მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
პავლე ინგოროყვა: «კავკასიის» ქვეყნების ტერიტორიული გამიჯვნის გამო
საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების 1918 წლის 7 თებერვლის სხდომაზე წაკითხული მოხსენება

I. შესავლის მაგიერ

საუბარს პატარა მიმოხილვით, უფრო სწორად - მოგონებით დავიწყებ.

ამ ერთი წლის წინად, როდესაც ჩვენს საისტორიო საზოგადოებაში პირველად წავიკითხე ნარკვევი: «რა ტერიტორიულ საზღვრებში უნდა განხორციელდეს თვით/მმართველობა საქართველოსი, სომხეთის, ადერბეჯანის და კავკასიის მთეულეთისა», შემთხვევა მქონდა აღმენიშნა – არსებულ პოლიტიკურ სქემათა განხილვის დროს – ერთი უცხო მოვლენა, რომელიც ინტელექტუალური პათოლოგიის დარგს უნდა მიეკუთვნოს; – მოვლენა – რომლისათვის დღესაც ვერ მომინახავს სხვა სახელი თუ არა – სიტყვის ფეტიშიზმი. და სჩანს, მართლაც არსებობს ასეთი ინტელექტუალური სენი, თორემ სხვაგვარათ შეუძლებელია აიხსნას ის უცნაური ზეგავლენა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაზე ჰქონდა სიტყვა-ფიქციებს: ამიერკავკასია, კავკასია. ამ სიტყვა ფეტიშების ნიშნის ქვეშ მიდიოდა უკანასკნელი ათეული წლების ჩვენი პოლიტიკური აზროვნება; არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი სქემა ჩვენი და მეზობელი ქვეყნების მომავალი წყობილებისა, სადაც უკვე თავისთავად არ ყოფილიყვეს ნაგულისხმევიამ ფიქტიური სახელების რეალობა:ბოლოს და ბოლოს აქ საუბარი იყო მარტოოდენ უნიტარულ, ან – თუნდა – ფედერატიულ ამიერკავკასიაზე (resp. კავკასიაზე).

მაგრამ ნამდვილად ხომ ქვეყანა ამიერკავკასია, კავკასია – არ არსებობს. თუ რაიმე არის ეს სახელები დაბოლოს, ეს – მხოლოდ ადმინისტრატიული ტერმინოლოგიაა რუსეთის იმპერიისა, და საყურადღებოა არავიან გულისხმაში არ ჩააგდო ჯერ მარტო ამ ტერმინების შინაარსის ცვლილებამ წარსულ საუკუნის მანძილზე: 1801 წელს კავკასია შესდგებოდა მარტოოდენ ქართლ-კახეთისაგან, ხოლო 1813-ის წლიდან მოკიდებული აქ შედიოდა დასავლეთი საქართველოცა, ჩრდილოეთი ადერბეჯანი, და კავკასიის მთიულეთის ზოგი ადგილები; 1828 წლამდე ერევნისა და ნახჭევანის პროვინციები კავკასიად არ ითვლებოდა, ხოლო – 29 წლიდან კავკასიას შეადგენდა ჩრდილო-სომხეთთან ერთად ჩრდილო-მესხეთიც. 1878 წლამდე ყარსსა, ან ოლთისს ჯერ-კიდევ არ ეძახოდენ კავკასიას, ხოლო მიმდინარე ომების ბედი რომ სხვაგვარ წარმართულიყო, ვინ იცის კავკასიად არ მოენათლათ ტრაპიზონი, და მასთან ერთად არზრუმი, და თავრიზიც...

ამ კონგლომერატს არაფერი აერთებდა დღემდე გარდა სამხედრო დიქტატურისა. ეგრეთ წოდებულ «კავკასიაში» მხოლოდ ხმალის გზით არის შეერთებული სხვადასხვა ქვეყნები და ქვეყნების ჩამონაჭრები; აქ შემთხვევით არის თავშემოკრებილი ერთ ჭერ ქვეშ სხვადასხვა ერი, – რომლებიც არ არის გადაჭარბება ამის თქმისა, სხვადასხვა ისტორიულ ფორმაციას ეკუთვნის:

მართლაც რა აერთებს კულტურულად სომხობას, მაგალითად, და მთეულეთს ლეკ-ჩაჩნებისა?

ან რა აკავშირებს კულტურულ-ისტორიულად და რასსიულად – თურქ ადერბეჯანელებსა, ინდო-გერმანელ სომხებსა და რასსიულად განმარტოებით მდგომარე ქართველებს?

ან-და თუნდა რა აქვს საერთო ჯერ მარტო ფიზიკო-გეოგრაფიულადაც-კი «ამიერკავკასიის» ქვეყნებს: ადერბეჯანის ბარსა, სომხეთის პლატო-ზეგანს, და საქართველოს, ხეობათა ამ კლასიკურ ქვეყანას;

ან-და რამდენად განსხვავებულია ურთიერთშორის ეს ქვეყნები როგორც სამეურნეო ერთეულები: თვითეული მათგანი წარმოადგენს სულ სხვა-და-სხვა ეკონომიურ-სამეურნეო პროვინციას, შემოფარგლულს ბუნებრივი საზღვრებით; და ამასთან – საქართველოს, მაგალითად, გაცილებით მეტი ეკონომიური მიზიდულობა აქვს ყუბანთან, უკრაინასთან, და დასავლეთ ევროპასთანაც, ვიდრე თუნდაც მეზობელ სომხეთთან.

ცხადია, პოლიტიკური კავშირი ასეთი კონგლომერატის, ამ განსხვავებული ქვეყნებისა და ამავე დროს აქ მოსახლე კულტურულად ჰეტერონიმი ერების, შეუძლებელი იქნებოდა თავისთავად, თანაბრად მიუღებელი თვითეული ერთეულისთვის. განსაკუთრებულად კი საზიანო კულტურულად დაწინაურებული ერისთვის.

და ამასთან კიდევ ერთი პირობაც: ეგრეთ-წოდებულ ამიერკავკასიაში ხომ შემოკრებილია არა მრთელი ქვეყნები, არამედ უმთავრესად ქვეყნების ჩამონაჭრები; ადერბეჯანის – და სომხეთისაც – ეროვნულ-ტერიტორიული მეტროპოლიები «ამიერკავკასიის» გარეთ მდებარეობენ; და რაიმე მუდმივსა და მტკიცე პოლიტიკურ ერთიანობას ასეთი ერთეულებისას შეუძლებელს გახდიდა ჯერ მარტო ეს მდგომარეობა, რადგან აქ თავს იჩენდა ბუნებრივი მიდრეკილება ჩამონაჭრებისა თავის დედა-ერთეულებისაკენ, აქ ადგილი ექნებოდა მუდმივ რყევას – პოლიტიკური იდეალების წინააღმდეგობის მიზეზით, და პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში დაირღვეოდა ეს კონგლომერატი... ასეთი პოლიტიკური ორგანიზმი ემსგავსებოდა ორსულ არსებას, რომელსაც მეცხრე თვეზე დედობრივი ტკივილები მოუვა...

ერთობლივი «ამიერკავკასიის» შესახებ ესოდენ ითქვას, აქ კი ხაზი უნდა გაესვას ჩვენს პოლიტიკურ დილეტანტობას. ეს აუცილებელი ფაქტი, რომ არ არსებობს ქვეყანა ამიერკავკასია (რესპექტ. კავკასია) თითქოს ნათელი უნდა ყოფილიყო თავისთავად, მაგრამ – სწორედ საოცარია – ეს ცხადლივი მოვლენა აღარ დარჩა ასე ადვილ დასანახი, და დავრწმუნდი, რომ ჩვენი პოლიტიკური აზრის ბევრმა პასიხუსმგებელმა მესვეურმა დასახელებული მოხსენებიდან მოისმინა პირველად, სახელები კავკასია-ამიერკავკასია რომ ფიქცია არის, და ეგრეთ წოდებული კავკასია ნამდვილად რომ ოთხი სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული კოლექტივია, ოთხი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, ადერბეჯანი და კავკასიის მთიულეთი. და საინტერესოა აქ ერთი დეტალი: მოხსენების დროს ერთმა მოკამათემ თითონ ტერმინი ადერბეჯანიც-კი მაშინ პირველად ნახმარი ჩვენს პოლიტიკურ ლიტერატურაში («ამიერკავკასიის» აღმოსავლეთი სექტორის შესახებ), გამოგონილად მიიჩნია...

მაგრამ ფაქტები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე იდეები.

საკმაო იყო რომ ცხოვრების განვითარებას ბუნებრივი სარბიელი მისცემოდა, რათა ასე მოკლე მანძილზე ნათელი გამხდარიყო, რომ «კავკასია» მხოლოდ მექანიკურ შეერთებას წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიული ერთეულებისას:

ადერბეჯანმა უკვე დაარღვია თავისი გაჩერება და ეხლა მისთვის სახელის ძებნა ძველს ანნალებში საჭირო აღარ არის; და ნუ თუ ისიც ცხადი არ უნდა იყვეს ყველასათვის, ვისიც-კი პოლიტიკური დალტონიზმი საბოლოოდ განუკურნელი არ გამხდარა, რომ ადერბეჯანი ამიერკავკასიის ერთეულში ირრედენტა იქნებოდა თავისი ეროვნული მეტროპოლიის;

