მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
წმინდა ფრანცის ასიზელი: მზის საგალობელი ანუ ქებათა-ქება ქმნილებათაგან
«მზის საგალობელი ანუ ქებათა-ქება ქმნილებათაგან» (ll Cantico di Frate Sole) მძიმედ სნეულმა წმინდა ფრანცისმა სავარაუდოდ სიცოცხლის ბოლო წლებში, 1224-1225 წწ., ასიზთან/იტალია ახლოს მდებარე წმინდა დამიანეს ეკლესიაში შეჰქმნა. თავდაპირველად ძველიტალიურ ენაზე დაწერილი ეს საგალობელი, ლათინურ ენაზე მწიგნობარმა ბერმა თარგმნა. განსხვავებით წმინდა ფრანცის ასიზელის სხვა ლოცვა-საგალობლებისაგან, შემონახულია ამ საგალობელის ძველიტალიური ვარიანტი. რადგან იმ დროის იტალიური კულტურისათვის ყოველდღიურ სალაპარაკო ენაზე დაწერილი პოეტური ქმნილება უცხო იყო, «მზის საგალობელი ანუ ქებათა-ქება ქმნილებათაგან» იტალიურენოვანი ლიტერატურის საწყისადაა მიჩნეული და წმინდა ფრანცის ასიზელის მიერ შექმნილ ლოცვათაგან ყველაზე ცნობილი ლოცვა-საგალობელია, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

უზენაესო, ყოვლისშემძლე, კარგო უფალო,
შენია ხოტბა, დიდება, პატივი და ყოველი ლოცვა-კურთხევა.
შენ ერთადერთს, უზენაესო, გეკუთვნის ეს ყოველივე,
და ძე კაცისა შენი ხსენების ღირსი არაა.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, შენი ყოველი ქმნილების მეოხებით
უფრორე ბატონი ძმა მზის,
ის დღეა და შენ სინათლეს მისით გვჩუქნი.
რარიგად მშვენიერია ის, როგორ ბრწყინავს დიდებულებით,
შენი ხატება, ო, უზენაესო.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, და მთვარის და ვარსკვლავების მეოხებით,
ცაში შეჰქმენი ისინი, მოკაშკაშენი და ძვირფასნი და მშვენიერნი.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, ძმების – ქარის და ჰაერის მეოხებით,
და ღრუბლებით და ნათელი ცით და ყოველგვარი ამინდით, რომლითაც შენს ქმნილებებს ასაზრდოვებ.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, და წყლის მეოხებით,
რარიგ მარგებელი და მოკრძალებული და ძვირფასი და უბიწოა ის.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, ძმა ცეცხლის მეოხებით,
რომლითაც უკუნს ანათებ,
რარიგ ლამაზი და მხიარული და მძლავრი და ძლიერია ის.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, ჩვენი და დედა მიწის მეოხებით,
რომელიც გვკვებავს და გვმართავს
და ჰქმნის მრავალგვარ ნაყოფს და ჭრელ ყვავილებს ბალახთან ერთად.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, იმათი მეოხებით, რომელნიც შენი სიყვარულით მიუტევებენ,
და სენსა და სევდას იტანენ.
ნეტარ არიან, რომელნიც ამას მშვიდად იქმიან, რადგან შენგან, უზენაესო, გვირგვინით შეიმოსებიან.

გაქებთ შენ, ღმერთო ჩემო, ჩვენი დის, ხორციელი სიკვდილის მეოხებით,
რომელსაც ძე კაცისა ვერ გაექცევა.
ვაი მათ, რომელნიც ძმიმე ცოდვით იღუპებიან.
ნეტარ არიან, რომელნიც შენს უწმინდეს ნებაში თავს იპოვნიან,
რადგან მეორე სიკვდილი მათ ვერრას დააკლებს.

შეაქეთ და ადიდეთ ჩემი უფალი,
უმადლოდეთ და დიდი თავმდაბლობით ემსახურეთ მას.

თარგმანი ხატია ღუდუშაურისა


ფოტოზე: ყველაზე ძველი, წმინდა ფრანცის ასიზელის ცხოვრების პერიოდში სუბიაკოში/იტალია მდებარე წმინდა ბენედიქტის მონასტერში შექმნილი წმინდა ფრანცის ასიზელის, ერისკაცობაში ჯოვანი ფრანჩესკო დი პიეტრო ბერნარდონეს (1182-1226) ფრესკა

ფოტოზე: ჯოტო დი ბონდონე (1267-1337), ფრანცის ასიზელი უქადაგებს ჩიტებს, ასიზის/იტალია წმინდა ფრანცის ასიზელის ბაზილიკის ფრესკა, დაახლ. 1295 წელი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen