რენე
გრუსე: სომხეთის ისტორია-სომხებამდელი სომხეთი II
|
ნაწილი II
ტიგრან დიდი: სომხური იმპერია
ორი საუკუნის მანძილზე
განზე გადგომის შემდეგ, პოლიტიკურ სცენაზე ისევ გამოჩნდა ირანი.
სპარმა არსაკიდებმა სელევკიდური ელინიზმი ჯერ მიდიიდან და სპარსეთიდან
გააძევეს, შემდეგ კი, ბაბილონიდან და ძველი
ასურეთიდან, მათ აქამენიდთა დიდი იმპერია
თითქოს უნდა აღედგინათ. ფაქტიურად მახლობელი
აღმოსავლეთის არბიტრად მათი მეფე მითრიდატე დიდი
(123-88) ჩანდა. მისი თანამედროვე გახლდათ სომხეთის მეფე
არტავაზდ II (123-95). მითრიდატეს მეფობის ბოლოს, პართები თავს
დაესხნენ არტავაზდს, დაამარცხეს ის და მძევლად აიყვანეს მისი მემკვიდრე,
მომავალი ტიგრან დიდი (დაბადებული უნდა იყოს 141 და 139 წლებს
შორის).
თავისუფლების მოსაპოვებლად, ტიგრანმა პართებს სასაზღვრო კანტონების
70 ხეობა დაუთმო. ამ დათმობის ფასად ტიგრანი სომხეთის ტახტზე ავიდა.
ის ფიქრობდა, რომ დათმობა დროებითი იყო. ამბიციურ და ენერგიულ
ტიგრანს, სომხეთის ლევანტის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევა სურდა.
ამისთვის ტიგრანმა პირველ რიგში უფრო პატარა სომხური სამეფო სოფენე
(Sophene) მოსპო, მოკლა მისი მეფე და ზარიადრიდთა დინასტიაც გაქრა.
ეს პატარა სომხური სამეფო ტიგრანმა დიდ სომხეთს შეუერთა.
სომხეთის ასე გაერთიანების შემდეგ, ტიგრანი პონტოს მეფე მითრიდატე
VI ევპატორთან ერთად მსოფლიო პოლიტიკაში - რომის კონფლიქტში ჩაება.
მაშინ მითრიდატე კაპადოკიის ტახტიდან რომის კლიენტი მეფე არიობარზანის
გადაგდებას ცდილობდა. ამისათვის მან დახმარება სთხოვა ტიგრანს,
რომელსაც ცოლად მიათხოვა თავისი ქალიშვილი კლეოპატრა. კლეოპატრა
იყო ტიგრანზე სამჯერ უმცროსი, მაგრამ გონებაგახსნილი და მამაკაცურად
მამაცი ასული. მითრიდატეს და ტიგრანის ალიანსში, მითრიდატე უფრო
ტიგრანის კლიენტს ჰგავდა. |
ფოტოზე: ტიგრან
II (დაახლ. ჩვ. წ. აღ–მდე 140 წ. – დაახლ. ჩვ. წ. აღ–მდე 55
წ.) დიდი სომხური ტიარით მის ერთ-ერთ მონეტაზე, ჩვ. წ. აღ–მდე
74 წ., ანტიოქია |
ფოტოზე: მითრიდატე VI დიდი პონტოელი
(დაახლ. ჩვ. წ. აღ–მდე 134 წ. – ჩვ. წ. აღ–მდე 63 წ.), მარმარილო,
ლუვრი, პარიზი/საფრანგეთი
|
სომხეთის მეფემ, როგორც არბიტრმა, კაპადოკიაში
გააგზავნა ჯარი, რომელმაც გააძევა არიობარზანი და ტახტზე დასვა
მითრიდატეს კანდიდატი გორდიოსი (ძვ.წ. წ.93 ). მაგრამ რომის
ჯარი სულას სარდლობით მაშინვე შეიჭრა კაპადოკიაში, განდევნა
გორდიოსი და ტახტზე აღადგინა არიობარზანი. ტიგრანი დადამბლავებული
იყო იმით, რომ სულა პართებს მაშინვე შეუთანხმდა და ორ იმპერიას
შორის საზღვრად მდინარე ევფრატი აღიარა. ირანის იმპერიის შესვლა
რომაულ სისტემაში, სომხეთის მეფის რეაქციას რომის სენატის პოლიტიკის
წინააღმდეგ შეუძლებელს ხდიდა.
საყურადღებოა ის, რომ ტიგრანის აზრით, დიდი სომხეთი, რომელსაც
ის აშენებდა, უნდა განვრცობილიყო მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით
სელევკიდების თუ პართების საზარალოდ; დასავლეთით კი, რომის იმპერიის
გვერდით უნდა ყოფილიყო ბუფერული სახელმწიფო, ოდესმე მთელ მცირე
აზიაზე გაშლილი პონტოს სამეფო.
როგორც სჩანს, სწორედ სომხეთის ჯარებმა, მითრაასის და ბაგოასის
სარდლობით ისევ დაამხეს არიობარზანი და ტახტზე მითრიდატეს შვილი
არიარატ ფილოპატორი (Ariarathe Philopator) დასვეს.
ამ დროს იტალიაში სოციალური ომი დამთავრდა, რომს ხელები გაეხსნა.
მან მითრიდატეს ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც იძულებული იყო დამორჩილებოდა.
89 წელს, თავად პონტოს მეფემ ჩათვალა, რომ მისი ძალები არასაკმარისი
იყო და თავისი შვილი თვითონვე წაიყვანა კაპადოკიიდან, სადაც
რომაელებმა ისევ საკუთარი ვასალი დასვეს. ტიგრანს მაშინ არაფერი
მოუმოქმედებია. მას ხელი არ გაუნძრევია არც მაშინ, როდესაც მცირე
აზიაში მითრიდატეს და რომაელებს შორის ღია ომი დაიწყო. მცირე
აზიაში და საბერძნეთში მიმდინარე ომები სომხეთის მეფეს იმხანად
არ აინტერესებდა. მითრიდატე დამარცხდა, მან ყველა თავისი დაპყრობა
რომს დაუტოვა, ხოლო მისმა მოკავშირე ტიგრანმა კი, სომხეთი ლევანტის
ჰეგემონად გადააქცია.
არსაკიდების არტაბან II-ის (88-77) დროს, პართების ირანს საკების
ტომები ანუ სკვითები და სხვა მომთაბარეები შეესივნენ, ტომები,
რომელთაც ხორასანი ააოხრეს. ამ ტომებიდან ერთ-ერთმა, საკაროკების
ტომმა, ტახტზე მომდევნო არსაკიდი სინატროკეს (Sinatrokes) (77-70))
დასვა
.
ფრაატ III-ის ( 70-57) მეფობა საშიშ გარემოებებში დაიწყო. თურქესტანის
ტრამალებიდან გამოსული ტომების შემოსევების საფრთხის წინაშე
არსაკიდების იპერია თითქოს იშლებოდა. ტიგრანმა ამ ისტორიული
მომენტით ისარგებლა.
სომხური ჯარი შევიდა ადიაბენის პროვინციაში, ძველ ასურეთში,
მივიდა არბელამდე და ნინევიამდე. პართებს სხვა გზა აღარ ჰქონდათ
და მათ ტიგრანს მათ მიერ 95 წელს დაპყრობილი 70 ხეობა და, მეტიც,
ჩრდილოეთი შუამდინარეთი დაუთმეს. ტიგრანმა თავისი ძალაუფლება
განავრცო ქურთების წინაპარი კარდუხების (Cardouques) ქვეყანა
გორდიენ-ზე (Gordyene), ჰემისდინანის მასივზე, ბიჰტან-სუს სამხრეთით
ადიაბენზე ანუ ძველი საკუთრივ ასურეთზე, არზანენზე ანუ არძენის
ქვეყანაზე, ზემო ტიგროსისკენ, მიგდონიისკენ ანუ ნისიბის ქვეყანაზე
და ოსროენისკენ ანუ ედესის ქვეყანაზე (ორფა). იმდროინდელ სომხეთში,
ისევე როგორც არსაკიდების ირანში, ამ პროვინციების დინასტიებმა
თუ მეფეებმა თავისი გვირგვინები შეინარჩუნეს, მაგრამ ისინი ახალი
მეფის ვასალებად გადაიქცნენ. ერთგულება ტიგრანს ატროპატენას
(აზერბაიჯანი, თავრიზის რეგიონი) მეფემაც შეჰფიცა და მისი სიძე
გახდა.
სომხური ჯარები შევიდნენ პართიის
ტერიტორიაზე, მივიდნენ მიდიამდე, ეკბატანას (ჰამადანის) კარიბჭემდე.
მათ არსაკიდი სატრაპიას სასახლე დაწვეს. პართები აღარ იყვნენ
ჰეგემონები, მათ გამარჯვებულთან კავშირი იძულებით შეჰკრეს. ჩრდილოეთით,
თავისი სიუზერენიტეტი ტიგრანმა დააძალა იბერებს (ქართველებს)
და ალბანელებს (შირვანი და ყარაბაღი). ოსროენას დამორჩილების
შემდეგ კომაგენმა (სამოსატმა) აღიარა ტიგრანის სიუზერენიტეტი.
ამის შემდეგ, ტიგრანს სირია ხელში «მწიფე ხილივით» ჩაუვარდა.
სელევკიდებმა თავისი მუდმივი ოჯახური კინკლაობებით იქ ყოველგვარი
ავტორიტეტი დაკარგეს და ქვეყანა ანარქიამ გააწამა. უკანასკნელი
ენერგიული სელევკიდი ანტიოქოს XII დაამარცხეს და მოკლეს ნაბატევლებმა,
არაბმა ტომებმა. ამ ანარქიის შუაგულში მფარველის მაძიებელი დამასკოელები
დაემორჩილნენ ამ ნაბატევლების ბელადს - არეტასს (al-Harith).
სხვა არაბი ბელადი სამპსიკერამოსი
დამკვიდრდა ემესში (ჰომსში). ამ მაგალითის მიბაძვით, უდაბნოდან
გამოსული ამირები, შიდა ქალაქებში სამთავროებს ითავისებდნენ.
უფრო სერიოზულად ელინიზებული ქალაქები, მაგ. ანტიოქია და სელევკია,
თავისუფალ ქალაქებად ყალიბდებოდნენ. ამ ანარქიით დაღლილმა სირიელებმა,
სულ მცირე მათმა დიდმა ნაწილმა, მიიწვია ტიგრანი, რომელსაც დაახლოებით
ძვ.წ. 84 წელს გვირგვინი მიართვეს. აპიანეს ერთი პასაჟი გვაფიქრებინებს,
რომ სელევკიდებმა ტიგრანს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
სინამდვილეში კი, ამ სახლის მთავარი წარმომადგენელი ფილიპე მაშინ
სცენიდან გაქრა და კილიკიაში წავიდა. ის დაიჭირა და მოკლა ტიგრანმა,
რომელმაც 83 წლისათვის კილიკიის ველიც დაიპყრო.
როგორც ჩანს, ტიგრანმა მშვიდობიანად დაიპყრო ანტიოქია და ჩრდილოეთი
სირიის სხვა ქალაქები. მას კარები დაუკეტა მხოლოდ სელევკიდთა
ზღვისპირა ქალაქმა პირიმ (Pierie) და გემების არმქონე ტიგრანმა
ის ვერ აიღო. სირიის მეფე ანტიოქოს X-ის ქვრივმა, სელევკიდმა
პრინცესა კლეოპატრა სელენამ, გარკვეულ დროს გაძლო ფთოლემაისში
(Ptolemais), სადაც ტიგრანმა სამასათასკაციანი არმია გააგზავნა,
აიღო ქალაქი და დაატყვევა კლეოპტრა სელენა. ამავე დროს, ტიგრანს
მანამდე მის აღიარებაზე უარის მთქმელი ფინიკიური ქალაქები დაემორჩილნენ.
სამაგიეროდ, ტიგრანს დამასკოდან ნაბატევლები არ გაუძეევებია
და არ დაუმორჩილებია იუდას ამორეველთა დინასტია. ბერძენი და
ლათინური ავტორები ტიგრანს აღწერენ როგორც ზომიერების არმცოდნე
დამპყრობელს, მაგრამ როგორც ვხედავთ, მას თავშეკავების უნარიც
ჰქონდა.
დიდი სომხეთის დამფუძნებელმა ტიგრანმა არ მოინდომა ზღვისპირა
სირიის იქით წასვლა და არ დაივიწყა თავისი მშობლიური მიწა, მისი
საფუძველი და არსებობის აზრი. სირია, ისევე როგორც ჩრდილოეთი
მესოპოტამია და ატროპატენა სომხური სიმაგრის მცველი გალავანი
უნდა ყოფილიყვნენ. ასე გაუცნობიერებლად აღადგენდა ტიგრანი ძველ
ურარტუს მისი ტერიტორიული ზეობის ხანაში. ხალხებს ამგვარად კარნახობენ
ქცევას გეოგრაფიული მონაცემები.
ეხლანდელ სენ-ჟან-დ’აკრიმდე (Saint-Jean d'Acre) გაშლილ და შუამდინარეთის
მაკონტროლებელ სომხურ იმპერიას ახალი დედაქალაქი სჭირდებოდა.
ტიგრანმა თავისი რეზიდენციის ადგილად შეარჩია საკუთარ სამფლობელოთა
ცენტრი, რომელიც სომხეთსა და სირია- მესოპოტამიას შორის შუა
გზაზე მდებარეობდა... ტიგრანის დედაქალაქი ტიგრანაკერტი აკონტროლებდა
დიდ სავაჭრო გზას, რომელიც ანტიოქიიდან ბაქტრიისა და ინდოეთისაკენ
მიდიოდა.
თავისი დედაქალაქის დასასახლებლად, ტიგრანმა იქ გადაიყვანა სხვადასხვა
პროვინციის, განსაკუთრებით კი მეზობელი ადიაბენის (ასურეთი)
და გორდიენის 300 000 მცხოვრები. იმავე მიზნით, ის 78-77 წლებში
თავს დაესხა კაპადოკიას და ტიგრანაკერტში გადაასახლა მაზაკას
მკვიდრნი, ბერძნები - დააზუსტა პლუტარქემ. ტიგრანი ასევე მოექცა
კილიკიაში ბერძნულ კოლონია სოლის. იგივე ავტორი უმატებს, რომ
ტიგრანმა მეზობლად გადმოასახლა კარავში მცხოვრები არაბები, რომლებიც
მან მოსწყვიტა მომთაბარე ცხოვრებას, რათა ისინი ტიგრანაკერტთან
გამავალ დიდ სავაჭრო გზაზე მექარავნეებად გამოეყენებინა. ეს
იყო ორმაგი დასახლება: საკუთრივ ქალაქური დასახლება – ტიგრანს
მცირე აზიის ბერძენი კოლონების დახმარებით ტიგრანაკერტის მაელინიზებელ
ქალაქად გადაქცევა და ირგვლივ ბინადარ ცხოვრებაზე გადასული არაბების
დასახლება სურდა.
კლასიკური ისტორიკოსები ასევე ახალი იმპერიის კარკასს გვიჩვენებენ.
მონარქია ირანული მოდელის შესაბამისად აიგო. სახელმწიფო აპარატი
შექმნილი იყო სუზას და პერსეპოლისის მიბაძვით. ტიგრანის ირგვლივ
იყო ვასალი მეფეების ბრბო. მისი ტახტის ირგვლივ მცველებად თუ
მხლებლებად მუდამ ოთხი მეფე იყო. როდესაც ტიგრანი გადიოდა, ეს
მეფეები მის წინ ფეხით მიდიოდნენ. მათ უბრალო ტუნიკა ეცვათ.
მიღების, აუდიენციის დროს, ეს მეფეები ტიგრანის ტახტის ირგვლივ
ხელიხელჩაკიდებულნი იდგნენ.
დიდი მეფის მიმართ ვასალთა პროტოკოლარული დამოკიდებულებები გვიჩვენებს,
თუ რამდენად ცოცხალი იყო აღმოსავლეთში აქემენიდთა ტრადიცია.
და რა გასაკვირია ტიგრანის საქციელი მაშინ, როდესაც ასეთივე
თაყვანისცემას ალექსანდრე მაკედონელიც ითხოვდა. ტიგრანი ხალხსაც
ისეთივე დიდებულებით წარუდგებოდა, როგორც დიდი ირანელი მეფეები.
