მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ქედუხრელი საქართველო: კაი ყმა - გიორგი შარვაშიძე

ფოტოზე: აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე (1846-1918)

გიორგი შარვაშიძე

ვარადა


განგებავ! ამას ნუ მიწყენ
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან დავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.

იგი გუგუნი-სიმღერა
არ არის გასახარადა,
ის არის მძიმე მოთხრობა
გულისა სატკივარადა.

ისა ჰგავს დედის საფლავზედ
ობლისა მოთქმას მწარადა,
კვნესის და კვნესის, ქვითინებს
მტირალის ჩვილის გვარადა.

უბნობს თუ ვითა ცხოვრება
ათასის წლისა წყნარადა
ერთბაშად, ერთის მობერვით
სულ წარხვეტილა ქარადა!

ზოგჯერ გიჟურად შეჰკივლებს
ბედისა სამუქარადა.
ეტყვის: მარტოკა დამაგდე
ნაწყვეტად, ნაიხარადა;

მიკვირს საწუთროს ვნებანი
ვის ჰფხვრიან, ვის სახმარადა,
და მსგავსსა ბოროტებასა
ყურსა არ უგდებს ცა რადა!

განგებავ! გვედრებ ნუ მიწყენ,
თუ რომ შეგჩივი მარადა,
ხანდისხან დავიღუღუნო
ვაი და ვაი ვარადა!


ფშაურ ხმაზედ

ვიცი ძმავ, ვიცი, რადა ხარ
სევდით მოცული სახითა:
ვაჟკაც ვაგლახად დაბმულხარ,
ვითა კაკაბი მახითა;
ვერ გაგიშლია შორიშორ
მშვენივრად ფრთები მალია,
შემოგხვევია ცხოვრების
სულთა-მხუთავი გალია;
გვერდით გიყრია ჟანგული
ყირიმი, ფარი, ხმალია,
ვერცა გაჰფერავ, ვერც იხმარ,
მტერმან აგიბა თვალია.
აგერ მერანიც ჭიხვინებს,
ლამის მოახტეს მხედარი!
მხედარი, შენებრ ვაჟაი,
მარქვი, მეორე სად არი?
მაგრამ რას იზამ, არ გხურავს
თავზედან მუზარადია,
აბჯარ-ჯავშანი დახეულ
ასი წლით მტვერში აგდია.
ვერ გაიქუსლავ ტაიჭსა,
ვერ დაიმუქრავ ქართულა,
ტოლ-ამხანაგი ყველაი
საიქიოსა წასულა.
მათ ნაოხარსა, ტიალზედ,
ზუზუნით დადის ქარია,
ზედ მოსთქვამს, ზედან ღუღუნებს,
ვითარ გლოვისა ზარია.
შენ მარტოკასა, ობოლსა,
რა გშველის, რა გახმარია?
შენს თავ-განწირულ კიჟინას
აყრუებს მთა და ბარია.
„მაშ, ვფიქრობ, მოვკვდე სჯობია,
სიცოცხლე რა სახმარია?
ცოცხალი ლეში, თქმულაო,
მკვდარზედაც უფრო მკვდარია“.
მაგრამ არა, ძმავ, გახსოვდეს
ქრისტეს მცნება და ჯვარია,-
იგი გიშველის, განკურნავს,
რაც ოდენ სატკივარია

მის დაკრძალვაზე შემდეგმა სიტყვებმა გაიჟღერა: «გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ერთად-ერთი გამონაკლისი მაგალითი იყო ჩვენს საკმაოდ მრავალრიცხოვან მთავრების მემკვიდრეთა და უმაღლესი არისტოკრატიის წევრთა შორის, რომელმაც ქედი არ მოიხარა, მცირეოდნაც არ დაიმცირა თავი ერის მჩაგვრელ, თავის ხალხზედ გაბატონებულ ძლიერ სახელმწიფოებრივ მმართველობის წინაშე. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყველა მისი დროისა და მისი წრის ოჯახობა დიდ ბედნიერებად და საოცნებო ნეტარებად სთვლიდა იმ ჯილდო-წარჩინებას, რომელსაც გიორგი უარყოფდა...»

მცირე მოსაგონარი:

1866 წელია, რომანოვთა მიერ სამთავროს გაუქმებით, მმართველობის რუსული წესებისა და ყოფა-ცხოვრების რუსული ფორმების დანერგვით ანუ ცხოვრების ისტორიული ფორმების ნგრევა-მოსპობითა და რუსიფიკაციით შეწუხებული აფხაზეთი ღელავს. აფეთქებისათვის აუცილებელ ნაპერწკლად რომანოვების მიერ აფხაზეთის გადაყენებული მთავარის, მიხეილის დაკრძალვა იქცა, რომელმაც ხალხის მღელვარება გაამძაფრა და წარსულის მიმართ სინანული აღძრა.

აჯანყებულებმა მთავრად მიხეილის შვილი, გიორგი გამოაცხადეს. ყველა თემიდან შეკრებილმა ლაშქარმა რუსული ადმინისტრაციის ძირითად საყრდენს, სოხუმს შეუტია. აფხაზებმა სოხუმის გარეუბნის აღება მოახერხეს. მხარიმხარ იბრძოდნენ: გიორგი შარვაშიძე, მისი ბიძა ალექსანდრე, საპატიო თავკაცები და ხალხის მიერ არჩეული პირებისგან შემდგარი საბჭო. ჯარი ახალგაზრდა მთავარს სიმღერას უმღეროდა, რომელშიც რუსების მიერ მოკლული მამისათვის გიორგის შურისძიება იყო შექებული.

მიუხედავად სოხუმზე შეტევის სიმძლავრისა(რამაც კინაღამ მოუღო ბოლო რუსეთის ბატონობას საქართველოს ამ მხარეში), აჯანყება დამარცხდა. მისი მოთავენი და აქტიური მონაწილენი სიკვდილით დასაჯეს. 14.000 კაცზე მეტი 1866-1867 წლებში თურქეთში გადაასახლეს. მშობლიური მხარიდან გაძევებული იქნა გიორგი შარვაშიძეც. მას აფხაზეთში ცხოვრებ აუკრძალეს.

სიძლიერით გამორჩეული ეს აჯანყება, აფხაზთა თავისუფლებისათვის ბრძოლის სხვა ეპიზოდებისგან ერთის შეხედვით არაფრით არ განსხვავდება. განსაკუთრებულია იმით, რომ მისი მსვლელობის დროს, აჯანყებულებმა აფხაზეთის მთავრად ნიჭით უხვად მომადლებული ის ახალგაზრდა აირჩიეს, რომელიც შემდგომ მთელი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის დაუცხრომელ მებრძოლად იქცა. დავაკვირდეთ მის ცხოვრებასა და საქმიანობას.

არავითარი დოკუმენტური ცნობა გიორგი შარვაშიძის დაბადების შესახებ არ არსებობს. დიმიტრი ყიფიანის ცნობით, 1855 წელს ის 9 წლისა ყოფილა, ე.ი. 1846 წელს უნდა დაბადებულიყო. უცნობია მისი სიყმაწვილისა და ჭაბუკობის დროინდელი ცხოვრებაც. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი სამურზაყანოელი თავადის, ზურაბ ჩქოტუას ოჯახში გაიზარდა, დღევანდელი აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ საბერიოში.
სიმბოლურია, რომ გიორგი შარვაშიძის ცხოვრება, კარგად ცნობილი, რომანოვთა ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული 1866 წლის აფხაზთა დიდი აჯანყების დროიდან ხდება.

გარკვეული ხნის შემდეგ, აფხაზეთიდან გაძევებული გიორგი შარვაშიძე შეიწყალეს, პეტერბურგში ცხოვრების უფლება მისცეს და მოსყიდვის მიზნით პაჟთა კორპუსში სწავლის ნებაც დართეს. სადაც ის რუსეთის მომავალ იმპერატორ ალექსანდრესთან ერთად სწავლობდა. იქვე და ისევ მოსყიდვის მიზნით, მას ფლიგელ-ადიუტანტის, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უმაღლესი საკარისკაცო წოდება უბოძეს.
მიუხედავად ამისა, გიორგი შარვაშიძემ რუსეთის იმპერატორის კარზე აღზევების პერსპექტივა უარყო და საქართველოში დაბრუნდა. აფხაზეთისგან მოწყვეტილი ქუთაისში და თბილისში ცხოვრობდა. იმპერატორ ალექსანდრე მესამის (გიორგი შარვაშიძის «თანაკურსელის») ქუთაისში სტუმრობისას, ფრიად საყურადღებო რამ მოხდა; გუბერნატორმა გ.შარვაშიძესა და ნ.ნიკოლაძეს შესთავაზა, რუსეთის იმპერიისათვის სხვა არაკეთილსაიმედო პირებთან ერთად ქალაქს გასცლოდნენ. შეურაცხყოფილმა გიორგი შარვაშიძემ საპასუხოდ დემონსტრატიულად უარი განაცხადა იმპერატორის მიერ ბოძებულ ფლიგელ-ადიუტანტობაზე; რითაც მან თავისი ქვეყნის გამანდგურებელ ოლიგარქიასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.

მეფის ხელისუფლება არ ასვენებდა გიორგის. პეტერბურგში კარგად ახსოვდათ 1866 წლის ამბები, იქ ყოველ ღონეს ხმარობდნენ მის თავიდან მოსაშორებლად. სწორედ ამას ისახავდა მიზნად 1876 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის ირგვლივ ატეხილი ხმაური; გიორგის ცოლისდა ნინო ანდრეევსკაია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. უბედური შემთხვევა მკვლელობად გაფორმდა და გ.შარვაშიძესა და მის ძუძუმტე დავით ჩქოტუას დაჰბრალდა. გამოძიება უკიდურესად ტენდენციურად წარიმართა. მისი მსვლელობისას მოწმე დაიღუპა. გ.შარვაშიძეს ჩირქი ვერ მოსცხეს, სამაგიეროდ გაიწირა მისი ძუძუმტე, რომელსაც ტყუილუბრალოდ 28 წლით გადასახლება მიუსაჯეს.

აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენაში ხედავდა. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად კი, ის ქართველთა ცნობიერების გამომაღვიძებელ მძაფრ პუბლიცისტიკას მიიჩნევდა :

« მართალია ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი დიდი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისეთ დროს გაშეშდა რომ დაგვერღვა ბუნებრივი ევოლუციის შარა და კანონი. დიაღ, ჩვენ შეგვიძლია თამამადაც ვთქვათ, რომ იღბალის უკუღმართობას ხელი რომ არ შეეშალა, ევროპის წინადაც ვიქნებოდით ჩვენ დღეს, ვინაიდან როდესაც ანდრია მოციქული აქ ქრისტეს მცნებას გვიქადაგებდა, მაშინ ევროპაში თვით დუკებსაც კამეჩის ტყავი ეცვათ ტანზე და ფეხშიშველნი შუბებით ხელში ნადირობდნენ ტყეებში. მას შემდეგ როგორც იყო ომით, მუდამ დავიდარაბით, მოვიტანეთ ჩვენი კულტურის ცხოვრება თამარ მეფის დრომდი, რომელიც იყო ივერიის ოქროს ხანა! შემდეგ კი უკუღმართად დატრიალდა ერის არსებობა. შემოსეული მტრები არ გვაძლევდნენ საშველს და ხალხი დაიღალა. ნელ- ნელა ჩაქრა დიდებული გონებრივი და ქონებრივი თანხა ქვეყნისა და დაიშალა ცხოვრება თვითარსებობისა. ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ღონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მივაღწიეთ ხანაში, როცა კეთილდღეობას ვპოვნიდით ჯაშუშობასა და სამშობლოს მტრობაში!»

ქედუხრელი მთავრისათვის, მისი სამშობლოს ოქროს ხანას თამარის საქართველო განასახიერებდა. გიორგი შარვაშიძე მებრძოლი იყო თავისი ბუნებით. იგი არ ეპუებოდა ხალხის წარსულის გამყალბებელსა და ღირსების შემლახველს, არც იმას, ვინც საქართველოს მიწა-წყლის მიტაცებას ცდილობდა. ასეთთ ის არც შინაურს და არც უცხოს არ ინდობდა.

1911 წელს, გაზეთში «ბერლინერ ტაგესბლატ», კორესპონდენტმა ლორენცმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც უდიერად მოიხსენია საქართველოს მკვიდრნი შემდეგი მიზეზის გამო:

გაგრაში, გრაფ ოლდენბურგთან სტუმრად უცხოელნი იყვნენ მიწვეულნი, მათ მასპინძლობას ადგილობრივი თავად-აზნაურობა უწევდა. წვეულებისას ერთ-ერთ სტუმარს პალტო დაეკარგა. ეს გახდა გერმანულ გაზეთში პასკვილის გამოქვეყნების საბაბი. აღშფოთებულმა გიორგი შარვაშიძემ გერმანული გაზეთის რედაქციას პასუხი გაუგზავნა, რისი თარგმანი რუსულ გაზეთში « ზაკავკაზსკაია რეჩ» (1911, ნ° 146) გამოაქვეყნა:
«ჩვენ უარვყოფთ, შესაძლოა პალტო მართლაც დაიკარგა, მოიპარეს,
მაგრამ რატომ ჰგონია კორესპონდენტს, რომ ქურდობა ჩადენილია წესიერი ადამიანების, ადგილობრივ მკვიდრთა და არა რომელიმე იმ ბოგანოს მიერ, რომლებითაც აავსეს ეს მხარე ვითომ კულტურის დასანერგავად. კორესპონდენტს ჰგონია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის ადამიანები ვართ და დიდი დროა საჭირო ჩვენი პროგრესისთვის. მაგრამ კულტურა, რომელსაც დღევანდლამდე ნერგავენ, აქ გამოიხატება იმაში, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ მიწებს და ურიგებენ გადამთიელებს, რომლებმაც, მართალი ითქვას, არც კი იციან ამ სიმდიდრის გამოყენება და ვერც მდიდრდებიან, ხოლო აბორიგენები მიწის სიმცირის გამო იძულებულნი გახდნენ მიენებებინათ თავი მევენახეობისა და მეცხოველეობისთვის. ამიტომ ხალხი ღარიბდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც შეინარჩუნა სტუმართმოყვარეობის კეთილშობილური ადათ-ჩვეულება, რომელიც ასე ცუდად იქნა გაგებული ლორენცის მიერ. ბატონ ლორენცს რომ ღრმად ჩაეხედა ხალხის ყოფაში, გაიგებდა, რომ ხალხს, რომელსაც ის ზიზღით მოექცა, აქვს ისტორიული წარსული. რომ ქართველნი არიან რაინდნი, რომლებიც პირვანდელი ქრისტეანობის დასაცავად მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომებში, თხუთმეტი საუკუნის მანძილზე იდგნენ ამოწვართული ხმლებით კავკასიის კარიბჭესთან არა იმიტომ, რომ დაელეწათ უცხო ქვეყანათა ზღუდეები, არამედ ქრისტიანული კულტურისა და სამოქალაქო ყოფის დასაცავად; გაიგებდა, რომ ქართველ მეფეთა იერარქიაში გვხვდება არაჩვეულებრივ გმირთა და გენიალური სიბრძნის ადამიანთა სახელები».

გამეორება გვიხდება, მაგრამ აფხაზეთის ისტორიის შესახებ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის შეხედულებათა ნათელსაყოფად, საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთი ციტატის მოყვანა მისი 1910 წელს გამოქვეყნებული წერილიდან «ასე იწერება ისტორია»:

« ...იგი (აფხაზეთი) შეადგენდა ქართული სამეფოს ნაწილს... აფხაზებისთვის ზოგი ოფიციალური წყაროს მიერ მიცემული მთიელთა სახელწოდება, დიდი ეთნოგრაფიული შეცდომაა. აფხაზებს უხსოვარი დროიდან ეკავათ შავიზღვისპირეთის ზოლი მდინარე ენგურიდან გაგრამდე და თავისი თავი მიაჩნდათ ქართული ეკლესიის მრევლად. მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ჩერქეზ მხედართა ძლიერი შემოტევა. ისინი იჭრებოდნენ დასავლეთ აფხაზეთში და აოხრებდნენ მას; ამავე ხანას მიეკუთვნება თურქეთის ნომინალური სუვერენიტეტი აფხაზეთზე. ამავე დროს თურქეთის ემისარებმა ქვეყანაში გასწიეს ისლამის პროპაგანდა. ამ პროპაგანდამ ჩერქეზთა შემოსევებთან ერთად აიძულეს დასავლეთ აფხაზეთის ნაწილი მიეღო მაჰმადიანობა. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა... 1810 წელს აფხაზეთის მთავარი თავის ხალხთან ერთად დაუბრუნდა მართლმადიდებლობას და მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა...» (რუსული გაზეთი «ზაკავკაზიე», ნ°125, 05.06.1910).

მერე რაც მოხდა ცნობილია. 1864 წელს, რომანოვთა იმპერიამ მასზე მინდობილი აფხაზეთის სამთავრო გააუქმა, ამან კი 1866 წლის აჯანყების პროვოცირება მოახდინა და აფხაზეთი აფხაზებისგან დაცალა.

გიორგი შარვაშიძე აფხაზი იყო და ბუნებრივია, რომ მას რუსეთის უღელქვეშ მოქცეულ თვისტომთა ბედი აწუხებდა. იგი პუბლიცისტურ წერილებში ამხელდა და მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის ადმინისტრაციის მიერ აფხაზებისა და ქართველებისთვის მიწების ჩამორთმევასა და ამ მიწებზე რუსი, გერმანელი, ესტონელი, სომეხი და ბერძენი კოლონისტების დასახლებას (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონელები დაბრუნდნენ თავის დამოუკიდებლობამოპოვებულ სამშობლოში. აფხაზეთის რუსულმა მოსახლეობამ თავისი წიაღიდან წარმოშვა ფსევდოისტორიკოსი, «დამოუკიდებელი» აფხაზეთის «მთავრობის» ხელმძღვანელი, ქართველთმოძულე იური ვორონოვი, მოკლული ისევ აფხაზთა მიერ. ამ «მოღვაწემ» თავის სიცოცხლეში ყველაფერი გააკეთა ქართველთა ამოსაგდებად საქართველოს ამ ძირძველ მხარეში და ქართველთა და აფხაზთა შორის მტრობისა და სიძულვილის ჩამოსაგდებად. თურქეთიდან გადმოსახლებულ სომეხთა ნაწილმა კი შექმნა ბატალიონი «ბაგრამიანი», რომელიც 1992-93 წლებშიმუსრს ავლებდა აქა-იქ სასწაულებრივად გადარჩენილ ქართველებს). იგი ასევე ამხელდა რუსეთის მოხელეთა უსაქციელობას, უზომო სიხარბეს, აბსოლუტურ უმეცრებასა და სიშტერემდე მისულ ქედმაღლობას. ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ რომანოვთა იმპერიალისტური პოლიტიკის გარდა, გიორგი შარვაშიძე აქტიურად დაუპირისპირდა ბოლშევიზმსაც.
ე.წ. ქართულ-აფხაზურ ომამდე, აფხაზეთის მუზეუმში ინახებოდა მისი მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, რომელშიც იგი მოძმეებს მოუწოდებდა არ აჰყოლოდნენ მაცდური ლოზუნგებით მოსულ ბოროტებას და არ დაეგდოთ ძველი, აფხაზ-ქართველთა ერთობის გზა (შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ამ «ომის» დროს სოხუმის არქივი და მუზეუმი დაიწვა, რომლებშიც ამას გარდა სხვა უნიკალური დოკუმენტებიც ინახებოდა).

გიორგი შარვაშიძე თავისი ბუნებით რაინდი იყო. ქართული საზოგადოებაც მას ასე აღიქვამდა. შემთხვევითი არ არის, რომ კონსტანტინე გამსახურდიასა და ლეო ქიაჩელის მიერ უკვდავყოფილ აფხაზთა სახეების გვერდით, გრიგოლ რობაქიძემ, გივი გოლენდის სახელით გამოქვეყნებული ესეს (გთვაზობთ აქვე) გმირად სწორედ ის აირჩია. იგი უნგრელმა მხატვარმა, მიხაი ზიჩიმაც შეამჩნია. «ვეფხისტყაოსანის» მისეულ ინსცენირებებში, ქუთაისში და თბილისში დადგმულ ცოცხალ სურათებში, ტარიელის როლს სწორედ მთავარი შარვაშიძე ასრულებს.

გიორგი შარვაშიძე შესანიშნავად ფლობდა აფხაზურს. მისი შემოქმედების (ის პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი გახლდათ) მთავარი ენა ქართული იყო , რითაც ის თავისი წინაპრებისა და წრის ტრადიციას აგრძელებდა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის უდიდესი გულისტკივილი საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა გახლდათ. იგი 1918 წლის 26 მაისს როგორც მისი სამშობლოს მომავლის გამხსნელ დიდი მოვლენას აღიქვამდა; სწორედ ამიტომ, დიდი სიხარულით შეეგება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემას ქედუხრელი მთავარი ვერ მოეწრო.

შემთხვევითი არც ის არის, რომ ქართველ-აფხაზთა მტრობის გაჩაღებისა და ამ მტრობის მეშვეობით ამიერკავკასიაზე ბატონობის მსურველებმა, სიკვდილის შემდეგაც არ მოასვენეს აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი და 1967 წელს მოქვის ეკლესიაში მისი საფლავი ააფეთქეს.

გიორგი მარჯანიშვილი

2011

 

www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."