მერაბ კოსტავა |
მერაბ
კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში, ცნობილი
საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის - ვლადიმერ დემურიას ოჯახში.
მისი დედ-მამა ოლღა დემურია და ივანე ქრისტეფორეს ძე კოსტავა
- განათლებული, კულტურული, მოსიყვარულე, გულისხმიერი და მზრუნველი
მშობლები იყვნენ. მერაბის პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასთან
და მშობლებთან ერთად დიდ როლს მისი ბიძა - ცნობილი მსახიობი
და ყოფილი პოლიტპატიმარი - გრიგოლ კოსტავა თამაშობდა.
1946 წელს იგი შეჰყავთ ქალაქის ვაჟთა პირველ საშუალო სკოლაში,
სადაც ნიჭიერებითა და სიბეჯითით მასწავლებელთა ყურადღებას იქცევს.
აქვე ჩაეყარა საფუძველი მის მეგობრობას ზვიად გამსახურდიასთან.
დიდი ქართველი პროზაიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში
მერაბი ხშირი სტუმარია. დიდმა მწერალმა საკუთარი ვაჟი და მისი
განუყრელი მეგობარი ეროვნული იდეებით, დამოუკიდებელ საქართველოზე
ოცნებით დამუხტა.
მერაბ კოსტავას კარგი მუსიკალური მონაცემები
აღმოაჩნდა და იგი სწავლას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ
სამუსიკო სასწავლებელში აგრძელებს.
ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური
მოღვაწეობა. 13 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად იგი ეძებს გამოსავალს
შექმნილი მდგომარეობიდან. თანამოაზრეები იკრიბებიან კოლხურ კოშკში
ან ჯავახიშვილის ქუჩაზე - მერაბის სახლში. მათი იდეური მოძღვარი
კონსტანტინე გამსახურდიაა.
მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათი რამოდენიმე თანატოლი
აარსებენ ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ
არალეგალურ ორგანიზაციას "გორგასლიანს". მასში ერთიანდება
გოლიათი მეფის - ვახტანგ გორგასალის - ცხრა სულიერი შთამომავალი.
თბილისში და უნგრეთში 1956 წლის სისხლიან დღეებს ისინი ეხმაურებიან
პროკლამაციებით, რომელსაც ამრავლებენ და აკრავენ რუსთაველისა
და პლეხანოვის პროსპექტზე. ამის შემდეგ, იმავე წლის 14 დეკემბერს,
უშიშროების კომიტეტის ვიზით "ურჩ" მოსწავლეებზე აღძრავენ
Nr. 4612 საქმეს საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 58-10
ნაწილის 1 და 58-11 მუხლებით, რაც არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობას
ითვალისწინებს. საქმე 6 ტომს მოიცავს. ქართველ მწერალთა პროტესტის
შემდეგ, მთავრობა იძულებულია მერაბ კოსტავა და მისი მეგობრები
პატიმრობიდან გაანთავისუფლოს. 1957 წლის 5 აპრილს ტარდება სასამართლო
პროცესი, რომელიც მოსწავლეებს პირობით სასჯელს (3-დან 5 წლამდე)
განუსაზღვრავს.
|
ფოტოზე: მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი,
მთარგმნელი, საქართველოს
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა
(1939-1989), 1989 წელი
|
1958
წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს ათწლედს და წარმატებულად აბარებს
მისაღებ გამოცდებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა წლებში მუშაობს
რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში, Nr. 8 სამუსიკო
სკოლაში მუსიკის ისტორიის პედაგოგად. 1967 წლიდან იწყებს მუშაობას
რედაქტორად ჟურნალ "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში".
ამ ხანებში იგი როგორც ნიჭიერი მუსიკათმცოდნე და თეატრალური
კრიტიკოსი აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკის და თეატრის
განვითარების საკითხებზე.
ამ პერიოდში იგი ძალზე ბევრს კითხულობს, ათეიზმისა და მატერიალიზმის
ბატონობის ხანაში ეცნობა რელიგიურ, თეოლოგიურ ლიტერატურას. მაშინ,
როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ იდევნება და ითრგუნება
სულიერების, ეკლესიური ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინება, მერაბ
კოსტავა უშიშრად და დაუფარავად ესწრება ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებას.
სწორედ ჭეშმარიტების ძიების პროცესში იშვება ზვიად გამსახურდიას
და მერაბ კოსტავას დისიდენტობა. მათ კარგად ესმით, რომ ქრისტიანობა
დროის მიღმაა, მარადიულია, ხოლო პიროვნების თავისუფლებას კი
ერის თავისუფლებისგან მოუწყვეტლივ განიხილავენ.
1972 წელს, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აყალიბებენ საქაეთველოში
ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს და ამყარებენ
მჭიდრო კავშირს მოსკოვისა და ლენინგრადის თვითგამოცემის ჯგუფებთან.
მეტად ნაყოფიერია ეს წლები ქართველი თვითგამომცემლებისთვის.
ამ პერიოდში თბილისში იბეჭდება და ვრცელდება არალეგალური ლიტერატურა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია "არქიპელაგ გულაგი",
"ლოდების ქვემოდან", "მშვიდობა და ძალადობა",
"მიმდინარე ამბების ქრონიკა", "იარსებებს თუ
არა სსრკ 1984 წლამდე" და მრავალის სხვა. მასიური ტირაჟით
იწყებს გამოსვლას ქართული თვითგამოცემის ჟურნალები "ოქროს
საწმისი" (4 ნომერი) და "საქართველოს მოამბე"
(2 ნომერი).
1976 წელს, მოსკოვში, აკადემიკოს ორლოვის მიერ
იქმნება ჰელსინკის ხელშეკრულებათა საშემსრულებლო ჯგუფი. ანალოგიური
ჯგუფი ყალიბდება საქართველოშიც. მისი მიზანია ინფორმაციის შეგროვება
და სტატიების გამოქვეყნება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან
დაკავშირებით. განსაკუთრებით კი - ეროვნების, რელიგიის, ძეგლთა
დაცვის და პატიმართა უფლებების დარღვევის სფეროში. იწერება საპროტესტო
წერილები, კოლექტიური განცხადებები.
1977 წელის 7 აპრილს ანტისაბჭოთა აგიტაციისა
და პროპაგანდის საბაბით, მერაბ კოსტავას ზვიად გამსახურდიასთან
ერთად აპატიმრებენ. 1978 წელის 15-19 მაისს ტარდება სასამართლო
სხდომა, რომლის განაჩენია - სამი წლის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში
მოხდა და ორი წელი გასახლება. სასამართლოს შემდეგ რამდენიმე
ხანი მერაბ კოსტავა კვლავ თბილისის სუკის საპყრობილეში დაჰყოფს,
შემდეგ კი მას პერმის პოლიტსაპატიმროში გადაიყვანენ.
1978 წლის ზაფხულში, ამერიკის კონგრესი, ზვიად
გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საბჭოთა კავშირის ჰელსინკის
ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ნობელის პრემიაზე წარადგენს, მაგრამ
ნობელის კომიტეტი ზედმეტად აღარ აღიზიანებს კრემლს და პრემია
აღნიშნულ წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინს და პალესტინის
პრეზიდენტ იასერ არაფატს გადაეცემა კემპ დევიდში დადებული სამშვიდობო
ხელშეკრულებისათვის. კოლონიაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 1980
წლის აპრილში მერაბ კოსტავას ასახლებენ ირკუცკის ოლქში, ტაიშეტის
რაიონის დაბა კვიტოკში. გასახლების ბოლო თვეებში მოწყობილი პროვოკაციის
შედეგად, მას ხელახლა ასამართელებენ და მაქსიმუმს - ხუთ წელსა
და ერთ თვეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობას მიუსჯიან.
აღნიშნულ ვადას იგი ქალაქ ანგარსკში იხდის. კოლონიის სხვა პატიმრებისაგან
განსხვავებით, მერაბს შიდა ტერიტორიაზე დამამცირებელ სამუშაოს
სთავაზობენ, რაზეც იგი უარს აცხადებს. დაუმორჩილებლობის საბაბით,
მას კიდევ სამ წელს უმატებენ. ამის გამო, 1984 წლის 28 ნოემბერს
მერაბ კოსტავა უვადო შიმშილობას აცხადებს. შიმშილობის მერვე
თვეს წერს პოემას "შიმშილობა".
პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა წელიწადი და თვენახევარი გაგრძელდება.
ამ დროს იგი სულიერი სიძლიერის არნახულ მაგალითს აჩვენებს. ამ
პერიოდში მერაბ კოსტავას მესამედ წარადგენენ ნობელის პრემიაზე.
უდიდესი ტანჯვა-წამებაც ვერ თრგუნავს დისიდენტის
უტეხ ნებისყოფას. შიმშილობის დროს, იგი იღებს ცნობას მისი უსაყვარლესი
ვაჟის, ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის - ირაკლის დაღუპვის შესახებ.
ცივ საკანში მოთავსებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა უკიდურეს
მდგომარეობაშია. ზვიად გამსახურდიას უდიდესი ძალისხმევა, რომელიც
არაერთხელ მიმართავს დასავლეთის სამყაროს, რომ რეაგირება მოახდინონ
ადამიანის უფლებების დარღვევის ამ აშკარა ფაქტზე, თავის ნაყოფს
იღებს. საერთაშორისო პოლიტიკური ძალების ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება
იძულებულია გაანთავისუფლოს მერაბ კოსტავა. ეტაპობრივად იგი ჯერ
ტაშკენტში, მოგვიანებით კი საქართველოში, ქსანში გადაჰყავთ,
ხოლო 1987 წლის 30 აპრილს მერაბ კოსტავა პატიმრობიდან ბრუნდება.
|
ფოტოზე: მერაბ კოსტავა პატიმრობაში, ირკუტსკი, 1985
წელი |
ფოტოზე: მამა-შვილი მერაბ და თამთა კოსტავები |
დაბრუნებისთანავე
ინტენსიურად აგრძელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. საქართველოში
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ახალ ფაზაში შედის. ზვიად
გამსახურდიასთან ერთად, იგი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის
ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგის თუ დემონსტრაციის
ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა.
1989 წლის 9 აპრილს, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ერთად
აპატიმრებენ იმ მშვიდობიანი მიტინგის ორგანიზებისათვის, რომელიც
საბჭოთა არმიის მიერ უდანაშაულო ქართველების გაჟლეტვით სრულდება.
ორმოცი დღის შემდეგ, საზოგადოების პროტესტის გამო მათ ანთავისუფლებენ.
1989 წლის ოქტომბერში, მერაბ კოსტავას უშუალო ხელმძღვანელობით,
თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება ქართველ
წვევამდელთა საპროტესტო აქცია, რომლის მოთხოვნაა: ქართველმა ახალგაზრდებმა
სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადონ საქართველოს ტერიტორიაზე
და არა რუსეთში, სადაც ხშირად ჰქონდა ადგილი ქართველების წამებისა
და მკვლელობის ფაქტებს.
სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება
„საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების
ფონდი“, რომელიც ითვალისწინებს იმავე მიზნების აღსრულებას, რაიც
თავს იდო მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დიდი ილიას მიერ
დაარსებულმა „სათავადაზნაურო ბანკმა“. კერძოდ, ქვეყნის მძიმე დემოგრაფიული
და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, ქრისტიანულ-საქველმოქმედო
საქმეთა განხორციელება, ქვრივთა, ობოლთა, უპოვართა, ხეიბართა და
მარტოხელა მოხუცთა მოკითხვა და მოვლა-პატრონობა ეროვნული ნიშნის
მიუხედავად, რადგან, როგორც თავად მერაბი აღნიშნავდა, გაჭირვებასთან
და სიკვდილთან მიახლოვება ნებისმიერი ერის შვილს ათანასწორებს.
ამ დროს, ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ განვითარების
აპოგეას მიაღწია და როცა აღზევების გზაზე მდგომ ქართველთა უდრეკ
სულს თავისუფლების ჯვარი უნდა აღემართა, სწორედ მაშინ გამოსტაცა
სიკვდილმა ქართველ ერს მერაბ კოსტავა - 1989 წლის 13 ოქტომბერს,
ქუთაისიდან თბილისს მომავალი, სოფელ ბორითთან, სუკის მიერ მოწყობილ
ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა.
თავისი გარდაცვალებით მან ერთხელ კიდევ გააერთიანა და აღაზევა
სრულიად საქართველო. მოწამეობრივი ცხოვრებით გმირობისა და თავგანწირვის
მაგალითი უჩვენა თავის სათაყვანებელ ერს. მთელმა საქართველომ დაიტირა
მერაბ კოსტავა და გულწრფელი ცრემლით მიაცილა იგი მამადავითზე,
წინაპართა წმინდა სავანეში საუკუნოდ განსასვენებლად. |
ფოტოზე: საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის
პატრიარქები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია თბილისში, კინოს
სახლის წინ გამართულ მიტინგზე, 1989 წელი |
ფოტოზე: კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975) და მერაბ
კოსტავა (1939-1989) |
მერაბ
კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე ჩინებული პიანისტი,
ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი,
მთარგმნელი და პედაგოგი იყო.
იგი გრიგის, ბეთჰოვენის, შოპენის და შუბერტის დიდებული შემსრულებელი
გახლდათ. კლასიკური მუსიკას ფილოსოფიასთან განუყრელ კავშირში
აღიქვამდა. გატაცებული იყო რიჩარდ ვაგნერით, რომლის უზადო ქმნილებების
ქართულ სცენაზე დადგმის ერთერთი მოთავე ზვიად გამსახურდიასთან
ერთად მერაბ კოსტავა გახლდათ.
ყველაზე ძალიან კი, მას ქართული სიმღერები და ძველი ქართული
საგალობლები უყვარდა. მათ თავად მოიძიებდა, ასრულებდა და შესაძლებლობისდაგვარად
ეწეოდა ნიმუშთა პოპულარიზაციას.
|
ვიდეო-ფირზე: «მრავალჟამიერი» - მღერის მერაბ კოსტავა
კლასელებთან ერთად, პატიმრობიდან განთავისუფლებული მერაბ კოსტავა
თანაკლასელების მიერ მისთვის გამართულ ლხინზე, 1987 წელი, თბილისი |
ვიდეო-ფირზე: მერაბ კოსტავა ადღეგრძელებს თანაკლასელებს,
პატიმრობიდან განთავისუფლებული მერაბ კოსტავა თანაკლასელების
მიერ მისთვის გამართულ ლხინზე, 1987 წელი, თბილისი |
მერაბ
კოსტავას კალამს ეკუთვნის არაერთი ფილოსოფიური ნააზრევი, რომელთა
შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პატიმრობაში დაწერილი "ფიქრები
საქართველოს მისიაზე". პატიმრობაშივე დაიწერა "ფიქრები
ქართულ კულტურაზე", მრავალი პუბლიცისტური წერილი და ესსე.
იგი პოეტური შთაგონების ბევრ შესანიშნავ ლექსს ჰქმნის. მხოლოდ
გარდაცვალების შემდეგ ეცნობა ფართო მკითხველი მის ამ ნაწარმოებებს.
თარგმნილი აქვს გერმანული ენიდან რუდოლფ შტაინერის "თეოსოფია"
(ზვიად გამსახურდიასთან ერთად), რუდოლფ შტაინერის "ბავშვის
აღზრდა სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით", რუსულიდან ჰ.
იბსენის "განდგომილება კისრისა", ა. სახაროვის "ქვეყნისა
და მსოფლიოსათვის", ა. ბელის წერილი და სხვა.
1993 წლის სექტემბერში, ზუგდიდში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული
გმისრის წოდება მიანიჭა. ქალაქ თბილისში მთავარ ქუჩას და საქართველოს
თითქმის ყველა ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი.
დაარსდა მერაბ კოსტავას სახელობის ლიტერატურულ-დრამატული თეატრი
თბილისსა და ქუთაისში. Nr. 8 სამუსიკო სკოლას, სადაც იგი მუშაობდა,
სიცოცხლის ბოლო წლებში ეწოდა მერაბ კოსტავას სახელი.
გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული აქვს ორი პრემია: დავით აღმაშენებლისა
- ლექსების კრებულისათვის და მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია
ჟურნალ "მნათობში" დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილებისათვის.
მერაბ კოსტავას - ჭეშმარიტ მამულიშვილს, ეროვნული გმირის ყველა
თვისება გააჩნდა. მისი პოლიტიკური და პიროვნული ხატი იყო ერთიანი,
მთლიანი საქართველო. მერაბ კოსტავას პიროვნების სრული დახასიათებისათვის
არ შეიძლება არ ვახსენოთ მერაბ კოსტავა, როგორც ქრისტიანი. იგი
შეგნებული ჭაბუკობის წლებიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე
ათი მცნების განუხრელი შემსრულებელი იყო.
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მერაბ კოსტავა გახლდათ ის პიროვნება,
რომლის ცხოვრება, შემოქმედება და ღვაწლი, ოცდამეერთე საუკუნეშიც
გზას გაუკვალავს ჭეშმარიტი ეროვნული ღირსეულებების მაძიებელთ.
ციცინო მაღლაფერიძე
ეწვიეთ 1991 წელს დაარსებულ მერაბ
კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმს, სადაც დაცულია მერაბ კოსტავას
პირადი ნივთები, ბიბლიოთეკა, ფოტომასალა, გრამფირფიტები, მისი
ცხოვრებისადმი მიძღვნილი ყველა გამოცემა - სულ 2300 ექსპონატი.
სახლ-მუზეუმის მისამართი: ზანდუკელის ქ. 11, 0108 თბილისი
ტელეფონი: (+995 032) 2 98 58 98
მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე გარდა ორშაბათისა და კვირისა
11:00-დან 18:00-საათამდე
მუზეუმის დათვალიერება უფასოა
თამთა
კოსტავას მიერ შექმნილი მერაბ კოსტავას ვებ-გვერდი:
http://merabkostava.webs.com/
|
|
|
|
|