მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ჟიროფტი – აღმოსავლური ცივილიზაცის საწყისი?
2002 წლის თებერვალში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში მდებარე ქერმანის ციხეში ჩასულ ირანული წარმოშობის ფრანგ არქეოლოგ იუსეფ მაჯიზადეს, ირანელი მებაჟეების მიერ აღმოჩენილი ასობით ნივთი - ქლორიტის (იოლად საქანდაკებელი ქვა) ადამიანების და ცხოველების გამოსახულებებით და ნახევრადძვირფასი ქვებით შემკული ლარნაკები დახვდა. ეს ნივთები ძვ.წ. III ათასწლეულით თარიღდება და დამოუკიდებელი და ორიგინალური ცივილიზაციის არტეფაქტებს წარმოადგენს. ისინი ნაპოვნია ქერმანის, პაკისტანის და ავღანეთის საზღვრებთან 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელი ჟიროფტის მიდამოებში. მაღალი მთებით გარშემორტყმულ ამ რეგიონს ცოტა მნახველი ჰყავს და არქეოლოგიურად თითქმის შეუსწავლელია.

2001 წლის წყალდიდობების შემდეგ, ჟიროფტის რეგიონის მკვიდრებმა, აღმოაჩინეს საგნებით, განსაკუთრებით მიცვალებულებისათვის მირთმეული ძღვენით სავსე აკლდამები. განძის მაძიებლებმა უკონტროლო გათხრები დაიწყეს, ეძებდნენ ალიონიდან მზის ჩასვლამდე. გასათხრელად ყოველ ოჯახს 6-მეტრის სიგრძის კვადრატი მიაკუთვნეს. აქ მოპოვებული ათასობით ობიექტი გაიზიდა ევროპაში, აზიასა და აშშ-ში, რაზეც ადგილობრივი ფუნქციონერები თვალს ერთი წლის მანძილზე ხუჭავდნენ. ბოლოს და ბოლოს, რევოლუციის მცველებმა 2002 წლის თებერვალში ვაჭრობის აღკვეთა გადაწყვიტეს, მრავალი კონტრაბანდისტი დააპატიმრეს, აღმოჩენილ ნივთებს კი კონფისკაცია გაუკეთეს.

ამ აღმოჩენის მნიშვნელობით გაოცებულმა ირანის ხელისუფლებამ, საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ჩატარება გადაწყვიტა. იუსეფ მაჯიზადემ უხელმძღვანელა პირველ არქეოლოგიურ კამპანიას, რომელიც 2003 წელს დაიწყო. «ჩვენ აღმოვაჩინეთ 80 ძეგლი – ადგილი, უმრავლესობა ჟიროფტის სამხრეთით, ჰყვება ირანელი არქეოლოგი. გათხრები აჩვენებენ, რომ ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში აქ მჭიდრო და უკვე იერარქიზებული მოსახლეობა არსებობდა. ქლორიტისაგან ნივთებს სხვადასხვა სახელოსნოები ამზადებდნენ. ეს შუამდინარეთის კულტურისგან სრულებით განსხვავებული კულტურა გახლდათ».

1968-79 წლებში, ირანში სუზას გათხრების ხელმძღვანელის, ჟან პეროსათვის «ლარნაკების შემკულობას ჟიროფტის სამყაროში შევყავართ. ის წარმოდგენას გვაძლევს იქ 5000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის შინაგან სამყაროზე, რომლებიც ლარნაკებზე კაბებში მოსილნი გრძელი თმებით არიან წარმოდგენილნი და თან უამრავი გველი და მორიელი ახლავთ. ადამიანი უშუალოდაა დაკავშირებული პირუტყვთან. იგი სამკაულებითაა შემკული და ვეფხვებსა და გველებს იმორჩილებს. ყველაფერი ეს მაღალი მხატვრული დონის ძველი კულტურის არსებობაზე მეტყველებს. ითვლებოდა, რომ იმდროინდელი დიდი ცივილიზაციებისგან ირანი განზე იდგა, მაგრამ აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ის შუმერულ (ახლანდელი ერაყის სამხრეთით მდებარე რეგიონის) კულტურას შეედრება, შუამდინარეთის ცივილიზაციის კომპონენტთა წყარო აქ გვაქვს». იუსეფ მაჯიზადე ჟიროფტში ხედავს აღმოჩენას, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანი შეიძლება აღმოსავლური ცივილიზაციის აკვნად აქციოს.

ფოტოზე: სათამაშო დაფის ფიგურები, ძვ.წ. III ათასწლეული, ჟიროფტის ცივილიზაცია

ფოტოზე:სათამაშო დაფის ფიგურა ადამიანი-მორიელი, ძვ.წ. III ათასწლეული, ლურჯი ქლორიტი, 19 x 11.5 სმ.

ფოტოზე: თასი, ძვ.წ. III ათასწლეული, ქლორიტი, ჟიროფტის ცივილიზაცია, ჟიროფტის არქეოლოგიური მუზეუმი, ირანი
კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისის საკითხი მეცნიერებს ისევ სტანჯავს. დღემდე უძველესი, ძვ.წ. IV ათასწლეულით დათარიღებული ცივილიზაციის საწყისი შუამდინარეთში გახლდათ და არქეოლოგიური გათხრების შედეგები ცივილიზაციის ერთადერთ კერაზე საუბრის საშუალებას იძლეოდნენ.

ფოტოზე: ქვის სიმძიმე, ძვ.წ. III ათასწლეული, ჟიროფტის ცივილიზაცია, ტაბრიცის მუზეუმი, ირანი

ფოტოზე: სპილენძის თასი არწივის გამოსახულებით, ძვ.წ. III ათასწლეული, ჟიროფტის ცივილიზაცია
შუმერებმა გამოიგონეს დამწერლობა, მათ შექმნეს ქალაქები - განსაკუთრებით ურის და ურუქის ქალაქი-სახელმწიფოები. მათ ასევე შექმნეს ხელოსნებისა და წარჩინებულების იერარქიზებული საზოგადოება, რომლის სათავეშიც ერთდროულად ქურუმი და სარდალი-ბელადი იდგა (ესაა ჯეიმს გ. ფრეზერის დიდად მომხიბლავი ქურუმი-მეფის ფიგურა). მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ შუმერთა ახლომახლო, მომთაბარე მეცხვარე ბარბაროსები ცხოვრობდნენ. არადა, უცნაური გარემოებების წაბიძგებით გაკეთებულმა აღმოჩენამ, წარმოდგენები შესცვლა.

ორ არქეოლოგს (რომელ ორს წერია სადმე?) შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ირანის ზეგანზე, 2000 მეტრის სიმაღლეზე ადგილობრივი მძარცველების მიერ ნაპოვნი ნივთები. იქ, სადაც ბინადარი ცივილიზაციის არსებობას არავინ ვარაუდობდა, ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში არსებული ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს... ამას გარდა, ქლორიტის მორთული ნივთების მდიდრული კოლექციის აღმოჩენამ დაგვანახა იკონოგრაფიული სტილი, რომელმაც შუმერულ სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა. აღმოჩნდა, რომ შუმერული ცივილიზაციის ხანაში და პარალელურად ცივილიზაციის მეორე კერა და წყარო არსებობდა, რომელიც მეცნიერთა თვალსაზრისს კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისზე სრულებით სცვლის.

ჟიროფტის ამ დაუჯერებელი კოლექციის ნაწილი 2003 წელს ჟურნალმა „არქეოლოგიის საქმეები“ (Dossiers d'archéologie) საფრანგეთში საგანგებო ნომრით წარადგინა.

ფრანგული პუბლიკაციების მიხედვით,
გიორგი მარჯანიშვილი
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen