მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ნებაყოფლობით ოსვენციმში
ეს 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ქმედება იყო: 1940 წელს, ვიტოლდ პილეცკიმ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იმისათვის შეაღწია, რომ იქიდან ინფორმაცია გამოეტანა. მაგრამ ანტიჰიტლერული კოალიციამ მისი არ ირწმუნა – ხოლო კომუნისტებმა ღალატიც კი დააბრალეს.

ვარშავა, მოკოტოვის საპყრობილე, 1948 წლის 25 მაისი: საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ჯარის მიერ არაერთხელ დაჯილდოვებული, პატიმარი ვიტოლდ პილეცკი სპეციალურ საკანში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში ის მკვდარია: კეფაში ნატყვიარით. ეს კომუნისტების მკვლელობის ჩვეული მეთოდია.

აქ მკვლელობაზე უნდა ვისაუბროთ, იუსტიციის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე, რადგან ყოველი ადამიანური საზომით პილეცკი გმირი იყო, რომელიც მთელი ცხოვრება სიკეთისთვის იბრძოდა. 1939 წელს, მან საკუთარი ძალებით თავდამსხმელ გერმანელთა ჯარის 7 ტანკი და 3 თვითმფრინავი გაანადგურა. 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს კი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენობა კბილებდე შეიარაღებული ოკუპანტებისაგან თითქმის მხოლოდ მარტომ დაიცვა.

მაგრამ ეს ყველაფერი ომის შემდეგ ახალ ხელისუფლებას არ აინტერესებდა: როგორც ყველა იატაკქვეშ მოქმედ ჯარისკაცს, პილეცკისაც არ სურდა საბჭოთა კავშირის მიერ დომინირებული პოლონეთი – და ამიტომ ის, რომელმაც ყველა შესაძლო საშუალებით ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოლა, კომუნისტების უცნაური ლოგიკით «ფაშისტი» და «იმპერიალიზმის ჯაშუში» გახდა, რომელსაც ვითომ ჯაშუშობის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯეს. მისი გვამი ანონიმურ საერთო საფლავში ჩააგდეს, მისი ოჯახი დევნეს, მისი სახელი სისტემატიურად აკრძალეს. ამიტომ არის დღეს პილეცკის ცხოვრება თითქმის უცნობი.

ფოტოზე: ოსცენციმის საკონცენტრაციო ბანაკში წინააღმდეგობის მოძრაობის დამაარსებელი, ოსცენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან ანტიჰიტლერული კოალიციისათვის პირველი ინფორმაციების მიმწოდებელი, 1944 წელს პოლონეთის ამბოხის მონაწილე, პოლონური შლახტების დინასტიის წევრი, 1863 წელს პოლონეთის აჯანყების მონაწილეთა შვილი, ნაციონალ-სოციალისტური და კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლთა დამცველი ვიტოლდ პილეცკი (1901-1948)

ფოტოზე: პოლონეთის ჯარის როტმისტრი, პოლონეთის განდევნილი ხელისუფლების იატაკქვეშა მოძრაობის წევრი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წინააღმდეგობის მოძრაობა «პოლონეთის საიდუმლო არმიის - Tajna Armia Polska » დამაარსებელი, «სამშობლოს დამცველთა - Armia Krajowa» წევრი ვიტოლდ პილეცკი 1922 წელს
ნებაყოფლობით ოსვენციმისაკენ

ვარშავა, 1940 წლის 19 სექტემბერი, დილის 6 საათი: ვიტოლდ პილეცკი ქუჩაში განზრახ გავიდა - რადგან იცოდა, რომ ვერმახტი და ესეს-ი რეიდს აწარმო
ებდნენ. ის დააპატიმრეს და ოსვენციმში მიიყვანეს. მას სწორედ ეს ჰქონდა განზრახული, რადგან ყბადაღებული ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის საკუთარი თვალით ნახვა, წინააღმდეგობის გაწევა, ანტიჰიტლერული კოალიციის შენჯღრევა და ტყვეთა შველა სურდა. რამდენადაც ცნობილია, პილეცკი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ოსვენციმში ნებაყოფლობით მოხვდა.

მისი გეგმა სიგიჟეა, მაგრამ ის მოქმედებს, საწყის ეტაპზე მაინც. საკონცენრაციო ბანაკში პილეცკიმ წინააღმდეგობის მოძრაობის ქსელის გაბმა შესძლო. საჭმელი და წამლები ჩუმად შეჰქონდათ, ამბოხი მზადდებოდა. როდესაც მან 1940 წლის ნოემბერში შეიტყო, რომ ერთი ტყვე თავისუფლდებოდა, მისი მეშვეობით პილეცკიმ ვარშავაში თავისი პირველი ზეპირი ანგარიში გააგზავნა. 1941 წლის მარტში შეტყობინება ლონდონამდე აღწევს – ესაა ანტიჰიტლერული კოალიციის მფლობელობაში არსებული პირველი ოფიციალური დოკუმენტი ოსვენციმის შესახებ. თუმცა ისინი შედეგს არ გამოიღებენ, რადგან მათ გადაჭარბებულად მიიჩნევენ.

რასაც პილეცკი აღწერს, რეალურად მძაფრად მოქმედია: თუმცა ამ პირველ საკონცენტრაციო ბანაკს ოსვენციმში ადამიანთა სიცოცხლის განადგურების სპეციალური განყოფილება ფაქტობრივად არ გააჩნია, როგორც დაახლოვებით სამი კილომეტრით დაშორებულ ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკს საკუთარი გაზის კამერები, ადამიანები აქაც იღუპებიან. მათ ზედამხედველები სასიკვდილოდ სცემენ, ისინი სამუშაოს შესრულების დროს დროს ნადგურდებიან, ტიფი ჰკლავთ. უპირატესად პოლონელი ტყვეები მორალურად რომ გატეხონ, პოლონურ დღესასწაულებზე მათ მასობრივ დახვრეტებს აწყობენ.

«მან მათ ტანთ გახდა უბრძანა»


ესეს-ის ჰაუფთშარფფიურერი გერჰარდ პალიჩი მკვლელობის მეთოდით გამოირჩეოდა. ის უპირატესობას პისტოლეტს ანიჭებდა და სანამ მომდევნო მსხვერპლი მოემზადებოდა, შუალედში სიამოვნებით უსტვენდა სიმღერას. «ეს იყო მოხდენილი ყმაწვილი, რომელიც ბანაკში არავის სცემდა, რადგან ეს მისი სტილი არ იყო», წერს პილეცკი მის შესახებ. ზოგჯერ მასთან «გასართობად» მოქალაქეებიც მოჰყავდათ – პილეცკი ამ სცენას ასე აღწერს: «გოგონებს პალიჩი ტანთ გახდას და ჩარაზული ეზოს ირგვლივ სირბილს უბრძანებდა. ის ცენტრში იდგა და დიდი ხანის განმავლობაში ირჩევდა, მერე უმიზნებდა, ესროდა და ჰკლავდა – ყველას ერთმანეთის მიყოლებით. არცერთმა მათგანმა არ იცოდა მაშინვე ვინ მოკვდებოდა და კიდევ ცოტა ხნით ვინ იცოცხლებდა.

თავად პილეცკის სიცოცხლეს რამდენიმეჯერ დაემუქრა საფრთხე. მხოლოდ სანიტრების დახმარებით, რომლებიც მის ამბოხებულთა ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ, გადაურჩა ტიფს და ფილტვების ანთებას, რისთვისაც სხვა ავადმყოფებს როგორც წესი სასიკვდილო ვაქცინებს უკეთებდნენ.

საშიშ სიტუაციებს ჰქმნიდა ასევე ის, რომ პილეცკის საკუთარი ვინაობა საიდუმლოდ უნდა შეენახა. საკუთარი ოჯახისთვის რომ არ ევნო, საკონცენტრაციო ბანაკში თომაშ სერაფინსკად დაარეგისტრირებინა თავი. ეს მისთვის უცნობი პოლონელი ოფიცერის გვარი გახლდათ, რომლის პირადობის მოწმობა მან ვარშავაში შემთხვევით იპოვნა. თუმცა ახლად მიყვანილმა ტყვეებმა პილეცკი არაერთხელ იცნეს და მას მისი ნამდვილი სახელით მიმართეს. მისმა ძმისშვილმა, რომელის სხვა 16 და 17 წლის მოსწავლეებთან ერთად ოსვენციმში იმიტომ მიიყვანეს, რომ პატრიოტულ სიმღერებს მღეროდა, მის დანახვაზე შესძახა: «აჰ, ბიძაჩემო!». საბედნიეროდ ეს ესეს-მა ვერ გაიგონა.

არავითარი დახმარება ანტიჰიტლერული კოალიციისაგან

მაგრამ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნიდან ორნახევარი წლის შემდეგ, პილეცკიმ მოთმინება დაჰკარგა: ტყვეთა აჯანყება, როგორც ის ამას გეგმავდა, უაზრობად მიაჩნდა მანამდე, სანამ გარედან იმავდროული შეტევა არ იყო მოსალოდნელი. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ მისი მომეტებული სასწრაფო დახმარების თხოვნები, რომლებსაც ის მათ პოლონური წინააღმდეგობის მოძრაობის საინფორმაციო ქსელის მეშვეობით აწვდიდა, არასერიოზულად მიიჩნია. საბოლოოდ, როცა ესეს-მა წინააღმდეგობის მოძრაობის განადგურება დაიწყო, მან გაქცევა გადაწვიტა. «შესაძლებელია», როგორც მას ერთი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი ეკითხება, «ოსვენციმში სურვილისამებრ შესვლა და გამოსვლა?» - «დიახ, შესაძლებელია», უპასუხა პილეცკიმ.

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეუძლია: ამას გაბედულება სჭირდება და იღბალი, თანაც ძალიან დიდი. პილეცკიმ გაქცევა აღდგომის ორშაბათს გადაწყვიტა, რადგან ამ დღეს კონტროლი ნაკლებად მკაცრი იყო. დეტალები წამის სიზუსტითაა გათვლილი. წინააღმდეგობის მოძრაობამ მას საჭირო დოკუმენტები მოუმზადა, რომლითაც ბანაკიდან ორნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე საცხობში შეეძლო ემუშავა. ერთმა ზეინკალმა, ოსვენციმში, პურის გულში გაკეთებული ანაბეჭდის საფუძველზე საცხობის კარის გასაღების ასლი დაამზადა, რომელიც თანამზრახველმა მეფუნთუშემ გააკეთა.

1943 წლის 26 აპრილს ყველაფერი მზადაა. პილეცკი საცხობში ღამის ცვლაშია განაწილებული. როგორც კი ესეს-ის დარაჯს ჩაეძინა, ის და მისი ორი კოლეგა, რომელთაც ასევე სურდათ გაქცევა, კარებს მიადგნენ. გასაღები გამოდგა, მაგრამ თავისუფლებისაკენ გზას ერთი ძელიღა კეტავდა. მოულოდნელად უკნიდან სხვა ესეს-ის დარაჯი მიუახლოვდა და კარი და ძელი შეამოწმა. ვერაფერი შეამჩნია. ყოველ შემთხვევაში, განგაში არ ატეხა. რამდენიმე წამში უკვე გარეთ იყვნენ. «ჩვენს გახურებულ თავებზე სიცივემ დაგვკრა, ცაზე ვარსკვლავები აციმციმდნენ, თითქოს გაგებით გვიციმციმებდნენ.»

მოულოდნელი შეხვედრა

ისინი პირდაპირი მიმართულებით მირბიან. ვისლასთან (მდინარე პოლონეთში, რედ.) კიდევ ერთხელ გაუმართლათ: საცხობის გასაღები იმ ბოქლომსაც მოერგო, რომლითაც აქ ნავები იყო მიბმული. მეორე ნაპირზე გადავიდნენ და იქვე მდებარე ტყეს შეაფარეს თავი. მიუხედავად მათი მდგომარეობისა, თავისუფლების ყოველი წამით ტკბებოდნენ: «ყველაფერი გვხიბლავდა, მთელი სამყარო გვიყვარდა». საშიშროება კიდევ ერთხელ მაშინ შეიქმნა, როცა ერთი გერმანელი ჯარისკაცი საიდანღაც გაჩნდა და გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნა. სროლას პილეცკი მხარში ერთი უსაფრთხო ჭრილობით და ტანსაცმელში ოთხი ნატყვიარით გადაურჩა. 60 კილომეტრის დაფარვის შემდეგ, კრაკაუს მახლობლად მცხოვრებ ერთ ოჯახამდე მიაღწიეს, რომლებმაც ისინი შეიფარეს.

ფოტოზე: ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეულები: (მარცხნიდან მარვნივ) იან რადზეი, ვიტოლდ პილეცკი და ედვარდ ჩისილსკი. სურათი გადაღებულია 1943 წლის ზაფხულში, ოსვენციმიდან გაქცევის შემდეგ, ნოვი ვიჟნიჩში მდებარე სარაფინსკების სახლის წინ.
ბოლოს და ბოლოს, პილეცკიმ პოლონური ჯარის ადგილობრივი პოსტის კომენდანტი მოინახულა, რომელიც იატაკქვეშეთში გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. როცა ის მის გვარს შეიტყობს, გაოგნდება: ეს თომაშ სერაფინსკია, ის კაცი, «ვისი სახელითაც ამდენი დღე ჯოჯოხეთში დაჰყო».

ორივე სერაფისკი, ნამდვილი და ყალბი, ერთმანეთს მხურვალედ გადაეხვია. «ერთმანეთს გულითადად ვკოცნიდით და მყისიერად მეგობრები გავხდით», წერს პილეცკი. მოგვიანებით სერაფისკი გვარის ბოროტად გამოყენებისათვის მწარედ ზღავს – მას საპყრობილეში უკრავენ თავს და აწამებენ.

პილეცკის ანგარიში

პილეცკის პირადი ბედი უფრო მეტად ტრაგიკულია. გაქცევის შემდეგ, ის ოსვენციმზე პირველ ვრცელ ანგარიშს სწერს – ეს ჰოლოკოსტის პირველი სარწმუნო დოკუმეტია, რომელიც ანტიჰიტლერული კოალიციის ხელში მოხვდა. «ბირკენაუში», წერს პილეცკი, «ადამიანთა მთელი ეშელონები გაზის კამერებში ნადგურდებიან, რომლებსაც მატარებლებით და მანქანებით მიერეკებიან, ხანდახან რამდენიმე ათასს დღეში. ძირითადად ებრაელებს.» მაგრამ მისი არ სჯერათ, და თუ სჯერათ, ნებისმიერი ჩარევა უიმედოდ მიაჩნიათ.

მეორეს მხრივ, მისი ქვეყნისთვის ნანატრი თავისუფლება უფრო და უფრო შორეული ხდება. თუმცა 1945 წელს გერმანელები განდევნეს, მაგრამ ეს პოლონეთისთვის გამარჯვება არაა. იქმნება მოსკოვის სატელიტი სახელმწიფო, სადაც სასტიკი რეპრესიები სუფევს. პილეცკის, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ სურს არსებულს მოერგოს, უთვალთვალებენ, აპატიმრებენ და აწამებენ. საპყრობილეში მას ხელებზე ფრჩხილებს აძრობენ. როცა მას ჯალათები ოჯახის წევრების დაპატიმრებით დაემუქრნენ, ის წინასწარ გამზადებულ აღიარებას აწერს ხელს ისე, რომ არც კი კითხულობს. ეს კი, იმავე დროს მისი სასიკვდილო განაჩენია.

ფოტოზე: 1948 წლის 3 მარტი, უკვე ნაწამები ვიტოლდ პილეცკი სამხედრო ტრიბუნალზე ჩვენების მიცემისას
1990 წელს, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ, პილეცკი იურიდიულად იქნა რეაბილიტირებული. 2000 წელს კი, პირველად გამოიცა მისი ოსვენციმის დეტალური ანგარიშების კრებული. 2006 წელს, მას სიკვდილის შემდეგ პოლონეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი არწივი გადაეცა.

ფოტოზე: 1940 წელი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კარტოთეკა: ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის უკანონო პატიმარი ვიტოლდ პილეცკი

ფოტოზე: კომუნისტური პოლონეთის პოლიტიკური პატიმარი ვიტოლდ პილეცკი - 1947 წლის დასაწყისში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად მან პოლონური ჯარის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მტკიცებულებები შეაგროვა. 1947 წლის 8 მაისს ის პოლონურმა უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა.
ბოლო (2012 წლის, რედ.) ზაფხულის შემდეგ, ვარშავის ძმათა სასაფლაოს ექსუმაცია მიმდინარეობს. ასზე მეტი კომუნიზმის მსხვერპლის ნეშთია ნაპოვნი. დნმ-ის ტესტების გაკეთება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

მათიას პლუსი, «შპიგელ-ონლაინი – ერთხელ» - Spiegel-Online - Einestages, 2013
თარგმანი ხატია ღუდუშაურისა

ვიტოლდ პილეცკის ოსვენციმის ანგარიში (გერმანულად)
ვიტოლდ პილეცკის ოსვენციმის ანგარიში (ინგლისურად)
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."