მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
რა არის ჩვენთვის საყდრისი და რატომ უნდა შენარჩუნდეს საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი

,,საყდრისის დამცველი საზოგადოებრივი კომიტეტის" მიმართვა-წერილი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს

ამ წერილის დაწერის მიზეზია ის გარემოება, რომ ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს გარშემო, სიტუაცია დღითიდღე თანდათან იძაბება, რადგან საქართველოს სახელმწიფო კერძო კომპანიის ინტერესებს იქამდე იცავს, რომ უარყოფს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე 10 წლიანი კვლევების შედეგად უკვე დადასტურებული უნიკალური კულტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არსებობას და უშვებს მის განადგურებას. ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები თავს მოვალედ ვთვლით, არსებული სიტუაციის ირგვლივ საკუთარი აზრი გამოვხატოთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა ყველამ იცოდეს, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი (და არა მარტო ჩვენი) პოზიცია და განწყობა ამ დრომდე პოზიტიურია. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება“-ში გაერთიანებული პოლიტიკოსები, და არა მარტო ისინი, შესძლებენ საზოგადოების ნდობის გამართლებას და მათზედ 2013 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით ამომრჩეველთა მიერ დაკისრებულ ვალდებულებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მათ დემოკრატიის მთავარი პრინციპის - ამომრჩეველთა აზრის გათვალისწინებასაც ავალებს.

რატომ ვიცავთ საყდრისს და რას წარმოადგენს კულტურა ჩვენი გაგებით?

ცნობილია, რომ კულტურა ერის მატერიალური და სულიერი ღირებულებების რაობას, სახელმწიფოს საფუძველს და ერისა და სახელმწიფოს პროგრესული განვითარების საძირკველს წარმოადგენს! კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ანალიზის და შემდგომი განვითარების გარეშე, წარმოუდგენელია როგორც რეალური ეკონომიკური პროგრესი, ასევე სოციალური და ყოველგვარი სხვა სახისა - რისი ფაქტიც საქართველოს უკანასკნელი წლების თუ საუკუნეების მაგალითზე სახეზეა და რაც აპრიორია - კამათს არ ექვემდებარება!

რისკენ მიისწრაფის დღეს ქართული საზოგადოება და რას უნდა დაეფუძნოს ,,აღდგენის" პროცესში მყოფი სახელმწიფო?

უპირველეს ყოვლისა, საზოგადოება ითხოვს უსაფრთხოებას და თავისუფალი (ეკონომიკურ-პოლიტიკური და სოციალურ-კულტურილი სახის) განვითარების საშუალებას, რაც უნდა დაეფუძნოს სამართლიანი საზოგადოების არსებობას და კულტურისა და მეცნიერების პრიორიტეტს. რადგან, სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს სახელმწიფო ვერასოდეს ვერ გაუწევს რეალურ ფიზიკურ კონურენციას და ვერც წინ აღუდგება მეზობლად არსებულ ზესახელმწიფოებს (რაც ასევე აპრიორია!). ამიტომ, სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ყველაზე ქმედით საშუალებას, დღეს, საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში(!) წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა. მოკლევადიანი აღორძინების თვალსაზრისით კი, უპირველესად კულტურა - ვინაიდან საქართველოს რეალურად გააჩნია ერთ-ერთი უძველესი და ამასთან ერთად, მრავალი თვალსაზრისით უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა!

რა იგულისხმება უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაში?

ბოლო 10-20 წლის განმავლობაში, საქართველოში, მეცნიერული მიმართულებით მუშაობა ესე თუ ისე (ძალზე მცირე სახით) მაინც ხორციელდებოდა, რასაც ძირითადად ,,შემთხვევითი" ხასიათი ჰქონდა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის ბოლოს წარმოებული კვლევების განვრცობა ან დასრულების შესაძლებლობა. ეს კი უმთავრესად ხორციელდებოდა (და ხორციელდება) უცხოური გრანტებით, და არა საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ამა თუ იმ დარგის პრიორიტეტების მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ამ ბოლო პერიოდში, ძალზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის აღმოჩენები განხორციელდა, რომელთა ნაწილი უკვე აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა მკვლევარებმა, ნაწილი კი ამჟამად აღიარების პროცესშია, რასაც საქართველოს სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და აღორძინების პოლიტიკამ მიზანმიმართულად უნდა შეუწყოს ხელი.

«დაიცავი საყდრისის» ფოტო: მიმდინარე სამუშაოები პრეისტორიული საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე, 14.04.2014

«დაიცავი საყდრისის» ფოტო: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს დამცველები საყდრისში
რაში მდგომარეობს ეს უნიკალურობა?

როგორც ვიცით, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში ცნობილია მხოლოდ რამოდენიმე რეგიონი, სადაც წარმოიშვა და განვითარდა კაცობრიობის ცივილიზაცია. ამ წერილში, ყველა მათ ჩამოთვლას და ანალიზს ვერ მოვახერხებთ, მხოლოდ იმ ფაქტს გავუსვამთ ხაზს, რომ კავკასიის გარდა, ცივილიზაციის ამ უძველესი კერების ტერიტორიებზე დღეს მკვიდრი მოსახლეობა აღარ სახლობს. ეს დამტკიცებულია უკანასკნელი პერიოდის ანთროპოლოგიური, გენეტიკური და სხვა სახის კვლევების შედეგად, რისი აღიარებაც დღეს თუ ხვალ მთელ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას მოუწევს (რაც არ არის მხოლოდ თეორიული მიმართებები, ეს როგორც ბევრს, მათ შორის კომუნისტური იმპერიის იდეოლოგიზირებული მეცნიერების შეხედულებებში ჩარჩენილ ზოგიერთ მეცნიერს ჰგონია.), საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიის რეგიონი ცივილიზაციის სხვა კერებისგან განსხვავებით, ნაკლებადაა შესწავლილი.

სახელმწიფოს კულტურის განვითარების და დაცვის პოლიტიკამ აღნიშნულ პროცესს ხელი ქმედითად უნდა შეუწყოს, რადგან XXI საუკუნეში სწორედ ეს წარმოადგენს ძალზედ მნიშვნელოვან (დამატებითი სახის თავდაცვით!) გარემოებას უძველესი კულტურის მქონე და მკვიდრი მოსახლეობით დასახლებული რეგიონისთვის - ქართული სახელმწიფოსათვის!

რა გააჩნია დღეს საქართველოს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით?

ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პრეისტორიული დროის მემკვიდრეობაზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ღირებულია თავისი ზოგადსაკაცობრიო კონტექსტით - მსოფლიო მნიშვნელობით.

1. ესაა 1999 წლის 24 ივლისს, ქართველი და გერმანელი არქეოლოგების მიერ, დმანისის ნაქალაქარში, 16-კბილიანი ქვედა ყბისა და 2 თავის ქალას (ქალისა და მამაკაცის) სახით აღმოჩენილი თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპრის, პრეისტორიული ადამიანის, Homo erectus georgicus ნაშთები. დმანისელი ჰომინიდების - ,,ზეზვას და მზიას" ასაკი 1,7-1,8 მლნ წლითაა დათარიღებული, მაშინ როდესაც უძველესი ევროპელის ასაკად 1 მლნ. წელი იყო მიჩნეული. ამ აღმოჩენამ ძალზედ მნიშვნელოვანი ცვილებები შეიტანა ადამიანის განვითარების ევოლუციური ისტორიის პროცესების ახლიდან გაგებაში და კავკასიის რეგიონი პირველი ადამიანის სამშობლოდ აქცია. ეს აღმოჩენა, საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენათა შორის დაასახელა.

2. ესაა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა მიერ, 2009 წელს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი 34 ათასი წლის წინანდელი ველური სელის ძაფის ბოჭკოები. ეს აღმოჩენა დასახელებულია იმ ათ საუკეთესო აღმოჩენათა შორის, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შესცვალეს.

3. ესაა საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ღვინის კულტურა მსოფლიოში 7000 წელს ითვლის და ის მსოფლიოში საქართველოს (კავკასიის) რეგიონიდან გავრცელდა. ქართული სიტყვა „ღვინო“ ხომ ყოველ ენაში ღვინის სახელის ფუძეს წარმოადგენს.

4. ესაა 2013 წელს გამოქვეყნებული დიდი ბრიტანეთის უნივესიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ენობრივი საკითხების მრავალწლიანი კვლევის შედეგები, რომლებიც უახლესი პროგრამების გამოყენებით ხორციელდებოდა. მეცნიერთათვის მოულოდნელად, რამოდენიმეჯერ გადამოწმებულმა(!) კვლევის შედეგებმა, ქართული ენა პრეისტორიული მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენად წარმოაჩინა, რის მიხედვითაც ის მსოფლიოს ხალხთა უძველესი ენების ერთ-ერთ საფუძველ ,,დედა"-ენად არის მიჩნეული. ამ საკითხზე მუშაობა დღემდე გრძელდება არა საქართველოში, არამედ უცხოეთში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე სამარცხვინო ფაქტს წარმოადგენს.

5. ესაა 2003 წელს, სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში, არქეოლოგიური გათხრების დროს, სამარხში ნაპოვნი მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების კვალი - თიხის ჭურჭელი, რომელიც სამ სხვადასხვა სახეობის ინდივიდუალურად დახუფულ თაფლს (ღიღილო, ცაცხვის ხე და ველური ყვავილი) შეიცავდა, რაც მოწმობს, რომ საქართველოში მეფუტკრეობა ძვ.წ. 27 საუკუნეში მაღალ დონეზე იყო განვითარებული. მეცნიერთა მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ,,ქართული თაფლი", მანამდე, ეგვიპტის ფარაონ ტუტანჰამონის აკალდამაში ნაპოვნ და უძველესად მიჩნეულ თაფლზე 15 საუკუნით ადრინდელია.

აქ საუბარს აღარ განვავრცობთ მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ მითზე, არგონავტების მოგზაურობაზე კოლხეთში, თუნდაც კავკასიონის ქედზე მიჯაჭვულ პრომეთეს მითზე, ან ბიბლიურ გადმოცემაზე, რომლის თანახმადაც კაცობრიობა წარღვნის შემდეგ სწორედ კავკასიაში გადარჩება; ან რკინის, მეტალურგიის სათავეებთან მყოფ ქართველურ ტომებზე, ქართული პურის უძველეს ჯიშებზე; ქართულ ანბანზე, რომელსაც ენათმეცნიერები მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს და სრულყოფილი ანბანურ სისტემად სთვლიან. ის ერთადერთია, რომელიც მზისა და მთვარის კალენდარულ სისტემებს მოიცავს. არაფერს ვამბობთ უნიკალურ ქართულ ხალხურ მრავალხმიან სიმღერასა და ცეკვაზე... და სხვა უნიკალურ მემკვირდეობაზე, რომელიც საერთაშორისო კულტურის ინტერესის საგანს წარმოადგენს.

თავისი უნიკალურობის გამო, საყდრისის კულტურულ-არქეოლოგიური ძეგლი, უპირველესად სწორედ ამ ჩამონათვალის წინა რიგში თავსდება. რადგან მას ცივილიზაციის ეკონომიკის ისტორიის და სამთო წესით წიაღისეულის მოპოვების (ისტორიის) განვითარების თვალსაზრისით, უნიკალური ღირებულება გააჩნია. სრულიად დადასტურებული ფაქტია, რომ პრეისტორიულ ხანაში, ოქროს ინდუსტრიული წესით მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროში ხდებოდა. და ეს გავილებით უფრო ადრე, ვიდრე სხვა ცივილიზაციებში, მათ შორის, ეგვიპტეში.

უახლოეს პერიოდში, სწორედ ამ ფაქტის აღიარება მოუწევს მთელს მსოფლიოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია RMJ Gold Ltd.-მა ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით არ გაანადგურა პრეისტორიული ხანის აღნიშნული ძეგლი და მკვლევარებს იქ შემდგომი კვლევების გაგრძელების საშუალება მისცა, რამაც ყოველი მიმართულებით უნდა წარმოაჩინოს ამ უნიკალური ძეგლის რაობა, კულტურული კუთვნილება და იმ პერიოდის ცივილიზატორული კულტურის განვითარების დონე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მთლიანად კავკასიისა და მსოფლიოს მაშტაბით.

ყოველივე ამის მეცნიერულ დადასტურებას საქართველოს სახელმწიფომ მიზანმიმართულად, ქმედითი კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბებით უნდა შეუწყოს ხელი, რადგან ყოველივე ამ ფაქტობრივი მონაპოვრების აღიარებას უცილობლად მოჰყვება ზოგადად იმ ფაქტის აღიარება, რომ კავკასიის რეგიონი და კერძოდ საქართველოს ტერიტორია წარმოადგენდა კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანს და კულტურული განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონს - რასაც XXI საუკუნეში შესაბამისი სახის საერთაშორისო ინტერესი და რეზონანსი გააჩნია.

ასეთი რეგიონების მიმართ - საბერძნეთი, ანატოლოა, ეგვიპტე, ტიბეტი, ტაილანდი, ვენეცია და სხვები – იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია), ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს, საერთაშორისო სამართალი (მათი განსაკუთრებული დაცვის) გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, რადგან ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ცივილიზირებული მსოფლიოს ვალდებულებას წარმოადგენს.

ამ მიმართებებს საქართველოს სახელმწიფომ თავისი პოლიტიკით მხოლოდ რეგიონში კი არ უნდა შეუწყოს ხელი და სხვისი დახმარების მომლოდინე მხოლოდ მომხმარებელი კი არ უნდა იყოს, არამედ პირიქით, თავისი აქტიურობით არსებული ღირებულებების საყოველთაოდ დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს და მისი მნიშვნელობის საყოველთაოდ გაზრდისათვის აქტიურად უნდა იღწვოდეს.

«დაიცავი საყდრისის» ფოტო: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს დამცველები

ფოტოზე: საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს დამცველები სახელმწიფო კანცელარიასთან, 24.04.2014

შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ღირებულების პოტენციალით, საქართველოს შეუძლია არა მარტო ტურიზმის განვითარება, არამედ სწორედ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან მსოფლიო ცენტრად ქცევა.

ამიტომ, ჩვენმა სახელმწიფომ კარგად უნდა გაანალიზოს ის მიმართება, რომ საქართველოს ასეთი სახის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, XXI საუკუნეში წარმოადგენს გარკვეული გაგებით უსაფრთხოების გარანტიას და ეკონომიკური განვითარების მთავარ საფუძველს. უსაფრთხოების თვალსაზრისში იგულისხმება ის, რომ ყოველ აგრესოს უფრო გაუჭირდება იუნესკოს და სხვა საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის დამცველი სტრუქტურების ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სახელმწიფოზე აგრესიის განხორციელება, ვიდრე ველურების ქვეყანაზე, რომლებიც საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას და უსაფრთხოების გარანტიებს თვითონ სპობენ.

ერთმნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, მაღალი კულტურის მქონე, წარმატებული, დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოების წინააღმდეგ უფრო ძნელია აგრესიის განხორციელება, ვიდრე რევოლუციებით, კორუფციით და უსამართლობით გათანგულ, სოციალურად დაუცველ საზოგადოებაზე.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ,,საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი" მოგმართავთ თხოვნით, რომ პატივი სცეთ საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, შეიმუშავოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქმედითი პოლიტიკა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს მთელმა საზოგადოებამ. საერთო ძალისხმევით ავაღორძინოთ ქართული კულტურა – ეს წარმოადგენს წინა თაობებისა და თანამედროვეთა ოცნების ნაწილს.

ქართული კულტურის დაცვის სიმბოლოდ დღეს საყდრისის პრეისტორიული ხანის უნიკალური ძეგლი იქცა! ერთად გადავარჩინოთ და დავიცვათ ის! ჩვენი საქმე სამართლიანია და ჩვენთან არს უფალი!

საყდრისი
23. 04. 2014


საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად შეუერთდით პეტიციას:

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen