მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ვაჟა-ფშაველა: სხვათა შორის
ჩვენი ცხოვრება სწორედ რომ სხვათა შორისოა: რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, გამოდის, რომ სხვათა შორის გვიფიქრია და გვიკეთებია. საწყენი ის არი, რომ უმთავრესს, უსაჭიროეს საქმესაც სხვათა შორის ვაკეთებთ. ვმწერლობთ, ვპედაგოგობთ თუ ვქველმოქმედებთ, გამოდის სულ სხვათა შორისებურად.

ვერაფერი დროება გახლავთ: ადამიანს მამის სული გაუშვია და პაპისას ფიცულობს. ალბათ წინად, ძველ დროშიც, მომხდარა ამისთანა მაგალითები, თორემ ამისთანა ანდაზა არ დაიბადებოდა. დიაღ, ყოფილა ამისთანა მაგალითები, მაგრამ ქვეყანა არ წარღვნილა, არც დაიღუპა. ამიტომ მეც იმედს არა ვკარგავ.

მომხდარა ისიც, რომ ბედაურები დახოცილან და ვირებს დაჰრჩენიათ ბურთი და მოედანი, მაგრან ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩენილა, გამოჩენილა კიდევ ბედაურები და ვირებისთვის დაუცლეინებიათ მოედანი. მომხდარა ისიც, რომ ბედაური აზრები დახოცილა ისე, როგორც გაზაფხულზე ყვავილები და ბალახი იხოცება და ვირულ აზრებს უფარფაშიათ. მაგრამ დამდგარა გაზაფხული და ბედაური აზრები ამდგარან მკვდრეთით.

მომხდარა ისიც, რომ ძაღლს პატრონი ვეღარ უცვნია და პატრონს - ძაღლი, მაგრამ ბოლოს უცნიათ ერთმანეთი მაინც და მაინც.

მომხდარა ისიც, მაჩაბლის ცუღლუტობის გამო ურია დაუსჯიათ. მაგრამ, ჰხედავთ, დღეს ვიცით ცხადად, ნათლად დასასჯელი ვინ იყო და ვინ დასაჯეს. სიმართლე გამოაშკარავდა, არ დაიმალა: ვიცით დღეს ცხადად, აშკარად, რომ ტყუილუბრალოდ დაისაჯა საწყალი ურია და გვებრალება, ხოლო მაჩაბელზე ბრაზი მოგვდის.

ერი, უმრავლესობა რასაც დაადასტურებს, უცვალებელია. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: ხმა ღვთისა - ხმა ერისაო...

სხვათა შორის ჩვენს ცხოვრებაში ასეთი მაგალითებიც მომხდარა, რომ სულელს (იქნება ძალიან გულკეთილი იყო) მამას და დედას დამშეული შვილებისთვის აურთმევია ტაბლა და სხვისთვის გადაუცია: თქვენ მიირთვითო!.. ამაზე მეტი კაცთმოყვარეობა იქნებაღა? რადა სწყინს ერს, ხალხს და რად იძახის დაჟინებით: შინ რომ ბალღებს გიშიოდეს, გარეთ ტაბლას რა ხელი აქვსო?! ალბათ ამისთანა კაცთმოყვარეობა არ მიაჩნია ნამდვილ კაცთმოყვარეობად და იმიტომ სთვლის არა ბუნებრივ, არა ნორმალურ მოვლენად, ეს თქვენ და თვით ერმა გასაჯეთ, მე არ შევდივარ ამის განსჯაში; მე მხოლოდ აღვნიშნავ იმას, რაც მომხდარა და რაც დღესა ხდება.

ალექსანდრე როინაშვილის ფოტო (1880-1898): მგოსანი, მწერალი, თვითნაბადი ფილოსოფოსი, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი ვაჟა-ფშაველა (1861-1915)

რად გიკვირსთ. მაშასადამე, რომ ჩვენში არიან ისეთები, რომელთაც თავის თავი წარმოუდგენიათ ქვეყნის ლალად, პატრონად, არა პირადი თავის ნაღვაწი, არამედ ერის საუნჯე-ტერიტორია გახადონ საძმო, საკაცობრიო ტაბლად და თვით ერსაც ააღებინონ ხელი ეროვნებაზე? გაივლის ყველა ეს, დაჰლევს ჩაილულის წყალს, მხოლოდ ეს არის სავალალო, რომ ნამუსახდილ ბებრის სალის კარებს გვიან გაეგდება ურდული...

მაშ რევოლუციის ქარიშხალმა სრულიად უნაყოფოდ ჩაიარა ჩვენთვის? არა. იმან ერთი დიდი სიკეთე მოგვიტანა: გამოამჟღავნა ჩვენი გონებრივი სიღატაკე, მოუმზადებლობა, ხალხის სიბნელე და დაჰბადა მისწრაფება კულტურულ მუშაობისა; დაგვახედებინა წინ, დაგვანახა ჩვენი გონებრივი და ზნეობრივი ძალ-ღონე. დღეს ყოველი შეგნებული ქართველი მიისწრაფის ერში, ხალხში მეტი თვითცნობიერება, მეტი სინათლე შეიტანოს, ამისთვის არა ჰზოგავს დაეხმაროს ჯან-ღონით თუ ნივთიერად. ძალა მუდამ უმრავლესობაშია, მუდამ ეს ძალა, თუ შეუგნებელია, ბრმა, უფრო მავნებელია საქმისთვის, ვიდრე მარგებელი. ეს მაგალითებმა დაგვიმტკიცეს.

განუვითარებელი, გაუზდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული თვალახილებული ხალხია... ასეა სწორედ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ხალხის გათვითცნობიერობას მხოლოდ დღესღა შეუდეგით... დიქტატორებს და დემაგოგებს სწყინთ და უნდა კიდევაც ეწყონოთ, რადგან იმათ ბრმად აღარავინ დაემორჩილება და იმათ მეუფებას აღარავინ აღიარებს, მაგრამ იმათ წყენასაც უნდა გავუძლოთ იმ დრომდე, ვიდრე თავის გუდანაბადით ჩვენს ბანაკში არ გადმოსახლდებიან.

ვითომო? ჰკითხულობთ თქვენ. მე ასე მგონია. როგორც სხვათა შორის ავტორს და რა ვიცი. მგონია და საბუთიცა მაქვს ასე მეგონოს, რადგანაც მეტისმეტი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთს ფონში ორჯელ და სამჯერ ცხენი დაეფლას, სამჯერვე სხვის წყალობით გადაჰრჩეს და მეოთხედაც კიდევ მიჩერჩეტდეს იმ ფონში გასასვლელად. ამისთანა ადამიანი, გინ იქით იყოს გინდა აქეთ, არავისთვის სახარბიელო არ არი.

1910 წელი

 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen