მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მუნკის «ყვირილი» გულს გვიგლიჯავს

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

ათასობით მხატვრული ნაწარმოების ავტორი მუნკი, უპირველეს ყოვლისა, ტკივილისა და ძრწოლის გამომხატველ ამ სურათთანაა ასოცირებული. ესაა ავტორის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სურათი. ის, თავისი სურათის 1893 წელს წარმოშობას, ასე აღწერს: «ორ მეგობართან ერთად გზას მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა, უეცრად ცა სისხლივით წითელი გახდა... ფიორდის და ქალაქის თავზე, სისხლი და ცეცხლის ენები იყო. ჩემმა მეგობრებმა სიარული განაგრძეს, მე ღელვისაგან აცახცახებული დავრჩი და აღვიქვი, თუ როგორ გაგლიჯა ყვირილმა ბუნება.»

ის ერთი საუკუნის შემდეგაც არ გვასვენებს. ედვარდ მუნკი არის მხატვარი, ვინც თავისი ფუნჯები ადამიანის არაცნობიერის უღრმეს ფენებში ამოავლო, რათა იქიდან ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ქმნილება ამოეღო. «კოცნასთან», “ვამპირთან», «მოწიფულობასთან» ერთად, «ყვირილი»* «სიცოცხლის ფრაზის» ნაწილი არის - ტკივილით, მარტოობით, მელანქოლიით და სიკვდილით გამსჭვალული ეგზისტენციალური ქმნილება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!

შეხედეთ ამ შეძრწუნებულ კაცს, რომელიც ყურებს იცობს და ღრიალებს. ეს თავად მუნკია! ის ავტოპორტრეტებზე გიჟდებოდა, სიცოცხლის მანძილზე, 40-ოდე ავტოპორტრეტი დახატა. ეს ჩანახატების, გრაფიკის და ფოტოგრაფიების ჩაუთვლელად. შავ კამზოლში გამოწყობილი უთმო და მოტივტივე მუნკი, ცოცხალ-მკვდრად გამოიყურება. ესაა ძველი დემონებით გატანჯული მისი სულის უკომპრომისო წარმოდგენა. «ავადმყოფობა, სიგიჟე და სიკვდილი არიან ანგელოზები, რომლებიც ჩემს აკვანს ჩემი გაჩენისას დასცქეროდნენ», ამბობდა მუნკი იმ წელს, როდესაც ის «ყვირილს» ხატავდა.

ვან გოგის მსგავსად, მუნკიც იმ შეჩვენებულ მხატვრებს რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შემოქმედებაც მათი ცხოვრების ტრაგიკული მოვლენებისგან განუყოფელია. ბავშვობაში, ჭლექისგან დედა და და დაეღუპა. შემდეგ დამანგრეველი ალკოჰოლიზმისგან დამძიმებული დეპრესია იყო. ამან მუნკი ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა. შემდეგ ამაოხრებელი ჟინი. მას საყვარელმა ტყვია ესროლა, ამ ტყვიამ მას თითი მოათალა. აქედან გასაგებია, თუ რატომაა, რომ ხელოვნების ისტორიკოსთა უმრავლესობა, მუნკის შემოქმედებას ფსიქოანალიზის შუქზე როგორც «მეხსიერების სამუშაოს», შემოქმედებით კათარზისს განიხილავს. ჯამში, ტილოს პირისპირ მდგარი მუნკი, უსასრულოდ იხსენებდა დის სიკვდილს.

დიაგონალურად დალაგებული სამი ძელი, სურათს ორად ყოფს. მარჯვნივ, ვერტიკალური ნარინჯისფერი ზოლი, ჩვენს პირისპირ მდგომი ამ შეძრწუნებული პერსონაჟისთვის თავის არიდებას შეუძლებელს ხდის. თითქოს მაყურებელს უყვირიან და ისიც ამ ყვირილის მძევალი არის. მუნკი პერსპექტივას აბრუნებს, რომელიც მის ხელში სივრცეს უფრო ხურავს, ვიდრე ხსნის. მიზანი, მაყურებლის ტილოში პროექციის გაადვილებაა. ეს არნახული მხატვრული სივრცე, მხატვარმა თეატრის რეჟისორებთან, ავგუსტ სტრინდბერგთან და მაქს რეინჰარდთან ურთიერთობისას გამოიგონა.

ორი რეჟისორი კამერული თეატრის (Kammerspiele) იდეას იცავს. მათ თეატრში, ისევე როგორც მუნკის ფერწერაში, სცენური სივრცე აგებულია როგორც დახურული ოთახი, რომელსაც უბრალოდ ერთი კედელი მოაშორეს , რათა იქ მაყურებელი შეიყვანონ. ამოზნექილი წინა პლანებისა და ძლივს ხილული უკანა პლანების გაფართოებით, ედვარდ მუნკი კიდევ უფრო ცოტა მეტად გვიტაცებს. მარცხნივ, ტილოს ფონში ჩაწნეხილი ორი შავი სილუეტი, ცენტრალური პერსონაჟის ინტენსიურობას უფრო აძლიერებს. შეხედეთ, უკანა პლანზე შავ უფსკრულად გადაქცეულ ფიორდის პეიზაჟს. ის ჩვენს მზერას ნათელი ხაზების მორევში ითრევს. პეიზაჟი მუქარითაა სავსე. დაკვალული, დაკაწრული, დაძაბული სივრცეების «ისტერიული» მონასმი, ტალღისებრი ხაზი - ესაა მხატვრის ნიშანი. მხატვარი ტილოს ებრძვის და იმარჯვებს, ის მაყურებლისთვის ყვირილის გაგონებას თითქოს მაგიით ახერხებს. ღმუილით სავსე ამ ტილოში, ხილული ხმოვანი ტალღების გრიალში და ჭახა-ჭუხში, სიცარიელისთვის და დუმილისთვის ადგილი აღარ რჩება.

«სინათლის ვიბრაციები მარტო ჩემი თვალების თრთოლას და ფორმათა ცახცახს არ იწვევდნენ, ყურებიც ვიბრაციას იწყებდა, ასე ნამდვილად გავიგონე ყვირილი», ახსნა მან. მხატვარმა, თავის ფერწერაში სწორედ ვიბრაციების გადმოცემა მოახერხა. თავისი «ყვირილით», მუნკმა სევდის, მწუხარების სტილი - მე-20 საუკუნის ხელოვნების წინამორბედი გამოიგონა. ეს ხელოვნება გრძნობის პაროქსიზმულ გამოხატვას ეფუძნება.

დატკბით, მთელი ტილოს გამანათებელი მძაფრად ნარინჯისფერი ცით. თავად მხატვრის თქმით, ცეცხლის ენა რა კონტრასტია მის გვერდით ფიორდის თითქმის შავ-ლურჯთან! მუნკთან ემოციას ცხელი და ცივი ფერების ეს რადიკალური კონტრასტი ზიდავს. მისი აზრით, ყოველი ფერს ემოციური დატვირთვა აქვს და ყოველი ფერი გარკვეულ განწყობას გამოხატავს. მისი წითელი, სისხლზე და ტანჯვაზე მიუთითებს, მისი შავ-ლურჯი სიცარიელის და სიკვდილის სიმბოლო არის.

გამძაფრების, შესაბამისობის და წონასწორობის დარღვევის, დეფორმაციათა ეს ხელოვნება, გერმანული ექსპრესიონიზმის რევოლუციური მხატვრული მიმდინარეობის გაჩენას მოასწავებს. ექსპრესიონიზმი იმპრესიონისტთა ნატურალიზმს უარყოფს. რეალობის განმეორებას, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია შემოქმედის სულიერ მდგომარეობათა გამოხატვა, სუბიექტურობა. «ჩვენ უნდა ვხატოთ ცოცხალი ადამიანები, ისინი ვინც სუნთქავენ, გრძნობენ და იტანჯებიან, ისინი ვისაც უყვართ», ამბობს მუნკი.
ესაა პირველი მსოფლიო ომის საფრთხეთი შეძრული და «საუკუნის დასარულის» დეკადენსის გამომხატველი ხელოვნება, ხელოვნება, რომელსაც ნაცისტები გადაგვარებულ ხელოვნებად გამოაცხადებენ. შეხედეთ უსახო კაცს, რომლის ნაკვთებიც ძლივსაა მოხაზული.

ედვარდ მუნკმა თავისი ცხოვრების მანძილზე ის ხშირად გაიმეორა. მთლიანობაში არსებობს «ყვირილის» 5 ვერსია: ორი ფერწერული ტილო, ორი პასტელი და ერთი ლითოგრაფია. ასლები, განმეორებები, ვარიანტები... განმეორება მხატვრის შემოქმედების ნაწილი არის, ესაა მისი ერთ-ერთი მთავარი სიახლე. «ყვირის» ნახატი, გრავიურა, ფერწერული ტილო, ქანდაკებაც კი. ამდენჯერ განმეორებული მოტივი, ავტონომიური ხდება. ის ბოლოს და ბოლოს ხატის ძალას იძენს და მე-20 საუკუნის მრავალ ავანგარდს შთააგონებს. დღეს, ყვირილის თემას მულტფილმებში, ტელესერიალებში და კინოში იყენებენ. კონვულსიებით მოცული სახე ყველგან ჩანს... ეს ყვირილი, პოპულარული კულტურის ძრწოლის და შეძრწუნების ემბლემად იქცა.

ამ ყვირილის ერთ-ერთი ვერსია, 2004 წელს მოიპარეს. ტკბილეულის ფაბრიკანტი, 2 მილიონ კანფეტს დაჰპირდა იმას, ვინც მას დააბრუნებდა.

მანუელა ფრანსი
ფრანგული ახალგაზრდული ჟურნალი «ეს მაინტერესებს», 2011 წლის ნოემბრის ნომერი

*ედვარდ მუნკის «ყვირილი» გამოფენილია ოსლოში ნორვეგია მუნკის მუზეუმში. ის ბოლოს 2004 მოიპარეს, რის შედეგადაც ძალზედ დაზიანებულია.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."