მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
გრიგოლ რობაქიძე: იმამ შამილი
მზე ეშვება ნელინელ: თითქო დიდი თვალი, მწიფე შვინდის ფერი, მეწამულ-დამუქული, მინელებული. ყუდრო არეში გაისმის მხოლოდ ფრუტუნი ცხენთა. ბედაურები, უნაგირმოუხსნელნი, მწვანე ზავთიან მოლზე საძოვრად მიუშვიათ. ბორცვის განიერ ფერდობზე შამილის ნაიბებს ნაბდები გაუფენიათ-ისვენებენ მეომარნი, მხართეძოზე ნებივრად გართხმულნი. აქ არიან: სურახაი კოლელი, ახვერდი-მაღომა ხუნძახელი, ჯევად-ხან დარგოელი, ანზორ კარეხელი, ხაგნარ-დიბირ გიგატლოელი, მიქაილ ხორაკელი. არიან ჩაჩანნიც: შუაიბ, ტალგიკ, ხატუ, ესაკი და მრავალი სხვანი: რიგი ავარითგან, რიგი ტავლინითგან თუ ყაბარდოითგან. აქვეა თავჩენილი რაინდიც: ხაჯი მურად. დაღვრემილნი აყოლებენ თვალს ჩამავალ მზეს მეომარნი. არაა ხალისი მღერისათვის-მით უფრო როკვისათვის. ყველანი სდუმან. დუმილში ერთი ფიქრი იხლართება მხოლოდ: ფიქრი სახსარდამშლელი.

ჩვიდმეტი წელია, ძლევამოსილი შამილი იგერიებს მედგრად შემოსეულ ურდოებს რუსთა. მამაცურ იცავენ თავისუფალნი შვილნი კავკასისა მშობელი მიწის ყოველ გოჯს. ხშირად კიდევაც ამარცხებენ რიცხვმრავალ მტერს. დარგოსთან ბრძოლაში სრული განადგურებაც აწვნიეს მას. ხოლო რუსნი არ დრკებიან მაინც, არ ცხრებიან: რაზმი რაზმს ემატება, მოგორავენ ვითარ ზვავნი მოხეთქილნი-ეტანებიან შეუვალ მაღლობებს, ხანდახან კიდევაც იპყრობენ რომელიმეს, და, შემდგომ: ეშვებიან სისხლით დამთვრალნი მშვიდობიან აულებში, აოხრებენ და არბევენ მათ. ჩვიდმეტი წელია, მარჯვედ ხვდება კავკასი მტერს. ხოლო როდემდის? იჭვი ღრღნის ნაიბებს როგორც მხვრელი მატლი შუაგულს ნამორისა: მაჟაური. ნაღვლით განაბულნი თვალს ავლებენ მეომარნი ჩამავალ მზეს. ყველანი ფიქრობენ ერსადაიმავეს. ფიქრი საზარელია: ზავი. ხოლო ვინ გაბედავს: ეს სიტყვა ჩააწვეთოს მეთაურს?

ფოტოზე: იმამ შამილი (1799-1871)
ორი დღის წინად შამილს ეახლენ სწორედ ამის გამო ჯევად-ხან და ხაგნარ-დიბირ. მორიდებით წარსდგენ რაინდის წინაშე. შორიდან იწყეს სიტყვამოკლე საუბარი, რათა ამ გზით, მიკიბულ მოკიბულით თანისთან, შეპარვით სიტყვა ჩამოეგდოთ ზავზე. ხან ამას ეხებოდენ, ხან იმას. ხოლო მიადგებოდენ რა სახელდახელო გნდეს საუბარში- ესაა შვებულიყო სიტყვა "ზავი"-გნდე უეცრად უფსკრულის პირად იხსნებოდა და მყისვე იხევდენ უკან შეშინებულნი. ხანდახან გახედავდა ირიბად ხაგნარ-დიბირ ჯევად-ხანს: ეგებ მან გაბედოს სათქმელიო-ჯევად-ხან გვერდულ ირიდებდა თვალში თვალგაყრას. ორივენი შიშით იყვენ აყვანილნი. მათ იცოდენ: მეთაური არ ავარდებოდა რისხვით ზავის გაგონებისას-ხოლო იმასაც გრძნობდენ: არმხელილი რისხვა, შამილის განლიგებულ უძრაობაში შეკავებული, უარესი იქნებოდა. გამობრუნდენ ზავი არ უხსენებიათ.

