მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მიხეილ წერეთლი: ილია ჭავჭავაძის მოკვლა
ნახევარმა საუკუნემ განვლო მას აქეთ, რაც ილია ჭავჭავაძე მოიკლა ვერაგულად.
ის მართლადაც "შავი დრო", როდესაც უდიდესი ქართველი ტყვიით წააქციეს, დასაწყისი იყო საქართველოს უკანასკნელი ტრაგედიისა.

რად იყო ილია ჭავჭავაძის მოკვლა ქართველი ერის ტრაგედია? იმიტომ რომ მან დაჰკარგა დიდი მწერალი და დიდი მოღვაწე? არა: ილიას თვისნი დიდნი საქმენი უკვე აღსრულებულნი ჰქონდენ, იგი უკვე მოხუცი იყო, საუკუნოდაც არავინ ცოცხლობს და ცხოვრების მიმწუხრს მოსალოდნელია ყველასათვის ამ სოფლითგან განსვლა. იმიტომ რომ იგი ქართველთა ხელით მოიკლა? არა: უბედური შემთხვევის, ან მეკობრეთა თავდასხმის მსხვერპლი შეიძლება ყველა შეიქმნას, სულ ერთია ვინ არის დამნაშავე, უცხო თუ თანამემამულე მსხვერპლისა. რად იყო ილიას მოკვლა დასაწყისი საქართველოს უკანასკნელი ტრაგედიისა? იმიტომ რომ იგი დღემდე გრძელდება და შეიძლება მართლადაც უკანასკნელი იყოს დღეს მოსაკლავად განწირული ქართველი ერისა.აქ ნათლად უნდა ვხედავდეთ მიზეზს ამ საშინელი მოვლენისა, რომელიც ილიას მოკვლით დაიწყო, და არა ვაბრალოთ მკვლელობის დანაშაული მეკობრეთ, ან რუსის ჟანდარმთ, და ამით გავამარტივოთ რთული მოვლენა და სინიდისი დავიმშვიდოთ, რომ ქართველ ერს ილიას მოკვლის დანაშაული არ მიუძღვის და სხვა.

ილია დაეცა იმ ბრძოლაში, რომელიც წარმოებდა საქართველოში ილიას ეროვნულ იდეოლოგიასა და უცხო, შორითგან შემოტანილ მარქსიზმს შორის. ამ უკანასკნელის "რევოლუციონურმა" სიმკაცრემ და დაუნდობლობამ იმსხვერპლა საქართველოს დიდი "წინასწარმეტყველი", მოვლენა, რომლის მსგავსი სხვაგანაც გვინახავს. ქართველ ერს კი არ მიუსჯია სიკვდილი თვისი "წინასწარმეტყველისათვის", არამედ ვნება მას არგუნეს სასჯელად იმ უსჯულო სინიდისის ქართველთ, რომელთაც ერი არ სწამდა და ილიას მოკვლის თოთხმეტი წლის შემდეგ თვით მთელი ერი, მონობისაგან ახლად განთავისუფლებული, უცხო ძალებით შეიპყრეს, ჯვარს-აცვეს და დღემდე ჯვარზედ ჰყავთ გაკრული.

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო: ილია ჭავჭავაძე (1937-1907)
ილია ჭავჭავაძისთვის ერი ცოცხალი საზოგადოებრივი პიროვნება იყო, ერთი მრთელი რამ, რომლის ნაწილთა შორის ვერავითარი განსხვავება მას ვერ შლის და არც უნდა დაშალოს იგი. დასაბამითგან დღემდე ცხოვრება ქართველი ერისაც მუდამ ცვალებადი იყო, ხოლო თვით იგი იმავე პიროვნებად დარჩა. დროთა სრბოლაში, მისი ისტორიის განმავლობაში მას არა თუ მხოლოდ თვისი განსაკუთრებულ თვისებათა მქონე მოდგმა შეუნახავს, არამედ მას შეუქმნია დიდნი ღირებულებანი კულტურისა. ხშირად განმცდელი დიდი ტრაგედიისა, ხშირად დამარცხებული და განადგურებული, იგი მუდამ იყო მცდელი თვისი ენერგიით ნაცართაგან კვლავ აღდგომისა და განახლებისა, და ამ ენერგიის წყარო იყო ყოველი ნაწილი მისი, ერის შვილი ყოველი სოციალური მდგომარეობისა, ყოველი წესწყობილების დროს. ,,ჩვენ ყველანი ერთნი ვართ", ერთი ერის შვილნიო, ამბობდა ილია და სამსახურიც საზოგადოებისა მისთვის ერის სამსახური იყო, გაუმჯობესებისათვის და წინსვლისათვის ყველა მის ნაწილთა, ყოველი მისი წევრის უზრუნველყოფილ, თავისუფალ, შეგნებულ და ღირსების მქონე პიროვნებად ქცევისა, ერთობ მთელი ერის სამარადისოდ და ღირსეულად თვითმყოფობისათვის. ერის ნივთიერი სიმდიდრე ყველასათვის უნდა იყოს წყარო კეთილდღეობისა, და არა ერთი ნაწილისათვის ერისა, და ენერგიის გაღება ამ სიმდიდრის ზრდისათვის ყველას მოეთხოვება. უწარსულო ერი უღირია, ეს თვით იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება საუკუნეთა განმავლობაში უქმი, და თვით იგი ყოველი შემოქმედებითი ნიჭის არა-მქონე ყოფილა. ხოლო რაც წარსულში ერს შეუქმნია დიდი და სამარადისო ღირებულების მქონე, მას შესწავლა, ცოდნა, პატივი უნდა, რომ კულტურულ ერად დადგეს იგი სხვა კულტურულ ერთა შორის. ,,კეთილის" შენახვა და ,,ჯერკვალის" განგდება ერის ნამოქმედართაგან წარსულისა, ცხოვრების რომელი დარგითგანაც უნდა იყვნენ იგინი, ერთი უდიდეს საზრუნავთაგანია ერის მსახურისათვის, ვინაიდან მხოლოდ წარსულთან უშუალო კავშირი ინახავს იმ სულს, რომელიც მას უდგას იმ დღითგან, როდესაც ერი ერად გახდა. ხოლო გმობა წარსულისა საკუთარი თავის გმობაა, და მოწყვეტა მისგან, გადაგვარება, არარად ქცევა, და არა განახლება ცხოვრებისა.

შორს წაგვიყვანდა ილია ჭავჭავაძის მსოფლიოს ხედვის აღწერა. ვიკმაროთ ეს, რაც ვთქვით. ამ აზრებით ხელძღვანილი ემსახურებოდა ილია თვის ერს საქართველოს, სიტყვით, კალმით და საქმით. დიდი პოეტი, ძლიერი თეორეტიკოსი, შეუდარებელი პუბლიცისტი, მრავალფერი ცოდნით აღჭურვილი და აროდეს უსაბუთოდ და უსაფუძვლოდ მწერალი ან მეტყველი, დიდი ენა-მჭევრი, დაუძინებელი მოქმედი ყოველი საქმისა, რომელიც ესაჭიროებოდა ქართველ ერს, მთელ ქართველ ერს, აი ვინ იყო ილია ჭავჭავაძე, და რა საკვირველია, თუ მან უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა ქართველ ერის შორის მისი ხანგრძლივი ღვაწლით და თუ იგი ბუნებრივად გახდა მეთაური, ხელმძღვანელი, დამცველი, მესაიდუმლე, "წინასწარმეტყველი" მისი. ილიას ,,შრომის ახსნაც" სწამდა ყველგან, იგი არ იყო არც ისეთი ,,ნაციონალისტი", მხოლოდ მისი ერი რომ სწამს და სხვა არც ერთი. მან ისიც იცოდა, რომ ხშირად მხოლოდ ძალით, რევოლუციით მოიპოვებს ჩაგრული ნაწილი ერისა თავისუფლებას და შეიქმნის უკეთესს ცხოვრებას, მაგრამ ისიც იცოდა, რომ დეგენერაცია რევოლუციის იდეისა ბრძოლის პროცესში და მის ხელმძღვანელთა უგუნური ხელმძღვანელობა ტერორითა და სისხლის წყურვილით ერის საუკეთესო ნაწილს სპობს, და ამით ე. წ. “მონაპოვარი” რევოლუციისა დიახ კნინი და მცირეა ხოლმე მასთან შედარებით, რაც გახელებულთა აღტყინებას ვნება მიუყენებია ერისათვის, და შეიძლება ისეთი "ახალი" რამ გამოვიდეს აგრე გამხეცებული რევოლუციითგან, რომ "ძველი" სანატრელ განმქრალ სამოთხედ ეჩვენებოდეს ყველაფრისაგან განძარცულ ადამიანს. მაგალითებს ასეთ მოვლენათა ბევრს ვხედავთ ისტორიაში და ერთი უდიდესი თვალ-წინ გვაქვს. და ილიამ ისიც იცოდა, რომ საკუთარი ერის უფლებათა დაცვა არ ნიშნავს მეზობლის მტრობას და წახდენას, "უმეზობლობისადმი" მისწრაფებას, არამედ მისი იდეალიც ერთა შორის თანხმობა და მშვიდობა იყო.

სრულიად სხვა რამ იყო საქართველოში შემოჭრილი უცხო მსოფლიოს-ხედვა მარქსიზმი, და იდეოლოგია და საქმე მის მიმდევარ ქართველთა. ფილოსოფია მარქსიზმისა გამატერიალისტებული დიალექტიკაა იდეალისტის ჰეგელისა, ერთად-ერთი "მეცნიერული" სწავლა ბუნების ყველა მოვლენათა და მსგავსადვე სოციალურ მოვლენათა ახსნისათვის, ისტორიის გაგებისათვის, კულტურული კაცობრიობის მომავლის განჭვრეტისათვის და სხვ. "ეკონომიური მატერიალიზმი", ანუ "ისტორიული მატერიალიზმი", ანუ "დიალექტიური მატერიალიზმი", აი რა არის მარქსიზმის მეცნიერება და მარქსისტები დიალექტიკის განგებით გარდაუვალი სოციალიზმის მოძღვრებას "მეცნიერულ სოციალიზმად” უწოდებენ, თუმცა არც ერთ ნამდვილ მეცნიერებას არც წინათ დასჭირვებია იდეალისტური ან მატერიალისტური დიალექტიკა თვის აღმოჩენათათვის და არც დღეს სჭირდება მას იგი არსად, გარდა “საბჭოთა” კომუნისტურ "პროლეტარული" საზოგადოებისა. იდეათა იმ სისტემაში, სადაც საწარმოო საშუალებათა განვითარება და განმრავალფეროვნება ჰქმნის ეკონომიურ აგებულებას საზოგადოებისა; სადაც ეს ეკონომიური აგებულებაა საფუძველი. სხვა ყველაფერი სულიერ-კულტურული კი ზედნაშენი მასზედ, ყოველთვის შეცვლილი საფუძვლის შეცვლის შემდეგ, სადაც ეკონომიურ განვითარების ნიადაგზედ წარმოშობილ კლასთა შორის ბრძოლაა მთელი ისტორია კულტურულ ერთა და ამ ბრძოლაში გამარჯვებულ გაბატონებულ კლასთა ბატონობა მხოლოდ დამარცხებულ კლასთა საესპლოატაციოდ არის განმტკიცებული და საფუძვლად უდევს სახელმწიფოთა ცხოვრებას; სადაც უკანასკნელ, კაპიტალისტურ ხანაში საზოგადოებათა განვითარებისა პროლეტარიატია ჩაბმული ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლაში, პროლეტარიატი, რომელიც არც სამშობლო აქვს, არც არაფერი სხვა, გარდა ბაზარზედ გასაყიდი სამუშაო ძალისა, პროლეტარიატი, რომელიც იზრდება კაპიტალის კონცენტრაციასთან ერთად და ირაზმება შეგნებულ მხედრობად, რომ თვით გაბატონდეს, თვით ბურჟუაზიული დემოკრატიზმის ხანის განვლითაც და თვისი დიქტატურით უკლასო საზოგადოება შექმნას მთელ მსოფლიოში "ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციის" შემდეგ, მსოფლიო კომუნიზმი, და ამით იქმნას დიალექტიკის განგება: თეზისი პირველყოფილი კომუნიზმი, ანტითეზისი, უარ-ყოფა მისი კერძო საკუთრებაზედ დამყარებული კლასთა საზოგადოებანი მშრომელთა ექსპლოატაციისა, კვლავ თეზისი უარყოფა უარყოფისა მსოფლიო კომუნიზმი, უკლასო საზოგადოება, სადაც ექსპლოატაციას ადამიანისა ადგილი არ ექნება, და სხვ. და სხვ. ასეთ სისტემაში ადგილი არა აქვს არც შემოქმედებით სულს ადამიანისა, არც სულს საზოგადოდ, არც სარწმუნოებას, არც წარსულისა და მის კულტურათა ნამდვილ გაგებას და დაფასებას, არც ერს და მისი პიროვნებისა და მის განსაკუთრებულ უფლებათა დაცვას. ეს მოძღვრება დამშლელია ერის მთლიანობისა, მისი სულიერი ორგანიზმის განმანადგურებელი, და ამით დამაშრობელი კულტურის წყაროისა, ვინაითგან არავითარი დიდი კულტურა ერის გარეშე არ წარმოშობილა და მსოფლიო კომუნიზმის წიაღში მისი დეგენერაცია და სრული გაქრობაც იქნება აუცილებელი, მით უმეტეს, რომ მარქსიზმისათვის უცხო და მიუღებელია, და სამტროც, ყოველივე არისტოკრატიული, რჩეული ერის შორის, ხოლო ის ერი, რომელსაც ვერ შესძლებია თვისი წიაღითგან არისტოკრატიულ ელემენტთა შობა, ყოველთვის არარაობა ყოფილა კულტურული შემოქმედების მხრით. თვით დემოკრატიაც არარაობაა, არავითარი ღირებულების მქონე თუ თვით "დემოსი" არად ვარგა, ესე იგი მოკლებულია ყოველ "არისტოკრატიას". არისტოკრატია "წოდება" არ არის, რაგვარადაც ზოგს ჰგონია, არამედ შერჩეული ჯიში ერის შორის, შემქმნელი ერის კულტურისა მისი დიდებისა, თავსმდები აღურაცხელ მოვალეობათა მის დასაცავად, სახელმძღვანელოდ და მარადის-ყოფად.

აი ამ მსოფლიოს-ხედვის წინააღმდგომ მოუხდა ბრძოლა ქართულ ნაციონალიზმს. ვხმარობ ამ სიტყვას მისი ნამდვილი მნიშვნელობით და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მის განქიქებას ცრუ-ჰუმანისტთა მიერ, რომელთაც, თითქოს რაღაც უმაღლესი იდეის მსახურთ, არც ერთი ერი არ სწამს, არც საკუთარი და არც უცხო! კონფლიქტი აუცილებელი იყო და ნაციონალისტთათვის ბრძოლა ძნელი, არა იმიტომ, რომ მარქსიზმის დებულებანი თეორიულად აუღებელ სიმაგრეთ წარმოადგენენ, არამედ სიძნელე სულ სხვა გარემოებისაგან იყო შექმნილი: რუსეთის მიერ საქართველოს მოტყუებით და ვერაგობით შეპყრობისა, მისი სახელმწიფოს მოსპობისა და ერის განძარცვის შემდეგ ყველა მის დაწესებულებათაგან, საუკუნეთა განმავლობაში ბრძოლით ისეც დაღლილ ქართველ ერს ახლა ძველებზე უფრო ძლიერ მტერთან მოუხდა ბრძოლა, და კიდე შესძლო მან ოც და ათის წლის განმავლობაში გამაგრება მის წინააღმდგომ, ბრძოლა, რომელიც მისი დამარცხებით უნდა გათავებულიყო. ძალა-მიხდილს ახლა მას მოსვენება სჭირდებოდა და სხვა მოქმედებით, მშვიდობიანი შრომით გამომრთელება, ზრდა და განვითარება. და მის მოღთვაწეთა მიზანი იყო შექმნა ერის ორგანოთა, ნაცვლად რუსეთის მიერ მისგან მოკვეთილთა, რომ გამაგრებულს, გაძლიერებულს, რიცხობრივად, ნივთიერად და სულიერად გაზრდილს ერს კვლავ დაეწყო ბრძოლა პოლიტიკური თვით-მყოფობის აღსადგენად. ეს ძნელი, დიდი და რთული საქმე იყო და მისთვის ილეოდა მთელი ენერგია ქართველ ეროვნულ მოღვაწეთა. მათთვის შეუძლებელი იყო რევოლუციონურ ნაციონალისტურ რაზმთა შექმნა პოლიტიკური ბრძოლისათვის არა თუ ხალხის მასათა, თვით ინტელიგენციას შორისაც. უცხოეთში ქართული ეროვნული საკითხი არც ერთი სახემწიფოსათვის არ იდგა, და ბრძოლის განახლება უდიდესი იმპერიის, რუსეთის წინააღმდგომ შეუძლებელ რამედ და აბსურდად იყო მიჩნეული ქართველ მოღვაწეთაგან. მხოლოდ გვიან, ქართველი ერის ოდენ მომაგრების შემდეგ ზემოთ-მოხსენებულთა ღვაწლით, დაარსდა სოც. ფედერალისტთა პარტია, გარკვეული სოციალურ-პოლიტიკური პროგრამით, საქართველოს ავტონომიით და სხვ. ქართული საკითხი უცხოეთის წინაშე მათ დააყენეს და თვით საქართველოში მათ შექმნეს კადრები პოლიტიკურ მებრმოლთა ინტელიგენციისაგან და ხალხის ყველა ნაწილისაგან. 1905 წ. ეს კადრები ქართულ ეროვნულ-სოციალისტთა უკვე მებრძოლ ძალად გამოდის რუსეთის თვითმპრობელობის წინაადმდეგ და მეტოქედ სოციალ-დემოკრატთა, ერის უფლებათა დამცველად, მათი აღდგენის მომთხოვნელად. ილია ჭავჭავაძის იდეათა აღმსარებელ ქართველ პოლიტიკურ მებრმოლთა დარაზმვა კი უფრო გვიან, ილიას მოკვლის შემდეგ შეიქმნა შესაძლებელი. და ამას წინ უსწრებდა კიდე მცირე ორგანიზაციულად, მაგრამ იდეით რადიკალური ნაციონალისტთა ჯგუფი, მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, ბოლოს თანამოქმედი ილიას მიმდევართა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მათი პოლიტიკური ბრძოლის მიზნად დაისახეს.

ხოლო ესე ყოველი მცირე იყო იმასთან შედარებით, რაც მარქსიზმმა შექმნა საქართველოში პოლიტიკური დარაზმულობის მხრით. მარქსისტებს შეეძლოთ დარაზმულ ძალთა უპირატესობა მოეპოვებიათ საქართველოში, და ამისი მიზეზი აი რა იყო: მათი პროგრამა მხოლოდ პოლიტიკურ-სოციალური იყო, არა ეროვნული. მათი პროგრამის ე. წ. მინიმუმის განხორციელება შესაძლებელი იყო და არა ოცნება: მოსპობა თვითმპყრობელობისა, დამყარება დემოკრატიისა რუსეთში მშრომელთა მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვ., შექმნა წესწყობილებისა, რომელიც აგრეთვე მოისპობოდა შემდეგ და მთელი კაცობრიობა შევიდოდა სოციალისტურ სამოთხეში. ამისთვის იბრძოდა რუსის ხალხის და რუსეთში მყოფ სხვა ხალხთა დიდი მასები და ამ დიდ მოძრაობაში შესვლა მისცემდა ქართველ ხალხსაც იმედს უკეთესი მომავლისა. გარდა ამისა მარქსისტულ-სოციალისტური მოძრაობა საერთაშორისო იყო, და ქართველი ხალხიც, რომელიც რუსის და რუსეთში მყოფ ხალხებთან იბრძოლებდა საერთო მიზანთა მისაღწევად, დიდ ინტერნაციონალთან იქმნებოდა გადაბმული. მთელი რუსეთის და მთელი კაცობრიობის ამ უზარმაზარ მოძრაობაში შესვლით მას ზურგი ექმნებოდა გამაგრებული და ამით მისი ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდებოდა. თუ ვისმე მაინც საჭიროდ მოეჩვენებოდა ყოველივე ამასთან ერთად ქართველი ერის უფლებათა ხსენებაც, მას უპასუხებდენ, ამგვარი რამ დღეს არა მარტო მშრომელთა ,,კლასობრივი შეგნების დაბნელება" იქმნებოდა, არამედ ხელის შემშლელი საერთო დიდი მოძრაობისა. და ამას გარდა, დამყარდება რა გამარჯვების შემდეგ ყოველთა მაცხონებელი დემოკრატია, სხვა საკითხებთან ერთად ეროვნულიც ადვილად გადასაწყვეტი იქნება რუსეთშიო. ფანატიკოსმა რევოლუციონერებმა, რომლებიც ბრძოლის საშუალებად ტერორს იყენებდნენ, და თვით თავსაც არ ზოგავდნენ, არ ერიდებოდნენ არც დევნას მთავრობის მიერ, არც ციმბირს და კატორღას, არც სახრჩობელას, შექმნეს ძლიერი კადრები თავგანწირულ პროპაგანდისტთა და დარაზმეს საქართველოში ხალხი, ამგვარად სრულიად განთავისუფლებული წმიდა ეროვნული ბრძოლის სიმძიმისაგან და სიძნელეთაგან: შიგნით ბრძოლა მშრომელთა კლასისა "მყვლეფელთა" წინააღმდეგ, განსაკუთრებით თავად-აზნაურობისა, ცხოვრების ეკონომიურად უმჯობესად შეცვლისათვის, გარეთ სხვა ერებთან თანაბრძოლა მთელი რუსეთის დიდ მოძრაობაში პოლიტიკურ მიზანთა მისაღწევად, დემოკრატიის დასამყარებლად, და სხვ!.. ქართველებს ყველაფრის გადაჭარბება გვიყვარს, და ჩვენი მარქსისტებიც ისე შორს წავიდენ თვისი ანტინაციონალიზმით, რომ "ხალხს" აყვირებენ, არ "გვინდა ავტონომიაო", და რაიცა მართლაც საკვირველია, არც ქართული სოციალ-დემოკრატიული პარტია შექმნეს მათ, არამედ ,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუ შათა პარტიის" წევრები იყვნენ. ქართველები იყვნენ მხოლოდ, რომლებსაც საკუთარი სოციალ-დემოკრატიული პარტია არ უნდოდათ, სხვას კი ყველას ჰქონდა იგი რუსეთში: სომხებს, ებრაელებს, პოლონელვბს და სხვ.

ბრძოლა ნაციონალისტთა და მარქსისტთა შორის საქართველოში მკაცრი, უსიამოვნო და მთელი ერისათვის მავნებელი გახდა. თეორიულმა ბრძოლამ უკვე მნიშვნელობა დაკარგა. რა მნიშვნელობა ჰქონდა სოციალ-დემოკრატებისათვის, დაამტკიცებდენ თუ არა ნაციონალისტები მაგალითად ენის "ზედნაშენობას", ან კლასთა ბრძოლით ისტორიის ამოწურვის, ან ისტორიაში პიროვნების უმნიშვნელობის უსაფუძვლობას და სხვ., ან და აჩვენებდენ თუ არა ნათლად, რომ მაგალითად საქართველოს თავად-აზნაურობის მოღვაწეობა მთელი ქართველი ერისათვის იყო და არა მხოლოდ მისი კლასობრივი ინტერესებისათვის, და სხვ. მარქსიზმმა ხალხი დარაზმა მის წინააღმდგომ, ყველა "გაბატონებულ" კლასთა წინააღმდგომ, იდეურად და ორგანიზაციულად "შეგნებულად" მებრძოლი "მტრის" დასარცხებლად, და მარქსისტთათვის უმთავრესი ეს იყო. ხოლო ამით ერის მთლიანობა ისპობოდა, იშლებოდა ის კავშირები, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთებდა ქართველი ერის ნაწილთ და რომელმაც შეინახა იგი ათას წელთა დროის სივრცეზედ ათასი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერი განხეთქის გზაზედ იდგა, რადგანაც ის ნაწილიც მისი, რომელსაც საჭურვლით, ტერორით აღარ ზოგავენ, საჭურველს ისხამდა თავის დაცვისათვის, და ამგვარად საქართველოს სამოქალაქო^ომის ცეცხლი უნდა წაკიდებოდა.

რასაკვირველია ყველა ქართველ მარქსისტს, ყველა სოციალ-დემოკრატს არ მოსწონდა ეს მოვლენა, დამღუპველად მიაჩნდა იგი თვით მათი მოძრაობისათვის. მათ შორის მრავალი იყო ჭკვიანი, გონიერი პიროვნება, და მათი გავლენის და მოქმედების წყალობით მრავალი უბედურება აცდა თავითგან ქვეყანას. მაგრამ მათ შორის იყო აგრეთვე ყოვლად ბოროტი და რეგვენი ელემენტები, რომლებისათვის "გაღრმავება კლასთა ბრძოლისა" უდიდესი რევოლუციური მიღწევა იყო. ყველაზედ უკეთური მათგანი იყო ფილიპე მახარამე. და როდესაც მან დაინახა, რომ ნაციონალისტები იდეურად ვერ იქმნენ დამარცხებულნი, არ დაკმაყოფილდა მით, რომ "ხალხის" დარაზმული ძალა მათი მეტი იყო ვიდრე ნაციონალისტთა და ამ მხრით მათ საფრთხე არ მოელოდა, არამედ იდეური სიკვდილი განიზრახა ნაციონალიზმისა და მისი უდიდესი მეთაური ამოიღო მიზანში. წმინდა იდეურ ბრძოლით რომ ვერა დააკლო-რა, ცილისწამებით და დევნით მისდგა ილია ჭავჭავაძეს, და რაც მახარაძემ, გელეიშვილმა და მათმა სხვა მომხრეებმა მის წინააღმდეგ სიბინძურე წერეს, მართლა უდიდეს სირცხვილად არის მოსაგონებელი იმ უბედური ეპოქითგან ჩვენი ცხოვრებისა. და როდესაც ვერც ამან გასჭრა და განმანადგურებელი პასუხი მიიღეს ილიასაგან და შერცხვენა მათი, მაშინ სატანამ საჭურველი ააღებინა მათ ხელში და მოაკვლევინა დიდი ქართველი. რასაკვირველია ილია არ მოკლულა სოციალ-დემოკრატთა პარტიული დადგენილებით. ერთობ ქართველ სოციალ-დემოკრატიას არავითარი წილი არ უდევს ამ კრიმინალობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვით მახარაძე და გელეიშვილიც ვერ გაბედავდენ უშუალოდ მოეწყოთ იგი. ხოლო მათ მიერ ილიას დევნით და ცილის წამებით წაქეზებულთა, ვიღაც ღმრთისაგან შეჩვენებულთა საიდუმლო სინედრიონმა დაატეხა თავს ქართველ ერს ეს უბედურება და სირცხვილი. მათ მეკობრეები გამოიყენეს აღმასრულებელ ორგანოდ, რომ ბოროტი საქმე მათი არ განცხადებულყო და უბრალო თავსდასხმად მეკობრეთა მიეჩნია იგი საზოგადოებას. ხოლო იმ შეჩვენებულთა სახელს და გვარს ვერც გავიგებთ ვეროდეს, და მადლობა ღმერთს, რომ ვერ გავიგებთ! სირცხვილად თვით აქტი ეყოფა იმ დროსაც და ჩვენც, ვინც მას სიმწრით ვიგონებთ. ილია ჭავჭავაძის მოკვლის შემდეგ ფ. მახარაძე გაქრა საქართველოთგან, ხოლო არა ვითარცა სინიდის-შეწუხებული იუდა, არამედ ვითარცა იუდა, იუდის საქმეთა გამგრძობი.

ილია ჭავჭავაძის მოკვლა მთელმა ქართველმა ერმა განიცადა ვითარცა კვრა ლახვრისა გულსა შუა. გლოვითა და ტირილით აღივსო საქართველო, ყოველი სარწმუნოების და მდგომარეობის ნაწილი ქართველი ერისა, და თუ გლოვა დიდი და ღრმა იყო, დიდი იყო აგრეთვე რისხვა ერისა: მისი თავის მოჭრა მოინდომეს, წაართვეს რა მას მისი დიდი მეთაური. და ეს შეიძლება მიზეზი გამხდარიყო ქართველთა მიერ ურთი-ერთის განადგურებისა. ამან ყველა გონს მოიყვანა. გონს მოგვიყვანა ჩვენც, მაშინდელი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი, რომელმაც არ იცოდა რას როტავდა და რას ჩმახავდა 1905 წლის წინად, ამ წლის დღეებში და შემდეგაც, ღმერთმა იცის ვისი და რაის გავლენით, "რევოლუციონური ბრძოლით" გატაცებული. ილიას მოკვლამ თვალი აგვიხილა. დავინახეთ "რაშიგან ვართ". დავირაზმეთ ერის სამსახურისათვის, მივხვდით რა, რომ სხვა უდიდესი მოვალეობა ადამიანისათვის არ არსებობს, და ჩვენმა მცირემ, მაგრამ მტკიცე დარაზმულობამ თავის დროზედ თვისი მოვალეობა ერის წინაშე ნათლად აღასრულა. გონს მოვიდა თვით ქართული მარქსიზმიც, ქართველთა სოციალ-დემოკრატია. წარმომიდგენია რას აზრობდა მრავალი მათგანი: რა ნაყოფი გამოიღო ჩვენ მიერ ნაქადაგებმა მოძღვრებამ მართალია ბოროტთა და გონება-დაბნელებულთა მოქმედებით, მაგრამ ჩრდილი მათი უკეთურების ჩვენც გვადგებაო! და ეს სიტყვები ვლასა მგელაძისა და კარლო ჩხეიძისა ილიას დასაფლავებაზედ ნათლად მოწმობენ, რომ ილიას მოკვლა მათაც ისევე ეცათ ლახვარივით გულს, რაგვარადაც სხვა ქართველს "რევიზია" მათ მიერ მათი მსოფლიოს-ხედვისა და ბრძოლის მეთოდთა მაშინ დაიწყო. და დაიწყო აგრეთვე გამოყოფა ქართული მარქსიზმის წიაღითგან ქართული ეროვნული სოციალ-დემოკრატიისა, რომლის მეთაურებად ერთნი საუკეთესონი გამოვიდნენ. და ყოველივე ამით კვლავ განმეორდა მოვლენა: ყოველი წინასწარმეტყველის მოკვლა მკვლელთა მიზანთა შერცხვენაა და არა მიღწევა, ხოლო მსხვერპლის კულტი ჩნდება ხალხთა შორის: "ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა", გაისმის შეუწყვეტლად ხმა ხალხის მიმართ ვნებული წინასწარმეტყველისა.

პირველ დიდ მსოფლიო ომში კვლავ სავსებით ცხად-იქმნა, რომ ,,პროლეტარს" სამშობლოც ჰქონია, კაცობაც, ვაჟკაცობაც, და ბევრი სხვა რამ ღირსეული, არა მარტო სამუშაო ძალა, ბაზარზედ გასასყიდი, რაგვარადაც ღაღადებდა სწავლა მარქსიზმისა. "პროლეტარი" გმირულად იბრძოდა სამშობლოსათვის, თვისი ერისათვის, თავადთან, აზნაურთან, "ბურჟუასთან", გლეხთან ერთად, და თუ მას, მებრძოლს, სადმე ვინმე სიცრუის ქადაგებით და მუხთლობით მახვილი ჩასცა ზურგში იგი სატანა იყო, გარეთგან მოსული მაცდური მისი. აგრეთვე ყოველი ერი, სახელმწიფოს არა მქონე და უცხოსაგან დამონებული, ჩაება ომში ამა თუ იმ სახით და მოითხოვდა მისი პოლიტიკური თვითმოფობის აღდგენას და საერთაშორისო ცნობას. როდესაც ზავის შესაკრავად და ქვეყანაზედ კვლავ წესიერების აღსადგენად დასხდებოდენ გამგენი ამა ქვეყნისანი. და მაშინ ქართველთა სსოციალ-დემოკრატიის მეთაურს ნ. ჟორდანიას დაუდგა საკითხი: საქართველოს ბედის გადაწყვეტა ამ დიდ, ქვეყნის გარდამქმნელ დროს, ვის დაედებოდა ვალად და ტვირთად თუ არა მას, ხელმძღვანელს და დაბრძანებელს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის დარაზმულობისა? ახალი იდეის სწრაფად მიცემა დარაზმულობისათვის, რომელსაც სხვა იდეა ჰქონდა მიცემული, არა ეროვნული, ადვილი საქმე არ იყო. მაგრამ თვით პოლიტიკური დარაზმულობა არსებობდა, დიდი ძალა მის ზურგს უკან, და ახლა მისი ჭკუისა, მოხერხებისა და პოლიტიკური გამჭრიახობის საქმე იყო ამ ძალის დაყენება ეროვნულ გზაზედ. ყოველივე ეს მას შესწევდა და სრული იმედით თავისი თავისა იგი დროს უცდიდა, ქართველი ერისათვის ის მიეცა, რისთვისაც ილია ჭავჭავაძე იბრძოდა, რომელთანაც მას წინათ მუდმივი თეორიული დავა და შეტაკება ჰქონდა. როდესაც გერმანიის მიერ ომში დამარცხებულ რუსეთს რევოლუციის ცეცხლი წაეკიდა, იქ თვითმპყრობელბის ნაცვლად დემოკრატია დაჯდა ტახტზედ, ხოლო უკვე პირველი ჟამითგან მისი ბატონობისა ცხად იქმნა, რომ იგი რუსეთის მიერ დამონებულ ერებს თავისუფლებას არ მიანიჭებდა: საქართველსათვის ეკლესიის ავტოკეფალიაც არ გაიმეტა მან, რაის მომხრე წინათ თვით "მემარჯვენე" რუსი დურნოვოც კი იყო. ესეც კარგად განსჭვრიტა ნ. ჟორდანიამ, რომელმაც უცხოეთში მყოფ რუს რევოლუციონურ პარტიათა განწყობილება დამონებულ ერთა მიმართ კარგად იცოდა! ხოლო ლენინმა, ფანატიკოსმა მეთაურმა ბოლშევიზმისა, ე. ი. კონსექვენტური მარქსიზმსა, გვერზედ გადადვა მარქსის დებულება: "მდგომარეობა ჰქმნის შეგნებას და არა შეგნება მდგომარეობასო", და ვერ ნახა რა მან ვერავითარი "მდგომარეობა" სოციალიზმის განხორციელებისათვის, სრული "შეგნებით" და "მეცნიერებით", ე. ი. ზარბაზნით, თოფით და კეტით, კაცის კვლითა და ტერორით, სატანური ძალადობით შეუდგა "მდგომარეობის" შეცვლას და სოციალისტური სამოთხის დამყარებას ნახევრად ბარბაროსულ ქვეყანაში. მან ერთი სულის შებერვით გააქრო დემოკრატია და ერთი მეორეზედ დაამარცხა ბოლშევიზმის წინააღმდგომნი მხედრობანი, აღმართა დიქტატურა...

სწორედ ამ დროს ნ. ჟორდანიამ აღასრულა ის დიდი ისტორიული როლი, რომელმაც იგი უკვდავ ჰყო ქართველთათვის: ჯერ მან გაწმიდა საქართველო ოსმალეთის ფრონტითგან მოზღვავებულ, გაბოლშევიკებულ რუსის ჯარისკაცთაგან, ჩაუდგა სათავეში ქართულ "ეროვნულ საბჭოს", რომელიც წინამორბედი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისა. მას ნდობა გამოუცხადა მთელმა ქართველმა ერმა და მისმა თავად-აზნაურობამ თვისი ქონება მას გადასცა ერის საჭიროებათათვის მოსახმარებლად. ბოლოს მან ისარგებლა გერმანიის მეგობრული განწყობილებით საქართველოსადმი და გაუწია რა ანგარიში მთელი ერის სურვილს, გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველოისა, რომლის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე თვით გახდა. მან დაუბრუნა ერს ერთხელ სხვა გზაზედ დამდგარი დიდი ნაწილი მისი, და ქართველმა ერმაც იგი იცნო თვის მეთაურად, დაივიწყა წარსულნი უთანხმოებანი და არარად მიიჩნია აწმყოს შეცდომანიც. არამედ სიხარულით შესცქეროდა მონობისაგან განთავისუფლებული სამშობლოს და თვის ახალ მეთაურს.

იმავე განსვენებულმა ვლასა მგელაძემ მამა-დავითის ეკლესიის ზარების რეკით და თვისი მჭექარე ხმით ჩასძახა საფლავებში იქ დაკრძალულ დიდ ქართველთ: საქართველო აღდგა, მოხდა ის, რაზედაც, თქვენ მუდამ ოცნებობდითო! და მაშინ მოხდა შერიგება ქართველთა, და ილიას მიცვალებულს მაშინ შეურიგდა ნ. ჟორდანია ცოცხალი, ბედისაგან არჩეული 117 წლის მონობისაგან განთავისუფლებული და განახლებული საქართველოს საპატრონოდ. ამით იგი დიაღ სხვა მოვლენად გახდა, ვიდრე წინათ იყო.

მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა! მახარაძე, ორჯონიკიძე, ორახელაშვილის, მდივანი, ელიევა, ქავთარაძე და სხვანი ზოგი საქართველოში დაძრწოდა, ზოგი მთავარ უდასთან, ი. ჯუღაშვილთან იყო მოსკოვში. ყველანი ძირს უთხრიდენ განთავისუფლებულ სამშობლოს, არ ზოგავდენ მათაც, ვინც გუშინ მათი "ამხანაგები" იყვნენ, რადგანაც ამათ სამშობლო იწამეს. ჯერ შიგნითგან სცადეს ქვეყნის "აფეთქება", მაგრამ საქართველოში მტკიცედ დამყარებული წესრიგი ვერ შეარყიეს, დამარცხდნენ სასტიკად! და როდესაც შიგნით ვერა გააწყეს რა, იუდები მოსკოვს გაიკრიფნენ და იქითგან მოაწყვეს სამშობლოს ღალატის საქმე ჯუღაშვილთან ერთად.

რუსის ჯარებით დაესხნენ თავს საერთაშორისოდ და თვით რუსეთის მიერ ცნობილ საქართველოს და დაიპყრეს იგი. ნ ო ე ჟ ო რ დ ა ნ ი ა, მისი მთავრობა და მათთან მრავალი ქართველი უცხოეთში გარდმოიხვეწა, სადაც ნ. ჟორდანია სამ ათეულ წელზედ მეტს იღვწოდა თვისი სამშობლოს ასე ვერაგულად დათრგუნულ უფლებათა აღსადგენად, ხოლო იმედ-გაცრუებული, რწმენა-დაკარგული ე. წ. თავისუფალი კაცობრიობის მიმართ განვიდა ამა სოფლითგან.

ბოლშევიკები დაეპატრონენ საქართველოს და დღემდე "პატრონობენ" მას თავისებური პატრონობით. წაართვეს ქართველს ღმერთი, დასაყრდნობი მისი, ქრისტე, სასოება მისი, მღვდელი, მოძღვარი, მნათვლელი. ჯვარის დამწერი და დამმარხველი მისი, ეკლესია სალოცავი მისი, დღესასწაულები, სიხარული და განსვნება მისი, ზიარება, ერთობ სარწმუნოება, განმაწმედელი მისი, პიროვნება და სახლ-კარ-საკუთრება, სიამაყე მისი, "გააპროლეტარეს" ერი ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. მისი დამღუპველი რუსეთი მის მეგობრად გამოაცხადეს ძალით, თვით რუსეთი, მთელი უზარმაზარი ტერიტორია "საბჭოთა-კავშირისა", მის სამშობლოდ, რომელიც სოციალისტური "განსაწმედელია", საითგანაც ერი შემდეგ მსოფლიო სოციალიზმის "სამოთხეში" შევა. და თუ "საბჭოთა-კავშირია" ქართველის სამშობლო, სულ ერთი არ არის, სადაც უნდა ცხოვრობდეს იგი, საქართველოში თუ თურქესტანში თუ ციმბირში, და მის ადგილს რომ მისი რუსი "უფროსი ძმები", დაესახლონ, ესეც ხომ კანონიერია? და ამით ქართველი ერიც და სხვა არა-რუსი ერებიც მოსპობის გზაზედ დააყენა რუსეთმა: დღეს ჩვენ ჩვენ ქვეყანაში 40%-იც აღარა ვართ მოსახლეობისა!

გვეტყვიან, ქართველი ბოლშევიკებიც რომ არ ყოფილიყვნენ, რუსეთი მაინც დაიპყრობდა საქართველოს, მისი დამცველის დამარცხების შემდეგ ყოვლად დაუცველს სხვათაგანო. მართალია, მაგრამ შინა-გამცემელთა დაუხმარებლად უცხო ვეროდეს იმდენ ვნებას ვერ მიაყენებდა საქართველოს, რაც მან ჩვენ იუდათა დახმარებით მიაყენა, და თვით შინა-გამცემლობაც არ დაედებოდა მას სამარადისო სირცხვილად. ჩვენ სხვა მაგალითებიც ბევრი თვალის წინ იმისა, რომ ქვეყნის ღალატისაგან გამოსული, მოღალატეთა მიერ ხელძღვანილი საზოგადობა ყოვლად ბინძურია, და ერი მოკლებულია იმედს ღირსეული ახლო მომავლისა.

და აქ ერთ მოვლენას უნდა დაუკვირედეს ყოველი ქართველიც, განსაკუთრებით ახალგაზრდა, რომელსაც შეიძლება ბედმა არგუნოს ოდესმე საქართველოში ღვაწლი ერისათვის: 40 წლის განმავლობაში საბჭოთა სახელმწიფოში "დიქტატორებმა" დახვრიტეს მილიონობით ადამიანი ყველი სოციალური მდგომარეობისა და სქესისა, დახოცეს შიმშილით მილიონობითვე, აწამეს საპყრობილეებში და საკატორღო ბანაკებში და აწამებენ დღემდე აგრეთვე მილიონობით ხალხს, გაჟლიტეს ურთი-ერთიც კი, და სხვა მრავალი ბოროტება მათი კიდე სხვა იყო და არის, და რად? რა მიზნით? ოდესღაც შემდეგ "გასაბედნიერებლად ხალხისა"? ამ საშუალებით ბედნიერება ვისიმე ხომ აბსურდია, უაზრობა, ეს ვიცით ბევრი მაგალითიდან წარსულისა, ასეთ უბედურებათა გამოვლის შემდეგ ერს ძლიერ დიდი ხანი სჭირდება ხოლმე, რომ გამომრთელდეს, სულიერად და ნივთიერად ნაცართაგან აღდგეს. ზოგს ჰგონია, რომ ასეთი რამ რუსის ბუნებაშია. რასაკვირველია თავის საქმეთათვის ყოველმა ერმა თვით უნდა აგოს პასუხი და არა სხვას აბრალოს იგინი, მაგრამ ბოლშევიზმი ყოველგან, ყოველი ერის შორის იმავე ნაყოფს იღებს, თუ მისმა თესლმა სადმე გაიხარა. ესპანიაში, მაგ., ბოლშევიკები "ესპანურად" მძვინვარებდენ ისევე, რაგვარადაც რუსეთში "რუსულად". და სხვ. მიზეზი ამისა ერთია: ადამიანი შთამომავალია არა-წმიდა, გაიძვერა, ხორცის-მჭამელი, სისხლის-მსმელი და მეომარი მხეცისა, ხოლო გონებით დაჯილდოვებელი ბუნებისაგან. მან იცის თვისი ბუნება, და მისი ზნე და წესი, სამართალი და სხვ. ამ ბუნების ასალაგმავად არის მისგან შექმნილი საზოგადოების დაცვისათვის. შემოქმედი სულიც მისი მის ალაგმვას მოითხოვს.

ხოლო შეიპყრობს რა მას წყურვილი სისხლისა და დათრგუნვისა პერიოდულად, განსაკუთრებით მისი ცხოვრების შეცვლის აუცილებლობისაგან გამოწვეულ მოძრაობაში, იგი გონებას ჰკარგავს და განარღვევს ყველაფერს, ყოველ სიმხეცეს და უკეთურებას. ამის მაჩვენებელია ყველა დიდი რევოლუცია. პირველ-ყოფილი იდეალი იკარგება მოძრაობის ქაოსში და სიმხეცე მძვინვარებს, მიზანი მოძრაობისა მიუღწეველი, ან ოდნავ მიღწეული რჩება. კიდევ უარესი რამ მომხდარა ხოლმე: ინკვიზიტორები მე-16-ე საუკუნეში ქრისტეს სახელით ცოცხალ ადამიანებს სწვავდენ საშინელი წამების შემდეგ ათი-ათასობით! და რა უნდა ექმნა ბოლშევიზმს, რომლის თვით მოძღვრებაშია შხამი კაცის-კვლისა, წამებისა, დამცირებისა, დამონებისა!

ეს უნდა იცოდეს ყოველმა ხელმძღვანელმა მოძრაობსა, თუ იგი ნამდვილი მსახურია ერისა. დამოუკიდებელი აზროვნებაა პირველ ყოვლისა მისთვის საჭირო, რომ თვით იყოს პატრონი მის მიერ აღსარებული მოძღვრებისა და არა გონება-ჩლუნგი მონა მისი, გონიერად მიმართოს იგი კეთილ მიზანთა მისაღწევად და სრულიადაც უკუაგდოს, თუ იგი ბოროტებას წარმოშობს. დიაღ, უამისოდ არავინ ვარგა მოძრაობის ხელმძღვანელად!

ბოლშევიკები, რომლებიც თითქოს ბევრს ძველს რასმე დაუბრუნდენ, კარგი ხანია მორფიუმს გვიშხაპუნებენ ქართველთ და სხვა^მათგან წამებულ ერთაც მათი "აღმშენებლობით" ხელოვნებისა და მეცნიერების მფარველობით, თუმცა კეტით ადგანან თავს საწყალ მეცნიერთ და აიძულებენ, "დიალექტურ-მატერიალისტურად" იაზროვნონ, რომ სასიკვდილო ტკივილები შეგგვინელონ. დღეს იგინი ილია ჭავჭავაძის მოკვლის შემდეგ 50 წლის თავს იგონებენ და ემზადებიან სადღესასწაულოდ. აგრეთვე უკვე დიდი ხანია, რაც მათ დაიწყეს ილიას ქება და დიდება და კიდე მეტად შეაქებენ და ადიდებენ მას ამ დღესასწაულზედ, კაცს, რომელიც თვით მოჰკლეს, და ახლა თითქოს ამით უნდათ მათ, უსირცხვილოთ, სირცხვილი მოიხადონ.

ჩვენ კი აქ სხვა გრძნობით მოვიგონოთ დიდი მეთაური ქართველი ერისა, რომლის მოკვლითაც ბოლშევიზმმა დაიწყო უკანასკნელი ტრაგედია მისი. და მასთან და მის თანამოაზრეებთან ერთად მოვიგონოთ ოდესმე მათი მეტოქენიც, ნოე ჟორდანია და მისნი თანამოაზრენი, რომელნიც აგრეთვე მსხვერპლნი გახდენ ბოლშევიზმისა, თვით მთელი საქართველოს მსხვერპლად მიმტანისა სატანის საკურთეველზედ. ერისათვის აღსრულებულმა საქმემ, ერისათვის მსხვერპლობამ და ერთისა და იმავე მტრის მიერ დათრგუნვამ შეარიგა იგინი დიდ ილიასთან და ჩვენც მათი ბედის მოგონებამ შეგვარიგოს აქ, ყველა ქართველი, ყოველი მოძღვრების აღმსარებელი, მით უმეტეს რომ არც ერთი ჩვენი ძველი სოციალ-პოლიტიკური პროგრამა აღარ გამოდგება დღეს საფუძველ-დანგრეული ქართველი ერისა და მისი სრულად შეცვლილი ცხოვრების აღდგენად და განახლებად, თუ თვით ერი ცოცხალი გადაურჩა ამ მის უკანასკნელ ტრაგედიას.

ბედი ქართლისა, ივლისი - 1957 წელი, Nr. 24-25
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."