რასაც ჩვენს წინ ვხედავთ - ხილულ სამყაროს. მეორე არის ის, რასაც წარმოსახვაში ვხედავთ. შინაგანი ხედვა, ესაა სულის, მეხსიერების, სიზმრის, ზმანების ხედვა. ამ სურათების გასაგებად, ორივეა საჭირო.

ვან ეიკის სურათში - "კანცლერ როლინის
  ღვთისმშობელი", კანცლერი ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობს. ღვთისმშობელი ზის, მას კალთაში ქრისტე უზის, ამ დროს მას ანგელოსი თავზე გვირგვინს ადგამს. სინამდვილის სხვადასხვა დონეზე არსებული ეს პერსონაჟები, გარე სამყაროსკენ გახსნილ ოთახში თანაარსებობენ. იდეა ისაა, რომ იმას, რასაც ნიკოლა როლინი შინაგანი თვალით ხედავს, ჩვენ, ვინც სურათს ვუცქერთ, გარეშე თვალით ვხედავთ. ოთახის გარე სამყაროსაგან გამომყოფი თაღები, შინაგანი და გარეშე სამყაროების ერთიანობისა და უწყვეტობის ფაქიზი მეტაფორა არის. სული ბნელ ოთახში ცხოვრობს და გარე სამყაროს ამ შინაგანი, შიდა ოთახიდან აკვირდება. ჩვენ შორს, გაშლილი პეიზაჟისკენ მიბრუნებულ პერსონაჟებს ვხედავთ. სურათი მოგვიწოდებს როგორც ადამიანის ძიებისკენ გარე სამყაროში - სადაც მისი სხეული არსებობს, ისე მისი თანხლებისკენ შინაგან სამყაროში - სადაც მისი სული ცხოვრობს.

- თქვენ ამბობთ, რომ სურათი წარმოადგენს არა მარტო სხეულს, არამედ ის მას ეუფლება. რას გულისხმობთ ამით?
- სურათი წარმოადგენს სიმბოლურ სხეულს, რომელიც გამოსახული პიროვნების გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს არსებობას. ის ანგარიშს უწევს როგორც გამოსახული პიროვნების გარეგნობას, ფიზიკურ სახეს, ისე ამ პიროვნების მთლიანობას, მის სხეულსა და სულს.
მთავარ როლს მზერა ასრულებს. დიდი ხნის მანძილზე, თვალი სახის უბრალო თავისებურებად ითვლებოდა. ახალ ფლანდრიულ ფერწერაში, ის ხდება ვექტორად მზერისა, რომელიც პიროვნების შინაგანი სამყაროდან გვწვდება. იან ვან ეიკის მეუღლე დღეს გვიყურებს ისე, როგორც ის ოდესღაც მეუღლეს, რომლისთვისაც ის პოზირებდა, უყურებდა.
თვალი "სულის სარკმელად" იქცა.

ამ ფერწერის მიზანი შინაგანი სამყაროს გარეგნობით გამოვლენაა.

ფოტოზე: იან ვან ეიკი, ღვთისმშობელი ეკლესიაში, პრუსიული კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმები, ბერლინი
სურათში -"ღვთისმშობელი ეკლესიაში", ვან ეიკი, შინაგანის და გარეგანის დიალოგს პირველი გადმოსცემს. ეკლესიის ნავში, სრულებით არაპროპორციული ღვთისმშობელი დგას. შინაგან სივრცეს, ვიტრაჟების მიერ შემოშვებული სინათლე ანათებს. ეს ვიტრაჟები სურათის სიმბოლო არის. მაშინ, როდესაც მხოლოდ გარედან, ვიტრაჟების წყალობით განათებული ეკლსიის შიდა სივრცე არის სიმბოლო შინაგანი სამყაროსი, სადაც რელიგიური წარმოსახვა შეიძლება გაიშალოს.

ასე მოკლედაა გადმოცემული ფერწერის ერთ-ერთი დიდი მოწოდება - უხილავის ხილულად ქცევა.

ბატისტ ტუვერეი
ჟუნალი Books, მსოფლიოს წიგნები, 2011 წლის მაისის ნომერი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."