მან თავისი იმპერიის სასაზღვრო რეგიონებში ოთხი ვიცე-მეფე დაადგინა.
რა ადგილი ჰქონდა ბერძნულ კულტურას ტიგრანის იმპერიაში და მის
კარზე?
თვითონ ტიგრანს და მის მეუღლეს - კლეოპატრას, მითრიდატე ევპატორის
ასულს, ბერძნული კულტურა უყვარდათ. ტიგრან დიდის მეუღლე, სომხეთში
ბერძენ ხელოვანთ და მწერლებს იწვევდა, განსაკუთრებით ათონელ
რიტორ ამფიკრატესს და ისტორიკოსს მეთროდორ სეფსისელს (Métrodore
de Scepsis), რომელმაც ტიგრანის ცხოვრება დაწერა. კლეოპატრამ
ორივე დიდებულად დაკრძალა.
ტიგრანის ოჯახის ახალგაზრდა პრინცები ბერძნულად იყვნენ აღზრდილები.
ტიგრანის შვილი, სომხეთის მომავალი მეფე არტავაზდ III გამორჩეული
ბერძნულად მწერალი გახდა. ტიგრანაკერტის დამპყრობელმა ლუკულუსმა
კი, იქ ბერძნული ტრაგედიების დასადგმელად და წარმოსადგენად ჩასულ
მსახიობთა დასი იხილა.
სომხური სუბსტრატის ტიგრანის იმპერია ჩართული იყო დროის ორ დიდ
კულტურაში. სახელმწიფო წყობა და ქვეყნის ორგანიზაცია აქემენიდური
რეჟიმის მემკვიდრეობა იყო, ხოლო ამიერიდან იმპერიაში ჩართული
ელინიზმი სამეფო ოჯახმა და კარმა მიიღო. ჯარი კი, აღმოსავლეთში
ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი იყო. სომეხი დამპყრობლის ჯარს შეადგენდნენ
კავკასიელი ალბანელებიც, იბერებიც, ატროპატენელებიც, გორდიენელებიც
ანუ ქურთებიც, არაბებიც, დაქირავებული ბერძნებიც...
იყო თუ არა ტიგრანის იმპერია სიცოცხლისუნარიანი?
ამბობენ რომ არა, იმიტომ, რომ ის არ გადარჩა. მაგრამ შეიძლება
ითქვას, რომ ის საგანთა არსს შეესაბამებოდა. გეოგრაფიულად სომხური
მასივი შექმნილია იმისათვის, რომ შუამდინარეთის ხეობებში ბატონობდეს,
აკონტროლებდეს ზემო სირიას, ჯეიმს, ქურთისტანსა და აზერბაიჯანს.
პოლიტიკურად გაკოტრებული სელევკიდური ელინიზმის კრიზისში, ტიგრანი
სირიის და მესოპოტამიის ბერძნული თემების კეთილგანწყობილი მეურვე
იყო, რომელსაც თავადაც სურდა გაელინება. ის რა თქმა უნდა, არ
ყოფილა ელეგანტურად გაბერძნებული ვინმე, მაგრამ არც გაუმაძღარი
სისხლისმსმელი მხეცი იყო.
სომხურ იმპერიას სირიაში და მესოპოტამიაში დიდხანს რომ ეარსება,
ესოდენ ძლიერი და ენერგიული ბერძნული ელემენტი ირგვლივ ყველას
და ყველაფერს გააბერძნულებდა. ბერძნები ამას გრძნობდნენ და ტიგრანის
ბატონობას როგორც გარდაუვალ, აუცილებელ ეტაპს ურიგდებოდნენ,
რომელიც მათი ცივილიზაციის გამარჯვებას ამზადებდა. მაგრამ მეტისმეტად
სწრაფი ელინიზაცია, დენაციონალიზაცია - საკუთარი ენის და ეთნოსის
დაკარგვა იქნებოდა. ამიტომ, საბოლოო ანგარიშით, ტიგრანის სომხური
იმპერიის გაქრობა კარგია. სომხეთი ხელუხლებელი დარჩა.
ტიგრანის კონფლიქტი რომაელებთან
სომხური იმპერია თავის აპოგეაში იყო, როდესაც ტიგრანი რომს დაუპირისპირდა.
უნდა ითქვას, რომ ის კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობდა.
კონფლიქტში ის მითრიდატე ევპატორმა ჩაითრია. რომაელების მიერ
თავისი სახელმწიფოებიდან გაძევებულმა მითრიდატემ, 72 წლის ზაფხულში
თავი სომხეთს შეაფარა. დამარცხებული სიძის მიმართ ტიგრანმა სტუმართმოყვარეობა
გამოიჩინა, ის ციხე-სასახლეში დააბინავა და საპატიო დაცვა დაუნიშნა,
მაგრამ კარზე არ მიიღო. მითრიდატე იქ 20 თვის მანძილზე უმოქმედოდ
დარჩა, რაც მის ტემპერამენტს სულ არ შეესაბამებოდა. ზოგი ფიქრობს,
რომ ტიგრანმა ამით თავისი მოკავშირე უარყო. მაგრამ ის პონტოს
დრამაში ჩარევაზე უარს ძალზედ ბრძნულად ამბობდა და ამით საფრთხეში
არ აგდებდა მის მიერ აგებული იმპერიის ბედს. მას კონფლიქტში
სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა მაშინაც, როდესაც რომის
ელჩი მიადგა და მითრიდატეს ექსტრადაცია მოსთხოვა. ეს ელჩი, აპიუს
კლოდიუსი, პონტოს სამეფოს დამპყრობელი რომაელი გენერლის - ლუკულუსის
ახლობელი გახლდათ. მდგომარეობა საშიში იყო. ტიგრანი მაშინ სამხრეთ
ფინიკიაში იყო, სადაც ის სელევკიდების უკანასკნელ ადგილებს იმორჩილებდა.
მან კლოდიუსს მისი ანტიოქიაში დაცდა შესთავაზა. რომის ელჩმა
იქ ყოფნით ისარგებლა და სომხეთის ვასალ დინასტიებთან კავშირები
დაამყარა, განსაკუთრებით კი, გორდიენის მეფე ზარბიენოსთან. სირიაში
კი, კლოდიუსი ტიგრანის კარის აღმოსავლური სახით უკმაყოფილო ბერძნული
ქალაქების ტიგრანის წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობდა.
ფინიკიიდან ანტიოქიაში დაბრუნებულ ტიგრანს, კლოდიუსმა ნამდვილი
ულტიმატუმი გადასცა, რომელიც მითრიდატეს გადაცემას მოითხოვდა.
ტიგრანმა ომისათვის თავის ასაცილებლად ყველაფერი იღონა. ამაზე
კარგად მეტყველებს ის, რომ ლტოლვილი მითრიდატე მან კარისგან
შორს დააბინავა. მაგრამ მტრებისათვის სიმამრის გადაცემა მეტისმეტად
უღირსი საქციელი იყო და ტიგრანმა მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.
ყველაფერს ემატებოდა ის, რომ რომაელები მას მეფედ და არა მეფეთა
მეფედ მიიჩნევდნენ. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ისინი მის დაპყრობებს
და თვითონ სომხური იმპერიის პრინციპს არ აღიარებდნენ.
ამას შემდეგ ომი გარდაუვალი იყო. ტიგრანმა იომა, მაგრამ სასტიკად
დამარცხდა. დამარცხებული ტიგრანი და მითრიდატე ერთმანეთს შეხვდნენ.
მათ საკუთრივ სომხეთის გადარჩენაზე უნდა ესაუბრათ, რადგან ტიგროსის
სამხრეთით სომხების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები დაკარგული იყო.
ბერძენი და კილიკიელი დაქირავებულების ღალატის გამო ტიგრანაკერტიც
დაეცა. ლუკულუსმა ტიგრანის იმპერიის ეფემერული დედაქალაქი დაიპყრო
და უკან, თავის ქვეყნებში გააგზავნა ტიგრანის მიერ დასახლებული
ბერძნული და სხვა კოლონები. ტიგრანის სამხრეთი ვასალები რომის
კლიენტებად გადაიქცნენ.
თუმცა დამარცხებული ტიგრანი არ დანებებულა. მან დიდი არმია მოაგროვა,
რომელშიც სომხების გარდა იყვნენ იბერებიც, ალბანელებიც, ბერძენი
ოფიცრების თუ ხელისუფლებისგან განდგომილი იტალიელების მიერ გაწვრთნილი
მეომრები. ლუკულუსი ტაძრებს ჩვეულებრივ ძარცვავდა და ამიტომ
ტიგრანის მხრიდან ომმა რელიგიური და ეროვნული თავდაცვის სახე
მიიღო. 68 წლის ზაფხულში, ლუკულუსმა საკუთრივ სომხეთის დაპყრობა
სცადა. მას სომხების ძველი დედაქალაქის - არტაქსატას აღება სურდა.
მაგრამ «სომხური ციტადელის» გულში მყოფი არტაქსატას აღება არ
ყოფილა იგივე, რაც «საზღვარი-ქალაქი» ტიგრანაკერტის აღება. სომხეთის
მაღალი ზეგნებისაკენ მიმავალ ლუკულუსს ჰავის ფაქტორი დაავიწყდა.
არა და, კარგი სეზონი სომხეთში მოკლეა და მერე ცივა ან ყინავს.
ტიგრანი, რომელსაც თან მუდამ მითრიდატე ევპატორი ახლდა, ბრძოლას
თავს ჯიუტად არიდებდა.
სომხური და პონტოს ძალების დიდი ნაწილი სიმაღლეებზე მოწყობილ
ბანაკებში იდგა და რომაელები მათ ვერაფერს უშვებოდნენ. რომაელების
ირგვლივ მსუბუქი სომხური კავალერია ტრიალებდა და მათ მომმარაგებლებს
იტაცებდა. აცივდა, სომეხთა წინააღმდეგობა გაძლიერდა და რომაელები
გაიჭედნენ. ამ პირობებში, რომაელთა ლეგიონები აღელდნენ და აჯანყებებით
იმუქრებოდნენ. ლუკულუსმა უკან დაიხია, სომხურმა მიწამ დამპყრობელი
გააძევა და უკვე ტიგრანის შეტევის დრო მოვიდა.
რომაელების მტერი ტიგრანი, რომაელების მეგობარ ტიგრანად გადაიქცა.
სომხეთის მონარქმა, ტიგროსის ჩრდილოეთით ისევ მრავალი რაიონი
დაიპყრო. მან კინაღამ კაპიტულაციამდე მიიყვანა ლ. ფანიუსის რომაული
დივიზია, რომელიც პირადად ლუკულუსმა ძლივს გადაარჩინა. ამავე
დროს, მითრიდატე ევპატორმა, 8 000 კაცით, რომელთა შორის ტიგრანის
მიერ მისთვის დათმობილი 4 000 სომეხიც იყო, რომაელებს წაართვა
თავისი პონტოს სამეფო და 68 წლის შემოდგომაზე იქიდან ლუკულუსის
ხელქვეითები გააძევა. და ბოლოს, ტიგრანის ვასალმა და სიძემ -
ატროპატენას მეფემ, თავისი კავალერიით დაიპყრო კაპადოკია. ის
რომაულ გარნიზონებს სდევნიდა. 67 წლის ზაფხულში, კაპადოკიის
ნაწილი ისევ ტიგრანის ხელში იყო.
სომხეთის ახალი ორიენტაცია: ტიგრან
დიდი - რომაელთა მოკავშირე
ტიგრან დიდის და მითრიდატე ევპატორის ალიანსი, როგორც არასდროს
ისეთი ურყევი სჩანდა, როდესაც ის ოჯახურ დრამათა სერიამ შეაზანზარა.
უსაყვარლესი მეუღლისაგან, მითრიდატეს ასულისაგან, ტიგრანს სამი
ვაჟიშვილი ჰყავდა. ყოველი მათგანი მამის წინააღმდეგ შეთქმულებას
აწყობდა. უფროსი, ზარიადრე, აჯანყდა და იარაღით ხელში დაიღუპა.
მეორე ვაჟიშვილმა იმით ისარგებლა, რომ მამამისი ერთხელ ცხენიდან
ჩამოვარდა. მას ეგონა, რომ ტიგრანი დაიღუპა და ისე სასწრაფოდ
დაიდგა გვირგვინი, რომ არც კი შეუმოწმებია მამამისი მართლაც
მოკვდა თუ არა. მესამე, ტიგრან უმცროსი აჯანყდა მაშინ, როდესაც
მამამისი, ტიგრანი დიდი კაპადოკიის გულში რომაელებს ეომებოდა.
მოხუცმა მეფემ გაიმარჯვა და შვილი განდევნა. ტიგრან უმცროსმა
თავი პართთა მეფე ფრაატ III-ს შეაფარა, ცოლად მისი ქალიშვილი
შეირთო და პართებს სომხეთზე თავდასხმისაკენ უბიძგა.
იყო ძვ.წ. 66 წელი, დიდი სომეხი მეფე უკვე 74 წლისა იყო და რომაელებთან
ომის შემდეგ ძლივს წამოდგა - როდესაც მის სახელმწიფოებს შეესივნენ
პართები, რომლებმაც არტაქსატა კინაღამ აიღეს. მაგრამ ტიგრანმა
აქაც იმარჯვა და დაამარცხა პართებიც და თავისი შვილიც, რომელიც
ახლა მცირე აზიის რომაული ლეგიონების სარდალ პომპეუსთან გაიქცა.
მოღალატე ტიგრან უმცროსი რომაელ არწივებს სომხეთში მიუძღვებოდა.
პომპეუსმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა. მან თავიდანვე
გაიმარჯვა იქ, სადაც ლუკულუსი დამარცხდა, შეუჩერებლად იარა და
სომხეთის დედაქალაქ არტაქსატას მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ტიგრან
დიდი მოლაპარაკებაზე დათანხმდა. და რაღა შეეძლო მოხუც მეფეს?
მისი შვილი მტრის თანამზრახველი და მეგზური იყო. რომაელები სომხეთს
დასავლეთიდან უტევდნენ, ამ დროს პართებს აღმოსავლეთიდან შეტევა
შეეძლოთ. მეტიც, ის ეჭვობდა, რომ მისი შვილები მითრიდატეს წაქეზებით
აუჯანყდნენ. უბედური ტიგრან დიდი პომპეუსის გულუხვობას ენდო
და არ წააგო. ის ძველი წეს-ჩვეულების თანახმად რომაელთა ბანაკში
მივიდა და პომპეუსის ფეხებთან თხოვნით დაეცა. რომაელთა გენერალმა
მის ფერხთით დაცემული ტიგრან დიდი წამოაყენა, თავზე დიადემა
დაადგა და ხმამაღლა განაცხადა, რომ სომეხთა მეფეს თავისი სამეფო
სულაც არ დაუკარგავს, პირიქით, მან რომაელი ხალხის მეგობრობა
მოიპოვა. ტიგრანს უნდა დაეთმო სინამდვილეში უკვე დიდი ხნის წინ
დაკარგული გარე დაპყრობები ანუ სირია, კომაგენი, ოსროენი, მიგდონია.
ომის ხარკის საფასურად ის რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირე
ხდებოდა. მისი უღირსი, გადაგვარებული შვილიც სამართლიანად დაისაჯა.
პომპეუსი მას თავიდან სოფენს დაჰპირდა, მაგრამ თავგასული ახალგაზრდა
ამ «პატარა» საჩუქრით კმაყოფილი არ იყო. ბოლოს კი, ბორკილები
დაადეს და სოფენი კაპადოკიის მეფე არიობარზანს მისცეს. პართების
მეფემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მის სიძეს ცუდად
ეპყრობოდნენ. პომპეუსმა მშრალად უპასუხა, რომ ამ უკანასკნელის
ბედის გადაწყვეტის უფლება, პირველ რიგში, მამამისს - სომხეთის
მეფეს ჰქონდა. ამ ირონიული პასუხით უარყოფილი იქნა პართების
პრეტენზია სომხეთზე.
პომპეუსმა რომის ჰეგემონია გაამყარა. მან 66 და 65 წლებში ამიერკავკასიაში
ალბანელები და დღევანდელი საქართველოს იბერები დაამარცხა. პართები
მოხუც ტიგრან დიდს გორდიენის პროვინციის გამო ედავებოდნენ. პომპეუსმა
კი, თავის ხელქვეით აფრანიუსს ტიგრანის სამფლობელოთა დაცვა დაავალა. |
ფოტოზე:
რომაელი პოლიტიკოსი და სარდალი გნაიუს პომპეუს
მაგნუსი (ჩვ. წ. აღ–მდე 106 წ. - ჩვ. წ. აღ–მდე 48 წ.), ჩვ.
წ. აღ–მდე 70-60 წწ.-ში შექმნილი რომაული ბიუსტის ასლი, ჩვ.
წ. აღ–მდე 27 წ. - ჩვ. წ. აღ–ით 14 წ., ვენეციის ეროვნული მუზეუმი,
ვენეცია/იტალია |
ფოტოზე: რომაელი
პოლიტიკოსი, სარდალი და კონსული მარკუს ლიცინიუს კრასუსი (ჩვ.
წ. აღ–მდე 115 ან 114 წ. - ჩვ. წ. აღ–მდე 53 წ.) რომაული პორტრეტი,
ლუვრი, პარიზი/საფრანგეთი |
პომპეუსის
და ტიგრან დიდის არტაქსატას შეთანხმებამ უკვე ასეთი ნაყოფი გამოიღო:
სომხეთი რომის კლიენტი გახდა და მან პართებს ზურგი შეაქცია იმიტომ,
რომ არტაქსატას პაქტი, ამავე დროს, პართების წინააღმდეგ მიმართული
პაქტი იყო. სომხეთი პართებისაგან რომის დაცვის მოწინავე ბასტიონად
იქცა და რომთან კავშირი თვით სომხეთს პართებისგან იცავდა. ტიგრანმა
მეფობა არსაკიდთა შემოჭრილი სიუზერენიტეტისგან განთავისუფლებით
დაიწყო და რომთან კავშირით თავისი მიღწევების არსებითი ნაწილი
გადაარჩინა. მაშინ, როდესაც სირია რომის პროვინციად გადაიქცა,
სომხეთის ერთიანობა შენარჩუნებული და განმტკიცებული იქნა - სწორედ
ეს იყო მთავარი. პალესტინის საზღვრიდან მიდიის საზღვრამდე გადაშლილი
სომხეთის იმპერიაზე ოცნების დრო აღარ იყო, მაგრამ სამაგიეროდ,
ერთიანმა სომხეთმა, მისმა ეროვნულმა მეობამ და კულტურულმა ავტონომიამ
გაიმარჯვა, ამიერიდან ეს ყველაფერი რომის კლიენტელაში სომხეთის
შესვლით იყო გარანტირებული.
მთლიანობაში, ტიგრან დიდის მეფობა სულაც არ ყოფილა სრული მარცხი,
როგორც ამას ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს. მისი მეფობის არასრულყოფილება
ცხადია, მაგრამ ესაა იმ დროის ანატოლიის ყველა სამეფო კარის
ბერძნულ-აღმოსავლური ატმოსფეროს არასრულყოფილება და არა ტიგრანის
პიროვნული მანკიერებები. აქემენიდური ტრადიცია ისევ ძალიან ძლიერი
იყო, ელინიზაცია კი უფრო სუსტი. აკრიტიკებდნენ არა თვით პიროვნებას,
არამედ დარიუსთა და არტაქსერქსთა მემკვიდრე «დიდ მეფეს», რომელმაც
აღმოსავლეთის მეფეების ფუფუნება და მონარქიული წყობა შეინარჩუნა.
ამ თვალსაზრისით, ტიგრან დიდი რომაელი სახელმწიფო მოღვაწეებისაგან
მართლაც მკვეთრად განსხვავდებოდა. ის ბევრად უფრო ზომიერი და
ბრძენი იყო, ვიდრე მისი მოკავშირე და სიმამრი მითრიდატე პონტოელი,
რომელმაც თავისი გიჟური წამოწყებებით მოკლე ხანში სამეფო დაკარგა
და საკუთარი დინასტია მოსპო. უეჭველად ნაკლებად შთამბეჭდავმა
ტიგრანმა კი, უკვდავი ქმნილება - სომხეთი დატოვა.
დავუმატებთ, რომ საკუთრივ სომხურ სფეროში, მითრიდატე ტიგრანის
უარყოფით გავლენას ახდენდა. ტიგრანი დიდის სახელს სწორედ იმიტომ
იმსახურებს, რომ ის თავის საშიშ მოკავშირეს არ აჰყვა.
არტავაზდ III, კრასუსი, ანტონიუსი
რომის კლიენტელაში შესვლის შემდეგ, ტიგრანმა კიდევ ათიოდე წელი
იმეფა. 80 წელზე მეტი ხნის ტიგრანი ძვ.წ. 56-54 წლისათვის გარდაიცვალა.
მან ტახტი დაუტოვა თავის ვაჟიშვილს - არტავაზდ III-ს დაუტოვა,
რომელმაც ძვ.წ.56-30 წლებში იმეფა. ჩვენ არტავაზდის ლამაზი მონეტები
გვაქვს, რომლებზეც მას თავზე ტიარა ადგას. მონეტებს მისი წოდება
- basileus basileon აწერია. ის გამორჩეული მწერალი გახდა –
ბერძნულად ტრაგედიებს, სიტყვებს და ისტორიებს წერდა, მამამისის
ახალ ორიენტაციას აგრძელებდა და რომის ერთგული მეგობარი იყო.
ასე იყო 53 წელს, როდესაც ტრიუმვირმა კრასუსმა, პართების წინააღმდეგ
რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებლად ილაშქრა. არტავაზდ III-მ კრასუსს
ყველაზე სასარგებლო რჩევები მისცა. კრასუსი ჯერ ისევ ჩრდილოეთ
სირიაში იყო, როდესაც მასთან 6 000 ცხენოსნის თანხლებით არტავაზდი
მივიდა. პლუტარქეს თქმით, არტავაზდი კრასუსს 10 ათას შეიარაღებულ
ცხენოსანსა და 30 ათას ფეხოსანს დაჰპირდა, რომელთაც სომხეთი
კვებავდა. თანაც არტავაზდმა კრასუსს პართებზე ლაშქრობა სომხეთის
გავლით ურჩია. იქ რომის არმიას საჭმელ-სასმელს თვითონ მეფე მიაწვდიდა.
რომის ჯარისთვის მთიან ქვეყანაში მოქმედება უსაფრთხოდ ითვლებოდა,
ხოლო პართების მთავარი ძალა კავალერიისათვის, მთა მოუხერხებელი
იყო. კრასუსმა მადლობა გადაუხადა არტავაზდს, მაგრამ მისი გეგმა
უარყო, რათა კავშირი დაემყარებინა არაბ ბელადებთან, განსაკუთრებით
ედესის მმართველ დინასტ აბგარ II-თან, რომლებიც მას პართების
დედაქალაქების - სელევკია-კტესიფონისკენ სვლას ჯეზირის გავლით
ურჩევდნენ. ამასობაში, არტავაზდზე შურისმაძიებელი პართების მეფე
ოროდეს I სომხეთს აოხრებდა. არტავაზდმა მაცნე გაუგზავნა კრასუსს,
რათა ის გაეფრთხილებინა, რომ ეს უბედურება სომხეთის ჯარს რომის
ლეგიონებთან მისვლაში ხელს უშლიდა. მან ასევე გააფრთხილა კრასუსი,
რომ უკეთესი იქნებოდა ჯეზირის ველებისათვის თავის არიდება, რომლებიც
მეტისმეტად მოხერხებული იყო არსაკიდთა კავალერიის მოქმედებისათვის.
მაგრამ ქედმაღალმა რომაელთა კრასუსმა არ დაუჯერა ბრძენი სომხის
რჩევებს, მეტიც, საკუთარი ქვეყნის მცველი სომხების არყოფნა ღალატად
ჩათვალა და განაცხადა, რომ პართების ჯარის დამარცხების შემდეგ,
სომხებს თვით სომხეთში დასჯიდა.
ჩვენთვის ცნობიულია, თუ რა გამოიწვია ქედმაღალმა რომაულმა სიბრმავემ.
53 წლის 28 მაისს, პართებმა რომის ჯარი კარესთან (Carrrhes)
გასრისეს და 1 ივნისს თავად კრასუსი მოკლეს. ამ კატასტროფამ
რომაელთა წინსვლა აღმოსავლეთისკენ გააჩერა. ევფრატი დიდხანს
დარჩა საზღვრად რომისა და პართების იმპერიებს შორის. ნამდვილად
კარგი სურვილების მქონე არტავაზდი უძლური იყო. მან თავისი გვირგვინი
ძლივს გადაარჩინა, დროულად შეცვალა დიპლომატია და თავისი და
პართების მეფე ოროდეს ვაჟზე დაწინდა. პლუტარქე ამბობს, რომ ამ
ქორწილის შემდეგ, სომხეთის მეფე არტავაზდი და პართების მეფე
ოროდი ერთად დაქეიფობდნენ და სუფრებზე ბერძნულ ლექსებს წარმოთქვამდნენ...
ასე მოხდა რომ, ქედმაღალი რომაელი კრასუსის სისულელე-დაუფიქრებლობის
გამო, მისი მოკავშირე არტავაზდი რომის მტერი პართების მოკავშირე
გახდა. სომხებისა და პართების ჯარები თავს ერთად ესხმოდნენ რომის
პროვინცია სირიას.
როდესაც ტრიუმვირმა ანტონიუსმა პართებთან სერიოზული ბრძოლა დაიწყო,
არტავაზდი ასე ვთქვათ ტიგრანის ანდერძს დაუბრუნდა - ისევ შეუერთდა
რომაელებს.
ანტონიუსს კრასუსის შეცდომის გამეორება არ სურდა და თავისი საკუთარი
შეცდომა დაუშვა: ძვ.წ. 36 წლის ბოლოს, ანუ ზამთრის მოახლოებისას,
ის პართების წინააღმდეგ მთიანი სომხეთის გავლით დაიძრა და არტავაზდის
კავალერიასთან ერთად ატროპატენას - ეხლანდელი სპარსეთის აზერბაიჯანს
შეუტია, რომელიც მაშინ პართების იმპერიის ვასალური სამეფო იყო.
არტავაზდის რჩევით, ანტონიუსმა ალყაში მოაქცია ამ მხარის მთავარი
სიმაგრე პარასპა თუ ფრაატა. მაგრამ მას სეზონი არ უწყობდა ხელს
და დამარცხდა.
წარმატებაში დაეჭვებულმა არტავაზდმა, თავისი ჯარები სომხეთში
დააბრუნა. შემდეგ, მეტისმეტად გვიან, უკან დაიხია ანტონიუსმაც,
მაგრამ ყინვები იყო და ყველაფერი კინაღამ კატასტროფით დამთავრდა.
ანტონიუსმა არტავაზდი დამნაშავედ გამოაცხადა. არადა, როგორც
მომზენმა შენიშნა, ყველაფერი თვით ანტონიუსს ბრალი იყო. გააფთრებულმა
ანტონიუსმა, 34 წელს, სომხეთს შეუტია და დატყვევებული არტავაზდი
ალექსანდრიაში ჩაიყვანა. სომხეთი გაძარცვეს და კლეოპატრას ბრძანებით
უბედური არტავაზდიც მოკლეს.
|
ფოტოზე: სომხეთის მეფე არტავაზდ III (ძვ.წ. 56-30 წწ.),
არტაქსატაში მოჭრილი მონეტა, სპილენძი, ჩვ. წ. აღ–მდე დაახლ.
5-2 სს., ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი/დიდი
ბრიტანეთი |
ფოტოზე: რომაელი
პოლიტიკოსი და სარდალი მარკუს ანტონიუსი (ჩვ. წ. აღ–მდე 86 წ.
- ჩვ. წ. აღ–მდე 30 წ.), რომაული ბიუსტი, ყვითელი მარმარილო
, ჩვ. წ. აღ–მდე 69-96 წწ., ვატიკანის კიარამონტის მუზეუმი,
რომი/იტალია |
არტაქსიდების
დინასტიის დასასრული
ტიგრან დიდი, თავისი მეფობის ბოლო ათწლეულში, გადაჭრით იდგა რომის
მხარეს, მაგრამ ანტონიუსის მიერ არტავაზდის მოსპობამ, სომხეთის
პოლიტიკა მთლიანად და დიდი ხნით შეცვალა. კრასუსის და ანტონიუსის
ექსპედიციების დროს, სომხეთი პართების წინააღმდეგ რომაული ძალის
ბასტიონად ჩანდა, მაგრამ ის ახლა პართების მხარეს დადგა. მიუხედავად
ამისა, ანტონიუსი არტავაზდის სამეფოს როგორც დაპყრობილ ქვეყანას
ისე ეპყრობოდა. მან სომხეთი თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილს - ახალგაზრდა
ალექსანდრეს მისცა, რომელიც მას კლეოპატრასგან ჰყავდა. ალექსანდრეს
პოზიციების გასამაგრებლად, მან ის მატროპატენას მეფის ასულზე დააქორწინა;
ამგვარად მოიპოვა ატროპატენას მეფემ რომაელთა წყალობა. ამ ურთიერთგაგების
საწინდარად, ანტონიუსმა ატროპატენას პროვინცია სიმბაკე მისცა თუ
დაუბრუნა. სომხები ამ უზურპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ. მათ მეფედ
უბედური არტავაზდის შვილი - არტაქსეს თუ არტაქსიას II გამოაცხადეს,
რომაელთა და ატროპატენელების კოალიციის პირისპირ დარჩენილმა არტაქსიასმა,
თავი პართებს შეაფარა. ასე იქცნენ პართები სომხური ლეგიტიმურობის
დამცველებად. ოქტავიუსის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმულმა
ანტონიუსმა სომხეთიდან რომაული საოკუპაციო ჯარები გაიყვანა და
ფრაატ IV-მ ატროპატენას მეფე დაამარცხა. ფრაატ IV-ის დახმარებით,
არტაქსიას II სომხეთის ტახტზე დაბრუნდა, მეტიც, ძველი წ. 30 წელს,
მან პართების თანხმობით ატროპატენას გვირგვინიც დაიდგა.
წინაპრების მემკვიდრეობის დაპატრონების შემდეგ, არტაქსიასს, მოღალატურად
დაჭერილი და არაადამიანურად მოკლული მამის გამო შურისძიება სურდა...
როგორც ადრე მითრიდატე ევპატორმა, არტაქსიას II-მ, მის ტერიტორიაზე
მყოფი ყველა რომაელის მოკვლა ბრძანა. ამავე დროს რომაული სამყაროს
მმართველად გამხდარი ავგუსტი, ამას ვერ მოითმენდა. ძვ.წ. 20 წელს,
მან სომხეთში თავისი სიძე ტიბერიუსი გააგზავნა.
ამავე დროს, სომხეთში არსებულმა რომაულების მომხრეთა ჯგუფმა არტაქსიასი
მოკლა და ადრე რომში მძევლად გაგზავნილი მისი უმცროსი ძმის - ტიგრან
III-ის ტახტზე აყვანა დააპირა. ტიბერიუსმა ტახტზე ახალი სუვერენი
აიყვანა. ტიგრან III-ის მეფობა (ძვ.წ. 20-12), სომხეთში რომის
პროტექტორატის მშვიდობიან დამკვიდრებას შეესაბამება. თუმცა, ამ
მეფის ნაადრევი სიკვდილის შემდეგ, მისი ოჯახის წევრები ტახტის
გამო ერთმანეთს დაერივნენ. ზოგ მათგანს (ტიგრან IV-ს და მის დას),
მხარს პართები უჭერდნენ, ზოგს (არტავაზდ IV-ს)კი, რომაელები.
ბოლოს და ბოლოს, ძვ.წ. 1 წელს, ავგუსტმა სომხეთში თავისი შვილიშვილი
გაიუს ცეზარი (Caius Cesar) გააგზავნა, რომელმაც სომხეთი რომის
პროტექტორატის ქვეშ დააბრუნა და პართთა მეფე ფრაატ V-თან შეხვედრისას
მიაღწია იმას, რომ არსაკიდების კარმა ეს პროტექტორატი აღიარა.
მიუხედავად ამისა, გაიუს კეისარს სომხეთში წინააღმდეგობის რამოდენიმე
კერის ჩაქრობა მოუხდა. ის ქალაქ არტაგეირასთან (ა.წ. 3 წ.) დაჭრეს
კიდეც.
არტაქსიდთა ოჯახში არეულობის შუაგულში რომმა მმართველი სახლის
შეცვლა იფიქრა და სომხეთის სამეფო გვირგვინის გადაცემა ატროპატენას
სამეფო ოჯახისათვის - მეფე არიობარზანის, შემდეგ კი, ამ არიობარზანის
შვილისთვის, არტავაზდ V-ის სახით (ა.წ. 2-11 წლებისათვის) დააპირა,
მაგრამ ამ სახლმა კონსოლიდაცია ვერ მოახერხა. სომხები დედოფალ
ერანოს მოიწვევენ, რომელიც შემდეგ ისევ უკან გააგდეს. ეს დინასტიური
არასტაბილურობა, სომხური ფეოდალური რეჟიმის შედეგი იყო. დიდი ოჯახები
მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ პრეტენდენტს და ასე ქმნიდნენ ანარქიას,
რომელიც მათ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.
კავკასიაში გაბატონებული
სომხურ-ქართული სიმბიოზის ცდა, რომაული პროტექტორატი, სომხეთის
არსაკიდი მეფეები
დინასტიური არასტაბილურობა, უმცროსი არსაკიდები და უმცროსი იბერები
ანარქიის შუაგულში სომხეთის ტახტზე არსაკიდთა სახლის დამკვიდრების
პირველი მცდელობა იყო. ეს გამოჩენილი ოჯახი, პართების სამეფო ოჯახი
გახლდათ. ა.წ. 11-12 წლისათვის, არსაკიდი ვონონესი პართების ტახტიდან
კონკურენტმა არტაბან III-მ გააგდო. გაგდებულმა, სომხეთში კომპენსაციის
მიღება სცადა და ფეოდალებმა ის ფაქტიურად მეფედ აღიარეს. მას არტაბან
III მაშინვე დაემუქრა. ვონონესმა დახმარება რომს სთხოვა. მისთვის
დახმარების გაწევა კი, პართების იმპერიასთან ომს ნიშნავდა, რაც
რომისთვის სასიხარულო პერსპექტივა არ იყო. იმპერატორმა ტიბერიუსმა
ეშმაკობა იხმარა. მან ვონონესი რომის პროვინცია კილიკიაში ჩაიყვანა,
იქ დააკავა და მეფის წოდება და კარი დაუტოვა. სომხეთი კი მეფის
გარეშე დარჩა. გერმანიკუსმა, რომელსაც ტიბერიუსმა 2 წლის შემდეგ
საკითხის მოგვარება დააავალა, სომხეთის გვირგვინი პონტოს პრინც
ზენონს მისცა.
ტაციტუსი გვეუბნება, რომ მოულოდნელი მეფე სომხებს იმიტომ მოეწონათ,
რომ ამ მეფემ, სომხების წეს-ჩვეულებები და სომხური ცხოვრების წესი,
სომხების ნადირობა, ნადიმები და გემოვნება ბავშვობიდანვე აითვისა
და დიდებულებსა და ხალხს თავს ასე აწონებდა. მაშ, გერმანიკუსი
ჩავიდა ქალაქში და, არტაქსიას და არისტოკრატთა თანხმობითა და ბრბოს
მოწონებით, სამეფო თავსაბური ზენონს დაადგა. ხალხმა ახალი ბატონის
წინაშე მუხლი მოიყარა და მას არტაქსიას სახელით მიმართა. ამ ზენონ-არტაქსიასის
მეფობამ (18-34 წწ.), რომაული პროტექტორატის ახალი პერიოდი იყო
აღნიშნა, მის შემდეგ დინასტიური არასტაბილურობა განახლდა. პართიის
მეფე არტაბან III-მ, სომხებს მეფედ თავისი უფროსი ვაჟიშვილი, არსაკი
დააძალა. ტიბერიუსი მოვლენებს თვალყურს ადევნებდა. მან 35 წლისათვის
არსაკიდი კანდიდატის წინააღმდეგ კანდიდატად წამოაყენა იბერიის
(საქართველო) მეფის - ფარსმანის ძმა მითრიდატე. სომხეთის კარზე
რომის მომხრეებმა არსაკი მაშინ მოწამლეს, როდესაც იბერები სომხეთს
შეესივნენ და არტაქსატაში შევიდნენ. არტაბანმა, თავისი მოკლული
შვილის შესაცვლელად, სომხეთში სხვა თავისი შვილი - ოროდესი გააგზავნა;
ფარსმანმა ახალ დაქირავებულ ალბანელებსa და სარმატებს დაუძახა.
ტაციტუსი ცოცხლად აღწერს ბრძოლას, როდესაც იბერიის მეფემ თავისი
ხელით დაჭრა ოროდესი, რომლის ჯარებიც გააქციეს. ამავე დროს, რომის
სარდალი ვიტელიუსი, პართებს შუამდინარეთის მხრიდან უტევდა. იბერიის
მითრიდატე, მაშ, რომის პროტექტორატის ქვეშ სომხეთის ტახტის გამგებლად
დარჩა.
მოულოდნელად, იმპერატორი კალიგულას სიგიჟემ კინაღამ ყველაფერი
ჩაშალა. მან მითრიდატე რომში დაიბარა და იქ ის დამხობილად გამოაცხადა.
ამით ისარგებლეს პართებმა და სომხეთი ისევ დაიპყრეს. იმპერატორმა
კლავდიუსმა დაშვებული შეცდომა გამოასწორა. როგორც სჩანს, 42 წლისათვის,
მან მითრიდატე უკან სომხეთში გააგზავნა, რომელმაც რომის მფარველობითა
და თავისი ძმის, იბერიის მეფე ფარსმანის ჯარების კონტინგენტების
დახმარებით, ქვეყანა ისევ დაიპყრო. პროტექტორატის უზრუნველსაყოფად
ერევანის ახლოს, გარნიში, რომაული გარნიზონი დაბინავდა. რომმა
სომხეთზე თავისი პროტექტორატის აღდგენა მოახერხა მაშინ, როდესაც
საინტერესო სომხურ-ქართული სიმბიოზი გამოიკვეთა, რომელსაც ამიერკავკასიაში
ბატონობა ძალუძდა, როდესაც ყველაფერი ერთმა ოჯახურმა ტრაგედიამ
შეწყვიტა. |
ფოტოზე: რომის იმპერატორი
გაიუს ცეზარ აუგუსტუს გერმანიკუსი, ცნობილი როგორც კალიგულა
(ჩვ. წ. აღ–ით 12 წ. - ჩვ. წ. აღ–ით 41 წ.), მარმარილო, ჩვ.
წ. აღ–ით I ს-ის I ნახევარი (37- 41 წწ.), კარლსბერგის ახალი
გლიპტოთეკა, კოპენჰაგენი/დანია |
ფოტოზე: რომის
იმპერატორი ტიბერიუს კლაუდიუს ცეზარ აუგუსტუს გერმანიკუსი (ჩვ.
წ. აღ–მდე 10 წ. - ჩვ. წ. აღ–ით 54 წ.), მარმარილო, დეტალი,
ვატიკანის მუზეუმი, რომი/იტალია |
ა.წ.
51 წელს, იბერიის მეფე ფარსმანმა თავის ძმას, სომხეთის ახალ მეფეს
– მითრიდატეს უღალატა, რათა ის თავისი შვილით – რადამისტით შეეცვალა.
მითრიდატემ მფარველობა გარნის რომაულ გარნიზონს სთხოვა, რომელიც
მოსყიდული იქნა რადამისტის მიერ. გარნის რომაული გარნიზონის სარდალის,
ცელიუს პოლონის (Cellius Pollion) რჩევით, მითრიდატე თავის ძმისშვილთან
შესახვედრად გარეთ გაუფრთხილებლად გავიდა. რადამისტი თავის ბიძას
მაშინვე ეცა. დაპატიმრებული მითრიდატე ცოტა ხნის შემდეგ დაახრჩვეს
და რადამისტი სომხეთის სამეფო ტახტზე ავიდა. ამას დაეთანხმა კაპადოკიის
რომაელი გუბერნატორი იულიუს პელიგნუსი, რომელიც რადამისტის მიერ
ასევე მოსყიდული იყო.
კავკასიაში გაბატონებული სომხურ-ქართული
სიმბიოზის წარუმატებელი ცდა
ამ საზარელმა ამბებმა, პართიის მეფე ვოლოგეზ I გაამხნევა, რომელმაც
შეუტია სომხეთს და დაიპყრო როგორც არტაქსატა, ისე ტიგრანაკერტი,
გააძევა იბერები და ტახტზე თავისი ძმა ტირიდატე I დასვა. მკაცრი
ზამთრის გამო, ის უკან გაბრუნდა და რადამისტმა ქვეყანა გარკვეული
ხნით უკან დაიბრუნა. მაგრამ მისმა შურისძიებებმა ხალხის აჯანყება
გამოიწვია. ის ისევ გაიქცა მაშინ, როდესაც არტაქსატას ტახტზე საბოლოოდ
ტირიდატი დამკვიდრდა. ტაციტუსი და მოსე ხორენელი რადამისტის მეუღლის
- დედოფალ ზეობიას დრამატულ ისტორიას მოგვითხრობენ. რადამისტის
გაქცევა რომ არ დაეყოვნებინა, ის არაქსში გადახტა. ის მწყემსებმა
გადაარჩინეს. ტირიდატ I-ის კარზე მიყვანილს, მას არსაკიდი მეფე
როგორც დედოფალს ისე ეპყრობოდა.
სომხეთიდან დაძრულმა რომაულმა კოლონამ, გადალახა არაქსი. ის დაიძრა
პართების ტერიტორიაზე მარკების ქვეყნის, ეხლანდელი გილანისა და
ატროპატენას, აზერბაიჯანის დასაპყრობად. ტრაიანს ამ რეგიონებში
გაბატონება სურდა. მას ამიერკავკასიის რომის იმპერიის ერთ-ერთ
ნაწილად გადაქცევა სურდა. ამიტომ, ის კიდევ უფრო დაუახლოვდა კოლხეთის
ხალხებს - ჰენიოხებს და მახელონებს, ახალი მეფე მისცა ალბანელებს.
არსაკიდთა დინასტიასთან და რანდეიას
წონასწორობასთან დაბრუნება
ტრაიანესათვის, სომხეთის ანექსია და ამიერკავკასიის ვასალიზაცია,
პართების იმპერიის დაპყრობის პრელუდია იყო. 116 წელს, მან პართებს
ცენტრალური მესოპოტამია წაართვა, შემდეგ კი, ბაბილონია ბაბილონით,
კტესიფონით და სელევკიით, მათი დედაქალაქებით. მაგრამ, 117 წლის
ებრაელთა აჯანყებამ და იმავე წელს დიდი იმპერატორის გარდაცვალებამ,
მის პროექტებს ბოლო მოუღო. ტრაიანის მემკვიდრე ადრიანმა დათმო:
ბაბილონია, ასირია და მესოპოტამია ევფრატამდე. ის დაუბრუნდა რანდეიას
შეთანხმების ფორმულას: უმცროსი არსაკიდი - ვინმე ვოლოგეზი - რომის
მფარველობის ქვეშ.
სომხეთის ერთადერთ რომაულ ბანაკში მდგარი მე-15 ლეგიონი თვალყურს
საზღვრებს ადევნებდა. სომხეთს, თავისი დამოუკიდებლობის აღდგენა,
ირანულ-რომაულ ორმაგ კულტურულ გავლენასთან უნდა შეერიგებინა. რანდეიას
შეთანხმების ფორმულამ სომხეთი აქცია ქვეყნად, სადაც აღმოსავლური
და დასავლური კულტურები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ეს შეთანხმება 44
წლის მანძილზე თითქოს სრულდებოდა (117-161). რომსაც და პართებსაც
ერთნაირად სურდათ სომხეთის დაცვა ჩრდილო კავკასიიდან მომავალი
ყაჩაღი ალანებისაგან. მაგრამ, ამ ბარბაროსებს, 135 წელს, იბერიის
მეფე ფარსმან II (ქველი (Pharasmane II)) დაეხმარა. ფარსმან II-თან
ერთად, მათ პართების ტერიტორიაზე ატროპატენა მოაოხრეს. ისინი სომხეთს
და რომის პროვინცია კაპადოკიას დაემუქრნენ. პართების მეფე ვოლოგეზ
IV-მ ფული გადაუხადა ალანებს და ისინი წავიდნენ. რომის იმპერატორმა
ადრიანმა კი, ფარსმან II რომაულ ალიანსში დააბრუნა, ფარსმანი თავისი
ვასალობის დასადასტურებლად რომში ჩავიდა.
სომხეთი უკანასკნელი ანტონიუსის და სევერების დროს
პართების და რომაელების შეთანხმება სომხეთის თაობაზე,161 წელს
პართების მხარემ დაარღვია. პართების მეფე ვოლოგეზ III-მ რომის
მიერ ინტრონიზებული მეფე განდევნა და ის არტაქსატაში მის მიერ
შერჩეული არსაკიდი პაკოროსით შეცვალა. კაპადოკიის მმართველი სენატის
სევერიანუსს პაკოროსის განდევნა სურდა, მაგრამ ელეგეიასთან დამარცხდა
და თავი მოიკლა. მაგრამ იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა ენერგიულად
იმოქმედა. ერთ-ერთმა მისმა სარდალმა, სტატიუს პრისკუსმა, პაკოროსი
გააქცია და სომხეთის ტახტზე სოჰაემოსი - რომისთვის სრულიად სანდო
პირი დასვა, იმიტომ, რომ ამ აღმოსავლელს სენატორის და კონსულის
რანგი ჰქონდა. პრისკუსმა, არტაქსატას აღების დროს, ქალაქი პრაქტიკულად
დაანგრია. მის ახლოს მან ახალი ქალაქი კაინეპოლისი ააგო, რომელიც
ისტორიულ ვალარშაპატს, დღევანდელ ეჩმიაძინს უნდა შეესაბამებოდეს.
კაინეპოლისში რომაული გარნიზონი ჩააყენეს.
რომსა და პართებს შორის ომი, იმპერატორ სეპტიმიუს სევერის დროს
განახლდა. 197 წელს, გამარჯვებულმა სეპტიმიუს სევერიანუსმა აიღო
და გაძარცვა პართების დედაქალაქები სელევკია და კტესიფონი.
სომხეთის მეფე სანატრუკი კი, კინაღამ პართების მხარეს დადგა. მისი
ვაჟიშვილი ვალარსაკი, ვალარშაკი, იგივე ვოლოგეზი, რომელმაც როგორც
ჩანს, თავისი სახელი ვაღარშაპატს დაარქვა, პართებს შეუერთდა მაშინ,
როდესაც რომაელთა გამარჯვებამ მისი შეცდომა ცხადი გახადა. მან
მშვიდობის მოთხოვნა, მძევლების მიცემა და ხარკის გადახდა იჩქარა.
216 წელს, სევერის მემკვიდრე კარაკალამ ის მოღალატურად დააპატიმრა,
რათა სომხეთის ანექსია მოეხდინა. რომის ჯარი, ვიღაც თეოკრიტოსის
სარდლობით სომხეთში შევიდა, თუმცა ის სომეხთა წინააღმდეგობამ დაამარცხა.
კარაკალას მემკვიდრე იმპერატორი მაკრინი (Marcus Opellius Macrinus)
იძულებული იყო სომხეთის მეფედ ხუსრო მეძის, მოსე ხორენელის (Chosroes
le Grand) ვაჟიშვილი ტირიდატ II ეღიარებინა. მაკრინმა, ტირიდატს,
როგორც თავის ვასალს, ოქროს გვირგვინი გაუგზავნა და დაუბრუნა დედამისი,
რომელიც კარაკალას ტყვედ ჰყავდა.
ყველა ამ პერიპეტიის შუაგულში, მაშინაც, როდესაც არსაკიდთა უმცროსი
შტო, რომელიც სომხეთში მეფობდა, კტესიფონის კარს უპირისპირდებოდა,
სომხეთში პართების კულტურა სომხეთზე გავლენას ისევ ახდენდა, განსაკუთრებით
ლინგვისტურ სფეროში.
რენე გრუსე, სომხეთის ისტორია საწყისებიდან 1071 წლამდე,
გამომცემლობა Paуot, 1984 წ.
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
ქვეყნდება შემოკლებით
|
|
|
|