დადუმებულნი გაჰყურებდენ ნაიბები ჩამავალ მზეს. დუმილში ერთი ფიქრია გაბანდული: ზავი. ანაზდად თავს უხსნის დუმილს ერთი მათგანი: ახვერდი-მაღომა. "არ იქნება მიზანმხვედრი, რომ ხაჯი მურად ეახლოს შამილს მოსალაპარაკებლადოო". ერთი მკაცრი მოხედვა სახელგანთქმული მხედრისა განიერ დაყენებული თვალებით-მოხედვა უსიტყვო პასუხია: განა არ იციან მეგობრებმა, რომ მისსა და შამილს შუა უნდობლობის იჭვია გაქროლვილი? უკუაგდეს არჩევანი. ახლა შუანეთს ასახელებს მეორე-ეს კოლელია სურახაი. ვინ არ იცნობს ამ ქალს, ერთ ერთ ცოლს შამილისა! ტომით სომეხი, მაგრად ნაკვთიერი, იგი ხშირად ახლავს თან მეომარ ქმარს, თვითონაც მეომარი, ვაჟურად ტანგადაცმული. სწორედ ამის გამო, ფიქრობენ ვიეთნი, ეს ატეხილი ამორძალი, გამბედავი და ბედზე მიმგდები ყოველისა, იგი ყურსაც არ ათხოვებს რაიმე აზრს დაზავებისა. ბჭობა გრძელდება. ბოლოს დედა ახსენეს შამილისა. გულს მოეშვა ყველას: არჩევანი იგულვეს მისწრებად. გადასწყვიტეს: ხვალვე წასულიყო მასთან სურახაი, ხატუსა და ესაკის თანხლებით.

გათენდა დილა. არჩეულნი გაემგზავრენ შამილის დედის სანახავად. მიუახლოვდენ სახლს. ჯერ გამოიკითხეს: მეთაური შინ იყო თუ არა. არ იყო. ამან გამბედაობა შეჰმატა მისულთ. წარსდგენ დედის წინაშე, გულზე ხელდაკრეფით, თაყვანით თავდახრილნი. მოახსენეს განაზრახი ნაიბთა. მოხუცი ქალი, მოდუნებული ხოლო ჯერ კიდევ ძვალმაგარი, შეირხა მთელი ტანით. მან, დედამ, თვითონ კარგად იცოდა უიმედო მდგომარეობა კავკასის თემთა-ხოლო კარგადვე იცოდა უტეხი ხასიათიც შვილისა. დიდხანს იდგა გარინდული, მძიმე ფიქრებში გადასული. ნაიბები იდგენ დადუმებულნი, ლოდინით კიდევ უფრო აღელვებულნი. ბოლოს თანხმობა განაცხადა მოხუცმა: მოლაპარაკებოდა შვილს. მიგზავნილები გამოეთხოვენ მადლობით. ათი წუთიც არ გასულა, ავარდა მოხუცი უეცრად, გავარდა ეზოში, იხმო მსახურნი, უბრძანა: დასწეოდნენ-წასულებს- სურდა უკან წაეღო მიცემული სიტყვა? გვიანღა იყო: ნაიბები გასცლოდენ შორს მიდამოს უკვე. ამასობაში შამილიც გამოჩნდა: შემოიჭრა ეზოში ყარაბაღული ბედაურით, შვიდი მურიდის თანხლებით. დადევნების აზრი გაუქმდა.

გადმოხტა ცხენიდან სარდალი მარდად. ეცვა ღვინისფერი ჩოხა, საყელოზე და სამაჯურებზე ბეწვეულით მორთული. არც თუ მაღალი, ხოლო ნაკვთიერებით კვრივი და ტანოვანებით მაგრად სხმული. წელზე ხანჯალი, ფეხებზე მესტები, წვივებზე ტყავის ლეკვერთხები, თავზე თეთრი ჩალმა, მხრებზე დაშვებული. ნელი ნაბიჯით მიაშურა სასახლეს. დედაც თან გაჰყვა შორიახლო, ათრთოლებული. მას უყვარდა შვილი რაინდი: იყო იგი მისი სისხლი და ხორცი. ხოლო შვილში რაღაც უცნაურსაც გზნებდა ხოლმე: თითქოს კაცი კი არა ნადირი ეშვას. ჯერ კიდევ უშვი, სიურჩეს იჩენდა იგი დედის მუცელში. ხშირად აგონდებოდა ხოლმე დედას: რა სიავით ახლტა იგი ერთხელ მის საშოში. ტკივილიც იგრძნო ორსულმა, ბასრი, თუცაღა ერთი წუთით. შევიდენ სასახლეში. მისხდენ. შამილმა მოხედა დედას მოღუშულმა-დედა შეირხა. შერხევაში ის ტკივილი გაახსენდა, არა: იგზნო. ფეხმოკვეთილი გრძნობს ერთი წუთით ტკივილსაც მოკვეთილი ფეხისა-ამგვარი იყო დედის მოგონება იმ ტკივილისა. შამილო სდუმდა. სახე უძრავი, თითქო უწვარი ხისაგან ნაკვეთი, უკვე საკმაოდ დაღარული. თვალები შავი გველის ფერის, გამხვრელი ხედვით-ისინიც უძრავნი: თითქო ხამხამი არ სჩვეოდეთ სრულიად. ბაგე თვინიერ გაყვანილი და თანვე სასტიკ მოკუმული. შესაძლოა, ბაგეს ოდნავი ღიმილი მოეფრქვია-თვალებს კი არასოდეს. მათი მხვრეტი ციალი თვით ჯალათსაც შეაკრთობდა. შამილი სდუმდა: პირგამეხილი, ალმოვლებული. ქერა წვერი, ეგებ შეღებილი. ალივლივებდა თითქო მის შინაგან ალს და თან: ამით ანელებდა მას. ხოლო უცნაური: გალინგების ქვე მისი ღნიოში სახისა იმალებოდა მძიმე სევდა, არამიწიერი კაეშანი.

"რა გნებავს?" მიმართა შვილმა დედას. კითხვამ გამოხსნა მოხუცი აუტანელ დაძაბულობისაგან. ნელი, დათუთქული ხმით გადასცა შვილს ნაიბთა გულნადები. შეჩერდა ათრთოლებული. შამილმა მოხედა დედას-დედა ატორტმანდა. ავი ცეცხლი აკიაფდა შვილის თვალებში ერთი წუთით. დედა შიშმა აიყვანა. შვილი აღარ იყო მისი შვილი. იგი უცხო იყო, სხვა, სულ სხვა. "ვინ იყვნენ მოგზავნილნი?" გაისმა კვლავ ხმა შამილისა: ეტყობოდა, ბოღმას იკავებდა. სურახაი, ხატუ, ესაკი", მიუგო დედამ. "ხაჯი მურად?" "არა". ჩამოწვა დუმილი. "დამტოვე მარტო!" დედა მოცილდა.

შამილი დაფიქრდა. ხაჯი მურადს თუ მოუვიდა აზრად ეს უხამსი რამ?! ბრუ მოეხვია თავაღებულ მხედარს!? სახელი მურადისა შორს იყო გავარდნილი. აქა იქ ხმაც გაისმოდა: როგორც მეომარი იგი თვით შამილსაც გაეტოლება ცხენოსნობაში ხომ ვერცა ვინ შეედრებაო. ეგებ შამილის შენაცვლებაც აქვს ფიქრად როგორც იმამისა-ამას შიშნარევი ჩურჩულით აწვეთებენ. ხმა შამილისა ყურსაც წვდებოდა. ალაგმოს ეს თავგასული ნაიბიი?! ხოლო რა ლაგამი გაუძლებს ხაჯი მურადს?! შამილი კვიატ ფიქრებში იბნეოდა. სხვებს რაღა დაემართად, სხვებს: მკლავითა და ხრმალით ერთგულ ნაიბებს?! ისინიც წამოეგენ სასირცხვო გეგმაას? დამძიმდა ფიქრი მეომარისა. ეგებ მართლაც აღარ შესწევთ ძალა თემთ. აღარ ყოფნით ჟინი: ნაცადი სიმარჯით გაუმკლავდენ გარსმოხვეულ მტერს?! გაცუდდა ბუნება სარდლისა. გაიფიქრა: ეხლავ მოეხმო უმაღლესი საბჭო -ხოლო უკუაგდო ფიქრი წამსვე. იხმო მსახურნი. უბძანა შეეკაზმათ ალისფერი ბედაური. მოუყვანეს.მოევლო უნაგირს ვითარ გახელებული ავაზა. დაუკავა მარჯვედ ცხენს სადავე და გაექანა. მარტო გაეშურა: ერთი მურიდიც არ უახლია თან.

