მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ილია ჭავჭავაძე: ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა ერის მერმისისათვის
საფრანგეთის მეცნიერი, სახელგანთქმული რენანი, ჰლაპარაკობს რა ქრისტეს აქედ, პირველის საუკუნის ნახევარზედ და გვიხატავს რა მთელის ქვეყნიერობის ცხოვრების სურათს ამ ხანში, ამბობს, რომ თუმცა რომის იმპერია მოწამლული იყო მრავალგვარის მწიკვლითა და გარყვნილობითა, მაგრამ მაინც ეს დრო იმისთანა არ იყო, რომ კაცს ამ მხრით სასოება წარეკვეთნა და ქვეყნის ზნეობითად დამხობის მოლოდინს მისცემოდაო. “მართალიც არისო, განაგრძობს რენანი: ძველი სული რომისა კიდევ ჰსცოცხლობდა და ჰტრიალებდა. პატიოსნება კაცურის ხასიათისა ჯერ შორს იყო საუკუნოდ წაწყმედისაგან და არ გამქრალიყო. დიდნი ანდერძნი თავმოწონებულის რიდისა და სათნოებისა შეიკედლა თავის საფარველს ქვეშ ზოგიერთმა ოჯახმა, რომელმაც იმპერატორის ნერონის დროს ხელისუფლებამდე მიაღწიეს და ბრწყინვალე შარავანდედი მოჰფინეს ანტონინების საუკუნესა, მჭერმეტყველებით ტაციტის მიერ აღწერილსა. იგი დრო, რომელმაც გამოზარდა, გამოაყენა, ახეირა ისეთი ღრმად პატიოსანის ჭკუის კაცნი, როგორც კვინტილიანი, პლინი უმცროსი, ტაციტი, იმისთანა არ იყო, რომ შესაძლო ყოფილიყო ადამიანი სასოწარკვეთილებას მისცემოდა, უმართებულობა ზედაპირისა თავის დღეში არ დასვწვდენია იმ დიდს საძირკველს პატიოსანებისა და ჭკვათამყოფლობისას, რომელსაც რომის კარგი საზოგადოება შეადგინა. ზოგიერთი ოჯახები ჯერ კიდევ თავდადებულნი იყვნენ კეთილზნეობისათვის, მოვალეობის ერთგულებისათვის, თანხმობისა და სათნოებისათვის. კეთილშობილ სახლეულობაში კაცი შეხვდებოდა დიდად პატიოსანს მეუღლეს, მშვენიერს და დიდად პატიოსან დასა. განა ყოფილა ვისიმე ბედი გულშესატკივებელად სამაგალითო, როგორც ახალგაზრდა და უბიწოებით სავსე ოკტავიასი, კლავდიის ასულისა და ნერონის ცოლისა, რომელსაც სიწმინდე თვისი არ შეუბღალვია არც ერთის მოქმედებითა, თუმცა ბილწი, მწიკვლი გარს ეხვია! იგი ოცდაორის წლისა მოაკვდინეს, ესე იგი, მაშინ როცა ჯერ არც ერთი სიხარულიც არ ეგემნა ქვეყნიერობაზედ. ცოლები ქმრებს მისდევდნენ ექსორიაში, სხვანი ქმრებთან ერთად ჰრჩეობდნენ სახელოვანს სიკვდილსა. ძველი, სადა ცხოვრება რომისა არ იყო გამქრალი, შვილებს დიდის ზრუნვით და თავდადებით ჰზრდიდნენ. ქალები დიდის ოჯახებისა და გვარეულებისა არა ჰთაკილობდნენ მატყლის კეთებასა და რთვასა; მორთვისა და პრანჭიაობის ზრუნვა კარგს ოჯახებში თითქმის არც კი იცოდნენ, რა არის”.

ფოტოზე: მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი, წმინდა ილია მართალი - ილია ჭავჭავაძე (1937-1907)
გარდა ამისა, რა საოცარი მაგალითებია მაშინდელი კაცების დიდბუნებოვანობისა, ნუთუ მართლა გამოკეთების ძალნი თვითვე არ აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ჰბადავს, ჰზდის და გამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს? განა ამ შემთხვევაში სამართლიანად ხელზედ დასახვევი და ჭკუად მისაღები საბუთი არ არის, მაგალითებრ, ჰელვიდი პრისკუსის გმირობა, რომელსაც თვით რენანი მოგვითხრობს? ეს ჰელვიდი ვესპასიანის დროსა სცხოვრობდა და რადგანაც ამხილებდა იმ დროების ბოროტსა, სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს და როცა ვესპასიანმა ეს გამოუცხადა, ჰელვიდმა მშვიდობიანად და თავმოწონებით უთხრა: “შენი საქმეა კვლა და ჩემი საქმე კი კაცურად სიკვდილიო”. ანუ მაგალითებრ დემეტრე ცინიკის ამბავი, როცა განრისხებულს და გამწყრალს ნერონს უპასუხა: “თქვენ მე მემუქრებით სიკვდილს და ბუნება თქვენ გემუქრებათ მაგასვეო”. ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეჰსუსტებია. ამაებზედ აფუძნებს რენანი იმ აზრს, რომ, საცა მის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანნი ჯერ კიდევ არსებობენ, ბინას ჰპოულობენ და თავს ირჩენენ, იქ საზოგადოება ჯერ შორს არის აღმოფხვრისაგანა და გამძლეობის ძალნი თვითვე აქვსო. კაცობრიობა კი არა, რომი დაეცა, ვითარცა თვითმპყრობელი მაშინდელის ქვეყნისა და მის გასამძლეო ნაშთზედ აშენდა ახალი ქვეყანა, წარმოდგნენ სხვა, ახალნი თუ ძველნი ერნი, რომელთაც დღეს სვე-ბედი ქვეყნიერობისა ხელთ უჭირავთ და კაცობრიობას წინ უძღვებიან.

ჩვენ ამ აზრის გარჩევაში არ შევალთ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ძალიან დასაფიქრებელი აზრია, გულში მეტად მოსახვედრია და დასაჭდევი. მართალია იგი, თუ არ არის მართალი რომის ისტორიის ახსნისათვის, მაინც ძნელია კაცმა მაგ აზრს ანგარიში არ გაუწიოს, როცა რომელისამე ერის ყოფა-ცხოვრებაში ღრმად ჩაიხედავს. ეს ერთი კი, ჩვენის ფიქრით, უეჭველია: თუ რენანის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანი დედაკაცობისა, თუ მამაკაცობისა, აქა-იქ საზოგადოებაში დარჩენილნი, არ არიან თავმდებნი ბევრ წილად მიხწნილის ერის გამოკეთებისა, გამობრუნებისა, ამ სათნოებათა არქონა კი უსათუო ნიშანია, რომ ერი ქვეყნის ზურგიდამ ასაგველად გადადებულია. თუ ამ სათნოებათა კანტი-კუნტად ქონა ვერ შესძლებს ერი წინ წააყენოს გამოკეთების გზაზედ, არქონა კი უსათუოდ უკან დამწევი მიზეზია. ამიტომაც ერს, რომელსაც დღეგრძელობა და მერმისი ჰსურს, ერთი ფიქრი უნდა ჰქონდეს: სათნოება დარგოს და ახაროს თავის გულში, თავის ოჯახში. ამისათვის საჭიროა ზნეობის ამაღლება და გაწმენდა. ამაზედ უნდა მიიქცეს მთელი ღონე ერის გულშემატკივარის კაცისა. იგი დედა, თუ მამა, რომელიც თავისი შვილისათვის მზრუნველობას იმაზედ არ მიაქცევს, რომ კაცური კაცი გამოუვიდეს, იგი ჭიაა, რომელიც თავის ერს მერმისის ძირს უთხრის და უღრღნის დღე მუდამ და იქნება არც კი ჰგრძნობდეს, რა ცოდვაში ჰდგება: იგი ნელ-ნელა ჰლესავს დანას, რომელსაც ადრე იქნება თუ გვიან ყელი უნდა გამოსჭრას მისვე შთამომავალსა, მისვე ერსა.

ტფილისი, 16 აპრილი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."