ეთიენ
კოპო: პრომეთეული მოძრაობა |
მთარგმნელის
წინათქმა
ამ ფრანგმა მკვლევარმა, თავის ძალიან საინტერესო, თუმცა, რა თქმა
უნდა თემის ვერ ამომწურავ ნარკვევში, ქართველთა დღევანდელი თაობებისათვის
თითქმის სრულიად უცნობი ისტორიის შთამბეჭდავი პანორამა, საბჭოთა
პერიოდში აკრძალული ისტორიის პანორამა გადაგვიშალა.
ამ მოძრაობის სათავეში თურქული, უკრაინული,
ქართულ-კავკასიური სამყაროებიდან გამოსული გამოჩენილი მოღვაწეები
იდგნენ. ამას წინათ, ფრანგულადვე გამოვიდა მონოგრაფია პრომეთეს
მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ლიდერზე - მუსტაფა ჩოკაიზე, რაც ძალზედ
სასიამოვნოა, თუმცა, ამავე დროს დიდად საწყენია, რომ არც ქართულად
და არც ევროპულ ენებზე, ამ მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ქართველ ლიდერზე,
პოეტ, პუბლიცისტ, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე გიორგი გვაზავაზე
დაწერილი მონოგრაფია არ არსებობს. ეს დიდი დანაკლისია როგორც
ქართული, ისე მსოფლიო ისტორიოგრაფიისთვის საზოგადოდ და ქართველთა
კულტურისთვის კერძოდ. ბატონი ეთიენ კოპო ამ თვალსაზრისით გარკვეულად
ავსებს აღნიშნულ ხარვეზსაც და ისევ მადლობა მას.
რაც შეეხება თვითონ მოძრაობას, ეს ჩაგრული
ხალხების რჩეულ შვილთა ერთმანეთისადმი სიმპატიის და თანაგრძნობის
თვალსაჩინო გამოხატულება გახლდათ, რაც უეჭველად ლამაზი, ბევრი
რამის მასწავლებელი და დასაფასებელი ისტორიაა.
პრომეთეული მოძრაობა, იმდროინდელი დემოკრატიების
ცინიზმმა და ეგოიზმმა და ბოლშევიკურმა მხეცობამ გაჭყლიტა. სცილასა
და ქარიბდას, შავ ჭირსა და ქოლერას შორის მოქცეული პრომეთეელები
შეცდომებსაც უშვებდნენ, რისი მაგალითიცაა გამოუვალ მდგომარეობაში
მოქცეულ პრომეთეელთა ნაწილის ნაციზმთან თანამშრომლობა და მოგვიანებით
მათთვის იმთავითვე და პრინციპულად არასასურველ პანთურქიზმ-პანთურანიზმთან
ხანმოკლე დაახლოება.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მოძრაობის იმპულსმა შეიძლება
პირველ რიგში კავკასიელების კულტურული, ეკონომიკური სოლიდარობის
ძველი კავშირების აღდგენას და ახალი კავშირების დამყარებას მისცეს
ბიძგი. დანარჩენს ისტორია აჩვენებს.
|
ფოტოზე: უილიამ პოგანი, პრომეთე |
პრომეთეიზმი
«პრომეთეიზმი»
თავიდან განისაზღვრა როგორც საბჭოთა კავშირიდან არარუსი ლტოლვილების
მოძრაობა. ის 1917 წლის რევოლუციის დროს გაჩენილი დამოუკიდებელი
რესპუბლიკების მარცხიდან აღმოცენდა. დასავლეთ ევროპის დედაქალაქებმა
მიიღეს ამ რესპუბლიკების ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც წითელი
არმიისთვის წარუმატებელი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გადასახლებაში
წავიდნენ. (მაშინ პარიზში მთიელთა სახალხო პარტიაც ფუნქციონირებდა).
ემიგრაციაში მათ ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნა სცადეს.
საკვირველია, რომ მკვლევარებს ამ მოძრაობისთვის
დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ, მით უფრო, რომ ამ მითიური სახელის
ამრჩევმა მოძრაობამ, დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში მცხოვრები
შესანიშნავი პიროვნებები გააერთიანა. მათგან ზოგის სახელი დღეს
მივიწყებულია, თუმცა ზოგმა შემდეგში თურქეთში სახელი გაითქვა.
ეს იშვიათად აქტუალური მოძრაობა საინტერესო და ხარისხიან ჟურნალებს
გამოსცემდა, რომლებიც ბოლშევიზმის ოპოზიციის ისტორიის წყაროს
წარმოადგენენ.
ამ მოძრაობის შესწავლა აუცილებელია იმიტომაც, რომ დღეს, ყოფილი
საბჭოთა კავშირის ხალხები თავის ძველ და უახლეს ისტორიას აღმოაჩენენ.
უეჭველია, რომ გაჩნდება და აღორძინდება ინტერესი იმ პიროვნებათა
მიმართ, რომლებიც 30-ზე მეტი წლის განმავლობაში გადასახლებაში
ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას ცდილობდნენ. პრომეთეული
მოძრაობა ასევე ბოლშევიზმისადმი ოპოზიციის, ცივი ომისა და თურქეთის
უახლეს ისტორიას ეხება, ვინაიდან მოძრაობის წევრებს და ხელმძღვანელებს
შორის თურქოფონებიც იყვნენ. და ბოლოს, მთელი საბჭოთა კავშირის
ირგვლივ, ჰელსინკიდან ტოკიომდე, ვარშავის, ბერლინის, პარიზის,
სტამბოლის, შანხაის, მუკდენის გავლით თავისი ქსელების შექმნითა
და გამოყენებით პრომეთეს ორგანიზაცია ლტოლვილთა სანიმუშო ორგანიზაცია
გახლავთ. რა მანიპულირებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი სხვადასხვა
სახელმწიფოს მიერ, ამ ორგანიზაციის შემქმნელთა ბედი გაღრმავებულ
გამოკვლევას იმსახურებს.
პარიზში მრავალი ლტოლვილი ცხოვრობდა: მათგან
ყველაზე ცნობილმა, კერენსკიმ, თავისი ჟურნალის - «დნი»-ს ირგვლივ
ანტიბოლშევიკური ოპოზიციის ჯგუფის მტკიცედ დაფუძნება მოახერხა.
თუმცა არარუს ლტოლვილთა უმრავლესობა, მას რუსული კოლონიალისტური
სულისკვეთების შენარჩუნებას და კავკასიისა თუ თურქესტანის რესპუბლიკათა
დამოუკიდებლობის უარყოფას სდებდა ბრალად.
სტამბოლში თუ ევროპულ ქალაქებში გამოჩენილი სხვადასხვა ინიციატივის
შემდეგ, არარუსმა ლტოლვილებმა ბოლოს და ბოლოს პილსუდკსის პოლონეთის
დახმარება მიიღეს, რამაც არარუს ლტოლვილებს პრომეთეული მოძრაობის
დაარსების საშუალება მისცა. ეს მოძრაობა პუბლიკაციებს სხვადასხვა
ენაზე ამზადებდა; მისი ორგანო იყო «პრომეთე», რომელიც 1926-1938
წლებში პარიზში (ფრანგულად) განუწყვეტლად გამოდიოდა, პოლიტიკური
ლტოლვილების გამოცემის დღეგრძელობის იშვიათი მაგალითი.
ლაპარაკია კარგად წარმოდგენილ ჟურნალზე, რომლის სახეც მთელი
ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩა. იქ როგორც წესი, საინტერესო
ქრონიკები იბეჭდებოდა, რომლებიც ძალიან საინტერესო და დეტალურ
ცნობებს იძლევიან როგორც საბჭოთა კავშირში არსებულ ბოლშევიზმის
საწინააღმდეგო მოძრაობებზე, ისე პრესის მიმოხილვასა და სიახლეებს
სხვა პრომეთეული მოძრაობების შესახებ. წინამდებარე გამოკვლევის
მთავარი წყაროა ჟურნალი «პრომეთე», რომლის სრული კოლექციებიც
პარიზში იოლად ხელმისაწვდომია.
ისტორიოგრაფიის
პრობლემები
პრომეთეულ მოძრაობას, დღემდე
ცოტა მკვლევარმა მიაქცია ყურადღება: რამოდენიმე მითითება ზოგად
ნაშრომებში, რამოდენიმე წერილი სპეციალიზებულ ჟურნალებში. ამ
თავგადასავლის მთავარი მოქმედი პირების შესახებ ცნობები ძალზედ
გაფანტულია.
წინამდებარე ნარკვევი წარმოადგენს შუალედურ შედეგს. ის ეყრდნობა
წერილთა სრულ შესწავლას, ავტორთა და ცნებათა კართოთეკას. ჩვენ
ჯერ გვაქვს არ შესწავლილი არქივები, რომლებიც ამ ორგანიზაციის
შესახებ მასალებს უნდა შეიცავდეს (გარდა მუსტაფა ჩოკაის არქივებისა.
მუსტაფა ჩოკაის სახელს ასევე გამოთქვამდნენ როგორც ჩოკაიოგლუს,
ჩოკაი-ოგლის, ჩოკაიევს).
მუსტაფა ჩოკაი (1890-1941) რუსულ თურქსტანში, ყიზილ-ორდაში დაიბადა
და განათლება ტაშკენტში და პეტროგრადში მიიღო; ბაშკირ ისტორიკოს
ზეკი ვალიდოვთან (ტოგანთან) მან კავშირი ადრევე დაამყარა; 1917
წელს მონაწილეობს ტაშკენტის, ორენბურგის, ყოყანდის მაჰმადიანთა
ყრილობებში. ის ალაშ-ორდას მთავრობის წევრი (1918 წლის დეკემბერი-1919
წლის თებერვალი) გახდა. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა თურქესტანს
შეუტიეს, ის იძულებული გახდა ჯერ თბილისში (1919-1921), შემდეგ
სტამბოლში და პარიზში (1921 წლის მარტი) გადასულიყო, სადაც დამკვიდრდა
მანამდე, სანამ გერმანიაში არ გარდაიცვალა. თანამშრომლობდა ჟურნალებში:
«ლა რევიუ დიუ მონდე მუსულმან, ორიენტ-ოქსიდენტ» (მაჰმადიანური
სამყაროს მიმოხილვა, აღმოსავლეთი-დასავლეთი», ფრანგულად, 1922),
«იენი თურქესტან» (1927), «პრომეთე» (1928-1938), «ლა რევიუ
დე პრომეთე» («პრომეთეს ჟურნალი», 1938-1940, ფრანგულად), «ვოსხოდ»
(1931). ის იაშ თურქესტანის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია (1929).
მუსტაფა ჩოკაის სიკვდილის შემდეგ, მისი ბიბლიოთეკა და არქივები
მისმა მეუღლემ ინალკოს (პარიზის აღმოსავლეთის ენებისა და ცივილიზაციების
ინსტიტუტს) მიანდო, რომელთაგან ზოგი ყველაზე საინტერესო საბუთი
ხელმისაწვდომი არაა. ბიბლიოთეკისა და არქივის მეორე ნაწილი ემინ
ოკტაის გადასცეს, ის უეჭველად ანკარაში უნდა იყოს. წინამდებარე
გამოკვლევა უკეთ დაგვანახებს მასში მონაწილეთა სხვადასხვა მოტივაციას
და მათ ურთიერთობას იმ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოსთან, რომელშიც
მათ უხდებოდათ ცხოვრება.
ჟურნალ «პრომეთეს» რედაქტორებს შორის იყვნენ პირველი
რანგის პიროვნებები: სახელმწიფოთა ყოფილი მეთაურები (მ. ე. რესულზადე,
ნ. ჟორდანია), ყოფილი მინისტრები (ა. შულგინი), არადა მკვლევართა
უმეტესობა არ ახსენებს არც ამ პირებს და არც პრომეთეულ მოძრაობას.
ასე მაგალითად, 1926-1938 წლებში ჟურნალის უცვლელი რედაქტორი ქართველი
გიორგი გვაზავა არის. მკვლევარები მხოლოდ მოძრაობაზე მინიშნებებით
შემოიფარგლებიან. დუმილის მიზეზიც სათანადო გააზრებას იმსახურებს. |
ფოტოზე: მუსტაფა ჩოკაი (1890-1941) |
ფოტოზე: მეჰმედ ემინ რესულზადე
(1884-1955) |
ფოტოზე: ნოე ჟორდანია (1868-1953) |
|
მოძრაობის
ისტორია
პრომეთეული მოძრაობის ისტორია 1917-1918 წლებში
გაჩენილი სხვადასხვა დამოუკიდებელი რესპუბლიკების წარმომადგენელთა
შეხვედრებიდან დაიწყო. პერსონალურ კონტაქტთა შესწავლა ძნელია:
წყაროები ძალიან გაფანტულია, მრავალი მონათხრობი არაზუსტი და ერთმანეთისგან
განსხვავებულია, ვინაიდან მოძრაობის ყოველი ეროვნული შემადგენელი
ნაწილი მთავარი როლის შესრულებას იკვეხნის.
1905-1906 წლებში, რუსეთის მაჰმადიანთა ყრილობები ჩატარდა:
ნიჟნი ნოვგოროდში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ბაქოში, ტაშკენტში
და სხვ... იქ განიხილავდნენ ჯადიდიზმის, მაჰმადიან ხალხთა ავტონომიის,
ფედერაციაში მათი შესაძლებელი გაერთიანების დიდ თემებს (ჯადიდიზმი
იყო მოძრაობა, რომელიც XIX საუკუნის დასასრულს მაჰმადიანობის
განახლებისა და მოდერნიზაციის პირობების განსაზღვრას ცდილობდა.
მისი ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ყირიმელი თათარი მიხაილ
გასპრინსკი გახლდათ. იქ თავი გამოიჩინეს თურქული (ალბათ უფრო
თურქმანული, მთარგმნელი) ნაციონალიზმის და პრომეთეული მოძრაობის
მნიშვნელოვანმა ფიგურებმა (ზეკი ვალიდოვი (ტოგანი) თუ აიაზ იშაკი).
დებატები დამთავრდა იმით, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თურქთა
(ალბათ უფრო თურქმანთა, მთარგმნელი) ერთიანობის მომხრეები, მაგ
აიაზ იშაკი და სადრი მაკსუდი, და ტერიტორიალისტები, ეროვნულ
ტერიტორიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ერთეულების მომხრეები (მაგ.
ტოგანი). გარკვეული დროის შემდეგ, მაჰმადიანთა აღნიშნულმა ყრილობებმა,
დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გაშლილი მოძრაობებისათვის აუცილებელი
ელიტები გააჩინეს. ისე მოხდა, რომ 1917 წელს, თურქესტანის, თათრეთის,
ბაშკირეთის, აზერბაიჯანის ახალი მაჰმადიანური რესპუბლიკებს სათავეში,
საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები ჩაუდგნენ
(მრავალი მათგანი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმას დეპუტატი
იყო. იგივე ხდებოდა იმპერიის არამაჰმადიან ნაწილებში, მაგალითად
უკრაინასა და საქართველოში. რაც შეეხება თურქულენოვან სამყაროს,
აქ ყაზანელი (იშაკი, მაკსუდი…) და ბაქოელი ინტელექტუალების უპირატესობა
გამოჩნდა. ამას გარდა, ბაქოელები ნაწილობრივ თურქული ნაციონალიზმის
სათავეებთან იდგნენ.
შემდგომში, «პრომეთეელებმა» იმხანად დაშვებული შეცდომები -
ბოლშევიკების ძალის სათანადოდ დაუფასებლობა, მაჰმადიან და არამაჰმადიან
ერთა შორის სოლიდარობის არარსებობა, აღიარეს. ასე მაგალითად,
როდესაც რომელიმე რესპუბლიკას წითელი არმია ან თეთრი რუსები
უტევდნენ, სხვები არ ინძრეოდნენ; ბოლშევიკების მიერ ყოყანდის
რესპუბლიკის, უკრაინის და კავკასიის რესპუბლიკების დაპყრობა
ერთდროულად არ მომხდარა - არც ერთი ახალი სახელმწიფო სხვის დასაცავად
არ განძრეულა.
სწორედ ამიტომაა პრომეთეული მოძრაობის ფუნდამენტური იდეა მისი
ეროვნული კომპონენტების სოლიდარობა, თანადგომა რომელიც არა მხოლოდ
ბოლშევიკი მტრისა და მჩაგვრელის, არამედ საზოგადოდ რუსის (წითელი
იქნება ის თუ თეთრი) წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამ საერთო
მტრის არსებობამ გახადა მოძრაობაში სხვადასხვა ეროვნებათა გაერთიანება
შესაძლებელი. ლაპარაკია ნამდვილ პრომეთეულ ფრონტზე, რომელიც
თავის თავს რუსების წინააღმდეგ განსაზღვრავს.
უეჭველია, რომ მოძრაობის გაჩენაში, პირველი რანგის როლი უკრაინამ
შეასრულა: ისაა ერთ-ერთი ნაადრევად დამოუკიდებელი რესპუბლიკა
და რაც მთავარია, სამხედრო და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე
ძლიერი სახელმწიფო. უკრაინული წყაროების თანახმად, მოძრაობა
ხელმძღვანელი სიმონ პეტლიურას გარემოცვაში უნდა გაჩენილიყო და
უკრაინელებსა და სხვა ხალხებს შორის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი
რ. სმალლ-სტოცკი უნდა ყოფილიყო.
დამოუკიდებელი უკრაინა არ არსებობს 1918 წლის თებერვლის შემდეგ,
თუმცა უკრაინელებს საქართველოში მისია აქვთ, მათ როლს ყოყანდის
მთავრობის ყოფილი მეთაური მუსტაფა ჩოკაი ადასტურებს, რომელიც
ტფილისში 1919 წლის პირველ მაისს ჩავიდა. ჩოკაის თანახმად, პირველი
შეხვედრები მისი ინიციატივით მოეწყო: “თურქესტანის დელეგაციის
ჩემმა კოლეგებმა, თეთრებისა და წითლების მოწინააღმდეგეთა პროპაგანდის
საერთო ცენტრის შექმნა მომანდეს. უკრაინული მისიის ხელმძღვანელებთან
პირველად მე მივედი” (“ჟურნალი პრომეთე”, 1939 წლის დეკემბერი,
III (7), გვ. 9-12, ფრანგულად). ჩოკაი ყვება, რომ უკრაინელებთან
ერთად დაწერილი პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ დასავლური დემოკრატიების
სიმპატიები მიეზიდა. სხვათაშორის, 1919 წლის თებერვალში, დასავლეთის
სახელმწიფოთა ბაქოს წარმომადგენლის შუამავლობით, მათ პირველი
მოწოდება ვერსალის კონგრესს გაუგზავნეს (“პრომეთე” III (7),
1939 წლის დეკემბერი, გვ. 24-27).
1919 წლის ნოემბერში, ტფილისში, გამოვიდა საერთო ორგანო რუსულ
ენაზე “ნა რუბეჟე”(“საზღვარზე”). ეს ორგანო, ფონდს თურქესტანის
ეროვნული ცენტრიდან (ჩოკაი არაფერს ამბობს იმის შესახებ, ამ
სახსრებს თავად ცენტრი საიდან იღებდა) და უმთავრესად უკრაინული
დიპლომატიური მისიიდან იღებდა. ეს ჟურნალი, მის მიერ დაკონკრეტებული
საერთო ფრონტით, მისი შინაარსით (არარუსი ხალხების ბრძოლის ქრონიკა)
უკვე “პრომეთეს” პირველსახე არის. თუ კი ჩოკაი სიმართლეს ამბობს,
მას ერთ-ერთ პირველს უნდა წარმოედგინა თურქთა, სლავთა და ქართველთა
გაერთიანება.
1919 წლიდან, ჩვენ ფაქტიურად სამთა ალიანსი გვაქვს, ვინაიდან
თავად ჩოკაის სიტყვით, მის საქმიანობას საქართველოს იმდროინდელი
მთავრობა ხელს დიდად უწყობდა.
უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაქრობა (1918 წლის 5 თებერვალი)
და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამხობა (1921 წლის
25 თებერვალი) დიდი დარტყმა იყო ამ ეროვნებათა მოძრაობისათვის.
დამოუკიდებელი საქართველო ფაქტიურად ლტოლვილთა მიმღების როლს
ასრულებდა, 1921 წლის შემდეგ, ქსელები სტამბოლისა და დასავლეთ
ევროპისკენ გადაეწყო.
ლტოლვილობის გზები - სტამბოლი
უკიდურესი გაფანტულობის და დაქსაქსულობის შემდეგ,
მრავალი ხელმძღვანელი სტამბოლს შეაფარებს თავს და იქ დარჩება(მაგალითად
თათარი აბდულა ბატალ-ტაიმა (1882-1967)). ის სამარაში დაიბადა,
სწავლობდა ქაიროს ალ-აზჰარში და ჟურნალისტად მუშაობდა ქაიროში,
ორენბურგში და ყაზანში. ის იყო უფაში თურქ-თათართა ასამბლეის
წევრი. გაიქცევა, მაგრამ ციმბირში დააპატიმრებენ, ისევ გაიქცევა
ფინეთში და 1921-1924 წლებში იქ ცხოვრების, შემდეგ, 1925 წელს
თურქეთში ჩადის. დაუკავშირდება თურქული თურქოლოგიის დიდ ფიგურას
- ფუატ კოპრულუს და ომის დროს ჩართული იქნება ნაციონალისტურ
საქმიანობაში.
პარტია მუსავატის წევრი, ისტორიკოსი, იურისტი და ჟურნალისტი
იყო წარმოშობით ბაქოელი მეჰმეტ ზადე მირზა-ბალა (1898-1959).
თურქეთში დამკვიდრების შემდეგ, 1925 წელს, ის რესულზადეს, ტოგანის,
ბატალ-ტაიმას გვერდით თურქულენოვანთა ყველა ნაციონალისტურ საქმიანობაში
მონაწილეობდა. ის წერილებს ხშირად წერდა «პრომეთეში», «კურტულუს
დი ბერაიუნგში» (ბერლინი), «ტურკ იურდუში» (სტამბოლი). მეორე
მსოფლიო ომის დროს და შემდეგ, იყო სხვადასხვა თურქული ნაციონალისტური
პარტიის წევრი გახლდათ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა
მიუნხენის «საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტში».
აჰლეტ კაფეროგლუ (1894-1975) დაიბადა განჯაში (აზერბაიჯანი).
ლიტერატურას და თურქოლოგიას სწავლობდა კიევში, ბაქოში, სტამბოლში.
თურქეთში დამკვიდრების შემდეგ, ის თურქული ლინგვისტიკის სფეროში
პირველი რანგის სწავლული გახდა. მან მრავალ თურქულენოვან გამოცემაში
ნაციონალისტური საქმიანობა გაშალა.
სტამბოლის ყველაზე გამოჩენილი სტუმარია პარტია მუსავატის ხელმძღვანელი
და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყოფილი მეთაური მეჰმეტ ემინ რესულზადე
(მის გვარს ზოგჯერ რასულზადედ წერენ). ის ბოსფორზე ცხოვრობს
ხოლმე დრო და დრო, საბჭოთა მთავრობა ზეწოლით ზოგჯერ მის გაძევებას
აღწევს. რასულზადეს, 1911 წელს, უკვე ნაცხოვრები აქვს სტამბოლში
და დაახლოებულია თავის თანამემამულეებთან - აჰმეტ აღა-ოღლუსთან
და ალი ჰუსრინ-ზადესთან (ახალგაზრდა-თურქული რევოლუციის დროს
ორი ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი ლტოლვილი სტამბოლში, ისინი
დიდ გავლენას ახდენდნენ იმდროინდელი თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე).
რესულზადეს ძალიან ნაყოფიერი კონტაქტები აქვს ქართველ დათიკო
შარაშიძესთანაც, ვისთან ერთადაც იგი «იენი კავკასიაში» თანამშრომლობს.
შემდგომში, ის სტამბოლში «აზერი ტურკ»-ს აარსებს, რომლის პირველი
ნომერიც 1928 წლის პირველ თებერვალს გამოვიდა და «მილლი იოლს»
(1929). იგია სტამბოლის ზერბაიჯანელთა უეჭველი ლიდერი. ამას
გარდა, თანამშრომლობს ტოგანთან, ინანთან, კოპრულუსთან და სხვებთან.
შემდეგ ის დამკვიდრდა ვარშავაში (1934), სადაც «ისტიკლალ» («დამოუკიდებლობა»)
და შემდეგ «კურტულუს» («განთავისუფლება») დააარსა.
რესულზადე არაა სტამბოლელ ემიგრანტთა ერთადერთი მნიშვნელოვანი
ხელმძღვანელი. ერთმანეთთან 1914 წლიდან დაკავშირებულმა ვ. ტოგანმა
და აბდულკადირ ინანმა, 1927 წელს «იენი თურქესტან» («ახალი თურქესტანი»)
დააარსეს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ხალხებით,
მათ შორის არამაჰმადიანებითაც დიდად იყო დაინტერესებული. ამ
გამოცემამ, თავის მკითხველებს მოძრაობის სხვა ჟურნალებიც გააცნო,
როგორც ამას პარიზში «პრომეთე» აკეთებდა და როგორც ამას ბერლინში
«ისტიკლალ» გააკეთებს. 1929 წლის ივნისის IX-X ნომერში, მან
ორ გვერდზე გადმოსცა როგორ იქნა აღნიშნული სტამბოლში აზერბაიჯანის
დამოუკიდებლობის წლისთავი. თურქესტანელებსა და აზერბაიჯანელებს
შორის არ არსებობს არავითარი განხეთქილება, კავშირი პარიზელ
ემიგრანტებთან აშკარაა იმიტომ, რომ პირველივე ნომერიდან ჟურნალი
მ. ჩოკაის წერილს - «თურქესტანის საკითხი» აქვეყნებს.
ბაქოდან პირდაპირ სტამბოლში გადასახლებული აჰმედ კაფეროგლუ,
1925 წლიდან მეცნიერულ კარიერას მისდევს. გამოჩენილი თურქოლოგი,
გერმანელ სწავლულებთანაა დაკავშირებული. 1925 წელს, მან ბრესლაუში
სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. «აზერბაჯან იურტ ბიგლისის» გამოცემისას,
იგი სტამბოლის ლიტერატურის ფაკულტეტის ასისტენტია. სარედაქციო
კომიტეტის წევრები არიან იმდროინდელი თურქოლოგიის მეტრი - ფუატკოპრულუ,
ტოგანი და ინანი. რედაქტორებს შორის ჩანან ყაზანის თათრები:
ბატალ-ტაიმა და იშაკი, ყირიმელი თათრები: კაფერ სეიდაჰმეტ, აბდულა
ჰოღლუ ჰასან და აზერბაიჯანელი რესულზადე. ავტორების ეს ჩამონათვალი
მოწმობს იმაზე, რომ ჟურნალი არაა დაინტერესებული მარტო აზერბაიჯანით:
ასე მაგალითად, 1933 წლის აპრილის მე-16 ნომერი მთლიანად ეძღვნება
ყირიმელ ინტელექტუალ გასპრინსკის. ამავე ნომრის ერთი წერილი
აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ბრძოლას ეთმობა.
ამ წერილს ხელს არა აზერბაიჯანელი, არამედ თურქესტანელი აწერს.
ასეთია თურქული ცნობიერებისა და ღია თურქთაშორისი (ალბათ უფრო
თურქმანთაშორისი, მთარგმნელი) სოლიდარობის ნიშანი.
ამას გარდა, სტამბოლში სულ მცირე ერთი საზოგადოება არსებობდა,
რომელიც თურქთაშორისი პუბლიკაციებისა და სოლიდარობის ორგანიზებას
ცდილობდა; ეს გახლდათ თურანული (საზოგადოდ თურქულენოვანი, გ.მ.)
პუბლიკაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც
მუჰარემ ფეიზი ტოგაი იყო. მას, როგორც ჩანს, პანთურქული ჩანაფიქრები
(ისაა ავტორი ნაშრომისა «თურქული სამყარო») უნდა ჰქონოდა. სწორედ
მისმა ასოციაციამ აღნიშნა სტამბოლში თურქული რესპუბლიკის ათი
წლისთავი. ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ვოლგის, ყირიმის
თათრები, თურქესტანელები, აზერბაიჯანელები და ჩრდილო კავკასიელები.
თურქულენოვან ემიგრანტთა ხანგრძლივი, შეიძლება საბოლოო ყოფნა
სტამბოლში მათი ჟურნალებისა და ეროვნული მოღვაწეების მეშვეობით
თურქეთის ისტორიულ და პოლიტიკურ კულტურაზე გავლენას ახდენდა.
ზოგიერთმა მათგანმა, თავისი მაღალი კულტურული დონის წყალობით,
მაღალი თანამდებობები მიიღო. არ დავივიწყოთ, რომ ესაა თურქული
ეროვნული კულტურის შექმნის დრო: 1931-1932 წლებში ჩატარდა «ისტორიის
რეფორმები», რომლებიც ხასიათდება თურქეთის სასკოლო პროგრამებში
თურქთა აზიური წარსულის შესწავლის შეტანით. ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების
ავტორებს შორის არიან იუსუფ აკსურა და სადრი მაკსუდი (არსალ).
ქემალისტების მიერ შექმნილი ისტორიული კვლევების თურქული საზოგადოების
წევრებს შორის არიან აკსურა, არსალ გალიოგლუ.
1932 წლის ივლისში ჩატარებულ თურქული ისტორიის კონგრესში ამავე
პირებთან ერთად მონაწილეობენ კაფეროღლუ, ტოგანი და რა თქმა უნდა,
კოპრულუ. სხვათა შორის, ამ კონგრესს იუსუფ აკსურა თავმჯდომარეობდა.
ისე მოხდა, რომ რუსეთიდან ემიგრირებულნი, ახალი კულტურული მეობის
შექმნის გადამწყვეტ პროცესში, თურქულ ცნობიერებაზე გავლენას
ისევ ახდენდნენ.
თურქეთთან, ოფიციალურ თურქეთთანაც დამყარებული
ეს მჭიდრო კავშირები არის მიზეზი იმისა, რომ რესულზადე მუსტაფა
ქემალისადმი თავის ერთგულებას მუდამ აცხადებდა. განსაკუთრებით
«პრომეთეში» ის თურქეთის რეჟიმს გამუდმებით იცავდა. რუსეთიდან
თუ საბჭოთა კავშირიდან თურქეთში ჩასული ემიგრანტები თურქეთის მთავრობის
პოლიტიკას მაშინაც კი არ აკრიტიკებდნენ ღიად, როდესაც ეს პოლიტიკა
მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყო. «აზერბაიჯან იურტ ბიგლისის»
და «ისტიკლალის» რედაქტორებს ყოველთვის აინტერესებთ, ისტორიოგრაფიისა
და ლინგვისტიკის სფეროებში თურქეთში რა ხდებოდა.
ლტოლვილობის
გზები - პარიზი, ბერლინი, ვარშავა
ლტოლვილთა მეორე ჯგუფი პირდაპირ
ევროპაში ჩავიდა. ამ ჯგუფში იყვნენ თათრები - სადრი მაკსუდი (არსალი),
ა. იშაკი (ტატარ) და აზერბაიჯანელი ჰილალ მიუნში. აიაზ იშაკი 1925
წლიდან ბერლინის ლტოლვილთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის უეჭველად პრომეთეული
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ჰილალ მიუნში ბერლინის აზერბაიჯანული
სათვისტომოს ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო.
ამას გარდა, ბერლინში იმჟამად იმყოფებოდნენ 1919 წლის სამშვიდობო
კონფერენციისთვის ჩასული ცნობილი აზერბაიჯანელები, რომელთა შორისაც
პარტია იტიფაკ-ალ-მისლიმინის დამფუძნებელი, რუსეთის იმპერიის ორი
სახელმწიფო სათათბიროს (დუმას) წევრი, 1918 წელს აზერბაიჯანის
პარლამენტის თავმჯდომარე და ბაქოს მერი ალი მარდან თოფჩიბაში (1859-1934)
იყო. 1919 წელს ის პარიზში აზერბაიჯანის დელეგაციას თავმჯდომარეობდა,
სადაც დამკვიდრდა კიდეც. თოფჩიბაშის დელეგაციის წევრი გახლდათ
ბაქოში, სანკტ-პეტერბურგში და სორბონაში ნასწავლი ჟეიჰუნ ჰაჯიბეილიც
(1891-1962), რომელიც პარიზში დამკვიდრდა. იგი გამოცემებში - «ორი
სამყაროს ჟურნალი» და «აზიური ჟურნალი» თანამშრომლობდა, მუსტაფა
ჩოკაისთან ერთად იყო აზიური საზოგადოების აქტიური წევრი. იყო.
მათ არათურქები: პეტლიურა, შარაშიძე და პარიზელი თეთრი რუსები,
მაგ. კერენსკი და მილიუკოვი გაიცნეს. ყველაზე გამოკვეთილია ზეკი
ვალიდის სრულებით არაჩვეულებრივი პიროვნება. თუ კი მის მოგონებებს
დავუჯერებთ, მას პრომეთეულ წამოწყებაში უშუალო მონაწილეობა არ
უნდა მიეღო, მაგრამ გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა მის გაჩენაში.
ბაშკირული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი,
ფილოსოფიის დოქტორი და შემდეგ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო
დოქტორი, ბაშკირეთის ყოფილი პრეზიდენტი - ახმეტ-ზაკი ახმეტშახის-ძე
ვალიდოვი (ზეკი ვალიდი) 1923 წლის დეკემბერში პარიზში ჩავიდა,
სადაც მან თურქ-მაჰმადიანთა ეროვნული სიამაყე გამოაცოცხლა. ის
იქ ჩოკაის, თოფჩიბაშის და მაქსუდის შეხვდა. ამ უკანასკნელმა მას
აუხსნა რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მათთვის საფრანგეთს:
«წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანა (საფრანგეთი), ეხლა თურქულ-მაჰმადიანური
ბრძოლის უდიდესი ცენტრი არის. თქვენ უნდა იფიქროთ შეხვედრაზე ქართველებთან,
უკრაინელებთან”.
1924 წლის ივნისში, ტოგანი, ბერლინში ერთ პოლონელ ოფიციალურ პირს-
სტემპოვსკის შეხვდა, რომელიც მას საბჭოთა კავშირის არარუსთა (“ინოროდცი”)
მოძრაობის დაწყების იდეაზე ესაუბრა. ტოგანი ბერლინში უკრაინელებსა
და კავკასიელებს დაუკავშირდა. სტემპოვსკისთან ერთად გადაწყდა,
რომ საფრანგეთში ჟურნალი სახელად “პრომეთე” გამოვიდოდა.
მიუხედავად ამისა, ტოგანი თურქეთში დაბრუნდა და ამ ამოცანის განხორციელება
სხვებს დაუთმო . პროცესი დაიწყო და მას ხელისუფლებაში პილსუდსკის
დაბრუნება დააჩქარებს. როგორც უკვე ვნახეთ ტოგანი ფუატ კოპრულუსთან
ერთად მიიღებს და გაამხნევებს ლტოლვილებს.
პოლონეთი
პირველ პლანზე
მოძრაობამ 1926 წელს ლიდერი დაკარგა,
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სიმონ პეტლურა (ის პარიზში) მოკლეს,
თუმცა წითელი არმიის დამმარცხებელი და ბოლშევიკების წინააღმდეგ
აქტიურად მებრძოლი მარშალ პილსუდსკის დაბრუნება პოლონეთის სათავეში
გადამწყვეტი მოვლენაა. პილსუდსკი საბჭოთა კავშირის ყველა მტრის
მფარველად გადაიქცევა.
უკრაინისადმი პოლონეთის მხარდაჭერა, პეტლურასა და პილსუდსკის 1921
წლის ალიანსის შედეგი იყო; პოლონურ პოლიტიკას აადვილებდა ის, რომ
თურქულ-თათრულ სამყაროსთან, კავშირები უკვე ადრევე იყო დამყარებული.
1921 წლის რუსეთ-პოლონეთის ომის დროს, რუსეთის მაჰმადიანი მოხალისეები
პოლონეთის მხარეს დადგნენ. სწორედ ამ დროს დაიწყეს პილსუდსკიმ
და მისმა მომხრეებმა ფიქრი აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისა და ბოლშევიკური
რუსეთის მიერ დაპყრობილი ხალხების ერთობლივ მოქმედებაზე. საბჭოთა
კავშირისადმი მტრულად განწყობილმა ჯგუფებმა, ახალი ომის პერსპექტივაში
პოლონური სუბსიდიები მიიღეს, რამაც ქსელები წაახალისა და პოლონეთის
არმიაში საბჭოთა კავშირის მკვიდრი მოსახლეობიდან მოხალისეები მიიზიდა.
|
ფოტოზე: მარშალი იოსეფ პილსუდსკი (1867-1935)
|
ფოტოზე: სიმონ პეტლურა (1879-1926)
|
|
პოლონეთის
მთავრობამ, სწორედ «პირველი ცივი ომის» ფარგლებში დააჩქარა პრომეთეული
მოძრაობის შექმნის პროცესი. ჟურნალ «პრომეთეს» პირველი ნომერი
1926 წლის ნოემბერში გამოვიდა, ესაა ყველაზე სახელგანთქმული სოლიდური
გამოცემა მთელი სერიისა, რომელიც ასევე მოიცავდა გამოცემებს «ტრიზუბ»,
«საქართველო» (პარიზი), «ისტიკლალ», „კურტულუს» (რესულზადესი),
«იენი მილლი იოლ», «იაშ ტურკესტან» (ბერლინი-პარიზი), «ვოლნოე
კაზაჩესტვო» («თავისუფალი კაზაკობა», პრაღა), «ემელ» (კონსტანცა),
«სევერნი კავკაზ-სიმალი კავკას» («ჩრდილოეთი კავკასია», ვარშავა).
პრომეთე 1934 - 1935 წლებამდე
1926-1938 წლებს, ორ ომს შორისი პერიოდის დიპლომატიური ისტორიის
ეტაპები ერთგვარ რიტმს ანიჭებდა. ამ პერიოდში, ძალზედ მნიშვნელოვანი
გარდატეხა 1934 წელს მოხდა.
1934 წლამდე ოპტიმიზმი მეფობდა: პრომეთეელები დარწმუნებულები იყვნენ,
რომ საბჭოთა რეჟიმი ეფემერულია, უდღეურია. მათ სჯეროდათ, რომ ყოველი
ჯანყი, ყოველი გაფიცვა, ყოველი ეკონომიკური სირთულე ბოლშევიზმის
დამხობის მომასწავებელ ნიშნებს წარმოადგენდა. ისინი ასევე უზომოდ
ენდობოდნენ დასავლეთის მთავრობებს და ვილსონის (იგულისხმება აშშ-ს
პრეზიდენტი ვუდროფ ვილსონი) პრინციპებს. თუმცა უკრაინამ მწარე
იმედგაცრუება უკვე განიცადა: ვილსონმა, “დიდი რუსეთის” შენარჩუნებას
მხარი დაუჭირა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინააღმდეგობა
გაუწია უკრაინის ერთა ლიგაში შესვლას. უკრაინის ილუზიების გაფანტვას,
ერთა თანამეგობრაში რწმენის შენარჩუნებისთვის ხელი არ შეუძლია.
გადასახლებაში მყოფ მთავრობებს, ევროპული პოლიტიკური და დიპლომატიური
მეთოდების ცინიზმის გამოცდილება არ ჰქონდათ და ამდენად ასეთი დამოკიდებულება
და განწყობა კიდევ უფრო მავნე გახლდათ.
საბჭოთა კავშირის დამხობის ეს მოლოდინი
არ ყოფილა პასიური
მათ განსაკუთრებით ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კავკასიის
რესპუბლიკების მომავლის შესახებ. კავკასიელების წარმომადგენლები
ფიქრობენ, რომ საერთო ისტორია, საცხოვრებელ გარემოთა ნათესაობა,
აწეწილ-დაწეწილი ეთნიკური შერევა და ძლიერი რუსი მეზობლისაგან
თავის დასაცავად გაძლიერების აუცილებლობა, კავკასიური კონფედერაციის
შექმნას ამართლებს. ამ კონფედერაციის შესაქმნელად, 1924 წლიდან
ზოგიერი სერიოზულად და მთელი გზნებით მუშაობდა. იგი ქაღალდზე 1934
წელს დაარსდა.
საწყისი პერიოდის მანძილზე, პოლიტიკური მუშაობის დიდი ნაწილი,
ლობირების ფორმით ევროპული მთავრობების და ყველაზე მეტად ერთა
ლიგის მიმართულებით მიმდინარეობს. მიზანი ჟენევაში, განდევნილი
მთავრობების აღიარების მოპოვება და საბჭოთა კავშირისათვის ერთა
თანამეგობრობაში შესვლაში ხელის შეშლაა.
მარცხი სრულია, ვინაიდან ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირი 1934 წლის
18 სექტემბერს მიიღეს.
1934-1935
წლების ტეხილი
პრომეთეელებისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან
საბჭოთა კავშირი ნორმალურ ქვეყნად ითვლება, რომ დასავლეთის ერებმა,
არაფრად ჩააგდეს ხშირად დიდი სახელმწიფოების და მოსკოვის მიერაც
კი დე იურედ აღიარებული რესპუბლიკების ძალისმიერი ანექსიები;
რომ დასავლეთის ერები არაფრად აგდებენ რეპრესიებს, სისასტიკეებს,
რომლებზეც რეგულარულად ლაპარაკობს “პრომეთე” (შეგნებულად, ხელოვნურად
გამოწვეული შიმშილი უკრაინაში, ერთა ლიგის ყურადღების ღირსი
არ გამხდარა). წინა წლების ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა
უშედეგო გამოდგა, ამ დროს მთავრდება ოპტიმისტური პერიოდი, ამიერიდან
ახლო მომავალში საბჭოთა რეჟიმის დამხობისა აღარ სჯერათ.პრომეთეული
მოძრაობისთვის საზიანო მეორე მოვლენა, 1935 წელს მოხდა: კომინტერნმა
სახალხო ფრონტის პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაც გერმანიის სათავეში
ნაცისტების მოსვლით იყო მოტივირებული. ამიერიდან კომუნისტებს
მანამდე მთავარ მტრად მიჩნეულ სოციალისტებთან კავშირის დამყარება
დაევალათ. ეს პოლიტიკა, პრომეთეელთა მდგომარეობას ძალიან გაართულებს
(პრომეთეელები უმთავრესად მენშევიკები ან ესერები იყვნენ): კომუნისტებს,
საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არ არიან, ძლიერი
პოზიცია აქვთ. ყველგან თვლიან, რომ მთავარი მტერი უკვე ნაციზმი
და ფაშიზმია და არა კომუნიზმი. სოციალისტებში ადრე გავრცელებული
ანტიკომუნიზმი, ეხლა რადიკალ და ექსტრემისტ მემარჯვენეთა დამახასიათებელი
ნიშანი არის.
სტალინური დანაშაულებების ზუსტ და განუწყვეტელ მხილებაში, პრომეთეელები
მაშ სრულებით იზოლირებულები არიან. 1934 წლიდან “პრომეთეს” ფურცლებზე
ანტიკომუნისტური ლიგის თავმჯდომარე ბუასჟოლა ჩნდება, რომელიც
თავს მალე ჰიტლერისა და გებელსის თაყვანისმცემელად გამოავლენს.
1934 წელსვე მოხდა ისე რომ, “პრომეთეს” პრესის მიმოხილვამ მემარჯვენე
რასისტულ პრესას დაუთმო ადგილი, მაგალითად “ მე ვარ ყველგან”-ს,
შემდეგ “გრინგუარ”-ს. 1936 წლიდან, ზოგ წერილში, ფრანგი ფაშისტების
ბელადის ჟაკ დორიოთი ფარული აღფრთოვანება ჩანს.
პრომეთელეებს თითქოს იმედი გადაეწურათ - განა შეიძლება რადიკალ
და ექსტრემისტ მემარჯვენეებთან დაახლოების გარეშე ანტიკომუნისტად
დარჩენა? “პრომეთე” თითქოს ფაშისტ მემარჯვენეთა ორგანოდ გადაქცევის
გზას დაადგა.
ანტინაცისტური აფეთქება
არქივების ნაკლებობის გამო, ჩვენ არ ვიცით 1938 წელს ჟურნალის
ფორმატის, სათაურის და ყველაზე მეტად დირექტორის შეცვლის მიზეზები.
ქართველი გიორგი გვაზავა შეცვალა უკრაინელმა ალექსანდრ შულგინმა;
პერიოდულობა გახდა 2-3 ნომერი წელიწადში, ჟურნალი ამიერიდან
ბევრად უფრო სქელია.
მოვლენები დაჩქარდა: მიუნხენის კონფერენცია, ჰიტლერის ანექსიები
და ყველაზე მეტად გერმანულ-საბჭოთა პაქტი.გერმანულ-საბჭოთა პაქტმა
საბჭოთა კავშირის შესახებ წარმოდგენები შეცვალა შეცვალა. სტალინმა
იმედები გაუცრუა ევროპელ მემარცხენეებს, პრომეთეელებს იმედი
ჰიტლერმა გაუცრუა. პრომეთეელების თვალში ჰიტლერი ამიერიდან მოღალატეა.
ვითარება ნათელია: ყოველი ანტისაბჭოელი აუცილებლად ანტინაცისტად
გადაიქცევა. 1939 წლის სექტემბერში, “პრომეთე” პოლონეთის, საფრანგეთის
და ინგლისის მხარეს გადაჭრით დადგა.
მუსტაფა ჩოკაი, ა. შულგინი, მირ იაკუბი, ნოე ჟორდანია თანამემამულეებს
გერმანულ-საბჭოთა კოალიციის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
უკანასკნელი ნომერი (1940 წლის 8-9 აპრილი) მოქცეულია ფინეთის
გმირული წინააღმდეგობის მაგალითის გავლენის ქვეშ და თანამემამულეებს
მოუწოდებს არ აირჩიონ «შავ ჭირსა და ქოლერას შორის». დამპყრობილმა
ხალხებმა თავისუფლება 1917 წელს იგემეს. ამის დავიწყება შეუძლებელია!...
შევუწყოთ ხელი საბჭოთა კავშირის გაქრობას, მის დაშლას ბუნებრივ
ეროვნულ შემადგენელ ნაწილებად. ესაა ქოლერის დამარცხება და შავი
ჭირის დამარცხების მომზადება”.
პრომეთეს ცხოვრება
მოძრაობას თავიდან ჟურნალი განასახიერებს. ის
12 წლის განმავლობაში გამოდის და ასეულობით ავტორს ითვლის, რომელთა
უმრავლესობაც ერთი-ორჯერ თუ დაიბეჭდა. მათ შორის, 15-ოდე ავტორი
შეიძლება ჩაითვალოს რეგულარულ თანამშრომელად, რომელთაც სულ მცირე
ათ-ათი წერილი აქვთ გამოქვეყნებული.
ყველაზე სიტყვაუხვი ავტორები არიან: მ.ე. რესულზადე, მუსტაფა
ჩოკაი, გიორგი გვაზავა, ისინი ჟურნალის ბურჯები არიან; რესულზადე
და ჩოკაი ამ უკვე ისედაც მძიმე საქმიანობით არ შემოიფარგლებიან:
პირველი ხელმძღვანელობს კავკასიურ ჟურნალებს სტამბოლსა და ბერლინში,
მეორე სათავეში უდგას «იაშ ტურკისტანს», რომელიც ასევე დღეგრძელობით
გამოირჩევა და მრავალ ადამიანს უყრის თავს. მნიშვნელოვან ავტორებს
შორის წარმოდგენილია ყველა პრომეთეული ერი: უკრაინელები - ალექსანდრ
შულგინი (ყოფილი მინისტრი ) და მ. დანკო; ჩრდილოკავკასიელები
- საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია და მისი წარმომადგენელი
ჟენევაში ხარიტონ შავიშვილი. ავტორთა სია ძნელი დასადგენია,
ინიციალებისა თუ ფსევდონიმების უკან ბევრი იმალება.
ყველა ან თითქმის ყველა სერიოზულად უდგება
საქმეს. წერილები ხშირად საინტერესო და კარგად დაწერილია. კარგი
იქნებოდა მეტის ცოდნა ორგანიზაციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირიდან
ფარულად გაგზავნილი უზარმაზარი ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების
და გადამუშავების საშუალებას იძლეოდა. ცხადია, რომ მოძრაობის
ყველა ჟურნალი, ერთმანეთს ინფორმაციას და ახალ ამბებს გადასცემდა;
ბევრი არაფერია ცნობილი ინფორმატორების შესახებ, თუ ეს არაა
მხოლოდ დათიკო შარაშიძე, რომელიც ამ როლს სტამბოლში რამოდენიმე
წლის მანძილზე ასრულებდა. «პრომეთეს» ცხოვრება ამით არ შემოიფარგლებოდა.
ლტოლვილთა ამ პატარა საზოგადოების წევრები, ერთმანეთს ხშირად
ხვდებოდნენ. 1931-1933 წლებში, მაგალითად, მოძრაობის ცენტრში
პრომეთეს შეკრებები იმართებოდა: იწვევედნენ მომხსენებელს, პრომეთეელს,
მაგალითად მირ იაკუბ-მეჰტიევს, მ. ჩოკაის ან გ. გვაზავას, ან
გარეშე პირს, მაგალითად უკრაინელებს: კოვალსკის ან ჟერემიჯევს.
მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და, ესაა მოძრაობის
ერთ-ერთი თავისებურება - პრომეთეელებს აინტერესებდათ როგორც
მათ, ისე სხვა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა. ჟურნალში გამოქვეყნებული
ანგარიშები მოწმობენ იმაზე, რომ გაცხოველებული დებატები იმართებოდა,
განსაკუთრებით მძაფრი იყო კამათი, როდესაც შეხვედრებში რუსები
მონაწილეობდნენ.
მიუხედავად ამისა, ლტოლვილთა შესახებ ინფორმაციას
თავისი საზღვარი აქვს: არაფერია ცნობილი პრომეთეული მოძრაობის
შინაგან დინამიკაზე, დაპირისპირებებზე, ტენდენციებზე, რომელთაც
აუცილებლად უნდა ეარსებათ. არაფერია ცნობილი მოძრაობის ფუნქციონირებაზე
და მის ორგანიზაციაზე, მოძრაობის ხელმძღვანელობაზე, მის წარმომავლობაზე,
მართვაზე, ფონდებზე, გადაწყვეტილებათა მიღების წესებზე. ყველაფერი
ეს დღეს ბუნდოვანია. ესაა მოძრაობის ჟურნალთა ყველაზე სუსტი
ასპექტი, ვინაიდან მათ მკითხველების დარწმუნება სურთ იმაში,
რომ მოძრაობაში ერთსულოვნება სუფევს, რომ მოძრაობას მხოლოდ პატრიოტიზმი
და ანტიკომუნიზმი ამოძრავებს, რაც ნაკლებად დასაჯერებელია. ჟურნალები
არაფერს ამბობენ არც დაფინანსებაზე და არც მოძრაობის ზოგ სხვა
საკითხზე.
“პრომეთეს შეკრებების” გარდა, ჟურნალებში ლაპარაკია სხვა შეხვედრებზეც.
ლტოლვილთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია პანაშვიდები და
სამახსოვრო დღეები. ისინი კოლექტიურ მეხსიერებას აცოცხლებენ.
ძალიან დატვირთული იყო მაისი: აღინიშნებოდა კავკასიის ოთხი რესპუბლიკის
დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღები. მათ ერთდროულად აღნიშნავდნენ
ბერლინში, ვარშავაში, სტამბოლში, პრაღაში, პარიზში. ამ მოვლენებისათვის
პატივის მისაგებად, ძალიან ბევრი ხალხი იკრიბებოდა. შემდგომში
უიმედობამ და ინტერესების დაკარგვამ იძალა. 1937 წელს, კავკასიის
დღესასწაული ინტიმურ ვითარებაში აღინიშნა და დასრულდა ა.მ. თოფჩიბაშის
ქვრივის ვიზიტით.აღინიშნებოდა გლოვის თარიღებიც: ოქტომბრის რევოლუციის,
სიმონ პეტლიურას მკვლელობის წლისთავებზე საჭიროა მტრის მიერ
ჩადენილი დანაშაულების შესახებ ცოდნის გადაცემა. ამ დღესასწაულებს
და შეკრებებს გაერთიანებული და სოლიდარული პრომეთეული სამყარო
ესწრება: 1933 წლის კავკასიის დღესასწაულზე, კავკასიელი ძმების
წინაშე, ამაღელვებელი სიტყვით თურქესტანელი მ. ჩოკაი გამოვიდა.
აქ ყოველთვის იმყოფება სომხური დელეგაციაც (რომლის პოლიტიკური
ტენდენციაც არასოდეს არაა დაზუსტებული), აუცილებლად ესწრებიან
მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებიც (პოლონელები, ჟენეველები,
ფრანგები, პარიზის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ე. ევა,
საფრანგეთის ყოფილი მთავარი წარმომადგენელი კავკასიაში ა. შევალეი).
და ბოლოს, “პრომეთეში” რეგულარულად ქვეყნდება
პრესის მიმოხილვა, რომელიც სტამბოლში, ბერლინში თუ ვარშავაში ახალი
ჟურნალების გამოსვლას მუდამ აღბეჭდავს. ამ ძმობილი ჟურნალების
სარედაქციო თუ მნიშვნელოვან წერილებს ხშირად გადმობეჭდავენ ხოლმე.
ამ დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის უზარმაზარ სამუშაოს ჩოკაი ასრულებს.
ის ყველაფერს აგროვებს, რაც საბჭოთა თუ თურქულ-მაჰმადიანურ სამყაროში
4-5 ენაზე იბეჭდება. მის არქივებში დაცულია ჟურნალ-გაზეთებიდან
ამონაჭრებით, კომენტირებული წერილებით, “პრომეთეში” თუ “ იაშ ტურკისტანში”
დასაბეჭდად გამზადებული მასალებით სავსე ყუთები. ისინი ლტოლვილთა
დაუღალავ მუშაობას მოწმობენ. მათი გამწარება და იმედგაცრუება მით
უფრო ცხადი ხდება, როდესაც 1934 წლისთვის გაირკვა, რომ მათი ძალისხმევა
ამაო იყო.პრესის მიმოხილვები გვიჩვენებს, რომ მოძრაობის მონაწილეები,
განურჩევლად ეროვნებისა, დრო და დრო ყველგან იბეჭდებოდნენ. მათთვის
პრომეთეული მოძრაობის ყველა ჟურნალი ღია იყო. |
ფოტოზე: გიორგი გვაზავა (1869-1941) |
პრომეთეს
საყრდენები, პოლონეთი
პოლონეთის მხარდაჭერა უხმაუროა, თუმცა ზოგი ნიშანი მის მნიშვნელობაზე
ლაპარაკობს. ამას მოწმობს კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის
მე-10 წლისთავის 1928 წლის 27 მაისს ვარშავაში აღნიშნვა, 1935
წლის 31 მაისიდან 2 ივნისამდე ვარშავაში «პრომეთეს მოძრაობის»
ლინგვისტური კონგრესის გამართვა და ის განსაკუთრებული პატივი,
რაც ჟურნალმა “პრომეთემ” პილსუდსკის გარდაცვალების შემდეგ მიაგო.
პოლონეთს ამ მხარდაჭერისთვის სამეცნიერო იარაღი, ვარშავის აღმოსავლური
ინსტიტუტი აქვს. ის გამოსცემს ჟურნალს “ვსხოდ” (“აღმოსავლეთი”,
1930-1939), მან “პრომეთესთან” ერთად ვარშავაში რუმინული დობრუჯას
თათრების შეხვედრა პოლონელ თათრებთან მოაწყო. ამ მხარდაჭერის უხმაურო
მოწმეა აგრეთვე რესულზადეს “ისტიკლალი”.
ხსნის თუ არა ეს ფინანსური მხარდაჭერა მოძრაობის ფინანსურ წყაროებს?
«პრომეთე» და სხვა ჟურნალები აბონემენტებით ვერ იარსებებდნენ.
პრომეთეელთა ხელმძღვანელების განუწყვეტელი გადაადგილება პარიზიდან
ბერლინში, ვარშავადან სტამბოლში, აიაზ იშაკის მნიშვნელოვანი მისია
შორეული აღმოსავლეთის თათრებთან, ყოველივე ამისთვის იყო ფული საჭირო.
პრომეთეული ისტორიის ეს ასპექტი, ახლა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის
საშუალებას იძლევა.
შვეიცარული და ფრანგული საყრდენები
პრომეთეული მოძრაობის ფინანსური საყრდენები
თუმცა დღეს უცნობია, პოლიტიკურ და მორალურ მხარდამჭერთა ვინაობის
დადგენა უფრო ადვილია. ორი მათგანი საკმაოდ ნათლად ჩანს.
ერთა ლიგაზე გავლენის მოსახდენად აუცილებელია ჟენევაში მუდმივად
ყოფნა. ამ ქალაქში, პრომეთეელებს “ჟურნალ დე ჟენევის” დირექტორ
ჟან მარტაზე დაყრდნობა შეუძლიათ. იგი დამოუკიდებელ საქართველოში
ნამყოფია და 1921 წლიდან დევნილობაში მყოფი მთავრობის აღიარებისთვის
იბრძვის. ისაა თავმჯდომარე ჯგუფისა: “საერთაშორისო კომიტეტი
საქართველოსთვის”. ამიტომაა რომ ქართველები ჟენევაში მყარად
დამკვიდრდნენ, სადაც ჯგუფს “ასოციაცია საქართველოსთვის” ბინა
აქვს. ჟან მარტინი და მისი ჟურნალის თანამშრომლები “პრომეთესთვის”
დრო და დრო წერენ. შვეიცარული საყრდენების ყველაზე გამოჩენილი
ფიგურაა ჯუზეპე მოტა, რომელიც ოცი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა
მინისტრი და ერთა ლიგის მომხსენებელი რეფერენტი იყო. “პრომეთე”
უსაზღვროდ მადლიერია ამ ადამიანისა, რომელმაც 1922 წელს საქართველოს
სასარგებლოდ ხმა მიაცემინა და რომელიც ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის
მიღებას (1934) წინააღმდეგობას უწევდა.
საფრანგეთში მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო
“საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტი”, რომელიც 1913 წელს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მფარველობით დაარსდა. 1929 წელს მისი თავმჯდომარეა
პოლ დუმე, სენატის თავმჯდომარე; ხელმძღვანელებს შორის არიან
გენერლები, ყოფილი მინისტრები; საპატიო წევრებს შორის არის კლოდ
ფარერი; ინიციატორებს შორის არიან ა.მ. თოფჩიბაში და ჯეიჰუნ
ჰაჯიბეილი; თურქეთის ელჩი პარიზში ფეთი ბეი, ჩაგრულ ეროვნებათა
წარმომადგენლები, მაგალითად ჩოკაი.
საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტის ხსენება, “პრომეთეში” მეორე
ნომრიდან ჩნდება. ჟურნალი ფრანგულ-კავკასიურ-სომხური მიღების
შესახებ (1927) ანგარიშს აქვეყნებს. მიღებას აღმოსავლური ენების
სკოლის დირექტორი, მინისტრები, დიპლომატები, პარიზული პრესის
წარმომადგენლები, თურქოლოგები (მაგალითად ჟოზეფ კასტანე, რომელსაც
ახლო ურთიერთობა აქვს ჩოკაისთან) და სხვ. ესწრებიან. საფრანგეთ-აღმოსავლეთის
კომიტეტი ხსოვნის საღამოებსაც ხშირად აწყობს. მაშ, პრომეთეელები
აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, რაც მათ პოლიტიკოსებთან,
დიპლომატებთან, სწავლულებთან და ჟურნალისტებთან პირადი ურთიერთობების
დამყარების საშუალებას აძლევს.
პრომეთეული პროექტი: კავკასიის კონფედერაცია
1918 წლის მაისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ერთგვარი
კავკასიური კონფედერაცია არსებობდა. 1924 წელს, პარიზში, ეს
იდეა ხელახლა გაჩნდა. ოქტომბერში და ნოემბერში აზერბაიჯანის,
საქართველოს და ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ;
მათ «საბჭოთა საოკუპაციო ჯარებისაგან განთავისუფლების შემდეგ»,
უმაღლესი სახელმწიფოებრივი ფუნქციების გაერთიანებით, საკმაოდ
მჭიდრო ფედერატული ფორმის შექმნა წარმოიდგინეს. ამ ოცნების ახდენამდე,
«საზღვარგარეთ მყოფ ორგანოთა მოქმედებების გაერთიანების აუცილებლობა»
დაადგინეს.
1924 წლის ბოლოს, წარმომადგენლებმა კავკასიური კომიტეტი შექმნეს,
რომელსაც განთავისუფლებისთვის ბრძოლის ორგანიზაცია უნდა მოეხდინა.
კონფედერაციის იდეა, «პრომეთეში», 1927 წლიდან (ნომერი 4) ჩნდება;
ის, ვარშავაში, საზეიმოდ გამოცხადდა დამოუკიდებლობის გამოცხადების
მეათე წლისთავის აღნიშნვისას (იდეა ჩამოაყალიბეს მუსტაფა ვექილიმ,
იოსებ სალაყაიამ, ტამბი ელეკოტიმ). მომდევნო წელს, მნიშვნელოვანი
მემორანდუმი გაეგზავნა ერთა ლიგას. 1929-1930 წლებში ეს იდეა
იყო დიდი მეთაური წერილების ობიექტი, ის ჟურნალ «პრომეთეს» ერთ-ერთ
წამყვან თემად იქცა. ამავე დროს, პარალელურად პანთურქიზმის უარყოფის
თემა განვითარდა, ვინაიდან საბჭოთა თუ თეთრი რუსების ინსინუაციების
მოგერიება საჭირო გახლდათ: კრემლი და თეთრი რუსული ემიგრაცია
აცხადებდნენ, რომ კავკასიის კონფედერაციის თუ ფედერაციის იდეა,
პანთურქისტების თუ თურქეთის მიერ მანიპულირებული ბუფერული სახელმწიფოს
პროექტი იყო.1930-ანი წლების დასაწყისში, კონფერენციის შექმნის
მოწოდებები ძალიან დაჟინებულია, იმიტომ, რომ კავკასიურ საბჭოთა
კონფედერაციას საფრთხე ემუქრება და ყველაზე მეტად იმიტომ, რომ
კოლექტივიზაციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაშინ, როდესაც,
1930-1931 წლებში, კავკასიამ ბოლშევიკების წინააღმდეგ იფეთქა.
ერთ ხანს, ფსევდონიმი «ქართველით» მწერალი უცნობი ქართველი თავის
კონცეფციებს ავრცელებს. ის შვეიცარული მაგალითით აშკარად მოხიბლულია
და ახალ შვეიცარიაზე ოცნებობს - რელიეფის სირთულეების მიუხედავად,
სოლიდურ კონფედერაციაზე, სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება
ეთნიკურ ელემენტს (შვეიცარიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილო
კავკასიელებზეც. მრავალმა ჩრდილოკავკასიელმა ჟენევაში იცხოვრა
და ეს მთიანი, მრავალ-ეთნიკური და უისტორიო ქვეყანა ყველას შეუყვარდა).ამ
პროექტმა, არა მხოლოდ რომანტიული ოცნებები აღძრა: «ქართველმა»
მომავალი კონფედერაციის შესახებ, ასევე ძალიან ტექნიკური იურიდიული
წერილები დაწერა. მან ასევე ისტორიული ცნობიერება გამოაღვიძა
და პრომეთეელებმა, ცოტა მოგვიანებით, კავკასიელ ხალხთა ერთობის
ისტორიული ტრადიციის გახსენება დაიწყეს.
აზერბაიჯანის (რესულზადე, თოფჩიბაში), საქართველოს
(ნ. ჟორდანია, ა. ჩხენკელი) და ჩრდილო კავკასიის (გ. სუნში,
ლ. ჩულიკი, ტ. შაკმაკი) წარმომადგენლებმა, 1934 წლის 14 ივლისს,
ბრიუსელში ხელი მოაწერეს პაქტს. დეკლარაციის 6 პუნქტი, 1924
წელს მიღებული პრინციპებისაგან დიდად არ განსხვავდება: ლაპარაკია
კონფედერაციის საერთაშორისო პირზე, როლზე ერთობლივ თავდაცვაში
და დიპლომატიაში, კონფედერაციის შემადგენელ ერთეულებს შორის
არბიტრაჟზე. მეექვსე მუხლის ძალით, ადგილი დატოვებულია სომხეთისთვის,
რომელიც არაა წარმოდგენილი ხელის მომწერთა შორის.მიუხედავად
მოსამზადებელი სამუშაოების სერიოზულობისა, მხარეების სიმწიფისა
და პრობლემის მნიშვნელობისა, პაქტის კომიტეტი დაიშალა 1935 წელს
ისე, რომ «პრომეთეს» დაშლის მიზეზები არ აუხსნია. კომიტეტმა
ადგილი დაუთმო ეროვნულ ორგანიზაციათა კონფერენციას, რომელიც
1935 წლის 14-23 თებერვალს შეიკრიბა. ამ კონფერენციამ კავკასიის
კონფედერაციის საბჭო შექმნა. წამოწყება ბუნდოვანი დარჩა და მას
ლტოლვილობაში მყოფი კონფედერატული მთავრობის შექმნა არ გამოუწვევია.
მეტისმეტად გვიანია: ერთა ლიგამ აღიარა საბჭოთა კავშირი და სცნო
მისი საზღვრები. ერთა ლიგის ვერც ერთი წევრი ქვეყანა ვერ დაუჭერს
მხარს ოფიციალურად პიროვნებებს, რომლებიც ამიერიდან სეპარატისტებად
უნდა ჩაითვალონ. კონფედერაცია ამიერიდან შეიძლება იყოს მხოლოდ
ცალკეულ მეოცნებეთა, დამარცხებულ მებრძოლთა ასამბლეა.
«პრომეთე»
პანთურქიზმ-პანთურანიზმის წინააღმდეგ
1910-ანი წლების "ნასრედინ-ჟურნალის" თურქი პერსონაჟები
«პრომეთეს»
გამოცემის 12 წლის მანძილზე, იქ დაბეჭდილი 30-ოდე წერილი, უშუალოდ
თურქეთს ეხება. წერილები, თურქეთით დაინტერესებული კავკასიელების
მიერაა დაწერილი. თურქეთი, საბჭოთა კავშირის გვერდით, წარმატებული
რევოლუციის კონტრ-მაგალითს (მოდერნიზაციისა და საეროდ ქცევის,
ლაისიზმის აზრით) იძლევა, რომელსაც არ გამოუწვევია არც ეკონომიკური
კატასტროფა და არც ისეთი ჩაგვრა, როგორსაც საბჭოთა მოსახლეობა
განიცდის (თურქეთის რესპუბლიკის მეათე წლისთავს მრავალი წერილი
მიეძღვნა). თურქეთს საბჭოთა კავშირის სამხრეთ ფლანგზე სტრატეგიული
პოზიცია უკავია, დიდ მეზობელთან მისი ურთიერთობები კავკასიის
ხალხებისთვის მნიშვნელოვანია. პრომეთეელები ყურადღებით აკვირდებიან
თურქეთ-საბჭოთა ურთიერთობების ცვლილებებს და ბოლოს, თურქეთის
დაინტერესება საბჭოთა კავშირის თურქულენოვანი ხალხებით გამოიწვევს
იმას, რომ საბჭოთა კავშირი მათ პანთურანიზმს დასდებს ბრალად.
ამის საპასუხოდ, “პრომეთეს” რედაქტორები, ჟურნალიდან აძევებენ
პანთურანისტული სულისკვეთების უმცირეს ნიშანწყალს.
ინფორმაციის
გადაცემის გზა
საბჭოთა კავშირიდან მიმავალი ინფორმაციის გადაცემაში თურქეთი
დიდ როლს ასრულებდა. ეს ინფორმაცია ხშირად ტრაპიზონის, იგდირის,
ყარსის, არზრუმის, სტამბოლის გავლით მოდიოდა. ის ხშირად მოდის
არა უშუალოდ, არამედ რესულზადეს გამოცემა “ისტიკლალიდან” (ბერლინი),
“აზერბაიჯან იურტ”-იდან, “იენი კავკასია”-დან, “იენი ტურკუსტან”-იდან,
“ოდლუ იურტ”-იდან (სტამბოლი). 1927 წელს, ასე გადმოსცა “იენი
კავკასიამ” ამბავი მუსავატის პარტიის სოლოვკებში დაპატიმრებული
წევრების ბაქოში დაბრუნების შესახებ. იბეჭდება ცნობები თბილისში
და ქუთაისში მომხდარი აჯანყებების შესახებ (“პრომეთე”, 1934,
ნომერი 89). “პრომეთე” ლაპარაკობს თურქეთში ლტოლვილთა ტალღების
შესახებ. ეს ინფორმაციები, ყოველი ნომრის ბოლოს პატარა ქრონიკებში
ჩნდება. კითხვა საინტერესოა და აჩვენებს, თუ როგორ იცოდნენ 1930
წლიდან, სოლჟენიცინის მთავარი თხზულების გამოქვეყნებამდე 40
წლით ადრე, ყველაზე მიყრუებულ რაიონებში მოწყობილი რეპრესიების
დეტალებიც კი და რომ ამ დროს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების
შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.
პანთურანიზმის
შიში და უარყოფა
პრომეთეელების აზრით, პანთურანიზმი საბჭოთა კავშირისთვისაა სასარგებლო;
ესაა საფრთხობელა, რომლითაც მოსკოვი მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს
აშინებს და ამით თურქულ რეგიონებში ანტიეროვნული ინტერნაციონალისტური
პროპაგანდის გაჩაღებას ამართლებს. საბჭოთა კავშირი, ამ საფრთხეზე
ყვირილს მას შემდეგ ტეხავს, როცა თურქეთში ვინმე ჩრდილოელი და
აღმოსავლელი მოძმეების მიმართ უმცირეს ინტერესს გამოავლენს.
პანთურანიზმს დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში ძალიან ცუდად უყურებენ,
თურქეთის მთავრობას ამ ბრალდების ძალიან ეშინია. მაშ, ლტოლვილები
დაინტერესებული არიან იმით, რომ პანთურანისტებმა, თუ კი ისინი
არსებობენ, ხმა არ ამოიღონ. პანთურანიზმი ბრალდება იმათაც კი,
ვინც უბრალოდ ახსენებს თურქი ხალხების კულტურულ ერთიანობას,
მათ სულიერ ნათესაობას, თუნდაც სენტიმენტალურ კავშირებს თურქულენოვნებსა
და თურქებს შორის. ამ ბრალდებას აყენებს ზოგი სომხური წრე, საბჭოთა
პროპაგანდისა და კერენსკის გარემოცვის თეთრი ემიგრანტები.
პანთურანიზმის უარმყოფელი წერილები ყველაზე ხშირია
1930 წელს, ამ საკითხს 38-ე ნომერი (1930 წლის იანვარი) მთლიანად
ეძღვნება. ეს ზარევანდის სახელგანთქმული წიგნის რუსული ვერსიის
გამოცემამ გამოიწვია. არა აქვს მნიშვნელობა იმას, შეთანხმებული
იყვნენ თუ არა ზარევანდი და თეთრი რუსები, მათი ინტერესები ერთმანეთს
ემთხვოდა. ზარევანდი ზ. და ვ. ნალბანდიანების ფესვდონიმი გახლდათ.
მათ წიგნს «გაერთიანებული და დამოუკიდებელი თურანია» ერქვა. წიგნი,
სომხურმა რევოლუციურმა ასოციაცია დაშნაკცუტიუნმა (ფრანგულად (ჰ.
კურკჯიანმა), გამოსცა ათენში 1989 წელსაც. ეს წიგნი, 1926 წელს
გამოიცა სომხურად, 1930 წელს ის რუსულად გამოსცა კერენსკის ანტიპრომეთეულმა
პერიოდიკამ «Дны». 1928 წლიდან კერენსკის მომხრეები ავრცელებენ
იდეას, რომ კავკასიის ქვეყნებს თურქეთის უნდა ეშინოდეთ. «პრომეთე»
მკაცრად ილაშქრებს იმის წინააღმდეგ, რაც მას რუსული იმპერიალიზმის
გამოვლინებად მიაჩნია.
მატყუარა რომანტიზმად მიჩნეულ “პოლიტიკურ პანთურქიზმს”, რესულზადე
“კულტურულ პანთურქიზმს” უპირისპირებს, რომელიც კულტურული ურთიერთობების
ფორმით უნდა გავრცელდეს.
ზარევანდის შეტევებს, “დნიში” დაბეჭდილი სომეხი ხონდკარიანის სიტყვები
დაემატა. ხონდკარიანი პრომეთეელებს ბრალად სდებდა იმას, რომ მათ
მიზნად თურქეთთან შეერთება ჰქონდათ (“პრომეთეს” 38-ე ნომერში ციტირებული
ხონდკარიანის წერილი). ამ მნიშვნელოვანი 38-ე ნომრის მთავარი წერილი
აბსურდულად აცხადებს ყოველგვარ პანთურანისტულ იდეას, იმიტომ, რომ
თურქეთი სხვა თურქულენოვან ქვეყნებს არ ესაზღვრება და რომ “მხოლოდ
რასიულ ერთობას პოლიტიკური ერთობა არასოდეს განუსაზღვრია”. რესულზადე
მასხრად იგდებს ხონდკარიანს და გამონაკლისი “პრომეთესთვის”, მუქარით
მიუთითებს სომეხთა ბედზე ოსმალეთში: “თქვენ იგივე დაგემართებათ
რუსეთში, რაც სომხეთს დაემართა თურქეთში, ელოდეთ ამას!” რესულზადეს
თანახმად, პანთურქისტული ოცნება დაემხო და სხვათა შორის, მან ერთ
დროს კარგი როლი შეასრულა იმით, რომ მაჰმადიანობის გავლენა შეასუსტა.
შემდეგ, რესულზადე თურქული პოლიტიკური ცხოვრების ნაკლებად ცნობილ
ტენდენციას - “ანატოლიზმს” (მუკრიმინ ჰალილ ბეის ხელმძღვანელობით)
ახსენებს. ამ უკანასკნელის აზრით, თურქული ეროვნება არ არსებობს
და თურქეთისათვის სახელად ანატოლიის დარქმევა იქნებოდა უკეთესი,
რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ქვეყანა ყველა რასისთვის ღიაა. ეს
შეხედულება “პრომეთეში” მან უკვე გადმოსცა და მას სჯერა, რომ ლაპარაკია
თანამედროვე თურქეთის ნაციონალიზმის მთავარ ნიშანზე, და რომ სწორედ
ამ ნიშანს აქვს პერსპექტივა. და ბოლოს, ის ბრალდებას უბრუნებს
სომხებს და დაშნაკების მომხრეებს, მათ ბრალად სდებს იმას, რომ
ისინი ამზადებენ რაღაც “პანარმენიზმს” თუ “პანარიანიზმს”, რისთვისაც
სომხები განსაკუთრებით ქურთთა მღელვარებებს უწყობენ ხელს.
ამ ნომერში ხმა ამოიღო ჩოკაიმაც. მან პატივი მიაგო ათათურქს: უეჭველია,
რომ ჩვენ თურქოფილები ვართ... მუსტაფა ქემალი და თურქეთი ჩვენთვის
უძვირფასესები არიან”, თუმცა მან პანთურანიზმი მითად გამოაცხადა:
“თურანისტებს არასოდეს უოცნებიათ რამენაირ კავშირზე თურქეთთან”.
შემდეგ ნომერში ჩოკაი უბრუნდება
ბრალდებას
“წარმოდგენა იმისა, რომ ქემალი დაიპყრობს თურქესტანს და შექმნის
ვოლგიდან პამირამდე გადაჭიმულ სახელმწიფოს, არის ნამდვილად ფანტასტიკურად
შეშინებული და ჭკუადაკარგული ადამიანის აზრი” (მუსტაფა ჩოკაი,
“ბოლშევიკები ქემალიზმის წინააღმდეგ”, “პრომეთე”, ნომერი 57, 1931
წლის აგვისტო, გვ. 15-18). ამას გარდა, მისი თქმით, თურქეთსა და
თურქულენოვან სამყაროს შორის კონტაქტები იმდენად ძნელია, რომ წარმოუდგენელია
მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების დამყარება.
ამავე დროს, პრომეთეელებს თურქეთში კავკასიის თურქეთთან გაერთიანების
სურვილის ხმამაღლა გამოთქმა აღიზიანებთ. როდესაც სტამბოლის “ბირლიკმა”
გამოთქვა კავკასიის დამოუკიდებლობის სურვილი “იმ პირობით რომ როდესაც
დადგება დრო კავკასიელები შეუერთდებიან თურქეთს და შექმნიან ერთიან
სახელმწიფოს, თურქულ სახელმწიფოს” ს. მენაგარიმ ამხილა და დაგმო
პროვოკაცია და უპასუხა: “ცხადია რომ მოსკოვმა ზოგ თურქულ ჟურნალში
იპოვა მისი დამცველები და რომ რუსები თურქული სახელით აკეთებენ
იმას რასაც ვერ აკეთებენ რუსული სახელით” (ს. მენაგარი, “კავკასია
და მისი მეზობლები”, “პრომეთე ნომერი 89, 1934 წლის აპრილი, გვ.
24-28).
საერთო ჯამში, პანთურანიზმის დაგმობა “პრომეთეში” მნიშვნელოვანი
თემაა. როგორც არ უნდა მოსწონდეთ თურქეთის მიღწევები, მოძრაობის
წევრები თურქეთთან გაერთიანებას არასოდეს ითხოვენ. მათი აზრით,
პანთურანიზმი არის საბჭოთა თუ თეთრი რუსების პროპაგანდის იარაღი,
პრომეთეული მოძრაობის ლანძღვის და დისკრედიტაციის ერთ-ერთი საშუალება.
|
ფოტოზე: თამარი მეფის "ემიგრანტული" ორდენი
საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის |
თურქეთისა
და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები
ამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მოძრაობისათვის. პრომეთეელთა
შორის, ფაქტიურად მხოლოდ თურქულენოვან ლტოლვილებს ჯერ კიდევ დარჩათ
რაღაც კერა, რაღაც ქვეყანა, რომელიც წითელი არმიის მიერ არაა დაპყრობილი,
რომელიც შეიძლება მათთვის ნაცვალ სამშობლოდ (და ძალიან ხშირად
ამყვან მშობლიურ ქვეყნად) გადაიქცეს, სადაც ისინი კალაპოტიდან
მეტისმეტად ამოვარდნილნი არ იქნებიან. უკრაინელებს, ქართველებს
ეს შანსი არ აქვთ. ამავე დროს, ამ წლებში, სტამბოლი გამოცემის
ცენტრად გადაიქცა და, როგორც უკვე ვნახეთ, საბჭოთა კავშირიდან
მიღებული ინფორმაციის გადაცემის ადგილად.
მნიშვნელოვანია, რომ პრომეთეელებს იქ ცხოვრებისა და თავისუფლად
აზრის გამოთქმის საშუალება ჰქონდათ, თუმცა ამას ხშირად თურქეთ-საბჭოთა
კავშირის ურთიერთობათა იმპერატივები აბრკოლებს. ქემალიზმის მიზანია
მშვიდობიანი ცხოვრება თავისი დიდ მეზობელთან და მოგუდვა ყველაფერი
იმისა, რაც შეიძლება პანთურქიზმს წააგავდეს. ისე მოხდა, რომ თურქეთი
პრომეთელეებს არასოდეს არ დახმარებია, პირიქით, მათ ზოგჯერ აწუხებდნენ
კიდეც: 1920 წელს რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ თურქეთმა რესულზადე
გააძევა; 1927 წელს, თურქეთის მთავრობამ «იენი კავკასია» დახურა,
იმიტომ, რომ რაღაც თურქული დელეგაცია საბჭოთა კავშირში ოქტომბრის
რევოლუციის წლისთავის აღნიშნვაზე უნდა ჩასულიყო; 1931 წელს, დახურეს
«ოდლუ იურტ ბილდერიშ», «აზერი- ტურკ», «იენი ტურკესტან». მიუხედავად
ამისა, თურქეთის მთავრობის მიერ დაკავებული ეს ფრთხილი პოზიცია,
კრიტიკას პრომეთეელთა მხრიდან არ იწვევს. ამ მოძრაობას თურქეთი
ძალიან სჭირდება. «პრომეთე» დიდ ანგარიშს
უწევს თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს, რომლებიც მეგობრობასა
და დაძაბულობას შორის მერყეობენ. ჟურნალი ირონიას მიმართავს,
როცა საბჭოთა ოფიციალური ორგანოები «ანატოლიური ბურჟუაზიისა
და კულაკების მოკავშირე სოციალ-რეფორმიზმს», «ქემალისტურ ტერორს»
და სხვ. გმობენ. ეს საბჭოთა ლანძღვა-გინება გავლენას ვერ ახდენს
პრომეთეელებზე, რომლებიც ოფიციალური პრესის ყურადღებით კითხვას
მიჩვეული არიან და პროპაგანდის ენის ამოკითხვაში დახელოვნებული
არიან. მათ უბრალოდ ეშინიათ იმისა, რომ მოსკოვი თურქულენოვანი
ხალხების თვალში თურქეთის ავტორიტეტის შებღალვას მოახერხებს
იმით, რომ მათ ანკარას ექსპანსიონისტური მისწრაფებების არსებობაში
დაარწმუნებს.
ისინი განმუხტვის პერიოდებში უფრო ღელავენ: ცხადია, რომ პრომეთეელები
დაინტერესებული არიან იმაში, რომ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს
შორის მტკიცე მეგობრობა არ დამყარდეს; მათთვის ეს მეგობრობა
გაძევების საფრთხეს, პუბლიკაციების აკრძალვას და, რა თქმა უნდა,
მეორე სამშობლოს დაკარგვას ნიშნავს. ისინი დიდ უნდობლობას გამოხატავენ,
იხსენებენ წარსულს, რუსეთის მუდმივ სწრაფვას სამხრეთისაკენ:
«სპარსეთისა და თურქეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება მანამდე,
სანამ რუსეთს ამ ორ სახელმწიფოსთან საერთო საზღვრები ექნება»
(მირი, «ბოლშევიკები და თურქეთი», «პრომეთე», ნომერი 34, 1929
წლის სექტემბერი, გვ. 9-11). მირ იაკუბს მიაჩნია, რომ შერიგების
ენა უბრალოდ საბჭოთა კავშირის სისუსტის ნიშანი არის. პრომეთეელების
აზრით, თურქეთის ინტერესი პირფერობისადმი დაუმორჩილებლობა და
დასავლეთთან მტკიცე კავშირის დამყარება არის.
დაძაბულობის პერიოდებში, პანთურანიზმი ორივე მხარეს გარკვეულ
როლს ასრულებს: როდესაც საბჭოთა კავშირს თურქულ-საბჭოთა მეგობრობის
დაგმობა უნდა, ის მსოფლიოს პანთურანიზმით აშინებს და როდესაც
თურქეთში რაღაც პანთურანისტული გამოსვლა ისმის, «პრომეთე» მასში
საბჭოთა პროპაგანდას ხედავს.
გერმანული ცთუნება და ამერიკული მფარველობა
1939 წლის გერმანულმა
აგრესიამ პოლონეთში, “პრომეთეს” ძვირფასი მოკავშირე დააკარგვინა.
გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ, “პრომეთემ”, როგორც
“პოლონურმა გამონაგონმა”, არსებობა შეწყვიტა. პოლონეთში, საბჭოთა
კონტროლის ქვეშ დარჩენილ პრომეთეელებს რა თქმა უნდა სდევნიდნენ.
1941 წლის გერმანიის აგრესია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ვითარებას
კიდევ ერთხელ შეცვლის: თავიდან, პრომეთეელებს, როგორც საბჭოთა
კავშირიდან წამოსულებს აწუხებდნენ, თუმცა ისინი ნაციონალური
პრობლემებით და მის მიერ კონტროლირებადი ეროვნული ერთეულების
შექმნით დაინტერესებული გერმანიის პოტენციურ მოკავშირეებად გამოჩნდნენ.
გერმანულ ტყვეთა ბანაკებში მილიონი წარმოშობით უკრაინელი, კავკასიელი,
თურქესტანელი ჯარისკაცია. პრომეთეელებს ძალიან აცდუნებს ნაცისტებთან
თანამშრომლობა, მათ ამ ძალის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოყენება
სურთ. გერმანელი თურქოლოგის, გერჰარდ ფონ მენდეს გავლენის ქვეშ
მოხვედრილი მუსტაფა ჩოკაი, 1941 წლის ივლისიდან დეკემბრამდე,
გერმანიაში საბჭოთა ტყვეების ბანაკების ინსპექციას ატარებს.
ჩოკაი 1941 წლის დეკემბერში გარდაიცვალა (ჩოკაის ანგარიშების
ნახვა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა). მოძრაობის მრავალი თურქულენოვანი
ხელმძღვანელი ნეიტრალურ თურქეთში დაბრუნდება. რესულზადემ ბუქარესტს
შეაფარა თავი, თუმცა 1942-1943 წლებში, ის სხვა კავკასიელ ლიდერებთან
ერთად ბერლინში. ცხოვრობს. ნაცისტები “ლეგიონ თურქესტანს” ქმნიან,
რომელმაც აღმოსავლეთის ფრონტზე იომა. ბერლინში ყირიმის და დობრუჯის
თათრები ჩავიდნენ.
1947 წელს, ცივი ომის დროს, პრომეთეული მოძრაობის შესახებ დაწერილ
ანგარიშში, მისი ავტორი რომან სმალ-სტოცკი არაფერს ამბობს კოლაბორაციონიზმის
ამ ცდუნებებზე: ის ლაპარაკობს მხოლოდ ნაცისტებისადმი წინააღმდეგობის
მოძრაობაში ჩაბმულ პრომეთეელებზე და ჩუმადაა მეორე მიდგომაზე,
რაც იმედების გადაწურვით შეიძლება აიხსნას.
ომის შემდეგ, პრომეთეელებმა მოძრაობის განახლება რამოდენიმეჯერ
სცადეს, ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც არასდროს
ისეთი ძლიერი იყო და როდესაც ყირიმელების და კავკასიელების 1943-1944
წლების მასობრივმა გადასახლებებმა დაპყრობილ ხალხებს ყოველგვარი
იმედი წაჰგვარა.
1943 წლის 20 აპრილს, «პრომეთეს» ზოგი წევრი ჰააგის კონგრესზე
ჩავიდა. მათ, მოკავშირეებს ბრალი დასდეს იმაში, რომ ამ უკანასკნელებმა
«მიიუნხენის პატარა კომპრომისით» დაწყებული ომი «სტალინის დიქტატურასთან
ტოტალური კომპრომისით» დაამთავრეს. მიუხედავად ამისა, პრომეთეელები
ამერიკის შეერთებულ შტატებს სავსებით ენდობოდნენ, ლიგას ამიერიდან
“ატლანტური ქარტიის პრომეთეული ლიგა” ჰქვია. მან ნაციზმის მოსპობით
დაწყებული საქმის გაგრძელება მოითხოვა, ამერიკელებს ჩაგრული
ხალხების განთავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელება და საბჭოთა
კავშირისთვის გაეროში შესვლის აკრძალვა სთხოვა, სტალინის აგენტებისთვის
ნიღბების ჩამოსაგლეჯად კი პრომეთეელთა სამსახური შესთავაზა.
ისე მოხდება, რომ ამერიკელთა ხელში მოძრაობა სხვა
ფორმით ცივი ომის იარაღად გადაიქცევა. 1950 წლის 9 ივლისს, მიუნხენში,
“საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტი”დაარსდა, რომელსაც მხარს
ორგანიზაცია სახელად “ბოლშევიკებისაგან განთავისუფლების ამერიკული
კომიტეტი” უჭერდა. ეს ინსტიტუტი, ოციოდე წლის განმავლობაში მრავალ
ჟურნალს აქვეყნებს. მასთან მრავალი პრომეთეელი და ზ.ვ. ტოგანის
მსგავსი ზოგი თურქი პრესტიჟული ისტორიკოსი თანამშრომლობდა.
ლაპარაკია იდეათა ისტორიის ასპექტზე, რომელიც როგორც თურქეთს,
ისე დანარჩენ თურქულენოვან სამყაროს ეხება. ლტოლვილობის ათწლეულების
განმავლობაში დამყარებული კავშირების სიმტკიცემ, ნამდვილი ქსელი
შექმნა, რომელიც ომის დროს და ომის მომდევნო წლებში, ნაციონალისტური
მიზნებით იქნება გამოყენებული. დასაწერია სხვა, მიუნხენის ინსტიტუტიდან
ამ ქსელებზე ამერიკული გავლენის ისტორია.
ისტორია, რომლის ესკიზიც ჩვენ მოვხაზეთ, გვიჩვენებს იმას, რომ
ჩრდილოეთის დიდი სახელმწიფოს პირისპირ მდგომ ამ ეროვნულ მოძრაობებს,
ავტონომიის შენარჩუნება უჭირდათ: 1921 წლიდან პრომეთეელებს უხდებათ
როგორც ერთმანეთთან, ისე გარეშე სახელმწიფოებთან- პოლონეთთან,
საფრანგეთთან, გერმანიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების
დამყარება.
დღეს უნდა გავიხსენოთ, რომ 1917 წლიდან აზერბაიჯანელებს, ქართველებს,
უკრაინელებს, ჩრდილო კავკასიელებს და თურქესტანელებს ერთმანეთთან
ძლიერი და მჭიდრო პოლიტიკური და პირადი კავშირები აკავშირებდა.
მრავალი პოლიტიკოსი ერთმანეთს 1905 წლიდან იცნობდა. ლტოლვილობამ
ეს კავშირები კიდევ უფრო განამტკიცა. ისინი ცდილობდნენ საერთო
მტრის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ; ეს საერთო მტერი გახლდათ არა
მხოლოდ ბოლშევიზმი, არამედ რუსული იმპერიალიზმი საზოგადოდ.კიდევ
უფრო საინტერესოა მათი ბრძოლა ფედერატული იდეალის შესაქმნელად.
ცხადია, რომ ამ ადამიანებში უთანხმოებები იყო, მაგრამ მათმა შრომისმოყვარეობამ
და იდეალის ძალამ, ისინი ერთ მთლიან შესანიშნავ გუნდად შეჰკრა.თითქმის
ორი ათეული წლის მანძილზე თურქების და არათურქების თანამშრომლობა
ნაყოფიერი გახლდათ. თურქულენოვანთა ერთი სამყაროსადმი კუთვნილების
ცნობიერება, ალბათ მრავალი პირადი კონტაქტის დამყარებამ გააძლიერა.
და, მნიშვნელოვანი რამ: მოძრაობიდან გაძევებული არ ყოფილან სომხები,
რომელთაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მაშინ, როდესაც ისინი რუსეთის
ინტერესებს ემსახურებოდნენ და როცა თავად სომხები მოძრაობაში მონაწილეობაზე
უარს არ ამბობდნენ. მიუხედავად ამისა, სომხები მონაწილეობდნენ
ხსოვნის მრავალ მანიფესტაციაში და მათი დროებითი არყოფნით შეწუხებული
პრომეთეელები, მათ მისაღებად მზად იყვნენ (იხ. გიორგი გვაზავას
შესანიშნავი დეკლარაცია წერილში “საბჭოთა უტიფრობა”, “პრომეთე”,
ნომერი 54, 1931). |
ფოტოზე: ქრისტიან შუსელი, მიჯაჭვული პრომეთე |
დასკვნა:
თურქ მემარცხენეთა დუმილი «მოძმე ხალხების» შესახებ
შეიძლება ვცადოთ ამ პერიოდის ანალიზის მოხაზვა
და ზოგადად გარკვევა იმისა, თუ რამ განაპირობა პრომეთეელების ნაწილის
- როგორც წესი დემოკრატების და ხშირად მემარცხენეების დაკავშირება
ნაციზმთან ან ნაციზმის იმედის გაჩენა; რამ განაპირობა მოგვიანებით
პრომეთეელების დადგომა თურქეთში ნაციონალისტურად განწყობილი რადიკალური
მოძრაობების და პიროვნებების გვერდით.
პრომეთეელებს გარემოებები ათამაშებდნენ. ევროპული დიპლომატიური
ისტორიის კონტექსტში ჩაძირულნი, სახელმწიფოთა ცინიზმმა დასჯაბნა.
ეს სახელმწიფოები პრომეთეელებს მხარს უჭერდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც
ეს მათთვის სასარგებლო იყო. პრომეთეელების სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი
მათთვის მათი სახელმწიფოებრივი ინტერესები გახლდათ.
გაუგებარია, ერთა ლიგამ და დასავლეთის დემოკრატიებმა პრომეთეელები
რატომ მიაგდეს. ამან დიდი და ძლიერი იმედგაცრუება გამოიწვია.
ლტოლვილი კავკასიელი თუ თურქულენოვანი ხელმძღვანელების ეროვნული
ბრძოლა, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისგან განუყოფელი იყო. მას
შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დასავლეთის სახელმწიფოებმა და ერთა
ლიგამ თანდათანობით აღიარეს, დემოკრატიული მთავრობები სეპარატისტებად
გადაქცეულ პირებს მხარს ვეღარ დაუჭერდნენ. ბოლშევიზმის წინააღმდეგ
ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ავტორიტარული,
ფაშისტური მთავრობები. ამიერიდან, პრომეთეელების გადაბირება ფრანგ
რადიკალ მემარჯვენეთა მიერ და გერმანიის ხიბლის ზემოქმედება გარდაუვალი
იყო. ეს დამოკიდებულება, შეიძლება აიხსნას არეულობით და შეშფოთებით
ადამიანებისა, რომელთაც 1936 წლისათვის სამშობლოს დაბრუნების იმედი
გადაეწურათ. მაგრამ განა ეს იმედგადაწურულობა ნაციზმის მიმართ
მათი დუმილის, მათ მიერ პოზიციის დაუკავებლობის ასახსნელად საკმარისია?
ისინი მხოლოდ ანტიბოლშევიკურ ასპექტს ხედავდნენ. მათ გერმანიაში
გაშლილი რეპრესიებისა და დევნის დანახვა არ უნდოდათ.
განა შეიძლებოდა 1933-1939 წლებში გერმანიაში ცხოვრება, იქ
გაზეთების გამოცემა (როგორც ამას რესულზადე აკეთებდა) ან უმაღლეს
სასწავლებელში ლექციების წაკითხვა (როგორც ამას აკეთებდა ტოგანი),
გერმანიაში განვითარებული მოვლენების ხმის ამოუღებლად აღიარების
გარეშე? როგორ შეიძლებოდა, თავისი სულის დაუკარგავად, ნაცისტური
დროშის ქვეშ რაღაც ლეგიონის შექმნაში მონაწილეობა მიეღო ჩოკაის,
ესოდენ აზრიან და მგრძნობიერ ადამიანს? ნუთუ ნამდვილად ფიქრობდნენ
კაიმ ხანის და ბ.ჰაიტის მსგავსი ადამიანები რომ ნაცისტური ბატონობა
შუა აზიაზე უფრო რბილი იქნებოდა ვიდრე ბოლშევიკური?
პრომეთეელებსა და მათ მემკვიდრეებს ავტორიტარული რეჟიმებისგან
(დაწყებული პილსუდსკით) თავი შორს არ დაუჭერიათ, იმიტომ, რომ
მათ საკუთარი თავისთვის ამის უფლების მიცემა არ შეეძლოთ. «პრომეთეში»
ამაოა გერმანიის კრიტიკის ძიება... მათმა უპირობო ანტიბოლშევიზმმა,
პრომეთეელები დააბრმავა და ისინი ყველაზე ანტიბოლშევიკური სახელმწიფოს
გვერდით დადგნენ (აქ ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ პრომეთეელები
დააბრმავა და მათ უპირობო ანტიბოლშევიზმისკენ უბიძგა იმდროინდელი
დემოკრატიების სტალინის საბჭოთა კავშირთან დაახლოებამ, მთარგმნელი).
ამან განაპირობა თურქულენოვანთა ეროვნული ბრძოლისა და გერმანიასთან
ურთიერთობების საკმაოდ მღვრიე კავშირი. მით უმეტეს, რომ გერმანია,
ომის დროს თურქ-თათრებისა და კავკასიელების მხარდაჭერის მოპოვებას
ცდილობდა. ეს ამ ხალხებს ძვირად დაუჯდათ. ამ კავშირმა საბჭოთა
კავშირის მკვიდრ ხალხთა და, შეიძლება, თურქების ნაციონალიზმის
ბუნება დაამახინჯა. პრომეთეელების მრავალი ხელმძღვანელი თურქეთში
დამკვიდრდა. პრომეთეელებმა, ომის დროს , თურქეთში, ნაციონალისტურ
წამოწყებებში მიიღეს მონაწილეობა. ისინი მონაწილეობდნენ თურქულ-გერმანულ
კონტაქტებში, რომელთა მიზანი თურქეთის ომში ჩაბმა იყო.
უნდა დავასკვნათ, რომ მთელი პრომეთეული პერიოდის მანძილზე, პანთურქისტად
გამოჩენის შიში მუდამ სუფევდა. პანთურქიზმი საბჭოთა პროპაგანდის
მოხერხებული იარაღი იყო: ეს სიტყვა, მსოფლიოში პრომეთეელთა მოქმედების
დასაგმობად საფრთხობელა გახლდათ. ამის გამო, თურქეთისადმი სიმპატიის
ყოველგვარი გამოხატვა, თურქი ხალხისადმი ყოველგვარი ინტერესის
გამოვლენა, პანთურქიზმის გამოვლინებად ცხადდებოდა.
პანთურქისტად გამოჩენის ამ შიშს ცუდი შედეგები ჰქონდა: მან ხელი
შეუშალა “გარე თურქთა» მიმართ სულტან-გალიევისტური თუ მესამე სამყაროსეული
მემარცხენე ანალიზის და პოზიციის ჩამოყალიბებას. ქემალიზმს საბჭოთა
კავშირთან ურთიერთობა ერჩივნა და «გარე თურქთა» პრობლემების შესახებ
ხმას არ იღებდა. ამაზე ხმა მხოლოდ უკიდურესმა, ექსტრემისტმა მემარჯვენეებმა
ამოიღეს. მემარცხენეებმა პოზიცია დასთმეს, მათ «მოძმე თურქებისა»
და მემარცხენეების საბჭოთა (თუ ჩინურ) სფეროში ყოფნა და საბჭოთა
კავშირის მდგომარეობის გართულების შიში აბრკოლებდა .
ისე მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის დამხობამდე, ეროვნული (პატრიოტული)
მოძრაობა ანტიკომუნიზმის გარეშე ვერ იარსებებდა. ანტიკომუნიზმი
კი, თითქმის ბუნებრივად, «გარე თურქებით» დაინტერესდა. ამიტომაა,
რომ თურქეთში დამკვიდრებულ პრომეთეელებს მსმენელებად მხოლოდ მემარჯვენე
რადიკალები ჰყავდათ. ნაციონალისტები, რომლებსაც თავიდან მემარჯვენე
რადიკალური ინტერესები სულაც არ ჰქონიათ, რადიკალური მემარჯვენეობისკენ
გადაიხარნენ. ანტიკომუნისტურ მოძრაობათა და თურქულენოვან ხალხთა
ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. თურქულენოვან ხალხთა პრობლემები
მემარჯვენეთა თემად იქცა. ანტიიმპერიალისტურ ლექსიკონს ანტიკომუნისტები
იყენებენ.1917-1990 წლებში, თურქთაშორისი სოლიდარობის, თურქული
ნაციონალიზმის საკითხს საბჭოთა კავშირის ჩრდილი ეცემა. თურქული
ეროვნული მოძრაობა და ნაციონალიზმი განპირობებულია საბჭოთა კავშირის
არსებობით. ანტიკომუნიზმი მალე პრომეთეული და ეროვნული მოძრაობების
ფუნდამენტურ ფაქტორად გადაიქცა, რამაც ისინი ჯერ ნაცისტურ ბრძოლაში
და შემდეგ ცივ ომში ჩააბა. თურქული სამყაროს განთავისუფლების და
თურქულენოვანთა სოლიდარობის იდეები, რასაც ზოგჯერ ეშმაკურად და
ტყუილად პანთურქიზმს უძახიან, გარდაუვალად შთანთქა თურქულმა ანტიკომუნისტურმა
და პანთურქისტულმა მიმდინარეობამ, ვინაიდან თავისუფალი სამყაროს
გეოგრაფიული ავანპოსტის არეში გაშლილი ეს მოძრაობა, განსაკუთრებით
რადიკალური იყო.
რა მოუვა თურქიზმის ამ კონცეფციას როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ
იარსებებს? განა არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თურქიზმის ახალი იდეა
შეიძლება გაჩნდეს, რომელიც აღნიშნავს კულტურული, ეკონომიკური და
სულაც არა აუცილებლად პოლიტიკური სოლიდარობის კავშირებს და რომელსაც
ექნება 1940 წლის მნიშვნელობისაგან განსხვავებული მნიშვნელობა. |
ფოტოზე: პარიზიდან მართული და პოლონეთში დაბეჭდილი თურქეთში
გადასახლებული კავკასიელი ემიგრანტების ჟურნალი
«გორცი კავკაზა », 1934, იანვარი, n° 47 |
ფოტოზე: «გორცი კავკაზა», ყდა |
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა
და თურქულ-ირანული სამყაროს კვლევის რვეულები, პარიზი, ნომერი
16, 1993 წლის ივლის-დეკემბერი - Etienne Copeaux, Le mouvement
promethéen, Cahiers d’études sur la Méditerranée et le monde
turco-iranien, 1993, n° 16
ფრანგულიდან თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
|
|
|
|