ვაჟა-ფშაველა:
ფიქრები |
უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული
არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი.
ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული,
ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი
დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან
გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა
ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები?
რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან.
დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინი – მე და აბა, არ იქნა, ერთხელ
ხმა–კრინტი არ დაუძრავთ... სასინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ
რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ
ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად
მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა
რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ. მეც სწორედ ისე
მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა
სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი
ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალი) მირჩევ მე!’’
ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა
და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში
და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ
დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო.
მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა. რატომ, თავის მოტყუებაც
კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ
თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკვათამყოფელი ადამიანი
თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს.
სინამდვილე რაღა ხილია?
-სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა
ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ,
რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ. მაშასადამე, სინამდვილეა
– ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ
ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და
თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა, ნამდვილია, რომ ჩვენ
ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას
ვიტყვით, რომ ან ჩვენ თვითონ არ გვეთქვას და არ ვამბობდეთ თავის
თავზედ, ან სხვას, უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ეთქვას ჩვენზედ.
სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს
ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირებოდეს, ან
არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს
მომავალს არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს. ჩვენ კი, აწმყოსაგან
გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი
ერი დაბერდაო. ამისთანა აზრი განა ჭკუისა და ცოდნის ნაყოფია?
-სრულიადაც არა. მაშ რისა, ან ვისი ბრალია? ჯერ ერთი, იმისა,
რომ ყველაფერს, რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს
აუწონ–დაუწონავად და მეორეც იმისა, წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს.
მოგეხსენებათ მეცნიერმა ოგუსტ კონტმა, ერის სიცოცხლე შეუდარა
ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა – ერი იმავე ხანებს გამოივლის
სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღიდგანო, ე.ი. სიყმაწვილეს,
სიჭაბუკეს, დავაჟკაცებას და სხვადასხვ. ხოლო კონტს არსად არ
უთქვამს, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ, უ ს ა თ უ ო დ ყველა ერს
ს ი ბ ე რ ე დ ა ს ი კ ვ დ ი ლ ი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა,
განა უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა,
რომ სისულელე წამოროშონ, ვინაიდგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯელ
შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდგან ამოსული ბაჯაღლო
ოქროდ უნდა მივიღოთ?! განა სპენსერი არ მოტყუვდა ადამიანის სხეული
საზოგადოებრივს სხეულს რომ შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა,
პირნათლად გამოეყვანა ქვეყნის თვალში მონარქიული ბურჟუაზიული
წეს–წყობილება? („საფუძველნი სოციოლოგიისა’’), მაგრამ არც ერთმა
ჭკუა–გონების პატრონმა ნასწავლმა არ მიიღო ეს შებადლება ბაჯაღლო
ოქროდ. ბოლოს იპრიანა ღმერთმა და თითონ სპენსერმავე სხვა თავის
თხზულებაში („განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა’’) უარჰყო
ეს აზრი.
ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო, ვინც ცხოვრების
პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ, რომელიც
არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია
ვითომ გაბნეული, ან კიდევ სადმე წიგნში სწერია, რატომ ღრმად
არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი, რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც
მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა–ცხოვრების პირობები მაცხოვრებელის
თვისებისანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო
პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან–ღონით
სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. რომის იმპერიაო,
გაიძახიან, დაბერდა და დაეცაო. დაბერდა ოღონდაც, მაგრამ სხვამ
ხომ არ დააბერა იგი, არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა.
ყველა ერსაც ესევე დაემართება, უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ
ეწაფება, თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის
ღა, თუ აქვს, არ ინახავს, მაგრად არ უჭიდია ხელი. ეს დღესავით,
მზესავით ნათელია, აშკარაა.
ინტელიგენციას ან კი რა უფლება გვაქვს - ჩვენს სიცოცხლით სავსე
ერს ამისთანა შეუფერებელი განაჩენი დაუდგინოთ ასე თამამად, კადნიერებით?!
ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი
გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი
გამოდგეს, ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტება საჭირო არა ყოფილა. ამ
ლაყე, შხამიანს აზრს კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ღრმად მოვთხაროთ
და ფესვები ამოვუჩინოთ, მხოლოდ იქ ვიპოვნით მიზეზს ამ უკეთურის
განაჩენისას... მოვთხარეთ კიდეც და იცით, იქიდგან რა ხმა და
სამდურავი მოისმის: ამოდენა ვიშრომეთ, ვიღვაწეთ და არ იქნა ქართველ
ერს თვალები ვერ ავახილებინეთო. ყველა ჩვენგანსა ჰგონია, დიდი
და ბევრი რამ გავაკეთე საქვეყნოდ და არსად მოიტანა ნაყოფი, -
ღვაწლი და შრომა ჩემი დაიკარგა უქმადაო, თორემ ამდენი სხვა ქვეყანაში
რომ მეშრომა, იმასაც დავაბედნიერებდი და ჩემს თავსაცაო. ამ უხამსის
განაჩენის მიზეზი და სათავე, თუ გნებავთ, აქედგან იწყობა. ცოტა
შევჩერდეთ და ჩვენსავ თავს დავეკითხოთ: მართლაც რა გავარიგეთ,
რა გავაკეთეთ ქართველმა ინტელიგენციამ საქვეყნოდ, საერთოდ? თუ
მე მკითხავთ, გულახდილად გეტყვით - არაფერი. ინტელიგენციამ ჯერ
ის ვერ შევიძელით გვესწავლებინა ერისათვის (ხალხისათვის), რომ
მთელი „რჯულ-საქრისტიანო“ არაა საქართველო, - ვერ ვასწავლეთ,
რა არის, რასა ჰქვიან მამული, სამშობლო... დეპოები სადმე დაარსდა,
თავის „რეჩებით“ ისინიც ინტელიგენციამვე დაღუპა. კეთილ ნიადაგზედ
სადმე არსდება საზოგადოება და თუ ღვარძლი გამოერია იქ, იცოდეთ,
რომ ეს ინტელიგენციისავე უნარი უნდა იყოს. ნამდვილ სახელად ინტელიგენციას
ის ჩაეთვლება, რომ გაზეთები და წიგენბი მის მეოხებით საკმაოდ
იბეჭდება და არავინ კი არ კითხულობს, ან საიდგან და როგორ უნდა
წაიკითხოს კაცმა წიგნი, თუ კითხვა არ ეცოდინება?! აი, როგორი
ამშენებლები ვყევართ ჩვენს ქვეყანას! ჩვენი დიდი ღვაწლი განიზომება
იმ გარემოებით, რომ ამდენი ლიტერატურული ჰაიჰუით, ბევრი-ბევრი
რომ ვთქვათ, 1500 მკითხველი შევიძინეთ სამ მილიონ ქართველთაგან
და ისიც უეჭველად, ცოტად თუ ბევრად, ინტელიგენტები... დანარჩენი
ქართველობა, ერი, მდაბიო ხალხი, რომელიც არის ჭეშმარიტი ძალა
ჩვენის ქვეყნისა, დაგვრჩა ღობეს გარეთ, არც ჩვენ გავეცანით,
არც ისინი გავიცანით და ვერც ჩვენი ხმა მივაწვდინეთ იმათ. ეხლა
კაბინეტში ვსხედვართ და გულ-მკერდს ვიმჯიღავთ: აფსუს, ჩვენო
ამაგო! . . მახლას, მახლას! ჩვენ ინტელიგენციასაც სწორედ ის
ემართება ამ შემთხვევაში, რაც მე დამემართებოდა, ამ თხოვნით
რომ მომემართა: თვქენი ჭირიმე, ძმებო, რაც შეიძლება მალე, დაწვრილებით,
მარეხის ამბები მაცნობეთო! |
ფოტოზე: ვაჟა-ფშაველა ქუთაისში ახალგაზრდა მწერლებთან შეხვედრაზე
|
რა
გგონიათ, ჩვენმა ინტელიგენციამ მარეხისა მეტი იცის, ვიდრე თავისის
ქვეყნისა და ხალხისა? განა ეს ღვაწლი კმარა ინტელიგენციისათვის?
განა ამის მეტი არ მოეთხოვება ინტელიგენციას? ყველგან და ყოველთვის
ერის ძლა ინტელიგენცია ყოფილა და იქნება, იგი ბელადია, სარდალი
და, ხომ მოგეხსნებათ, სარდლის ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული
გამარჯვება, მტრის დამარცხება. არა აქვს ჩვენს ინტელიგენციას გარკვეული
საერთო პროგრამა და გეგმა მოქმედებისა, უამისოდ კი ყოვლად შეუძლებელია
გაკეთდეს რამ თვალსაჩინო. ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც სწორედ ერთს პროგრამას
და ერთს გეგმას მოქმედებისას ჰსაჭიროებს. ეს ვერ შევიგენით, ვერ
გავიგეთ დღესაქამომდე. ასევე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს ხალხს,
მის ცხოვრებას არ შევიგნებთ, არ გავიცნობთ კარგად, - მანამდე ვერც
საერთო მოქმედების პროგრამას შეიმუშავებს ინტელიგენცია, არც ჩვენის
ერის სიბერისა და სასიკვდილოდ განმზადების ეჭვები გამოუვა თავიდან,
- მანამდე არც მდურვას ქართველის ერის გულგრილობა-დაუდევრობის
გამო ექნება დასასრული. მე რომ მკითხოთ, როგორც ბევრად თუ ცოტად
მცოდნეს ჩვენის მდაბიო ხალხის და ჩვენის ცხოვრებისა, - რომელი
უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას, თუ მოვალეობას, უკანასკნელი
გლეხი, თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი, გიპასუხებთ.
ამით ღმერთმა დამიფაროს სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო, არა,
მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ.
რადაო? იკითხავთ. იმიტომ, მოგახსენებთ, რომ უბირი გლეხი თავის
ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან
მოყოლებული საღამომდე წელებზედ ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი
და ცოლ-შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვ. ეტყვის
მკითხავი, სადმე ხატისას - კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს
იწოწიალებს, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს,
საითაც იქნება, თუ თითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ-ღმერთთან კი
პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინიდისთან არის პირშავი, რის
გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს; როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი
გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა
აქვს, იმისდაგვარად შესაფერად იქცევა, და ეს მას სრულ ადამიანად
ჰქმნის. რა ვუყოთ, მართალია, მისსავე სუფრაზე რომ ჩვენის ქვეყნის
- საქართველოს სადღეგრძელო დაჰლიო, ვითარცა ინტელიგენტმა და თამადამ,
იგი ასე განიმეორებს „გაუმარჯოს რჯულ-საქრისტიანოსაო!“ ჩვენებურ
ტვინფრატუნა კოსმოპოლიტებს (ნუ გიკვირთ) არ გეგონოთ კი, რომ ეს
კოსმოპოლიტობით მოსდიოდეთ, ვინადგან რჯულ-საქრისტიანო ქვეყნის
ერობაზედ დიდია და თითქმის მთელ განათლებულ ქვეყნებს შეიცავს,
არამედ იმის გამო ემართება, რომ არა აქვს არავითარი ცოდნა თავისის
ქვეყნისა და საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენია „რჯულ-საქრისტიანო“,
სულ სათათრეთი ჰგონია...
ჩვენი ინტელიგენტიღა?! ჰმ! რა ვქნათ და რა ვთქვათ?! რამდენსა სტყუის
იგი თავის საკუთარ ღმერთთან, თავისის აზრისა და გრძნობის წინაშე,
ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ჩემთვის სულ ერთია, და რომ სტყუის, ეს
უეჭველად ასეა, თითონაც კარგად უწყის და არც იუარებს, ხშირად თავსაც
დროსა და გარემოების მიზეზით ჰმართულობს... ამას აზრი და გრძნობაც
ვრცელი აქვს, იდეალებიც დიდი, მაგრამ იმის მეათასედსაც ვერ აკეთებს,
რასაც ჰგრძნობს და ჰსაზრობს. ეს მოვლენა შეგნებულ ადამიანისათვის
ყოვლად აუტანელია, მტანჯველი და იგი ჰქმნის ჩვენებურს ინტელიგენტს
ნახევარ ადამიანად, უბედურს, ცხოვრებისაგან უკმაყოფილოს, პესიმისტს.
მე ამას ვიკმარებ და დანარჩენის განსხვავების აღმოჩენა ინტელიგენტის
და მდაბიო კაცის შესახებ, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია. იმასაც
ნუ დაივიწყებთ, რომ ეს უკანასკნელი ერის ნივთიერ სიმდიდრის შემოქმედია
და ფეხიც არ მოუსხლეტია, მაგრად უდგა სამშობლო მიწა-წყალსა და
მამა-პაპის კერაზედ. იმას თუ ჩირაღდანი კარებზედ არ მიუტანე, იმისთვის
სოფლიდგან ქალაქში არ გამოიქცევა, იმდენად თავს არ შეიწუხებს და
მამა-პაპური სანთლით, კერაზე დანთებულის ცეცხლით იოლად გამოვა.
სკოლაში რომ შვილი მიაბაროს, სრულიადაც არა ჰფიქრობს იმას, რა
მეთოდით, წესით ასწავლიან იმის შვილს და რამდენის თვის უკან დააწყებინებენ
უცხო ენაზე სწავლას... ენა, სამშობლო, მან ანდით იცის და არა გონებით,
ამიტომ მას არ ძალუძს რიგიანად ან ერთს გაუწიოს პატრონობა, ან
მეორეს... როგორმე რომ მოხდეს და ერთს პატიოსან დღეს მისი შვილი
სკოლიდგან ისეთი განსწავლული დაბრუნდეს, ინჩიც აღარ ესმოდეს ქართულისა
და უცხო ენაზედ კი გამაშირებით საუბრობდეს, შვილის ასეთი გარდაქმნა
იმითი თუ დააღონებს, რომ ვეღარაფერს გააგონებს და ვეღარც რას შვილის
ნათქვამიდგან გაიგებს, სხვაფრივ კიდეც გაუხარდება, დიახ, გაუხარდება,
რადგან არ იცის, რა შედეგი მოსდევს ამისთანა შვილის ყოლას, იგი
ძალიანაც კმაყოფილი დარჩება, რადგან მეზობლები იტყვიან: „ ეჰე,
ჩვენ დემეტრეს როგორი ნასწავლი შვილი გამოსვლია, ქართულ სულ ვეღარ
ლაპარაკობსო“. ასე გახლავთ, თუმც შეიძლება ზოგიერთმა არც კი დაიჯეროს,
ნება აქვს, მე კი მაინც იმას ვიტყვი, რაც ვიცი და რაც ჩემის ყურით
გამიგონია. დიაღ, დემეტრე ისე ჰფიქრობს, რომ ქართულის სწავლება
ქართველი ბავშვისათვის სრულიადაც საჭირო არ არისო, რადგან იცის,
ვითომ და ნაცოდნზე დროს დაკარგვა მეტ, უქმ შრომად მიაჩნია, თორემ
განა სძულს, ან ეჯავრება თავისი ღვიძლი ენა.
ყველა ეს უვიცობის, უმეცრების ბრალია,რაშიაც თვით ინტელიგენციასაც
წილი უძევს. რა მიგიციათ, რასა სთხოვთ, ამაზე მეტი ხათაბალა იქნება?!
რაც ცოდნა და გამოცდილება მამა-პაპამ უანდერძა გლეხკაცობას, ამან
კარგად შეინახა: საცა ვენახი ხარობს, მშვენივრად შემუშავებული
ვენახი აქვს; საცა საქონლის მოშენებას უწყობს ადგილი ხელს - საქონელი
ჰყავს მოშენებული და, ხვნა-თესვას თუ ვიტყვით, რიყესა და კლდეზედაც
სულადი, პური მოჰყავს. არც ერთს ახალს საშუალებას, თუ მანქანას
არ უფრთხის იგი, როცა დაინახავს მის სარგებლობას - ვენახების შეწამლვა,
ახალის ჯურის გუთნების შეძენა, ყველგან გახშირებულია, როგორც კახეთში,
ისე ქართლში და სხვ. საწყალმა არ იცის ბევრი რამ და ყველაზედ მეტად
ის, რითაც ჩვენ უფრო თავს შეგვაყვარებდა ეს - ინტელიგენციის სულიერი
მისწრაფება, მისი იდეალები...
მარტო თავადაზნაურობა არ არის ერის ძალა და ისინი თუნდა დიდიდგან
დაწყებული პატარამდე საუკეთესო აზრებით, გრძნობით გაიმსჭვალნენ,
საუკეთესოდ იმოქმედონ, მაინც ვერაფერს გავხდებით, უკეთუ მდაბიო
ხალხიც ბანს არ მისცემს... რას აკეთებენ მღვდლები? სოფელი არ არის,
მღვდელი არ იყოს და რა დასაჯერებელია, ნამდვილმა მოძღვარმა 5-6
მოწაფე ვერ შეიძინოს, ისე ვერ გამოაღვიძოს ისინი, რომ ჰქონდეთ
წადილი წიგნის, გაზეთების კითხვისა, ქვეყნიერობისა რამ გაეგებოდეთ?!
ჩვენ ამას ვერა ვხედავთ. ან კი საით დავინახავთ იმას, რაც არა
სჩანს სადმე.
|
|
|
|