მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
ალექსეი ლოსევი: სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე
მე ახლა ვისაუბრებ აღორძინების ეპოქაზე საქართველოში. ვისაუბრებ ქართულ ნაციონალიზმზე. ვისაუბრებ იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნეოპლატონიზმს ქართული ფილოსოფიისა და მთელი საქართველოსათვის. ცალკეულ ფაქტებს არ შევეხები. ვფიქრობ, ამ ფაქტებს კარგად იცნობთ. ჩემი სურვილია ამ ფაქტების მნიშვნელობის გამომზეურება, მათი არა მარტო ქართული ან ზოგადქართული, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობის ახსნა. ამისათვის საჭიროა, რომ საქმეს თქვენ ძალზე სერიოზულად მოეკიდოთ, მე კი მოვალე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ღრმა და ფართო მნიშვნელობის ტერმინებით ვსარგებლობ, როგორიცაა აღორძინება და ნეოპლატონიზმი, ნათლად და მკაფიოდ დავახასიათო ეს ცნებები.

ნეოპლატონიზმზე ვსაუბრობ, მაგრამ ვიცით კი კარგად, თუ რას არის ნეოპლატონიზმი? აღორძინების ეპოქის შემდეგ, რამდენიმე ასწლეულის მანძილზე, ნეოპლატონიზმი ჩიხში იყო მოქცეული, არავინ სწავლობდა; ამბობდნენ, ეს რაღაც ფანტასტიკური გამონაგონიაო, მოძღვრება მაგიაზე, რაღაც მისტიკა... და სავსებით ივიწყებდნენ მის ჭეშმარიტ, ისტორიულ და ფილოსოფიურ მნიშვნელობას. მხოლოდ მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში დაიწყო ევროპაში ცოტად და ბევრად სერიოზული შესწავლა ნეოპლატონიზმისა. ამიტომ ჩვენ, რუსებმაც და ქართველებმაც, ვისთვისაც ნეოპლატონიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, ნათლად უნდა გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს ეს ფილოსოფიური მიმართულება.

როგორც თვით სიტყვა «ნეოპლატონიზმისაგან» ჩანს, საქმე გვაქვს პლატონიზმთან მის რაღაც ჯერ არარსებულ აღორძინებასთან. მაგრამ თვით პლატონიზმი რაღას ნიშნავს? ჩვენ ხომ ამის თაობაზე ხშირად საკმაოდ ბუნდოვანი და გაურკვეველი შთაბეჭდილება გვექმნება. მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ვუპასუხებთ კითხვაზე, თუ რა არის პლატონიზმი, გავიგებთ, თუ რა არის ნეოპლატონიზმი და რა არის ქართული ნეოპლატონიზმი.

პლატონიზმი, ზოგადად არის მოძღვრება იდეათა შესახებ. მაგრამ რა არის იდეა? იდეა არის ის, რასაც წარმოადგენს მოცემული საგანი; იდეა საგნისა – არის ის, რას შეიძლება ითქვას მოცემულ საგანზე. იდეა არის პასუხი კითხვაზე «რას წარმოადგენს მოცემული საგანი?» სწორედ იდეის საშუალებით შევძლებთ გავარჩიოთ ეს საგანი ყველა სხვა საგნისაგან. თქმულებიდან გასაგები უნდა იყოს, რომ მოძღვრებას იდეების შესახებ ენიჭება უზარმაზარი მნიშვნელობა ფოლოსოფიისათვის. ეს მნიშვნელობა როგორიღაა? ისეთი, რომ უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აიხსნას იდეის საგნებისადმი, იდეის მატერიისადმი მიმართება და სწორედ ნეოპლატონიზმია ის მოძღვრება, რომელმაც ააღორძინა პლატონის მოძღვრება იდეების შესახებ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ პლატონი თავის მოძღვრებაში იდეების შესახებ, იხრებოდა უფრო მათი საერთო, ზოგადი, უკიდურესად განზოგადებული ფორმისაკენ. არისტოტელეს კი ყურადღება გადაჰქონდა საერთო იდეებიდან კერძო იდეებზე. იგი მიიჩნევდა, რომ საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს არა მარტო ზოგად იდეაზე, არამედ ერთეულ იდეაზეც, ესე იგი ცალკე საგნის იდეაზე. სწორედ ეს პლატონ-არისტოტელესეული მოძღვრება იდეების შესახებ შეითვისა ნეოპლატონიზმმა.

ნეოპლატონიზმმა არა მარტო გაიმეორა, არამედ ახლებურად გაიაზრა, ბოლომდე გაიაზრა ეს რთული თეორია და რადგან ნეოპლატონიზმმა დაასრულა მთელი ანტიკური ფილოსოფია, ის წარმოადგენს ყველაზე გააზრებულ სისტემასაც ფილოსიფიისა ამ ისტორიის მანძილზე. შეიძლება ითქვას, რომ ნეოპლატონიზმი – სხვა არაფერია, თუ არა იგივე პლატონიზმი, ოღონდ ღრმად გააზრებული და ღრმად რეფლექსირებული.


და აი ეს ნეოპლატონიზმი გაბატონდა, შეიძლება ითქვას, ყველა საუკუნეში. არ ყოფილა არც ერთი კულტურა, რომელსაც არ გამოეყენებინოს ნეოპლატონიზმი. ის კოლოსალურად იყო განვითარებული თვით ანტიკურ ეპოქაში, არსებობდა შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქაში, იყო ახალ დროშიც, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა არის ანტიკური ნეოპლატონიზმი.

თქვენ ყველამ იცით, რომ ანტიკურობა წარმოადგენს, როგორც საერთოდ ვამბობთ ხოლმე, განსაზღვრული სახის სტიქიურ მატერიალიზმს. საქმე ისაა, რომ იქ ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძირითადი ყოფიერება არის კოსმოსი, რაღაც გაუგებარი კოსმოსი კი არა, მატერიალურ-გრძნობითი კოსმოსი, ხელშესახები, გასაგონი, დასანახი: აი, ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გუმბათივით რომ ადგას თავზე უძრავ დედამიწას. სამყაროს ამგვარ აღქმას მე კოსმოლოგიურ ნეოპლატონიზმს ვუწოდებ, კოსმოლუგიურს, ესე იგი მატერიალურ-გრძნობით ნეოპლატონიზმს. ეს არის მოძღვრება იდეებზე, მიმართული იქითკენ, რომ განადიდოს და გააბსოლუტოს კოსმოსი, გადააქციოს ეს გრძნობით-მატერიალური კოსმოსი ძირითად ყოფიერებად, იდეალურ ყოფიერებად, საბოლოო ყოფიერებად.

ფოტოზე: რუსი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსული მართმადიდებლური ეკლესიის ფარული ბერი ალექსანდრე ლოსევი (1893-1943)

ამის წინააღმდეგია შეასაუკუნეებრივი ნეოპლატონიზმი, რადგან ყველა კულტურა, როგორც კი ცოტად თუ ბევრად ფეხზე დადგომას იწყებს და დახვეწილი სტრუქტურული ძიების ტენდენციას ავლენს, მაშინვე მიადგება ნეოპლატონიზმს. ნეოპლატონიზმი იყო შუა საუკუნეებშიც. შუასაუკუნეებრივი ნეოპლატონიზმი თავისი საფუძვლითვე უპირისპირდება ანტიკურ ნეოპლატონიზმს. ანტიკური ნეოპლატონიზმი თაყვანს სცემს კოსმოსს, ორგანიზებულ მატერიას, ისეთ უნივერსალურ საგანს, როგორიც არის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მის ქვეშ უძრავი დედამიწა. შუასაუკუნეებრივმა ნეოპლატონიზმმა კი სხვა კატეგორია ააგო, რასაც ძნელად ითვისებდა ანტიკურობა – კატეგორია პიროვნებისა.

ერთია საგანი, მეორეა – პიროვნება. და თუ კი ანტიკური კოსმოლოგიზმის საფუძველი იყო საგანი, შუასაუკუნეებრივი ნეოპლატონიზმის საფუძველი პიროვნება გახლავთ. ის ამაღლებული, აბსოლუტური პიროვნება, ყოველგვარ ბუნებაზე, კოსმოსსზე მაღლა რომ დგას და ქმნის ადამიანსაც, ბუნებასაც და ყველაფერ არსებულსაც. ასეთ ნეოპლატონიზმს მე ვუწოდებ არა მატერიალურ-გრძნობითს, არამედ სპირიტუალისტურს. ეს არის სპირიტუალიზმი, აბსოლუტური სულის ფილოსოფია. არავითარ აბსულუტურ სულს არ სცნობდა ანტიკურობა, აბსულუტური სულის ფილოსოფიამ გაიმარჯვა შუა საუკუნეებში და ნეოპლატონიზმი მთელი თავისი მოძღვრებით იდეებისა და მატერიის შესახებ მთლიანად აბსულუტური სპირიტუალიზმის სამსახურში ჩადგა.

აღორძინების ხანის ნეოპლატონიზმი რაღაა? საინტერესო რამ გახლავთ. მას შემდეგ, რაც კაცობრიობა მთელი ათასწლეულის მანძილზე თაყვანს სცემდა ბუნებას, მას შემდეგ, რაც ამის მერე, კაცობრიობა მთელი ათასწლეულის მანძილზე თაყვანს სცემდა აბსოლუტურ პიროვნებას, ამის შემდეგ, აღორძინების ეპოქა სულ სხვა გზას დაადგა. მან წინა პლანზე წამოსწია ადამიანი, ვის გამოც დაიწყო მსჯელობა სულისა და ბუნების პრობლემებზე. ამას მე ვუწოდებ ანთროპოცენტრიზმს, ესე იგი ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ყველაფრის საფუძველი არის ცნება ადამიანისა. ყველაფერი ადამიანისთვის არსებობს, ადამიანი ბუნებაზე მაღლა დგას, ადამიანი დგას აბსოლუტურ სულზე მაღლა. იგია ყველაზე უკეთესი ბუნება. ყველაზე მაღალი აბსოლუტური სული, და ადამიანის პიროვნების ეს აბსოლუტიზირება არის ის ახალი, რასაც აღორძინების ეპოქაში ვხვდებით. ეს არინ ანთროპოცენტრიზმი.

აქ ჯერ კიდევ არ არის სრული სუბიექტივიზმი, ის მოგვიანებით დაიწყება, აღორძინების ეპოქის შემდგომ. და მაშინ იქნება ისეთი ზეასვლა ადამიანისა, როგორც სუბიექტისა, ისეთი უზომო განვითარება ფსიქოლიზმისა და სუბიექტივიზმისა, რომ თურმე თვით ადამიანის პიროვნება აჩენს თავისი არსებიდან ყველაფერს. ბუნებასაც და თვით ღვთაებასაც. აქამდე მივიდა ფიხტე XVIII საუკუნეში.

ქართული ნეოპლატონიზმი რას წარმოადგენს? დიახ, ქართული ნეოპლატონიზმიც ანთროპოცენტრიზმი გახლავთ. აქაც ადამიანია ყველაფრის საფუძველი. აქაც არის მისწრაფება ადამიანის უკვდავყოფისა და მისთვის ამქვეყნად ბედნიერების მინიჭებისა. მაგრამ აქვე ჩნდება უღრმესი განსხვავება, ერთი მხრივ ქართულ ნეოპლატონიზმსა და, მეორე მხრივ, იტალიურ და გერმანულ ნეოპლატონიზმს შორის, აღმოსავლურსა და დასავლურ ნეოპლატონიზმს შორის. მათ შორის უდიდესი განსხვავებაა, რაც თქვენ უნდა შეითვისოთ. ამის გარეშე ვერ გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს ქართული ნეოპლატონიზმი და ვერ გაიგებთ, რა არის ქართული აღორძინება.

ეოპლატონიზმი, რასაც იზიარებდნენ ქართული აღორძინების ეპოქის წარმომადგენლები – იოანე პეტრიწი და რუსთაველი – ანთროპოცენტრიზმი გახლავთ. მაგრამ ის სრულებითაც არ უარყოფს ბუნების მბრძანებლობას, იმ ბუნების, რომელსაც თაყვანს სცემდა ანტიკურობა. დიახ, არ უარყოფს ამ ბუნებას, მის ვარსკვლავებს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მის სწორ მოძრაობას. დიახ, ეს ყველაფერი აქ რჩება, ამ ქვეყნად, მაგრამ რჩება არა ერთადერთი აბსოლუტის სახით, ანტიკური საბერძნეთის მსგავსად, რჩება აბსოლუტის, ყოფიერების სახით, მაგრამ ისეთისა, რომელსაც შინაგანად განიცდის ადამიანი, მოცემული აქვს სუბიექტურად და აღიქვამს როგორც თავისას, რაღაც ძალზე ღრმად ინტიმურს. ანთროპოცენტრიზმი აქ ბუნების განადგურებას არ ნიშნავს, როგორც ეს დასავლეთშია. არა, ბუნება აქ მდიდრდება იმით, რომ ადამიანი მასთან სუბიექტის მოთხოვნილებებით მიდის, იმის გამო, რომ ადამიანი გახდა პიროვნება, რომელსაც სურს ყველაფერი იგრძნოს, ყველაფერი თავის ნებაზე გადააკეთოს. აქ ბუნება, ანუ კოსმოსი კი არ ისპობა, პირიქით იზრდება ინტერესი სულიერი ცხოვრებისადმი, პოროვნების ცხოვრებისადმი, სუბიექტის ცხოვრებისადმი, სუბიექტისა, ვინც მთლიანად ბუნებითაა შეპყრობილი.

ბუნება თავისი საკუთარი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ის საინტერესოა, ის არა მხოლოდ ზღაპრულია და არა მარტო ღვთაებრივი ქმნილებაა, არამედ ისიც არის, რასაც გულით განიცდის კაცი, გონებით განიცდის, როგორც ისეთ რამეს, რაც შეუძლია თავისი ძალებით შეიცნოს და ბოლომდე განსაჯოს.

იგივე უნდა ითქვას ქართული ნეოპლატონიზმის მიმართებაზე სპირიტუალიზმისადმი. მეტად უხეში შეცდომა და ვულგარიზაცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ქართული ნეოპლატონიზმი აბსოლუტურად აუქმებს ყველანაირ სპირიტუალიზმს. ამას არ ესწრაფვოდნენ იოანე პეტრიწი და რუსთაველი. ისინი აღიარებდნენ ბუნების სულიერ საწყისს. აღიარებდნენ მის უმთავრეს მნიშვნელობას მთელყოფიერებაში. მაგრამ ამას მაინც თავისებურად ამბობდნენ, თავისი სათქმელი სწორედ სუბიექტის, ინტიმურად განმცდელი სუბიექტის ენაზე გადაჰქონდათ.ამიტომ არ კმაროდა მხოლოდ აბსოლუტის თაყვანისცემა და მისი შეუცნობლობისა და მიუწვდომლობის ქადაგება. არა, ყოფიერების სულიერი საფიძვლის მიწვდომაშეიძლება, ის ადამიანურია, ის ადამიანის ცხოვრებისეული მოთხოვნილება გახლავთ. აი, როგორია ქართული ანთროპოცენტრიზმი განსხვავებით იტალიური და გერმანული ანთროპოცენტრიზმისაგან.

ქართული ანთროპოცენტრიზმი არ აუქმებს ბუნებას და არ აუქმებს სულს, მას მხოლოდ გადაჰყავს ერთიც და მეორეც თავის სუბიექტურ, ჩვეულ განცდათა ყაიდაზე. ქართულ ნეოპლატონიზმს სურს ბოლომდე გაიაზროს და განიცადოს ის აბსოლუტი, რომელიც დასავლეთში განუცდელი და მეტად აბსტრაქტული იყო. უფრო მეტიც. ქართულ ნეოპლატონიზმს სურს ყველაფერი ეს ცხოვრებაშიც გამოიყენოს, აქვე განახორციელოს ადამიანის ოცნება სიცოცხლის დანიშნულებაზე. სწორედ ეს განასხვავებს ქართულ ნეოპლატონიზმს სხვადასხვა სახის დასავლური ნეოპლატონიზმისაგან.

ნათქვამი რომ გავიგოთ, უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი მიწიერი ადამიანი, რომელიც ისწრაფვის სრულყოს თავისი მიწიერი არსებობა, მაგრამ არა მიწიერი საშუალებების, საჭმელის ან სასმელის დახმარებით, სუფთა მატერიალური ან ცხოველური მდგომარეობის მისაღწევად. არა, მისი ანთროპოცენტრიზმი ძალზე სულიერია, ძალზე ამაღლებული, და რაც მას სურს ცხოვრებას მოუხერხოს, ცხოვრების კარდინალური და ღრმა გარდაქმნაა, მძიმე ბრძოლა ცხოვრების ნაკლთან, სწრაფვა სხვა ადამიანური არსებობის უფრო თავისუფალი და იდეალური ფორმისაკენ. აი, ამით აშკარად გამოირცევა ქართული ნეოპლატონიზმი. ის სუბიექტურია, ნათლად შესაგრძნობი, მაგრამ ამასთან ერთად იგი საქმიანობის პრინციპიც გახლავთ, სინამდვილის გარდაქმნის, უმაღლესი სრულყოფილებისადმი სწრაფვის პრინციპიც.

ყოველივე აქ თქმულის შემდეგ გასაგები ხდება, თუ რატომ გაიმარჯვა ამ ფილოსოფიურმა სისტემამ საქართველოში და იმ კულტურული მიმართულების საფუძვლად იქცა, აღორძინება რომ ეწოდა. ქართული აღორძინება წარმოუდგენელია ნეოპლატონიზმის გარეშე. ახლა ეს უკვე დამტკიცებულია და დამტკიცებულია მეცნიერულად, თუმცა ეს დებულება საკმაოდ პოპულარული არ გამხდარა და მრავალთ ნეოპლატონიზმი კვლავ ძალზე მახინჯ, უბადრუკ, მეტად მისტიკურ და ფანტასტიკურ მოძღვრებად წარმოუდგენიათ. სინამდვილეში ნეოპლატონიზმი, რა თქმა უნდა, სულიერი მოძღვრებაა. მოძღვრება სულის გარდაქმნის შესახებ. მაგრამ როგორი გარდაქმნის და როგორი სულისა. აი, სწორედ ამას არ ითვალისწინებენ, როცა ქართულ ნეოპლატონიზმზე საუბრობენ, რომელსაც იმ სწორი აზრით, ზემოთ რომ ვსაუბრობდი, კოლოსალური მნიშვნელობა აქვს.

არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ჩვენი თანამედროვე მსოფლმხედველობა სავსებიტ განსხავებულია, სხვაა ჩვენი დანიშნულება, სხვაა ჩვენი მიზნები და აზროვნების მეთოდები. მე სრულებითაც არ ვაპირებ აღვადგინო XI-XII საუკუნეების ნეოპლატონიზმი საქართველოში. ამისათვის როდი გიკითხავთ ახლა ლექციას. მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ ქართული ნეოპლატონიზმი, აღორძინებისდროინდელი ქართული ნეოპლატონიზმი, ერთი იმ ნიმუშთაგანია, ადამიანური აზროვნების იმ ღრმა და ზუსტად დამუშავებულ ნიმუშთაგანი, ცხოვრების გარდაქმნისადმი რომ არის მიმართული, მიმართულია ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვისა და ამაღლებული ცხოვრების მიღწევისადმი. ეს არის მეტად მიწიერი ფილოსოფია, მაგრამ, ამავე დროს კეთილშობილი და ამაღლებულიც. ეს არის სულიერი ფილოსოფია, რომელსაც მიწისაგან განუწყვეტლივ სურს ეს მიწა რაღაც ახლებურად გარდაქმნას.

ქართული ნეოპლატონიზმი საქართველოს კულტურული განვითარების დიდმნიშვნელოვანი მიღწევაა. და როგორ უნდა ავუაროთ მას გვერდი? და ძალზე კარგად იციან საქართველოში როცა აქვეყნებენ თავის ნეოპლატონიკოსებს, თარგმნიან და კომენტარებს ურთავენ. მე ვიტყოდი, რომ ამ მხრივ, საქართველო ის ადგილია, სადაც შეიძლება ვისწავლოთ, თუ როგორ ვიკვლიოთ ნეოპლატონიზმი.

ჩვენთან ხომ წინათ ნეოპლატონიზმი პოპულარული არ იყო. იყო ცალკეული გამოკვლევები ნეოპლატონიზმის შესახებ, მაგრამ არ იყო ღრმა, ამაღლებული და ჩაღრმავებული წვდომა ამ ფილოსოფიური სისტემისა. და ამგვარი გააზრება ჩვენ ქართველებისაგან უნდა ვისწავლოთ, და რაც უფორ მეტს ვისწავლით, მით უფრო გაიზრდება რუსთა და ქართველთა მეგობრობა.

მაგრამ ესეც არ კმარა. მინდოდა მეთქვა ნეოპლატონიზმის თანამედროვე მნიშვნელობაზე, აღმენიშნა, რომ თუმცა ეს მსოფლმხედველობა შორს ჩამოგვრჩა ქრონოლოგიურად, მაინც უდიდეს თაყვანისცემას იმსახურებს. ქართული ნეოპლატონიზმი, როგორც ითქვა ანთროპოცენტრისტულია. და ეს სავსებით სწორია, მაგრამ ამ დროს წარმოიშობა დიდი საფრთხე, საფრთხე პიროვნების იზოლაციისა მთელი ობიექტური სამყაროსაგან. საფრთხე ბუნებისაგან, ხალხისაგან, ისტორიისაგან მოწყვეტისა. ამგვარი შეზღუდული გაგება პიროვნებისა სრულებით არ ახასიათებს ქართულ ნეოპლატონიზმს. დიახ, ეს ანთროპოცენტრიზმია, მაგრამ ისეთი ფილოსოფია, პიროვნებას ბუნებისაგან რომ არ აცილებს. პირიქით, პიროვნებასა და ბუნებას რაღაც ერთ მთლიანობად აქცევს. საზოგადოება აქ წარმოდგება როგორც პიროვნებათა მთლიანობა. ამგვარი ანთროპოცენტრიზმისათვის უცხო არ არის ისტორიული პროცესის არავითარი სულიერი მხარეები.

შემდგომ, ჩვენ უკვე ვსარგებლობთ სიტყვებით «სუბიექტი», «სუბიექტურობა», «სუბიექტივიზმი». თუკი ქართული ნეოპლატონიზმი ანთროპოცენტრისტულია, მაშინ ის, რა თქმა უნდა, ერთგვარი მოძღვრებაა ადამიანის სუბიექტურობის შესახებ. არ უნდა განვასხვავოთ სუბიექტურობა სუბიექტივიზმისაგან. ის სუბიექტივიზმი და ფსიქოლოგიზმი, რაც დასავლეთში განვითარდა, ხშირად დიდ უკიდურესობამდე მიდიოდა. ადამიანს ისეთ სუბიექტურობას მიაწერდნენ, რომელიც ყველაფერს თავის გაღმერთებით ასრულებდა. ადამიანის ბუნებრივი, კეთილშობილური განცდები განისაზღვრებოდა როგორც გამორჩეულად სუბიექტივისტური, ადამიანი განისაზღვრებოდა როგორც ასეთი დასავლეთევროპული სუბიექტი, უკიდურეს სუბიექტივიზმსა და ფსიქოლოგიზმს რომ აღიარებდა, და დეკადენტურიც ხდებოდა, ესე იგი ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, როცა სიამოცნებით უწყებდა ცქერას საკუთარ განცდებს, ტკბებოდა და ვერაფერს ამჩევდა საკუთარი განცდის გარდა.

ქართულ ნეოპლატონიზმს ამასთან არავითარი საერთო არა აქვს. ის გვაძლევს სუბიექტის მდიდრულ სურათს, მაგრამ ამასთან ერთად გვასწავლის, თუ როგორ ავიცილოთ სუბიექტივიზმი და ფსიქოლოგიზმი, თავის მოტყუების ყოველგვარი თავდასხმა. აქ არც ფსიქოლოგიზმია და არც განცდებით ტკბობა, აქ არის კეთილშობილი, ამაღლებული, საქმიანი კულტურა გრძნობებისა.


და კიდევ.

ცნობილია, რომ ანტროფოცენტრისტული ფილოსოფია ხშირად მიდის ჭეშმარიტების ჭვრეტამდე და ღრმავდება ამ ჭვრეტაში, უარს ამბობს საქმიანობაზე, მოღვაწეობაზე. ქართულ ნეოპლატონიზმში ძალზედ ბევრია საჭვრეტი, მაგრამ ამასთან ერთად ის გვასწავლის არა მარტო ჭვრეტაში ჩაღრმავებას, არამედ გამუდმებით სწრაფვას საქმისაკენ. ეს არის ანთროპოცენტრიზმი, რომელსაც უსათუოდ სურს რაიმეს შექმნა და არა მარტო შექმნა, არამედ სინამდვილის გარდაქმნა. სინამდვილის გარდაქმნა რომ საჭიროა, ამას დიდებულად გრძნობს ყველა ქართველი ნეოპლატონიკოსი. ჭვრეტა ქართულ ნეოპლატონიზმში სიცოცხლის, როგორც ჰარმონიული მთლიანობის წვდომას ერწყმის და ამ ჰარმონიულმა მდგომარეობამ უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა. ქართული ნეოპლატონიზმის ამ თავისებურებებს აქვს არა მარტო მსოფლიო, არამედ თანამედროვე მნიშვნელობაც. და რაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ჩვენი მსოფლმხედველობით XI-XII საუკუნეებისაგან, აღსანიშნავია, რომ ამ ანტიფსიქოლოგიზმსა და ქმედებით წამოწყებას ქართველი ნეოპლატონიკოსებისას, თანამედროვეობისდათვისაც აქვს მნიშვნელობა.

აი, რა მნიშვნელოვან აზრებს ვხვდებით ქართული აღორძინების ნეოპლატონიკოსებთან! ამიტომ მხოლოდ ერთით შეგვიძლია დავასრულოთ – გაუმარჯოს ქართულ აღორძინებას და გაუმარჯოს ქართულ ნეოპლატონიზმს.

თარგმანი პაატა ჩხეიძისა
 
www.ai-ia.info
მთავარი აქტუალური არქივი კონტაქტი გამომცემელი
Copyright// შპს "აი ია."
 
Ferienhaus Nordsee buchen