მინავარდობდა მხედარი ველიდან ველზე. სიმშვიდე სულისა თანდათან აკლდებოდა, უსვენარობა ძარღვებში უვლიდა. "ზავი"-ეს ხომ დაღი იქნება სირცხვილისა! არა და არა! უძლეველნი ნაშიერნი უძლეველ ავართა, რომელთაც ერთხელ თვით შაჰ-ნადირიც უკუაქციეს ძარღვშეშინებული-ეს ქედმაღალი და მრევი ხალხი რუსეთის მეფეს დაემორჩილოს?! არასოდეს! სიტყვა ტვინში იწვოდა-ხოლო დაეჭვება არ ცხრებოდა. მიაგელვებდა მხედარი ბედაურს. უეცრად ერთი განცდა მოაგონდა. მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო. იბრძოდა ყაზი-მუღლასთან ერთად შუაგულ გარსმოხვეული მტრისა: ალყაშემორტყმულ კოშკიდან შემოტევას იგერიებდა. გამოელია სასროლი. დანებდეს მტერს? არა და არა! გადმოხტა კოშკიდან, ეძგერა მტერს გაარღვია რკალი, ხიშტი მკერდში შერჩა შეტეხილი, გავარდა, ამოეფარა ძეძვიან ბუჩქნარს, ამოიძრო სისხლიანი რკინა, გადააგდო, მიიმალა, მიინაბა, და აი ასე, ორი დღე ღამის განმავლობაში, ებრძოდა ტკივილს, ძაბავდა ძალას, სძლია ჭრილობა. აი რა მოაგონდა, და საკვირველი: ჭრილობა, უკვე დიდი ხნის მორჩენილი, ამ წამს თოთქოს კვლავ გაეხსნა მორკინალს. შამილმა იგრძნო "ის" ტკივილი. ეხლა კი დაჭრილივით გავარდა.

ერთ ფერდობზე ბავშვები თამაშობდენ. კლდის მკერდიდან მოჩქრიალებდა ხალასი ნაკადი. ბიჭებს აეშიშვლებიათ მომცრო სატევრები და ცდილობდენ: ისეთი მარდი მოქნევით განეკვეთათ მაჯის-სიმსხო კვრივი ჩქერალი, რომ რკინაზე ერთი ცვარიც არ შერჩენილიყო. თითქო გლუვი რტოაო-ისე სხეპავდენ ნაკადს. შემდეგ გახედავდენ მზეზე გაწვდილ სატევარს: არ სჩანდა ცვარიი-სიხალისე სიმარჯვეს ლესავდა. შამილმა შეაყენა ცხენი, გადმოხტა. იქვე ქვებით მორკალულ აუზში ანკარა ტბორი იყო შეგუბებული. მიუშვა ცხენი დასალევად. თვითონ კი მოპეშვა ცინცხალი ჩქერალი ორხელ და განიგრილა დასიცხული პირი. ბავშვები შეჩერდენ, ხმაც გაკმინდეს: ეუცხოვად ფრიად ეს მოღუშული და აბორგილი მხედარი, თითქო მუხა ყოფილიყო ნამეხარი. რამოდენიმე წუთი დუმილისა. შამილმა ჩაიფუჩუნა თითქოს თავისთვის, ბავშვური კილოთი და თან მომგები ღიმილით: "გავანადგურებთ მტერს!" "გავანადგურებთ და მერე როგორ!" იხრიალეს ერთხმად პატარა მორკინალებმა. სიმხნე მიეცათ. "შამილი თუ გაგიგონია?" შეეკითხა მხედარი ერთ მათგანს. "შამილიი? როგორ არ გაგვიგონია!" იჟივლეს მალხაზებმა ახალისებით. "ის დაანარცხებს მტერს!" "ასე ძალოვანია იგიი?" შამილის ბაგე ღიმილით გაიხსნა. "შამილიი? ვინ სძლევს მას? იგი უძლეველია-გაზი!" "ჩემზე უფრო ძლიერიი?" "შენზეე? შენც გძლევს იგი! მისი მომრევი არავინაა!" შამილს გული აუტოკდა. მარჯვენა თვალში ცრემლი იგრძნო მომდგარი, ცრემლი ნეტარებისა. დაღვაროს იგი აქ? არა: ამ ჩვილ მორკინალთ ცრემლს ვერ უჩვენებს, თუ გინ ასეთსაც. მოახტა ბედაურს და გაექანა.

"შამილი შენცა გძლევს"-ეს სიტყვა არ ეშვებოდა მის სმენას. თავის თავი გაორებულად ეჩვენებოდა. ეს მხედარი, ეხლა ცხენს რომ მიაგელვებს, იგია თვითონ: შამილი. ამავე დროს იგი "სხვაა?" დეე, სძლიოს, ოღონდ მტერი სძლიოს! მხედარმა მოუშვა სადავე და მიუშვა ცხენი: უმხილა გავარდნა. ბედაური გავარდა: ეხლა იგრძნო ვინ იყო მხედარი. თვრებოდა ცხენი კუთებარეკილი-თვრებოდა მხედარი ძალაყრილი. რომელ უფსკრულს შეუშინდებოდა ცხენი? რა ჯებირი შეაკავებდა მხედარს? მინავარდობდა შამილი და გრძნობდა თან: ის "მეორე", ის "სხვა" ის მრევი ყველასი-მის არსში იზრდებოდა, როგორც ენგარდი ამოხაპულ წყაროს ტანში. ერთი ლელო კიდევ და: ამოშრეტილი ტანი აივსო. შამილში თითქოს ის "მეორე" იშვა, ის "სხვა", ის მრევი ყველასი. აღარ იყო სიღრუე. აღარ იყო გაორება მრთელ იქმნა შამილ! გაჰქრა ის ტკივილიც, სრულიად.

მზე უკვე ჩასვენებული იყო, როცა იმამი დაბრუნდა. ეზოში მურიდები შეეგებენ. ჩამოართვეს ოფლში გაწურული ცხენი. შამილი მიზგითისაკენ გაეშურა. მურიდები გაჰყვნენ შორიახლო. შამილმა შეაღო კარი სალოცავისა. მურიდები შესდგენ, ცხენი იქვე მიაბეს. შამილი შევიდა სალოცავში. მოიხსნა ფეხსაცმელი. მოსასხამი იატაკზე გაჰფინა. პირი ჰქნა აღმოსავლის მიმართ. დაემხო ჯვარედინ მოკეცილ მუხლებზე. ყურები თითებით დაიჭდო. მოხუჭა თვალები. ლოცვად დავარდა. შამილს რწამდა ხრმალი და მას რწამდა ალლაჰ-ეს ორი მხოლოდ. ხრმალი და ალლაჰ მის არსში ერთიმეორეს ეცილებოდნენ-შეცილებაში მტკიცდებოდა ისლამი. მლოცველი მიეცა შინაგან სმენას: ნელინელ, თანდათან, მძაფრდაზმული ნაბვით. ელოდა ლოცვად დავარდნილი იდუმალ ხმას: თუ რას ამცნევდა იგი ნაიბებს გარდაწყვეტილების გამო. ელოდა, ელოდა.