ან-კიდევ კავკასიის მთეულების კლანები, რომელთა პოლიტიკურ მომავალზე არავინ ფიქრობდა (გარდა ზოგი შორსმხედველი ადამიანისა), განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გაიცნობენ მთეულეთის ეთნოგრაფიულ რუკას, სადაც წარმოდგენილია ტომთა და ენათა ნამდვილი ხალიჩა, - კავკასიის მთეულეთში თავი იჩინა ბუნებრივმა რასსიულმა მიზიდულობამ და დღეს კავკასიის მთეულეთის ცალკე პოლიტიკური ერთეულის ფაქტთან გვაქვს საქმე;

სომხეთში ეროვნული ძალების ინტენსიური შემოკრება ხდება, და თუ აქ დღემდე არ გადადგმულა გადამწყვრტი პოლიტიკური ნაბიჯი, ამისი მიზეზია ერთის მხრით ის მეტად გართულებული მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფება სომხის ერი, და ამასთან სომეხთა ნაციონალისტების ანექსიონისტური პოლიტიკაც მიმართული ჩრდილოეთისაკენ...

და ასე ერთი წლის მანძილზე ყველა თვალხილულისთვის ნათელი უნდა იყვეს ცხოვრების განვითარების ტენდენცია. რუსეთის ადმინისტრაციული ტერმინოლოგიის მიერ შექმნილი მირაჟი თანდათან იფანტება და დღეს ვფიქრობ განთავისუფლებული ვარ წინანდელი მოვალეობისაგან კიდევ გავავრცელო სიტყვა საანბანო საგნებზე.

მაინცა და მაინც თუ ამ ერთი წლის წინად გაუგებრად იყო მიჩნეული საუბარი იმის შესახებ, თუ რა ტერიტორიულ საზღვრებში უნდა შემოიფარგლოს თვითმყო პოლიტიკური ერთეულები: საქართველო, სომხეთი, ადერბეჯანი და კავკასიის მთეულეთი, – დღეს ეს უახლოესი პრაქტიკული პრობლემაა, რომელიც თითონ სინამდვილემ წამოაყენა გადასაჭრელად.

ჩვენი საუბრის საგანიც ეს – დღეს უკვე მორიგი – პოლიტიკური პრობლემა არის: გაშუქება «კავკასიის» ქვეყნების ტერიტორიული გამიჯვნის ძირეული საკითხებისა.

* * *
სანამ გადავიდოდეთ ჩვენი საუბრის პირდაპირ საგანზე, არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ დღეს სულ სხვა პირობებში გვიხდება საუბრის გამართვა ვიდრე წარსულ წელს. დღეს იქნებ ახდეს კიდეც ჩვენი შარშანდელი ყორნისებური ჩხავილი და აკადემიური მსჯელობა ამ საგანზე ეხლა ზედმეტიც გამოდგეს. ფაქტი მაინც ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს კატასტროფის წინაშე სდგას. და ამისი პასუხისგება არ აშორდება ჩვენი პოლიტიკის დილეტანტ მესვეურებს.

მართლაც, ჩვენ სრულიად უქმად ჩავატარეთ წარსული საბედისწერო წელი, წელი – რომელსაც ინტენსივი შემოქმედების ნიშნის ქვეშ უნდა გაევლო. ჩვენ გადავაგეთ ჩვენი ეროვნული ენერგია ჯერ რუსეთუმეს, თუმცა უკვე ადრევე ნათელი გახდა ამისი უმიზნობა; ჩვენ ასევე გაკრეტინებულის სიმტკიცით შევრჩით ირრელიგატი ამიერკავკასიის მთლიანობის იდეას, მაშინ როდესაც «ამიერკავკასიის» ხაზის გვერდით – ჩვენ გვმართებდა ეროვნული გეზის აღებაც, გვმართებდა არ დაყოვნება ეროვნული თვითორგანიზაციით, მით უფრო რომ ბედმა გვარგუნა საბედისწერო გეოგრაფიულ მიჯანზე ყოფნა და მცირეოდენი ცვალება საერთაშორისო განწყობილებაში ამ კატაკლიზმების დროს ჩვენ გვიქადოდა სრულს განადგურებას, ან ველური ურდოების წინ ქედის მოხრას.

და ჩვენ დავიგვიანეთ კიდეც.

და მაინცა და მაინც თუ წარსული წლის მანძილზე არც ერთი დამორჩილებული ერი რუსეთის სახელმწიფოსი არ იმყოფებოდა ისეთს ხელსაყრელ პირობებში – როგორც ჩვენ – ეროვნულ იდეალების უკლებლივ მისაღწევად, დღეს ჩვენი ხელმძღვანელი დასების პოლიტიკური დილეტანტობის წყალობით სრულიად უორგანიზაციო ეროვნულად და ყოველსავე რელურ ძალას მოკლებული ვდგევართ უფსკრულის პირას. არასოდეს პანმონგოლიზმის საფრთხე (ისტორიული – მე ვიტყოდი, როგორც წარსულის ისე კიდევ უფრო სამერმისო საფრთხე) არ ყოფილა ისე ახლო ჩვენთან, როგორც დღეს. ადგვილად შესაძლებელია ჩვენ შემოგვერტყას კიდეც ის საბედისწერო რკალი, რომლისაგან თავის დაღწევას ჩვენი წინაპრები სცდილობდნენ. რკალი დაწყებული ბათომიდან, და იქნებ გათავეული აფხაზეთით (ბორჩალოს და საინგილოს მიჯნაზე შემოვლებული). ეს იგივე ფატალური რკალია, რომელშიაც მოექცა სომეხთა ერი წინა საუკუნოებში, და თუ ეს ახდა, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენც სომეხთა ერის შემდგომ «საბედისწერო რიგში ჩავდექით»*... და ამ კატასტროფას აგვაშორებდა, და თუ ვერა, მის შედეგებს მაინც გაანელებდა ჩვენი დროული თვითორგანიზაცია და ეროვნული ენერგიის ინტენსიური შემოკრება, და ამასთან – იმ საერთაშორისო განწყობილებაში, რომელიც იყო წარსული წლის მანძილზე და თითქმის დღემდე, – წინდახედული ეროვნული პოლიტიკა მიმართული სამხრეთის კერძო**...


ასეთია დღევანდელი ვითარება. ჩვენ არ ვიცით როგორ გადაივლის ეს საბედისწერო კრიზისი. იქნებ აგვცდეს კიდეც ბედის რისხვა, მაგრამ ფაქტი კი ის არის, ასეთი განსაცდელის დროს ჩვენ მართლაც რომ მარტოოდენ ამ ბედის ანაბარა ვართ მიშვებულნი, და გვიხდება მოიმედე ვიყვეთ ამ «ერთობლივი» ამიერკავკასიისა, რომელსაც შესაძლოა სწორედ დღეს დაუდგეს ის მეცხრე თვე, რომელზედაც ზემოთ ვამბობდით. დღეს ჩვენ სავსებით დამოკიდებული ვართ გარეშე ძალთა განწყობილებისაგან, რომლის განაჩენი სრულის მორჩილებით უნდა მივიღოთ. და თუ მოსალოდნელი განსაცდელი მართლაც აგვცილდა, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენ დიდი პოლიტიკური ავანტჲურა შევირჩინეთ;

ასეთ პირობებში, როდესაც მოახლოვებული კატასტროფა კიდეც ლანდებს ისვრის წინ, გამართვა აკადემიური საუბრისა «კავკასიის» ეროვნული კოლექტივების საზღვრების შესახებ – მეტად სამძიმოა ჩვენთვის მორალურად; და ისედაც გორდის კვანძი აქ, ადვილად მოსალოდნელია ალექსანდრეს ხმალმა გაჰკვეთოს, და «ამიერკავკასიის სეიმი» (ეს ჯერჯერობით უკანასნელი ეტაპი რუსეთის ადმინისტრაციული ტერმინის პოლიტიკური მგზავრობისა), რომელსაც მივალებული აქვს ამგზის ამ კითხვის გადაჭრა, – იქნებ ვერც-კი მოესწროს ამაზე მსჯელობას. მაინც, მე ვფიქრრობ, ბაასი ამ საგანზე თავისთავადაც არ უნდა იყვეს უმნიშვნელო, რადგან იშვიათია სხვა ხალხი, რომელიც ასე ნაკლებ იცნობდეს თავის ქვეყნის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, ვიდრე ჩვენ...

ამ წინადგრძნობით შეპყრობილი გადავდივართ საუბრის საგანზე. პირველ რიგში განვიხილავთ საქართველოს საკითხს, მიმდევნოთ სხვა ქვეყნების კითხვას შევეხებით.

შემოვფარგლოთ ჯერ საქართველოს ბუნებრივი (ამავე დროს ისტორიული) საზღვრები.

_______
* ტჲუტჩიევის თქმა (მისი ლექსიდან – უფროსი ძმის სიკვდილზე)
** არა მარტო სამხრეთის, ახლო ჩრდილოეთის მხრიდანაც. ამ საბედისწერო რკალის გარღვევის პოლიტიკა ჩვენ გვიკარნახებს ახლო კავშირს კავკასიის მთეულებთან, და საამისოდ მართლაც არის რეალური პირობები. მთიელებს ჩვენთან აერთებს არა მარტო ძმური რასსიული ნათესაობა, არამედ – საარსო ინტერესებიც. პანმონგოლიზმის საფრთხე ორმხრივ ელის ქართულ-კავკასიურ რასსას: სამხრეთით – თურქებისა, ჩრდილოეთით – რუსების; ერთი – პირველ რიგში ემუქრება საქართველოს, მეორე – მთეულეთს. და თუ საქართველოს ავანგარდი მესხეთი კულტურულად თითქმის ჩამოგვაშორა ოსმალეთმა წარსულ საუკუნეებში, რუსეთმა – უკანასკნელ ას წელში სრულებით ამოშალა მთეულეთის რუკიდან საჩერქეზო, და ეთნოგრაფიულად კავკასიის კარებს მიებჯინა. ამ სამერმისო პერსპექტივაზე მქონდა პატივი მელაპარაკნა კავკასიის მთიელთა პირველ ეროვნულ ყრილობაზე (წარსულ მაისს), ხოლო საქართველოში მარტოოდენ აკადემიურ წრეებში, რადგან ჩვენში მხოლოდ აკადემიურ წრეში თუ შეიძლება ასეთ საგნებზე ლაპარაკი... ჩვენ აქაც დავიყოვნეთ, იქნებ სამუდამოდ, რომ არა ვთქვათ იმ კულტურული მისიის შესახებ, რომელიც ქართველობას ევალებოდა – და ახლაც ევალება – კავკასიის მთეულეთში (ამ კულტურულ მისსიაზე საუბარს ჩვენ გვექნება შემთხვევა კვლავ დავუბრუნდეთ), – აქ აღვნიშნავდი მხოლოდ, რომ წარსული წლის მანძილზე მართლაც იყო ნიადაგი მთეულეთთან ახლო კავშირისათვის; მთეულებში ბუნებრივი რასსიული მიზიდულობა არის ქართველობასთან («ქედს გადაღმა მთიელებთან» – როგორც ხსენებულ ყრილობაზე ითქვა), და თითონ მთიელების ხელმძღვანელი წრეები იზიარებდნენ კიდეც ქართულ ორიენტაციას, ვიდრე უიმედო არ გამოდგა ჩვენი პოლიტიკური თვითგამორკვევის ლოდინი. და უნდა ვიცოდეთ, მომავალში ეს კავშირი იქნებ შეუძლებელიც გახდეს, რადგან მთეულეთი მეთოდურის თანდათანობით თურქდება როგორც კულტურულად, ისე ლინგვისტურად, და არც ისე შორეულ მერმისში საბოლოოდ გადაგვარდება, თუ-კი იგი თურქების უშუალო გავლენის ზონაში მოჰყვა. და მაშინ ჩვენი ისტორიის მაგისტრალი დასრულდება კიდეც...

ფოტოზე: 1917 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილე, 1917 წლიდან 1919 წლამდე ეროვნული საბჭოს, შემდგომში პარლამენტის წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი, 1919 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი გამგეობის წევრი, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია-ოკუპაციის (1921 წ.) პროტესტის ნიშნად 1921-1923 წლებში «შავჩოხიანთა ჯგუფის» წევრი, 1924 წელს ჟურნალ «კავკასიონი»-ს დამფუძნებელი, 1924-25 წლებში ჟურნალ «ახალი კავკასიონი»-ს დამფუძნებელი, 1928 წელს გამომცემლობა «ქართული წიგნი»-ს დაფუძნების ინიციატორი, 1929-1939 წლებში სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგე, 1936-1938 წლებში «დიდი საბჭოთა ენციკლობედიის» სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი, 1916 წელს თამარ მეფის სამადლობელი საგალობელის - «გალობანი ვარძიისანი»-ს და 1953 და 1971 წლებში «ვეფხისტყაოსანი»-ს გამომცემელი, რუსთაველის და «ვეფხისტყაოსანი»-ს მკვლევარი, რიტმული პოეზიის მაგალითების აღმომჩენი, ძველი ქართული სანოტო სისტემის გამშიფრავი, 31 ქართული საეკლესიო ჰიმნისა და 1200-მდე საგალობელის მომძიებელი, ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე მონოგრაფიების გამომცემელი, საქართველოს და კავკასიის ტერიტორიებზე, საზღვრებზე, ეთნიკურ შემადგენლობაზე, აფხაზეთის ოლქის შესახებ ფუნდამენტური შრომების ავტორი, გრიგოლ ხანძთელის და გიორგი მერჩულეს აღმომჩენი და მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მეცენანტი, საზოგადო მოღვაწე პავლე ინგოროყვა (1893-1983)
II. საქართველოს ტერიტორია

საქართველოს პოლიტიკური საზღვრები ხშირად იცვლებოდა წარსულში, მაგრამ საქართველო ყოველთვის ერთსა და იმავე ტერიტორიას ერქვა; ეს არის ის რვა პროვინცია, რომელზედაც ქართველი ერი მოსახლეობას მთელი მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე: ქართლი, კახეთი, სამცხე-საათაბაგო (– ეხლანდელი სამუსულმანო საქართველო: მესხეთი – ლაზისტანით), იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი.

ეს ტერიტორია, საქართველო, გარდა იმისა, რომ იგი ერთი მთლიანი კულტურულ-ისტორიული ერთეულია, – იგი ამავე დროს ერთი მთლიანი და განუყოფილი ფიზიკო-გეოგრაფიული პროვინცია არის, ერთი ქვეყანა შემოფარგლული ბუნებრივი საზღვრებით. ჩრდილოეთით მას არტყია კავკასიონის ქედი; სამხრეთით მას აკრავს სომხეთის ზეგანი, რომლისაგან გამიჯნულია თოვლიანი მთების ერთი განუწყვეტელი სისტემით; დასავლეთით არტყია ზღვა; და მხოლოდ ერთი ვიწრო პირით – სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან – ეკვრის საქართველო ადერბეჯანის ბარსა, მაგრამ აქედანაც მას ჰერეთის უდაბური ველები და საქართევლოს რეინი მტკვარი გაჰყოფს.

აი დეტალურად საქართველოს ისტორიული და ამავე დროს ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრები:

ა) ჩრდილოეთით: საზღვარი იწყება შავი ზღვის პირას გაგრის კარებიდან და მისდევს ჯერ კავკასიონიდან ჩამოსულ გაგრის მასსივს; აქედან მიჰყვება კავკასიონის უმაღლეს მთაგრეხილზე – პირიქითელ შტოზე – რომელიც შემოფარგლავს ხევს, ხევსურეთსა და თუშეთს; თუშეთიდან საზღვარი ხელახლა მიჰყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს ვიდრე კახის (ქურმუხის) თავამდე საინგილოს ბოლოში;

ბ) აღმოსავლეთი საზღვარია – ხაზი კავკასიონის ქედიდან ვიდრე მტკვარ-ალაზნის შესართავამდე (ქურმუხის ხეობის აღმოსავლეთი მიჯნა). გ) სამხრეთით: ჯერ მტკვარი – ალაზნის შესართავიდან ქცია-ხრამის შესართავამდე, შემდეგ მთების ერთი მთლიანი წყება: ყაზახ-ბორჩალოს ქედი, სომხეთის ქედი, აბოც-ჩილდირის ზეგანის სამხრეთი კვერნაქი, მესხეთის (ირიჯლუს) ქედი, საქართველოს ყელის (გურჯი-ბოღაზის) შტო, ლაზისტანის ქედი და აქედან ჩამოსული კვერნაქი რომელიც მიადგება შავ ზღვას რკინის-პალოს კარებთან რიზეს სამხრეთით.

დ) დასავლეთი საზღვარია – შავი ზღვა რკინის-პალოს კარებიდან მოკიდებული ვიდრე გაგრის კარებამდე.

ამ ტერიტორიას დღევანდელის ადმინისტრატიულის დანაწილებით შეიცავს: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბათომის მხარე, სოხუმისა, ზაქათალის, არტაანის და ოლთისი ოლქები და ამათ გარდა ოთხი ჩამონაჭერი მიწერილი არა ქართულ ადმინისტრატიულ ერთეულებზე: გაგრის უბანი, ქვემო-ყარაის ველები, ბამბაკი და აბოცი*.

ეს რუსეთის საქართველო, ოსმალეთის საქართველოს ტერიტორიას შეიცავს: კისკიმის, თორთუმის და ისპირის ყოფილი კაზები და ლაზისტანის ყოფილი სანჯახი.

ასეთია საქართველოს ტერიტორიის ფარგლები. ეს ტერიტორია არის საქართველო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი ერის მიწა-წყალი, სადაც მას უწარმოების თავისი ისტორია, და რომლის ყოველი მიდამო მოფენილია ქართული მრავალფეროვანი კულტურის მონუმენტებით. აქ არ არის მითვლილი არც ერთი ნაჭერი მიწა, რომელიც დაპყრობით ან სხვა რაიმე გზით ყოფილიყვეს შემოერთებული (ასეთი პროვინციებიც – როგორც ცნობილის – არა ერთი დ ორი შედიოდა საქართველოს სახელმწიფოში, თვით რუსეთთან შეერთების დროსაც), აქ შემოფარგლულია მარტოოდენ ძირეული ქართული ქვეყნები.
_______
*გაგრის უბანი – ეს აფხაზეთის ჩრდილოეთი სექტორი არის, მიწერილი დღეს სოჭის ოლქზე; ქვემო-ყარაია – კახეთის ნაწილია (შირაქ-ივრის ველების პირდაპირი გაგძელება მტკვრამდე), რომელიც მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში აგმინისტრატიული გამიჯვნის დროს მიაწერეს ადერბეჯან ის მაზრებს (ყაზახსა და განჯას); ბამბაკი და აბოცი ქართლის სამხრეთი ოლქებია, რომლებიც აგრეთვე მეცხრამეტე საუკუნეში შეუერთეს სომხეთის მაზრებს (ალექსანდროპოლსა და ყარსს).

ამათ გარდა საჭიროა კიდევ ორგან შესწორდეს დღევანდელი ადმინისტრატიული საზღვრები. სახელდობრ, ხევის განაპირა ნაწილი – მიწერილია დღეს თერგის მხარეზე (– სოფელ ლარსისი რაიონი), ხოლო ქისტეთის რამდენიმე სოფელი შემოერთებულია ჩვენს ხევსურეთზე(– სახანოს საზოგადოება).

* * *
მთელი ეს ტერიტორია, საქართველო, სულ უკანასკნელ დრომდე დასახლებული იყო ერთიან ქართველობით. ბოლო დროებში, საქართველოს პოლიტიკურად დასუსტების ხანაში, ზოგ განაპირა ოლქში უცხო ელემენტი გაძლიერდა. განსაკუთრებით საზიანო იყო საქართველოს ეთნოგრაფიული მთლიანობისთვის წარსული საუკუნე, საუკუნე რუსთა მფლობელობის დამკვიდრებისა კავკასიის ქედს გადმოღმა. რუსეთის პოლიტიკა აშკარად იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს ტერიტორია, ყველაზე კომპაქტი და ეროვნულად ერთფეროვანი ერთეული ამიერ-კავკასიის სამფლობელოში ეთნოგრაფიად აეჭრელებია და ამით გამოეწვია დასუსტება ქართველობის, როგორც ყველაზე კულტურული და სახელმწიფოებრივი ერისა ტრანს-კავკასიაში. სწორედ ამ პოლიტიკის წყალობით მოხდა მასიური ემიგრაცია მაჰმადიანი ქართველებისა მესხეთის ოლქებიდან, და მათ ნაოხარზე გადმოსახლებული იქმნა უცხოელობა, ასე – ჯავახეთში; ამავე მიზნითვე ყოველნაირად ხელს უწყობდენ სამშობლოში დარჩენილ მაჰმადიან ქართველების ლინგვისტურად გათურქებას, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ თუ მეცხრამეტე საუკუნის კარებამდე თითქმის მრთელი მესხეთი ქართულ დედა-ენაზე ლაპარაკობდა, წარსული საუკუნის მანძილზე იქ ბევრგან თურქული ენა გავრცელდა; ასეთსავე პირობებში გაძლიერდა უცხოელთა მოსახლეობა ქართლის სამხრეთ სანაპიროებზე, ასე წალკაზე და სამხრეთით, სადაც წარსულ საუკუნეთა ხშირი ომიანობისა გამო ძირეული ქართული მოსახლეობა მეტად შემცირებული იყო და სადაც მზა-მზარეული საკოლონიზაციო მიწის ფონდი მოიპოვებოდა.

დღეს საქართველოს ტერიტორიული ავანგარდები, ნარევმოსახლებიანი ოლქები, სადაოდ არის აღიარებული ზოგი პოლიტიკური წრეეების მიერ. ეროვნული მაქსიმალისტები მომიჯნავე ერებისა მოითხოვენ ბოლო დროს შექმნილი ეთნოგრაფიული ურთიერთობის მიხედვით შეცვლას ისტორიული საზღვრებისა, თუმცა ეს უკანასკნელი საზღვრები – როგორც ვნახეთ – თითონ ბუნებისაგან გამოკვეთილ მიჯნებს გასდევს.

რეალური მოსახლეობის პრინციპი, რომელითაც ამართლებენ თავის პრეტენზიებს ეროვნული მაქსიმალისტები, საზოგადოდ დღეს მეტად პოპულარულია ჩვენში. ბევრი მზად არის კიდეც, მარტოოდენ ამ საზომით მიუდგეს «კავკასიის» გამიჯნვის კითხვას. მართლაც ეს პრინციპიც უსაცილოდ მისაღებია სახემძღვანელოდ, მაგრამ სხვა ფაქტორების გვერდით, რომელზედაც ქვემოდ გვქონდა საუბარი და ამასთან რეალური მოსახლეობის პრინციპს თან უნდა ახლდეს ისტორიული კრიტერიუმი. წამოყენება რეალური მოსახლეობის პრინციპისა სამართლიანი იქნება მხოლოდ იქ, სადაც ეს სამართლიანობა დარღვეული არ ყოფილა მოსახლეობის ეხლანდელი სახის შექმნის დროს. მაგრამ თუ დღეინდელი მოსახლეობის მიხედვით გადავწყვეტთ ისეთ მხარეთა ბედს, რომელიც, კოლონიზაციისა და ძალმომრეობის გზით არის გადარჯულებული, ეს ყველაზე ნაკლებ შეიძლება გამართლებულ იქმნას სამართლიანობის სახელით. გაზომვა აქ «რეალური» მოსახლეობის მეტრით, ეს ბოლოს და ბოლოს «რეალური» უსამართლობა იქნება და ძალმომრეობის დაკანონება. და მოკლედ რომ მოვჭრად – რეალური მოსახლეობის პრინციპით ხელმძღვანელობის დროს ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს არა მარტო დღეინდელი მოსახლეობა, არამედ მოსახლეობა მრთელი ისტორიის მანძილზე, – უნდა ვითვალისწინებდეთ არა მარტოოდენ დღეის დღეს. არამედ წარსულსაც და მომავლის პერსპექტივას, ერის სამერმისო საჭიროებას... და ჩამორთმევა ქართველი ერისათვის ძირეული ქართული ქვეყნებისა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მისი პოლიტიკურად უფლება-ახდილობის ხანაში გაძლიერდა უცხო ელემენტი, – ქვეყნებისა, რომელიც მორწყულია მისი ოფლითა და სისხლით, რომელთანაც გადაბმულია იგი თანამედროვე და სამერმისო რეალური საჭიროებით, ეს იქნებოდა ყოველგვარი საჭიროების დათრგუნვა და ქართველი ერის უფლებათა აბუჩად აგდება. ქართველობა ვერ შეურიგდებოდა ამ ძალადობას, – და ეს ნაკლების უფლებით, ვიდრე ჩეხები ბოჰემიის ოლქების დაკარგვას, პოლონელები პოზნანის სანაპიროების ჩამოშორებას, და ან ჩვენი მეზობელი სომხები სამხრეთი-სომხეთის მოტაცებას.

საქართველოს ტერიტორიულ ავანპოსტებზე – ზემოთ რომ ვახსენეთ, – არა ერთი და ორი პრეტსენდენტი აცხადებს უფლებას. და აკი კიდეც საქართველოს სახელმწიფო გერბზე თითქოს წინასწარმეტყვლებით წარწერილი სიტყვები: «განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ჩემსა ზედა იყარეს წილი»...
_______
P.S. ჩვენ აქ აღარ ვამთავრებთ წინადადებასაც... ეს გვერდები უკვე დაბეჭდილი იყო, როდესაც მდგომარეობა შეიცვალა და ჯერხნობით ზედმეტად მიგვაჩნია გამოვაქვეყნოთ ამ მოხსენების დანარჩენი ნაწილი საქართველოსი და მეზობელი ქვეყნების სადაო ტერიტორიული საკითხების პრეციზული განხილვა. ჩვენი წინადგრძნობა მართლდება. 17 ამ თვეს ტელეგრაფმა მოგვიტანა სამწუხარო ცნობა, რომლის განმეორება აქ გვიძნელდება და არც არის საჭირო... და ეს იქნებ პრელუდია იყვეს კატასტროფის... მაინცა და მაინც, თუ ძალთა განწყობილება არ შეიცვალა, ბათომთან იჭედება პირველი რგოლი იმ რკალისა, რომელზედაც ზემოთ ვამბობდით, პირველი რგოლი ჯაჭვისა, რომლითაც პრომეთე კავკასიონზე უნდა მილურსმონ.
_______
«17 თებერვლის სამწუხარო ცნობა» გულისხმობს დეპეშას, რომლითაც საქართველოში შეიტყვეს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელი მოეწერა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებისათვის და ამ აქტით ოსმალებითვის დაეთმო ყარსი, ბათუმი და არდაგანი (შენიშვნა როსტომ ჩხეიძისა).

ჟურნალი «პრომეთე», N. 2, 1918 წელი
«საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ», რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა «სარანგი», 1990 წ.

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."