მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ივანე ჯავახიშვილი: საქართველოს საზღვრები
შესავალი

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სამზღვრები ტომობრივ მოსახლეობის სამზღვრებს არა ერთხელ გასცილებია, და ძლიერების ხანაში XI-XIII საუკუნემდე, განსაკუთრებით მე-XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს, საქართველოს, მთელი ამიერი კავკასიაც კი ეკუთვნოდა. ქვემო მოყვანილს მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს მხოლოდ მჭიდროდ შემოფარგლული სამზღვრები, ისე როგორც თვით იგი ისტორიული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი, აგრეთვე გეოგრაფიულ და ეკონომიური პირობების წყალობით ჩამოყალიბდა. თითქოს თვით ბუნებას შეუქმნია ქართველ ერისათვის ბუმბერაზი დარაჯი კავკასიონის მთავარი უღელტეხილი ჩრდილოეთით და მაღალი მთების ზღუდე სამხრეთით, დასავლეთით კი მის ტერიტორიას შავი ზღვის, ხოლო აღმოსავლეთით მდინარეების ზოლი აქვს შემოვლებული. ამ მხრივ საქართველო ერთს საუცხოვოდ გარემოზღუდვილს ქვეყანას წარმოადგენს. სხვათა შორის ამ პირობების წყალობითაც შესძლო ქართველმა ერმა თავი ხანგრძლივ ისტორიულ არსებობის დროს მრავალ, ხშირად თავისზე გაცილებით უფრო ძლიერი მტრების მოგერიება და თავისი ეროვნების დაცვა. ეს გარემოება საქართველოს მტრებსაც ესმოდათ და ამიტომ არა-ერთხელ ყოფილა, რომ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ მონაპირე კუთხის დაჭერა და ჩამოშორება უცდიათ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეებსა და მთავრობასაც თავისი სახელმწიფოს ამ ბუნებრივ სამზღვრების დაცვის უაღრესი მნიშვნელობა ჩვენი ერის არსებობისათვის მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული და ამის გამო მტრების ყოველს ამგვარს განზრახვასა და წადილს მედგარს წინააღმდეგობას უწევდენ.

წინამდებარე მონოგრაფია სწორედ საქართველოს სამზღვრებს არკვევს ისტორიულადაც, — თუ როგორი მოხაზულობა ჰქონდა მას წარსულში ან როგორ იცავდა ამ სამზღვრებს ქართველი ერი საუკუნეთა განმავლობაში, — და თანამედროვე ცხოვრებისა და აწინდელი პირობებისდა მიხედვით, — თუ რა ნაირად უნდა შემოიხაზოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამზღვრები ამ ჟამად, რომ საერთაშორისო სამართლისა, 1783 წ. რუსეთთან დადებულ ხელშეკრულობითა და ეროვნებათა თვითგამორკვევის უფლებით უზრუნველყოფილი ქართველი ერის პოლიტიკური უფლებები არ შეილახოს და სამართლიანობა აღდგენილი იქმნას.

სამზღვრების მიმოხილვა ჯერ დასავლეთ-ჩრდილოეთითგან იწყობა, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ მიდის, მერმე აღმოსავლეთის სანაპირო ხაზს და სულ ბოლოს სამხრეთის სამზღვარს ეხება აღმოსავლეთითგან მოყოლებული დასავლეთის ხაზის უკიდურეს წერტილამდე.


I თ ა ვ ი - ჩრდილოეთის სამზღვარი.
§ 1. ჩრდილო-დასავლეთის ხაზი. აფხაზეთ-ჯიქეთი.


სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის უკიდურეს სამზღვარზე აბხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიულის ცნობების მიხედვით, მე-XI-ე საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკასიონის მთავარი ქედი იწყობოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266). ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აბხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აბხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აბხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეული იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.


მაინცადამაინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამასა ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აბხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინტის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა. (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315). ხოლო ამის შემდგომ უკვე აბხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყობოდა.


ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, მე-XVIII-ე საუკუნის, აბხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა. დასავლეთ საქართველოს 1732 წ. რუკაზეც ჯერ სწერია «კაპოეტის წყალი», შემდეგ ხაზია გასმული და ნათქვამია «აქეთ ჯიქეთიო» (იხ. რუკა), ე. ი. ჯიქეთი კაპოეტის წყლის იქით, ანუ ჩრდილოეთით მდებარეობსო. თანამედროვე რუკებზე კაპოეტის წყალი არ არის აღნიშნული, მაგრამ 1732 წ. ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართველოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წ. გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიის ძველი სახელი უნდა იყოს.


თუ 1743 რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშევის მიერ შედგვნილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული.


ამ ადგილითგან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის.

ტომობრივ მოსახლეობის მხრივ, მე-XVIII-ე ს.-ის დასასრულს, აფხაზეთი შემდეგ ნაწილებად იმყოფებოდა: ერთი იყო ბზიბის ხეობა, რომელიც შეიცავდა მდ. ბზიბის ქვემო ნაწილისა და აღმოსავლეთით გუდაუთამდე, მეორე გუდაუთსა და მდ. კოდორს შუა საკუთრივ აფხაზთა სათემო იყო. მესამე, აფშილეთი, მდ. კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარეობდა. მეოთხე სამურზაყანო, რომელშიაც მოსახლეობა მეგრული იყთ და ეხლაც არის, მხოლოდ აბხაზური ენა და ზნე-ჩვეულებაც შეთვისებული აქვთ, მოთავსებული იყო ღალიძგასა და ენგურს შორის შავი ზღვის ნაპირას და მეხუთეს, წიბელდას მდ. კოდორის ხეობის შუა ნაწილი ეკავა.


ცნობილია, რომ აღმ. საქართველოს I783 წ. რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულობამ და შემდეგ 1801 წ. შეერთებამ, მთელი საქართველოს ბედ-იღბალიც გადასწყვიტა და სრულიად საქართველოს რუსეთის მიერ შეერთება მხოლოდ-და-მხოლოდ ხელსაყრელ დროზე იყო დამოკიდებული. ვერც აფხაზეთი გადურჩა ამ ბედს.


თუმცა 17 თებერ. 1810 წ. აბხაზეთის მთავარმა სეფერბეი შარვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგა ხანს მე-XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე აბხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს აბხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აბხაზეთის მთავარს-კი მთელის შთამომავლობით მთავრის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა.


აბხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის მოსპობას და I866 წელს აბხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერ ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877 - 8 წ. ომის დროს აბხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა.


ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინააღმდეგობას რუსეთის გაბატონებას აბხაზეთში წიბელდა უწევდა. მე-XIX-ე საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებსა გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (Маевскій. Кутаисская губернія. Военно-статистйческое описаніе. ტფილისი, I 96 წ. დამატ. N 1, გვ. . 4).


1884 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 6). ხოლო 1867 წლის აბხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14.000 სახლობა ითვლებოდა. 1867 წელს-კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (Иваненко. Гражд. упр. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მის შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის ნაპირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით-კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა. ქართველებს აქ დასახლება და უძრავი ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს-კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოვებულს მხარეს. მხოლოდ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც.


რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობისდა მიუხედავად, სამურზაყანო აბხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წ. აღწერისდა თანახმად, 141.000 მცხოვრებთა შორის 71.000 ქართველი და 43.000 აბხაზი იყო, 6.000 სომეხი და 21.000 სულ სხვადასხვა ეროვნებისა.


§ 2. ჩრდილოეთის ხაზი. დვალეთი.


საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი აფხაზეთის შემდგომ სვანეთის ჩრდილოეთის საზღვრით არის მოხაზული და აქაც ეს ხაზი ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ზღუდეს მისდევს, კავკასიონის მთავარ უღელტეხილის მარადთოვლიანს ქედს რაჭის სამზღვრამდის. შემდეგ საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი თემი რაჭაა და მისი სამზღვრის ხაზიც ჩრდილოეთით იმავე უღელტეხილის მთავარ ქედზე მიდის დვალეთამდე.


დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული. ეს ქვეყანა ყოველმხრივ მარადთოვლიან მთებით არის გარშემოზდუდული, ისე-კი, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქედი. ე. ი. პირიქითელი სამხრეთისაზე უფრო მაღალია და ერთს ალაგს გარდა სრულიათ გაუვალია. ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაპირე ქვეყანა იყო.

ძველითგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ სამღვარს განსაკუთრებული ყურადღება მე-XII-ე ს-ითგან მიექცია და პოლიტიკურადა მტკიცედ აქ ქართველობამ ფეხი დავით აღმაშენებელის დროს მოიკიდა (ცხოვრება მეფისა. დავითისი, გვ. 301, ქართველი ერის ისტ. II. 515). შემდეგშიაც, თვით საქართველოს პოლიტიკურ დაუძლურების დროსაც, მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგსაც, დვალეთი ქართველთა ხელში იყო და ვახუშტის მოწმობით «მეფეთა ქართველთა... მისცემენ დღემდე ხარკსა» (გეოგრაფია 460). ვახტანგ მე-VI-ე იყო ის მეფე, რომელმაც საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის ეს მონაპირე კუთხე 1711 წელს ჯარითურთ შემოიარა, შევიდა შიგ. «ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ღელის-ხევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯვებული»... სწორედ მან კვლავინდებულად მტკიცედ «დაიპყრა დვალეთი და დასდვა ხარკნი» ... (ვახუშტი. საქართველოს ცხორება 118).

აღმოსავლეთით მას საზღვრავს «თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე.

სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი... და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი»... (იქვე 428 - 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (=ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (=ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მმწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.

დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428).


ამ დვალეთზე «გარდავლენან გზანი დიგორსა... და... გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა» (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა «მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა».., გაკეთებული ყოფილა «კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა». ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს «მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ «არა ვიდოდენ თეინიერ მათსა ოვსნი»... ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც «არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი» (იქვე. 444).


ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ «სამწყსონი ნიქოზლისანი» (გეოგრაფია 434). მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგს ბლომად ყოფილა «ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი».., რომელნიც საქართველოს «მეფეთაგან ნაშენნი» ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით «უმეტეს იტყვიან... თამარ მეფისაგან» აგებულადო (იქვე 438).
მე-XVIII-ე ს-ში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს, ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438).

ბუნებამ დვალეთი მადნით უხვად დააჯილდოვა და იქ ვახუშტის სიტყვით «გამოიღებენ მიწიდამ ბრპენსა, გვარჯილასა, გოგირდსა» (იქვე 438), ამასთანავე «ლითონი ბრპენისა» მრავალი ყოფილა, ხოლო «გოგირდი ფრიად კარგი». ზემოაღნიშნულს გარდა იქ არსებობდა «ლითონიცა ვერცხლისა» (იქვე 444).

ამ ჟამად ამ კუთხეს არდონის ანუ ნარდონის ქვაბ-ხეობა ეწოდება. ეს არდონის ქვაბ-ხეობა, რომელიც ყოველმხრივ გარშემოზღუდულია, მაგრამ რომელსაც ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ ერთად-ერთი ზემოაღნიშნული ხეობაზე მდებარე გასავალი აქვს, სამხრეთით-კი საქართველოსთან მას 11 გარდმოსავალი აერთებს, მე-XIX-ე საუკუნეშიც თავდაპირველად ტფილისის გუბერნიის სამზღერებში იყო მოქცეული და ამ გუბერნიის მთიულეთის ოლქს ეკუთვნოდა, (Филиновъ. Военный обзоръ Тифлис. Губ. СПБ. 1872 წ. გვ. 7-8). მისი სივრცე 497 ოთხკუთხ ვერსს არ აღემატება. შემდეგში რუსეთის მთავრობამ დვალეთი ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს ჩამოაშორა და თერგის ოლქს შეუერთა.

საუკუნეთა განმავლობაში, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და ამის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასავალთან ზღუდეც-კი ააგო, რომ თუ საჭირო იქმნებოდა მტრის შემოსვლის მხრივ ამ სახიფათო გზის კარის დახშვა ადვილად შესძლებოდა. ამ კუთხის ბუნებრივ აგებულებასა და თვისებას თუ დავაკვირდებით, ცხადი იქმნება, რომ იგი საქართველოსთან უფრო მრავალრიცხოვან გზებით, სხვადასხვა მხრით თერთმეტი გარდმოსავლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან არის შედარებით მჭიდროდ დაკავშირებული. ჩრდილოეთთანკი, მას მხოლოდ ერთი გასავალი აერთებს. ყველა ამ მოსაზრების გამო უფრო ბუნებრივია და ხელსაყრელი, რომ წინანდელი მდგომარეობა კვლავ აღდგენილ იქმნას. რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთი, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა ისევ აღმოსავლეთს საქართველოს, ტფილისის გუბერნიას დაუბრუნდეს, მაშინ ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო სამზღვარი იმ ხაზს გაჰყვება, რომელიც ხოხის მთას (ადაი ხოხ) და ახოტის მთას (არხონ) შუა გაივლება.

§ 3. ჩრდილოეთის ხაზი. დარიალანი და საქართველოს კარი.

დვალეთის აღმოსავლეთით საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი ისევ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედზე მიდის და მხოლოდ დარიალის ხეობასთან იგი ქედს იქით გადადიოდა და უფრო ჩრდილოეთით იყო წაწეული. მისაბჯენ ციხედ ჰქონდა «გორის ციხე, ფრიად ძველი, ძველებურ წესზე აგებული, კოშკებით შემკული სიმაგრე, რომელიც მდ. თერგის სათავის მიდამოებში, მთებში მდებარეობდა». ამ ციხეს «ფრიად მაგარი მდებარეობა ჰქონდა» (Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе полит. состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго. Тифлисъ изд. Бегичева 1896 წ. გვ. 9). ეხლანდელ რუკებზე ამგვარი საგეოგრაფიო სახელი არ არის აღნიშნული, ამის გამო ამ ციხის მდებარეობაც გამოურკვეველი რჩება.

მაგრამ უფრო დაწვრილებითი და მკაფიო ცნობები საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის შესახებ ბატონიშვილს ვახუშტსა აქვს. მისი სიტყვით თერგს «გველეთს ქვეით ერთვის... ხევი», რომელიც «სამხრეთ-აღმოსავლეთიდამ გამოსდის გუდამაყრისა და ძურძუკის კავკასსა... ამ ხევს ქვეით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა... აღმაშენებელის აღშენებული. ამას ქვეით არს დარიელა.., თერგის «აღმოსავლით კიდესა ზედა მეფის მირვანის მიერ» აგებული. მან «შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოსვთათვის, რათა უმისოთ ვერაღარა ვიდოდნენ... ხოლო «ამას ქვეით ნასასახლევი მეფეთა. ოდეს გაილაშქრიან ოვსეთად მუნ დადგიან»-ო (გეოგრაფია 228).

სახელოვან ქართველ გეოგრაფის აღდწერილობა იმდენად ნიშანდობლივია, რომ თვითეული მის მიერ დასახელებული ადგილის პოვნა ეხლანდელს 5-ვერსიან რუკაზე ძნელი არ არის. ამაში მისივე შედგენილი რუკაც დიდად გვშველის. გველეთის ჩრდილოეთით თერგს მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთითგან ერთი პატარა წყალი ერთვის, რომელსაც ქისტურა (Кистинка) ეწოდება. აქ ვიწრო ხეობაში ყოფილა მეფე დავით აღმაშენებელის მიერ აგებული ციხე. ეს ის ადგილი უნდა იყოს, რომელსაც საქართველოს-სამხედრო გზაზე რუსებმა სად. დარიალისა «Даріальское» უწოდეს. აქ მართლაც რუკაზე ნათქვამია («Бывшее укрепление») «ციხის ნანგრევიო». ამის ჩრდილოეთით მირვან მეფის მიერ აგებული ყოფილა დარიალის კარი, რომელიც ოს-ხაზართათვის გზის შესაკრავად იყო განკუთვნილი. ეს ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ეხლა სად. ლარსია. ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი ყოფილა საქართველოს სამფლობელოს უკანასკნელი ფეხმოსაკიდებელი ადგილი «ნასასახლევი მეფეთა», რომელიც დაახლოებით ეხლანდელს «ჯერახოვსკოე»-ს მიდამოებში უნდა ყოფილიყო. აქაც, 5-ვერსიან რუკაზეც ნათქვამია ციხის ნანგრევიო (Бывшее укрепленіе) თვით ბატონიშვილ ვახუშტის დაწვრილებითს რუკაზე (იხ. ბროსსეს გამოც. N 3, Karthli au N. du Kour) «ნასასახლევი მეფეთა» (Résidence royale) მართლაც «ჯარიეხის» (=ეხლანდელს «ჯერახოვსკოე»-ს) მახლობლად, ცოტა სამხრეთით არის აღნიშნული და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოეთის სამზღვარი ამ ადგილის წინ, დაახლოვებით ჯარიეხითგან ერთი ვერსით, სამხრეთით მიდიოდა (იხ. იგივე რუკა).

ზემოაღნიშნულ მოსამზღვრე ადგილითგან მოყოლებული სამზღვარი მდ. ქისტურის ხეობის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხევდა და კვლავ კავკასიონის უღელტეხილის მთავარს ქედს აღწევდა, ხოლო შემდეგ საქართველოს სამზღვარი მუდამ სწორედ ამ მთავარ უღელტეხილს ქედ-ქედ მიდიოდა იმგვარადვე როგორც მე-XIX-ე საუკუნეშიაც რუსთა მფლობელობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს, ტფილისის გუბერნიის სამზღვარი იყო მოხაზული.

ფოტოზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სამხედრო სამინისტროს ტოპოგრაფიული განყოფილების მიერ გამოცემული საქართველოს საზღვრების რუკა
II თ ა ვ ი - აღმოსავლეთის სამზღვარი.
§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.


საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედით. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა).


მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1). ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.


საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დაღესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის იტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, «ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა» და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა, ქართველთა დაღესტანში განმანათლებელი მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).


ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- XIII-ე ს-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰერეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719).

მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVII-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშინების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა «ალის-სასულთნო», მეორეს «ელისენი», მესამეს «ჭარი».

უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის «შემდგომად იწოდა ჭარი». (გეოგრაფია 306).

რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი «ჯარი»-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, «რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული» (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია, ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის «წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე». (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.

ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ. დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თავდაპირველად «კახის სულტნად სახელდებული» ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული.

ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი «არს ქვეყანა ეს, ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი» (კათალიკოზ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ძარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა.

როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.

1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6).

1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.


III თ ა ვ ი - სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი.
§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.


ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკვრის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო «სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე»... (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . - 4).


იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირან-ჩელი ეწოდება. მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784 წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის. ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა.

საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირან-უდურეთის ველის სახელი ერქვა. შედეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა «იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები»-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის «აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა». (ვახუშტი. გეოგრ. 180). აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე «ყარაიას» უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს.


ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.


ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ, რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.


სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).


ჰერეთის იმ ნაწილს, რომელიც ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.

§ 2. საქართველოს სახელმწიფოებრივ სამზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი.

ქვემო ქართლის აღმოსავლეთი ნაწილი და სამზღვარი იმავე დროს გარდაბანის საერისთავოს ნაწილი და სამზღვარი იყო და მას ჰსაზღვრავდა «აღმოსავლეთით მტკვარი და ხუნანის გამართებით ბერდუჯის აღმოსავლეთის მცირე მთა.» (ვახუშტი. გეოგრ. 178). მაშასადამე ქვემო ქართლის ანუ ეხლანდელი ბორჩალოს მაზრის აღმოსავლეთის სამზღვრად ჯერ მდ. მტკვარია დაახლოვებით ყიზყალას ციხის ნანგრევების ცოტა აღმოსავლეთ-სამხრეთით, ხოლო შემდეგ ქურდ-ვაჭრის ხეობის ქედი, რომელიც დებედას აღმოსავლეთით მდებარეობს და დებედას შემდინარეების გამყოფელი მთა არის.

მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრივი სამზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს პოლიტიკურ სისუსტის დროსაც, თუნდა მე-XVIII-ეშიც, იქ-კი არ თავდებოდა, სადაც ქვემოქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი იყო, არამედ გაცილებით უფრო შორს მიდიოდა. თუნდაც, რომ განჯისა და ერევნის სახანოებს თავი დავანებოთ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ერეკლეს ყმად ნაფიცნი იყვნენ და ყოველწლიურად ნებაყოფლობით ხარკს იხდიდნენ და რომელთა მმართველები ხანებად მეფის მიერ იყვნენ ხოლმე დამტკიცებულნი (Бурнашевъ, Картина е1с. 12, 13—14 და Инструкія изъ Госуд. Коллегіи, Коваленскому 1799 წ. А. К. А. Г. К- წ 1,94, § 7). ყაზახი, შამშადილი და შამქორი ხომ საქართველოსთან უმჭიდროესად იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველთა ერთგულობას იჩენდენ. ამ ორთავე ქვეყნითგან ომიანობის დროს საქართველოს საუკეთესო, 6000 კაცისაგან შემდგარი, ცხენოსანი ჯარი მოსდიოდა ხოლმე (იქვე, 6, 16). განსაკუთრებით საყურადდებოა ის დიდმნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს მაჰმადიანი ხანები საქართველოსთან უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველობის უფრო ერთგულნი ყოფილან, ვიდრე თვით ერთმორწმუნე და თანამონათესავე სპარსეთის შაჰებისა. ამ მხრივ მეტად საგულისხმიეროა, რომ ერევნისა და ყარაბაღის ხანები სპარსეთის შაჰს აღამამედხანს-კი არ მიემხრენ, არამედ ერეკლე მეფესთან შაჰის საწინაადმდეგოდ საგანგებოდ ხელშეკრულება დასდეს და ფულიც მიაშველეს ამ საქმის განსახორციელებლად (Записка Коваленскаго о Грузии А. К. А. Г. К. წ. 1. გვ. 118). ამიტომაც არის, რომ ბურნაშევის მიერ 1784 წ-ს შედგენილს საქართველოს რუკაზე ყაზახი, შამშადილი, შამქორი განჯითურთ ქართლის სამზღვრებივი წითელი ფერით არის შემოხაზული.
 

IV თ ა ვ ი - ქვემო ქართლი. გამყოფელი ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის.
§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.


ქვემო ქართლის სამხრეთის სანაპირო ხაზი იმავე დროს ქართველთა და სომეხთა სამფლობელოს გამყოფელი სამზღვარი იყო ძველ დროითგანვე მოყოლებული.

§ 1. ისტორიული მიმოხილვა. ბრძოლა ამ საზღვრის გამო II ს.ქ. წ. — X ს. ქ. შ.


ჯერ კიდევ ქრისტეს წინათ საქართველო და სომხეთი მეზობლად ყოფილან. მაგრამ თავდაპირველად სომხეთს მცირე მიწაწყალი ეკავა და მხოლოდ მას შემდგომ რაც ანტიოქოს დიდის სარდლებმა არტაქსიმ და ზარიადრმა ცალ-ცალკე ორი სომეხთა სამეფო დაარსეს, თვით სომხეთის ვითარცა პოლიტიკურ ერთეულის სამზღვრებიც გაფართოვდა. (ჩემი ქართული ერის ისტ. I, 59 და Адонцъ, Арменія въ эпоху Юстиніана, 395). ეს ზრდა მათი მოსახლეობის ბუნებრივ განვითარებისა და გამრავლების შედეგი არა ყოფილა. სტრაბონის ცნობით სომხეთის მეფეებმა მეზობლებს მიწები წაართვეს. სხვათა შორის მაშინ ქართველთა ტომებისათვისაც წაურთმევიათ პარიადრის სანახები, რომელიც ტაოსა და სპერს შეიცავდა, ხორზენი და გუგარეთი (გუგარენი), ხოლო ხალიბებსა და მოსინიკებს — კარინი და დერქსინი (იქვე). ეს ამბავი 191 წ. (ქ. წ.) შემდეგ მომხდარა და სომეხთა პირველი იერიშია ქართველთა მიწა-წყლის დასაპყრობად. ამ დაპყრობილი ქვეყნების ბედი ამით სამუდამოდ და საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

სტრაბონის გუგარენა ანუ გუბარეთი ეხლანდელ ბორჩალოს მაზრის სამხრეთის ნაწილს უდრიდა, რომელიც დაახლოვებით ჭოჭკანისა, ბოლნის-დმანისის, ლოქის ხეობათა, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს შეიცავდა, ზოგჯერ გუგარეთს პოლიტიკურ მიზეზების გამო უფრო ვრცელი მნიშნელობა ენიჭებოდა და უფრო ფართოდაც იყო ხოლმე შემოხაზული. ამ ქვეყნის წინანდელი სახელის კვალი შერჩენილა ეხლანდელ საგეოგრაფიო სახელ გუჯარეთში (Адонцъ, Арменія 426 შენ.). ქართული საგეოგრაფიო ტერმინთლოგიით ეს გუგარეთი უფრო ხშირად ქვემო ქართლად იწოდებოდა, ხოლო რუსთა ბატონობის შემდგომ ბორჩალოს მაზრის სახელით არის ცნობილი.

ტოპოგრაფიულად ეს გუგარეთი ანუ ქეემო ქართლი სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით თვით ბუნების მიერ არის გარემთზღუდული. სამხრეთით მას უდარაჯებენ მაღალი (8000 ფ.), ციცაბო, ორ ადგილს გარდა გარდაუვალი, ტყით მოცულნი ერევნის მთები, რომელთაც რუსული საგეოგრაფიო ტერმინოლოგიით ბამბაკის ქედი ეწოდება. ამ მთების გასწვრივ ჩრდილოეთით მდებარეობენ ე. წ. სომხეთის მთები, რომელიც აგრეთვე მაღალია ისე, რომ ზოგიერთი მწვერვალი 8000 ფ-დე აღწევს. მთელი ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ისე მჭიდროდ არის საქართველოსთან დაკავშირებული, რომ როგორც თვით ქვეყანას, ისევე ყველა იქაურ მდინარეებსა და რასაკვირველია გზებსაც ჩრდილოეთისაკენ, მტკვრისა და ტფილისისაკენ აქვთ პირი მიბრუნებული.

სტრაბონის დროსაც I ს.-ის დასასრულს ქ. წ. და I ს.-ის დამდეგს ქ. შ. ეს კუთხე ჯერ კიდევ სომეხთა ხელში ყოფილა. მაგრამ უკვე 35 წ-ითგან ქ. შ. მოყოლებული, როდესაც ტაციტის სიტყვით იბერიის მეფეები იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ სომხეთში შემოჭრილ სპარსელებს ებრძოდნენ, და როცა თვით სომხეთშიც-კი ქართველი უფლისწული გამეფდა, ცხადია მდგომარეობა თვალსაჩინოდ უნდა შეცვლილიყო.

შესაძლებელია ამავე დროს ქართველებს სომეხთა მიერ მითვისებული გუგარეთიც უკან დაებრუნებინათ (ქართველ ერის ისტ. 1, I73-177). ამას ის მეგობრული განწყობილებაც გვაფიქრებინებს, რომელიც აღმოს. საქართველოს მეფეებს რომის კეისრებთან ჰქონდათ (იქვე 178-9).

პლინიუსის სიტყვებითაც მტკიცდება, რომ თეზი და თრიალეთი მაინც, რომელიც აგრეთვე ფართოდ ნაგულისხმევ გუგარეთის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, პირველ საუკუნეში ქ. შ. უკვე იბერთ ჰკუთნებიათ (Natur, his. cap. VI. § 26, ქართველი ერის ისტ. I, 60).

მაგრამ გუგარეთის ქართველთა მიერ უკან დაბრუნების შესახებ გარკვეული პირდაპირი ცნობები მე-VI-ე ს-ითგან ქ. შ. მოიპოვება. 374 წ. სომეხთა მეფე პაპი მოკლულ იქმნა და ამის შემდგომ სომეხ არშაკუნიანთა სამეფო შეუჩერებლივ ეცემოდა. ამ სამეფოს პოლიტიკურს დაუძლურებას ხელი შეუწყო იმ ქიშპობამ და ბრძოლამ, რომელიც ამ ქვეყანაში უფლისწულების არშაკისა და ხოსროს შორის ატყდა სომხეთის სამეფო ტახტის გამო. ეს ცილობა 387 წ. სომხეთის ორ სამეფოდ გაყოფით დამთავრდა და სწორედ ამ დროს ქართველებსაც სომხებისაგან თავიანთი ქვეყნები გუგარეთი, გარდაბანი და კარწახი უკან დაუბრუნებიათ (Адонцъ, Арменія 225-226).


მალე თვით სომეხთა ამ სამეფოების დამოუკიდებელი არსებობაც მოისპო და სომხეთი სპარსეთისა და ბიზანტიას შორის იქმნა განაწილებული. სომეხთა ამგვარმა დაუძლურებამ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების ბედი და საქართველოსთან შეერთება ხანგრძლივობით განამტკიცა (იქვე 230). იმ ხნის განმავლობაში, როდესაც გუგარეთი სომეხთა ხელში იყო, ამ კუთხეში სომხობაც შეერია და ქართულის გარდა სომხურიც გავრცელდა (იქვე).

მე-V-ე საუკუნეშიაც მაგ. ვახტანგ გორგასლანის მეფობაში გუგარეთი წინანდებურად იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა (Адонцъ, Армения, 222). მაგრამ მარტო პოლიტიკურად კი არა, არამედ საეკლესიო წესწყობილების მხრივაც, იგი საქართველოს განუყოფელს ნაწილს შეადგენდა: როგორც მე-VI-ე საუკუნის დამდეგს მომხდარ საეკლესიო კრების მონაწილე მღვდელმთავართა სიითგან სჩანს, ბოლნისის, ცურტავის და რუსთავის საეპისკოპოსოები მცხეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდენ.


გუგარეთის საქართველოსთან დაკავშირების სიმტკიცე და მისი განუყრელი კუთვნილება შემდეგში მომხდარ უბედურებამაც გამოააშკარავა, როდესაც სპარსთა მიერ 532 წ. აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა ძალმომრეობით მოსპობილ იქმნა და ქვეყანას თვით სპარსთა შაჰები დაეპატრონენ (ქართველ ერის ისტ. I, 195-197).

ასეთ უკიდურეს გაჭირვების და პოლიტიკურ ბედის უკუღმართობის დროსაც გუგარეთი საქართველოს სამზღვრებში შედიოდა. მე-VII-ე საუკუნის დამდეგსაც, როცა ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი უთანხმოება და მტრობა ჩამოვარდა, რომელიც ამ ორი ერის ეკლესიების სრული განხეთქილებითა და განშორებით დამთავრდა, იგი კვლავინდებურად ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა (იხ. ჩემი Исторія церков. разрыва). საქართველოს ამ პოლიტიკურ დაკნინებისა და განსაცდელის ხანაშიაც რომ გუგარეთი მართლა კვლავ საქართველოს ეკუთვნოდა, სულიერად და პოლიტიკურად მასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული, ამას თვით სომხურივე მე-VII-ე საუკუნეში შედგენილი საისტორიო გეოგრაფიაც ცხადად ამტკიცებს. იქ პირდაპირ ნათქვამია, რომ ეს ქვეყანა ამ დროს ქართველების ხელში იყო (იქვე გვ. 20 და ჩემი ქართველ ერის ისტორია I, 60).

643-645 წელში არაბთა ლაშქარი და სარდალი ეწვია კავკასიას და საქართველოს მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთი კავკასია და აღმოსავლეთი საქართველოც არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. სომხეთიცა და აღმოსავლეთი საქართველოც მათ ემორჩილებოდა. თავისდა თავად ცხადია, რომ ამ დროს შეუძლებელი იყო საქართველო-სომხეთის სამზღვრებში რაიმე ცვლილება მომხდარიყო: გუგარეთი წინანდებურად ქართველთა უცილობელი კუთვნილება იყო. არაბთა პოლიტიკურმა ძლიერებამ რომ შემდეგში თანდათანობით იკლო და მათი შეუჩერებელი მიდრეკილება განკერძოებისადმი ცხადი გახდა იმ მხრივაც, რომ ერთი მთლიანი სახელმწიფოებრივი სხეულის მაგიერ მრავალი სანახევროდ დამოუკიდებელი დაარსდა, დაპყრობილმა ქვეყნებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. სხვათა შორის ტფილისისა და ქართლის საამიროც შეიქმნა. ტფილისის ამირათა ურჩობა ასუსტებდა არაბთა ბატონობას კავკასიაში საქართველოს და სომხეთის აღდგენას კი ხელს უწყობდა. ტფილისისა და ქართლის საამიროს სამზღვრებში შედიოდა სხვათაშორის ქვენა ქართლის ის ნაწილი, რომელსაც გუგარეთი ერქვა.

მე-IX-ე საუკუნითგან მოყოლებული საქართველოსა და სომხეთს პოლიტიკური მოღონიერება დაეტყო. ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა. ჯერ რამდენიმე საერისთავო-ერისთავოები გაჩნდა, შემდეგ დაიწყო ცალცალკე ბრძოლა საქართველოსა და სომხეთის გაერთიანებისათვის. ასეთ პირობებში ბრძოლა ტფილისისა და ქართლის ამირასთან და ურთიერთთან აუცილებელი იყო: არაბებს უნდა ჩამორთმეოდათ მათ მიერ დაპყრობილი აღმ. საქართველოს მიწა-წყალი, ქართველ ერისთავთ ერისთავთა ურთიერთშორის ბრძოლას-კი მიზნად დანაწილებული საქართველოს გაერთიანება ჰქონდა. ყოველი ქართველი მთავარი და მეფე ხან პირადად, ცალცალკე, ხან ჯგუფობრივ, შეერთებულის ძალით ამ საქმის განხორციელებას ცდილობდა. სხვათა შორის საქართველოს არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლებაში გუარამ მამფალიც (+882 წ.) მამაცურად ცდილობდა ხელის შეწყობას და მედგარი ბრძოლის წყალობით მან დაიპყრა კიდეც ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი (მატიანე ქართლისა* 445, გვ. 223. ქართველი ერის ისტ. II, 378). თრიალეთი, ტაშირი და აბოცი როგორ ვიცით სწორედ ძველ გუგარეთს ეკუთნოდენ. მაშასადამე საქართველოს განახლების განთიადზე ქართველმა მთავრებმა ეს კუთხე ისევ საქართველოს სამზღვრებში მოაქციეს.

მაგრამ საქართველოს გაერთიანების პროცესში მალე გარეშე ძალაც ჩაერია. სომეხთა ერისთავმა აშოტ ბაგრატუნიმ ამ ბრძოლაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო, მხოლოდ რასაკვირველია თავის სასარგებლოდ.


სომეხთა ერისთავთ-ერისთავი აშოტ ბაგრატუნი, რომელმაც სომხეთის სამეფო აღადგინა, თავის სამფლობელოს სამზღვრების გასაფართოებლად ჩრდილოეთისკენ მოისწრაფებოდა და ქართლის დაპყრობას ლამობდა (ქართველი ერის ისტ. II, 379). იგი ამ ქვეყანას აფხაზთა მეფეს ეცილებოდა, რომელიც თავის მხრივ კარგა ხანია საქართველოს გაერთიანებისთვის იღვწოდა (იქვე 380). სომეხთა მეფე ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს მხარს უჭერდა. გუარამ მამფალმა სამაგიეროდ «აბოცი განუყო ცოლის ძმასა თვისსა სომეხთა მეფესა» (მატიანე ქართლისა* 445, 6, გვ. 223. ქართველი ერის ისტ. II, 380). ამგვარად საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლთა შორის სომეხთა მეფეც გაერია და აფხაზთა მოწინააღმდეგე ჯგუფში ჩადგა. ამის წყალობით სომეხთა მეფეებს ქვემო ქართლის ნაწილის ზოგიერთი ადგილები ჩაუგდია ხელში, სხვათა შორის ტაშირი (იქვე 380-381). ამ გაერთიანებას აშოტ ბაგრატუნი ესეოდენ დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რომ მან თავის თავისათვის სომეხთა და ქართველთა ერისთავთ-ერისთავის სახელწოდება მიუკუთვნებია (ასოღიკ, ქართველ ერის ისტ. 380). აქეთგან ცხადია, რომ გუგარეთი მასაც ქართლად და ქართველთა მიწაწყლად მიაჩნდა და სწორედ ამ ქართველთ ქვეყნის დაპატრონების ძალით მან თავის თავს ქართველთა ერისთავთ-ერისთავი დაარქვა. ალბად მას კარგად ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო ქართლის ის ნაწილი, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა, საქართველოს თავდაცვისათვის.

ამგვარად ეს სომეხთა მეორე იერიში იყო საქართველოს სამხრეთის სამზღვრების გადმოსალახავად და ქვენა ქართლის, ყოფილ გუგარათის დასაპყრობად. საგულისხმიეროა, რომ სომხეთის და საქართველოს პოლიტიკური განახლება ამ დროსაც სომეხთა შემოსევით დაიწყო.

სტეფანე მტბევარის მიერ 814-918 წ. (იხ. ჩემი ისტორიის მიზნი, 44) დაწერილი გობრონის წამება ამტკიცებს, რომ შემდეგშიაც «ტაშირი და კადფაქარი» მეფის სუბატის ხელში ყოფილა (საქართველოს სამოთხე 394). შემდეგშიაც ეს კუთხე მათ ხელითგან არ გაუშვიათ. რაკი სამხრეთით და დასავლეთით ძლიერი მეტოქეები, არაბები და ბიზანტიელნი, ჰყავდათ, ჩრდილოეთით-კი მათ იმ დროს ღონიერი მოწინაღმდეგე არ ეგულებოდათ, რათგან საქართველოს ჯერ კიდევ ძალა მთლად მოკრებილი არ ჰქონდა, ამიტომ სომეხთა ენერგია იქითკენ მიისწრაფებოდა, სადაც ნაკლებ წინააღმდეგობას მოელოდნენ.

მე-X-ე საუკ.-ის დასასრულსაც ტაშირი და «ქართველთა ველი» ბოლნის-დმანისის ხეობანი, სომეხთ ეჭირათ და დავით გურგენის შვილს ეპყრა. ქ. სამშვილდე მან თავის საჯდომად აქცია და ქ. დმანისიც აიღო. გაგის ციხის მფლობელი დემეტრე მარზპანი, თუმცა გრიგორიანი იყო, მაგრამ მოინათლა და ქართველებს მიემხრო. მისი შვილი ტაშირის «მამფალი» იყო. დავით გურგენის შვილმა იგი გაგითგან განდევნა, მაგრამ უკვე 1001 წ. თვით დავითიც მისი ბიძის სომეხთა მეფის გაგიკის მიერ დამორჩილებული იქმნა (ქართველი ერის ისტ. II, 420- 421).

§ 2. ქვემო ქართლის ვითარება და მნიშვნელობა XI-XII-ს საუკუნეებში.


ვერც ამ მეორეგზისმა სომეხთა მიერ დაპყრობამ შესცვალა არსებითად ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის ძირითადი კუთვნილების საკითხი. თუმცა მართალია თავიანთ მფლობელობის დროს სომხებმა აქა-იქ საეკლესიო ძეგლები და კულტურული კერა შექმნეს, რომელთაც სომეხთათვის თავის დროზე მნიშვნელობა ჰქონდათ და თვით მოსახლეობაშიაც დროებითი პოლიტიკური ბატონობის წყალობით სომხობა წინანდელთან შედარებით უფრო უნდა გაძლიერებულიყო. მაგრამ თვით ქვეყანა წინანდებურად ქართული იყო და ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილად ითვლებოდა.

ამიტომაც იყო, რომ მე-XI-ე საუკუნეს ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველს ქართლის სამზღვრად აღნიშნული აქვს «აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდაოჯისი... სამხრითა მთა, რომელი მიჰყუების ბერდაოჯის მდინარის თავსა». (ლ. მროველი, ცხორება მეფეთა 97, გვ. 2. ქართველი ერის ისტ. II, 283). მაშასადამე ტაშირიც, ლორეც, ბოლნის-დმანისის ხეობანიც მას წინანდებურად ქართლის კუთვნილებად და ნაწილად მიაჩნდა.

საისტორიო გეოგრაფიას სომეხთა დროის ამ კუთხეში პოლიტიკური მბრძანებლობის სახსოვრად ტერმინი «სომხითი» შერჩა. ეს სახელი ძველად სრულებით უცნობი იყო და მხოლოდ მე-X-ე საუკუნითგან მოყოლებული გვხდება. «სომხითი» ეწოდებოდა მხოლოდ ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველსაც და საყურადღებო ისაა, რომ ვითარცა საგეოგრაფიო ტერმინი მარტო ქართულად და ქართველ მწერლობაში იხმარებოდა. სომხები და სომხური საისტორიო მწერლობა ამ ქვეყანას «სომხითს» არ ეძახდენ. პირიქით ისინი ლორე-ტაშირის ველს «ქართველთა ველს» უწოდებდენ (იხ. ზევით და . 1-ი., 148 გვ. 2). ამ ტერმინში უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია შენახული, რომ თავიანთ პოლიტიკურ ბატონობისდა მიუხედავად თვით ქვეყანას სომხებიც თავისდა-თავად ქართველთა კუთვნილებად სთვლიდენ.

მე-XI-ე საუკ-ის პირველ ნახევრითგან მოყოლებული თანდათან მდგომარეობა იცვლება. მას შემდგომ რაც ბაგრატ III-ემ აღმოსავლეთ-დასავლეთი საქართველო საბოლოვოდ გააერთიანა, ქართველობამ წელი გაიმაგრა და საქართველოს მერმინდელი მეფეები ჩვენი ქვეყნის იმ კუთხის მტრისაგან განთავისუფლებას შეუდგენ, რომელიც ჯერ კიდევ უცხო, გარეშე ძალის ხელში შერჩენილი იყო. თბილისის საამირო და სომეხთა მიერ დაპყრობილი მიწები იყო შემოსაერთებელი და მე-XI-ე ს-ში ქართველთა მთელი ძალ-ღონე სწორედ ამ მიზნის განხორციელებას მოხმარდა.

1032 წ. ლიპარიტ ერისთავმა და იოანე აბასასძემ ბაგრატ IV თანხმობით ტფილისის ამირას ჯაფარს ბირთვისი წაართვეს (ქართველი ერის ისტ. II, 433) ხოლო ცოტა ხნის შემდგომ 1037-8 წ. იმავე ტფილისის ამირას ხელითგან გამოაცალეს ციხეები ორბეთი და ფარცხისი (იქვე 434). ამ გვარად ქართველობა ტფილისს ზურგით მოექცა და იქითგან ტფილისის მაჰმადიან ამირებს სამხრეთის დანარჩენ მაჰმადიანობასთან კავშირი მოუსპო და გზები შეუკრა.

უფრო სამხრეთით სომეხთა მიერ დაპყრობილი ქვეყანა იწყობოდა. აქ 1065 წ. სამშვილდეში «სომეხთა მეფედ» კვირიკე იჯდა, რომლის ძმასაც სუმბატი ერქვა. მას ემორჩილებოდენ «ორნი ერისთავნი»: «ლოკის ერისთავი და კაქვაქარისა», რომელთა ხელთ იყვნენ ოფრეთისა, ქობა(ირ)ისა და ვარზაქარის ციხეები. ბაგრატ IV-მ კვირიკე მეფე ქუეშის ჭალაში დააჭერინა და თუმცა სომეხთა ერისთავები სამსავე ციხეს აძლევდენ, მაგრამ «შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა და ამიტომ სამშვილდის მეტი არა ჩამოურთმევია რა. სამაგიეროდ საქართველოს მეფეს მონებდეს სომეხნი. (ქართვვლი ერის ისტორია, II, 449).

ამგვარად ამ «სომხითის» დამოუკიდებლობაც მოისპო და მისი მეფენი საქართველოს მოხარკედ იქცნენ.

ამის შემდგომ თვით ტფილისიც კვლავინდებურად საქართველოს მეფეს დაემორჩილა. 1068 წელს ბაგრატ IV ტფილისის ამირობა სითილ არაბს უწყალობა, მაგრამ თავის მოხარკედ გახადა და სხვა ციხე-ქალაქებიც ჩამოართვა (ქართველ ერის ისტ. II, 455).

სელჩუკიან თურქთა შემოსევამ კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიაც გიორგი II-ის მეფობაში გარეშე ძალის მიერ დაპყრობილი ქვემო ქართლის კუთხის შემოერთების პროცესი დროებით შეაფერხა: თურქობა კვლავ ტფილისს, სამშვილდეს, აგარათს, რუსთავს დაეპატრონა. მათვე დაიპყრეს მთელი «სომხითიც» (ქართველ ერის ისტ. II, 447-453). იმის შემდგომ ქართლის სამხრეთს ნაწილში «სომხითის» მეფობის არსებობაც მოისპო. ამიტომ როდესაც დავით აღმაშენებელმა 1110 წ. ძერნა და სამშვილდე კვლავ დაუბრუნა საქართველოს (იქვე 511), ხოლო ამის შემდგომ თავზარდაცემულმა თურქებმა უბრძოლველად დასცალეს «უმრავლესნი ციხენი სომხითისანი.» (იქვე 512), 1118 წელს-კი მან მტერს ციხე ლორე და აგარანი წაართვა (იქვე 514), ეს უკვე ქართლის სამხრეთის ნაწილის სომეხთა ბატონობისა და მძლავრობისაგან განთავისუფლება კი არ იყო, — მაშინ ხომ «სომხითი» ვითარცა პოლიტიკური ერთეული უკვე აღარ არსებობდა, — არამედ სელჩუკიან თურქთა კლანჭებისაგან გამოგლეჯა. ამიერითგან მოყოლებული მთელი ეს კუთხე საქართველოს სამხრეთი ნაწილი და თვით «სომხითიც საქართველოს უცილობელ და განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და სომხებს არას დროს აღარა სჭერიათ.


ძველ დროსაც რომ ქართველებს ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის ე. წ. სომხითის უაღრესი მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვისათვის კარგად ესმოდათ და მას განსკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდენ, ეს იქითგანაც სჩანს, რომ საქართველოს მეფეებმა ჯერ მიზნად ამ კუთხის უცხო ძალისგან განთავისუფლება დაისახეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ტფილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ქართველთა ხელში იყო, თვით საქართველოს დედაქალაქის შემოერთებას შეუდგენ. თვით ტფილისის აღების შემდგომაც «სომხითს» საქართველოს მთავრობის თვალში თავისი დიდი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ «სომხითის ციხე ლორე» საქართველოს ჯარის მთავარსარდლისა და სამხედრო მინისტრის, ამირსპასალარის «საჯდომა»-დ ანუ რეზიდენციად ითვლებოდა, უეჭველია იმ აზრით, რომ აქეთგან სამხრეთით მომავალი მტრისაგან საქართველოს დაცვა საუკეთესოდ შეიძლებოდა და აქ მცხოვრებ სამხედრო მინისტრს უფრო ფხიზლად ეჭირებოდა თვალი სახელმწმიფოს ამ ფრიად მნიშვნელოვან საზღვრებზე.

§ 3. საქართველოს ვითარცა მფარველ და თავშესაფარ სახელმწიფოს მნიშვნელობა და მიმზიდველობა სომეხთათვის.

დავით აღმაშენებლის (1089-1125 წ.) მეფობითგან მოყოლებული საქართველო იმდენად ძლიერ სახელმწიფოდ იქცა, რომ მისი ზრდა შეუჩერებლივ წინ მიდიოდა მე-XIII-ე საუკუნის პირველ მეოთხედამდის. ვითარცა ერთად-ერთი ძლევამოსილი საქრისტიანო სახელმწიფო მცირე აზიაში, საქართველო მაჰმადიანთა მონობაში მყოფ სხვადასხვა ქრისტიან ერების მფარველად და მხსნელად იყო. განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში და შევიწროებული იყო სომხის ერი, რომელიც ამიერკავკასიაში რამოდენსამე მაჰმადიანს სახელმწიფოს შორის განაწილებული და იმდენსავე სულტანის ან მთავრის (შირვანშის, არმენშა, ისკარის ამირას, რუმის სულტანის და სხვათა) თვითნებობას ემორჩილებოდა. მაშინ სომეხნი პირადადაც შევიწროებულნი იყვნენ და მათი სარწმუნოებრივი და ეროვნული გრძნობაც იმდენად შელახული იყო, რომ მათი საუკეთესო სალოცავი კათოლიკე ეკლესია ანისში მიზგითად იყო გადაკეთებული (მათე ურჰაელის ისტ. 451-445 და ვარდანის მსოფლიო ისტ I56-157 და ქართველ. ერის ისტ. II, 526-527), ხოლო წირვის დარეკვის უფლებაც არა ჰქონდათ.

ამიტომაც იყო რომ სომხობა ასეთი სიხარულით ეგებებოდა საქართველოს სამხრეთისაკენ ძლევამოსილს წინსვლას. ქართველთა ბატონობას მათთვის ფიზიკური განადგურებისაგან და მაჰმადიან ქართველთა აუტანელი და თავმოყვარეობის შემლახველი ძალმომრეობისაგან ხსნა მოჰქონდა.

სწორედ ამ დროს, დავით აღმაშენებელის, დიმიტრი I-ს, გიორგი III-ს და თამარის მეფობაში, როდესაც საქართველომ მცირე აზიაში აზრუმის სულტანს მოახრევინა ქედი, ხოლო სპარსეთში ქ. ყაზმინამდე და გურგანამდე მოაღწია. შავი ზღვითგან კასპის ზღვამდე იყო გადაჭიმული, სომხებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. მათ ძლიერი მფარველი ჰყავდათ. შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ ქ. ანისის კულტურული და მოქალაქეობრივი უადრესი აყვავების ხანა სწორედ ქართველთა პოლიტიკური ბატონობის დროს იყო. უეჭველია, საქართველოს ძლევამოსილმა წინსვლამ სამხრეთისაკენ სომეხთა ერს საუკეთესო საშუალება მისცა თავისი ფიზიკური არსებობაც შეენარჩუნებინა და მომავალ განსაცდელის საბრძოლველადაც მოღონიერებულიყო.

§ 4. ქვემო ქართლის მნიშვნელობა საქართველოსთვის და სამხრეთის სამზღვრები XVI-XVIII საუკუნეში.


შემდეგში როცა საქართველო პოლიტიკურად დაუძლურდა და რამდენიმე სამეფოდ იქცა, სახელმწიფოებრივი სამზღვრებიც მე-XII-ე საუკუნესთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, ქვემო ქართლის ანუ ლორე-ტაშირ-სომხითის საქართველოსთვის გარეშე მტრისაგან თავდაცვის დროს უაღრესი მნიშვნელობა უფრო ცხადი და თვალსაჩინო გახდა. ამიტომაც იყო, რომ მთელი ეს ტფილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ქართული სახელმწიფო სამართლის მიხედვით «მეწინავე დროშა»-დ იწოდებოდა. ეს კუთხე იყო, რომ სამხრეთით მდებარე ქვეყანას ქართული სახელმწიფო სამართლის მიწაწყალზე უნდა გაეწია ქართველ ჯარს მისთვის პირველი და გადამწყვეტი წინააღმდეგობა.

საქართველოს მტრებსაც ამ ქვეყნის უდიდესი მნიშვნელობა მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული. მათ ესმოდათ, რომ მისი დაპყრობა აღმოსავლეთ საქართველოსა და ტფილისში შემყვანელი კარების ხელში ჩაგდებას უდრიდა. აკი საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰაბაზმა გიორგი მეფეს მოსთხოვა: «ჯერ-არს რათა მომცე ჯილდოდ ლორე ბერდურჯის მდინარით» -ო. მაშინ ბერდუჯის მდინარე სამზღვარი იყო ქართლის სამეფოსი და ძალზე შეწუხდა, «შეუძნდა ესე ფრიად მეფესა». ჯილდოს შენგან მოველოდდი და არა წართმევას «მიხმასა საზღვართა ჩემთასა»-ო. მაგრამ შაჰაბაზმა იცოდა რასაც თხოულობდა და სწორედ მიტომაც მისი სურვილი შეუდრეკელი იყო (ვახუშტი, საქართველოს ცხორება, ჭიჭ. 52). სახელოვანი ქართველი მეცნიერი ბატონიშვილი ვახუშტი სრულებით მართალი იყო, როდესაც ამ გარემოების შესახებ ამბობდა, ეს ქვეყანა «შაჰაბაზ ამისის განზრახვით მიიღო რამეთუ «მექმნებისო შესავალ-გასავალი ქართლსა შინა-ო» (გეოგრაფია 140-142). სწორედ ეს გარემოება იყო და არის, რომ საქართველოს მტრებს ეს კუთხე ასე იზიდავდა და ყურადღებას იპყრობდა.

იგივე გარემოება მეორეს მხრით თვით საქართველოს მმართველ წრეებს და ერს საქართველოს ამ მართლადაც «მეწინავე დროშისა» და სამხრეთის ერთად-ერთ საფარის დარაჯად ხდიდა და თუმცა სპარსეთის ბრძანებელიც, ოსმალეთის ფაშებიც მუდამ ამ კუთხის დაპყრობას ლამობდენ, მაგრამ ქართველობას ამ ქვეყნის შესანარჩუნებლად თავისი სიცოცხლე არ დაუზოგია.

და ამიტომაც იყო, რომ მან გაიმარჯვა. თვით აღმ. საქართველოს დაკნინების დროსაც-კი, ვახტანგ VI მეფობაში და მე-XVIII-ე ს-ის პირველ ნახევარშიაც, ქართლის სამეფოს სამზღვარი სამხრეთით იყო იქვე, სადაც თავდაპირველად. წერილობითი ცნობებს გარდა ამას ის საქართველოს 1743 წ. რუკაც ამტკიცებს, რომელიც ინახება რუსეთის მთავარ შტაბის სამხედრო-სამეცნიერო არქივში N-ით 505 «Иверская Земля».1

ერეკლე მეფის დროსაც, თუნდა 1783 წ., როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება დაიდო, სამხრეთით სამზღვარი და მთელი ქვენა-ქართლი, ანუ სომხით-ლორე-ფამბაკ-ბორჩალო საქართველოს უცილობელს საკუთრებას შეადგენდა და კვლავინდებურად სამზღვარი უფრო სამხრეთისაკენაც მდებარეობდა და გამყოფელ ხაზად ერევნის (ფამბაკის) მთები ითვლებოდენ. ეს შეურყევლად მტკიცდება საქართველოში იმ დროს მყოფ რუსეთის ელჩის ბურნაშევის, როგორც წერილობით აღწერილობითგან (იხ. Картина Грузии, полн. описание еtс., გვ. 2), რომელიც მის მიერ 1786 წ. არის შედგენილი, ისევე და უფრო თვალსაჩინოდ მის მიერვე 1784 წ. დახატული საქართველოს საერთო რუკითგან, სადაც სამზღვარი წითლად არის შემოხაზული (იხ. С. Н. Бурнашевъ-ის Новые Мат. რუკა მეორე).

დასასრულ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღამაჰმადხანის შემოსევის შემდგომაც და აღმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების დროსაც ეგრედ წოდებული «სომხითი» ბორჩალო, ფამბაკი, ყაზახი და შამშადილი საქართველოს უცილობელს კუთვნილებას შეადგენდა და შურაგელიც მასვე ეკუთვნოდა (Дубровинъ. Истор. I, ტ. II 38I-382). განმსაზღვრელ ხაზის მდებარეობის გამოსარკვევად მკაფიო ცნობები ვახუშტსა აქვს მოყვანილი. მისი სიტყეით «სომხით-ერევნისა და ამისი (ე. ი. ბაბიკის) გამყოფელ არს მთა დიდი მაღალი და მარადის თოვლიანი და კალთათა ტყიანი, რომელი წარვლის დასავლით არტაანამდე, ხოლო აღმოსავლით რანსა და გელაქუნს შუა განვლის და ვიდრე რახსამდე მივალს. მთისა ამისა სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არის, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა... ხოლო მთა მცირე ბერდუჯის ძეს ჩრდილოეთით და სამხრით და მიადგების წინ-თქმულსა ერევნის მთას აღმოსავლეთის კერძი მთისა ამის რანისა და დასავლეთით კერძი არს ბერდუჯისა» (ვახუშტი. გეოგრაფია, 140).

ამ სიტყვებითგან სჩანს, რომ ვახუშტი ორ მთას ასახელებს საქართველოს სამხრეთით. ერთს, რომელიც დიდი და მაღალია იმდენად, რომ მარადის - თოვლიანად მიაჩნდა, დასავლეთით არტაანამდის აღწევს, აღმოსავლეთით კი რანსა და გელაქუნს შუა გადის და რახსამდე მიდის, ერევნის მთა ჰრქმევია. ხოლო მეორე მთა პატარა ყოფილა და როგორც ეტყობა ორ ტოტად იყოფოდა ისე, რომ ვახუშტის სიტყვით ეს მთა «ძეს ჩრდილოეთით და სამხრით» ამასთაავე იგი თითქოს ერევნის მთის შტოდ ამოდის და მას «მოადგბის»-ო. ამ მთას ბერდუჯის მთა ჰრქმევია.


ამ ტექსტის ფრანგულს თარგმანში აკად. მ. ბროსსეს შენიშვნაში აღნიშნული აქვს, ვითომც იგი რუსულს ბეზობდალის მთას უდრიდეს (გეოგ. 141, შენ. I). მაგრამ საკმარისი იყო ბროსსეს თავის გამოცემული ვახუშტის მიერ დახატული რუკა აეღო, სადაც ქეემო ქართლია (N 2, Karthli au N. du Kour) და იქ ჩაეხედა, რომ მაშინვე დარწმუნებულიყო, რამდენად შემცდარი იყო მისი ზემოაღნიშნული აზრი. იქ სახელდობრ ერევნის მთა მდ. ბამბაკის სამხრეთით არის დახატული. მაშასადამე ცხადია, რომ ყოვლად შეუძლებელია ვახუშტის ერევნის მთები რუსთა საგეოგრაფიო სახელს ბეზობდალის მთებს უდრიდეს იმიტომ, რომ ეხლანდელი ბეზობდალის მთები ბამბაკის ჩრდილოეთით მდებარეობენ. იგივე გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ ვახუშტის «ერევნის მთები» აწინდელს რუსულს რუკაზე აღნიშნულს «ბამბაკის მთებს» უდრიდეს, რომელთა მიმდინარეობაც აღმოსავლეთით მართლაც ისეთია, როგორც ვახუშტს აქვს აღწერილი, და გელაქუნის ანუ გოგჩის ტბის ჩრდილოეთით უვლის.


ვახუშტის იგივე რუკა ამტკიცებს, რომ ბერდუჯის მთები უნდა მდ. ბერდუჯის ანუ დებედას, რომელსაც ამ ადგილას რუსები კამენკას უწოდებენ, სამხრეთით მდებარედ ვიგულისხმოთ. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ ვახუშტის ბერდუჯის მთა უნდა რუსების მეზობდალის მთებს უდრიდეს.


ამგვარად ირკვევა, რომ საქართვეოლოს სამხრეთით (სომხეთისაგან) ერევნის სახანოსაგან გამყოფელ ხაზად ერევნის მთები ითვლებოდა, რომელთაც ეხლა «ბამბაკის მთები» ეწოდება. ამ დასკვნის სიმართლეს მოსკოვში 1743 წ. დახატული რუსულ-ქართული რუკაც ადასტურებს, რათგან ამ რუკაზეც საქართველოს სამხრეთის სამღვარი ბამბაკის მდინარის სამხრეთით არის გახაზული. ბურნაშევის მიერ 1743 წ.-ს შედგენილ საქართველოს რუკაც ამასვე ამტკიცებს: იქაც ეს სამზღვარი მდ. ბამბაკის კარგა სამხრეთით ხატია. მაშასადამე მე-XVII-ე ს.-ს დასასრულსაც, საქართველოს რუსეთთან 1783 ხელშეკრულობის დადების ჟამსაც საქართველოს სამხრეთის სამზღვრად კვლავინდებურად ერევნის ანუ როგორც ეხლაა მიღებული «ბამბაკის მთები» ყოფილა.

§ 5. ქვემო-ქართლის უაღრესი ეკონომიური მნიშვნელობა საქართველოსთვის.

განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ქვემო ქართლი მარტო სამხედრო თვალსაზრისითა და მნიშვნელობით-კი არ იყო დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ მაშინაც მთელ თავის მდებარეობით და გზებით. მთელ თავის ქონებრივი ძალღონითაც, ეკონომიურადაც ის დანარჩენ საქართველოსთან და აღმ. საქართველო მასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. პაპუნა ორბელიანის საისტორიო თხზხულებითგან სჩანს, რომ ტფილისი სამხრეთითგან, სომხით-ბორჩალოთგან შემოსულ სურსათით იკვებებოდა. მაგრამ მარტო ეს არა კმარა. თუმცა აღმოს. საქართველოს სხვა და სხვა ადგილას ოქროს და ვერცხლისა, უფრო-კი სპილენძის მადნები ქონდა. განსაკუთრებით მაინც მადნეულობა იმ მთებში მოიპოვება უხვად. საქართველოს რომ ერევნისაგან ჰსაზღვრავენ (ბურნაშევ. Картина 2).

ქვემო-ქართლში ან ე. წ.«სომხით»-ში მდებარე ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის მაღაროების საქართველოს ეკონომიურ კეთილდღეობისა და ძლიერებისათვის უაღრესი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ვახტანგ VI-ეს და ერეკლე მეფეს, რომელთაც არაფერი დაუზოგიათ, რომ დროთა ვითარების გამო მიტოვებული და მივიწყებული სამთამადნო საქმე კვლავ განახლებულიყო და გაცხოველებულიყო.

ეს მადნები საქართველოს სახელმწიფოს ფულის მოსაჭრელ ლითონსაც აძლევდენ, — ამით სჭრიდენ მეფეები ქართულ ფულს, — და ამას გარდა წმინდა შემოსავალსაც, რომელსაც მეფეები ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრისაგან დაცვას ახმარებდენ. ნ. ბუტკოვს აღნიშნული აქვს, რომ მის დროს 1778 წ. ერეკლე მეფემაც თავის სახელმწიფოს ყოველ-წლიური შემოსავალი გააძლიერა ახტალაში და სხვა ადგილებში აღმოჩენილი ოქრო-ვერცხლისა, სპილენძისა და რკინის მადნეულობით, რომ მან ამ მადნების დასამუშავებლად ბერძნები გამოიწერა და შემოსავლით ნაქირავებ ჯარს ინახავდა საქართველოს დასაცავად (Матеріалы для исторіи Кавказа, I, 337).

საქართველოს მეფეების მზრუნველობა ქვამადნის განვითარებაზე რომ ბრძნული იყო და ანგარიშში არ მოტყუებულან, ამას ის მრავალმეტყველი გარემოებაც ამტკიცებს, რომ ერეკლეს მეფობის უკანასკნელ წლებშიაც-კი, მე-XVIII-ე ს.-ის დასასრულს, მადნის მაღაროების წმინდა შემოსავალი სახელმწიფოს ყოველწლიურს ოქროსა და ვერცხლის ფულად შემოსავლის ერთს მეოთხედს უდრიდა: 400.000 მინ.-ში (ბურნაშევი, Картина 5) 100 000 მინ.-მდი მადნების წმინდა შემოსავალი იყო.


§ 6. ამ კუთხის მოსახლეობის ბედ-იღბალი XVII - XVIII ს.ს. და სომეხთა გადასახლება.

თვით ქვემო-ქართლის სტრატეგიული მდგომარეობის გამო, ვითარცა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანს ქვეყანასა და «მეწინავე სადროშოს», მას ხშირად ბრძოლისა და მტრის თავდასხმის ასპარეზად ხდიდა და ამის გამო მოსახლეობა აქ მრავალჯერ დაზარალებულა და არა ერთხელ სრულებით ამოწყვეტილა კიდეც. უფრო ძველ დროსაც რომ თავი დავანებოთ, მარტო შაჰაბაზის შემოსევამაც ამ მხრივ დიდი ზიანი მოუტანა. ამას გარდა, სპარსეთის შაჰებს რომ საქართველოში მუდამ ერთგული წინამავალნნი და მომხრენი ჰყოლოდენ, შაჰაბაზმა აქ თურქთა ელი ბორძალუ ჩაასახლა. თანდათანობით ყაზახ-შამშადილო-ლორეს ხანებიც გაჩდენ (ვახუშტი 70). ხშირი სამხედრო მოქმედების გამო ეს ქვემო-ქართლი, «თრიალეთი, ტაშირი და აბოცი» მთლად აოხრებული იყო. იქ «კაცნი არღარა იყუნენ» და მხოლოდ ვახტანგ V-ემ კვლავ დაასახლა იგი (იქვე 82).

თუ საქართველო, რომელსაც თავისი სახელმწიფო ჰქონდა მე-XVI-XVIII-ე საუკუნეში შეწუხებული იყო გარეშე მტრისაგან, ადვილი წარმოსადგენია რა საშინელს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო სომხობა, რომელიც მე-XI-ე ს-ითგან მოყოლებული საკუთარ სახელმწიფოებრივობას მოკლებული იყო და მე-XVI-ე ს-ითგან მოყოლებული ხომ სახანოების ქვეშევრდომებად ითვლებოდა. აუტანელ მდგომარეობის გამო, სარწმუნოებრივ და ეროვნულ-პოლიტიკურ დევნისაგან სომხობა თავის ქვეყნისგან იყრებოდა, მამაპაპევულს მიწაწყალს სტოვებდა და სხვა უფრო მყუდრო ქვეყნებში და სახელმწიფოებში ეძებდა თავშესაფარს. საქართვვლო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა და სამეფო იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, — საქართვეოლოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნოებრივი დევნა არ ყოფილა, — და თანაც საქართველოში შემოხიზნულს სომხებს უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვენ. ამიტომ იყო, რომ დევნილი სომხები საქართველოში იხიზნებოდენ. ჩვენში ეძებდენ და პოულობდენ კიდეც თავიანთვის თავშესაფარს.

სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში, რომელი ჩრდილოეთით ერევნის მთებს ეკრა ე. წ. სომხითში, ლორეში, ტაშირში და სხვაგან. ვახუშტს აღნიშნული აქვს, რომ «სომხით»-ში ვახტანგ VI დროს «მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, არამედ ქცევა-ზნით ქართულითა»-ო (გეოგრაფია 146). ტაშირის შესახებაც მას ნათქვამი აქვს, რომ იქ მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მოსილნი არიან ბინძურად და გაზეთილნი, გრძელ-ჩოხიანნი, ავფერადი უშვერად. გარნა არიან ჰაეროვანნი და ტანოვანნი, შემძლენი, ლაშქრობათ, შინა გამოუცდელნი უხმარნი»-ო. (იქვე 148).

მაგრამ არც ეს სომხური შემოხიზნული მოსახლეობა შერჩენილა აქ დიდ ხანს. თურქების შემოსევის დროითგან მოყოლებული მე-XVIII-ე ს.-ის მეორე მეოთხედშიც, თურქებისა და ლეკებისაგან სხვებზე უფრო ძლიერად ეს კუთხე დაზიანდა (ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება 122, 137, I. 39. პ. ორბელიანი).


ამ ხნის განმავლობაში ს. საქართველოს სამხრეთის კუთხე ისე აოხრდა და გაუკაცრიელდა, რომ 1760 წლისათვის როგორც რუსეთის ხელმწიფისათვის გაგზავნილს აღწერილობაში ერეკლე მეფე სხვათა შორის ამბობს, მოსახლეობის 1-2%-ზე მეტი შერჩენილი არ იყო.


მე-XVIII ს-ის მეორე ნახევარში ამგვარ აოხრებისა და ხალხის გადასახლების წყალობით სომეხთა მოსახლეობა თვით მათს მკვიდრს მიწა-წყალზეც ისე შემცირდა, რომ ერევანის სახანოში ითვლებოდა 3000 სახლობა, ნახჭავანში 500, ყარაბაღში 7000, ყარადაღში 300, განჯაში 1500. დანარჩენნი მათ სამშობლოში აღარა სცხოვრობდენ. დარუბანდში 1000, მარაღაში 2000, ხოიში 1000 სახლობა ითვლებოდა (ნ. ბუტკოვი - Матеріалы, II, 142). ამგვარად სომეხთა რიცხვის ჯამი მთელს ამიერკავკასიაში 17000 ოჯახობას უდრიდა.

§ 7. სომეხთა გადმოსახლების განსაკუთრებული ხასიათი XVIII-XIX ს.-ში.

ერეკლე მეფის დროს სომეხთა საქართველოში შემოხიზნის ხასიათი, როგორც ეხლა ირკვევა, თვალსაჩინოდ იცვლება. თუ წინათ ეს გადმოსახლება სტიქიური თვისებისა იყო და მას არავითარი პოლიტიკური მიდრეკილება და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე-XVIII-ე საუკ.-ის დასასრულს გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ზედ დაერთო. თუ წინათ საქართველოში მომავალი სომხები საქართველოს მფარველობისა და ქვეშევრდომობის მოიმედენი იყვნენ ხოლმე, ამიერითგან ისინი უკვე გარეშე ძალის მფარველობას ეძებდენ და მათის დახმარებით ცდილობდენ საქართველოში თავიანთ საქმის გაკეთებას. როდესაც სომხებმა შეიტყეს, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ხელშეკრულობასა სდებდა და რუსეთის კავშირსა და მფარველობას ეძებდა. ჯერ კიდევ ხელშეკრულობა დადებული და ხელმოწერილი არ იყო, რომ სომეხთა ეპისკოპოსებმა, მელიქებმა და სხვა წარჩინებულმა პირებმა რუსეთის მთავრობას 1783 წ. 3 მარტს შედგენილი თხოვნა მიართვეს, რომელშიაც ყარაბაღისა და ყარადაღის სომხები რუსეთის სამეფო სახლობას ერთგულებას უცხადებდენ და თანაც უცხელთა ბატონობისან განთავისუფლებას სთხოვდენ. რუსეთის მთავრობას ეს რასაკვირველია მოეწონა და მან გადასწყვიტა მეფე ერეკლეს დახმარებით შუშის ხანი დაემხო და ყარაბაღითგან და ყარადაღითგან ერთი სომხური ოლქი (обастъ) შეედგინა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისაგან უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ამ ოლქს მართვა-გამგეობა სომეხთა თანამემამულეს უნდა ჩაჰბარებოდა და კარგად უნდა მოწყობილიყო, რომ დანარჩენ სომხების ოლქებსაც ყარაბაღელი სომხებისათვის მიებაძათ და მათთან შეერთებულიყვნენ. ამ გზით რუსეთის მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ აზიაში საქრისტიანო სახელმწიფოს ააღორძინებდა (Н. Бутковъ Матеріалы II, 142).

ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გეგმაა, რომელიც თითქოს სომეხთა საკეთილდღეოდ იყო შედგენილი, მაგრამ რომლის განხორციელებაც რუსეთს ამიერკავკასიაში მტკიცედ ფეხს მოაკიდინებდა. საქრისტიანო სომხურ სახელმწიფოს აღორძინება სომეხთა გულითადი ნატვრა იყო და უეჭველია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ სწორედ მათ მისაზიდავად და აღსაფრთოვანებლად იყო ამ გეგმაში ეს აზრი შეტანილი.

ამიერითგან მოყოლებული უცნაური მდგომარეობა შეიქმნა. სომხები ორმაგს კავშირს იჭერდენ ერთის მხრით საქართველოსთან, მეფე ერეკლე II ან გიორგი მეფესთან, საქართველოში შემოიხიზნებოდენ ხოლმე, ვითარცა დევნილნი, და შედარებით მყუდრო თავშესაფარს პოულობდენ. იმავე დროს, მეორე მხრით-კი იდუმალ რუსეთის მფარველობას ამოეფარებოდენ ხოლმე და რუსეთის მთავრობის დახმარებით საქართველოში თავიანთ საქმეს იკეთებდენ.

როგორც არა ერთხელ ეს ქართველებსაც შემთხვევიათ, სომხებმაც პირადად გამოსცადეს, რამდენად სახიფათო იყო რუსეთის დახმარების მოიმედეობა. რუსეთმა რომ ერეკლე მეფესთან დადებული ხელშეკრულობისდა მიუხედავად საქართველოთგან მეშველი ჯარი მთლად გაიყვანა და ჩვენი ქვეყანა გააფთრებულ მტრების პირისპირ დასტოვა. ამის საბედისწერო შედეგი მარტო საქართველომ კი არ იგრძნო, არამედ სომხებმაც და თვით ყარაბაღის მფლობელმა იბრაჰიმ ხანმაც. აღამახმედ ხანის შემოსევის დროს ყარაბაღის ხანი იძულებული იყო ყველა სომხებისათვის, ვისაცა-კი იარაღის ხმარების უნარი არ ჰქონდა ან ციხეში არ დაეტივნენ, მეზობელთა სამფლობელოებში საქართველოში გახიზვნის ნება მიეცა იმ იმედით, რომ როცა ქარიშხალი დაწყნარდებოდა ისევ უკან დაებრუნებინა, მაგრამ არამც თუ გახიზნებული სომხები ყარაბაღში აღარ დაბრუნებულან, სხვებმაც-კი მათ მიჰბაძეს. თავიანთ მელიქების წინამძღოლობით აიყარნენ და ზოგი განჯაში, ზოგი კიდევ ისევ საქართველოში გადასახლდენ (იხ. Записка Коваленскаго о Грузіи АКАГК т. I, გვ. 120).

იმ დროს, როდესაც ერთი მხრით სომეხთა კათალიკოზმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1795 წ. მომავალს სპარსეთის შაჰს აღამაჰმედხანს, ალბად შიშით, «სამხედრო ხარჯების დასაფარავად» 100.000 მ. მისცა, მეორე მხრით და იმავე დროს შეძლებული სომხები ყარაბაღითგან, ერევნითგან, ნახჭავნითგან და სხვა ადგილებითგან მაჰმედიან მცხოვრებლებთან ერთად საქართველოში გამორბოდენ და იქ ბამბაკის ხეობაში იხიზნებოდნენ იმ იმედით, რომ აღამაჰმედხანი საქართველოში შესევას ვერ გაბედავდა (Бутковъ Матеріалы II, 337).

ტფილისის აოხრების შემდგომაც მელიქები აბოვი და მეჯლუმი თავის ყმებიანად ისევ ერეკლე მეფეს შეეხვეწნენ და საქართველოში დასახლების ნებართვა სთხოვეს (АКАГК т. I, 113 და 134). ერეკლე მეფემ მელიქ აბოვის ვედრება შეისმინა, ს. ბოლნისი მისცა და კოლპის გზის დაცვა ვალად დააკისრა (იქვე. I, 116 შენ.).


დანარჩენმა სომეხმა მელიქებმა სხვა გზა ირჩიეს: მელიქების ჯიმშედისა და ფრიდონის მეთაურობით საქართველოს მეფეს ზურგი უქციეს და პირდაპირ რუსეთის მთავრობასთან დაიჭირეს საქმე, წავიდენ და ხუთივე სომეხ მელიქის სახელით რუსთ ხელმწიფეს იდუმალი თხოვნა მიართვეს, თქვენ ქვეშევრდომებად და მფარველობის ქვეშ მიგვიღეთო. ამასთანავე ისინი თხთულობდენ, რომ მათ რუსთ ხელმწიფესაგან, ან რუსეთში შეხიზვნის, ან იმავე პიროობით საქართველოში დასახლების ნებართვა მისცემოდათ (იქეე I, 123. 134).

უეჭველია ეს უკვე სრულებით შეუწყნარებელი საქციელი იყო: საქართველოს დამოუკიდებელ არსებობის წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელ განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდენ, მადლობის მაგიერ-კი საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის ცდილობდენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენში მიწა-წყლის მიღება ჰსურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გაბატონებას უწყობდა ხელს.

როგორც ეტყობა სომეხი მელიქები ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდენ რათგან დარწმუნებული იყვნენ, რომ თავიანთ მიზანს მიაღწევდენ.


მართლაც, რუსეთმა ისინი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო და, თუმცა ეს დადებული ხელშეკრულობის დარღვევა იყო, მაგრამ მაინც რუსთ ხელმწიფეს მათთვის სხვის სახელმწიფოში დასახლების ნებართვა მიუცია. ასე იყო ეს საქმე მოწყობილი ფარულად. ოფიციალურად კი რუსეთის ელჩს საქართველოში დავალებული ჰქონდა, რომ ის საქართველოს მეფესთან ცდილიყო და სომეხ მელიქებისა და მათ ყმებისთვის დასასახლებელი მიწები განსაკუთრებით შეღავათიან პირობით დაეთმებინებინა. მიწერილობაში ნათქვამი იყო, რომ ელჩს უნდა ჩაეგონებინა მეფისთვის, ვითომცდა რუსეთის მთავრობა იმ შემთხვევაში თვით საქართველოს საკეთილდღეოდ ცდილობდა (იხ. Инстр. изъ Госуд. Кол, Иност, делъ Коваленскому, АКАГК т. I 94 § 10).

ყველამ კარგად იცის, რომ დიდ მფარველ სახელმწიფოს თხოვნა პატარასთვის იძულებას უდრის. ამის წყალობით სომხებმა და რუსეთის მთავრობამ თავიანთ წადილს მიაღწიეს. სომხებმა მიწები მიიღეს, რუსებმა კი საქართველოში იდუმალი ქვეშევრდომები და თავიანთ გაბატონების უერთგულესი წინამავალი რაზმი გაიჩინეს. ერეკლე მეფემ დაასახლა ისინი ზოგი თელავში, ზოგი სიღნაღში.

ქვემო ქართლში ე. წ. სომხითში და ლორეში, მელიქ აბოს გარდა არავინ დასახლებულა. ის მაშინაც, როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა, თითქმის უკაცრიელი იყო და მხოლოდ 1827-9 წლებში, როდესაც ოსმალეთითგან 100 000 სული მცხოვრები, ხოლო სპარსეთითგან 30 000 სული შემოიხიზნა და ნაწილი მათგანი ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი ერევნის გუბერნიაში დაეშენა, მხოლოდ ამ დროითგან მოყოლებული ჩნდება ქვემო ქართლში მჭიდრო და შედარებით მრავალრიცხოვანი სომეხთა მოსახლეობა (ივანენკო Исторія гражд. упр. და Шахатунянъ Админ. перед. 168-179).

§ 8. ქვემო ქართლის კუთვნილების საკითხი ისტორიულისა და თანამედროვე თვალსაზრისით.


ამგვარად ორი გარემოებაა სრულებით ცხადი. ერთი ის, რომ ამ კუთხის ახალშენი სომხები იმ სომეხთა მემკვიდრეები არ არიან, რომელნიც საქართველოს ამ კუთხის სომეხთა მიერ ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ მოტაცებისა და ბატონობის გამო აქ ქართველ მკვიდრ მცხოვრებთა შორის გაჩნდენ, არც იმ სომეხთა მემკვიდრენი არიან, რომელნიც შემდეგ სუკუნეებში საქართველოს მთავრობის ნებართვით დროგამოშვებით სახლდებოდენ. (ის მოსახლეობა ხომ რამდენჯერმე ხან აიყარა სამუდამოდ, ხან მტრის მრავალ გზის შემოსევისაგან მკვიდრ ქართველებთან ერთად ამოწყდა), — მეორეც ის, რომ სომეხ მცხოვრებთა ეხლანდელი სიმრავლე საქართველოს სამხრეთის სამზღვარზე გარემოებათა ბუნებრივი შედეგი კი არ იყო, არამედ მხოლოდ რუსთა მთავრობის პოლიტიკურ გეგმის წყალობით მათი უცხოეთითგან ხელოვნური გადმოსახლების შედეგი.

ამ ხელოვნურ ხელშემწყობ პირობებისდა მიუხედავად სომხები მაინც მცხოვრებთა შორის აბსოლუტურ სიმრავლეს კი არ შეადგენენ, არამედ მხოლოდ შედარებითს. 1897 წ-ის საყოველთაო აღწერის თანახმად ბორჩალოს მაზრაში სულ 128 587 მცხოვრები ითვლებოდა და მათ შორის სომხები 48 609, თურქ-თათრები 37 609, ბერძნები 21 347 და ქართველები 6 685 (იხ. აგრეთვე Шахатунянъ Админ. перед. 72).

საგულისხმიეროა და დამახასიათებელი, რომ საქართველოს და სომხეთის პოლიტიკური განახლება და დამოუკიდებლობის აღდგენა ამჟამადაც სომეხთა იერიშით და ომით დაიწყო ისევ საქართველოს სამხრეთის სამზღვარზე მდებარე ქვეყნის ქვემო ქართლის, ანუ როგორც იგი რუსების მიერ წოდებულია, ბორჩალოს მაზრის დასაპყრობად.


ზემოთქმული ვრცელი მიმოხილვის შემდგომ, რომელშიაც აღნუსხული იყო საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ამ კუთხის მგომარეობა, დასკვნა ძნელი არ არის. თავისდათავად ცხადია სომეხთა უკანასკნელი დასახლება ქვემო ქართლში საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილების მდგომარეობას ვერც ერთის მხრით ვერ შესცვლიდა.

რუსეთთან 1783 წ. დადებული ხელშეკრულების ძალითაც და საქართველოს რუსეთთან შეერთების დროს რეალური მფლობელობითაც პოლიტიკურად იგი საქართველოს უცილობელი კუთვნილება იყო, ხოლო რუსეთთან შეკრულ კავშირსა და მფარველობის ერთად-ერთი მიზანი საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის მიწა-წყლისა და დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობა შეადგენდა. ეს დებულება თვით ხელშეკრულებაშიც არის შეტანილი და იქ მეორე მუხლში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელმწიფე თავდებობას კისრულობს, რომ მეფე ერეკლეს მაშინდელ სამფლობელოს ანუ სამეფოს მთლიანობა და ხელშეუხებლობა დაცული იქნებოდა (Е. В. даеть Императорское свое ручательство на сохраненіе целости настоящихъ владеній Е. С. Царя Ираклія Теймурзовича).

მაშასადამე, როდესაც რუსეთის მთავრობა ამ ქვემო ქართლში სომხებს დასახლების ნებას აძლევდა, ეს შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეთნოგრაფიული თვისების მოვლენა ყოფილიყო და თვით საქართველო და ქართველობა ამ გარემოებას ვერას გზით მის მიწა-წყლის სახელმწიფოებრივ სამზღვრებს შემცვლელ გარემოებად ვერ ჩასვთვლის მით უმეტეს, რომ სომეხთა სამშობლოთგან აყრა და საქართველოში გადმოსახლება მათი ოსმალეთისა და სპარსეთს მიერ დევნის შედეგი იყო და ცხადია, რა წამს მდგომარეობა მათთვის საკეთილდღეოდ შეიცვლებოდა, ისინი ისევ თავიანთ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.


რაკი სომეხთა დასახლებით ქვემო-ქართლში, ბორჩალოს მაზრაში, იმ კუთხის გეოგრაფიული თვისებებიც თავის-თავად ცხადია არ შეცვლებოდა, საუკეთესო გზებიც ტოპოგრაფიული პირობების გამო ტფილისისაკენ არის მიმართული და ამის გამო ეს მხარე წინანდებურად დანარჩენ საქართველოსთან უმჭიდროესად არის დაკავშირებული, ამიტომ ეკონომიურ დამოკიდებულების ვითარებაც მისი და ჩვენი ქვეყნის დანარჩენ ადგილებს შორის არ შეცვლილა, — კვლავინდებურად ეხლაც ეს კუთხე საქართველოსთან არის დაკავშირებული. ეს გარემოება ამ კუთხის თვით ადგილობრივ დაწესებულებთა წარმომაგენლებსაც არა-ერთხელ ხმამაღლა აღუნიშნავთ ამ დროსაც, როდესასაც პოლიტიკური საკითხის წამოყენება ჯერ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა, იმ დროს, როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა თავგამოდებულ მომხრეობით ცნობილი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი იყო. სომხებმა ისარგებლეს ამ ხელსაყრელ შემხთვევით და ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით წამოაყენეს საკითხი ბორჩალოს და ახალქაქის მაზრების ტფილისის გუბერნიითგან გამოყოფისა და გუმ-ბრთან შეერთების შესახებ, რომ ამგვარი სრულებით ხელოვნური საშუალებით გუმბრის (ალექსანდროპოლის) გუბერნია შეექმნათ.


სომეხთა სურვილი რომ განხორციელებულიყო, ვორონცოვ-დაშკოვმა ბრძანება გასცა ეს საკითხი შეესწავლათ და შესაფერისი მოხსენება დაემზადებინათ. ამიტომ 1913 წელს 6 ნოემბერს და 18 დეკემბერს ტფილისის გუბერნატორმა ბორჩალოს სამაზრო კომისიას მწერლობა გაუგზავნა, რომ მას მცოდნე პირთა თანდასწრებით ადგილობრვ გამოერკვია, შესაძლებელია თუ არა, რომ ბორჩალოს მაზრა გუმბრს (ალექსანდროპოლს) შეუერთდეს ერთ საგუბერნიო ერობის შესადგენად. ამ სამაზრო კომისიამ, რომელშიც ერთი რუსი იყო (მომრიგებელი მოსამართლე ბურნაშოვი), 6 სომეხი (გადასახადთა ინსპექტორი ზახარიანცი, შულავერის საზოგადოების წარმომადგენელნი ერიბეკევი და ვ. მეჰრაბოვი, ჯალალოღლის საზოგადოების წარმომდგენელნი ვ. სააკოვი და მ. ბახშინოვი, ბოლნის-ხაჩინის საზოგადოების წარმომადგენელი ვ. ავეტისოვი), 4 თათარი (მეჰტი-აღა-სულთანოვი, ახმედ მირზა მამედ-ოღლი შამილი, აბბას-ოღლი და აბდურახმან გაიბმოვი), 1 გერმანელი (იაკობ ტაუში) და 2 ქართველი (მაზრის უფროსის თანაშემწე ინალიშვილი, გადასახადთა ინსპექტორი ბარათაშვილი), ერთმხრივ დადგინა, რომ ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიითგან გამოყოფა სასურველი არ არის («едино-гласно высказались за нежелательность выделешя Борч. у. изъ состава Тифл. г"). თავიანთი დასკვნა მათ იმ მოსაზრებით აქვთ დასაბუთებული, რომ ეს მაზრა აღმოსავლეთით და სამხრეთით მთებით არის მორთული და გუმბრისაკენ მიმართული ორი საურმო (ბეზობდალისა და გულიბულახის) გზატკეცილი ზამთარში ნამქერების გამო გაუვალი ხდება, დანარჩენი გარდასავლები კი ამ მთებზე ზამთარში სრულებით შეკრულია ხოლმე, რომ ეკონომიურად მთელი ეს მხარე ტფილისთან არის დაკავშირებული, იქ ჰყიდის თავის მოსავალს და იქვე ყიდულობს თავისთვის რაც რამე დასჭირდება.

ბორჩალოს სამაზრო კომისიის ეს დადგენილება 24 იანვარს 1914 წ. ტფილისის საგუბერნიო განსაკუთრებულმა საბჭომ, რომელშიაც 11 რუსი სხვადასხვა მოხელე იღებდა მონაწილეობას გუბერნატორითგან მოყოლებული (ჩერნიავსკი, ს. პ. ნოვი, სმირნოვი, კორვინ-.პავლოვსკი, კ. სლავინსკი, მ. შესტაკოვი, ე. ციგანკოვი, მ. მისენკო, ს. პერშკე, იზიუმსკი და ჟდანოვი), 3 ქართველი (კ. აბხაზი, ი. აბხაზი და ტ. ქიქოძე) და 2 სომეხი (კ. იუზბაშევი და ელიმიზროვი), მოიწონა და თითონაც სრულებით მიემხრო (ი.ხ. ტფილისის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრის ივ. აბხაზის მოხსენება).


ამ ერთმხრივ დასკვნას ორსავე განსაკუთრებულ საბჭოში და ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიის სამზღვრებითგან გამოყოფისა და გუმბრთან შეერთების აზრის ამ ერთმხრივს უარყოფას ორსავე განსაკუთრებულ საბჭოში მითუმეტეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ თვით ამ საბჭოების მონაწილეებმა კარგად იცოდენ, რამდენად თანაუგრძნობდენ ამ აზრის განხორციელებას თვით მეფის მოადგილე და მისი თანაშემწე, ამიტომ მოსალოდნელი იყო კიდეც, რომ ისინი კავკასიის უმაღლეს მთავრობისა და სომეხთა გულისწადილს კვერს დაუკრავდენ. თუ ამისდა მიუხედავად ეს აზრი ერთმხრივ უარყოფილი იყო ორჯერვე, ცხადია, რომ ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან შეერთება სრულებით შეუწყნარებელი და ბუნებრივ პირობების მოუხეშავი დარღვევა იქმნებოდა.
 
V თ ა ვ ი - სამხრთ-დასავლეთის სამზღვარი. მესხეთი ანუ ზემო ქართლი.

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ნაწილს საზოგადო სახელად ზემო ქართლი ეწოდებოდა, საკუთრივ-კი და უფრო ხშირად მესხეთს ეძახდნენ და სწორედ ამ სახელით იქმნება იგი ქვემოთ ნახსენები ხოლმე.


მესხეთი ბევრს სხვადასხვა სახელის მატარებელს თემს შეიცავდა. მესხეთის სანაპირო თემებად აღმოსავლეთითგან რომ მოვაყოლოთ შემდეგი ადგილები იყო: ჯავახეთ-აბოცი, არტაჰან-კოლა, კლარჯეთი, ტაო-ოლთისი და თორთუმ-ისპირი. კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის პირას ტრაპიზონამდის უკვე ლაზისტანი, ანუ ჭანეთი იყო.


§ 1. პალაკაციო, ანუ აბოცი და საქართველოს ამ სამზღვრის ხაზი.

აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად მე-XVII-XVIII-ე ს.-ში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.

აბოცს ძველად პალაკაციოსაც ეძახდენ. შემდეგში-კი, თუნდა მაგ. ვახტანგ VI მეფის დროს, ყაიყული ეწოდებოდა. იგი «ამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა». (ვახუშტი. გეოგრაფია 148-150). აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. (იქვე 148). ამავე უკანასკნელ სახელით არის ეს მთა ეხლაც ცნობილი. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, «მდებარებს სამხრიდამ ჩრდილოთ კერძ» (იქვე). მაღალია, «მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი» (იქვე).

დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბა «პალაკაციოს (Чалдырское) და აბოცს» შორის მდებარეობდა და ამასთანავე იყო «საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა» (ვახუშტი. გეოგრაფია 150).

ამ აბოცში მდებარეობდა «ყაზანჩი», რომელიც თურმე «იყო ქალაქი მცირე.»(იქვე). ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. «ყაიყული-ყაზანჩის» სახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.


მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყობა იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარა-დაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის სამზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის სამზღვარს არ მიადგება.

§ 2. ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VIII-XII ს. ს.

უძველეს დროს ლაზისტანივით ტაო და ისპირიც ქართველთა ტომს ლაზებს (ხალიბებს) ეკუთვნოდა. მაგრამ მე-II ს. ქ. წ. სომხებმა მათ ტაო წაართვეს და ამის წყალობით აქ შერეული მოსახლეობა გაჩნდა. გაქრისტიანების დროს ეს ქვეყანა თითქოს ისევ სომეხთა ხელში უნდა ყოფილიყო. სპარსეთ-ბიზანტიის შორის მე-VI ს. გამწვავებული და ხანგრძლივი ომიანობისა და ხოლერის მსგავსი საშინელი მოარული მძვინვარების გამო თითქმის მთელს ზემო ქართლში, ანუ მესხეთში, განსაკუთრებით-კი სამცხეში, შავშეთ-კლარჯეთში და ტაოში, ხალხი თითქმის სრულებით მოისპო (იხ. ქართველი ერის ისტ. I, 320, 327 333). სხვათა შორის ტაოში ყოფილი შერეული მოსახლეობაც ამოწყდა და თითქმის მთელი ტაო უდაბურ ტყით შეიმოსა. მხოლოდ მე-IX ს.-ში აქ კვლავ ქართული მოსახლეობა ჩნდება. შიდა ქართლითგან ჯერ მეუდაბნოენი და მონაზონები შემოვიდენ და დასახლდენ, ხოლო მათ კვალს მდაბიო ხალხიც გაჰყვა, დაბურული ტყეები გაჩეხა, დასახლდა და ბერებისა და ახალშენთა დაუღალავი შრომის წყალობით ეს ქვეყნები ქართული საეკლესიო და სამოქალაქო კულტურის ნაყოფიერ ასპარეზად იქცა. მე-IX-XIV ს.ს.-ების ქართული ხელოვნების მრავალი საუცხოვო ძეგლები, რომელთა ნაშთებმა მთელს მესხეთში მრავლად მოაღწია ჩვენამდისაც კი, ამ გარემოების მჭერმეტყველი დამამტკიცებელი საბუთია მესხთა მოღვაწეთა და მწერლების ენაც საუკეთესო ქართულად ითვლებოდა.

§ 3. მესხეთის მდგომარეობა და პოლიტიკური ბედიღბალი XIII-XVIII ს. და მისი გამაჰმადიანება.


ზემო ქართლი, ანუ მესხეთი საცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაო-ისპირამდე ერთს საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-საერისთაოს და სამთავროს შეადგენდა. მე-XIII.ს-ის მეორე ნახევარში მესხების მთავრის განსაგებელი იწყობოდა ბორჯომის ხეობითგან ტაშისკარითგან და კარნუქალაქამდის აღწევდა (ჟამთააღ.* 875, გვ. 719). მე-XIII ს.-ის დამდეგს თამარ მეფის მიერ დაარსებულის ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა ლაზისტანი, ანუ ჭანეთი, მაგრამ შემდეგში იგი საქართველოს შემოუერთდა და ჯერ მესხეთის მთავარს, შემდეგ გურიელს ეჭირა, ხოლო 1511 წ. სამცხის მთავრის, ათაბაგის ხელში გადავიდა (ვახუშტი. საქართ. ცხოვრება 241).

ოსმალთა გაბატონებამ მცირე აზიაში და კონსტანეპოლში მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მეტადრე ეს უკანასკნელი მონაპირე კუთხე, საშინელს განსაცდელში ჩააგდო. საუკუნეთა განმავლობაში ოსმალეთი დაუცხრომელი სიმედგრით საქართველოს ამ ძვირფას და მშვენიერ ნაწილის ჩაყლაპვას ლამობდა ყოველგარი საშუალებით, პოლიტიკური თუ სარწმუნოებრივი დევნით და ეკონომიური შევიწროებით და ცდილობდა, რომ ქრისტიანობა აქაურ ქართველთა შორის დაემხო და ქვეყანა გაემაჰმადიანებინა. ჯერ უმაღლეს წრითგან დაიწყო, შემდეგ ხანგძლივ ბრძოლის საშუალებით მაჰმადიანობა თვით ხალხშიც გაავრცელეს. მე-XVII-ე საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი (ვახუშტი. საქართველოს ც-ა 254-247) და მთელს მე-XVIII-ე და მე-XIX-ე საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა. წინანდელი დამოუკიდებლობისა და ქართველობის ხსენებაც-კი რომ მოესპოთ ოსმალებმა სამცხის მფლობელნი «ახალციხის ფაშა»-დ გახადეს, მხოლოდ ეს ღირსება ამავე საგვარეულოს მემკვიდრეობითი კუთვნილებად დასტოვეს. ამ საშუალებით ოსმალეთმა ეს მშვენიერი ქვეყანა საქართველოს მოსწყვიტა და მთლად შთანთქა. ოსმალთა დროს ახალციხის საფაშო (ფაშალიკ) კვლავინდებურად მთელი ჭოროხის მხარესაც შეიცავდა და 24 თემად ანუ სანჯაყად იმყოფებოდა. თვითეულს თემს ან სანჯაყს სათავეში მემკვიდრეობითი მფლობელები სანჯაყბეგები უდგნენ.


§ 4. უფლებრივი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და მესხეთს შორის XVIII ს.


ადვილი წარმოსადგენია, რომ საქართველო ასეთი კუთხის დაკარგვას და ამოდენი მოძმე ქართველობის მოწყვეტას ისე ადვილად ვერ შეურიგდებოდა. უფრო ძველ დროითგანაც რომ არ დავიწყოთ ისიც საკმარისი იქნებოდა, თუ გავიხსენებდით, რომ მე-XVIII-ე ს-შიაც მაგ. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის დროს, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ახალციხის ფაშებებთან, რომელთაც მაჰმადიანობისდა მიუხედავად თავიანთი ქართველობა დავიწყებული არ ჰქონდათ, ერთის მხრით განსაკუთრებით კეთილი მეზობლურ კავშირი ჰქონდათ, ეს ცდა უნაყოფო არ ყოფილა (С Н. Бурнашевъ. Картина Грузіи 14 და Н. Бутковъ Матеріалы I, 141-142). — მეორე მხრით ყოველ ხელსაყრელ შემთხვევით სარგებლობდა, რომ თავიანთი უფლება მესხეთზე ანუ ახალციხის საფაშოზე გამოეაშკარავებინათ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს მეფეები თავიანთ თავს სამეფო სახელწოდებაში ასე ხაზ-გასმით ამ ქვეყნის მემკვიდრეობითი მფლობელად აცხადებდენ (იხ. С Н. Бурнашевъ. op. cit. 14 და Н. Бутковъ Матеріалы II,,130). ამავე მიზნის მისაღწევად, სრულიად საქართველოს გაერთიანების განხორციელების ხელშემწყობ პირობების შესაქმნელად განსაკუთრებით-კი სწორედ ამ ძველ ქვემო ქართლის, ახალციხის საფაშოს, საქართველოსთან შემოსაერთებლად იყო სხვათ შორის 1783 წ. ხელშეკრულება ერეკლე მეფისა და ეკატერინე I შორის დადებული. ერეკლე მეფის წარმომადგენლებმა ამ ხელშეკრულებაში მეორე მუხლად შეატანინეს, რომ რუსეთის ხელმწიფე არამცთუ ერეკლეს მაშინდელ სამეფოს სამფლობელოს ხელშეუხებლობის თავდებობას კისრულობდა, არამედ ისეთისაც, რომელიც შემდეგში შეძენილი იქნებოდა. და რომ ეს მუხლი სწორედ იმ აზრით იყო ჩართული ხელშეკრულებაში, ამას იმდროინდელი რუსეთი ერთ-ერთ წარმომაგენელის ნ. ბუტკოვის სიტყვებიც ცხადყოფენ, რომ ამ «მეორე მუხლის შინაარსი სწორედ საქართველოს მეფეთა ძველ სამფლობელოს, ახალციხის საფაშოს, ანუ სამცხო-საათაბაგოს ეხებოდა»-ო (Н. Бутковъ Матеріалы II,14*). სწორედ ასე გაიგო ამ ხელშეკრულების შინაარსი იმდროინდელმა ახალციხის ფაშამ და რაკი დარწმუნდა, რომ საქართველოს მეფისგან მის მეფობას განსაცდელი მოელის, ამიტომ რუსეთთან ხელშეკრულების დადების შემდეგ მეფე ერეკლეს გადაეკიდა და მტრობა დაუწყო (Н. Бутковъ Матеріалы II, 142).


§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში.


როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წ.-ს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წ. ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (=ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.

მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (=ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (=ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფის წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266).

ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგ. 1828 წ. ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წ-ლს ქართველთა მაგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეჭირათ (Иваненко op. cit. 267).

ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.

§ 6. სომეხთა წამოდავება ჯავახეთის სომხეთთან შესაერთებლად და ამ საკითხის ახლო წარსული.


სომხებმა დაივიწყეს, რომ ისინი ჯავახეთში ოსმალეთითგან მოვიდენ მხოლოდ ვითარცა ლტოლვილნი, რომ სრულებით შემთხვევით უძველეს დროითგან საქართველოს უცილებელს კუთხეში ისინი უმრავლესობად იქცენ და ამ გარემოებისდა მიუხედავად მაინც ახალქალაქის მაზრაც სომხეთის მიწა-წყლად გამოაცხადეს (А. Шахатунянъ. Административный переделъ Закавказскаго края გვ. 70-72 და 132—133). ეს რომ განხორციელებულიყო, მათ ამ მაზრის ტფილისის გუბერნიის- ანუ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებითგან გამოყოფა მოითხოვეს, იმ მიზნით, რომ იგი დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეეერთებინათ და ამ გზით ერთი მთლიანი სომხური საერობო თვითმართველი ოლქი შეექმნათ, ეს აზრი წამოყენებული იყო სომხების მიერ 1913 წ., როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა მწყალობელი გრაფი ილ. ვორონცოვ-დაშკოვი იყო. მათი წადილი რომ უფრო სამართლიანად და ობიექტურ მოსაზრებით ნაკარნახევად სჩვენებოდა ადამიანს, სომხებმა საბუთად ისიც კი წამოაყენეს, ვითომც ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა ეკონომიურად ტფილისის გუბერნიასთან კი არა, არამედ გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული.

ვორონცოვის სურვილსდა თანახმად, იმავე წელს ბრძანება იყო გაცემული, რომ ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის სამაზრო კომისია შემდგარიყო და გამოერკვია, შეიძლება თუ არა და რამდენად ხელსაყრელია, რომ ახალქლაქის მაზრა ტფილისის გუბერნიას ჩამოსცილდეს და გუმბრისას (ალექსანდროპოლს) მიემატოს, რომ მასთან ერთად ცალკე განსაკუთრებით სომხობით დასახლებული გუბერნია შემდგარიყო. ამ კომისიაში თავმჯდომარითურთ სულ 14 კაცი იღებდა მონაწილეთბას, რომელთგან 8 კაცი რუსი იყო (თავმჯდომარე მაზრის უფროსი პოდპოლკ. კალინინი, მომრიგებელი მოსამართლე მიტკევიჩი. ფოსტა-ტელეგრაფის კონტორის უფროსი დელიბაში, სამაზრო ბეითალი ტოროპოვი, საუბნო ბოქაულები ჩაპლიგინი და ლაზარევი. დუხობორების წარმომადგენელნი ალექსი უგლოვი და ვას. გრემიაკინი), 4 ქართველი (გადასახადთა ინსპექტორი თ-დი მაყაშვილი და მემამულეთა წარმომადგენელი ქართველ-მაჰმადიანნი მამედ-ალი-ბეგი და მუსტაფა-ბეგი ფალავანდიშვილები, ბარალეთის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი მურჯიკნელი), და 2 სომეხი (ქალაქის მამასახლისი მეწატუნიანცი და ბოგდანოვკის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი კაროიანცი).


ბჭობის შემდგომ სამაზრო კომისიამ ერთმხრივ უარჰყო ჯავახეთის ანუ ახალქალქის მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) და ერევანთან შეერთება. თავის აზრის დასასაბუთებლად კომისია, სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ კუთხის ეკონომიურსა და მიმოსვლის საკითხს შეეხო და დაადგინა: შემცდარი აზრია, ვითომც ახალქალაქის მაზრა ქ. გუმბრთან (ალექსანდროპთლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული. მთელი ვაჭრობა და ყველა საჭირბოროტო ინტერესები მცხოვრებლებს განსაკუთრებით ტფილისთან აერთებს, სადაც ისინი თავის საქონელს, სანოვაგესა და ადგილობრივ ნაწარმოებს ასაღებს და საითგანაც მოაქვთ საქონელი და ყველაფერი სახმარი მთელი მაზრისათვის. ამასთანავე საქონლის გადატან-გადმოტანა მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულშიც და ზამთარშიაც, სწარმოებს ახალციხე-ბორჯომ-ბაკურიანის შარაგზით. აგრეთვე როდიონოვკა-წალკა-მანგლისზე მოკლე, პირდაპირი საურმო გზით, რომელიც ზამთარშიაც-კი არ იკვრება ხოლმე. გუმბრთან-კი (ალექსანდროპოლთან) ზამთარში ნამქერების გამო, ხოლო გაზაფხულზე წყალდიდობის და ტალახების გამო მთელ თვეობით ყოველგვარი კავშირი, საფოსტოც-კი სრულებით შეწყეტილია ხოლმე. ზაფხულშიც-კი, როდესაც გუმბრის (ალექსანდროპოლის) გზა გახსნილია, მთელი სავაჭრო საქონელი ჯავახეთითგან (ახალქალაქის მაზ.) მაინც ახალციხეზედ, ბაკურიანზე მიდის და მხოლოდ ამ მაზრის ბოგდანოვკის უბნის სამხრეთს ნაწილს, ზოგიერთი საქონელი, მეტადრე ბრინჯი, ზაფხულობით გუმბრითგან (ალექსანდროპოლთგან) მოსდის ხოლმე.

ახალქალაქის სამაზრო კომისიის ზემო აღნიშნული ერთმხრივი დადგენილება 24 იანვარს 1914 წ. ტფილისის განსაკუთრებულმა საბჭომ იმავე შემადგენლობით, როგორიც ბორჩალოს სამაზრო კომისრის მსგავსივე საკითხის შესახებ დადგენილების განსახილველად იყო შეყრილი, ერთმხრივ დაამტკიცა (იხ. Докладъ члена Тифлиск. гу-берн. по крестьянскими деламъ Присутствия И. Абхази Председателю Особаго Закавказскаго Комитета къ № 2651).


§ 7. ჯავახეთ-სამცხის უმჭიდროესი ეკონომიური კავშირი საქართველოსთან წარსულშიცა და ეხლაც.


თუ იმისდა მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნულ ორთავე საბჭოს წევრებმა, რუსმა მოხელეებმა მეფის მოადგილის სურვილი იცოდნენ - მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ის ამ გამოყოფას თანაუგრძნობდა, მაინც ეს აზრი ერთმხრივ უარჰყვეს, ცხადია ჯავახეთის ჩამოშორება ტფილისის გუბერნიისგან და გუმბრთან შეერთება მართლაც სრულებით შეუწყნარებელი და ნაძალადევი გეგმა ყოფილა. მართლაც-და საკმარისია ადამიანმა ახალქალაქის გეოგრაფიული პირობები გაითვალისწინოს, რომ მისთვის ნათელი გახდეს, რამდენად თვით ამ ქვეყნის ბუნებრივი აგებულობა ეწინააღმდეგება მის შეერთებას გუმბრთან (ალექსანდროპოლთან). ერევნის გუბერნიისა და გუმბრსა და ყარსისაგან ჯავახეთს და სამცხეს ერუშეთს ანუ ახალაქისა და ახალციხის მაზრებს და ყარსის ოლქის ფოცხოვის უბანს მაღალი 7-8 თვის განმავლობაში თოვლიანი და გაუვალი ჯერ ბერდუჯის მთების (=რუსულს Безобдальскій хреб.) დასავლეთი ნაწილი, შემდეგ აბოცის მთების (=რუსულს Мадатапинскій хреб.), მერმე ნიალისყურის მთის (=რუსულს Чаддырскій хреб. და Ульгарскій хреб. აღმოსავლეთს ნაწილს) დასასრული ერუშეთის მთის (=რუსულს Ульгарскій хреб.) სახელებით ცნობილი უღელტეხილი ჰყოფს. ამგვარ ოროგრაფიული თვისების გამო ეს მთები მტკვრის შემდინარეების წყალთ-გამყოფველი ქედია და გზებსაც ბუნებრივი მიმართულება სწორედ მტკვრის ხეობისაკენ, ე. ი. ჩრდილოეთისაკენ აქვს და არა სამხრეთისაკენ. ამიტომაც არის, რომ ეკონომიურადაც ამ კუთხეს მხოლოდ საქართველოსთან შეეძლო რომ ჰქონოდა კავშირი. ასე იყო ყოველთვის წარსულშიც. ისტორიკოს პაპუნა ორბელიანის სიტყვები მაგ. ცხად-ჰყოფენ, რომ მე-XVIII-ე ს.-შიაც, როდესაც მესხეთი ახალციხის საფაშოს სახით ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა და საქართველოს პოლიტიკურად ჩამოშორებული იყო, მაშინაც კი მთელ მესხეთს, განსაკუთრებით კი ჯავახეთსა და სამცხეს საქართველოსთან ჰქონდა მჭიდრო ეკონომიური დამოკიდებულება და იქაური სასოფლო-სამეურნეო ნაწარმოები, სანოვაგე, განსაკუთრებით-კი პური ტფილისში და გორში ჩამოჰქონდათ გასაყიდად (იხ. ბროსსეს გამოც. Histoire de Géorgie II, 466 და გორელი ქედხუდების არზა ერეკლე II-სადმი მირთმეული).


ჯავახეთის (ახალქალაქის) სამაზრო კომისიის ზემომოყვანილი დადგენილება ამტკიცებს, რომ ეხლაც ეკონომიური დამოკიდებულების ვითარება და მიმართულება არ შეცვლილა: კვლავინდებურად იქითგან საქონელი ტფილისში ჩამოდის. მაგრამ ამაზე უფრო საყურადღებო ის გარემოებაა, რომ ჯავახეთსა და სამცხეს, ანუ ახალაქალაქისა და ახალციხის მაზრებს, როგორც რკინის გზის საკომერციო განყოფილების ყოველწლიური ანგარიშებითგანა სჩანს, მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთან კი არ ჰქონია ეკონომიური კავშირი (საქონელი მარტო რკინის გზით კი არა, იქითგან პირდაპირი შარა და საურმე გზებითაც მოდის), არამედ დასავლეთ საქართველოსთანაც, ქუთაისის გუბერნიასთანაც. აი მაგ. ომამდის რამდენი პური და სხვა მარცვლეულობა გამოდიოდა ყოველწლივ ამ კუთხიდან დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში და რამდენი მთელს დანარჩენს ამიერკავკასიაში, სომხეთში და ადერბეჯანში მიდიოდა (ყარსში, ერევანში, ქამარულაში, ბაქოში და სხვაგან):

საქართველოში: დანარჩენ ამიერკავკასიაში:

1910 წ. 60557 ფ. 462 ფ.
1911 წ. 152858 ფ. 1800 ფ.
1912 წ. 207752 ფ. 3588 ფ.
1913 წ. 96074 ფ. 1312 ფ.
1914 წ. 17144 ფ. 1238 ფ.


მაგრამ მარტო მიწათმოქმედების მხრივ არ იყო ეს კუთხე დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებული, მესაქონლეობისა და მეცხვარეობის მთელი მეურნეობა საქართველოში უმჭიდროესად, შეიძლება ითქვას განუყრელად, ამ კუთხესთან და ბორჩალოს მაზრის საზაფხულო საძოვრებთან არის დაკავშირებული. ასე იყო ძველად, მაშინაც-კი, როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, ასეა ახლაც. რაკი საუკუნეთა განმავლობაში ადგილობრივ ჰავის პირობებისდა გვარად შემუშავებულმა ტეხნიკამ უთუო აუცილებლობით დაამტკიცა საზაფხულო საძოვრების საჭიროება, ამიტომ სწორედ აქ, თვით ბუნების მიერ შექმნილს საზაფხულო საძოვრებზე იყრიდა ხოლმე თავს საქართველოში მყოფი საქონელი. ეს კუთხე იმდენად აუცილებელი იყო საქართველოს მესაქონლეებისათვის, რომ მაშინაც-კი როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, საქონლის პატრონები, განსაკუთრებით მეცხვარეები იძულებული იყვნენ სხვა სახელმწიფოში გადასულიყვნენ საქონლით და მთელი ზაფხული იქ გაეტარებინათ (იხ. ვახუშტის გეოგრაფია 182).

მესაქონლეობის მხრივ ეხლაც საქართველოში იგივე პირობებია, როგორიც წარსულში იყო. მთელს აღმოსავლეთს საქართველოში სულ 857000 დეს. საზაფხულო საძოვარი ითვლება, აქეთგან საუკეთესო საძოვრები ქვემო ქართლში და ჯავახეთში, ანუ ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებშია, სადაც 291 000 დ. საძოვარია.

ამჟამად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში 3 683 000 თავი საქონელი არსებობს, სომხეთის საზღვრებში-კი (ერევნის გუბ., ყარსის ოლქ. და განჯის მაღლ.) სომეხთა მთელ მოსახლეობას სულ 3 561 000 თავი საქონელი ჰყავს. ამ მაღლობებზე სომხებს დიდძალი 2 000 000 დეს. საუკეთესო საძოვრი აქვთ, ისე, რომ მთელი ბალახი მოძოვილი იყოს მათი საქონელი ამისთვის საკმარისი არ არის და ვერც შესძლებს. ამიტომ სრულიად ცხადია, რომ სომხებს საზაფხულო საძოვრები სრულებით არ ესაჭიროებათ. მაშასადამე მათთვის ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრები ამ მხრივ, ეკონომიურად არც გამოსადეგნი არიან და არც ესაჭიროებათ. სულ სხვა მდგომარეობაშია აღმოსავლეთი საქართველო: უამ მაზრებოდ მთელი მესაქონლეობა უკიდურეს მდგომარეობაში და განსაცდელში ჩავარდებოდა, საქონელი, განსაკუთრებით ცხვარი, დაიხოცებოდა.

თვით ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთაც შედარებით იმდენი საქონელი არა ჰყავთ (ორთავეში 515 772 თავი ითვლება), რომ მარტო მათმა საქონელმა მთელი ამ ფართი და ღონიერი საზაფხულო საძოვრების მოჭმა შესძლოს. მაგ. ბორჩალოს მაზრაში საიჯარო საზაფხულო საძოვარი 46 000 დეს. ითვლება, აქეთგან 26 სომეხთა სოფლის საზოგადოება 10 000 დეს.-ით სარგებლობს საქონლის საძოვრად. დანარჩენი 36 000 დეს.-კი აღმოს. საქართველოს სხვა მაზრებითგან მოსულს მესაქონლეებს უჭირავთ. როგორც წარსულშიც, საუკუნეთა განმავლობაში, ეხლაც აღმოსავლეთ საქართველოს დიდძალი საქონელი პატრონებს აქ მოჰყავთ და აძოვებენ. მაშასადამე სრულებით ცხადია, რომ თუმცა მე-XIX-ე ს.-ში შემთხვევითი მიზეზების გამო ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებში სომეხი ლტოლვილები დაეშენნენ და ქართველთა მოსახლეობა აქ მცირერიცხოვანია, მაგრამ მთელს აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენს მოსახლეობას ამ მაზრებთან არამც თუ ეკონომიური კავშირი არ შეუწყვეტია. არამედ წინანდებურად უმჭიდროესად მასთან არის დაკავშირებული.


§ 8 როგორ უნდა შევხედოთ სომეხთა წადილს ჯავახეთის დაპატრონებისას?


ყველა ზემონათქვამის შემდგომ ცხადია, თუ როგორ შეიძლება შეხედოს ქართველობამ სომეხთა წადილს ჯავახეთის (ახალქალაქის მაზ.) დასასაკუთრებლად. ერეკლე მეფის პირით საქართველოს რასაკვირველია რუსეთთან ამისთვის არ დაუდვია 1783 წ. ხელშეკრულება, რომ მას შემდგომ, რაც მესხეთი ოსმალეთს ჩამოერთვა, ეს უხსოვარ დროითგან საქართველოს კუთვნილი ქვეყანა ქართული კულტურის ერთი ძლიერ კერათაგანი სომხებს გადასცემოდა, სომეხთა ამ კუთხეში დასახლებისათვის ქართველობას შეეძლო შეეხედა მხოლოდ ვითარცა დროებითი მოვლენისათვის, ვითარცა ოსმალთა მიერ დევნილი ხალხის დროებითი შემოხიზნისა და თავშეფარებისათვის. რა წამს სომეხთათვის პოლიტიკურად ხელსაყრელი პირობები შეიქმნებოდა, — ეხლა ხომ სწორედ ასეთი ხანა დადგა, — ეს ოსმალეთითგან შემოხიზნული სომხობა კვლავ თავის სამშობლოს, მამა პაპათა კერას უნდა დაუბრუნდეს, იქითგან კი, ოსმალეთითგან აქ დაბრუნდებიან ამ მიწაწყლის წინანდელი პატრონები. მე-XIX საუკუნის განმავლობაში ოსმალეთში გადასახლებულს ქართველს მაჰმადიანებს არა-ერთხელ უნდოდათ გულით თავიანთ სამშობლოში დაბრუნება და ჯავახეთ-მესხეთში, მამა-პაპეულ მიწებზე დასახლება, მაგრამ მათი ადგილი დაჭერილი იყო. ეხლა რაკი სომხები თავიანთ წინანდელ ქვეყანაში, სომხეთში წავლენ, მაშინ სამართლიანობა აღდგენილი იქმნება და ორთავე ერს თავისი მამა-პაპეული კერას დაუბრუნდება.
 
VI თ ა ვ ი - საქაართველოს სამზღვრის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ხაზი.
1. კოლა-არტაანი, ტაო-თორთუმ-ისპირი.


რაკი ეხლა საკითხი ჯავახეთის (ახალქალაქის მაზრის) შესახებ უკვე ყოველმხრივ გამორკვეული გვაქვს, უნდა საქართველოს დანარჩენ მონაპირე კუთხეების შესახებ ზოგიერთი ზედმეტი ცნობები დავურთოთ.

ზევით უკვე აღნიშნული იყო, რომ ეხლანდელ ყარსის გუბ.-ის არტაანისა და ოლთისის ოლქები, რომლებიც ძველად კოლა-არტაანსა და ტაოს ჩრდილოეთს ნაწილს უდრიდენ, საუკუნეთა განმავლობაში ქართველ მოსახლეობას და ერს ეკუთვნოდა. მხოლოდ XVII ს-ითგან მოყოლებული არტაანისა და ოლთისის ოლქში თურქთა 200 წლის ბატონობის და ისლამის წყალობით ქართველ მამჰადიანებს ქართული ენა დავიწყებული აქვთ. მოსახლეობა აქ თხელია და 1889 წ. არტაანის ოლქში 65 763 სული იყო და აქეთგან მხოლოდ 1 923 სომეხი ითვლებოდა. ოლთისის ოლქი მთლად 31 519 მცხოვრებთა შორის სომეხი 3 130 იყო.