საღამო ღამედ იქცა-იმამი სალოცავში იმყოფებოდა. გათენდა დილა-იმამი არ სჩანდა. შიშმა მოიცვა ყველანი. გაეშურნენ მიზგითისაკენ: დედა იმამისა, ცოლნი მისნი, ვაჟები და ცირები მისნი, "ნუკერები"-მსახურნი. მურიდები. უხუცესნიც უმაღლესი საბჭოსი და მათ შორის: ჯალალ-ედდინ, მასწავლებელი და სიმამრი იმამისა. შამილი არ სჩანდა. შიში მოედო აულებს, თემებს. გამოეშურენ გუნიბისაკენ. დიდი და პატარა, ქალი და კაცი. შამილი არ სჩანდა. მოვარდენ სხვადასხვა მხრიდან ნაიბები აქაფებული ცხენებით. შამილი არ სჩანდა. რა დაემართა? შიში ურვად იქცა. ბჭობდენ, თათბირობდენ, რა ექნათ. ნაიბებმა არჩიეს წილისყრა, თუ ვის უნდა ხვედროდა: შეეღო კარი სალოცავისა. შეუდგენ წილისყრას. ამ დროს კარიც შეირხა: გამოჩნდა იმამი. იგრიალა თავმოყრილმა ხალხმა: "იმამ! იმამ! ლა ილლაჰ ილ ალლაჰ!" იმამი შესდგა მაღალ საფეხურზე: გაფითრებული, ჩაფერფლილი. იდგა უძრავად. არას იტყოდა. ხალხი გაინაბა სუნთქვაშეკრული. იმამი იდგა ხალხის წინ: როგორც მოსე, ამწვარ-უმწვარი ბურდიდან მოვლენილი, ისრაელის მიმართ, ხელში "ათი მცნებით." იმამს "ცნება" ტვინში ჰქონდა ამოჭრილი. ხალხი გაისუდრა დუმილში. იმამი თვალში თვალს არ უყრიდა არავის: მზერა მისი შორეთში ინთქებოდა, ვითარ ხილვა ზმანეულისა. წუთი აუტანელი. როგორც იქნა გაეხსნა მოვლენილს ათრთოლებით ბაგე. ხალხი სმენად იქცა და: მოესმათ მოგროვილთ საშინელი სიტყვანი, თითქო ნაკვერჩხლებად დატეხილნი: "ასჯერ სახრე...მას... ვინც... პირველმა... გაუწყა... ზავის ჩამოგდების... განზრახვა... მამცნო პროფეტმა..." იმამი ეხლა ენაბრგუ-აქაც თუ ემზგავსა მოსეს-დადუმდა. ხალხი ატორტმანდა რეტდასხმული, ზარდაცემული. თვალი თვალს ეყროდა გაშტერებით. ნაიბებმა დახარეს თავი. "ვინ იყო ის პირველი?" გაისმა უეცრად მყივანა ხმა ერთი ქალისა. ზარდაცემა ეხლა ხუთვად იქცა.

მყისვე გაიხსნა პირველი რკალი მოგროვილთა. აღიმართა მტკიცედ დედა შამილისა. "მე ვიყავი იგი!" განაცხადა ნელი, მტკიცე ხმით. ხალხის გროვა მოიცვა საზარელმა. "სახრე ასსელდერ" შესძახა შამილმა იქვე მდგომ მურიდს. გროვა დაიკლაკნა გველნაკბენივით. მურიდმა მოიტანა სახრე. "შეუდექ ასსელდერ!" მიმართა მოხუცმა. მურიდს ხელი გაუშეშდა. ხალხი კვლავ ატორტმანდა. წუთი დამმეხავი.

უეცრად მოეშვა საფეხურს იმამი. მოიხია ჩოხა. იწყო გაშიშვლება მხარ ბეჭისა. გასძახა თან მაგარი ხმით: "მე შვილი ვარ ამისა. იგი მოხუცია. 95 ჯერ მე სახრე-5 ჯერ დედას! შეუდექ ასსელდერ!" მურიდს სუნთქვა აღარ ყოფნის, ხელი არ ემორჩილება. ამ დროს წამოიჭრენ ნაიბები წინ, გამეხებულნი. "არ გვინდა ზავი!" დაიყვირა ჯევად-ხანმა. "ბრძოლა ბოლომდე!" მისძახა ხაგნარ-დიბირმა. ამათ სხვებიც მიჰყვენ. შამილის წინ აღიმართა მთელი გუნდი ნაიბთა. აშიშვლებულნი ხრმალნი აელვარდენ. "არ გვინდა ზავი!" "ბრძოლა ბოლომდე!" ხალხს მოეშვა სიმძიმე. "მარჯი იმამს! ლა ილლაჰ ილ ალლაჰ!" იმამი იდგა უძრავი. ფითრი სცილდებოდა, ღვივდებოდა, სახე ეხსნებოდა. ხოლო არას იტყოდა. ხალხი ირეოდა აღტაცებით. ბნელი ქვეფენილი ბუნებისაგან, საცა უპიროვნო ელემენტები თესლეულ თვლემენ, თრობის ღმერთი იშვოდა, ზღვარგადამლახველი: დიონისო. იშვოდა: ცალკეულ თვითოეულში და ერთობლივ ყველაში. შამილშიც იშვოდა იგი ხოლო რაინდი ზღვარზე თავს იკავებდა დაძაბული. სისხლი ხან ერთ საფეთქელში აწვებოდა ხან მეორეში. ხალხი ირეოდა აღტყინებით. სიტყვა აღარ ყოფნიდათ. ეხვეოდენ ერთიმეორეს. არ იყო სასუნთქი ავარდნის საბოლოვო გასაშლელად. ეხლა ესეც გაჩნდა.

"საკრავები!" გადმოეშვა კუნთებათასმული ნაიბი: ხიგნარ-დიბირ. ჯიხვური აღერებით აღიმართა მკერდი. გაშალა მკლავები. დაუარა. მოავლო რკალი. მთელი ტანით იქცა ცინცხალ რიტმად. "ასსაა!" "მმდაარა დი-რა-რაა - მმ დაარა და-რა-რაა." ეხლა მეორე გამოხლტა: ახოვანი, მკერდმაღალი, მხრებმკვრივი, ალეწილი. ეს იყო ვაჟი შამილისა: ყაზი-მაღომა. ხლტომა ირმისა იყო. დაუარა. გავლებულ კამარას მეორე შევლო. "ასსაა!" მას მოჰყვა ჯევად-ხან. "როკვა!" გამოდის მეოთხე, გამოდის მეხუთე, გამოდის მეექვსე, გამოდის მეშვიდე. "ასსაა!" ეხლა ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან. "როკვა/" როკავენ ყველანი, მთელი კრებული როკავს. "დიიირა-დიიირა-დიიირა-დიიირა.და-რა-რაა-მმ დაარა და-რა-რაა." "ასსაა!" კავკასი როკავს, ალაღებული, ლხენით დამთვრალი.

ერთი არ როკავს მხოლოდ. არა: მთელი ტანი რიტმით არის აყვანილი შინაგან-ხოლო გარეგან გაქვავებულია. ეს იმამია. ერთი ტალღა რიტმისა კიდევ და: ტანი-ქვა გასკდება. შამილი ბეწვზეა. ანთებულნი თვალნი ალს აფრქვევენ. უეცრად ცხენს მოავლო თვალი თავისას. თვალში ცხენის თვალი მოხვდა. შამილი შეირხა, გადაქანდა. დასძლია ცხენის თვალის ალმა კაცის თვალის ალს: დასძლია, გადაიზიდაა? ბნელი ბუნი, საცა უპიროვნო ელემენტები თესლეულ თვლემენ-რომელ სხვა ცხოველშია უფრო ცეცხლოვანი?! დასძლია, გადაიზიდა?! როკვით აყვანილი ამროკავი ტანი მოეშვა უეცრად: მოეშვა, მოსხლტა. შამილი გაექანა ცხენისაკენ, მოევლო უნაგირს, გავარდა. მყისვე მოახლტენ მეომარნი თავიანთ ბედაურებს. წინ: შამილი. უკან ნაიბები: ჯევად-ხან, სურახაი, ხაჯი-ალი, გაძივ, მაჰომედ-ეფენდი, ახვერდი-მაღომა, ანზორ, ომარილ-მაჰომედ, ხაგნარ-დიბირ, მიქაილ, ტალგიკ, შუაიბ, ხატუ, ესაკი, და ვაჟიც შამილისა: ყაზი-მაღომა.

მინავარდობს იმამი-დაწინაურებული. მინავარდობენ თანამეომარნი მიყოლებით. წინ ხრამი, ყველასთვის ცნობილი. შამილი არ უხვევს-მიმყოლთ ტანში შიშის ჟრუანტელი ურბენთ. შამილი უახლოვდება ხრამს. ვინ შეაჩერებს? რა შეაკავებს? ახელებს ბედს, თუ ეზრდების ბედს? შამილი ხრამს მიადგა. დაუთქვა რაღაც ბედს, ჩაუთქვა რაღაც ბედს? იცის მხოლოდ: ბედი მისია, ვინც გამბედავია. ეხლა იგი ცხენკაცია: კენტავრ. ერთი წუთი, ბედგადამწყვეტი-ბედზიარი მხედარი ხრამს თავს გადაევლო. მეომარნი ატორტმანდენ, ბედაურებით რეტდასხმულნი. ხედავენ: ცხენკაცი მიანავარდებს ბედაურს, უვნებელი. ახლა ესენიც მიენდვენ ბედს: ყიჟინით, ხივილით გადაეშვენ ხრამის თავს. "ლა ილლაჰ ილ ალლაჰ! მარჯი იმამს!" მოექცნენ უვნებელ გაღმა. წინ: იმამ შამილ. უკან: მეომარნი. მინავარდობენ ახელებულნი. რომელ უფსკრულს შეუშინდებიან? რა ჯებირი შეაკავებთ?

"იიარრაალ არრალუუ-ოდილლარ იდალლა!"
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."