მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გოეთეს ფაუსტი თანამედროვე ფრანგი პროფესორის თვალით

სინათლისაკენ მისწრაფებასა და წყვდიადის მომხიბლაობას, სულის მიერ შთაგონებულ უმაღლეს იდეალსა და მისი ცხოველური ბუნების ხორციელი სიამოვნებისკენ მისწრაფებას, სიკეთესა და ბოროტებას, ერთგულებასა და ღალატს შორის გაწეწილი ადამიანის არქეტიპია ფაუსტი. ღვთაებრივი სული ცისკენ მიეზიდება მას, «მუდამ უარმყოფელი სული», სატანა კი ტალახისკენ მიექაჩება. , მარად ქედმაღალს ცოდნის საზღვრების გაფართოება, მატერიალური სამყაროს დამორჩილება სურს ღმერთთან გათანასწორების, გათანაბრების მიზნით. თუ მიწაზე ვერა, მას თავისი ნების აღსრულება და გრძნობიერი სიამოვნების უსასრულო განახლება ცაში მაინც სურს. გოეთეს გენია, ესაა ადამიანის სულის მამოძრავებელი ძალების გარდაქმნა თეატრის პერსონაჟებად.


ფოტოზე: მათო მოლიტორი, ბრინჯაო, ფაუსტის სცენა «აუერბახის სარდაფის» წინ – ფაუსტი და სტუდენტის მომხიბლველი მეფისტოფელი, ლაიფციგი, გერმანია
სტუდენტობის წლებში, ლეგენდარული «აუერბახის სარდაფის» ხშირი სტუმრები გახლდნენ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და კონსტანტინე გამსახურდია.

ეჭვიანი თანამედროვების დადგომამდე, ადამიანებს არა მხოლოდ ეშმაკის არსებობის სწამდათ. მათ სწამდათ, რომ შეიძლებოდა ეშმაკთან შეთანხმება, გარიგება: ადამიანს, სატანას თავის მსახურად გადაქცევა შეეძლო ამქვეყნად იმ პირობით, თუ მას მარადისობისთვის საკუთარ სულს დაუთმობდა. სწორედ ამას სჩადის ფაუსტი, თუმცა გოეთე გვეუბნება, რომ იგივეს გაკეთებას ყოველი ადამიანი ცდილობს.
ჩვენი ყოველდღიური კომპრომისებით ჩვენ ყოველდღე ეშმაკს ვურიგდებით იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაშია ეს ფუნდამენტური ცდუნება: «პროლოგი ცაში», რომელიც პიესას ხსნის, წარმოადგენს «იობის წიგნის» ერთგვარ პარაფრაზას, ღმერთის და სატანას საუბარს ცნობილი დოქტორ ფაუსტის შესახებ:

« - უფალი: ის შეუპოვრად მეძებს წყვდიადში და მე მსურს მისი სინათლისაკენ მალე წაყვანა...
მეფისტოფელი: გნებავთ დავნაძლევდეთ, რომ თქვენ მას კიდევ დაკარგავთ? მომეცით საშუალებათა არჩევის უფლება, რათა ის ჩემს გზებზე ნელა გავიყოლო.
უფალი: შენ შეგიძლია ის აცდუნო მანამდე, სანამ ის ცხოვრობს დედამიწაზე. სახლიდან გასული ყოველი ადამიანი შეიძლება რომ გზას ასცდეს.»

მაშასადამე, ფაუსტი არსით ჭეშმარიტების ძიებაშია. სწორედ ამიტომ იკვლევს ამდენს და აგროვებს ასოდენ ცოდნას. ამავე დროს, ის ხორციელი არსებაა, მიწაზე ცხოვრობს და ამდენად ყველა ცდუნებას უნდა გაუძლოს. მისი საწყისი, თავდაპირველი ცოდვა ისაა, რომ ის თავისი ძიების ცენტრში არ აყენებს ღმერთს და მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული, საკუთარი ნარცისიზმი მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. იგი მუდამ დაუკმაყოფილებელ წადილთ ჰყვება: «მე ასე წადილიდან გადავდივარ ტკბობაზე და ტკბობაში ვწუხვარ წადილზე.»

ფაუსტი «მიჰყიდის თავის სულს მეფისტოფელს» სასოწარკვეთილებით, ზიზღით, ერთგვარი ნიჰილიზმით, რომელიც მას საკუთრი უძლურების პირისპირ იპყრობს. თუმცა თავისი სისუსტის თავმდაბლად მიღების სანაცვლოდ, სცოდავს ქედმაღლობით - თავად ღმერთს გამოიწვევს. მხოლოდ მასხრადაგდებულ და მიტოვებულ მარგარიტას ძალუძს სიყვარულის ძალით საკუთარი თავისგან მისი ხსნა. მხოლოდ მარგარიტა, ცოდვის გამოსყიდვის სიმბოლო, მეფისტოფელის მძიმე და ბნელი არსებობის ანტითეზა, გადაჰკვეთს პიესას სინათლის სხივივით. მას «ხსნა» ელის სიკვდილში, საიქიოში გადასული მისი სინანულის ცეცხლით დადაღულ ფაუსტს იგი უკან, სააქაოში სტოვებს.

გოეთემ ოცდაათზე მეტი წელი მოანდომა ნაწარმოების დასრულებას, უეჭველად იმიტომ, რომ წერა მისგან ურთულესს - საკუთარ ბნელ მხარესთან და ილუზიებთან დაპირისპირებას მოითხოვდა. ფაუსტის დრამატული კონსტრუქცია მკითხველს მოუწოდებს იგივეს ქმნისკენ. საკუთარ გულში ღრმად ჩახედვის, საკუთარი არსის წვდომის გარეშე, ვერავითარი ფარდა ვერ აიხდება.

«ბურუსი, ტყუილის საყრდენი, ნათდება ამ ბორცვებზე: ქარი ათრთოლებს ლერწმებს და ყველაფერი გაიქცა ამაო სიზმარივით...»

ლიტერატურის მეცნიერებათა დოქტორი ლეილ ანვარი
ფრანგული ჟურნალი «რელიგიათა სამყარო», 2011 წლის მაის-ივნისის ნომერი


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."