მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მიხეილ წერეთლის სიტყვა წარმოთქმული ილია ჭავჭავაძის ტფილისში ჩამოსვენებისას 7 სექტემბერს 1907 წ.
მამულიშვილნო!

„ვინა თქვა საქართველოზედ, რა დიდი ლომი კვდებაო!„ ბევრმა რამ და ბევრმა ვინმე! ყოფილან ჩვენ ისტორიაში შავნი დრონი როდესაც თავზარდამცემნი სიტყვანი საქართველოს დიდი ლომი კვდება, სიმართლედ მოგვჩვენებია, ეჭვს შეუპყრია მთელი საქართველოს გონება, მართლა ხომ არ წახდა საქართველო საუკუნოდ! იყო ერთი, უკანასკნელი შავი დრო, ოდეს საქართველოს ლომი პოლიტიკურად მოკვდა, დამარხა რა თვისივე ხელით თვისი საკუთარი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და შემდეგ, მთელი ასი წლის განმავლობაში, მთელი მისი არსება მომაკვდავი სულსა ღაფავდა. მაგრამ ამ შავ დროებზედ უფრო მჭერმეტყველურად, უფრო მედგრად და უფრო კადნიერად ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა ჩამოგვძახეს ყურში მთელ საქართველოს, საქართველო, ეს დიდი ლომი, მართლაც მოკვდა, მოკვდა ზნეობრივად და ეს სიკვდილი მისი საუკეთესო ძის, მისი დიდების ვერაგულად მოკვლით გამოიხატა!

ფოტოზე:საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის პარტიარქი ილია ჭავჭავაძე განსასვენებელში
ერთ დროს ჩვენც ვიყავით ერი, ჩვენც შევადგენდით კაცობრიობის ნაწილს, ჩვენც გვქონდა ფასი და ხალხს გვეძახდენ. ჩვენი კულტურა, ჩვენი მწერლობა და მწიგნობრობა, მეცნიერება, სიტყვა–კაზმული ლიტერატურა და სხვა, ჩვენი საზოგადოებრივი სიძლიერე, განთქმული იყო არა მარტო კავკასიაში, არამედ კავკასიის გარეშეც. ჩვენი „გურჯისტანის“ სიძლიერე თავზარსა სცემდა ირგვლივ მომდგარ მრავალ მტერს, და ჩვენც ვიცავდით ჩვენს თავისუფლებას, მიწა–წყალსა და კულტურას.

მე–IX–XII საუკუნეებში საქართველო სიმდიდრით, სულითა და გონებით გაბრწყინებული იყო, საქართველოს მდიდარმა კულტურამ, ქართულმა ძლიერმა ენამ წარმოშვა ჩანგი რუსთველისა და სიცოცხლით სავსენი ჩვენცა ვცდილობდით საშვილიშვილოთ განგვემტკიცებია ეს ჩვენი სულიერი და ნივთიერი სიძლიერე.

მაგრამ ვეღარ გავუძელით მრავალრიცხოვან მტერს, რომელიც ყოველი მხრით გარს გვესია. ვიბრძოლეთ საუკუნეთა განმავლობაში ბრძოლის ველზედ, მაგრამ მთელი აზიის ურდოებს გაკაჟებული საქართველოც ვერ გაუძლებდა, და ჩვენც ვიწყეთ ნელ–ნელა დაკარგვა იმ დიადი საუნჯისა, რომელიც მთელმა ერმა შეჰკრიბა თავისი შემოქმედებით ჟამთა ვითარებაში.

აღმოსავლეთით, დასავლეთით და განსაკუთრებით სამხრეთით მოგვადგა აუარებელი მტერი, მოგწყვიტა საუკეთესო განათლებული ქვეყნები, შთანთქა ყოველი თავის ველურობის და განადგურების ზღვაში და შეამოკლა, შეასუსტა საქართველოს სიცოცხლე.

მაგრამ მაინც ვიბრძოდით და რაღაც იმედით აღსავსენი დანარჩენ ჩვენ დიდებას, მიწა–წყალსა და კულტურას მაინც ვირჩენდით. ასე მომდინარეობდა ჩვენი ისტორია მეთვრამეტე საუკუნის დამლევამდე, და ეს ისტორია ერთი ხანგრძლივი, საუკუნოებით წამება იყო ქართველი ერისა, ჩვენი მუდმივი ეჭვი იყო – საქართველოს დიდმა ლომმა მტრის შიშის დამცემი ღრიალი შეწყვიტა?

დასუსტებულმა, დამცირებულმა და შინაური უთანხმოებით და მტრობით დაღლილებმა მოვაღწიეთ მე–XIX საუკუნის კარამდე. იმდენი სულიერი ძალაც აღარ შეგვწევდა, რომ სურვილი, ძველებური ვაჟკაცური ფოლადის სურვილი მაინც შეგვრჩენოდა ბრძოლის განგრძობისა.

თუმცა მთელი საქართველო შეიძრა, ოდეს სცნა სურვილი ერეკლე მეფისა, საქართველო რუსეთისათვის გადაეცა, თუმცა საქართველოშიც გამოჩდნენ დემოსთენები, რომელთაც სურდათ განეხორციელებინათ დიდი ხნის იდეალი საქართველოს კვლავ გაერთიანებისა, მაგრამ „ირაკლის დიდი ხანია გადეწყვიტა ბედი ქართლის“, და არა მარტო ირაკლის, არამედ მთელ მაშინდელ თავად–აზნაურობას, რომელიც განაგებდა საქართველოს ბედ–იღბალს და საქართველომაც თავისი ხელით გამოიჭრა ყელი რუსეთის ტახტის წინაშე. მთელი ჩვენი პოლიტიკური უზნეობა, მთელი ჩვენი სულიერი დაღლილობა მაშინ გამოჩნდა. არავითარი პროტესტი ხალხის მხრივ, არავითარი ძახილი „ქართველო ხელი ხმალს იკარ!“ გარდა თავგანწირულ ბატონიშვილთა, რომელთაც ჩვენი უპირველესი თავადები მგლებივით დასდევდნენ დასაჭერად. ხოლო როდესაც დამკვიდრდა რუსის მთავრობა ჩვენში და შეუდგა ჩვენი ცხოვრების განადგურებას სკვითური ვერაგობით, მაშინ იკბინა ხალხმა თითზედ, მაშინ მისწვდენ ხმალს, მაგრამ გვიანღა იყო, და იმ დიდმა და პატარა აჯანყებებმა, რომლითაც სავსეა მე–XIX საუკუნის ჩვენი ისტორია, ვეღარ განდევნა ძლიერი მტერი, რომელიც მთელი თავისი უკულტურობითა და ველურობით დაგვაწვა თავზედ.

ჩქარი ნაბიჯით მთელი საქართველო ბრწყინვალე კულტურიდან გაველურობამდის, სრულ დეკადანსამდის ჩამოეშვა მე–XIX საუკუნეში, მაშინ როდესაც სხვა დამოუკიდებელი ერები, ან ის ერები, რომლებმაც მოასწრეს მტრის კლანჭებიდან თავის დახწევა, წინ მიდიოდნენ და მე–XIX საუკუნის ბრწყინვალე შემოქმედებაში მონაწილეობას იღებდენ.

მე–XIX საუკუნის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენში აჯანყებამ უნაყოფოდ ჩაიარა და საქართველოს უფრო მეტი განადგურებით გათავდა, ჩვენი დალაჩრება უმწვერვალესი ხარისხისა იყო. ჩინმენდლებით შეიმოსა მთელი ბრწყინვალე წოდება, ინტელიგენცია თითქმის სულ არ იყო, და ჩვენი მწერლობა ოდნავღა ბჟუტავდა, ისევ იმ ჩინოსანთა კალმის ქვეშ! თუმცა გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანებმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა და სხვებმა დიადი, გენიოსური შემოქმედებითი ნიჭი გამოიჩინეს, ენის სიმდიდრე, ჩვენი ენის საუნჯე თვალწინ გადაგვიშალეს, მაგრამ მათ მაინც ვერ შეჰქმნეს ეპოქა ჩვენს ლიტერატურაში, შემოქმედება მათი სიდიდით ვერ იყო ძლიერი, ამას ჩვენი დაბეჩავებული ცხოვრებაც ვერ უწყობდა ხელს, და ამიტომაც ისინი ჩვენი ახალი მწერლობის წინამორბედებად უნდა ჩაითვალონ მხოლოდ, და არა შემოქმედებად.

მაგრამ დადგა მესამოცე წლები, ის ხანა, როდესაც ბარბაროსულმა რუსეთმაც გაიღვიძა, რადგან მთელმა კაცობრიობამ ამირანისებური სიძლიერით დიდი ნაბიჯი წარსდგა წინ და ჩვენს ქვეყანასაც მოხვდა ამ საყოველთაოდ აღელვებული ზღვის ტალღები. ჩვენი ცხოვრებაც შეიძრა, შეტოკდა, და ამ მოძრაობას თავისნი გამომხატველნი უნდა გასჩენოდნენ, გაუჩდენ კიდეც. ჩვენში დაიბადნენ აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი და სხვანი და ამათ იკისრეს ხელმძღვანელობა ჩვენი ცხოვრებისა. აღორძინდა ჩვენი ლიტერატურა, აყვავდა ჩვენი პოეზია, გაჩნდა პუბლიცისტიკა. გაჩნდა ახლი წესები ლიტერატურული შემოქმედებისა, და ჩვენც ცოტათი მაინც გავერიეთ კაცობრიობაში ამ მწერალთა და მოღვაწეთა წყალობით. და სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი იმათ შორის, ჩვენი საუკეთესო პოეტი, რომანისტი, პუბლიცისტი, ეკონომისტი, ასე გასინჯეთ სოციოლოგიც.

ენა მკვდარი და მხოლოდ რაოდენიმე „წინამორბედთა“ პირში მეტყველი, ენა მდიდარი, მაშინ დაკარგული ჩვენი ერის „განათლებულთა მიერ“ ისე ლაჩრულად, რომ ლაპარაკსაც აღარ კადრულობდენ ქართულად, ენა, რომელიც ათასი წლობით შევინახეთ და შავთა დროთაც ვერ გადაგვავიწყეს, აღადგინეს ზემოთხსენებულმა საქართველოს შვილებმა, და ილია ჭავჭავაძე პირველი იყო, რომლის პირისაგან მოგვესმენ მძლავრ ქართულად ნათქვამნი, სამაგალითონი, უმშვენიერესნი თხზულებანი მისნი.

ჩვენ ქვეყანას ათასი გასაჭირი ადგა, კაცი არავინ იყო ხმის ამომღები ყველა საჭირბოროტო საკითხებზედ, და ილია პირველი იყო, რომ მეცნიერების იარაღით აღჭურვილი სწყვეტდა რთულ პრობლემებს ჩვენი ცხოვრებისა, თავისებური სიღრმით და იმავე მშვენიერი ენით, რომელიც მან გაგვაგონა თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ილია იყო შეუდარებელი პუბლიცისტი, ილია იყო გლეხთა მუდმივი მეგობარი, და იგი ამ მეგობრობას ხატავდა როგორც „გლახის ნაამბობში“, „ოთარაანთ ქვრივში“, ისე ბატონ–ყმობის, მონობის წყევლა–კრულვაში და გმობაში, როგორც საჯარო კრებებზედ, ისე თავის პუბლიციტურ ნაწარმოებებში. იგი მუდმივი დამცველი იყო შრომის ინტერესებისა, და მაშინ როდესაც საუკეთესო დემოკრატებიც კი მთელი ევროპისა პარიზის კომუნას უშვერად, ურცხვად და ცინიკურად იხსენიებდენ, ილია მის დამცველად, მისი დიდების ქართულ ჩანგზედ მომღერლად გამოვიდა ჩვენში. ეს რა არის, თვით სოციალიზმის პრინციპებიც კი არის გატარებული მის მრავალ თხზულებაში. „შრომის ახსნა“ – აი რა იყო ილიას იდეალი.

საქართველოს დაბეჩავებულ საზოგადოებას ორგანონი ეჭირვებოდენ, ილია ჭავჭავაძე იყო სწორედ ის ადამინაი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მათ შექმნაში და მათში მუშაობით. მარტო ბანკში და წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში რამდენი ენერგია ჩაჰკლა ილია ჭავჭავაძემ ქართული საზოგადოების ასაღორძინებლად, სამაგალითოა და განსაცვიფრებელი, თუ დაუკვირდება ადამიანი და ღირსეულად დააფასებს ილიას შრომას და ღვაწლს.

დიაღ, ილია ყოველმხრივი მოღვაწეობით გაცილებით მაღლა იდგა ყველა თავის თანამედროვეებზე და თანამოღვაწეებზედ, თავისი მრავალფეროვანი ნიჭით და ყოველმხრივი შემოქმედებით.

მაგრამ მე ილიას უწინარეს ყოვლისა ვაფასებ როგორც მამულიშვილს. ის იყო მართლაც საქართველოს გუშაგი მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. გრიგოლ ორბელიანი ამბობდა ძველ ქართველ ვაჟკაცებზედ: „ვაი, მას მტერსა, ვის ანუ, კლდენი, ან ტყეთა სიღრმე არ დაჰფარავიდნენ, ვითა შურდულებრ მტრედთ შევარდენნი მიესევოდნენ და შემუსვრიდნენო!“ ილია სწორედ ასეთი მამულიშვილი იყო ჩვენ მოქალაქეობრივ ცხოვრებაში. ვაი, მას მტერსა, ვის ანუ ბოდიში, ანუ იეზუიტობა არ დაჰფარავდა ვით ვეფხვი ილია მივარდებოდა მას და შემუსვრიდა თავისი ცოდნით, ლოგიკით და, რაც უფრო ძლიერია, სიმართლით, რათგანაც ილიას არ ჰქონია ჩვეულებად მტერს გამოჰკამათებოდა, თუ მის სიტყვებში სიმართლესა ჰხედავდა. განსაკუთრებული რისხვით ილია მოევლინებოდა ხოლმე შინაურ მტერს, რომელიც ცხვრის ტყავში გამოხვეული შინ იეზუიტობდა და თავს იკატუნებდა, გარეთ კი ლომობდა და საქართველოს გაბიაბრუებისათვის არაფერსა ზოგავდა. „მტერისა შინა ყოლასა, ლომისა გზასა წოლა სჯობიაო“, იტყოდა ხოლმე ილია ძველ ვაჟკაცთა თქმულს, და მართლაც ვინ გაუძლებდა მის დიალექტიკას, მის შეუბრალებელ, მწარე დაცინვას და მძიმე მსჯელობას, რომელიც ვულკანის ჩაქუჩივით სცემდა თავში მტერს და მტვრად აქცევდა მის სუსტსა და იეზუიტურ არგუმენტებს. მასთანაც შეუდარებელი ორატორი, იგი იყო ჩვენი პირველი მამულიშვილი, მოქალაქეობრივი ვაჟკაცობით და სიბრძნით ჩვენი ციცერონი, „მამა ჩვენი სამშობლოისა“. და აკი მისი ბედიც ხვდა წილად! ჰოი ისტორიავ, საკვირველ არიან საქმენი შენნი!..

და ეს ილია ჭავჭავაძე, რომელიც შეუდარებელი პოეტი იყო, შეუდარებელი პუბლიცისტი და ჩვენი პირველი ეკონომისტი და სოციოლოგი, პირველი საზოგადო მოღვაწე, პირველი მამულიშვილი, რომელსაც ერთად–ერთსა ჰქონდა სული თავისუფალი სრული ადამიანისა იმდენ ლაჩართა და მონური სულის პატრონთა შორის, ეს ილია ჭავჭავაძე დღეს კუბოში დევს მთელი საქართველოს წინაშე, ქართველის ხელით განგმირული, ჩვენდა სასირცხოდ, სატირლად და სავალალოდ!

თურმე სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი იმედი, რომ ცოტათი მაინც წინ წავედით მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, სწორედ ისეთი კაცების წყალობით, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე! სულ ტყუილი ყოფილა ჩვენი ზნეობრივი პროგრესსი, თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ!

კაცი, რომლისათვისაც ერის ხანგრძლივი სამსახურისათვის იუბილე უნდა გადაგვეხადა, დაფნის გვირგვინით უნდა შეგვემკო მისი შუბლი, ტრიუმფით უნდა შემოგვეყვანა დამაშვრალი მცხოვანი ჩვენს სატახტო ქალაქში, ტყვიით განვგმირეთ, ეკლის გვირგვინი დავადგით და მისი კუბო შემოვიტანეთ დღეს აქ, ჩვენდა საუკუნო შესარცხვენად! ვაგლახ, ბედშავო საქართველო! ვინ რას იტყვის, რომ გაიგებს ჩვენს ასეთ საქციელს, ვინ რას იტყვის, რომ გაიგებს ვინ მოვკალით, ვინ დავმარხეთ ჩვენივე ხელით ტყვიით განგმირული! საქართველოს ერი, ლაჩარი, ზნედაცემული, გახრწნილი, უგრძნობელი, რომელმაც მთლად დაჰკარგა კაცთა სახე, აი ამ ერმა თვით მოჰკლა თავისი საუკეთესო ძე და ყოვლად უგვანონი, უმსგავსონი და სულელნი დაიტოვა თავისი ცხოვრების წინამძღოლებადაო, აი რას იტყვიან! და მართლაც რას უნდა მოელოდეს ადამიანი იმ ერისაგან, რომელსაც მონური სილაჩრე შეჰპარვია, რომელიც ეს სამი წელიწადია გაჰყვირის ძლიერად, გაჰყვირის შავი ზღვის ნაპირებიდან დაღესტნის საზღვრებამდე ძირს ჩვენი საკუთარი თავისუფლებაო!.. მართლაც და „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, ერი ძაბუნი, ლაჩარი, მორჩილი თავის ბედისა. შავთა დროთ სრულად შესცვალეს მის გული ადამანტისა, აღარც მხნე, აღარც მღერალი, მოძულე თავის მიწისა“, და თავისი წარსულისა, თავისი კულტურისა, თავის საკუთარ შვილთა, რომელთაც შუბლში ტყვიით უმასპინძლდება!

ახლა რაღა უნდა ვქნათ? უპირველეს ყოვლისა, მე არ ვეთანხმები აქ წარმოთქმულ სიტყვებს, ილიას ხსოვნას „შურის ძიება არ ეკადრებაო!“, კი ეკადრება! ამ სირცხვილს მხოლოდ შურის ძიებით გავაქარწყლებთ, შურის ძიება მთელი ერისა იმ უმსგავსოთა წინააღმდეგ, რომელთაც დღეს მთელი საქართველო ძაძით შემოსეს და მთელ ქვეყანაში გააბრიაბრუეს, ერთად–ერთი საშუალებაა მთელი ერის გასამართლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვიქნებით ილიას წინაშე! ყოველივე სხვა ერი ჩვენს ალაგას ამასვე ჩაიდენდა. ჩვენი სიჩუმე ჩვენი ჰუმანური თვისების და დიდსულოვნობის დამამტკიცებელი კი არ იქმნებოდა, არამედ ჩვენი სისუსტისა და გულგრილობისა!

მაგრამ ასეთი შურისძიება ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს შეურაცხყოფილ თავმოყვარეობას. ჩვენ უნდა ყველამ ჩავინერგოთ გულში ის მცნებანი, რომელნიც ილიამ თავის თხზულებებში გაატარა და გვიანდერძა: სიყვარული საქართველოსი, იმ განყენებული „საქართველოსი“, რომელიც აგრეთვე მისი თანამოღვაწის, აკაკის გულსაც მუდამ ატოკებდა, სიყვარული ჩვენი მიწა–წყლისა და მისი შენახვა, რაიცა ილიას აზრით უმთავრესი საშუალება იყო ჩვენი ერის სიცოცხლისა, სიყვარული ქართველი ხალხისა, რომლის გუშაგად მუდამ უნდა იდგეს ყოველი ჩვენგანი, რომლის უფლება არავის უნდა შევალახვინოთ, ისე, როგორც ილია არავის აძლევდა ამის ნებას. აი რა არის ილიას ნაანდერძევი. შევქმნათ ჩვენც ქართული საზოგადოებრივი წრე, საღი და ზნეობით ამაღლებული, რომელშიც შესაძლებელი აღარ იქმნება ასეთი დანაშაული, როგორსაც ახლა ვხედავთ. მხოლოდ ეს დაგვაკმაყოფილებს. ეს მოგვბანს მოცხებულ ჩირქს. ამით უკვდავყოფთ ილის ხსოვნას.

მაგრამ ამ დიად საქმეს ვინ იცის აღვასრულებთ თუ არა! ჯერ–ჯერობით კი ჩვენი დაცემა ილიას მოკვლაში გამოიხატება, ამ უსაშინლეს დანაშაულში, რომლის უუმსგავსოესიც კაცობრიობას არა უნახავს–რა. ვინ იცის როგორი იქნება ჩვენი მომავალი, აწმყოში კი კარგი რაც იყო აი ამ კუბოში ასვენია, ჩვენ ხელთაგანვე დათრგუნვილი და შეგინებული! დაგვრჩა მხოლოდ სასოწარკვეთილება და ძლიერი ეჭვი ჩვენი მომავლისა!..

შენ კი, დიდებულო ადამიანო, ივერიის ტანჯულო ძევ, გვაპატიე აქ შეკრებილ სრულიად საქართველოს, რომ სწორედ იმ ადგილას მოგისპო სიცოცხლე ჩვენმა ზნეობით დაცემამ, სადაც შენ გულამოსკვნილი სტიროდი „ბედსა ქართლისასა“, გვაპატივე, რომ შენს შუბლს ტყვია ვარგუნეთ წილად, დიდების გვირგვინის მაგივრად, გვაპატივე, რომ ჩვენს სატახტო ქალაქში ტრიუმფის მაგივრად სამგლოვიარო პროცესსია გაგიმართეთ! გვაპატივე. ეს შეეფერება შენს დიდსულოვნებას! იქ, ზევით, პოეტთა მიერ შემკულ, მდუმარე მთაწმინდაზედ განგისვენებთ, ჩვენ მცხოვან, ტანჯულ ისტორიულ დედაქალქ თბილისს რომ ბატონობს იდუმალად! მაგრამ ვაგლახ ჩვენ რომ „იქიდან ვეღარ გადმოჰხედავ შენსა სამშობლო მხარეს და ტკბილლი ჭიკჭიკითა ვეღარ დაატკბობ მის არემარეს“, ვეღარ იხილავ მომავალში შენსა ივერსა „ფენიქსებრ განახლებულსა“, თუ მომავალმა ეს ბედი კიდევ გვარგუნა, მაგრამ აწმყოში მაინც ბედნიერი იქმნები, ვეღარ იხილავ იმ სიწითლეს სირცხვილსა, რომელიც აწ დაცემულმა ივერმა ჭამა შენი წამებითა და რომლის ჩირქსაც იგი დიდხანს ვერ მოიბანს.

ბედი ქართლისა, ივლისი - 1957 წელი, Nr. 24-25
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."