მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გროზნოელი ბავშვის თვალით

2011 წლის ოქტომბერში მოსკოვის გამომცემლობა «Детектив Пресс»-ში ორ ათას ეგზემპლარად გამოიცა წიგნი «პოლინა ჟერებცოვას დღიური». ესაა ჩეჩნეთის მეორე ომის მატიანე, იმ ჯოჯოხეთის აღწერილობა, რომელშიც 14 წლის პოლინა მოხვდა. დღიური მოგვითხრობს ავტორის ეთნიკურად რუს დედაზე, ინგუშ დეიდა მარიამზე და ჩეჩენ კუსუმზე, ბებია ნადიაზე, ჩეჩენ ბიჭ «პრინც» ალადინზე, რომელმაც დაჭრილი პოლინა გროზნოს ბაზრიდან გაიყვანა, მეზობელ ბიჭ მანსურზე და ათასობით ომისგან დამშეულ და მოშხამულ ადამიანზე. მისი პირველი ჩანაწერი 1999 წლის 24 სექტემბრით თარიღდება. ჩანაწერებს პოლინა ხელს აწერს როგორც «პატოშკა», «პრინცესა ბუდური» და «ფატმა».

პოლინა ჟერებცოვა დაიბადა გროზნოში, სადაც მისი ოჯახის სამი თაობა ცხოვრობდა. მის წინაპრებს შორის რუსები, ჩეჩნები, ებრაელები, ფრანგები, ბერძნები და იტალიელები იყვნენ.


1999 წლის 30 სექტემბერი, ხუთშაბათი

ბომბავდნენ ხიდებს. რადიოთი გადმოსცეს, რომ საორიენტაციოდ 10 ოქტომბერს ფედერალური ჯარების ტანკები შემოვლენ. მე ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თუ ომი იქნება, უნდა წავიდე და ჩემთვის შავი საცვლები ვიყიდო, ხშირად გარეცხვა რომ არ დასჭირდეს. პურის გულისთვის ჩხუბი მომიხდა. ადამიანები თითქოს გაგიჟდნენ...

1999 წლის 22 ოქტომბერი, პარასკევი

მე და დედაჩემი 21 ოქტომბერს დაგვჭრეს, ასე მოულოდნელად და საშინლად ახდა ჩემი სიზმარი. ვხედავდი, რომ მაგიდასთან მკვდარი ქალი იჯდა. დაჭრილები კაფეში და სახლების სადარბაზოებში იმალებოდნენ...

როცა მივრბოდი, უზარმაზარმა ნამხვრევმა როგორც მორიგი აფეთქების ექომ გვერდით გაიწუილა...

ფეხებს მგლეჯდნენ ვიღაცის ლითონის ყბები, მაგრამ სირბილს ინერციით ვაგრძელებდი...

ჩეჩენ გოგონას მუხლი დაულეწეს. პირველად ვნახე, რომ ძვალი შიგნიდან თეთრია...

სადარბაზოში მოხალისე მშველელებმა, ახალგაზრდა ბიჭებმა შემოიხედეს. მათ შორის ალადინი იყო. მათ გადაწყვიტეს, რომ გადასახვევად გამარჯვების გამზირზე მდებარე (ყოფილ პურის მაღაზიაში) აფთიაქში მოვეყვანე. ალადინმა ხელში ამიყვანა და წამიყვანა. გზაში მიჩურჩულებდა: «ნუ ტირი ჩემო პრინცესა, ნუ გეშინია! საშველი იქნება».

ბუდური

ალექს მირტას ფოტო: პოლინა ჟერებცოვა თავისი დღიურის პრეზენტაციაზე

(DR)-ის ფოტო: პოლინა ჟერებცოვა, 1995 წ., გროზნოს დაბომბვა
გროზნოს უსასრულო დაბომბვათა გადამტანმა ყოველმა ადამიანმა თავისი ტრაგედია გადაიტანა. ცოტა გადარჩა. ვისაც გასაქცევი ადგილი ჰქონდა, გაიქცა. დარჩნენ რუსი ბერიკაცები, რომლებიც რუსეთის სამხედროებს სიტყვებით: «შვილიკოებო, ჩვენ რუსები ვართ» ხვდებოდნენ. ეს «შვილიკოები» კი, ავტომატებს იღებდნენ და ტყვიების გამოლევამდე ისროდნენ, ყუმბარებს ჰყრიდნენ მრავალსართულიანი სახლების სარდაფებში, სადაც ადამიანები იმალებოდნენ.

ქალაქი-ჯოჯოხეთი, ლითონის, სისხლის და სიკვდილის ქალაქი... დამშეული ძაღლები ადამიანების გვამებს ღრღნიდნენ და დამშეული ხალხი გადარჩენილი ჩიტების დასაჭერად კაკანათებს დგამდა, მაგრამ ჩიტებიც გაფრინდნენ. აყროლებული გვამების თავზე ბუზებიც არ ფრენენ.


1999 წლი 24 დეკემბერი

მურაბის ქილა ვიპოვეთ. კოვზითმვჭამდი, სანამ გული არ ამერია. ჩვენი ძირითადი საჭმელია ჭიქა წყალი, ერთი კოვზი ფქვილი და მასში ჩაგდებული ხახვი. ვსვამთ და ვწვებით.

5 კატა უკვე დაგვეღუპა. დედამ ისინი სახლის უკან ბაღ-ბოსტნებში დამარხა, ყოველ კატას როგორც ბავშვს ისე დასტიროდა. ერთი კატა დარჩა. ის ახალი ადამიანების მსგავსად, ქალაქის სხვა რაიონიდან მოვიდა. მას სიცოცხლე ძალიან სურს. პამიდორის მწნილს სჭამს. ვიღაცას პერიოდულად ჰპარავს გამხმარ თევზს. ბედი აქვს და ვერ იჭერენ. გუშინ კატა ხათაბს თევზის ნაჭერი წავართვით და მაშინვე შევსანსლეთ.

შიმშილისგან გადარჩენის ერთადერთი გზა ბაზარია. ომის დროს, გროზნოში ნამყოფ ყველა უცხოელსა და ჟურნალისტს სწორედ სტიქიური ბაზრები აოცებდა. იქ ვაჭრობდა ყველა, ვინც კი ქალაქში დარჩა. ყველაზე კარგად იყიდებოდა ნებისმიერი საჭმელი, სანთლები და სიგარეტები. ვიღაცას ბოდვად მოეჩვენება, მაგრამ ომით მოცულ ქალაქში ჰყიდნენ და ყიდულობდნენ წიგნებს.

(DR)-ის ფოტო: ჩეჩნეთის მეორე ომის დროს

(DR)-ის ფოტო: ჩეჩნეთის მეორე ომი
1999 წლის 26 ოქტომბერი

დილით ადრე, სანამ ცოტა ხალხია (ჯოხით სიარული მეუხერხულება), დედასთან ერთად ბაზარში წავედი. რაკეტის «ნარჩენები» ვნახე. ძალიან დიდი რაკეტაა. მასზე ბიჭ-ბუჭები დაძრომიალობდნენ. მათ თქვეს, რომ რაკეტა «გადამდებია» და ამიტომ ის უნდა მოაშორონ. რაკეტამ ირგვლივ ყველაფერი მოსპო. ტიროდნენ ადამიანები, რომლებმაც ვერაფერი იპოვეს იქ, სადაც მათი დედა, ქალიშვილი თუ და იდგნენ. აგროვებდნენ, ეძებდნენ ნათესავების სამოსის ნაფლეთებს...

ქურდები მიცვალებულებს დღე და ღამე ქურდავდნენ. იპარავდნენ საგნებს, ოქროს, ლაბადებს, ფეხსაცმელს, სამოსს, კოსმეტიკას. ზოგი საქურადავად ბავშვებთან ერთად მოდიოდა... მშვიდობის გამზირის რაიონში მდგომი რეპროდუქტორი, საიდანაც ზაფხულში მუსიკა იღვრებოდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა: 5 ათასი კაცი დაიკარგა უკვალოდ, ათასამდე დაჭრილია...

მოკლულია ფეხმძიმობის მე-8 თვეში მყოფი მეზობელი როზა, რომელიც კომბოსტოს ჰყიდდა. მას 7 ობოლი ბავშვი ბევრი სხვა ვინმეც დარჩა. ატირებულებმა პური ვიყიდეთ და სახლში წავედით. ავტობუსში მარტო ჩვენ არ ვტიროდით...

პრინცესა პატოშკა-ბუდური

14 წლის გროზნოელი პოლინა ჟერებცოვა ყოველ დღე წერდა დღიურს მეგობრებსა და მტრებზე, მომაკვდავ ბავშვებზე და კატებზე, ჩეჩნებზე, რომლებიც ქალაქში დარჩენილ რუსებს შველიან და ჩეჩნებზე, რომლებიც რუსებს მათი ბინების ხელში ჩასაგდებად ხოცავენ. ყველა ერის ქურდებზე, რომლებიც გვამებს და ბინებს ძარცვავენ.


1999 წლის 31 ოქტომბერი

გვბომბავდნენ, ბომბავდნენ კერძო სექტორ კარპინკას. ჩვენთან სახლში ბავშვები იმალებოდნენ. წრიპინებდა და ტიროდა ათი წლის გოგონა ზარა. დეიდა ვალიას შვილი მანსური ჩვენს კარებთან იჯდა და ყველას ამშვიდებდა. მე კი საშინელ გრუხუნში ლექსებს ვწერდი:

გახსოვს ბრძოლები ჩვენს გროზნოში?
როგორ გვესროლა თვითმფრინავმა?
ბავშვებმა კარებთან კატის გვამი იპოვეს
და სერიოულად ტიროდნენ...

სანამ შეშინებული უფროსები მიტოვებულ ბაღებში იმალებოდნენ, ზარას ძმა დარბოდა და ბევრ ყურძენს აგროვებდა. ყველა ვჭამდით. ის ჩემს დაზე უმცროსია, მაგრამ სრულწლოვანი მამაკაცის მსგავსად მოიქცა, აკაკუნებდა ბინების კარებზე, რომლებშიც ხალხი იყო დარჩენილი და მათ ყურძნით უმასპინძლდებოდა. მთელი ყურძენი დაარიგა.

ეხლა ბნელა, სადღაც სიოა და სანთელი ჩაქრა. სიბნელეში ვწერ და ამიტომაა ნაბღაჯნი...

პოლინა

(DR)-ის ფოტო: ჩეჩნეთის მეორე ომი

ფოტოზე: პოლინა ჟერებცოვას დღიური
პოლინას ისტორია წვეთია ომით გატანჯულ ადამიანთა ტანჯვის ზღვაში. ეს ომი მოსკოვმა მთელ ხალხს გაუმართა, ომის გზაზე ათასობით დევნილი აღმოჩნდა ბავშვებით, დაჭრილებით. რუსეთის მკვიდრნი კი, ჩეჩნეთიდან გამოსულებს ზოგი გულგრილად და ზოგიც კი სიძულვილით უყურებდნენ. კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებიდან საზღვრები მხოლოდ ინგუშეთის პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა გახსნა. რესპუბლიკას, რომლის მკვიდრი მოსახლე 400 ათასზე ცოტა მეტი იყო, 200 ათასი ლტოლვილი მიაწყდა.

ამ ომმა 15 ათასი ბავშვი დაახეიბრა, დატოვა უხელო, უფეხო ან ბრმა. 40 ათასი ბავშვი დაიღუპა. ასეთი იყო ეს ომი. ასეთად დაიმახსოვრა და ჩაიწერა ეს ომი პოლინა ჟერებცოვამ, გოგონამ გადაბუგული გროზნოდან.

«პოლინა ჟერებცოვას დღიური» ეს არის ბომბებით და ტანკებით «რუსული კონსტიტუციური წესრიგის» დამამყარებელი რუსეთის პოლიტიკოსებისა და გენერლებისათვის წაყენებული ყველაზე უმკაცრესი ბრალდება.


რუსი მღვდელი კი, საკმეველის ქნევით გაიძახოდა: «შემუსრე მტრები!»


1999 წლის 17 ნოემბერი, ოთხშაბათი დილა

გვერდით «გრადმა» დაარტყა. მესმოდა, როგორ ტენიდნენ მას. ისევ აფეთქება. ჩვენი სახლის თავშესაფარში არ მივდივარ. სიცოცხლე არ მინდა. მსურს ამ პატარა რვეულს დავაკვდე. სპეციალურად ძალიან დაწვრილებით ვწერ ყველაფრის შესახებ. იქნებ, ლენინგრადელი გოგონას დღიურივით ჩემი დღიურიც იპოვნონ. წაიკითხავენ და ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის გამართვა არ შეიძლება.

პოლინა გადარჩა. უნივერსიტეტი დაამთავრა. ჩეჩნეთიდან ჯერ სტავროპოლში, შემდეგ კი მოსკოვში წავიდა. 26 წლისა ქრონიკულად ავადაა, არა მარტო ფიზიკურად. ის არც პუტინებს და არც კადიროვებს არ ენდობა. «ნორმალურ ქვეყანაში წასვლაზე და ცხოვრებაზე ვოცნებობ. აქ შეუძლებელია ცხოვრება. თუ ომი არაა, მაშინ რევოლუცია ხდება.»

ახლა ამ ომს აღარც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები აღარ იხსენებენ. ომის კვალი კი ყველგანაა. სისხლზე აგებულ «გროზნი-სიტიშიც» და რუსეთის ყოველი მკვიდრის ცხოვრების ნაწილად ქცეულ ტერაქტებშიც, ომში დაბადებულ და დედის რძესთან ერთად სისხლის გემოს მცოდნე ბიჭებშიც, რომლებიც «ტყეში» გადიან და «ისლამური ხალიფატისთვის» იბრძვიან.

2003 წელს, 8 წლის ბიჭმა, ანკეტაში, რომელიც მას კრასნოდარის ლიცეუმის პედაგოგმა შესავსებად მისცა, კითხვის პასუხად: - «როცა გაიზრდები, რა გსურს რომ გამოხვიდე» დაწერა, რომ უნდა დედასავით ლენინგრადში ისწავლოს და ექიმი გახდეს, ასევე სურს, რომ მამამისის მკვლელი რუსი ღორების ხოცვა ისწავლოს. ამ ბიჭის ბებია რუსი იყო.

როზა მალსაგოვა
RFI, 2011 წელი


თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

რედაქციის მინაწერი: პოლინა ჟერებცოვა ახლა 28 წლისაა, დღიურის გამოცემის გამო მოსკოვში გადატანილი დევნის შემდეგ, მან რუსეთი
დატოვა და 2013 წლის ოქტომბერში პოლიტიკური თავშესაფარი ფინეთში მიიღო.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen