მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რენე გრუსე: სომხეთის ისტორია-სომხებამდელი სომხეთი I
სომხეთის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე სომხების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ ქართველების და კავკასიელების, იბერიელ-კავკასიელების ნათესავი ჰურიტები და ურარტები. შეგახსენებთ, რომ რენე გრუსე (1885-1952) გახლდათ სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, აზიის ისტორიის სპეციალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი. სომხების წინა სომხეთი ანუ რა ხდებოდა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც იქ ჯერ არ ცხოვრობდნენ სომხები - ჰურიტების ჰიპოთეზა.

ნაწილი I

ჩვენი ცოდნის და ჩვენი უცოდინარობის დღევანდელ მდგომარეობაში, აღმოსავლეთმცოდნეები ფიქრობენ, რომ ძვ. წ. 17-ე საუკუნისათვის სომხეთის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე, სულ მცირე ვანის სომხეთში ცხოვრობდა ხალხი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა – საუბარია ჰურიტებზე. ჰურიტები გახლდნენ აზიური(asianiques) წარმოშობის ხალხი, ისინი არც სემიტები და არც ინდოევროპელები არ იყვნენ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰურიტების ენა, ისევე როგორც ურარტუს ენა, რომელიც სომხებამდელ სომხეთში ათი საუკუნის შემდეგ იყო გავრცელებული, კავკასიის ენების იბერიულ ანუ ქართულ ოჯახს ენათესავება (გვ.41).

ჰურიტმა ხალხმა შექმნა ორი ისტორიული სამეფო, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ძვ.წ. 15-16-ე საუკუნეების წინა აზიაში: საკუთრივ ჰური - Hourri და მითანი - Mitanni. ჰური თითქოს იყო დიარბექირში და მითანი კი ოსროენაში, ორფას ქვეყანაში, ანტიკური ედესაში. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში კი იბერიელ-კავკასიელ ჰურიტებში დამპყრობელი არისტოკრატიის სახით დამკვიდრდნენ ინდო-ირანელი ანუ არიული ოჯახის წევრი ინდოევროპელები. სწორედ ამ არიელმა ინდოევროპელებმა მოახდინეს ჰურის და მითანის სამეფოები ორგანიზება.

ამ დამპყრობელი არისტოკრატიის ინდო-ირანული წარმოშობა ნათლად ჩანს ჰურის თუ მითანის მეფეთა სახელებში: არტატამა, რომელსაც აქვს ირანული ასპექტი, მატტივაზა და დუშრადდა, რომლებსაც აქვთ ინდური ასპექტი (Mativaja, Dusraddha, სანსკრიტულად). სახელები: Mitrasil, Arunasil, Nasattyana იდენტურია სანსკრიტული ღმერთების სახელებისა: Mitra, Varuna, Indra, Nasatya...

ფოტოზე: ფრანგი ისტორიკოსი, ორიენტალისტი და ხელოვნებათმცოდნე, საფრანგეთის აკადემიის წევრი რენე გრუსე (1885-1952)
დასავლეთი სომხეთი ხეთური წყაროების თანახმად

ხეთური ტექსტები ან მომავალი სომხეთის ტერიტორიაზე ან მომავალი სომხეთის საზღვრებთან არსებულ მრავალ ქვეყანას ახსენებენ, განსაკუთრებით ჰაიასას, აზზის, სუხმას, ისუვას და ალშეს. ყველა ეს ქვეყანა ნახსენებია როგორც ხეთების მიერ ნებით თუ ძალით დამორჩილებული ქვეყნები ხეთი მეფეების – სუპილილიუმას (1388-1347) და მურსი II-ის (1347-1320) ანალებში, ბოღაზ ყოის ფირფიტებზე.

ყურადღებას, რა თქმა უნდა, სახელი ჰაიასა იპყრობს, რომელიც სომხეთის სომხურ სახელს - ჰაიასტანს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ეს შემთხვევითი ანალოგიაა. რაც შეეხება ამ ქვეყნის ლოკალიზაციას, ლუი დელაპორტი მას პონტოს ნაპირთან, ტრაპიზონის ახლოს ათავსებს, ისევე როგორც ის აზზის ქვეყანას ზემო ჭოროხის რეგიონში, არზრუმის ჩრდილოეთით მოიაზრებს. ნ. ადონცის აზრით კი, პირიქით, აზზის ქვეყანა ეყრდნობოდა მთა დერსიმს... ჰაიასა და აზზი მდებარეობენ ზემო ევფრატზე, დერსიმის მასივის ირგვლივ...

ჩვენ არ ვიცით რა რასას განეკუთვნებოდნენ აზზის, ისუვას და ალშეს მკვიდრნი. ადონცის აზრით, ისინი ურარტების ნათესავები უნდა ყოფილიყვნენ. ცნობილია, რომ ერთ დროს ისინი ხეთების იმპერიის ჰეგემონიას ექვემდებარებოდნენ. ხეთების ხალხი წარმოიქმნა ანატოლიაში ადგილობრივი მკვიდრი ელემენტის დამპყრობელ ინდოევროპელებთან შერევის შედეგად. სუბსტანცია ადგილობრივი იყო, ზედაფენა კი დამპყრობელი ინდოევროპული. მომავალი სომხეთი დიდ ისტორიაში პირველად სწორედ ხეთმა მეფეებმა შეიყვანეს, ამაზე ხეთების დედაქალაქ ჰატუსაში აღმოჩენილი მასალები მოგვითხრობენ. ასე ვიგებთ, რომ ხეთების მეფე ტუტალია III (1410-1388) ხელმძღვანელობდა ლაშქრობებს ჰაიასას მეფის კარანნისის წინააღმდეგ და ის ასევე ომობდა აჯანყებულ ქვეყანა ისუვასთან და აზზის ხალხთან, რომლებმაც ერთხანს აღმოსავლეთი კაპადოკია დაიპყრეს.

ხეთების მეფე სუპილილიუმას (1388-1347) კი, ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჰაიასას ახალ მეფე ჰუქქანასთან, რომელთანაც ის ოჯახური კავშირებით ჰქონდა. «რა არაცივილიზებულია თქვენი ქვეყანა», ასე ლამაზად ეუბნებოდა ხეთების მეფე თავის ახლობელ ჰაიასას მეფეს და მას ეტიკეტსა და სექსუალურ ტაბუებში ათვითცნობიერებდა. ასე აღწევდა კაპადოკიის ბრწყინვალე ხეთური კულტურა მომავალი მცირე სომხეთის ჯერ კიდევ ნახევრად ბარბაროსულ მოსახლეობაში... 1200 წლისათვის უკვე აღარაა საუბარი პირველ წინასომხურ სახელმწიფოებზე, ისინი არ გამქრალან. ხეთების დიდი იმპერიის დამხობის შემდეგ, მისი არქივებიც დადუმდნენ.

მომავალი სომხეთი ასურული წყაროების თანახმად: ნაირი


ხეთური წყაროების ადგილი ასურულმა წყაროებმა დაიკავეს. ასურეთის მეფე ტუკულტი-ნინურტა პირველიდან (1255-1218) მოყოლებული ასურეთის მეფეებმა ვანის ტბის სამხრეთ რეგიონში დაამარცხეს და დაიმორჩილეს ნაირის მეფეთა კოალიცია. ასურეთის მეფე ტიგლატფალასარ I-თან (1116-1090) ერთად დაზუსტდა ასურეთს მოქმედებები ტერიტორიაზე, რომელიც შემდეგ სამხრეთ სომხეთად გადაიქცა.

ტიგლატფალასარი ტრაბახობდა იმით, რომ მან დაიმორჩილა ნაირის 23 მეფე და მიაღწია «ნაირის ზღვამდე», ე.ი. ვანის ტბამდე. «მე სიგრძეზე და სიგანეში დავიპყარი ნაირის დიდი ქვეყანა, მე ისინი დავამხე ჩემს ფეხებთან». ტიგლატფალასარმა მოითარეშა და ნადავლის სახით წაიყვანა 1200 ცხენი და 2000 პირუტყვი. უკანა გზაზე კი მალატია დაიმორჩილა. მაგრამ ამ მხეცობას მომავალი არ გააჩნდა. ტიგლატფალასარ I-ის შემდეგ, ასურეთი დიდი ხნით ჩრდილში გადავიდა. ამასობაში მომავალი სომხეთის ტერიტორიაზე დიდი სახელმწიფო – ურარტუ შეიქმნა.

ურარტუს სამეფოს დაარსება, არამეს მეფობა

ტიგლატფალასარ I-ის მეფობის დროს, ნაირი, რეგიონი, რომლის ჩონჩხს შეადგენდა ტაურუსი (Taurus), მრავალ სამთავროდ იყო დაქუცმაცებული.
9-ე საუკუნეში, ნაირი და მომავალი სომხეთის მრავალი სხვა პროვინცია გააერთიანა ადგილობრივმა უნარიანმა ხელისუფლებამ - ბიაინის, ე.ი. ვანის ქვეყნის მეფეთა დინასტიამ. ამ ერთიან ქვეყანას ასურულ წყაროებთან ერთად ჩვენ ურარტუს ვუწოდებთ. ურარტუს ენა, ცნობილი ე.წ. ვანური წარწერებით გახდა. კვლევამ აჩვენა, რომ ურარტუს ენა ახლოა ჰურიტების და მითანელების ენებთან. ეს ენები ერთობლივად კი ენათესავებიან კავკასიის ენებს, ამ ენების იბერიული ანუ ქართული ოჯახის სახით.

ურარტუს ისტორია საინტერესოა არმენოლოგიური კვლევებისათვის. ეს «სომხეთი», რომელიც სომხების გამოჩენამდე არსებობდა, არ გამქრალა მთლიანად. მისი ონომასტიკა კლასიკურ სომხურ ტოპოგრაფიაში სჩანს. ურარტული ელემენტი გადარჩა ინდოევროპელი პროტოსომხების მიერ მომავალი სომხეთის ტერიტორიის დაპყრობის შემდეგაც. ძველმა ცივილიზებულმა ურარტუელებმა, ქართველების ნათესავმა ხალხმა, ინდოევროპული სომხეთის სუბსტრატი შექმნეს. ასე იყო კელტების წინა ელემენტი გალიაში ანუ დღევანდელ საფრანგეთში, სუზური ელემენტი სპარსეთში, ეგეოსური ელემენტი საბერძნეთში, და ა.შ.

ურარტუს სამეფოს დამაარსებელია მეფე არამე – Aramé, რომელმაც ადონცის ქრონოლოგიის თანახმად, დაახლოებით 880 და 844 წლებს შორის გააერთიანა ნაირის სამთავროები. ამ გაერთიანებას ადასტურებს ის, რომ ურარტუს მეფეები მეფეთა მეფის წოდებას ატარებდნენ. არამემ იმდენად ძლიერი კვალი დაამჩნია ქვეყნის ბედს, რომ მისმა სახელმა ისტორიულ სომხებამდე მოაღწია. ისტორიკოსმა მოსე ხორენელმა ქართველთა ნათესავი არამე ინდოევროპელ სომეხთა ეპონიმად აქცია. არამემ თავისი სახელი მისცა ურარტუს პროვინცია არამილს, რომელიც კლასიკურ აპაჰუნიკს შეესაბამება. არამეს დედაქალაქი ამ რეგიონში იყო არზაშკუ თუ არზაშკუნი, რომელიც ადონცის აზრით მანაზკერტს შეესაბამება. არამე ასურელი დამპყრობელის - ასურნაზირაპალ II-ის (884-859) თანამედროვე იყო.

ნაირის გაერთიანებამ დააფიქრა ასურეთის საშინელი მეფე, რომელიც ახალ სახელმწიფოზე პირდაპირ თავდასხმას ვერ ბედავდა და მხოლოდ სასაზღვრო რაიონების აოხრებით და მიტაცებით კმაყოფილდებოდა. ბიბლიით, ათი მცნებით მოუთვინიერებელი სემიტი ასურელები, საზარელი ხალხი იყო. ასურეთის მეფე სალმანასარ III გათამამდა და 857 წელს თავს დაესხა უშუალოდ ურარტუს. ის ურარტუს დედაქალაქს მიადგა. მისი მხეცობით თავზარდაცემულმა არამემ მთას შეაფარა თავი. მხეცმა ასურელმა ურარტუს დედაქალაქი გადაწვა და მთა ირიტიაზე თავისი საკუთარი კერპი დადგა. სალმანასარმა ააოხრა ურარტუს ცენტრი და თავისი იარაღი ვანის ტბაში «დაასველა». მაგრამ არც ურარტუელები იყვნენ მშვიდები. ასურელმა ვერ დაიპყრო და ვერ დალეწა მის მიერ აოხრებული ქვეყანა, რომელიც არამემ საბოლოოდ გააერთიანა.

შარდური I-ის მეფობა (844-828)

ურარტუს ტახტზე არამეს მემკვიდრე შარდურ I (844-828) იჯდა. ჩვენ არ ვიცით ამ ორ სუვერენს რა ოჯახური კავშირები ჰქონდათ. შარდური წარწერებით არ ამბობს რომ ის არამეს შვილია. ის გვიამბობს, რომ ვიღაც ლუტიპრის შვილია. მამამისზე ჩვენ მეტი არაფერი არ ვიცით. იგივე წარწერებით იტყობინება, რომ არის «დიდი მეფე, ძლიერი მეფე, მეფეთა მეფე, ყველას მეფე», რაც მისი ხელისუფლების სიმტკიცეს ადასტურებს. შარდურ I-ის მტერი იყო მისი წინამორბედის მტერი, ასურეთის მეფე სალმანასარ III, რომელიც ურარტუს ისევ დაესხა თავს და როგორც ჩანს, დამარცხდა. მიუხედავად ამისა, შარდურ I-მა ურარტუს ქვეყნის დედაქალაქი გადაიტანა უფრო უსაფრთხო ადგილას, ტუშპაში, კლასიკური სომხეთის ტოსპში, ბერძენი გეოგრაფების ტოსპიტისში...

იშპუინის და მენუას მეფობები

ურარტუს მეფის შარდურ I-ის მემკვიდრე იყო მისი შვილი იშპუინი (828), რომელმაც ტახტზე დასვა თავისი შვილი მენუა. მენუას 785 წლამდე უნდა ემეფა. იშპუინის და მენუას ხანა იყო ურარტუს როგორც სამხრეთისაკენ, ისე ჩრდილოეთისკენ შესანიშნავი ექსპანსიის ხანა. მეფეები ზედიზედ აწყობდნენ ლაშქრობებს, მაგრამ მიღებული ფორმულის თანახმად, ომობდა და ქვეყნებს იპყრობდა, მტრებს აჩოქებდა ურარტუს დიდი ღმერთი ხალდი.

მენუა იყო დიდი მეომარიც და შესანიშნავი ცივილიზატორიც. მან გაიყვანა სახელგანთქმული არხი, რომლითაც მდინარე ხოშაბის წყალი ვანის გარეუბნებამდე მიდიოდა...

არგიშტ I-ის მეფობა (785-753)

მენუას შვილი და მემკვიდრე იყო არგიშტი I (785-753). ის გახლდათ დამპყრობელი, რომლის დროსაც ურარტუმ თავის აპოგეას მიაღწია. წინამორბედების მსგავსად, არგიშტი თავისი გამარჯვებებით არ ტრაბახობდა. საუბარი მუდამ მეფის ზეციური მფარველების გამარჯვებებზეა. იმარჯვებს ურარტუს დიდი ღმერთი ხალდი, რომლის პატივისცემითაც ურარტუელებს ხალდებს უწოდებენ. არგიშტიმ ჩრდილოეთით თანამედროვე სარიკამიშის რეგიონი დაიპყრო. მან ტახტიდან ჩამოაგდო Diaueqi-ს, ე.ი.ვანანდის თუ ყარსის ქვეყნის მეფე, დაიმორჩილა «ახურიანის ქვეყანა», ე.ი. მდინარე ახურიანის აუზი, ანისის (Ani) რეგიონი. მან ასევე დაიპყრო ეტიუნი ანუ ქვეყანა ანისსა და ერევანს შორის.
ეტიუნის მეფე უდური, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია მენუას, ამჯერად საბოლოოდ დამარცხდა. არგიშტმა ამ რეგიონში დააარსა ქალაქი არგიშტიქინი (Argichtiqini), რომელიც ჩვენს არმავირს შეესაბამება. მან დაიპყრო სამეფო ერიაქი, რომელიც ადონცის აზრით, შირაკის რეგიონში მდებარეობდა, და ა.შ. მაგრამ ჩრდილოეთით სამხედრო პოლიტიკური გამარჯვებების მომპოვებელ არგიშტ I-ს, სამხრეთით აგრესიული ასურეთის მოგერიება უხდებოდა. თავიდან მას ბრძოლა მოუხდა ასურეთის რეგენტის - შამურამიტის, ლეგენდარული სემირამიდას ჯარებთან. ასურელები იბრძოდნენ სასაზღვრო ქვეყნების, ურარტუს ვასალი ქვეყნების დასაპყრობად. მაგრამ მათ ვერ მოიპოვეს დიდი წარმატება. ურარტუმ შეინარჩუნა ვასალი ქვეყნები...


შარდურ II-ის მეფობა (753-735)

მის დროს გაგრძელდა ურარტუს ექსპანსია ჩრდილოეთისკენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით შარდურ II-მ დაიმორჩილა სევანის ტბის პატარა სახელმწიფოები. მან ილაშქრა ეტიუნიში, ანუ სომხურ არაგაცოტნში, აირარატში და ერიაქიში.

ურარტუს დაპყრობას იქ ცივილიზაციის შეტანა მოჰყვა. შარდურ II-მ პირველმა გააშენა ვენახები და ბაღები, არაქსის რეგიონში გაიყვანა არხები, განსაკუთრებით არმავირში, უფრო ჩრდილოეთით კი, ტბა ჩალდირისაკენ, მაქალთუს ქვეყანა დაიმორჩილა.

ჩრდილო-დასავლეთით ის ეომებოდა კოლხებს ანუ კოლხეთელებს, ქვემო ჭოროხის რეგიონის მთიელებს. შარდურ II ტრაბახობდა იმიტომ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასაჯა ასურეთის მოპირდაპირედ მდებარე მანნა. სამხრეთ-დასავლეთით კი, მან ვასალად აქცია ქვეყნები ტუმეიშკი და კაური.., დაამარცხა და დახარჭა ხატეს მეფე ჰილარუადა, იგივე დაჰმართა კუმუხის, კომაგენის მეფე კუშტაშპის, დაიმორჩილა გურგუმის სამალუს მეფეები.

ეს იყო ურარტუს სამეფოს აპოგეა. ის თითქმის ისეთივე დიდი იყო, როგორც უფრო გვიან ტიგრან დიდის დინასტიის ისტორიული სომხეთი...

რუსა I-ის მეფობა (735-713)

შარდურ II-ის შემდეგ იყო რუსა თუ ურსა I (735-713). ის მემკვიდრე იყო თუ უზურპატორი, ჩვენ არ ვიცით. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მან წინამორბედ მეფეთა ტრადიცია გააგრძელა; ალაშკერტში ააგო ახალი ქალაქი (ტოპრაკ-კალე), ჩრდილოეთში დაიმორჩილა ცხრა მეფე, მეზობელი ასურეთის წინააღმდეგ გააერთიანა მეზობელი წვრილი ბელადები, მიიმხრო ზოგი მიდიელები ბელადი. გაძლიერების გზაზე დამდგარი ურარტუს წინააღმდეგ აღსდგა ასურეთის მეფე სარგონ II (722-705). მან ურარტუს მოკავშირეების წინააღმდეგ ომი დაიწყო. 715 წელს დაიმორჩილა მანნას მეფე ულუსუნუ, ცოცხლად გაატყავა კარალუს მთავარი, გააქცია ალაბრიას მეფე და სირიაში გადაასახლა მიდიელების ბელადი დაიაუკუ. რაც შეეხება თვითონ ურარტუს, სარგონი ყოყმანობდა დასხმოდა თუ არა მას თავს. ამასობაში ურარტუს ჩრდილოეთ მხარეებს სამხრეთი რუსეთის ტრამალებიდან გამოსული და მცირე აზიაში მოთარეშე თრაკიულ-ფრიგიული რასის მომთაბარე კიმერიელები შეესივნენ. რუსა მათ მოსაგერიებლად წავიდა, მაგრამ დამარცხდა. ასურული წყაროების თანახმად, ბრძოლის ველზე დაეცა მისი ცხრა თანაშემწე. სარგონი უყოყმანოდ ეცა დასუსტებულ ურარტუს. უფრო ზუსტად, ეცა არა თვითონ რუსას, არამედ მის უფრო სუსტ ვასალებს, რომლებიც აღმოსავლეთით ურარტუს მოწინავე ხაზს ქმნიდნენ. სარგონმა დაამარცხა თვით რუსაც და მისი ერთგული ზიკურტუს მეფე მეტატიც. ამ გამარჯვებით გახარებულმა სარგონმა ააოხრა ურარტუც, გაატიალა ურარტუს ქალაქები. სარგონის 713 წლის ამ თარეშს განსაკუთრებული სავალალო შედეგები ჰქონდა ურარტუსათვის. მეფე რუსამ კი, თითქოს ვერ გადაიტანა ესეთი მარცხი. სარგონის წყაროების თქმით, ის ავად გახდა და გარდაიცვალა. ზოგის თქმით, მან თავი მოიკლა, მაგრამ ეს დადასტურებული არაა.

რუსას მემკვიდრე იყო არგიშტ II (713-680).

მისი წინაპრების მსგავსად, მშენებელმა არგიშტ II-მ ააგო ახალი ქალაქი არგიშტიქინილი (Argichtiqinili), რომლის ირგვლივაც გააშენა ბაღები და ვენახები, დათესა პური და გაიყვანა არხი. არგიშტ II-ის მეფობის დროს, ურარტუ 713 წელს განცდილი მარცხის შემდეგ საკმაოდ მალე წამოდგა ფეხზე. ასურული წყაროების თანახმად, ის თავის გავლენას სასაზღვრო რეგიონებზე ისევ ავრცელებდა, სარგონი კი, საოცრად ზომიერი ტონის დიპლომატიური მიმართვებით კმაყოფილდებოდა.

ურარტუს ვასალების წინააღმდეგ ბრძოლა განაახლა სარგონის მემკვიდრემ - სენაჰერიბმა (705-681). მან ისინი მათი ბოლო თვითნებობისთვის დასაჯა, აიღო და დაანგრია ქალაქები. მისი შიშით წვრილი ბელადები ურარტუს მხარეს ვეღარ გადადიოდნენ, თუმცა ურარტუს წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა ვერ გაბედა.

ასურეთის მეფე სენაჰერიბი 681 წელს მოკლა მისმა უფროსმა შვილმა ადად-ნინლილმა. ძმის მიერ განდევნილმა მკვლელმა თავი ურარტუს შეაფარა. ბიბლიის მიერ პოპულარიზებულმა ამ ფაქტმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხებზე, მათ ასურეთის მეფის მკვლელი ადრამელეკად - სომეხთა დიდი ფეოდალური გვარის არძრუნის წინაპრად გამოაცხადეს. სენეჰერიბი კი სომეხთა მრავალ მეფეს ერქვა.

