მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
მუჰამედ ემინ რასულზადე: პანთურანიზმი და კავკასიის პრობლემა
მუჰამედ ემინ რესულზადეს მიერ 1930 წელს პარიზში კავკასიელი, უკრაინელი და თურქესტანელი ემიგრაციისთვის წაკითხული მოხსენება

I - ველიკოდერჟავნიკების დემაგოგია
ბოლო დროს, რუსული პრესის ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილმა ბანაკებმა, საკმაოდ ერთხმად და მეგობრულად დაიწყეს საუბარი რუსეთისათვის საშიშ პანთურანულ მოძრაობაზე, რომელიც რუსეთს მისგან თურანული მიწების, ანუ თურქული რასის ხალხების მიერ დასახლებული საბჭოთა კავშირის მიწების ჩამოშორებით ემუქრება. მითუმეტეს, რომ ადმინისტრატიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს მიწები განსაკუთრებულ ეროვნულ ერთეულებად არის გამოყოფილი.

საბჭოთა რეჟიმის საყოველთაო გახრწნის და კომპარტიის დემორალიზაციის პირობებში, რუსული სინამდვილის ერთ-ერთი გამოჩენილი ფაქტორია ე.წ. უკლონიზმი.


თუ ამ უკლონიზმს, თვითონ რუსეთში სოციალურ-კლასობრივი ხასიათი აქვს, საბჭოთა კავშირის არარუსულ განაპირა მხარეებში, გასაგები მიზეზების გამო, ის პოლიტიკურ-ეროვნულ ხასიათს იღებს, ვინაიდან საბჭოთა-კომუნისტური დიქტატურის მიმართ ოპოზიციის სოციალური არსი აქ ეროვნულ მომენტს ემთხვევა.

როგორც კლასობრივი, ისე ეროვნული უკლონების წინააღმდეგ მებრძოლი ბოლშევიკები, რა თქმა უნდა, დემაგოგიის გარეშე ვერ არსებობენ. ისინი გლეხური მოძრაობების იდეოლოგებს და დემოკრატიული რეფორმების მომხრეებს, მემამულური მიწათმფლობელობის და მონარქიის აღდგენისკენ სწრაფვას აბრალებენ, რითიც გლეხებს აშინებენ და მათ რესტავრატორთა შესაძლო შურისძიების შიშს უნერგავენ.

ეროვნული მოძრობების წარმომადგენლები კი, შოვინისტებად გამოჰყავთ და ამბობენ, რომ ამ
"შოვინისტებს" ანტირუსული დიქტატურის დამყარება და რუსი ხალხის დამონება სურთ. ამით ისინი აღაშფოთებენ რუსი ხალხის ნაციონალისტურად განწყობილ ფენებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებაში საძულველ, მაგრამ რუსეთის მთლიანობის დამცველ და კაპიტალისტური ქვეყნების მომგერიებელ ერთადერთ რეალურ ძალას ხედავენ. კაპიტალისტები ხომ "ოსტატურად უჭერენ მხარს საქართველოს მენშევიკების, აზერბაიჯანის მუსავატელების, უკრაინელი პეტლიურელების, თურქესტანის ბასმაჩების და ა.შ სეპარატისტულ მოძრაობებს".

ბოლო დროს, მოსკოვის გაზეთებმა, თათართა რესპუბლიკის კომუნისტებს შორის ერთ-ერთი ასეთი უკლონი აღმოაჩინეს. ბოლშევიკების განცხადებით, თათარმა კომუნისტმა-უკლონისტებმა საბჭოთა კავშირის ყველა თურქმანული ტომის გამაერთიანებელი "თურანის სახელმწიფოს" შექმნა განიზრახეს. პანთურანისტი-კომუნისტები, თითქოს მისდევდნენ პანთურანული მადის გამო ჯერ კიდევ 1925 წელს პარტიიდან გაგდებული თათარი კომუნისტის, სულტან-გალიევის სწავლებას. ეს სულტან-გალიევი კი, ვითომ დაკავშირებული იყო როგორც უცხოელებთან, ისე ბასმაჩებთან და ენვერ ფაშას მოძრაობასთან თურქესტანში.

საინტერესოა, რომ საბჭოთა პრესის დემაგოგიას ემიგრანტული პრესა მაშინვე ერთხმად და მხურვალედ გამოეხმაურა. საბჭოელთა ბრძოლას "სულტან-გალიევშჩინასთან" მხურვალედ დაუჭირა მხარი პარიზულმა "კერენშჩინამ". ეს შემთხვევა გამოიყენა ჯერ ბატონმა ხონდკარიანმა, შემდეგ მის კვალდაკვალ თვით კერენსკიმ; მათ უაღრესად ტენდენციური წერილებით რუსულ დემოკრატიის ყურადღება საშიში "პანთურანიზმისკენ" მიმართეს, რომელსაც რუსეთის ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯა და რუსი ხალხის დამონება სურს.

ბატონ კერენსკის რუსი ნაციონალისტების წინაშე თითქოს თავისი ცოდვების გამოსყიდვა სურდა და ამ "საშიშროებაზე" მითითებით რუსული ნაციონალიზმის ყველაზე ავადმყოფ გრძნობებს მიმართავდა. სოციალისტური რუსეთის დროებითი რევოლუციური მთავრობის ყოფილი მეთაურის აზრით, "თუ კი რუს ხალხს სხვისი კულტურის ნეხვად და სხვისი სახელმწიფო შენობის ნაწილად გადაქცევა არ სურს, ის ეროვნული თვითშეგნების ალით ისევე უნდა იწვოდეს, როგორც იწვის საბჭოთა კავშირის ყველა არარუსი ხალხი".

კერენსკის ამ ერთი განცხადებიდან უკვე კარგად სჩანს, რა მიზანს ისახავენ რუსი პოლიტიკოსები და პუბლიცისტები «პანთურანიზმზე» და რუსეთის მიმართ მის
"აგრესიულ გეგმებზე" საუბრისას.

მაგრამ ზოგადი მიზნის მიღწევის გარდა, ასეთი სტრატეგიით ისინი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას ცდილობენ. ამ ამოცანის შესრულება, როგორც ჩანს, მიზნად დაისახა
"დნი" -ს თანამშრომელმა ბატონმა ხონდკარიანმა. მისი ამოცანა ლამაზთა რიგებს არ მიეკუთვნება. მან მიზნად დაისახა იმის დამტკიცება, რომ რუსეთის თურქმან ხალხებს და კერძოდ, დამოუკიდებლობის მსურველ აზერბაიჯანელებს რუსეთისაგან გამოყოფის შემდეგ, თურქეთთან შეერთება სურთ. დემაგოგებს ამით კონფედერატული კავკასიის შექმნის აუცილებლობის გამაცნობიერებელ კავკასიელ ხალხებში უნდობლობის დათესვა და კავკასიელთა გათიშულობისათვის ხელის შეწყობა სურთ.

1. რუსო ხალხო, გამოფხიზლდი, შენ მონღოლთა ახალი შემოსევა გელის!
2. კავკასიელო ხალხებო, გაფრთხილდით, რუსეთის
გან გამოყოფის შემთხვევაში, თქვენ ხელში თურქეთს ჩაუვარდებით!
ფოტოზე: სწავლული, ჟურნალისტი, რედაქტორი, დრამატურგი, პოლიტიკოსი, 1904 წელს მუსლიმთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია «გუმეტის» («ჰიმეტის») დამაარსებელი, 1913 წელს პარტია «მუსავატის» დამფუძნებელი, 1918 წელს აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, 1918-1920 წწ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე, 1922 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი, თურქეთში გაზეთ «ახალი კავკასიის» დამფუძნებელი, აზერბაიჯანის 20-ე საუკუნის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი მუჰამედ (მეჰმედ) ემინ ახუნდ ჰაჯი მოლა აკეკპერ ოღლი რასულზადე (1884-1955)
II - ზარევანდის პამფლეტი
რუსულ ემიგრანტულ პრესაში ატეხილი მთელი ამ აურზაურის წყაროა, ახლახანს, ვინმე ზარევანდის მიერ გამოქვეყნებული პამფლეტი "თურქეთი და პანთურანიზმი".

პამფლეტი იწყება სტამბულში მეფის საელჩოს ყოფილი პირველი დროგომანის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, ბატონი მანდელშტამის წინასიტყვაობით, რომელიც ზარევანდის წიგნს საკმაოდ "ობიექტური ნაშრომის" რეკომენდაციას აძლევს.

წიგნის პირველი თავები, რომლებშიც საუბარია თურქული მოძრაობის წარმოშობის ისტორიაზე და პანთურანიზმის იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე, მართლაც ობიექტურია. მაგრამ, ეს ობიექტურობა ავტორს ცხადია არა მეცნიერული, არამედ წმინდა დიპლომატიური თვალსაზრისით სჭირდება. რადგან ის მკითხველს თავიდან გარკვეული ობიექტურობით იზიდავს და შემდეგ და შემდეგ, ტენდენციური ლიტერატურის საოცარ მაგალითებს იძლევა, რაც უფრო ახლოს მოდის ის დღევანდელობასთან, მით უფრო თვალშისაცემია სუბიექტივიზმი, ფაქტების გაყალბება და უსაფუძვლო მტკიცებები. რამოდენიმე მონაცემით აქ ჩვენი განცხადების დასაბუთებას შევეცდებით:

სრული სიცრუეა:

1. ის, რომ 1913 წელს, ქალაქ ბეიაზიტში (ბაიაზიდი, ქალაქი თურქეთში) პანთურანისტთა კონგრესი შესდგა, რომელსაც აზერბაიჯანის წარმომადგენლები: მ.ე. რასულ-ზადე, ახმედ-ბეკ აგაევი და ა.მ. თოფჩიბაშევი ესწრებოდნენ. პირადად მე ქალაქი ბეიაზიტი საერთოდ არ მინახავს.

2. ის, რომ აზერბაიჯანის ცხონებულმა პრემიერ-მინისტრმა ხ. ხოისკიმ, თურქული ჯარების შემოსვლის გამო, პანთურქისტული სიტყვა წარმოსთქვა.

3. ის, რომ ერზერუმში აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კონვენცია გააფორმეს. თუმცა აქ მითითებულია ყარა-ბექირ-ფაშას წერილი, მაგრამ არაა დასახელებული ინფორმაციის ზუსტი წყარო.

4. ის, რომ აკჩურა-ბეიმ სომეხთა მოსპობის აუცილებლობის შესახებ სიტყვა წარმოსთქვა. ამის განცხადებისას, საჭიროა ავტორიტეტული წყაროს ჩვენება.

5. ის, რომ მე საბჭოთა სკოლების ინსპექტორი ვიყავი. მე არა მარტო საბჭოთა, არამედ საერთოდ არანაირი სკოლების ინსპექტორი არ ვყოფილვარ.

6. ის, რომ ახმეტ-ბეკ აგაევი, თითქოს სტამბულსა და ასტრახანს შორის მოგზაურობდა. ის სულაც არ დადიოდა.

7. ის, რომ აკჩურინი (იუსუფ ბეკ აკჩურა) და ი. ბ. გასპრინსკი (ისმაილ ბეკ გასპირალი) ახალგაზრდა თურქული პარტია "ერთიანობა და პროგრესის" ცენტრალური კომიტეტის წევრები იყვნენ. ისინი ასეთნი არასოდეს არ ყოფილან და მსგავსი სკოლები არასდროს არსად არ არსებულა.

ესაა, ასე ვთქვათ, ავტორის ტყუილისა და დაუსაბუთებელი "ობიექტური" მტკიცებულებების ამსახველი რამდენიმე მაგალითი, წარდგენილი ბ-ნი მანდელშტამის რეკომენდაციების თანახმად.

ავტორის, ბ-ნი მანდელშტამის ფაქტების მანიპულირების ილუსტრაციისათვის ზოგიერთ მაგალითს მოვიყვანთ:

ბ-ნი ზარევანდი "თურქიზმის საფუძვლებს" იმოწმებს და ცხონებულ ზია-ბეის შემდეგს ათქმევინებს: "ოღუზისტანი არის უახლოესი მომავლის დიდი თურქეთი". მაშინ, როდესაც ზია ბეი თავის წიგნში: "თურქიზმის საფუძვლები", 20-ე გვერდზე შემდეგ რამეს ამბობს:

"დღეს, შეიძლება მხოლოდ ოღუზი თურქმანების კულტურული გაერთიანება დავუშვათ. თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის და ხორეზმის თურქმანები, ოღუზურ ტომებს ეკუთვნიან. ამიტომ, თურქიზმის უახლოესი იდეალი, ოღუზური ანუ თურქმანული გაერთიანება უნდა იყოს.

როგორია ეს გაერთიანება? პოლიტიკური?

დღესდღეობით არა და, მომავალზე საუბარი ხომ არ გვიხდება. ჩვენი დღევანდელი იდეალი ოღუზების მხოლოდ კულტურული გაერთიანებით იფარგლება. თურქიზმის უახლოესი მიზანია ამ ტერიტორიაზე (ე.ი. ოღუზისტანის ტერიტორიაზე) ერთადერთი კულტურის ბატონობის დამყარება".

აი, ფაქტებს ასე ექცევიან!.. ბატონ ზარევანდს, განსაკუთრებით, ზია-ბეის მიერ ომის დროს დაწერილი ლექსები მოჰყავს, რომლებშიც რუსეთის დაცემაზე და მის ნანგრევებზე "თურანის" გაჩენაზეა საუბარი. მაგრამ ეს ბატონი სულ არ ახსენებს იმას, რასაც შემდეგ ზია-ბეი იგივე "თურანზე" სწერდა: "პანთურანიზმი ეს არის ლენინის კომუნიზმის მსგავსი უტოპია. როგორც იდეალი, ის კარგია მხოლოდ იმით, რომ მასების შეგულიანების და გარევოლუციონერების რომანტიულ წყაროს" წარმოადგენს.

კიდევ შეგვიძლია სხვა მაგალითების მოყვანა, მაგრამ ესეც საკმარისია, რადგან ყურადღებიანი მსმენელნი ტყუილების და სიყალბის სხვა მაგალითებს ჩვენს მიერ რამდენადმე სხვა რიგით მოყვანილ ფაქტებში თავად აღმოაჩენენ.

III - პანთურანიზმი ჩვენს დროში
აი, ბ-ნი ზარევანდის ქმნილების ამდენად აშკარად მატყუარა თავი. ამაში დასარწმუნებლად, ვეცდები ზარევანდისეული თანამედროვე პანთურანიზმი და თანამედროვე პანთურანიზმი დოკუმენტების და ფაქტების მიხედვით წარმოგიდგინოთ.

ზარევანდის მტკიცებით, თანამედროვე "პანთურანიზმი" ქემალიზმია. ქემალიზმი კი, "წმინდა წყლის ასპროცენტიანი თურქიზმი" არის. მუსტაფა ქემალმა, რომელიც "თუმცა პანთურქიზმს ზოგჯერ ოფიციალურად უარყოფს, სინამდვილეში პანთურანისტული პროგრამის დიდი ნაწილი უკვე განახორციელა".

ბ-ნ ზარევანდს ეთანხმება ავტორიტეტული ბ-ნი მანდელშტამი. აი რას სწერს იგი: "იგივე პანთურანული იდეებით გაჟღენთილი ერთპიროვნული ნება (ე.ი. მუსტაფა ქემალის ნება), თურქებს რუსეთის ხარჯზე დიდი თურანული სახელმწიფოს შექმნის ფარულ გეზს აძლევს".

ზარევანდის მოთხრობა პანთურანიზმზე, შემდეგი სიტყვებით იწყება: "დღეს თურქეთში გაბატონებული პოლიტიკური დოქტრინა პანთურანიზმია". შემდეგ, წიგნის სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვანაირად შემდეგი დებულებებია გამოთქმული: "მუსტაფა ქემალი ციდან ვარსკვლავებს არ სწყვეტს; ომის წინა ათწლეულში, მან თურქი პანთურანისტების მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის თანაგრძნობაზე დაყრდნობით, მხოლოდ თურქისტთა პროგრამები განახორციელა. ასე რომ, მან თავისი სახელი პანთურანიზმს საბოლოოდ დაუკავშირა".

"სრულებით უეჭველია, რომ ყველა თურქმანულ-თათრული ხალხის გაერთიანების იდეა, დღეს თურქთა ეროვნული იდეალი არის. ამ იდეის თავისუფალ პროპაგანდას ქემალ-ფაშას მთავრობა თავის ქვეყანაში არა მარტო უშვებს, არამედმას ყოველგვარ მფარველობას უწევს და მეტიც, თავისი ავტორიტეტის ძალით, ზოგჯერ მოსახლეობას თავს ახვევს კიდეც".

მოკლედ, ბ-ნი ზარევანდის მტკიცებით, "ქემალისტთა დროშა თურქიზმი და პანთურანიზმი გახლდათ". ახლა კი, ვნახოთ ფაქტები და დოკუმენტები რას მეტყველებენ.

ზარევანდისაგან შევიტყვეთ, რომ "ქემალიზმი ასპროცენტიანი თურქიზმია". კი მაგრამ, რა არის თურქიზმი?

თურქიზმის ცნობილი თეორეტიკოსი ზია-ბეი თავის წიგნში "თურქიზმის საფუძვლები" (გამოიცა ანგორა-ანკარაში 1925 წელს) ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას იძლევა: "თურქიზმი არაა პოლიტიკური მოძრაობა. ესაა მეცნიერულ-ფილოსოფიურ-ესთეტიკური სკოლა. სხვა სიტყვებით, ესაა ბრძოლა კულტურული გაერთიანებისათვის. ამიტომ, მას აქამდე პოლიტიკური პარტიის ფორმები არ აქვს მიღებული. უეჭველია, რომ ის ამ გზას არც შემდეგ არ დაადგება".

მიუხედავად ამისა, თურქიზმისათვის პოლიტიკური იდეალები უცხო არაა. ის მათ ვერ უარყოფს. კულტურული იდეალების გვერდით, მას პოლიტიკური იდეალებიც გააჩნია. თურქიზმი, მაგალითად, ვერასდროს ვერაფრით ვერ შეურიგდება კლერიკალიზმს, თეოკრატიას და რეაქციას. თურქიზმი თანამედროვე მიმდინარეობაა და ის მხოლოდ თანამედროვე იდეურ მიმდინარეობებს შეეგუება. ჩვენ ხალხოსნები ვართ პოლიტიკაში და თურქისტები კულტურაში!"

თურქიზმის ასეთ განსაზღვრებას, თურქული იდეოლოგიის სხვა ავტორიტეტის, ბ-ნი იუსუფ-ბეი აკჩურას განცხადება ადასტურებს.

აკჩურას მიერ 1908 წელს დაწერილი ბროშურის - "პოლიტიკის სამი სისტემა" ანალიზისას, ზარევანდი ამბობს, რომ მას პანთურქისტებისათვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც მარქსისტებისთვის კომუნისტურ მანიფესტს. და პანთურანისტების ეს მარქსი, 1928 წელს გადმოცემულ პანთურქიზმის ისტორიაში (ჟურნალი "ტიურკ ილი") ამ ბროშურაზე საუბრისას, სხვათა შორის შემდეგს აცხადებს:

"...მაგრამ დღეს, მაშინდელი ანალიზის ერთ არსებით ნაკლს ვხედავ. რომ შემძლებოდა "თურქული პოლიტიკის" "პანთურანიზმისაგან" ან "ისლამური პოლიტიკის" "პანისლამიზმისგან" გარჩევა, მაშინ ცხადი იქნებოდა, რომ თურქეთის შიგნით თურქული თუ ისლამური პოლიტიკის გატარება, თურქეთის გარეთ პანთურქისტად ან პანისლამისტად ყოფნას სულაც არ ნიშნავს. ასეთი ანალიზის გაკეთება მაშინ რომ შემძლებოდა, უფრო ნათლად შეიძლებოდა წარმოდგენა იმისა, რაც 1908 წლის შემდეგ მოხდა."

…პრაქტიკულ პოლიტიკასთან მიმართებაში "პანთურქიზმის" ცნების დასაზუსტებლად, "თურქთა ოჯახის" 1927 წლის ყრილობამ, წესდების პირველი პუნქტი შესცვალა და თავისი საქმიანობის არეალი მხოლოდ თურქული რესპუბლიკის პოლიტიკური საზღვრებით შემოფარგლა.

ცხონებული ზია-ბეის მოწაფე, სტამბულის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი და სოციოლოგი, გამოჩენილი ჟურნალისტი, ამჟამად დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ნაჩმეტინ სადიგ-ბეი, ცხონებული მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სამგლოვიარო კრებაზე სიტყვით გამოვიდა და ზია-ბეის მოძღვრების მეცნიერულ-სოციოლოგიური ანალიზი წარმოადგინა. მონაცემების საფუძველზე მან დაამტკიცა, რომ აბსტრაქტული ცნებით "თურანი", ზია-ბეი კონკრეტულად ყოველთვის მხოლოდ "თურქულ თურქეთს", ე.ი. საკუთარი თავის ეროვნულად შემცნობ თურქეთს აღნიშნავდა. ასეთი განმარტებისას, ცხადია, რომ "თურანი" არის როგორც "თურქული თურქეთი", ისე "თურქული აზერბაიჯანი","თურქული თურქესტანი" და ა.შ.

უკანასკნელი ფორმაციის თურქისტები, მოძრაობის პირველი პიონერებისგან განსხვავებით, ეროვნებას მხოლოდ რასიული მომენტებით აღარ განსაზღვრავდნენ და მას როგორც სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული ფაქტების სოციალური ურთიერთქმედების ნაყოფს განიხილავდნენ.

თურქი ინტელიგენციის განწყობათა ამ ევოლუციის შედეგად, გაჩნდნენ თურქიზმის განსაკუთრებული "რევიზიონისტები", რომლებიც რასის, როგორც ერის კონსოლიდაციის ფაქტორის მნიშვნელობას ფესვშივე უარყოფდნენ. ამ რევიზიონიზმის მეთაური გახლდათ ისტორიკოსი ხალილ-ბეი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ანატოლიის გეოპოლიტიკამ, ანატოლიური ერის შესაქმნელად განსაკუთრებული პირობები შეჰქმნა.

ამ იდეოლოგიის გავლენით შეიქმნა "ანატოლიელთა" განსაკუთრებული სკოლა, რომლის წარმომადგენლები ერთ დროს ჟურნალ "ანადოლუ"-ს გამოსცემდნენ. ანატოლიელთა მტკიცებით, სიტყვა "თურქი" აღნიშნავს რასას და არა ერს, რომ ერთიანი თურქი ერი არ არსებობს და მხოლოდ თურქული რასის ერები არსებობენ. მათი აზრით, თურქეთში მცხოვრებ თურქებს ანატოლიელები, და არა თურქები უნდა ერქვათ. ისინი სთვლიდნენ, რომ თურქეთს ანატოლიური რესპუბლიკა უნდა ერქვას და არა თურქული რესპუბლიკა.

ეს ანატოლიურ-ეროვნული კონცეფცია, არა მარტო ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის განწყობაში ბატონობს. მისი დანახვა რესპუბლიკური თურქეთის ხელმძღვანელთა მრავალ პოლიტიკურ გამოსვლაში შეიძლება.

ქემალ-ფაშამ, 1928 წელს სახალხო პარტიის ყრილობაზე წარმოთქმულ თავის სახელგანთქმულ სიტყვაში, დაწვრილებით გადმოსცა თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორია და გამოავლინა თურქეთის თანამედროვე პოლიტიკის ძირითადი მიჯნები. ამ სიტყვის ორიგინალი თურქულად დაიბეჭდა, არსებობს გერმანული და ფრანგული თარგმანებიც.

ამ სიტყვიდან ჩვენთვის საინტერესო ნაწილს მოვიყვანთ, სადაც მუსტაფა ქემალი საგარეო პოლიტიკის პრინციპებს ადგენს და სიტყვა-სიტყვით შემდეგს ამბობს:

"ცხოვრება უწყვეტი ბრძოლაა. გამარჯვება მხოლოდ წარმატებული ბრძოლის შედეგად შეიძლება; იმარჯვებს მხოლოდ მორალურად და მატერიალურად ძლიერი. ადამიანების ჩამთრევი საკითხები, ხიფათები და წარმატებები, საყოველთაო კოლექტიური ბრძოლის ბობოქარი ზღვის წიაღიდან იღებენ სათავეს.

მსოფილიო ისტორიის უმთავრესი ფურცლები, აღმოსავლეთის ხალხების დასავლეთის ქვეყნებზე თავდასხმას აღწერენ. ცნობილია, რომ ამ ხალხების სათავეში უძლიერესი ხალხი – თურქები იდგნენ. ნამდვილად, თურქები ისლამამდეც და მის შემდეგაც, ევროპის სიღრმეში შეიჭრნენ, თარეშობდნენ და იპყრობდნენ ქვეყნებს. დასავლეთზე თავდამსხმელ აღმოსავლეთის ხალხებს შორის იყვნენ არაბებიც, რომლებმაც დაიპყრეს ესპანეთი და საფრანგეთის საზღვრებამდე მიაღწიეს.

მაგრამ, ბატონებო, საკუთარი თავის წინააღმდეგ ყოველი შეტევა, კონტრ-შეტევას იწვევს. ისინი, ვინც ამაზე წინასწარ არ ფიქრობენ და თავდაცვის ზომებს წინასწარ არ იღებენ, განწირულები არიან მარცხისა და დაღუპისათვის.

არაბების წინააღმდეგ დასავლეთის კონტრ-შეტევა, ანდალუზიაში მწარე და ტრაგიკული კატასტროფით დამთავრდა. მაგრამ ის იქ არ დასრულებულა, დევნა მთელს ჩრდილოეთ აფრიკაში გაგრძელდა.

გავიხსენოთ ფრანკების და დასავლეთ რომის მიწებზე გადაშლილი ატილას იმპერია. ამის შემდეგ, შევხედოთ სელჩუკთა სახელმწიფოს ნანგრევებზე წარმოქმნილ ოსმალთა იმპერიას და თვალი მივაპყროთ ხანას, როდესაც ის კონსტანტინეპოლში აღმოსავლეთ რომის ტახტს ჰფლობდა. ოსმალო მბრძანებელთა შორის გახლდათ ისეთი, ვინც მიზნად გერმანიის, დასავლეთი რომის დაპყრობა და დიადი იმპერიის შექმნა დაისახა. მეორემ, ერთი ხელისუფლების ქვეშ ყველა მაჰმადიანური მიწის გაერთიანება მოინდომა. ამ მიზნით მან სირია და ეგვიპტე დაიპყრო და ხალიფას წოდება მიიღო. მესამე სულთანმა კი, დაიპყრო რა ევროპა, მთელი მაჰმადიანური სამყაროს თავისი ხელისუფლების ქვეშ დაქვემდებარება განიზრახა.

დასავლეთის მუდმივმა კონტრ-შეტევებმა, უკმაყოფილებებმა და მაჰმადიანი ქვეყნების განუწყვეტელმა აჯანყებებმა, იარაღის ძალით გაერთიანებულ სხვადასხვა ელემენტებს შორის არსებულმა გარდაუვალმა ანტაგონიზმმა, საბოლოო ანგარიშით, სხვა იმპერიების მსგავსად, ოსმალეთის იმპერიაც ისტორიის არქივს ჩააბარა.

საგარეო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მოცემული ქვეყნის შინაგან ორგანიზაციას ეფუძნება. სხვა სიტყვებით, საგარეო პოლიტიკა მოცემული ქვეყნის შინაგან სტრუქტურას უნდა პასუხობდეს. დასავლეთის და აღმოსავლეთის სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა კულტურების და სხვადასხვა მისწრაფებების მქონე ელემენეტების გამაერთიანებელი სახელმწიფოს შინაგანი სტრუქტურა, რა თქმა უნდა, უნიადაგო და უფორმო იქნება. ამ შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკაც არაა მყარი. ასეთი სახელმწიფოს შინაგანი ორგანიზაცია სულაც ვერ იქნება ეროვნული. ის ეროვნულ პოლიტიკას ვერ გაატარებს. აი ამიტომ არ იყო ოსმალთა სახელმწიფოს პოლიტიკა ეროვნული. ის პირად, ბუნდოვან და არამდგრად პოლიტიკას აწარმოვებდა.

ერთი სახელის ქვეშ სხვადასხვა ხალხის გაერთიანება და ამ სხვადასხვაგვარი ელემენტების ერთი და იგივე წესებისა და კანონების საფუძველზე მართვა, მომხიბლავი, მაგრამ მატყუარა პროგრამაა. მსოფლიოს ყველა თურქის გამაერთიანებელი სახელმწიფოს შექმნაც კი, აღუსრულებელი ოცნებაა. ეს ფაქტი რამოდენიმე საუკუნის მანძილზე გადატანილი უაღრესად მწარე და სისხლიანი მოვლენებითაა დადასტურებული.

ისტორია არ გვაძლევს პანისლამიზმის თუ პანთურანიზმის პოლიტიკური სისტემების წარმატებით გამოყენების არც ერთ ფაქტსა და შემთხვევას. ისტორია გამოარჩევს არა რასიულ, არამედ ზოგადამიანურ საწყისებზე დაფუძნებულ, მაგრამ დაპყრობის მიზნების მქონე სახელმწიფოების ბედს! ასე რომ, ჩვენ შორს ვდგავართ ყოველგვარი დამპყრობლური განზრახვებისაგან.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ იდეაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ადამიანებს ყოველგვარი ეროვნული გრძნობების და განსაკუთრებული ინტერესების დავიწყებას აიძულებს, ამისათვის შესაბამისი პირობების არსებობაა საჭირო.

ჩვენი აზრით, ერთადერთი გარკვეული და რეალურად გამოსაყენებელი პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკაა.

თანამედროვე სამყაროს რეალური მდგომარეობა, მისი საერთო პირობები და ფაქტები, რომლებიც გონებაში და ხასიათში საუკუნეების განმავლობაშია აღბეჭდილი, პოლიტიკაში უტოპისტებად ყოფნის დაუშვებელი ცოდვის ჩადენის უფლებას არ გვაძლევენ. ასეთია ისტორიის აზრი. ასეთია მეცნიერების, გონების და ლოგიკის ნება.

იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი ძლიერი იყოს, ბედნიერად და განცხრომით იცხოვროს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ სავსებით ეროვნული პოლიტიკა გაატაროს. აუცილებელია ასევე, რომ პოლიტიკა ჩვენს შინაგან სახელმწიფოებრივ წყობას სავსებით შეესაბამებოდეს.

როდესაც ეროვნულ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ შემდეგს:

საკუთარი ეროვნული პოლიტიკის ფარგლებში დარჩენისას და პირველ რიგში საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, შევინარჩუნოთ არსებობა და ვიზრუნოთ ქვეყნის კეთილდღეობაზე, მისი ნამდვილი ბედნიერების და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით. კონკრეტულად კი, ხალხი არ უნდა გავღლიტოთ აღუსრულებელი და უტოპიური ოცნების განხორციელების მცდელობებით. კულტურული სამყაროსგან უნდა ველოდეთ კულტურულ და ადამიანურ დამოკიდებულებას და მასთან ორმხრივად მეგობრული ურთიერთობები უნდა გვქონდეს».

აი, განცხადება, რომელსაც ზარევანდი დიპლომატიურს უწოდებს და 1922 წელს ყარსის ხელშეკრულების დადების მომენტით ხსნის. მაგრამ ეს ფაქტების გაყალბებაა. სინამდვილეში, ეს სიტყვა წარმოთქმული იქნა ლოზანის ხელშეკრულების დადებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ და არა მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებათა შემდეგ...ეს დიპლომატიური კი არა, დოგმატური სიტყვაა.

ეს სიტყვა საკმაოდ ნათლად და კატეგორიულად უარყოფს უტოპიურ პანთურანიზმს.

აი ასე წარმოგვიდგება "პანთურანიზმი ჩვენს დროში" ფაქტების და დოკუმენტების საფუძველზე.

IV - პანთურანიზმი წარსულში
როგორც ხედავთ, დღეს საქმე გვაქვს მხოლოდ რეალისტურ თურქიზმთან, რომელმაც კატეგორიულად უარყო ერთ დროს თურქმან ხალხთა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული როლის შემსრულებელი რომანტიული პანთურანიზმის ილუზიები.

პანთურანიზმი, როგორც აღმოსავლეთის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი სახეობა, რამდენადმე განსხვავდება დასავლური ნაციონალიზმისაგან, რომელიც რეაქციულ მოვლენად ითვლება და რომელსაც ხშირად შოვინიზმს უწოდებენ. შოვინიზმი აგრესიული მოძრაობაა და უმთავრესად გარკვეული, უკვე ეროვნულად კონსოლიდირებული კაპიტალისტური სახელმწიფოს ექსპანსიის ფაქტორებს ეფუძნება. ასეთი სახელმწიფო თავისი ძალაუფლების გაზრდას და ტერიტორიული სამფლობელოების გაფართოებას ცდილობს. ევროპული ნაციონალიზმი პოლიტიკურად აგრესიული იდეოლოგიაა; აღმოსავლეთში კი, ნაციონალიზმი პოლიტიკურად თავდაცვითი და სოციალურად პროგრესული მოვლენაა.

მსგავსად იმისა, როგორც ნაპოლეონის ომებმა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა მოძრაობები გამოიწვიეს, ზუსტად ასევე დიდმა მსოფლიო ომმა სხვადასხვანაირად იმოქმედა დასავლეთის და აღმოსავლეთის საზოგადოებრივი მოძრაობების ხასიათზე. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, დასავლეთში სოციალური ძვრები ხდებოდა, აღმოსავლეთში კი, პირიქით, წინა პლანზე ეროვნული მოძრაობები გამოდიოდნენ.

ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს: საზოგადოებრივი მოძრაობები დასავლეთში ჩვეულებრივ სოციალურ ნიადაგზე ხდებოდა. საზოგადოების პროგრესული ელემენტების ზრდის შემკავებელი ფენები იმავე საზოგადოების შინაგანი ძალების მიერ ისპობოდა. მაშინ, როცა აღმოსავლეთის საზოგადოების შუა საუკუნეების ფეოდალური ურთიერთობები გარეშე ძალების ზეწოლით ნადგურდებოდა. და ეს გარეშე ზეწოლა წინ ბუნებრივად სწევდა ეროვნულ, და არა სოციალურ იდეებს.

შუა საუკუნეებში გაჩენილი ეროვნული იდეა კი, არ შეიძლებოდა კლერიკალური (სასულიერო, რედ.) იდეოლოგიით არ ყოფილიყო გამოხატული. ამით აიხსნება აღმოსავლეთის ადრეული ნაციონალიზმის რელიგიური ხასიათი, რამაც მაჰმადიანურ სამყაროში პანისლამიზმის იდეოლოგია გააჩინა. ერთ დროს, პანისლამიზმმა ყველა თურქი ხალხი მოხიბლა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ხალხები მაჰმადიანები იყვნენ. თურქი ხალხების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში რელიგიურ-მაჰმადიანური კონცეფცია არსებით როლს დიდხანს ასრულებდა. ბევრი მაჰმადიანი მოაზროვნე ფიქრობდა, რომ მაჰმადიანურ სამყაროს საბოლოო დაცემისგან ერთის მხრივ, რელიგიის ძირითად დოგმებთან დაბრუნება და მეორეს მხრივ, ყველა მაჰმადიანის პოლიტიკური გაერთიანება გადაარჩენდა.

მაგრამ მაჰმადიანური იდეოლოგიის ეს რელიგიურ-პოლიტიკური ორწახნაგოვნება შემდეგომში პანისლამიზმში ორი მიმდინარეობის წყაროდ იქცა. ერთი, ორთოდოქსულ-კონსერვატული მიმდინარეობა უცხელთა შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად ყოველგვარ სიახლესაც ებრძოდა, რომელიც მავანს ამ უცხოელებს ახსენებდა. მან ბრძოლა ყოველგვარ "ევროპეიზმს" გამოუცხადა. მეორე, რეფორმისტული მიმდინარეობა კი, მომხდურებს პოლიტიკურად ებრძოდა, მაგრამ იდეოლოგიის სფეროში ლიბერალიზმის შარიათის მოთხოვნასთან შერიგებას ცდილობდა.

ლიბერალურ-რეფორმატორული მიმდინარეობა თავისი შემდგომი განვითარებით, პანისლამიზმში ხელსაყრელ ნიადაგს ჰქმნიდა მაჰმადიან ინტელიგენციაში კულტურულ-ეროვნული მსოფლმხედველობის გაჩენისათვის. ასე მაგალითად, პანისლამიზმის ლიბერალურ-რეფორმისტული ბანაკის გამოჩენილი მოაზროვნე, სახელგანთქმული ჯემალეტდინ აფგანი პირველად მიუთითებს მაჰმადიანებში ეროვნული თვითშეგნების გაღვიძების აუცილებლობის შესახებ. წერილში "გვარის ერთიანობის ფილოსოფია" ის ამტკიცებს, რომ "არ არსებობს ბედნიერება ნათესაობის გარეშე. ნათესაობა კი, წარმოუდგენელია ენის გარეშე. ენა კი ვერ შეასრულებს თავის სოციალურ ფუნქციას, თუ კი ის არაა საზოგადოების ყველა ფენის და ერთეულის ურთიერთგაგების საშუალება".

აფგანის აზრით, საზოგადოებას რელიგია და ენა ადუღაბებს. მაგრამ ენის, როგორც ადამიანთა გამაერთიანებელი საწყისის მნიშვნელობა, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რელიგიის მნიშვნელობა, "ვინაიდან, ენა უცვლელი სახით ბევრად უფრო დიდხანს არსებობს, ვიდრე რელიგია. ათასობით წლის მანძილზე ერთსა და იმავე ენაზე მოლაპარაკე რასამ, თავისი რწმენა შეიძლება რამოდენიმეჯერ გამოიცვალოს".

«თავისუფალი, დამოუკიდებელი და კულტურული ცხოვრებით ცხოვრებისათვის - ასკვნის დ. აფგანი - ყველა მაჰმადიან ხალხს ეროვნულად გაცნობიერებული ცხოვრება უნდა ჰქონდეს».

ესაა პანისლამიზმის თეორეტიკოსის პრინციპული მითითება იმაზე, რომ მაჰმადიანური აღმოსავლეთის ხალხების ეროვნულ თვითცნობიერებას რევოლუციური მნიშვნელობა აქვს. და აი თურქული ეროვნული მსოფლმხედველობის იდეოლოგი ცხონებული ზია-ბეის აზრი, რომელიც მთლიანადაა მიმართული იმავე პანისლამიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ. ეს სიტყვები აღებულია მისი წიგნიდან "თურქიზმის საფუძვლები»:

«… ერთ დროს ფიქრობდნენ, რომ პანისლამისტური რელიგია მაჰმადიანი ხალხების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს და არ დაუშვებს მათი უცხო ქვეყნების კოლონიებად გადაქცევას. გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ პანისლამიზმი, ერთის მხრივ, თეოკრატიულ-კლერიკალურ-რეაქციულ მიმდინარეობებს აჩენს და მეორეს მხრივ, ხელს უშლის ამ ხალხების ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებას, აფერხებს მათ პროგრესს და ხელს უშლის მათ ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ ერებად. ვინაიდან ხელის შეშლა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებისთვის არის ხელის შეშლა ხალხების მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნისთვის. თეოკრატიულ-კლერიკალური აზრი კი ყოველთვის ემსახურება საზოგადოების რეგრესს.

ამიტომ ყველა მაჰმადიანურ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პროცესი, ვინაიდან ყოველი პროგრესის პირველწყარო და ეროვნული დამოუკიდებლობის საფუძველი არის მხოლოდ გაცნობიერებული ეროვნული "მეს" არსებობა."

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, თურქეთის სახელმწიფო მოღვაწეებს სურდათ რა ოსმალთა იმპერიის დაცვა უცხო სახელმწიფოების ოსმალეთის შინაგან საქმეებში ჩარევისაგან, რომ ამით იმპერია დაშლისაგან დაეცვათ, გადაწყვიტეს ქვეყნის ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ცხოვრების რეფორმა და რელიგიურ განსხვავებათა მიუხედავად, უფლებრივად გაათანაბრეს ყველა მოქალაქე. ამ რეფორიმის (ტანზიმატი) საფუძვლები გადმოცემულია სულთან-აბდულ-აზიზის მანიფესტში "გიულხანე ხატი ხუმაიუნი".

"ტანზიმატის" მოღვაწეებს ამ ლიბერალიზმით იმპერიის ქრისტიანი ხალხების გარკვეულად დაკმაყოფილება და მათი თურქულ სახელმწიფოებრიობასთან შერიგება სურდათ. მაგრამ 48 წლის რევოლუციების იდეებით შთაგონებული ქრისტიანი ხალხები (ეს იდეები აღმოსავლეთის ყველა ხალხს შეეხო) ვერ დაკმაყოფილდნენ ამით, მით უფრო, რომ ამ ხალხების უკან იდგნენ ესა თუ ის ევროპული სახელმწიფოები, კერძოდ რუსეთის იმპერია.

"ტანზიმატმა" თავი ვერ გაამართლა, მან ვერ გააზომიერა ქრისტიანი ხალხების ცენტრიდანული მისწრაფებები. ისინი უკვე ეროვნული მოძრაობებით იყვნენ მოცულნი.

"ოტომანიზმის" როგორც ფადიშაჰის ძალაუფლებით იმპერიის ყველა ხალხის გაერთიანების სისტემის მარცხმა, გააძლიერა ისლამიზმი, რომელმაც საფუძლად რელიგიური ერთიანობა აიღო. ამ პოლიტიკის მთავარი გამტარებელი სულთანი აბდულ-ჰამიდი იყო.

აბდულ-ჰამიდის მიერ გათელილი კონსტიტუციის აღდგენის მოთხოვნით მომხდარმა ახალგაზრდა თურქულმა რევოლუციამ, ისევ სცადა ტანზიმატის გამოცდილების გამეორება. ის ხელისუფლებაში რწმენისა და ეროვნების განურჩევლად ყველა მოქალაქის პოლიტიკური თანასწორობის ლოზუნგით მოვიდა. მაგრამ ამ ლოზუნგმა ვერ გააჩერა ოსმალეთის იმპერიის პირველ რიგში ქრისტიანი ხალხების თვითგამორკვევის პროცესი. მოხდა ბალკანეთის ომი და თურქეთმა თითქმის ყველა ქრისტიანული სამფლობელო დაკარგა. ამ გამოცდილებამ საბოლოოდ მოჰკლა პარტია "იტიხად ვე ტარაკის" ("ერთიანობა და პროგრესი") ოსმალური ფრთა და მასში გააძლიერა ისლამისტური მიმდინარეობა.

მაგრამ მალე გაირკვა, რომ დროის სულისკვეთებამ მაჰმადიანი ხალხებიც გაიტაცა. აჯანყებამ ალბანეთში, ალბანური ინტელიგენციის ნაციონალისტურმა მოძრაობამ ახალგაზრდა თურქებში პანისლამიზმის იდეოლოგიის რეალობის რწმენა მოჰკლა. ეს თვალნათლივ დაადასტურა მსოფლიო ომმა. არაბული პროვინციები ცენტრის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ინგლისის მაჰმადიანი სიპაები ინდოეთიდან ბომბავდნენ დარდანელებს - გასასვლელს ხალიფას წმინდა ქალაქში.

განსაცდელის ამ მძიმე ჟამს, წინა პლანზე პოლიტიკური სისტემის სახით გამოსვლას იწყებს თურქიზმის იდეოლოგია. შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ თურქიზმი როგორც კულტურულ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მხოლოდ ბოლო ათწლეულების ომის დროს ჩამოყალობდა; არა, ის უცებ არ ჩამოყალიბებულა. თურქიზმი დიდი ხნის წინ ჩანდა თურქულ ინტელიგენციაში. ი. აკჩურა ბეის მტკიცებით, ამ განწყობილებისათვის უცხონი არ ყოფილან "ტანზიმატის" ისეთი პოეტები, როგორებიც იყვნენ სახელგანთქმული შინასი და ზია-ფაშა. მაგრამ უკვე ვეფიკ-ფაშამ, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებში ცხოვრობდა, შეადგინა ოსმალური ენის ლექსიკონი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ამ ენის ფესვები იგივეა, რაც თურქესტანის ენების ფესვები. შემდგომში ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული განწყობა ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევების სფეროში გადადის. ეს მოვლენა შეესაბამება იმ მომენტს, როდესაც თურქული საზოგადოების გარკვეულმა მოაზროვნე ნაწილმა დასავლური განმანთავისუფლებელი იდეების შესახებ ასე თუ ისე შეიტყო, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი ეროვნულ იდეებს ეკავათ. ეს იდეები თან მოჰქონდა ზოგ ემიგრანტს, რომლებიც თავშესაფარს თურქეთში პოულობდნენ. ასე მაგალითად, ამ თვალსაზრისით ძვირფასი კვალი დატოვა პოლონელმა ემიგრანტმა კონსტანტინ ბოჟენსკიმ, რომელმაც შედეგად მაჰმადიანური სახელი ჯევლეტდინ მუსტაფა ფაშა მიიღო. აკჩურა-ბეის თავის ნაშრომში "თურქიზმის ისტორიები" მოჰყავს მისი წიგნი "les Аnciens et modernes" ("ძველები და ახლები"). ამ წიგნში მუსტაფა-ფაშა ავითარებს «Tauto-Ariennism"-ის იდეას, რომლის თანახმადაც ევროპელი და თურქმანი ხალხები არსებითად ერთი და იგივე რასის წარმომადგენლები არიან და რომ დასავლური კულტურა "თურანო-არიელების" საქმიანობის ნაყოფი არის. სხვა სიტყვებით, ევროპული კულტურის შემქმნელები თურანელებიც არიან. თურანელთა ნაწილი ისლამის მიღებით სემიტურ კულტურას დაუახლოვდა. დასავლური კულტურის მიღებით, თურქები საკუთარ წარსულს აღადგენენ.

აკჩურა ბეის თქმით, ჩვენს მიერ განხილული საკითხის შესახებ, სხვა საკმაოდ ორიგინალურ, თუმცა არც ისე მეცნიერულ მტკიცებულებებს შორის, საინტერესო აზრებს გამოსთქვამს ჯელალეტდინ-ფაშა (ბოჟენსკი – რედ.). ჯელალეტდინ-ფაშა ბოჟენსკის წიგნში პირველად ექცევა ყურადღება თურქული რასის მრავალრიცხოვნებას და ძალას, მის როლს კაცობრიობის ისტორიაში, თურქული ენის სიმდიდრეს, და აზიის და ევროპის მრავალ ქვეყანაში გავრცელებული ამ ენის მნიშვნელობას. ნათქვამია, რომ თურქულ ენას არსებობა უცხო სიტყვათა დახმარების გარეშე შეუძლია. ამ წიგნში გამოთქმულია მოსაზრებები იმ აუცილებლობის შესახებ, რომ იმპერიის ქრისტიანი ხალხები ძირითად თურქულ ელემენტს კულტურულ-ენობრივი კავშირებით უნდა დაუკავშირდნენ.

საზოგადოდ, თურქმანთა და თურქთა ინტელიგენციის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონიეს ევროპელ და კერძოდ რუს მეცნიერთა, აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგთა მეცნიერულ-ლინგვისტურმა აღმოჩენებმა. ისინი, მოარული დამკვიდრებული აზრის საწინააღმდეგოდ, საუბრობდნენ ძველი თურქული კულტურის არსებობაზე, კულტურისა, რომლითაც თურქმანთა და თურქთა ახალი თაობა ამაყობდა.
თურქმან და თურქ ინტელიგენიციამდე მიდიოდა შუა აზიაში ვამბერის მოგზაურობის, ფონ-ლე-კოკის იდეალური აღმოჩენის, თურქული რასის ისტორიის შესახებ ლეონ კახონის სახელგანთქმული წიგნის, რადლოვის თურქული კილოკავების ლექსიკონის და თურქესტანის ისტორიაზე ბარტოლდის ნაშრომთა ამბები. ეს ნაშრომები თურქული ინტელიგენციის გარკვეულ რეაქციას იწვევდა.

ეროვნული თურქული ცნობიერების უმთავრესი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეროვნული იდეოლოგიის საერთო განვითარება იყო, რაც ჩვენს დროში მსოფლიოს ერთ-ერთ პროგრესულ ფაქტორად ითვლება.

უეჭველია, რომ რუსეთის იმპერიის მაჰმადიანი ხალხების ეროვნულ-თურქული ცნობიერება უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც პირველმა თურქმა დრამატურგმა, აზერბაიჯანელმა მირზა-ფათალი-ახუნდოვმა 1890 წელს უბრალო ხალხურ ენაზე თავისი უკვდავი კომედიები დაწერა. 1875 წელს, სხვა აზერბაიჯანელმა სახალხო მოღვაწემ, ჰასან-ბეკ-ზარდაბიმ ქალაქ ბაქოში დააარსა გაზეთი "ეკინჩი", და ორი წლის შემდეგ, სახელგანთქმულმა თათარმა მოღვაწემ ისმაილ-ბეკ გასპრინსკიმ ბახჩისარაიში (ყირიმში) თავისი ძვირფასი "თერჯუმანი" დააარსა, რომელიც სახალხო სკოლების რეფორმას და სწავლებას მშობლიურ თურქულ ენაზე მოითხოვდა. მანამდე სწავლება ხან არაბულად და ხან სპარსულად ხდებოდა.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ თურქული ეროვნული იდეის განვითარების მთავარი მომენტი ბალკანეთის და მსოფლიო ომების პერიოდი იყო.

მართალია, რომ იმ დროს, თურქული ეროვნული ცნობიერების იდეა განსაკუთრებით ყოფილი რუსეთის იმპერიის მაჰმადიანებში ვრცელდებოდა. მაგრამ ამას ხელს უწყობდა რუსეთის იმპერიის ხელისუფალთა და რადიკალურ მემარჯვენეთა ქმედებები და არა თურქ ემისართა საქმიანობა, როგორც ამის შესახებ ჩვენს მოწინააღმდეგეებს უყვართ საუბარი, და არა მხოლოდ რეაქციული ხელისუფლებისა და უკიდურესი მემერჯვენე პარტიების მოქმედების წესი, არამედ რუსული საზოგადოების ლიბერალური ნაწილის "სლავიანოფილობის დემონსტრაცია", რომელიც თავს უფლებას აძლევდა ბალკანეთში მიმავალ მოწყალების დებისთვის ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან ერჩია "არ გაეწიათ დახმარება დაჭრილი თურქი ასკერისთვის მანამდე, სანამ თვალწინ დაჭრილი სლავი ჯარისკაცი ეყოლებოდათ".

ამ დამოკიდებულებამ, ყოფილი რუსეთის იმპერიის თურქმანულ ტომთა ხალხურ მასებში ბუნებრივად გამოიწვია ეროვნული სულის ძლიერი აღმავლობა, რაც წითელი ნახევარმთვარისათვის ფულის შეგროვებაში, თურქმან სტუდენტთა კონტრმანიფესტაციებში და ახალგაზრდა თურქმანთა თურქეთის მოქმედ არმიაში მოხალისედ წასვლაში გამოიხატა.

ეს გარემოებები და განწყობები უცვლელი დარჩა პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც თურქეთი და რუსეთი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

აღნიშნული ომების პერიოდი მდიდარია თურქი ხალხების ეროვნული თვითცნობიერების ფაქტებით.
ამ პერიოდს ემთხვეოდა ეროვნული თურქული იდეების ყველაზე პოპულარული ორგანოს, ჟურნალ "თურქ იურდუს" დაარსება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ყველა თურქმანი ტომის წარმომადგენლნი. ეს ჟურნალი ფართოდ ვრცელდებოდა ყველა თურქმანი ხალხის ინტელიგენციაში. ახალი იდეის ნამდვილი კერა და მოგიზგიზე ბუხარი იყო საზოგადოება "თიურკ ოჯახი". ის ახალგაზრდა თაობაში აღაგზნებდა თურქიზმის "წმინდა ალს". ისიც ამ დროს იყო დაარსებული. იმავე მებრძოლ დღეებში უზარმაზარი წარმატებით ვრცელდებოდა ეროვნული თურქი პოეტი მეჰმედ-ემინ-ბეის ლექსთა კრებული. ამას გარდა, გაჩნდა პროზაული ნაწარმოებები, რომლებიც თურქიზმის საკითხებს ეხებოდა. იაკუბ კადრის, ორხან სეიფის მოთხრობები, ცნობილი თურქი ქალი მწერალი ხალიდა ედიპის რომანები, განთავისუფლებული თურანის ცხოვრების იდეალურ ტიპებს და ნიმუშებს იძლეოდნენ. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ხალიდა ხანუმის რომანი "ენი თურან" ("ახალი თურანი").

ახალ იდეურ მიმდინარეობას, პოეტების და ლიტერატორების გარდა, საკმაოდ პოპულარული მეცნიერ-მკვლევარები შეუერთდნენ. თურქოლოგიაში გამოჩნდა საერთოევროპული სახელის შემძენი კოპრულუ-ზადე მეჰმეტ-ფუატი. ზია-კოკ-ალი-ბეი ახალი იდეოლოგიის პუბლიცისტი და ლიტერატურული პროპაგანდისტი გახდა, მეტიც, ცნობილი სოციოლოგიური სკოლის დაარსებით, ის მთელი მოძრაობის კაშკაშა ცენტრად იქცა. სტამბულის უნივერსიტეტის კათედრიდან სიურკჰაიმის იდეების ქადაგებით, მან, პირველად თურქეთში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეოლოგია შეჰქმნა, რომლის მიზანიც თურქიზმის ახალი სწავლების პოეტური გამოხატვა, ფილოსოფიური გააზრება და მეცნიერული გადმოცემა იყო. ამ თვალსაზრისით, მისმა ნაშრომებმა წარუშლელი კვალი დატოვეს ახალი თაობის გონებასა და განწყობებზე. ზია-ბეი, ერთ დროს, მართლაც იყო თურქეთის მთელი მოაზროვნე საზოგადოების აზრთა გამგებელი.

მთელი თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა მან შემდეგ თავის ბოლო ნაშრომში "თურქიზმის საფუძვლები" გადმოსცა, რომელშიც პასუხი გასცა ერის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ და კულტურულ-რელიგიური ცხოვრების ყველა კითხვას. ყველა ეს პასუხი მკაცრად იყო სისტემატიზებული და ისინი სავსებით შეესაბამებიან თანმიმდევრულ ეროვნულ-კულტურულ და პროგრესულ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობას.

იგივე იდეებს, იმავე ხანაში, ამა თუ იმ სახით ანვითარებდნენ რუსეთის თურქმანთა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ წრეებშიც. საზოგადოებრივი იდეოლოგიის მთელი სისტემა ისლამიზმის რელიგიური სისტემიდან უკვე თურქიზმის ეროვნულ სისტემაზე გადადიოდა და შესაბამისად იცვლებოდა მანამდე მაჰმადიანურ პრესად წოდებული თურქული პრესის ფრაზეოლოგიაც.

სამხედრო ცენზურის მიერ შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ომის გარკვეულ თურქულ და ეროვნულ-დემოკრატიულ იდეოლოგიას ავრცელებდა 1915 წელს ბაქოში დაარსებული გაზეთი "აჩიგ სოზ"-ი. ამის შემდეგ მალევე ღიად გამოჩნდება მანამდე იატაკქვეშეთში მყოფი იგივე იდეოლოგიის მატარებელი პარტია "მუსავატი", რომელიც რუსეთის ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებად დაშლის საკითხს სვამს და შემდეგ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას აღწევს; ამასთან, "მუსავატის" წარმომადგენლები ამ მოთხოვნას რუსეთის ფარგლებში მცხოვრები სხვა თურქმანი ხალხების მიმართაც იცავენ. ამ თვალსაზრისს წარმატებით იღებს 1917 წლის მაისში მოსკოვში შეკრებილი სრულიად მაჰმადიანური ყრილობა.
თურქული იდეოლოგიის პროპაგანდა ამავე დროს ხდება ყაზანის, სხვაგვარად ვოლგისპირეთის თათრებში. ჩნდებიან ეროვნული იდეის მეხოტბე პოეტები. გამოჩნდა ზეკი ვალიდი, რომელმაც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1913 წელს გამოსცა თავისი "თურქმანთა ისტორია".

ფსიქოლოგიურად ეს გასაგებიცაა. ომის და საყოველთაო საფრთხის პირობებში ისლამის ერთიანობისნაირი დიდი და ყოვლისმომცველი ლოზუნგის უარყოფის შემდეგ, ნაციონალისტებს ასეთივე შთამბეჭდავი ლოზუნგი უნდა წამოეყენებინათ. ასეთი კი, მხოლოდ რასიული გაერთიანება შეიძლებოდა ყოფილიყო. "რელიგიური ერთობის ხანა წავიდა, ეხლა ისტორიას რასები ამოძრავებენ, გაუმარჯოს თურქმანი ხალხების ერთობას დუნაიდან ალტაიმდე!"... და ეს მით უმეტეს, რომ ისტორია იცნობდა გერმანელთა გაერთიანებას, მით უმეტეს, რომ ავსტრია-უნგრეთის და ოსმალეთის და რუსეთის ნაირი კონგლომერატული იმპერიები უნდა დაღუპულიყვნენ. თურქი ხალხები კი ეროვნული ცხოვრებისთვის იღვიძებდნენ, ისინი თავისუფლებისკენ მიისწრაფვოდნენ.

ამ კონცეფციაში გაერთიანდა იდეალური და რეალური. გერმანულის მსგავსი ერთიანი თურანული სახელმწიფოს შექმნა იდეალი იყო. მისი მიღწევის შემთხვევაში, "თურქული რასა თავისი დიდების აპოგეაში იქნებოდა და მასში დაფარული პოტენციური ძალები გაიშლებოდა და მსოფლიოს სრულიად ახალ კულტურულ ფასეულობებს მისცემდა".

ეს იდეალი, უდავოდ რევოლუციურ სულს შთააგონებდა თურქმან ტომთა მასებს. ცალკე აღებული, ყოველი თურქმანი ტომის წინაშე, მტრის გიგანტური ძალები იდგნენ, რის გამოც ცალ-ცალკე კრინტს ვერ დასძრავდნენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. მაგრამ შეგნება იმისა, რომ ისინი არიან არა მცირერიცხოვანი ტომები, არამედ მრავალმილიონიანი ერის წევრები, მქონენი დიადი ისტორიისა და ასეთივე ბრწყინვალე მომავლისა, ბუნებრივად აძლიერებდა მათ იმედებს და მათ ძველი მტრის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ მოუწოდებდა.

რეალური კი ის იყო, რომ ამ იდეალისკენ სწრაფვისას თურქული რასის ხალხების ინტელიგენციები ცდილობდნენ როგორც თავისი ხალხების ყოფის, ისტორიის, სოციალური თავისებურებების, ისე ყველა იმ ხალხების ცხოვრების შესწავლას, რომელთაც მათზე ადრე განვლეს ეროვნული განთავისუფლებისაკენ მიმავალი გზები. როგორც ამ კვლევის, ისე დროის და მოვლენათა გავლენით, ისინი თანდათანობით მივიდნენ რეალურ შედეგებამდე, როგორც პრაქტიკული პოლიტიკის, ისე იდეოლოგიის სფეროში, რაზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით.

საკმარისია იმ ფაქტის მოყოლა, თუ როგორ უჭირდა ერთ თურქ ფაშას თურქი ასკერის იმაში დარწმუნება, რომ ის თურქია და არა მუსულმანი, რომ თქვენ მაშინვე გაიგოთ თურქული პროპაგანდის რეალური მნიშვნელობა.

- რომელ ერს ეკუთვნი მუჰამედ? - ჰკითხა ერთხელ ფაშამ თავის დენშჩიკს.
- მადლობა ღმერთს, მაჰმადიანი ვარ ! - უპასუხა დენშჩიკმა.
- მაგრამ ისლამი რელიგიია, მე კი იმას გეკითხები, რომელ ერს ეკუთვნი.
- მაჰმადიანი ვარ - გაიმეორა ასკერმა.

ფაშამ დაიწყო იმის ახსნა, რომ ერი განისაზღვრება არა რელიგიით, არამედ ენით, და რომ მამედის ენა თურქულია და ის, მამედი, ეროვნებით თურქია. მამედჩიკი დაიბნა.

- დიახ, მამედჩიკ, ნუ გიკვირს, შენც ისეთივე თურქი ხარ, როგორც მე.
- ღმერთო მიშველე, როგორ შეიძლება რომ ჩემი ფაშა თურქი იყოს! - ამოხდა იმედგაცრუებულ მამედჩიკს.

აი ასეთ გულუბრყვილო მდგომარეობაში იყვნენ ჯერ კიდევ ოცი წლის წინ (რასულზადემ მოხსენება წაიკითხა 1930 წელს) ასევე მრავალი, სავსებით ინტელიგენტი "მაჰმადიანები" რუსეთიდან.

მაგრამ ახლა, როგორც საბჭოთა რუსეთის მაჰმადიანები, ისე "ოსმალები", "პანთურანიზმის" წყალობით საკუთარ თავს ერთი და იმავე სახელს - თურქებს ეძახიან.

V - ორი მიმდინარეობა პანთურანიზმში
დროთა მანძილზე პანთურანიზმში გაჩნდა ორი მიმდინარება - ცენტრალისტთა რომანტიული მიმდინარეობა და ფედერალისტთა რეალისტური მიმდინარეობა.

ცენტრალისტთა რომანტიულ მიმდინარეობაზე გარკვეულ გავლენას ახდენდა ერის რასიული გაგების გერმანელ თეორეტიკოსთა ცნობილი მსოფლმხედველობა, თურქმან ხალხთა სისხლით ნათესაობა, მათი ენების გარკვეული ერთობა და აგრეთვე მათი რელიგიური ერთგვაროვნება, რაც თითქოს საკმარისი იყო იმისათვის, რომ მოხერხებული პოლიტიკური კომბინაციის შემთხვევაში, ერთიანი თურქული სახელმწიფო შექმნილიყო.

ასეთი განწყობის რომანტიკოსთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სქემა ეფუძნებოდა კონსერვატულ-ავტორიტარულ კონცეფციას და მას უფრო სამხედრო-კასტური ხასიათი ჰქონდა, რომელიც რა თქმა უნდა, არ იყო პოპულარული ინტელიგენციის დემოკრატიულად განწყობილ და ლიბერალურად მოაზროვნე ინტელიგენციაში.

მოძრაობის უმაღლესი იდეალით შთაგონებული რეალისტური მოძრაობა კი ფიქრობდა, რომ ყველა თურქმანი ხალხის გაერთიანება ერთ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, შეუძლებელი იყო. ამ რეალისტური მოძრაობის მთავარი მიზანი იყო ცალკეული თურქი ხალხების განთავისუფლება დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით.

რომანტიკული ცენტრალისტური კონსერვატულ-ავტორიტარული თურქიზმი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პროგრამის ფორმა არ მიუღია, აზერბაიჯანელ თურქისტებს არ იზიდავდა, და ეს სავსებით გასაგებია, ვინაიდან ფეოდალური შუა საუკუნეების ნანგრევებზე განვითარებადი ახალი აზერბაიჯანული საზოგადოების დემოკრატიული სტრუქტურის პირობებში აშკარად საწინააღმდეგო ტენდენციების მქონე მოძრაობა, პოპულარული ვერ იქნებოდა.

და სინამდვილეში, აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწეები, კერძოდ პარტია "მუსავატის" მოღვაწეები, პანთურანიზმს, როგორც უნიადაგო უტოპიას უპირისპირდებოდნენ. პირიქით, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ლოზუნგი, მათი აზრით უფრო შეესაბამებოდა აზერბაიჯანის და მთელი თურქმანული სამყაროს ინტერესებს.

აზერბაიჯანელ მოღვაწეთა ასეთ კონცეფციას აკრიტიკებდა ზოგიერთი პანთურანიზმის ვითომ "ორთოდოქსული", და უნდა ითქვას, რომ პოლიტიკაში არცთუ ისე ძლიერი წარმომადგენელი.

ამ მოვლენის სახასიათო მაგალითია თურქი ჟურნალისტის, ალი-გეიდარ-ემირ-ბეის გამოსვლა მუსავატისტური პოლიტიკის წინააღმდეგ გაზეთში "ვაკიტ"-ში. ჩვენ მოგვიწია მისთვის დამტკიცება იმისა, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ლოზუნგი თურქეთის ინტერესებს არ უპირისდება, და რომ კავკასიის კონფედერაციის იდეა თურქეთის კარგად გაგებულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

ალი-გეიდარი გახლდათ თანამედროვე თურქეთის ერთ-ერთი ის ცხელთავიანი პირი მრავალთა შორის, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენენ, მაგრამ რომანტიკის ოცნებებით ტკბობას მაინც განაგრძობენ და არ სურთ დანახვა მათ ირგვლივ არსებული სინამდვილისა, რომელიც სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს. მე მის წინაღმდეგ გამოსვლა საჭიროდ ჩავთვალე იმიტომ, რომ საჭიროდ ჩავთვალე კავკასიის კონფედერაციის იდეის დაცვა იმისგან, ვინც ამ იდეას თურქული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ აქტად აცხადებდა. ალი გეიდარის ასეთ გამოსვლას შეიძლებოდა მკითხველი მასის ჩვენთვის არასასურველი განწყობა გამოეწვია.

განსაკუთრებული ტენდენციებისგან თავისუფალი მკითხველნი ამ პოლემიკის არსის წვდომისას აუცილებლად დაგვეთანხმებიან. აბა რაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც ჩვენი კავკასიურ-აზერბაიჯანული პოლიტიკის გამო, ჩვენი ოპონენტი თურქული ერთობის მტრებთან ჩვენს მისათვლელად მზადაა და არც კი მალავს კმაყოფილებას იმ უბედურებით, რაც აზერბაიჯანის მოძმე ხალხს თავს დაატყდა. ადამიანი უბრალოდ ამბობს, რომ "აზერბაიჯანში გაჩნდნენ ლიბერალური და კონსერვატული პარტიები და არ გაჩენილა თურქეთთან შეერთების პარტია".

ის, რომ ალი-გეიდარი თანამდროვე თურქეთის აზრითაც მოძველებულ აზრებს გამოხატავდა, გამოჩენილი თურქი ჟურნალისტის მუხიტიდინ ბეის გამოხმაურებიდანაც სჩანს. სმირნას შეთქმულების მონაწილეთა განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარემ კი, ზოგ ბრალდებულს ბრალად დასდო ის, რომ აზერბაიჯანში ჩასვლისას, ისინი უპასუხისმგებლოდ ჩაერივნენ მეზობელი დამოუკიდებელი და მათი გულუხვად მიმღები სახელმწიფოს შინაგან საქმეებში.

პანთურანიზმზე საუბრისას რომანტიკოსები მას რასობრივი თეორიის კლასიკურ მაგალითს, პანგერმანიზმს ადარებენ. ამ შედარებით სარგებლობენ ისინიც, ვისაც "თურანული შემოსევით" ვიღაცის შეშინება სურს. მაგრამ პარალელის გავლება უფრო ზუსტი იქნებოდა პანსლავიზმთან, და არა პანგერმანიზმთან. ხომ ცნობილია, რომ პანსლავიზმი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე რუსეთის იმპერიის წამყვანი ლაიტმოტივი იყო, რუსეთში არ გაჩენილა. ის ავსტრო-უნგრეთის იმპერიიაში მცხოვრებ სლავ ხალხებში გაჩნდა. ჩეხეთი იყო პანსლავისტური იდეოლოგიის აკვანი. პანსლავიზმის დიდი რომანტიკოსები პალაცკი, შაფარიკი და სხვები, სწორედ ჩეხეთში გაჩნდნენ. ამ ჩეხური პლეადის პანსლავისტები ფიქრობდნენ, რომ დიადი მოძმე სლავური რუსეთი, დაეხმარებოდა ტანჯულ, როგორც გერმანულ, ისე თურქულ უღელქვეშ დაღუპვამდე მისულ მოძმეებს და ორთავიანი რუსული არწივის ეგიდით განთავისუფლებული სლავები დიად სლავურ იმპერიას შეჰქმნიდნენ.

ასეთმა იდეოლოგიამ გაამხნევა ავსტრია-უნგრეთის და ოსმალეთის იმპერიებთან მებრძოლი სლავი ხალხები; ამ რწმენაში ისინი მორალურ მხარდაჭერას ჰპოვებნენ. ამასთან, ამ რწმენას სლავ ხალხებში რუს სლავიანოფილთა გავლენა და რომანოვთა სახელმწიფო პოლიტიკა განამტკიცებდა.

თავის მხრივ, პანსლავისტები თავისი მტერი პანგერმანისტების მოწაფეები იყვნენ და მთელი იდეოლოგია საფუძველში პანგერმანისტებისგან გადაიღეს. მიუხედავად ამისა, რეალური შედეგები სხვადასხვა გამოვიდა. პანგერმანიზმმა, პრუსიის მეთაურობით გერმანიის იმპერიის შექმნა გამოიწვია. სლავების ბედი კი სხვაგვარად გადაწყდა.

უკვე დიდი ხანია, რაც ჩეხი რომანტიკოსების გვერდით იგივე მასშტაბის ჩეხი რეალისტები გაჩნდნენ, რომლებიც სახელგანთქმული ჰავლიჩეკის სახით ფიქრობდნენ, რომ სრულიადსლავური სინამდვილე მხოლოდ ცალკეული სლავი ხალხების სინამდვილეს ეფუძნება. ჰავლიჩეკი სლავ ხალხებს თვითმოქმედებისკენ მოუწოდებდა და შემდეგს წერდა: "გულხელდაკრეფილი ჯდომა და ლოდინი იმისა, რომ რუსეთი მოვა და გადაგვარჩენს, შეიძლება იოლი, მაგრამ სულაც არასახელოვანი ამოცანაა".

ჰავლიჩეკმა სლავურ იდეოლოგიაში არსებითი სიახლე შეიტანა. დიადი სლავური სახელმწიფოს ლოზუნგი, მან სლავური ფედერაციის ლოზუნგით შესცვალა. ფედერაციის ეს ლოზუნგი, შემდეგ ჩეხური დემოკრატიული ნაციონალიზმის მწყობრ იდეოლოგიად გარდაიქმნა, რომელმაც ბიძგი მისცა სავსებით დამოუკიდებელი ჩეხო-სლოვაკური რესპუბლიკის გაჩენას პრეზიდენტ მასარიკის მეთაურობით, რომელიც სლავიანოფილობას სიმპატიით არ უყურებდა.

სლავიზმი სლავიზმად და, რუსეთმა სამჯერ დაფლითა პოლონეთი. რუსეთის დახმარებით განთავისუფლებული ბულგარეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობდა. როგორ მოხდა რომ გერმანიამ გაერთიანება და ომის ზეწოლის გაძლება მოახერხა და სლავი ხალხები კი სხვადასხვა მიმართულებით დიოდნენ?.. ჩვენი აზრით, იმიტომ, რომ გერმანიაში სახეზე იყო აუცილებელი წინაპირობები: ეროვნული კულტურის, ეკონომიკური და გეოგრაფიული ერთიანობა, პრუსიული ბირთვის ერთიანობა და ორგანიზებულება. ეს პირობები სლავებს არ ჰქონიათ. მარტო რასის ერთიანობა, საკმარისი არ იყო ერთიანი სახელმწიფოს შესაქმნელად.

პანსლავიზმი თავის იდეალურ ნაწილში ვერ განხორციელდა, მაგრამ მან უთუოდ დიდი როლი შეასრულა სლავი ხალხების დამოუკიდებელი ეროვნული ცხოვრებისათვის გამოღვიძებაში და ხელი შეუწყო თავისუფალი სლავური სახელმწიფოების შექმნას.

იგივე ბედი ეწია პანთურანიზმსაც. მანაც პანგერმანიზმის მიბაძვით დაიწყო, მაგრამ შემდეგ პანსლავიზმის გზას დაადგა და უკვე იმავე შედეგებამდე მიდის, რომლებამდეც პანსლავიზმი მივიდა.

VI - კავკასიური კონფედერაციის იდეა
ჩვენ ზემოთ უკვე ვთქვით, რომ აზერბაიჯანში პანთურანიზმის რეალისტური მიმდინარეობა ვითარდებოდა, რომელმაც ქვეყნის რეალურ მოთხოვნებთან იდეოლოგიის ინტერესების შეხამება შესძლო. აზერბაიჯანულმა თურქიზმმა მიიღო ფედერალისტური კონცეფცია, რომელმაც ისევე, როგორც ჩეხეთის შემთხვევაში, აზერბაიჯანელები მიიყვანა როგორც დამოუკიდებლობის, ისე კონფედერატიული კავკასიის შექმნის აუცილებლობის იდეამდე. თურქ ფედერალისტთა აზერბაიჯანულმა დემოკრატიულმა პარტია "მუსავატმა" ბაქოში 1919 წელს ჩატარებულ თავის მეორე ყრილობაზე შემდეგი რეზოლუცია მიიღო:
"პარტია "მუსავატის" მეორე ყრილობამ განიხილა პოლიტიკური სექციის მოხსენება კავკასიის კონფედერაციის იდეის შესახებ და როგორც ეროვნული, ისე ეკონომიკურ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და იმის შეგნებით, რომ მხოლოდ კავკასიის რესპუბლიკათა მჭიდრო გაერთიანებითაა უფრო იოლი საერთაშორისო აღიარების და მათი პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობების აღიარების გარანტიის მიღწევა, დაადგინა: სასურველად ჩაითვალოს კავკასიის რესპუბლიკათა გაერთიანება კავკასიის კონფედერაციის თავისუფალ კავშირში და მოვუწოდოთ მთელი კავკასიის დემოკრატიას და მეზობელ რესპუბლიკათა მთავრობებს ხელი შეუწყონ ამ იდეის განხორციელებას.

იმავე წელს, ბაქოში ჩატარდა სომხურ-აზერბაიჯანული კონფერენცია და მასზე აზერბაიჯანის მთავრობამ შეიტანა კავკასიის რესპუბლიკათა კონფედერაციად გაერთიანების პროექტი. სომხურმა დელეგაციამ მაშინ ეს წინადადება უარყო, მაგრამ ის ნაწილობრივ განხორციელდა 1920 წელს საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვითი კავშირის შექმნის სახით, რომლის თანახმადაც, თუ კი სომხეთი მოისურვებდა, ისიც შესძლებდა ამ კავშირში შესვლას. ამავე დროს ,აზერბაიჯანის პრესაში კავკასიის საბაჟო და სარკინიგზო კონვენციის საკითხი განიხილებოდა.

არა მხოლოდ მმართველი პარტია "მუსავატის" წარმომადგენლები, არამედ თითქმის ყველა მიმართულება აზერბაიჯანის პოლიტიკური აზრის უმრავლესობისა და გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაჩენისთანავე აუცილებლად სთვლიდნენ კავკასიის ყველა ხალხის ერთ კონფედერატულ სახელმწიფოდ გაერთიანებას. ამაზე საუბრობდნენ ქვეყნის პასუხისმგებელი მოღვაწეები, ეს ლოზუნგი განიხილებოდა პარლამენტის ტრიბუნიდან, როგორც ზემოთაა მითითებული, ამაზე იღებდნენ რეზოლუციებს პარტიულ ყრილობებზე. კავკასიის კონფედერაციაზე საუბრობდა და საუბრობს ჩვენი ემიგრანტული პრესა - ამ იდეას უჭერს მხარს "ოდლუ იურტ", აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მომხრეთა სტამბულში გამომავალი ორგანო, შემთხვევით არ იცავენ ამ აზრს ასეთი გზნებით აზერბაიჯანელი მოღვაწეები. კავკასიის საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები ასეთი პროგრამის შესრულებისკენ დაბეჯითებით გვიბიძგებენ.

თუ ძველ კარგ დროში კავკასია მეზობელ ხალხთა ერთმანეთთან ბრძოლის ასპარეზი იყო, ერთობლივი არსებობის ბოლო პერიოდმა და ამ მხარის ტანჯვამ გვაჩვენა, რომ კავკასიელი ხალხების ცალ-ცალკე მოქმედებას უბედურება კავკასიის ყველა ხალხისთვის მოჰქონდა. საერთო ისტორიამ, საერთო ტანჯვამ, უფრო ზუსტად საერთო ბედმა, კავკასიის ყველა ხალხს მეტ-ნაკლებად ერთმანეთის მსგავსი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბა.

ტერორისა და სისხლიანი წითელი იმპერიალიზმის საშინელმა წლებმა, კავკასიის ყველა ხალხის ერთნაირად დამთრგუნველმა სისხლიანმა წნეხმა, ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა ეს ხალხები და მათში საკუთარი ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესების ერთიანობის განცდა განამტკიცა.

კავკასიიდან მოსული ცნობები ხატოვნად მეტყველებენ იმ საერთო განწყობაზე, რომელიც კავკასიის ხალხების პოლიტიკურად მოაზროვნე წრეებში ბატონობს. ეს განწყობა სავსებით შეესაბამება იმ პოლიტიკურ პროგრამას, რომელიც ეხლა ბატონობს კავკასიის ემიგრაციაში, ე.ი. კავკასიური სოლიდარობის იდეას.

დამოუკიდებელი კავკასია არაა მარტო კავკასიელი ხალხების კეთილდღეობის საწინდარია, არამედ ის საერთაშორისო მშვიდობის სერიოზული ფაქტორცაა.

გამუდმებით ჩრდილოეთის მუქარის ქვეშ მყოფი ჩვენი სამხრეთელი მეზობლების სიმშვიდის საწინდარი მხოლოდ თავისუფალი კონფედერატული კავკასია, როგორც ბუფერული სახელმწიფო იქნებოდა. უეჭველია, რომ საერთოკავკასიური სახელმწიფოს შესაქმნელად მიმართული ჩვენი რეალური საქმიანობა, ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს ჩვენს მიმართ პატივისცემით განაწყობდა.

დამოუკიდებელ კავკასიას მისი პოლიტიკური და მით უფრო ეკონომიკური შესაძლებლობებით, უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა საერთაშორისო მსოფლიო პოლიტიკისათვის.

VII - საერთო დასკვნები და ბოლოთქმა
ყოველივე ზემოთთქმულიდან შემდეგი დასკვნები გამომდინარეობს:
პანთურანიზმი, როგორც თურქმანი ტომების ხალხური მასების გამარევოლუციონერებელი და ეროვნული თვითგამორკვევისთვის აქტიური ბრძოლის ასპარეზზე გამომწვევი იდეოლოგია, ობიექტურად არის პროგრესული და რუსული იმპერიალიზმის, "ერთიანი და განუყოფელი რუსეთის" იდეის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია.

თავიდან პანთურანიზმი რასიულ თეორიას მისდევდა, მაგრამ შემდეგ მოძრაობის ყველაზე აღიარებულმა ბელადებმაც დაასკვნეს, რომ ხალხის კონსოლიდაცია არ ეფუძნება მხოლოდ რასას და ერთი და იგივე რასიული მასალიდან შეიძლება სხვადასხვა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ერები გამოიყოს.

მოვლენათა მდინარებისა და გონებებში ასეთი ევოლუციის შემდეგ, ჩვენ ვასკვნით, რომ რომანტიული და პოლიტიკური "პანთურანიზმი" აღარ არსებობს და არის მხოლოდ რეალური და კონკრეტული ეროვნული მიზნების მქონე "თურქიზმი".

თურქ ხალხთა ეროვნული თვითცნობიერება რასიული იდეოლოგიიდან ეროვნულ იდეოლოგიაზე გადადის, რაც აგრესიის შესაძლებლობას იდეოლოგიურ-თეორიულ სფეროშიც კი გამორიცხავს.

აზრის ეს ევოლუცია სავსებით შეესაბამება იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც თურქული სახელმწიფოები იმყოფებიან. თურქეთის რესპუბლიკის გენიალურმა მეთაურმა ხომ თანამედროვე თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი საგარეო პოლიტიკის პროგრამა გამოაცხადა. თანამედროვე თურქეთი არაა განვითარებული მრეწველობის ქვეყანა, თავისი ნაწარმის გასასაღებლად მას კოლონიები არ სჭირდება, მას არ აწუხებს ჭარბი მოსახლეობა და ამიტომ ტერიტორიული ექსპანსია არ ესაჭიროება; პირიქით, ანატოლიის ცარიელი ველ-მინდვრების დასამუშავებლად თურქეთი იმიგრაციულ პოლიტიკას ეწევა. ათასჯერ მართალია მუსტაფა-ქემალ ფაშა, როდესაც ამბობს, რომ "ღატაკ აოხრებულ ანატოლიას ერთი ზედმეტი გროშიც არა აქვს სხვებისთვის გასამეტებლად".

ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, თურქეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საუბარი შეუძლებელია.

მაშ ასე, ზღაპარი "მონღოლთა ახალი შემოსევის შესახებ" წმინდა ფანტაზიის ნაყოფია. ასეთი საშიშროება სინამდვილეში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავად ესმის ე.წ. რუსულ დემოკრატიასაც ბ-ნი კერენსკის ხელმძღვანელობით. მაგრამ ის ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, სპეციალურად ამუქებს ყველაფერს და ბოროტ დემაგოგიას ეწევა.

მათ კარგად უწყიან, რომ მონღოლთა შემოსევა არ განმეორდება. მათ ასევე იციან, რომ ჩვენს დროში იმპერიები ინგრევა და არ იქმნება.

მათ რა თქმა უნდა ვითომ ყაზანის გასანთავისუფლებლად მიმავალი ქემალის პოლკები კი არ აშინებს, არამედ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მაგალითი, რომელიც ყველაზე მოხერხებული პოლიტიკოსების და მხედართმთავრების მცდელობების მიუხედავად, საკუთარი თავის შემცნობი და და თავისუფლების მსურველი ხალხების გამარჯვებული მოძრაობის ზემოქმედებით დაიშალა. ცნობილია, რომ ეს მსვლელობა იმავე პანსლავიზმის იდეითაც იყო შთაგონებული!

სლავი ხალხების მსგავსად, რომელნიც დღეს სავსებით დამოუკიდებელი არიან, თავის დროზე აზერბაიჯანელი ხალხიც შთაგონებული იყო პანთურანიზმის მარევოლუციონერებელი იდეით. ის სუბიექტურად მივიდა თავისი ეროვნული არსებობის დაცვის იდეამდე და სავსებით გაიგო, რომ ის დამოუკიდებელი კონფედერატული კავკასიის შექმნის გარეშე ვერ გადარჩება!უკვე ითქვა, რომ ეს პრინციპი ნაწილობრივ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დადებული სამხედრო-თავდაცვითი პაქტით განხორციელდა (ბოლშევიკებმა მერე საინგილო გადასცეს აზერბაიჯანს სწორედ იმიტომ, რომ შემდგომში შეუძლებელი გაეხადათ საქართველო-აზერბაიჯანის სოლიდარობის ნებისმიერი ფორმა. გ.მ.). თუ მისი სრულად განხორციელება ვერ მოვახერხეთ, ამას მრავალი მიზეზი აქვს და ამ მოხსენებაში ყველა მიზეზზე საუბარი შეუძლებელია. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ამ იდეის განუხორციელებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის პროვოკაცია და დემაგოგია იყო, რომელიც ახლა ბატონი ხონდკარიანის და მისი კომპანიის პირით კავკასიელი ხალხების ერთიანი ფრონტის ჩაშლას ცდილობს. როგორც ჩვენ ფაქტების საფუძველზე დავრწმუნდით, დღევანდელი მდგომარეობით "თურქიზმი" კავკასიისათვის საშიში არაა, პირიქით, როგორც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული იდეა ის კავკასიის მოკავშირეა.

მაგრამ არსებობს "პანთურანული პრობლემის" გადაჭრის ჩვენთვის საშიში სახეობა. მხედველობაში ბატონი მანდელშტამის გეგმა მაქვს.

მისი აზრით, თურანული მიწები არ უნდა ჩამოშორდეს რუსეთს, ყველა თურქმა ხალხმა უნდა მიიღოს ავტონომია და ისინი რუსეთის ფარგლებში უნდა დარჩნენ როგორც დიადი რუსული ფედერაციის შემადგენელი ნაწილები, სადაც თუ სურვილი ექნებათ შესვლას შესძლებენ თურქეთიც და სპარსეთიც კი. (მანდელშტამის ეს პროგრამა ძალიან ჰგავს სტალინის ავტონომიზაციის პროგრამას, რომლის თანახმადაც რომანოვების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები და მათ შორის საქართველოც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად უნდა ქცეულიყვნენ, იგივე სურდათ ფაქტიურად მ. გორბაჩოვს და აკადემიკოს სახაროვს. გ.მ).

რუსული დიდმპყრობელობის რადიკალების მხრიდან თურქმანი ხალხების ავტონომიაზე საუბარი თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია. ამაშია ჩვენი იდეის ძალა. დროის სული ადამიანებს ფიქრს აიძულებს.

საკითხის გადაჭრის ის ხერხი, რომელსაც მანდელშტამი გვთავაზობს, ფანტაზიაა, რომლითაც ესოდენ მდიდარია რუსული პოლიტიკური ცხოვრება. მაგრამ საკითხი დიდმპყრობელ მეოცნებებთა მორიგი ფანტაზიით ვერ გადაწყდება...

ჩვენ, რუსეთის ქვეშევრდომებად ქცეული ხალხები, არაერთხელ დავუზარალებივართ რუსული პოლიტიკური აზრის თავისებურ და ზოგჯერ მიმზიდველ ნაყოფს. ვერავითარი ვითომლიბერალური ფრაზები ვერ დამალავენ იმ ფაქტს, რომ რუს იმპერიალისტებს არ სურთ უარის თქმა მათი წინაპრების მიერ დაპყრობილ მიწებზე; პირიქით, ისინი ნებისმიერი საბაბით ახალი მიწების შეძენაზე ფიქრობენ!..

დიახ, ბატონებო, სინამდვილეში ქემალის და პარტია "მუსავატის" არარსებული "პანთურქიზმი" საშიში არაა. პირიქით, თავი ბატონების - მანდელშტამების და კერენსკების პანრუსიზმისგან უნდა დაიცვათ!..

არ შეგაშინოთ კავკასიის, უკრაინის, თურქესტანის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ხალხების კოალიციის მოწინააღმდეგეთა გამოხდომებმა. არ მიაქციოთ ყურადღება ჩვენს რიგებში ეჭვის და უთანხმოების შეტანის მსურველი მტრების ბოროტ დემაგოგიას. ერთად, მწყობრ რიგებად ვიაროთ დასახული მაღალი მიზნისაკენ, ჩვენი ხალხების განთავისუფლებისაკენ!

საერთო მტრის წინააღმდეგ, ამ რეალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო დროშის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა ჩვენ, რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ხალხები და განსაკუთრებით ჩვენ, კავკასიელები!..

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen