ტოტალიტარიზმის
გააზრება თეოდორ ადორნოდან ჰანა არენდთამდე |
«თავისუფლება
განუყოფელია განათლებული აზრისაგან... თუკი გონება არ იაზროვნებს,
ის თავის ბედს დალუქავს. …ბრმად პრაგმატიზებული აზრი თავის ტრანსცენდენტურ
ხასიათს და ჭეშმარიტებასთან კავშირს ჰკარგავს...» (თეოდორ
ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, «გონების დიალექტიკა» ).
«ადამიანური» არის არაადამიანურის საპირისპირო რამ, იგი ადამიანების
ურთიერთდახმარების უნარს ეფუძნება, ურთიერთდახმარებისა, რომელსაც
სხვის მიმართ თანაგრძნობა წარმოჰქმნის. მიუხედავად ამისა, «ადამიანური»
ზოგჯერ შეიძლება არაადამიანური იყოს. როგორ? როდესაც ადამიანი
კულტის თაყვანისცემის ობიექტი არის. ამიტომ აუცილებელია ჰუმანიზმის
ფარდობითი ხასიათის დანახვა. ის ადამიანისათვის არ არის უბრალოდ
ანგარიშის გამწევი კულტურის დიდი მოძრაობა, ის ზოგჯერ ადამიანის
თაყვანისცემაცაა, მისი კერპად გადაქცევა, კერპთაყვანისმცემლობა.
ეს სპეციფიური დემარშებით ფრანკფურტის (ფილოსოფიურმა) სკოლამ
და გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰანა არენდთმა შენიშნეს.
ფრანკფურტის სკოლა მარქსიზმის მემკვიდრეა გერმანიაში, მან თეოდორ
ადორნოსა და მაქს ჰორკჰაიმერისთანა მოაზროვნეებთან, მაგრამ ასევე
ჰერბერტ მარკუზესთან ერთად, კრიტიკულად გაანალიზა მარქსიზმი
და თანამედროვე საზოგადოება. თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორკჰაიმერმა
შეგვახსენეს, რომ XX საუკუნეში მოთარეშე ტოტალიტარიზმი, სინამდვილეში
ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, მაშინ, როდესაც დასავლურმა კულტურამ
ადამიანის სოციალური და ისტორიული ქცევების ახსნას მეს შენარჩუნება,
ესე იგი ეგოიზმი დაუდო საფუძვლად.
ადამიანური სინამდვილის ახსნა, ინდივიდთა ეგოისტურ წადილზე დაყრდნობით
მათ ქმედებათა ფარული ლოგიკის გაგების საშუალებას იძლევა, შედეგი
მისი აგრეთვე ყველაფრის ახსნა და გამართლებაა. ამ რაციონალობის
სიღრმეში გონება ყველაფერს მეტად ხსნის ეგოიზმით, ის ღირებულებებს
და ქცევებს მით უფრო ათანაბრებს. ამის მაგალითია დღევანდელი
გამოთქმა: «ყველას აქვს თავისი ღირებულებები», «დაე, ყველას
ჰქონდეს თავისი ღირებულებები». ეს კი, ყველაფრის გამართლებას,
გონებისა და ძალადობის ერთსა და იმავე დონეზე დაყენებას იწვევს.
ამიტომაა საჭირო უკან დახევა, რასაც ადორნო და ჰორკჰაიმერი აკეთებენ,
ასევე ვალტერ ბენჟამა, რომელიც იუდაიზმის ხელახლა აღმოჩენით
სხვის მნიშვნელობასთან დაბრუნებას ქადაგებს და არა ეგოიზმს.
ან კიდევ იურგენ ჰაბერმასი, რომელიც ეგოიზმის დაძლევას კომუნიკაციის
ლოგიკით ცდილობს.
|
ფოტოზე: გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი,
პუბლიცისტი ჰანა არენდთი (1906-1975)
|
ჰანა
არენდთი მოდის არა მარქსიზმიდან, არამედ ფენომენოლოგიიდან, რომელიც
მან მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან ერთად ისწავლა. აქედან
წარმოსდგება რამოდენიმე განსხვავებული დიაგნოზი. მისი აზრით,
ტოტალირიზმი უფრო აბსტრაქციის ფენომენიდან მოდის, ვიდრე მეს
შენარჩუნების ეგოისტური ლოგიკიდან.
საზოგადოებაში მოქმედი დემოკრატიული დისკუსიის მსვლელობისას,
სხვათა ინტერესებთან დაპირისიპირებული ინტერესების მორჩილი ადამიანი
ტოტალიტარიზმმა მასის ადამიანის ფიგურით შესცვალა, მასაში ჩაკარგვით
ხორცს მოკლებული, საზოგადოების გარეთ დარჩენილი და საკუთარ თავთან
რეალური კავშირის დამკარგავი ადამიანის ფიგურით.
ჰანა არენდთის აზრით, მასის ცნება ადამიანის უფლებების რევოლუციური
იდეოლოგიის მიერ ნაქადაგებ, ადამიანის იდეალთან ერთად გაჩნდა.
ადამიანის უფლებების იდეოლოგიას მხოლოდ ჰუმანისტური ხასიათი
არ აქვს, ის ასევე ადამიანის საშიშ კულტს ქმნის. როდესაც ადამიანი
ფიქრობს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, ის ვეღარ ხედავს რას
აკეთებს და ბოროტების ბანალურობაში ვარდება.
ჰუმანიზმის პარადოქსი: ადამიანურის საწინააღმდეგო არაადამიანური
შეიძლება გამოიწვიოს კერპად, თაყვანისცემის ობიექტად ქცეულმა
ადამიანმა. ამ ორაზროვნებას კაპიტალიზმის დამკვიდრება გამოხატავს.
ეგოიზმი საზოგადოებაში პიროვნების გრძნობასთან ერთად და მის
საწინააღმდეგოდ იჭრება; მასობრივ ეგოიზმად ქცეული, დასავლური
კულტურის ახალი ღმერთის - «უნივერსალური ადამიანის» ფორმას იძენს.
ამ კერპთაყვანისმცემლობის დაძლევა კრიტიკული აზრით შეიძლება,
საზოგადოების წევრ ადამიანად (ამ ცნების კეთილშობილი მნიშვნელობით)
ყოფნითაც, ადამიანობით, და არა ადამიანის მითად ქცევით.
ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი
რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა
|
|
|
|
|