რუსა II-ის მეფობა (680-646)

არგიშტ II-ის შვილი რუსა, წინაპრების მსგავსად, ბაღ-ვენახებს აშენებდა და არხებს თხრიდა. ის დიპლომატი იყო. მან უარი თქვა კიმერიელებთან ბრძოლაზე და მომთაბარე კიმერიელების ბანდებთან დიდი ხნის მტერის, ასურეთის წინააღმდეგ კავშირი შეჰკრა. მაგრამ ურარტუს ახალი საფრთხე ემუქრებოდა. ეხლა უკვე ისევ რუსული ტრამალებიდან გამოსული ინდოევროპელი მომთაბარეები, ირანული რასის სკვითები თარეშობდნენ. ეს სკვითები დამკვიდრდნენ მიდიაში იქ, საიდანაც ისინი საკუთრივ ასურეთის საზღვრებთან არსებულ ხუბუშკიას ემუქრებოდნენ. ასურეთის მეფე ასარჰადონმა მოიგერია სკვითების მეფე იშპაკა და შემდეგ თავისი ერთ-ერთი ქალიშვილის სკვითების მეორე ბელად ბარტატუაზე გათხოვება გადაწყვიტა.

ურარტუს მეფე რუსამ II-მ ისარგებლა არეულობებით და კიმერიელებთან კავშირის მეშვეობით ერთი ხნით წაართვა ასურეთს სიუზერენიტეტი რამოდენიმე საკამათო სასაზღვრო რეგიონზე, განსაკუთრებით შუპრიაზე, რომელიც სომხურ ტაურუსში ლიჯეს ქვეყანას შეესაბამება. 673 წელს ასარჰადონმა დაანგრია შუპრია და დაწვა მისი დედაქალაქი. რადგან მას მეტისმეტად ბევრი მტერი ემუქრებოდა, ამის გამო ის უშუალოდ ურარტუს თავს არ დაესხა. ასურეთის მუდმივმა მტერმა რუსა II-მაც თავი შეიკავა ასურეთთან ომისაგან იმიტომ, რომ ეს ომი მხოლოდ ინდო-ევროპელი მომთაბარეებისათვის იქნებოდა სასარგებლო.

თავისი მეფობის ბოლო ათწლეულში, რუსა II ასურეთის მეფე ასურბანიპალის (669-626) თანამედროვე გახლდათ. იმ პერიოდში, იმპერიებისათვის საშიში ძალები ყოველი მხრიდან აქტიურობდნენ და ამიტომ რუსა II თვალს ხუჭავდა ასურეთის «ცელქობაზე» და იმპერიების გარკვეული სოლიდარობის შენარჩუნებას ცდილობდა.

შარდურ III და რუსა III

646-610 წლებისათვის ურარტუს სათავეში იდგა შარდურ III, რომელმაც ეს პოლიტიკა გააგრძელა. მან ელჩები გაუგზავნა ასურეთის მეფე ასურნასირალს, რათა მისთვის თავისი ტახტზე ასვლა შეეტყობინებინა და მისთვის ელამიტებზე გამარჯვება მიელოცა.

ურარტუს ბოლო მეფე, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, იყო რუსა III, ერიმენას შვილი, რომელსაც 610 და 585 წლებს შორის უნდა ემეფა. მასთან ერთად ქრება ადგილობრივი წყაროების ცნობები.

612 წელს რუკიდან გაქრა ურარტუს ძველი მტერი - ასურეთი, რომელიც მიდიელებმა და ბაბილონელებმა გაგლიჯეს და გაინაწილეს. ურარტუმ ამის მერეც იარსება მეოთხედი საუკუნე, მაგრამ ისიც გააქრეს ახალმა ძალებმა და გაჩნდა ისტორიული სომხეთი.

ურარტული ცივილიზაცია

ურარტუს ხალხი სომხური იმიგრაციის გამო გაქრა, მაგრამ ურარტუს ცივილიზაცია მთლიანად ვერ გაქრებოდა. სავსებით პირიქით მოხდა, ურარტუს ცივილიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა დამპყრობლებზე, ისევე როგორც მინოსურმა ცივილიზაციამ თავისი კვალი დაამჩნია აქეელებს, სირიულ-ბაბილონურმა ცივილიზაციამ მიდიელებს და სპარსელებს, ხოლო ინდუსურმა ძველმა ცივილიზაციამ ვედურ ინდოელებს.

ურარტუ, როგორც ის ძველ წარწერებში წარმოგვიდგება, ფეოდალური მონარქია იყო. სუვერენი არის «მეფეთა მეფე», Érili erilaoue, მოგვიანებით მეფობა ასეთი იყო ისტორიულ სომხეთში. კარის პირველ პირს ევალებოდა სუვერენის ინტრონიზაცია, მეფის ცხების ცერემონიის ჩატარება. სომხურ სომხეთში ეს ფუნქცია დაეკისრა თაგადირს (thagadir). როგორც სჩანს, ჯარი დიდი მიწათმფლობელების მიერ მიყვანილი კონტინგენტისაგან შესდგებოდა. საკუთრივ ურარტუს ქვეყნის მმართველები იყვნენ პრეფექტები, ურარტუს იმპერიას კი ჰყავდა ვასალური სამეფოს სამთავროები.

ურარტელების უზენაესი ღმერთი იყო ხალდი, რომელსაც სუვერენთა ყველა გამარჯვება და დაპყრობა მიეწერება. ის ისეთ გავლენას ახდენდა ქვეყნის ცხოვრებაზე, რომ ურარტუს მკვიდრებს ზოგჯერ ხალდის ხალხს და ურარტუელთა ენას კი, ხალდის ენას ეძახდნენ. ხალდი, წვიმა-ქარიშხლის ღმერთი ტეშება და მზის ღმერთი არდინი ერთგვარ სამებას ქმნიდნენ. იყო კიდევ მთვარის ღმერთი შიელარდი. ურარტუს იმპერიის განვრცობის პარალელურად ვრცელდებოდა ურარტუს რელიგიაც.

ასურელმა სარგონმა ურარტუ აღწერა როგორც მდიდარი, ქალაქებით, სოფლებით დაფარული, უდაბნოების ბაღ-ვენახებად და ნაყოფიერ ველ-მინდვრებად თუ საძოვრებად გარდამქმნელი სარწყავი არხებით დაფარული ქვეყანა. ასურელი მწერლები ხოტბას ასხამენ ურარტუს მეფე რუსა I-ს იმიტომ, რომ მან სარწყავი არხების გაყვანით უდაბნო ნაყოფიერი ხეებით სავსე ბაღად გადააქცია. სარგონი ახსენებს პურით სავსე ურარტუს ბეღლებს, ულამაზეს ტყეებს და ურარტუს ჯიშიან ცხენებს.

აგურისაგან ნაგები ასურული ქალაქებისაგან განსხვავებით, ურარტული ქალაქები ქვისაგან იყო ნაგები, მათ გალავნებს ციკლოპური ბურჯები ჰქონდათ. ასურული აღწერები და რელიეფები გვიჩვენებენ, რომ ურარტუს ტაძრებში და სასახლეებში შუამდინარეთის ხელოვნებით შთაგონებული ხელოვნების ნაწარმოებები, ქვის ქანდაკებები, ოქრო- ვერცხლის, ბრინჯაოს ჭურჭელი იყო. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია ოქრო-ვერცხლის, ბრინჯაოს ფარები, რომლებიც შემკულია დრაკონების, ლომების და სხვა მსგავსი არსებების გამოსახულებებით. რკინისგან აკეთებდნენ ცულებს, უროებს, გუთნის სახნისს, ხოლო ბრინჯაოსაგან აკეთებდნენ ჭურჭელს, აწარმოებდენენ კერამიკას.

ურარტული ხელოვნება ასურული ხელოვნების ძლიერ გავლენას განიცდიდა. ანბანიც ასურულ-ბაბილონური სამყაროდან აღებული ლურსმული ჰქონდათ. ასურული მოტივები და თემები ურარტული გენიის შესაბამისად იყო გადამუშავებული.

900-600 წლებში, 300-წლიანი ბრწყინვალების შემდეგ, ურარტუ ისტორიული სომხების წინაპრების შემოსევამ დასცა, თუმცა ურარტუმ თავისი ორმაგი მისია შეასრულა:

სარგონის თარეშის მიუხედავად, მან ასურეთის დაპყრობები სომხეთის ტაურუსთან გააჩერა, შეინარჩუნა თავისი სრული დამოუკიდებლობა, გააერთიანა ქვეყანა და საერთო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ფარგლებში ერთ მთლიანობად შეჰკრა სხვადასხვა ტომები. სომხური ტაურუსიდან ჩალდირის ტბამდე და დერსიმიდან სევანის ტბამდე, ურარტუმ შექმნა ისტორიული არე, რომელიც დაუტოვა ინდო-ევროპულ სომხეთს. ამავე დროს, ურარტუმ ამ ინდო-ევროპულ სომხეთს სუბსტრატად დაუტოვა თავისი ცივილიზაცია.

ფოტოზე: გამომცემლობა Paуot-ის მიერ 1984 წელს გამოცემული რენე გრუსეს წიგნი «სომხეთის ისტორია საწყისებიდან 1071 წლამდე»
«ჰაიასტანის» პირველი საუკუნეები

ძველი ურარტუს დაპყრობა სომხებმა დაახლოებით 612 და 585 წლებს შორის დაიწყეს.

სომხური ენა ინდო-ევროპული ენების დიდ ოჯახს ეკუთვნის. ირანული ენიდან ნასესხები სიტყვების სიმრავლის გამო, სომხურ ენას თავიდან ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტად თვლიდნენ. მაგრამ შემდეგ დადგინდა, რომ ის დამოუკიდებელი ინდო-ევროპული ენაა...

სომეხი ხალხის თრაკიულ-ფრიგიული წარმოშობა


სომეხთა წარმოშობის შესახებ ყველაზე ზუსტ ცნობას ჰეროდოტე გვაძლევს, რომელიც ამბობს, რომ სომხები ფრიგიიდან არიან მოსულები და რომ ბერძენ-სპარსელთა ომების დროს, სომხები ისევ ფრიგიულ სამოსს ატარებდნენ.

ინდო-ევროპელთა მნიშვნელოვანი შტო, თრაკიულ-ფრიგიული ოჯახი ძველად დიდ არეში ცხოვრობდა. საკუთრივ თრაკია, ევროპაში გაშლილი იყო სტრიმონიდან დუნაიმდე, დუნაიდან ბიზანტიამდე. თრაკიელების ოჯახს ეკუთვნოდნენ VIII საუკუნემდე სამხრეთ რუსეთის ტრამალებში გაბატონებული კიმერიელები, რომლებსაც ასურელები გიმირრი-ებს უწოდებდნენ. ეს გიმირები სკვითებმა მცირე აზიაში გარეკეს.

ამ ოჯახს კიდევ ეკუთვნოდნენ გეტები, რომლებიც V საუკუნეში ჰემუსსა (Balka) და დუბაის შორის ცხოვრობდნენ. გეტების მემკვიდრე დაკებმა ძლიერი იმპერია შექმნეს რუმინეთსა და უნგრეთში, რომელიც მხოლოდ ტრაიანემ დაანგრია.

ძვ.წ. 1200 წლისათვის თრაკიელ ტომთა ნაწილი აზიაში გარეკეს, სადაც მათ უკვე ფრიგიელების ისტორიული სახელით დაამხეს და მოსპეს ხეთების იმპერია.
ფრიგიელები მაშინ ანატოლიის ზეგანზე დამკვიდრდნენ. მათ თავისი ძალაუფლება სამხრეთ-აღმოსავლეთით კილიკიის კარიბჭემდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, ჰეიუკამდე განავრცეს.

ასურული წყაროების მუშქების სახელით, შეიძლება იგივე ფრიგიელებს მოიხსენიებენ. 882 წელს, მუშქებმა, აღმოსავლეთით ახლანდელი ხარპუტის რეგიონიდან, მურად-სუს და დასავლეთ ევფრატის შესართავამდე წაიწიეს, სადაც მათ ასურეთის მეფე ასურნაზირაპალ II შეებრძოლა. 718-715 წლებში, ასურეთის ამ მტრებს სათავეში მუშქების მეფე ჩაუდგა, რომელსაც ასურულ წყაროებში მიტას, ე.ი. მიდასს უწოდებენ. ამ მიტა-მიდასმა კავშირი შეკრა კარგამიშის მეფესთან და ასურეთს ქვეყანა ქუე ანუ დასავლეთი კილიკია წაართვა.

718 წელს, ასურეთის მეფე სარგონ II-მ კარგამიშის მეფე დაატყვევა და 715 წელს კილიკია ისევ დაიპყრო. მიდასმა ასურულ ალიანსს აღმოსავლეთ კაპადოკიაში, კაიკარიას რეგიონში თაბალის მეფეც მოსწყვიტა. სარგონმა, 713 წელს, ტახტიდან გადააგდო ორგული, მაგრამ მიდასს ვერაფერი მოუხერხა. ბოლოს, 709 წელს კილიკიის ასურელმა გუბერნატორმა მიდასის წინააღმდეგ ილაშქრა. შეძრულმა მიდასმა ასურეთის ჰეგემონია აღიარა. აღმოსავლეთისაკენ ფრიგიელთა ექსპანსიის შესაჩერებლად სარგონმა ციხე-სიმაგრეთა ხაზი ააგო. თუმცა ფრიგიელთა ექსპანსია გაგრძელდა.

695 წელს, მუშქთა ახალი მეფე ჩანს, რომელსაც ასურული ტექსტები გურდის უწოდებენ. ესაა ელინური წყაროების გორდიოსი. გურდი იყო ტელ-გარიმუს, ხეთური წყაროების ქვეყანის - თეგარმის მეფე. თეგარმა არის დღევანდელი გურუნი, დერენდესა და კაპადოკიის კესარიას შორის. სენაჰერიბმა ამ ქვეყნის ასაოხრებლად ჯარი გააგზავნა, თუმცა იქ დამკვიდრება არ უცდია.

მუშქთა მეფე გურდი-გორდიოსი უნდა ყოფილიყო ის ბელადი, რომელმაც არმენო-ფრიგიელები სომხეთის მისადგომებთან მიიყვანა.

როგორც სჩანს, უკვე ურარტუს მეფე რუსა II-ს (680-646), დერსიმის მხრიდან მომავალი «მუშქების» შემოსევის მოგერიება მოუხდა. რაც შეეხება ქვეყანა თეგარმას, რომელიც სომხებისათვის ეტაპი უნდა ყოფილიყო, ის, როგორც იმ დროის სახელმწიფო, ბიბლიაშიცაა ნახსენები. ამიტომ შუა საუკუნეების სომეხი ისტორიკოსები საკუთარ ხალხს თორგომის თუ თოგორმის ხალხს უწოდებენ.

მცირე აზიაში გაბატონებული ფრიგიული იმპერია მეტისმეტად მოძრავ და არამყარ ნიადაგზე იყო დაფუძნებული. ეს იყო ხანა, როდესაც ანატოლიაში თარეშობდნენ და ამავე დროს ურარტუს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპირო მხარეებს აოხრებდნენ სამხრეთ რუსეთის ტრამალებიდან გამოსული ინდო-ევროპელი მომთაბარეები, კიმერიელები და სკვითები. ასურეთის მეფე ასარჰადონმა, 677 წელს, ამ მომთაბარეთა ერთ-ერთი ბანდა მოიგერია. ამ ბანდის ბელადი ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა მცირე აზიაში გაჭრილმა ამ ბანდამ ბოლო მოუღო ფრიგიელთა ბატონობას. დამარცხება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ფრიგიის ბოლო მეფემ - მიდას II-მ თავი მოიკლა.

«ჰაიასტანის» პირველი საუკუნეები

შემდეგ კიმერიელების ბანდა თავს ლიდიას დაესხა. 652 წელს მოკლეს ლიდიის მეფე სიჟე. თუმცა კიმერიელებს გამარჯვებამ დიდად არ არგო. ლიდია სწრაფად აღდგა. ასურულმა გარნიზონებმა სასტიკად დაამარცხეს კიმერიელები. თუმცა ამ ქარიშხლის შემდეგ, გორდიოსთა და მიდასთა ძველი ფრიგიული იმპერია ფეხზე ვეღარ წამოდგა. ის მცირე აზიაში ნაწილობრივ მაინც შეცვალა ალიატების და კრეზუსების ლიდიურმა იმპერიამ. სამაგიეროდ, ფრიგიელთა ნაწილმა ახალი სამშობლოს ძიებაში აღმოსავლეთისაკენ უფრო მეტად წაიწია.უეჭველად ასეთი იყო სომეხთა წარმოშობა.

სომხეთის გასომხება

როგორ დაიპყრეს ურარტუ არმენო-ფრიგიულმა ტომებმა?
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ არ ვიცით.

ურარტუმ ბოლომდე გაუწია წინააღმდეგობა იმ დროის ყველაზე საშიშ სამხედრო ძალას, ასურეთის იმპერიას, რომელმაც ძველი სამყარო ელამიდან სირიამდე დაიპყრო. მაგრამ ღმერთი ხალდის მთიელმა თაყვანისმცემლებმა დაამარცხეს ეს საშინელი ძალა. ასურეთი ძვ.წ. 612 წელს დაემხო, ურარტუ კი ისევ არსებობდა. ურარტუს ბოლო მეფეს - რუსა III-ს 610-585 წლებში უნდა ემეფა. მაგრამ ურარტუ ამდენი ბრძოლებისაგან დაქანცული და ქანცგამოლეული იყო. 7-ე საუკუნის დასაწყისისათვის, 680-650 წლებში, ის საკმაოდ შეარყიეს სკვითებმა, რომლებმაც მიდია და ასურეთიც ააოხრეს.
სომხეთის, ურარტუს საზღვრებთან მაოხრებელი სკვითების ცხოვრების დასტური შეიძლება იყოს სახელი საკასენე-Sakasene. ეს სახელი ახლანდელი განჯის რეგიონში არსებულ ძველ პროვინციას ერქვა. ამას კიმერიელების თარეშიც ემატებოდა.

კიმერიელებმა, 713 წლამდე სასტიკად დაამარცხეს ურარტუს მეფე რუსა I, რომელმაც შემდგომში კიმერიელების ასურეთის წინააღმდეგ განწყობა მოახერხა. რუსა I-მა უბრალოდ კიმერიელების ურდო დაიქირავა და ეს მომთაბარეები მათი კავალერიით და ურმებით ურარტუს ტერიტორიაზე გაატარა. ამ ველურთა უბრალოდ გავლაც კი დიდად საზარალო აღმოჩნდა ურარტუსათვის. ასურეთმაც და ურარტუმაც გაუძლეს თავის მოწინააღმდეგეებს, ძველი ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებს და ხალხებს.
მაგრამ ისინი დაქანცა, დააუძლურა და წალეკა ინდო-ევროპელების მიერ ატეხილმა ქარიშხალმა.

612 წელს, მიდიელებმა ჯერ ასურეთი დაამხეს, ხოლო შემდეგ, 612-585 წლებს შორის პირველმა სომხებმა დაამხეს ურარტუ. ორივე შემთხვევაში, ძველი ცივილიზებული იმპერიები ინდო-ევროპული ოჯახიდან გამოსულმა ახალგაზრდა ბარბაროსებმა დაამხეს.

პირველ სომეხთა ნაწილი, მომავალ სომხეთში, ანატოლიიდან ერზინჯანის ქვეყნის გავლით ჩავიდა. ამ სომეხთა სხვა ნაწილმა ასურეთი გაიარა. ეს გააადვილა ქაოსმა, რომელიც 612 წელს ნინევიის დამხობას მოჰყვა...

ურარტელები პირველ სომეხთა შემოსევას გულხელდაკრეფილი არ შეხვედრიან. ისინი ამ ინდო-ევროპელებს გამალებით იგერიებდნენ. ჰეროდოტე, სომხებს ნათლად და აშკარად განასხვავებს ძველი ურარტუს მკვიდრთაგან, რომლებსაც ის ალაროდიელებს უწოდებს. ისინი მის დროს ჯერ კიდევ თანაარსებობდნენ.

ანგარიში უნდა გავუწიოთ იმასაც, რასაც ქსენოფონი კიროპედიაში ჰყვება. მისი თქმით, სპარსეთის მეფე კიროსის (557-529) დროს, სომხები ხალდებს, ე.ი. ღმერთ ხალდის თაყვანისმცემლებს, სხვა სიტყვებით ძველ ურარტელებს ეომებოდნენ.

ხალდები წარმოდგენილები არიან როგორც საშიში მთიელები, უფრო ზუსტად კი ადამიანები, რომლებმაც მთაში ნახეს თავშესაფარი, საიდანაც ისინი თავდამსხმელ, მომხდურ სომხებს იგერიებდნენ. სომხებმა დაიპყრეს ბარი, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ. ხალდები ხანდახან ჩამოდიოდნენ მთიდან და ძარცვავდნენ სომეხთა დასახლებებს, შემდეგ კი, თავის მიუდგომელ-აუღებელ მწვერვალებზე ბრუნდებოდნენ.

სომხების მიერ სომხეთის დაპყრობას დრო დასჭირდა. ჯერ დაიპყრეს და გაასომხეს დაბლობი, შემდეგ კი მთიანეთი.

ურარტელები გადარჩნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ურარტუში, არარატის მასივის აღმოსავლეთით, ქვემო არაქსის ორ ნაპირზე. ჰეროდოტეს დროს, იქ ცხოვრობდნენ «ალაროდიელები», ე.ი. ძველი ურარტელები.


კავკასიური სუბსტრატი სომხურ ენაში


ნაკლებად ცივილიზებული დამპყრობელი რომ უფრო ცივილიზებული დაპყრობილის კულტურის ელემენტებს ითვისებს, ამაში გასაკვირი არაფერია. კაცობრიობის ისტორია ასეთი შემთხვევებით სავსეა.

მეიე (Antoine Meillet) არ ეჭვობს, რომ სომხური ენის სტრუქტურაში, ფონეტიკაში და მორფოლოგიაში კავკასიური გავლენა არის...


სომხეთი აქემენიდთა ბატონობის დროს

მაშინ, როდესაც სომხები მომავალ სომხეთს თანდათანობით იპყრობდნენ, ეს ქვეყანა მიდიური იმპერიის შემადგენლობაში (612-519) იყო. მიდიური იმპერია აქემენიდთა სპარსულმა იმპერიამ (549-330) შეცვალა. ასე იყო რომ, მომავალ სომხეთში დამკვიდრებისთანავე სომხები დაკავშირებული იყვნენ ირანულ რასასთან, რომელსაც მიდიელებიცა და სპარსელებიც განეკუთვნებოდნენ.

კიდევ უკეთესი: სომხები სამი საუკუნის მანძილზე ირანული იმპერიების ვასალები იყვნენ, რამაც სომეხთა კულტურულ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა, მითუმეტეს რომ მიდიელებიცა და სპარსელებიც მათ როგორც ასურეთის ბრწყინვალე მატერიალური კულტურის მემკვიდრეები წარუდგებოდნენ. სპარსული კულტურა სომხებისათვის იყო ის, რაც ბერძნული კულტურა რომისათვის...

მიდიელების და სპარსელების სომხეთში გაბატონების გარემოებები ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობია... აქ ქსენოფონი და მისი «კიროპედია» გვეხმარებიან. სომეხთა მეფემ, თავი სპარსი დამპყრობელი კიროსის მოხარკედ აღიარა და დამპყრობელმა აქემენიდმა ქვეყანა იმით დაამშვიდა, რომ სომხები და ხალდები ანუ ძველი ურარტელები ერთმანეთთან მოარიგა.დაბლობზე გაბატონებულმა სომხებმა, მთაში წასულ ხალდებს, გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ აუთვისებელი დაბლობი მიწების დამუშავების უფლება მისცეს. სამაგიეროდ, ხალდებმა სომხებს გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მათი საქონლის მთებში ძოვების უფლება დართეს. კიროსმა, ეს სპარსული მშვიდობა, სომეხთა ქვეყანაში ციხე-სიმაგრეების აგებით გაამყარა.

და აქაა მნიშვნელოვანი პრობლემა.

სომხები თავის თავს ჰაი-ს (Hai) უწოდებენ: სომხეთი სომხურად არის ჰაიასტანი. ეპონიმ გმირს, რომელმაც ეროვნული ლეგენდების თანახმად, სომეხი ხალხი მომავალი სომხეთის დაპყრობამდე მიიყვანა, ჰქვია ჰაიკ (Haik). არადა, ბერძნები და სპარსელები, არ იცნობენ ფესვს - ჰაი, ისინი სომხებს მხოლოდ ფესვით: არმინ (Armin), არმენ (Armen) აღნიშნავდნენ.

სომხეთის პირველი ეპიგრაფიკული ხსენება დაფიქსირებული არის დარიუს I-ის წარწერაზე ბეჰისტუნში, რომელიც ქვეყანას და მის მკვიდრებს სახელებით (არმინა) Armina, არმინია (Arminiya) მოიხსენიებს.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეკატეოს მილეთელი კი, უკვე Armenioi- ებს იცნობდა.

ადონცი და სხვა სწავლულები ფიქრობენ, რომ ეს სახელი შეიძლება ურარტუს დინასტიის დამფუძნებელი არამედან მომდინარეობდეს, რომელიც უკანასკნელმა ურარტებმა, რომლებიც სულ არ ყოფილან სომხები, ეპონიმ გმირად უანდერძეს მათ დამმარცხებელ თრაკიელ-ფრიგიელებს.

სომხებმა, ფაქტიურად ურარტუს პირველი მეფე ჩართეს თავის ისტორიაში და მოსე ხორენელმა ის ჰაიკის 6-ე მემკვიდრედ აქცია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თუ კი ასურულ წარწერებში სახელი «არამე» ნახსენებია მის ლეგიტიმურ ადგილას, როგორც ურარტუს პირველი მეფე, შარდურთა, არგიშტითა და რუსათა დინასტია თავს «არამე»-ს სახლად არასოდეს იხსენიებდა. ესა ჯერაც გადაუწყვეტელი პრობლემაა.

კიროსის დროს, სომხეთი აქამენიდი სპარსეთის სიუზერენიტეტზე დათანხმდა, მაგრამ კამბიზის სიკვდილის და «ყალბი სმერდისის» შემდეგ, სპარსეთის იმპერიაში მღელვარებები დაიწყო და სომხეთიც აჯანყდა (521 წ.). მოძრაობა მასშტაბური უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მან ყოფილი ასურეთის ტერიტორიაზე შეაღწია. მიუხედავად ამისა, სპარსეთის ახალმა მეფემ - დარიუს I-მა, ზოგიერთი სომხური ელემენტის ერთგულების შენარჩუნება მოახერხა. მან აჯანყების ჩამხშობი ჯარის სარდლად სწორედ სომეხი დადარჩიჩი (Dadarchich) დანიშნა. თუმცა, მართალია ისიც, რომ 520 წელს მან ეს დადარჩიჩი სპარსი ვაუმისა-თი შეცვალა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს სომხეთი დაიმორჩილა.

დარიუს I-მა განახორციელა სპარსეთის იმპერიის ადმინისტრაციული რეფორმა და ურარტუს ის ნაწილი, რომელიც თრაკო-ფრიგიელ სომეხთა მიერ რეალურად იყო დაპყრობილი, მე-18 სატრაპიად გამოაცხადა. თუმცა, დარიუსმა სომხეთისგან გამოყო და მე-18 სატრაპიად გამოაცხადა იმ დროს ალაროდიელების სახელით ცნობილი ძველი ურარტელებით დასახლებული ტერიტორია. ეს ურარტელები-ალაროდიელები თრაკო-ფრიგიულ ექსპანსიას გაექცნენ. მათ არარატის მასივის აღმოსავლეთით, არაქსის აღმოსავლეთ დინებას შეაფარეს თავი. მე-18 სატრაპია მოიცავდა ამ ალაროდიელებს და მატიენსაც (ურმიის ტბის აუზი). სომხეთსა და ალაროდიელებს შორის საზღვარს არარატის და ტენდურეკის მასივები აღნიშნავდა. როდესაც ქსერქსე 480 წელს თავს დაესხა საბერძნეთს, სპარსეთის ჯარში იბრძოდნენ როგორც სომხები, ისე ალაროდიელები. ჰეროდოტე ამბობდა, რომ ფრიგიიდან კოლონად ჩასულ სომხებს ფრიგიული სამოსი ეცვათ. მაშინ როდესაც: «ალაროდიელები დადიოდნენ როგორც კოლხები (ხის მუზარადებით, დაუმუშავებელი ტყავის პატარა ფარებით, მოკლე შუბებითა და მოჭრილი ხმლებით)...».

ქსენოფონის აღწერა

ალაროდიელების და სომხების ქვეყანა, 401 წელს, ბერძენთა რაზმებთან ერთად ქსენოფონემაც გაიარა. მან თქვა, რომ ხალდები, ე.ი. ურარტელები, თავისუფალი და მამაცი ხალხი არის. ისტორიული სომხების წინაპარ თრაკო-ფრიგიელთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე გავლისას კი, მან საკვებით და სასმელით სავსე მდიდარი სოფლებით დაფარული ქვეყანა ნახა. მან იხილა, რომ სომეხთა მაღალ ზეგანზე მკვიდრნი, საცხოვრებლებს მიწის ქვეშ აწყობდნენ. მათი ღიობი ჰგავდა ჭას, მაგრამ ინტერიერი დიდი, ვრცელი იყო. მკვიდრნი იქ კიბით ჩადიოდნენ. ამ მიწისქვეშა საცხოვრებლებში, ისტორიული სომხების წინაპრებს თხები, ცხვრები, ძროხები, ფრინველი ჰყავდათ. მიწის ქვეშ ასევე ჰქონდათ პური, ქერი, ბოსტნეული, თივა და ლუდი.

ისტორიული სომხების წინაპრები, ბერძნებს ხელგაშლილად და გულუხვად ხვდებოდნენ, მათ ბატკანს, თიკანს, ღორის, ძროხის, ფრინველის ხორცს, ლუდს თასებით მიართმევდნენ. ბერძნები და ადგილობრივები თარჯიმნების დახმარებით საუბრობდნენ, იყენებდნენ სპარსულს, მაგრამ ადგილობრივები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისინი ნამდვილად სომხეთში იყვნენ.

ქსენოფონი სომხურ სტუმართმოყვარეობას და გულუხვობას, ლუდს, სომხურ ცხენებს აქებს...

სომხეთი ელინისტურ ხანაში
ალექსანდრე მაკედონელი

სომხეთმა გაიზიარა სპარსეთის იმპერიის ბედი, როდესაც ის ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო. სომხები ერთგულად ემსახურებოდნენ ბოლო აქემენიდ მეფეს - დარიუს III-ს და 331 წლის 30 სექტემბერს იბრძოდნენ არბელის ომში. გამარჯვებულმა ალექსანდრემ სომხეთი თავის იმპერიას შეუერთა, თუმცა თავად არასდროს არ ყოფილა სომხეთში. იმავე 331 წელს, მან სომხეთში სატრაპად გააგზავნა სპარსი მითრინეს (Mithrines), სარდის ყოფილი მმართველი.

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, მისმა სარდლებმა მისი იმპერია გაინაწილეს და სომხეთი როგორც სატრაპია, წილად სარდალ ნეოპტოლემს (323 წ.) ხვდა. მაგრამ დიადოქოსები ერთმანეთს დაერივნენ და 321 წელს ნეოპტოლემი მოკლეს.


ტრიპარადისოს-ის (Triparadisos) განაწილების (321 წ.) დროს, სომხეთი აღარ იყო მაკედონელის სარდლებისათვის მიცემულ სატრაპიებს შორის. 316 წელს კი, სომხეთის სატრაპია სპარსი ორონტეს-ის (Orontes) ხელში გადავიდა. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან სულ 7 წელი იყო გასული და სომხეთი ისევ სპარსელებს დაუბრუნდა. 301 წელს, მაკედონელის იმპერიის საბოლოო დანაწილების დროს, სომხეთის სატრაპია სელევკოსის წილში მოხვდა. მაგრამ სინამდვილეში, სომხეთი იყო პირველი მაკედონური პროვინცია, რომელმაც თავიდან მოიშორა ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეები, მოიშორა აყალ-მაყალისა და კონფლიქტების გარეშე. სომხეთში შემდეგ ადგილობრივი მაგნატების თუ აჯანყებული სატრაპების მიერ დაარსებული ლოკალური დინასტიები წარმოიშვა. სელევკიდები ამ ლოკალურ მმართველებს ხან ეფერებოდნენ და ხან ებრძოდნენ, შესაბამისად იმისა, ძლიერები იყვნენ ისინი თუ სუსტები, მაგრამ გამარჯვებულები წმინდა ფორმალური პატივით კმაყოფილდებოდნენ.

302 წელს, სატრაპი ოროდეს, აროანტეს თუ აროანდეს მეფის წოდებას ჯერ არ ატარებდა... ისტორია დაწვრილებით უცნობია. ცნობილია, რომ სელევკიდ ანტიოქოს III-ს მთელ მაკედონურ აზიაში ელინიზმის აღდგენა სურდა და რომ ის ადგილობრივ თვითნებობებს ყველგან ბოლოს უღებდა. მან 212 წლის გაზაფხულზე სოფენზე თავდასხმით დაიწყო და მიადგა არსამოსატას. ქსერქსეს დინასტიას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ გააჩნდა და მეფური მოწყალება ითხოვა. ანტიოქოსმა ის ტახტზე დატოვა და ცოლად გააყოლა თავისი და ანტიოქისი. ცოტა ხნის შემდეგ კი, ამ ანტიოქისმა თავისი მეუღლე მოკლა და სოფენი სელევკიდთა სფეროში კვლავ დაბრუნდა.

სომხეთის სამეფოს დამფუძნებელი არტაქსიას I

სელევკიდი ანტიოქოს დიდი, სომხურ ქვეყანას სპარსული სახელების მქონე ორი «სტრატეგოსის», არტაქსიასის და ზარიადრის მეშვეობით მართავდა. პირველი მართავდა საკუთრივ სომხეთს, მეორე კი, სოფენს. მაგნეზიის უბედურებამ (189 წ.) და აპამეეს რომაელთა დიქტატმა (188 წ.), სელევკიდების იმპერიის საერთო უკანდახევა გამოიწვია და ორმა სატრაპმა, რომის სენატის მფარველობით, თავი დამოუკიდებელ მეფეებად გამოაცხადა. დიდ სომხეთში არტაქსიადების და სოფენში ზარიადრიდების დინასტიების ერთდროულად დაფუძნებას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მანამდე, მიდიელების და სპარსელების თუ თეორიულად მაინც ბერძნულ ბატონობას მორჩილმა სომეხმა ხალხმა, პირველად განაცხადა სრული დამოუკიდებლობა. ჩვენ არ შეგვიძლია ორ სამეფოს შორის არსებული საზღვრების ზუსტად დადგენა, მაგრამ ვიცით, რომ ერთი სამეფო მეორეზე ბევრად უფრო პატარა იყო. სტრაბონი უბრალოდ მოგვითხრობს, რომ არტაქსიასმა და ზარიადრისმა, მეზობელთა მიწების დასაპყრობად ძალები გააერთიანეს, საქმეს შეუდგნენ და ქართველთა წინაპარი იბერების მიწები მიიტაცეს: გაგარენე, სომხური გუგარქი, სევანის ტბის ჩრდილოეთ ნაპირსა და ქალაქ ლორი-ს (Lori) შორის და ხორზენეც, რომელიც ამ შემთხვევაში მტკვრის წყაროებთან, კოლის და არტაანის მიდამოებში უნდა ვეძებოთ.

ქსენოფონის თქმით, ველურ ხალიბებს, მოსინიკებს და პონტოს სხვა მთიელებს მათ წაართვეს კატერნიდე (Karentide), ე.ი. სომხური Karin, არზრუმის ქვეყანა, და, უფრო დასავლეთით, დარლენი (Darlene, Derdjan) თუ სომხური ტერჯანი (Terdjan). სტრაბონი კიდევ ამბობს, რომ მათ დაიპყრეს Tarauntide თუ Tarontide ანუ სომხური ტარონი, რომელიც «სირიელებს» წაართვეს და საიდანაც სელევკიდთა გარნიზონების გაყრა გახდა საჭირო. ნახსენებია დღევანდელი დერსიმის ნაწილი აკილისენეც, რომელიც მათ კაპადოკიის მეზობელ კატაონიის სამეფოს წაართვეს.

შემდეგ არტაქსიასმა მოსპო ზარიადრიდთა მეორე სომხური დინასტია და ქვეყნის გაერთიანება ასე დაამთავრა. სხვა დაპყრობებსაც ჰქონდა ადგილი.

იმ დროის სომხეთის, კაპადოკიის თუ პონტოს მეფეების კულტურა, ნაწილობრივ სპარსული იყო. სომხეთი, კაპადოკია, პონტო სპარსეთის იმპერიის ნაწილები იყვნენ. აქემენიდური დიდება-ბრწყინვალება იქ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მითუმეტეს, რომ ალექსანდრე მაკედონელი იქ პირადად ნამყოფი არ იყო.

თუმცა ელინიზმი მათზე ძლიერ გავლენას ახდენდა. მეტ-ნაკლებად სპარსული ფესვების მქონე სატრაპები, რომლებიც ელინისტურ ბასილევსებად გადაიქცნენ, ბერძნული კულტურით იყვნენ გატაცებულნი, საუბრობდნენ ბერძნულად, როგორც დიპლომატიურ და ცივილიზაციის ენაზე, ისე, როგორც ადრე ლაპარაკობდნენ სპარსულად და ტკბებოდნენ ევრიპიდეს ტრაგედიითა და მოხეტიალე ფილოსოფოსის მჭერმეტყველებით...


რენე გრუსე, სომხეთის ისტორია საწყისებიდან 1071 წლამდე, გამომცემლობა Paуot, 1984 წ.
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."