ლევან ჯიქია:
1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება საქართველოში |
1921
წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. 1921 წლიდანვე
საქართველოში ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ქართული
ეროვნული მოძრაობის მიზანს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობა
1924 წელს შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის
ბრძოლის ორგანიზება პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს. საერთო მიზნის
მისაღწევად საქართველოს ხუთი წამყვანი პოლიტიკური პარტია გაერთიანდა:
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (მენშევიკები),
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური
პარტია, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერთა
პარტია) და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას ჩამოშორებული
ჯგუფი „სხიველები“ (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები). ამ პოლიტიკურმა
პარტიებმა 1922 წლის აგვისტოში ინტერპარტიულ ორგანიზაციას „საქართველოს
დამოუკიდებლობის კომიტეტს“ (დამკომი), იგივე „პარიტეტულ
კომიტეტს“ საფუძველი ჩაუყარეს. დამკომში პოლიტიკური
პარტიები წარმოდგენილი იყვნენ თითო წევრით, თავმჯდომარეს ყოველთვის
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ირჩევდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის
კომიტეტის პირველი თავმჯდომარე იყო გიორგი (გოგიტა)
ფაღავა, შემდეგ - ნიკოლოზ ქარცივაძე,
ბოლოს - კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. დამკომმა
ჩამოაყალიბა საფინანსო კომისია, წითელი ჯვრის კომისია, სარედაქციო
კომისია და „გაერთიანებული სამხედრო ცენტრი“. ამ კომისიებიდან
ყველაზე მძლავრი გაერთიანებული სამხედრო ცენტრი იყო. სამხედრო
ცენტრი შეიქმნა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული შეიარაღებული ჯგუფებისაგან 1922 წლის აგვისტო-სექტემბრისათვის.
სამხედრო ცენტრში სოციალ-დემოკრატებს და სოციალისტ-ფედერალისტებს
ვარდენ წულუკიძე წარმოადგენდა, ხოლო ეროვნულ-დემოკრატებს
- გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. სამხედრო
ცენტრის დაზვერვას პოლკოვნიკი ივანე ნარიკელაძე ხელმძღვანელობდა.
დამკომი სამხედრო ცენტრს საჭირო ინფორმაციებს აწვდიდა, ხოლო
ეს უკანასკნელი კი მათ ამუშავებდა. სამხედრო ცენტრმა რეგიონებში
ფილიალები შექმნა.
საქართველოს საგანგებო კომისიამ და ამიერკავკასიის საგანგებო
კომისიამ მოიპოვეს ინფორმაცია სამხედრო ცენტრის შესახებ, რის
შემდეგაც სამხედრო ცენტრის თხუთმეტი ოფიცერი იქნა დაპატიმრებული,
რომლებიც 1923 წლის 21 მაისს დილის 4 საათსა და 30 წუთზე თბილისში,
ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. დახვრეტილთა შორის იყვნენ:
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, გიორგი ხიმშიაშვილი,
როსტომ მუსხელიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ნიკოლოზ ზანდუკელი,
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე,
ივანე ქუთათელაძე, სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილი, ალექსანდრე
მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, დიმიტრი
ჩრდილელი. დახვრეტის წინ სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელმა
თანამებრძოლები შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „თქვენ
ხომ იცით რატომაც ვკვდებით, მე მხოლოდ ის მადარდებს სამშობლოსთვის
ვერაფერი რომ ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს უკან რჩება ხალხი,
რომელიც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს და ჩვენც იმქვეყნად გავიგებთ,
როცა საქართველო იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
ჩეკისტები სიცოცხლეს შეჰპირდნენ სამხედრო ცენტრის წევრს, ილიას
დისწულს კოტე აფხაზს, თუკი ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ
ბრძოლაზე ხელს აიღებდა. მაგრამ კ. აფხაზმა ჩეკისტების ნაჩუქარ
სიცოცხლეზე უარი თქვა, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
„მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე
ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“
აღსანიშნავია, რომ თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი დახვრეტის წინ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს „დიდებას“ მღეროდა.
სამხედრო ცენტრის ჩავარდნის შემდეგ მისი ფუნქცია სამხედრო კომისიამ
იკისრა. სამხედრო კომისიის მუშაობას პარიზიდან საგანგებოდ ჩამოსული
სოციალ-დემოკრატი ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა.
სამხედრო კომისიაში მნიშვნელოვან ფუნქციას ცნობილი მწერალი
მიხეილ ჯავახიშვილი ასრულებდა. საქართველოს საგანგებო
კომისიის მიერ მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ, სამხედრო
კომისიაში ეროვნულ-დემოკრატი გიორგი წინამძღვრიშვილი შევიდა,
ხოლო ნოე ხომერიკის დაპატიმრების შემდეგ ის გოგიტა ფაღავამ შეცვალა.
სამხედრო კომისია რეგიონებში არსებულ დამკომის სამხედრო ორგანიზაციებს
ეყრდნობოდა, ხოლო იქ, სადაც ასეთი არ არსებობდა - სპეციალურ
სამხედრო რწმუნებულებს. ეს რწმუნებულები იმ პირების აღრიცხვას
ახორციელებდნენ, რომლებსაც აჯანყებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.
ეს ისეთნაირად კეთდებოდა, რომ ამის შესახებ ხშირ შემთხვევაში
აღრიცხვაზე აყვანილებმაც კი არ იცოდნენ. სამხედრო კომისია, მოსამზადებელი
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, აჯანყების საკითხს დამკომში
სვამდა, გადაწყვეტილებას კი დამკომის გაფართოებული სხდომა იღებდა.
აჯანყების თარიღის განსაზღვრა აჯანყების წინ დანიშნული მთავარსარდლის
და მისი შტაბის კომპეტენციას შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი „სამხედრო კომისიები“
ჰქონდათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ
კომიტეტთან არსებულ სამხედრო კომისიაში თავდაპირველად ვასილ
ნოდია და გოგიტა ფაღავა შედიოდნენ,
ხოლო შემდეგ - გიორგი ჯინორია და კონსტანტინე
ანდრონიკაშვილი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის სამხედრო კომისიაში თავიდან შედიოდნენ დავით
(დათა) ვაჩნაძე, ილიკო სიხარულიძე და სოლომონ ზალდასტანიშვილი,
ხოლო მოგვიანებით - სოლომონ ზალდასტანიშვილი და გიორგი
წინამძღვრიშვილი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაქვემდებარებაში
მყოფი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის რაზმი
1923 წლის დასაწყისიდან დამკომის განკარგულებაში გადავიდა. აქედან
მოყოლებული, დამკომი ქაქუცა ჩოლოყაშვილს ყოველთვიურად 200 ლირას
უგზავნიდა. დამკომი ქაქუცასთან ურთიერთობას სამხედრო კომისიის
მეშვეობით აწარმოებდა.
|
ფოტოზე: ქაქუცა შეფიცულებთან
ერთად, ცენტრში თეთრ ჩოხაში ზის ქაქუცა
|
საქართველოს დამოუკიდებლობის
კომიტეტს რეგიონებში წარმომადგენლები - რწმუნებულები და კომისიები
ჰყავდა. დამკომი რწწმუნებულებს ისეთ დიდ რაიონებში ნიშნავდა,
სადაც პარიტეტული კომისიის შექმნა ვერ მოხერხდებოდა.
ასეთი იყო ბათუმის ოლქი, სადაც დამკომის ერთადერთი სრულუფლებიანი
წარმომადგენელი გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე იყო.
საქართველოს საგანგებო კომისიაში სპეციალურად მესამე და მეოთხე
ქვეგანყოფილებები შეიქმნა, რომლებიც შესაბამისად მემარჯვენე
და მემარცხენე პოლიტიკურ პარტიებზე მუშაობდნენ. საგანგებო კომისიას
თავის დაქვემდებარებაში ჰყავდა ინფორმატორები, რომლებიც კონსპირაციის
მიზნით სხვადასხვა სახელებს (ფსევდონიმებს) ირქმევდნენ, მაგალითად:
„ჟორდანია“, „ფაღავა“, „ჯუღელი“, „მოსკოვი“, „აფხაზეთი“, „მაუზერი“
და სხვა.
მართალია საქართველოს საგანგებო კომისია, თავისი აგენტურული
ქსელის მეშვეობით, იღებდა ინფორმაციებს 1924 წლის აჯანყების
მზადების შესახებ, მაგრამ არანაკლებ კარგად მუშაობდნენ პატრიოტული
ძალები. მათ ამიერკავკასიის საგანგებო კომისიაში თავიანთი კაცი
არჩილ კახიანი ჰყავდათ. დავალებებს არჩილ კახიანი
პირადად სოციალ-დემოკრატ ნოე ხომერიკისაგან იღებდა. თავის მხრივ,
კონსპირაციის მიზნით, არალეგალურად მომუშავე პირებიც ირქმევდნენ
ფსევდონიმებს, მაგალითად „სოლომონი“ იყო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის
ფსევდონიმი, „ზურაბი“ - ვალიკო ჯუღელის, „ფრანსუა“ - ნოე ხომერიკის,
„ორბი“ - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, „გოგი“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის,
„სამფერი“ - დავით ვაჩნაძის და ა.შ.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი
ჩრდილო კავკასიასთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება და საბჭოთა
ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა იყო. სომხებთან
მოლაპარაკება ფაქტიურად არ წარმოებდა, რადგან მათ თავიდანვე
უარი თქვეს აჯანყებაში მონაწილეობის მიღებაზე. საბჭოთა ხელისუფლების
მიერ ჩრდილო კავკასიაში და აზერბაიჯანში განხორციელებული დაპატიმრებების
შემდეგ იქ ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების მოწყობის საკითხი
დღის წესრიგიდან მოიხსნა. საქართველო იძულებული გახდა მარტო
თავის ძალებზე დაყრდნობით ეზრუნა შეიარაღებულ აჯანყებაზე.
დამკომმა აჯანყების მთავარსარდლად გენერალი სპირიდონ
ჭავჭავაძე დანიშნა. მთავარსარდლის დასახმარებლად დამკომმა
ორი პოლკოვნიკი გამოყო. დამკომის გადაწყვეტილებით, აჯანყება
საქართველოში საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო მდგომარეობის
გართულებას უნდა დამთხვეოდა. საერთაშორისო მდგომარეობის გასარკვევად
დამკომმა საზღვარგარეთ ვასილ ნოდია გაგზავნა. ვ. ნოდიამ საზღვარგარეთ
მომუშავე ქართულ ანტისაბჭოთა პოლიტიკურ პარტიებს აუწყა, რომ
დამკომი უკვე მზად იყო საქართველოში აჯანყების დასაწყებად და
ამიტომაც დამკომს აინტერესებდა საერთაშორისო მდგომარეობა იყო
თუ არა ხელსაყრელი. ვ. ნოდიამ საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა პასუხი
- საერთაშორისო სიტუაცია აჯანყების დასაწყებად ხელსაყრელი იყო.
საზღვარგარეთიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დამკომმა
აჯანყება საქართველოში 1924 წლის თებერვლისათვის დანიშნა. მაგრამ
1923 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საგანგებო კომისიამ ნოე ხომერიკი
დააპატიმრა, 1924 წლის 24 იანვარს - გოგიტა ფაღავა, 1924 წლის
28 იანვარს - გიორგი წინამძღვრიშვილი. ამიტომ დამკომი იძულებული
გახდა, განხორციელებული მასობრივი დაპატიმრებების და ფულადი
სახსრების უქონლობის გამო, აჯანყების თარიღი გადაეწია.
1924 წლის ივლისის ბოლოს დამკომის და სამხედრო კომისიის გაფართოებულმა
სხდომამ აჯანყების თარიღად 1924 წლის 17 აგვისტო დანიშნა. 1924
წლის 6 აგვისტოს სოციალ-დემოკრატი ვალიკო ჯუღელი დააპატიმრეს,
რამაც კიდევ ერთხელ განაპირობა აჯანყების თარიღის იძულებით გადაწევა.
ამასთან საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიმართა მასობრივ
რეპრესიებს. მთავარსარდალ სპირიდონ ჭავჭავაძეს აჯანყების წარმატებაში
ეჭვი შეეპარა, რის გამოც ეროვნულ-დემოკრატმა იასონ ჯავახიშვილმა
დამკომში მისი გადაყენების და მის ნაცვლად ქაქუცა ჩოლოყაშვილის
დანიშვნის წინადადება წამოაყენა. მაგრამ დამკომმა სპირიდონ ჭავჭავაძე
მთავარსარდლად დატოვა. 1924 წლის 22 აგვისტოს დამკომის უკანასკნელი
სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი,
იასონ ჯავახიშვილი და შალვა ამირეჯიბი. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების
თანახმად, აჯანყება საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ბოლოს ან
სექტემბრის დასაწყისში უნდა მომხდარიყო. დამკომის ამავე სხდომაზე
გადაწყდა უარი ეთქვათ თბილისში აჯანყების დაწყებაზე, რადგან
ხელისუფლებამ ქალაქში დამატებითი ძალების შემოყვანით კიდევ უფრო
გაამაგრა იგი. თბილისზე შეტევა პროვინციებში წარმატების მიღწევის
შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. თბილისში დარჩა სამხედრო კომისია,
რომლის წინაშე შესასრულებლად შემდეგი ამოცანები იდგა: ვაზიანის
სამხედრო ბაზის დაკავება, აეროპლანების ხელში ჩაგდება, ფოსტა-ტელეგრაფის
დაკავება, ჯავშნოსანი ავტომობილებისა და ჯავშნოსანი მატარებლის
ხელში ჩაგდება, საქართველოს საგანგებო კომისიის შენობის დაკავება,
სამხედრო კურსანტებისა და საავიაციო რაზმის დაპატიმრება. დამკომის
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილებზე
თავიანთ ორგანიზაციებს შეატყობინეს. 1924 წლის 24 აგვისტოს
ხუთმა კაცმა (კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა, იასონ ჯავახიშვილმა,
შალვა ამირეჯიბმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ და დავით ონიაშვილმა)
აჯანყების თარიღად 1924 წლის 29 აგვისტოს ღამის 2 საათი დანიშნეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის პრეზიდიუმის
გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობის კომიტეტმა თბილისი 1924 წლის
27 აგვისტოს დატოვა და შიო მღვიმის ტყეში გადავიდა.
|
ფოტოზე: ქაქუცა ჩოლოყაშვილი
და მისი შტაბი თურქეთში გადასვლისას, 1924 წლის სექტემბერი.
მარცხნიდან მარჯვნივ: სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი
სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე. დგანან: ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ
ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე სულხანიშვილი.
|
იმერეთში,
კონკრეტულად ჭიათურაში აჯანყება დაგეგმილზე ერთი დღით ადრე ანუ
1924 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. ვისი დავალებით მოქმედებდნენ ჭიათურელი
აჯანყებულები ძნელი დასადგენია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ჭიათურის
ნაადრევმა გამოსვლამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა აჯანყების მარცხი.
აჯანყებულები ჭიათურაში 1924 წლის 28 აგვისტოს დილის 4 საათზე
შეიჭრნენ გიორგი წერეთლის მეთაურობით. მართალია, აჯანყებულებმა
ჭიათურაში ადგილობრივი ხელისუფლება შედარებით ადვილად დაამარცხეს
და, შესაბამისად, ძალაუფლება ხელში აიღეს, მაგრამ აჯანყების ნაადრევად
დაწყებამ აჯანყებულთა გეგმები მთლიანად გამოამჟღავნა. ჭიათურაში
აჯანყების ნაადრევად დაწყების შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ
დამკომი და საქართველოს რეგიონებში მყოფი აჯანყებულები. სამაგიეროდ,
საბჭოთა ხელისუფლებამ მთელი თავისი შეიარაღებული ძალები ჭიათურისკენ
წარმართა და იქ აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებსაც
„მიხედა“. ჭიათურაში აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების
წარმომადგენლებმა აჯანყებულების და ეჭვმიტანილების მასობრივად
დაპატიმრებას მიჰყვეს ხელი. დაპატიმრებულები ექვს ვაგონში მოათავსეს
და სოფ. არგვეთის რკინიგზის ხიდის სიახლოვეს დახვრიტეს (სულ 96
ადამიანი). საქართველოს
სხვა რეგიონებში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, სვანეთი, ლეჩხუმი,
აჭარა) 1924 წლის აჯანყება დადგენილ დროს - 1924 წლის 29 აგვისტოს
დაიწყო. აჯანყებულებმა სამეგრელოში, გურიაში, სვანეთში და ლეჩხუმში
სრულად შეძლეს ძალაუფლების ხელში აღება და ადგილობრივი კომუნისტების
დაპატიმრება. სამწუხაროდ, აფხაზეთში ეთნიკურ აფხაზებს აჯანყებაში
მონაწილეობა არ მიუღიათ. აჭარაში ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების
მიერ აჯანყებამდე დაწყებულმა რეპრესიებმა აქ აჯანყებულთა გეგმები
მთლიანად შეცვალა. მიუხედავად ამისა აჭარის სხვადასხვა ადგილებში
აჯანყება მაინც დაიწყო. აღმოსავლეთ საქართველოში 1924 წლის აჯანყებას
ფაქტობრივად ქაქუცა ჩოლოყაშვილი ედგა სათავეში. აჯანყებულებმა
პროგრამა მინიმუმი პირნათლად შეასრულეს - თითქმის ყველგან ძალაუფლება
ხელში აიღეს. მაგრამ სამწუხაროდ მიღწეულის დიდხანს შენარჩუნება
ვერ მოხერხდა - საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებულთა წინააღმდეგ
სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო. მთელი საქართველო საძმო სასაფლაოებით
მოიფინა.
1924 წლის 3 სექტემბერს შიო მღვიმის მონასტერთან დამკომის თავმჯდომარე
კოტე ანდრონიკაშვილი და დამკომის მდივანი იასონ ჯავახიშვილი
დააპატიმრა მცხეთის მილიციის ცხენოსანმა პატრულმა (მეთაური ვ.
არჯევანიძე). 4 სექტემბერს მათ მუქარის ქვეშ ხელი მოაწერეს განცხადებას
დამკომის დაშლის შესახებ. ამასობაში კი მთელ საქართველოში სისხლის
გუბეები იდგა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ სპეციალურად შექმნილი
ე.წ. „სამეულები“ ყოველგვარი ძიებისა და გასამართლების გარეშე
ხვრეტდნენ ოდნავ ეჭვმიტანილებს. საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს არქივში დაცული ერთი დოკუმენტი 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის
ავბედით დღეებში დახვრეტილთა ციფრობრივ მონაცემებს შეიცავს.
ამ დოკუმენტის მიხედვით თბილისში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის
ბრალდებით დახვრიტეს 230 ადამიანი, სიღნაღის მაზრაში - 60, თელავის
მაზრაში - 30, სართიჭალის რაიონში - 49, ბორჩალოს მაზრაში -
19, დუშეთის მაზრაში - 7, გორის მაზრაში - 128, შორაპნის მაზრაში
- 171, ქუთაისის მაზრაში - 90, ზუგდიდის მაზრაში - 40, სენაკის
მაზრაში - 146, ოზურგეთის მაზრაში - 7, ცაგერის მაზრაში - 37,
აფხაზეთში - 12, რაჭის მაზრაში -4, აჭარაში - 25. თუმცა უნდა
აღვნიშნოთ, რომ ეს ციფრი არ ასახავს დახვრეტილთა ზუსტ რაოდენობას.
მეორე დოკუმენტში 1047 დახვრეტილზეა საუბარი, მესამეში - 1714-ზე
ა.შ. თვით დახვრეტას გადარჩენილი თუ ემიგრაციაში მყოფი ქართველები
და უცხოელი მკვლევარები დახვრეტილთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ:
3000, 5000 და ა.შ.
1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე მიმდინარეობდა 1924 წლის
აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულთა სასამართლო
პროცესი. სულ განსასჯელთა სკამზე 47 ადამიანი აღმოჩნდა. მათ
შორის იყვნენ: კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, იასონ ჯავახიშვილი,
დავით ონიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, გიორგი ანჯაფარიძე, ბიძინა
პირველი, ეგნატე გაბლიანი, გიორგი ჯინორია და სხვები. თავიდან
სასამართლომ მათ უმრავლესობას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა
მიუსაჯა, მაგრამ შემდეგ ის ხანგრძლივი პატიმრობითა და გადასახლებით
შეუცვალა. პატიმრობა მისჯილი აჯანყების მონაწილეები ე.წ. საბჭოთა
გულაგებში გადაასახლეს, საიდანაც მათი უმრავლესობა არც დაბრუნებულა.
|
|
|
|