ამგვარად ცხადია, რომ არტაანისა და ოლთისი ოლქებში სომხები მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობას შეადგენენ. ამას ჯერ კიდევ შარშან, 1918 წ. თვით სომხებიც არ უარჰყოფდნენ და ა. შაჰტუნიანი მაგალითად ამბობდა: «აქ სომხები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენო» და ამის გამო ამიერკავკასიის გადამიჯვნის დროს, სომხეთი სამზღვრებს გარეშე დავტოვეთო Административный переделъ Закааказскаго Края - ტფილისი 1918 წ. გვ. 73-74 და 75). ეს გარემოება სომხებს ეხლა ალბად დავიწყებიათ და სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებში მოქცევა ჰსურთ არტაანისა და ოლთისის ოლქისაც, რომელიც მათ არც ისტორიულად და არც სომეხთა თანამედროვე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ არ ეკუთვნით.

ხოლო ოსმალეთის სამზღვრებში დარჩენილს მესხეთის ზემო ტაოს ნაწილში, თორთუმის ხეობაში მთელი მცხოვრებნი 1 400 სული მთლად გამაჰმადიანებული ქართველები არიან, მაგრამ ქართული დავიწყებული აქვთ. ისპარში-კი, პარხალის, ხევეკის, გუდახევის და ჭირჭიმის ხეობებში ყველგან ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკობენ.


§ 2. ლაზისტანი.

ქართველთა მოსახლეობის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი ჭანებს, ანუ ლაზებს უჭირავთ. ასე იყო წარსულშიაც. მათი კილო მეგრულს ახლო უდგება. ოდესღაც ლაზების ანუ ჭანების მოსახლეობა ტრაპიზონსაც კი სცილდებოდა და თვით ეს ქალაქი და ოლქიც მათ ქვეყანას ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ წარსულ საუკუნეში, მაგ. 1868 წ. ლაზთა რაოდენობა ინგლისის კონსულის ვ. ჯიფფორდ პალრის ცნობით რამდენსამე ასს ათასს აღემატებოდა. (Извест. Кавк. отд. геог. Общ. 1881 წ. V1I წიგ. I. დამატება 1 გვ. 15, 17, 59-60 და 68).

პროფ. ნ. მარრის ადგილობრივმა დაკვირვებამ გამოარკვია, რომ ისლამის წყალობით ლაზების გათურქება მსწრაფი ნაბიჯით წინ წასულა.


ამჟამად ლაზური ან ჭანური მოსახლეობა მხოლოდ რიზეს სანჯაყით განისაზღვრება, რომელსაც ლაზისტანის სანჯაყსაც უწოდებენ. მაგრამ ეს მიწა-წყლიც ორ მთავარ ნაწილად უნდა გაიყოს: რიზესა და ათინას ოლქად. პირველში ხალხს უკვე დედაენა დავიწყებული აქვს და თურქული შეუთვისებია, მეორეში კი მცხოვრებთა დედაენა ჭანური ანუ ლაზურია. ეს ათინას ოლქი საკუთრივ ათინას და ხოფას ყაზრებისგან შესდგება. სამხრეთ-დასავლეთით მისი სამზღვარი ქემერის კონცხთან (ქემერბურუნ) იწყობა, შემდეგ აჰყვება მდ. ყინლიდერეს, გადასჭრის ათინას წყალისა და ბეიუკ-დერეს სათავეებს და მიადგება პონტოს ქედის მწვერვალს, რომელსაც ვარსამბეკი (ვერშემბეკი) ჰქვიან. აქეთგან მოყოლებული ჭანეთის მიწა-წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთასკენ მიემართება და პონტოს ქედსა და შავ ზღვას შუაა მოქცეული. ეს ზოლი თანდათან ვიწროვდება და ბათუმის ოლქში სარპთან თავდება.

ათინას ოლქი ექვს უბნად იყოფა: ხოფას, არქაბეს, ვიწეს, არტაშენის, ათინას და ხემშინის უბნებად. სულ 178 სოფელი არის, აქეთგან 39 სოფელი ხემშინის ოლქში ითვლება, რომელშიც 12 778 სული მცხოვრებია. ხემშნები გამაჰმადიანებული და გათურქებული სომხები არიან. თვით ლაზთა რაოდენობის შესახებ ზედმიწევნითი ცნობები იმ გვარადვე, როგორც ოსმალეთში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა შესახებ, არ მოიპოვება. რუსეთის გენერ. შტაბის საიდუმლო გამოცემაში გენ. ავერიანოვს თავს მონოგრაფიში "Этнографическій и военно-политическій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской имперіи" (СПГ. 1912 г. издан1е отд. генералъ-квартир-мейстера გვ. 20) ლაზების რაოდენობა 200 000-ად აქვს აღრიცხული, როდესაც რუსეთის ჯარმა ამ მსოფლიო ომის დროს ლაზისტანი დაიჭირა, მცხოვრებთა უმრავლესობამ ოსმალთა ჯართან ერთად უკან დაიხია და ადგილობრივ მხოლოდ 35 000 ლაზი-ღა იყო დარჩენილი. უდროვოდ განსვენებული პროფეს. იოს. ყიფშიძის მიერ ადგილობრივ შეკრებილი ცნობების მიხედვით, ათინას ოლქში მკვიდრ ლაზთა რაოდენობა თუ მეტი არა, 80 000-მდე მაინც უნდა ყოფილიყო. ზედმიწევნითი რიცხვის გაგება მხოლოდ ეხლა შეიძლება, როდესაც მცხოვრებნი თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ, ისიც მხოლოდ ხალხის აღწერის საშუალებით.

ბოლოსიტყვაობა

ყველა ზემოაღნიშნული მკითხველს უეჭველია ნათლად დაანახვებდა, თუ რა სამზღვრები ჰქონდა საქართველოს და როგორის თავგამოდებით იცავდა მათ ჩვენი ერი საუკუნეთა განმავლობაში. ამ სამზღვრებში მოქცეული მიწა-წყალი და მოსახლეობა მთლიანს ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივ ზღუდეებითაც (მთებითა და მდინარეებით) არის შემოფარგლული და, თანაც, ვითარცა მტკვრისა, რიონისა და ჭოროხის აუზების შემცველი, გეოგრაფიულად და ეკონომიურადაც ურთიერთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. თუმცა ისტორიული და საერთაშორისო სამართლის ძალით საქართველოს სწორედ ის სამზღვრები უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ზევით იყო აღნუსხული, მაგრამ ზოგან, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი არსებობისათვის უვნებლად დათმობა შეიძლება, საქართველოს შეუძლიან დაუთმოს მეზობლებს, რომ მეზობლური განწყობილება, რომელიც საქართველოს წარსულშიაც კარგი ჰქონდა, ეხლაც თანხმთბითა და მშვიდობიანობით დაიწყოს.

სახელმწიფოებრივს ერთეულს თავისი აუცილებელი მოთხოვნილება და არსებობის პირობები აქვს, რომელთა შორის საპატიო ადგილი სამზღვრებს უჭირავს. საქართველოს სამზღვრების საბოლოვო მოხაზულობის გამორკვევის დროს ქართველ ერსა და მის მთავრობას შეუძლიან მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს. მართალია სომეხთა მმართველი წრეები და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ჩვენს ერსა და მთავრობას მხოლოდ ეთნოგრაფიულ თვალსაზრისით ხელმძღვანელობას ურჩევენ, მაგრამ რამდენად მათი რჩევა გულწრფელია და გამოსადეგი, ის გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ თვით მათ პირადად ამ თვალსაზრისით არასდროს თავიანთ პოლიტიკურ გეგმაში არ უხელმძღვანელიათ. მათ მიერ თავდაპირველი კონფერენციისათვის წარსადგენად დამზადებული დიდი სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრები შავი ზღვითგან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული და ტფილისისა, ბათომისა და ტრაპიზონ-სინოპის შემცველი, ნათლად მოწმობს, რომ თვით მათ თავიანთი სახელმწიფოს სამზღვრების შემოხაზვის დროს არცთუ თანამედროვე ეთნოგრაფიულ მოსახლეობის პირობებით არ უხელმძღვანელიათ, არამედ ზოგან მეტისმეტად შორეულს ისტორიულს საბუთებზე, უფრო-კი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე დაუმყარებიათ თავიანთი მიწა-წყლის მოხაზულობის რუკა, მის შემდეგ სწორედ გასაოცარია, როდესაც სომეხთა პოლიტიკური და გავლენიანი წრეები ჩვენი მთავრობის წევრებს ნ. ჟორდანიას და ე. გეგეჭკორს და საქართველოს საზავო დელეგაციის წარმომადგენლებს ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს სტამბოლის სომხურს პრესაშიაც-კი პრინციპების ღალატსა და იმპერიალისტობას სწამებდენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს სახელმწიფოებრივი თვალსაზრსით ხელმძღვანელობენ და არა მარტო ეთნოგრაფიულით. როცა საერობო ერთეულზე იყო ლაპარაკი, ამგვარი მოსაზრება ასე-თუ-ისე კიდევ გასაგები იყო, სახელმწფოს სამზღვრების შემოფარგვლის დროს კი უმთავრესი საფუძველი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი უნდა იყოს.


რატომ არის, რომ თვით სომეხთა პოლიტიკოსები ყოველთვის და ყოველგან სომხეთის რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს ეთნოგრაფიულს პრინციპებს არ ემყარებიან— იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს პრინციპი თვით სომეხთათვის არის საზარალო. თუ ამისდამიუხედავად ისინი ჩვენს მთავრობასა და წარმომადგენლებს ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევენ, ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თვალსაზრისი მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო, სომხეთს-კი უფლება აქვს ყოველგვარი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს და რომ მაშინაც-კი, როცა ისინი სომხეთისათვის საფრანგეთზე დიდი მიწა-წყლის დასაკუთრებას ლამობდენ და თავიანთ რესპუბლიკის საზღვრებში სომხებზე უფრო მრავალრიცხოვან უცხო ტომთა მოქცევაზე ოცნებობდენ, ეს იმპერიალისტობა-კი არ არის, არამედ უაღრესი დემოკრატობაა.

სახელმწიფოს არსებობისათვის უცილებლად საჭიროა, რომ მას გარეშე მტრის შემოსევისაგან თავდაცვის საშუალება ჰქონდეს და მისი მყუდრო სამოქალაქო ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომაც არის, რომ ქართველი ერის შეგნებულს ნაწილს, მისს მოთავეებს და რესპუბლიკის მთავრობას არ შეუძლიანთ თავიანთ სახელმწიფოს სამზღვრების მოხაზულობას სამხედრო თვალსაზრისითაც არ შეხედონ. თვით სომხებმა და არარატის რესპუბლიკის მთავრობამ ამ მხრივ ქართველობას რასაკვირველია თავისდა უნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს და მეზობლურ ძმობა-ერთობაზე ტკბილ საოცნებო სიზმრებითგან გამოაფხიზლეს, როდესაც წინასწარი ფარული სამხედრო მომზადების შემდგომ მოულოდნელად საქართველოს სამხრეთის სამზღვრები გადმოლახეს და დაუნდობელი საომარი მოქმედება დაიწყეს. ბ-ნ ჩალხუშიანის როსტოვის რუსულ-სომხურ გაზეთში ამ ამბავის ერთი თვით უწინარეს მოთავსებული ცნობა, რომ სომეხ-ქართველთა შორის ომია და ძლევამოსილი სომხები ტფილისს მიადგნენ, რომელიც დღე-დღეზე სომეხთა ჯარის მიერ აღებული იქნებაო, აგრეთვე ინგლისურ გაზეთში დაბეჭდილი სომხეთის წარმომადგენელთა მიერ სომხეთისათვის მოთხოვნილი სამზღვრების მოხაზულობა და სტამბოლში გამოცემული სომხეთის ორი რუკა, რომლებშიაც ტფილისი, მცხეთა, გორი და ბათუმიც სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებშია მოქცეული, დასასრულ სომეხთა საომარ მოქმედების მთელი მსვლელობა სრულის სიცხადით ააშკარავებენ, რამდენად ფართო გეგმა ჰქონდათ სომხეთის მთავრობასა და ხელმძღვანელებს. მათი მიზანი ტფილისის დაპყრობა და დასაკუთრება იყო, ხოლო თუ სამხედრო ბედი გაუღიმებდათ, იქმნებ სომხურ რუკაზე მოხაზული მიწა-წყლის აღებაც. ადვილი წარმოსადგენელია, როგორი ძმობა-ერთობის ჰანგებზე დამღერდენ დაშნაკელთა ბელადები და რა სამზღვრებს მიაკუთვნებდენ ისინი საქართველოს, მათ მოუფიქრებელს მოქმედებას მთელი ქართველობა რომ დიდით პატარამდე, კიდით კიდემდე არ შეეძრა და შემოსეული მტერი მედგრად არ უკუეგდო. თუ ეხლანდელი საშინელი განსაცდელისა და უბედურების შემდგომაც, თუ ისტორიისა და თანამედროვე მრავალი მწარე გაკვეთილებისდა მიუხედავადაც სომხეთის გავლენიანი წრეები მაინც საქართველოს სამზღვრების გადმოლახვას არ დაერიდენ და ჩვენ დედაქალაქის ძალით ხელში ჩაგდება მოისურვეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად მათ მადა მოემატებათ შემდეგში, როდესაც წარსულისა და აწმყოს მწარე დღეები დავიწყებული ექმნებათ. ამიტომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა თავის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სამზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად უდგეს. ეს არც ძმობა-ერთობასა და არც კეთილ მეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლაც ძმობაზე და მეზობლობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოეელგვარ მოსალოდნელ ხიფათისაგან გადაარჩენს. სწორედ ამ კეთილმეზობლურ დამოკიდებულების დამყარება-განმტკიცებისათვის ქართველობას შეუძლიან უარი სთქვას თავის უფლებაზე იქ, სადაც საქართველოს თავდაცვის საშუალებას ეს დათმობა საგრძნობ ზიანს არ მიაყენებს, მაგ., აღმოსავლეთით, საინგილოში სამზღვრად გიშის წყლის მაგიერ კაშკა-ჩაი დასდვას, სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვრის ხაზად-კი ისტორიულის მაგიერ დებედას შემდინარეების წყალთ-გამყოფელი მთა აირჩიოს, ხოლო სამხრეთის ხაზად ისტორიულის სამზღვრის ერევნის (=ბამბაკის) მთების მაგიერ უფრო ჩდრილოეთით მდებარე ბერდჯის (=რუს. ბეზობდალის) მთები მიიჩნიოს მოსამზღვრე ხაზად: საქართველოს ხელში ბერდუჯის მთები იქმნება, სომხეთის ზღუდედ და სამზღვრად ერევნის მთები.


ბათუმი-კონსტანტინეპოლი
1919 წ. იანვარი-მარტი


შენიშვნები

1. «Копироваль ее въ Москве въ месяце Іюле 1743 г. полевой артиллеріи каптенармусь Даника Гем...» გვარი სრულად არ იკითხება. (იხ დედანის ფოტოტ. პირი და С Н. Бурнашевъ. Новая. Мат. для жизнеописаиія и деятельности С. Д. Бурнашева. СПБ. 1901, გვ.
2. «Содержаще 2-го артикула трактата.- указывало прямо на ахалцихскій пашалыкъ или Самцхэ-Саатабаго, древнее достояше царей грузинскихъ».
3. დაწვრილებითი ცნობები ამ საგნის შესახებ იხ. აგორნომ ყაზახაშვილის თხზულებაში «საქართველოს საეროვნო მეურნეობის მოთხოვნილებანი გადამიჯვნის საკითხთან დაკავშირებით».

შემოკლებულად დაბეჭდილი სათაურების განმარტება

АКАГК- = Акти, собранные Кавказской Археографической комиссіею.
Бурнашевъ. Картина = С. Д. Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе политическаго состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго, Тифлисъ изд. Бегичева 1896 г.
С. Н. Бурнашевъ Новые Мат. = Новые Материалы для жизнеописанія С. Д. Бурнашева, бывшаго въ Грузіи съ 1783 по 1787 г., собралъ и издалъ съ приложеніемъ картъ, портретовъ и факсимиле С Н. Бурнашевъ СПБ. 1901 г.
ნ. ბუტკოვი Матеріалы = П. Г. Бутковъ Матеріалы для новой нсторіи Кавказа съ 1722 по 1803 годъ I და II წ. - СПБ. 1869 წ.


ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი და პარიზში 1919 წელს გამოცემული საქართველოს რუკა. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 1919 წლის 18 იანვრიდან 1920 წლის 21 იანვრამდე, ქართულმა დელეგაციამ, რომლის წევრიც ივანე ჯავახიშვილი იყო, მოითხოვა საქართველოს ცნობა ამ რუკაზე დატანილ საზღვრებში.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."