მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნოე ჟორდანია: კავკასიის კონფედერაცია

(ჩვენი გამოცემის ამ ნომერში იბეჭდება კავკასიის კონფედერაციის პაქტი, ხელმოწერილი კავკასიის სამი ერის წარმომადგენლების მიერ.)

ეს პაქტი არ არის იმპროვიზაცია, საზღვარ-გარეთ გამოგონილი და შეთხზული ახალი ამბავი. ის მოდის თვით კავკასიიდან, იქ მობინადრე ერთა მოუცილებელი მოთხოვნილებებისაგან და საჭიროებისაგან. ცალკე ეროვნულ სახლმწიფოთა დაარსებას წინ მიუძღვოდა ჩვენში მთელი კავკასიის თვითგამორკვევა და ამიერ-კავკასიის ფედერაციის დაარსება 1918 წელს. რუსეთის უღლისაგან განთავისუფლება ხდება საერთო ძალღონით, ერთათ დგომით და ერთათ ბრძოლით. ეს იყო ბუნებრივი, სტიქიური მოძრაობა კავკასიის ხალხების ერთიმეორისაკენ, ჭირში და ლხინში ერთათ ყოფნისაკენ. ეს ხალხთა გულიდან ამოხეთქილი ნაკადული ერთა სოლიდარობის შეეხეთქა დიდი ომის ნაკადულს, რაიცა წვდა ჩვენს შორეულ ქვეყანასაც და დამარცხდა. ფედერაცია დაიშალა, თვითეული ერი იძულებული ხდება თავს უშველოს ცალ-ცალკე, აარსებს დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებს, იმ იმედით, რომ კავკასიური ერთობა კვლავ აღდგება და ერთ მთლიან საფარველს ქვეშ ძმურათ თავს მოიყრიან დროებით გათიშული ძმები. ჩვენ წილათ გვხვდა ეს საერთო, საკავკასიო იმედი გამოგვეთქვა თავიდანვე, იმ დღეს როცა ფედერაცია დაიშალა და საქართველოს ნაციონალური საბჭოს პირველსავე სხდომაზე ეს იმედი გამოითქვა ამ სიტყვებით:
<<მოქალაქენო, დღეს თქვენ იყავით მოწამე იშვიათი და თან დრამატიულ-ისტორიული აქტის. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი იბადება, არ შეიძლება ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა... საქართველოს ხალხნი, გაერთიანებული საერთო დროშის ქვეშ, დასდებენ კავშირს იმ ხალხებთან, რომელნიც ცხოვრობენ ჩვენი სახელმწიფოს გარეთ და ამ გზით აღსდგება სახელმწიფოებრივი ერთობა, და აღადგენს ჩვენ თვალწინ დანგრეულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი. ჩვენ გზა, ჩვენი იდეალი მიიმართება ასეთი კავშირის შექმნისაკენ>>.

ამ იმედის გამართლება იქ ვერ მოვასწარით; დანაწილებული კავკასია დაიპყრო მტერმა ნაწილ-ნაწილათ. იმედი დარჩა იმედათ, ხალხთა გულში აღგზნებულ ლამპათ და მოელის განხორციელებას მომავალში.

კონფედერაციის პაქტი, როგორც ხედავთ, მოდის კავკასიიდან, მისი დროშა იქ აღიმართა, მისი საყვირი იქ გაისმა, მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი. ჩვენ მხოლოდ მას მივეცით აქ იურიდიული ფორმა. ჩამოვაყალიბეთ მისი სტატუტი, მივეცით წერილობითი ბაზა იმ ბრძოლას თავისუფლებისათვის, რასაც ჩვენს ქვეყანაში ეწევიან ყველა ერთათ, ეროვნების განურჩევლათ. თათარი, ქართველი, სომეხი და მთიელი. ეს ოთხი ხალხი, უხსოვარი დროიდან დასახლებული ერთ ტერიტორიაზე, ერთიმეორის გვერდით. თავისი საარსებო ინტერესებით გადაჯაჭვული იყვნენ და არიან ერთიმეორეზე: ერთი ვერ წავა წინ, თუ მეორე არ გაიყოლია, ერთი ვერ წაიქცევა, თუ მეორეც თან არ ჩაიყოლია. საქართველოს თავისუფლების დაკარგვას მოყვა მთელი კავკასიის თავისუფლების დაკარგვა მე-19 საუკუნეში; კავკასიის თავისუფლების დაკარგვას მოყვა საქართველოს თავისუფლების დაკარგვაც მეოცე საუკუნეში. ასე იყო მუდამ და ასე დარჩება მომავალშიაც. ან ერთათ თავისუფლებაში, ან ცალ-ცალკე მონობაში, მესამე გზა ისტორიას არ მოუცია.კავკასიის ხალხებს ეს ჭეშმარიტება შეგნებული აქვთ, ისინი იბრძვიან ხელიხელ გაყრილნი ტირანიის წინააღმდეგ. ჩვენი პაქტი მხოლოდ იურიდიული გამოხატულებაა დღევანდელი ბრძოლის და ხვალინდელი გამარჯვების. მის დროშაზე აწერია ერთა, ყველა ერთა, სოლიდარობა, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ნიადაგზე. ის ებრძვის მხოლოდ ძალმომრეობას, უღელს და მტარვალობას. მისი იდეალია მოწინავე კაცობრიობის იდეალი, მისი გზა მიიმართება ისტორიული აუცილებლობის გეზით. ერი უნდა იყოს თავისუფალი, ამას ვერ შეაჩერებს ვერავინ.

კავკასია ერთი მთლიანი ტერიტორიალური და ეკონომიური ორგანიზმია; აქეთ არ ძევს გზანი არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის; მათი საარსებო გასავალნი სხვაგან არიან; აქ ძევს მხოლოდ ერთი მოკლე გზა — დასავლეთიდან აღმოსავლეთში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში. კავკასიას შევყავართ შუაგულ აზიაში, ამ კაცობრიობის და კულტურის უძველეს აკვანში, ეს გზა დღეს დახშულია, მას გახსნის მხოლოდ თავისუფალი კავკასია; ამ თავისუფლებაში დაინტერესებულია ყველა ერი, ყველა სახელმწიფო, რომელიც კი არ არის შეპყრობილი ვიწრო ნაციონალიზმით და ფართე იმპერიალიზმით. კავკასიის პრობლემა საკაცობრიო პრობლემაა; მისი გადაჭრის ფორმა ერთათერთია, ეს არის კავკასიის კონფედერაცია.

კავკასიის ერნი დგანან რა პაქტის ნიადაგზე მოუწოდებენ საბჭოთა კავშირის ყველა ჩაგრულ ერთ და ხალხთ შეერთებული ძალღონით კომუნისტური ტირანიის დასანგრევათ და საერთო თანხმობით ერთა ცხოვრების და ურთიერთობის ასაგებათ თავისუფლების და კეთილმეზობლობის საფუძველზე.

კავკასიის პაქტი არის საუკეთესო ფორმა ამ ურთიერთობის გასატარებლათ, აღმოსავლეთის პატარა მეზობელ ერთა შესაკავშირებლათ და მძლავრ საერთაშორისო ფაქტორათ გადასაქცევათ. ერთათ დგომით აშენდებიან, ცალ-ცალკე დგომით დაიქცევიან...

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."