აღმოსავლეთის
შუქი:
დღევანდელი ინტერესი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიების
მიმართ, ზოგს თითქოს უკვირს. ამას ხსნის იმით, რომ საზოგადოებას
უყვარს ბაზრის ეგზოტიკა, გემრიელი უცხო სუნელები და რომ საზოგადოება
სულ უფრო და უფრო გულგრილია დასავლური ეკლესიების მიმართ, რომელთაც
ვერ უპასუხეს მორწმუნეთა მოლოდინს, მათი ქადაგება უბრალოდ მოძველდაო,
ამბობენ ისინი.
თანამედროვე კრიზისი ეხება ეკონომიკას, მაგრამ
ის ამავე დროს ავლენს იმას, რომ ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს
და ეს ცუდად ყოფნა აავადებს სულსაც და გულსაც და ამტკიცებს იმას,
რომ მატერიალური კეთილდღეობის ნებისმიერ ფასად მოპოვებისაკენ
მისწრაფება ამაოა, ილუზიაა, რომელიც ჩვენ ძალიან ძვირად გვიჯდება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარემომცველ სამყაროში თავისუფლების
ძიება ამაოა, თუ კი ჩვენ ამ ესოდენ სანატრელ თავისუფლებას პირველ
რიგში ჩვენს საკუთარ თავში არ მოვნახავთ.
როდესაც ჩვენს თავს ვუყურებ, დასავლეთში ხშირად
ადამიანთა ყველანაირ კარიკატურას ვხედავ: ეს კარიკატურები გაუთავებლად
დარბიან, იკარგებიან და იხლართებიან ათასერთ პარაზიტ აზრში,
აკვიატებულ-აჩემებულ იდეებში და სხვადასხვა შმორში, რომელსაც
განუწყვეტლად არყევს ჰიპერტროფირებული და გადატვირთული ტვინი.
ვხედავ ერთგვარ გაუთავებელ ფსიქიურ ცოხნას, რომელიც თითქმის
არ უტოვებს ადგილს არა მხოლოდ ოცნებებს - ისინი მეტისმეტად ბევრია,
არამედ დაკვირვების და ყურადღების სულისკვეთებას, რომელიც გზას
გაუხსნიდა ახალ შემოქმედებით პასუხისმგებლობას. დასავლეთის მკვიდრთა
ნერვების მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. უსარგებლოა მათი სუნთქვისათვის
ყურის დაგდება: საკმარისია მათი დასტრესილი, შეშფოთებული სხეულების,
აშკარა აგრესიულობის, შიშის დანახვა იმის გასაგებად, რომ მათ
არ იციან ან ძლივს იციან სუნთქვა, მხოლოდ იმდენად, რომ არ მოკვდნენ.
სხვისი ყურის გდებაზე ნუ ვილაპარაკებთ, ის
ძლივს არსებობს. როდესაც სხვა ლაპარაკობს, ორი კაციდან მას ერთი
თუ უსმენს, ისმენენ აზრის ნაფლეთებს, ისევ მისდევენ თავის საკუთარ
იდეებს, რომელთაც ძლივს თუ აცნობიერებენ. ჰომო ოდნავ საპიენსი
ჩანს. ამას უძახიან სწრაფად ცხოვრებას. არ მითხრათ, რომ ეს არაა
მართალი, რომ მე ვამუქებ. მეც ასე ვიყავი და და შევწყვიტე ასეთი
ცხოვრება იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეს არაა ადამიანის ღირსი ღირსეული
ცხოვრება. ჩვენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს.
ამ ყოველდღიური მარაზმიდან გამოსვლაში ძალიან
დამეხმარა აღმოსავლეთი.
მანამდე, სანამ აგიხსნიდეთ რატომ, მინდა პასუხი გავცე ერთ კითხვას.
მეკითხებიან, თუ რატომ ვერ უნდა მოვნახოთ პრობლემების გადაწყვეტა
ჩვენს საკუთარ ტრადიციებში და რატომ უნდა ვეძებოთ ეს გადაწყვეტანი
სხვაგან, უცხოელებში. განა ჩვენს მდიდარ ცივილიზაციას საკუთარ
ავადმყოფობათა წამლის პოვნა თავის საკუთარ ფესვებში არ შეუძლია?
ვერა, ვიტყოდი მე. ეს ფესვები გათელილი და
გადამდნარია ბრმა ყალიბში. ვერა, ვინაიდან ეს ცივილიზაცია მოწყვეტილია
თავისი საკუთარი ტრადიციისაგან, ვინაიდან კათედრალების სულისკვეთება
აღარ არსებობს, ის ინკვიზიციის კოცონებზე დაწვეს ისევე, როგორც
ბუნებისა და თავისუფალი რწმენის სულისკვეთებანი. ვერა, იმიტომ,
რომ იესო ქრისტეს რევოლუციური მოძღვრება ცხოვრებას მოწყვეტილმა
საერო ხელისუფლებამ გარდაქმნა. თუმცა მე არ ვლაპარაკობ ყველაფერ
ამაზე, ყველაფერი ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. მუდამ მაკვირვებს
ის საზღვრები, ბარიერები, რომლის აღმართვასაც ცდილობენ ყველგან
და რომლებიც აღქმის სისუსტეს ადასტურებენ.
განა ჩვენ არ ვცხოვრობთ იმაზე, რასაც ედგარ
მორა (Edgar Morin) «კოსმიურ ხომალდ დედამიწას» უწოდებს? განა
ჩვენ ყველანი არა ვართ მკვიდრნი იმისა, რასაც მაკ ლუჰანი «პლანეტარულ
სოფელს» უწოდებს? დღეს და პირველად ისტორიაში, ჩვენ კაცობრიობის
მთელი წარსული და დღევანდელი ცოდნის დაუფლების შესაძლებლობა
გვაქვს: ასე, რომ ჩვენ ახალი ცივილიზაციის სამშენებლო მასალა
გაგვაჩნია. უტოპიაა? არა, საკმარისია მხედველობაში მიღება, პატივისცემა
და რეალიზაცია. თავმდაბალნი უნდა ვიყოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ
სხვა კულტურებისაგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, რომ ჩვენ
მათ უნდა ვუსმინოთ ისევე, როგორც ისინი ჩვენი მეცნიერებით არიან
დაინტერესებულნი. თუ კი მივიღებთ ცოდნას ისე, როგორც ის განცდილი
იყო სხვაგან, ეს შეცდომა იქნება, მაგრამ ამავე ცოდნის მიღება
და გადამუშავება დიდად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. ეს იცის
ხალხური სიბრძნის გარკვეულმა ფორმამ.
ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, იოგას დასავლეთში
ასეთ გავრცელებას... იოგას კურსებს დღეს ყველაზე მიკარგულ-მიყრუებულ
კუთხეებში ვპოულობთ. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანის სხეულისათვის
მოქნილობის მიმცემი და გონების დამამშვიდებელი ფიზიკური ვარჯიშის
ეს ფორმა, შინაგან მოთხოვნილებას პასუხობს.
სხვა თვალშისაცემი მაგალითია საბრძოლო ხელოვნებები.
მრავლდება კარატეს, ძიუდოს, აიკიდოს, ჯიუ-ჯიცუს შესასწავლი კურსები...
აღმოსავლური ბრძოლის ეს ძველი ფორმები თურმე ჩვენს სამყაროს
შეესაბამება. მათში საკუთარი თავის ფლობის ის სულისკვეთებაა,
რომელიც სხვაგან არ სჩანს. წარმატება დიდია, ინტეგრაცია მოხდა.
და ძენი? რითია მიმზიდველი ბუდიზმის ეს იაპონური
შტო? მის მიმზიდველობას მისი ბაღების ესთეთიკა, ჩაის ცერემონიის
დელიკატურობა და მისი გრაფიკული ხელოვნებების ლეგენდარული დახვეწილობა
განაპირობებს. ძენის მიმზიდველობას განაპირობებენ აგრეთვე მკვეთრი,
მოულოდნელი კოანები, ეს გამოცანები, რომელთა მიზანიცაა შოკის
მეშვეობით ცნობიერების გაღვიძება.
სახელგანთქმულია შემდეგი კოანა: «როგორი იყო
თქვენი სახე თქვენი მშობლების გაჩენამდე? »
რჩება ჟანრის მოდელი. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს
დასავლეთის აღფრთოვანება ჰაიკუებით: ამ თვალის ჩაპაჭუნებისავით
მოკლე ლექსებით...
მ. მ. დავი, ა. დეჟარდა, ე. მორა,
მ. რანდო
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა |