მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ილია ჭავჭავაძე: საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის

ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს, რომ არა რომელიმე კაცი არ იყოს გაბიაბრუებული, გაუპატიურებული არც მართლად და არც ტყუილუბრალოდ. გაბიაბრუება, გაუპატიურება ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც ლიტერატურისაგან, რომელიც მართებულობისა და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს და თუ ან ერთი აკლია, ან მეორე, ღირსი არ არის წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს. ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრეს უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჩვენ ამის თაობაზედ არაერთხელ გვქონია ლაპარაკი და ისიც დაგვიმატებია, რომ ეს ჩვენი აზრი იმას კი არა ჰნიშნავს, ვითომც კაცი განკითხული არ უნდა იყოს, როცა გასაკითხავია. ხოლო განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი, და მართებული იყოს?! დღეს ჭეშმარიტად განათლებული და გულით და გონებით განათლებისაგან გაფაქიზებული და განწმენდილი კაცი ითხოვს, რომ ადამიანურად, ადამიანის ღირსების ძირს დაუშვებლად ექცევოდნენ თვით ავაზაკსაც კი, რომელიც უკვე წამოსკუპებულია დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.

თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანერთს, როცა ბედი და გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანერთის განსაკითხად? ცხადია, როგორც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან განკითხვისათვის ბევრს აკლია საფანელი, ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს. ამიტომაც ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვა-თრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ნახავთ, როგორც ჩვენში. საკმაოა ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა ერთს რომელსამე აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, ერთ-ერთი ამისთანა საკმაოა-მეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და ზედ თავზედ დაგაბერტყოთ. სამწუხარო ჭირთა ჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.

დღე არ გადის, რომ ზოგიერთი ადგილებიდამ ესე ლაფში ამოვლებულ კალმით დაწერილი კორესპონდენციები არ მოგვდიოდეს. ზოგი ბაზარნიკსა ჰლანძღავს, ასეთი და ასეთიაო და სამსახურიდამ უნდა გაგდებულ იქმნასო, ზოგი მღვდელზედ, ზოგი ბლაღოჩინზედ, ზოგი მეზობელზედ, ზოგი მტერზედ, ზოგი მოყვარეზედ. ყოველის სტრიქონიდამ გამოჰკრთის, რომ აქ ნაწყენი, გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმედებს და არა გამკითხველი, გულდინჯი, ჭკუადამჯდარი მართალი.

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძის მიერ 1877 წლის 3 მარტს თბილისში დაარსებული და 1906 წლის 27 აგვისტომდე გამომავალი პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა «ივერია» - ქართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ბეჭდვითი ორგანო, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან კი, ყოველდღიურ გაზეთად. დაარსებუდან მისი რედაქტორი გახლდათ თავად ილია, თანარედაქტორი სერგეი მესხი (1881 წელს, «დროებისა» და «ივერიის» რედაქციების გაერთიანებისას), 1882-1884 წლებში ივანე მაჩაბელი, 1901 წლის 4 დეკემბრიდან ალექსანდრე სარაჯიშვილი, (1903-1905 წლებში გრიგოლ ყიფშიძე, ხოლო მას შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტომდე) ფილიპე გოგიჩაიშვილი.
ამ ლაფის წვიმის ქვეშ, რა თქმა უნდა, უფრო იმისთანანი ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ. იმისთანა უნუგეშო, უმწეო, ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე. როგორც გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და სთელავს. არავის სტკენს გულს ეს ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება, არავის ეთაკილება. ისე გაბიაბრუებული, ისე გაუპატიურებული არავინ არის ჩვენში, როგორც სვეუბედური მსახური საზოგადო საქმისა. აქაოდა მოედანზედ სდგას და ნიშანში ადვილი ამოსაღებიაო, აღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრით.

უცდომელი არავინ არის და შესაძლოა საზოგადო მოღვაწე ბევრში სცდებოდეს, ბევრში არ ემარჯვოს, ბევრში იმედი გაუმტყუნდეს და ამასთანავე შესაძლოა, რომ გული, ნამუსი, სინიდისი წმინდა ჰქონდეს, სურვილი, განზრახვა, გულისნადები პატიოსანად ერჩოდეს. არ გამარჯვება, იმედთა გამტყუნება, შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია იმიტომ, რომ შემთხვევას გვაძლევს ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა.

ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვა-თრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკედ. გულმტკივნეულად მომქმედი მართებული განმკითხველია და არა შემაგინებელი და მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორე კი… მეორემ კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის საკუთარს ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen